პროლეტარული ლიტერატურა
დღევანდელი, ან ძველი ტერმინოლოგიით, ახალი სტილის ლექსი, ვგონებ, სწორედ ამ გზით მიემართება. ახლანდელი გრძნობების გამოსახატავად, ჩანს, ლექსის გუშინდელი ფორმა არ გამოდგება. ამავე დროს, სულაც არ ვამტკიცებ, რომ უცვლელად უნდა მივდიოთ ძველ პოეტურ ფორმას. ვგრძნობ უბრალოდ, რომ ამ პოეტურ ფორმაშიც არის რაღაც ცხოველმყოფელი. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ: შეგნებულად უნდა ვეცადოთ, ამ რაღაცას ჩავჭიდოთ ხელი.
ჩვენ, ყველანი, გარდამავალ ხანაში გავჩნდით და წინააღმდეგობაზე წინააღმდეგობას ვუმატებთ. სინათლე იაპონიისათვის მაინც დასავლეთიდან უფრო მოდის, ვიდრე აღმოსავლეთიდან. მაგრამ შუქი წარსულიდანაც გვეფინება... ბუნებრივია, პრინცესას გაღვიძება ყველას არ სეუძლია...
ძველ იაპონურ ლექსში არის ცინცხალი რამ, ის, რაც გამოძახილს ითხოვს. ბუნებრივია, ეს “რაღაც” ჩემს სმენას სწვდება, მაგრამ მისი ხორცშესხმა არ ძალმიძს. ლიტერატურის თვალსაზრისით შეიძლება ეს წვრილმანია, მაგრამ მე, რაგინდ უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მთელი არსებით მიველტვი ამ ბურუსით დაფარულს და მოუხელთებელს.