ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

ველური მზერით 

ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად,ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.

შენა ხარ ჩემი თავდავიწყება,
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.

შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით ტანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური ,რძისფერი ტანი.
მოდი,
იხუვლე,
ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი

და ამომავსე შენი ზვირთებით

 

??????