ოქროს თავთავი
მზე ახლად ამოსულიყო
ნიავი ჰქროდა დილისა;
ყველანი წარმომდგარიყვნენ,
დრო აღარ იყო ძილისა.
პატარა ბიჭიც ყანაში,
წელზე თოკშემოვლებული,
თავჩაღუნული თავთავებს
ჰკრეფდა ხელგამალებული.
თუმცა მკას მორჩენილიყვნენ,
ყანა შეეკრათ ძნებადა,
მაინც თავთავი აქა-იქ
ეყარა ასაკრეფადა.
კარგა ხნის იყო მოსული
ჩვენი პატარა მშრომელი,
ჰკრეფდა და ჰკრეფდა თავთავებს
ერთთავად დაუცხრომელი.
მაგრამ ჯერ არა ჰქონდა რა...
მზე გორის პირად წვებოდა,
დღე ღამედ უნდა ცვლილიყო,
ცა ბინდით იბურებოდა.
- უჰ! რამოდენა ვეწვალე,
დადგა კი მუჭის ტელაო;
ნეტამც კი ოქროს თავთავად
გადააქცია ყველაო! -
ეს თქვა თუ არა, მიწაზე
ხორბალმა გაიბზრიალა,
გადიხსნა, შუაგულიდან
გამოძვრა გოგო ცქრიალა.
ყაყაჩოს ტანისამოსი
ტანს ალისფერად ებურა,
გვირილის წამოსასხამზე
რეჰანის ქუდი ეხურა.
პაწია იყო გოგონა,
ცეცხლის თვალებად ქცეული,
მოწყვეტილ ვარსკვლავსა ჰგავდა
ის დასაქცევი, წყეული.
- მე პურის ანგელოზი ვარ, -
უთხრა ბავშვს მხიარულადა, -
რასაცა ფიქრობ, ყველა ის
აგიცხადდება სრულადა, -
თუ საღამომდის იქნები
კეთილი, ალერსიანი,
გულში შურშეუშვებელი,
წყნარი და თავაზიანი;
უფრთხილდი, ცუდმა ფიქრებმა
თავში არ გაგირბინოსო,
არც ავმა საქმემ დაგძლიოს,
არც სხვა რამ შეგაცდინოსო! -
ეს თქვა და გაქრა უეცრად,
თითქოს შესხმოდეს ფრთებია;
ბავშვი გაოცდა, მადლობის
თქმა არც კი გახსენებია:
მართლა რომ ოქროს თავთავად
გადიქცეს ჩემი ყანაო,
რა ბედნიერი ვიქნები
ყველგან და ყველასთანაო?!
II
თავთავს დაუწყო კვლავ კრეფა,
თან ტკბილის ფიქრით ტკბებოდა,
აკრიფა მან რამდენიმე
და, რადგან გვიანდებოდა,
მოკურცხლა სწრაფად შინისკენ
კუნტრუშ-კუნტრუშით, რბენითა,
მიუახლოვდა სოფელსა
სახეზე ოფლის დენითა.
სოფლის ბოლოზე უეცრად
მოესმა პაწა გოგოს ხმა,
ცხვრებს მიირეკდა შინისკენ,
მაგრამ უჭირდა წამოსხმა:
ერთს რომ წინ გამოიგდებდა,
მეორე უკან რჩებოდა,
მთლად ოფლის ხვითქში ცურავდა
და მაინც ვერას ხდებოდა.
- აბა, რად დაიგვიანა,
ახია მაგაზედაო!
ვინ იცის, მაგის ლოდინში
შინ ჯავრით კვდება დედაო,
და ეგ კი ისევ აქ არის
ბნელაში, ასე გვიანო!
თუ გინდა, თქვენებს ხმას მივცემ
და მოგეშველებიანო?
მე რომ არ მეჩქარებოდეს,
თავადაც გიშველიდიო;
შინ კიდევ დედა მიმელის
და ბარგიცა მაქვს დიდიო! -
უთხრა და გამოაშურა,
გზას გამოუდგა ჩქარადა;
მოვიდა სახლში, ძვირფასი
ძნა გადმოიღო წყნარადა.
მაგრამ სიფრთხილე პატარას
ვერ გამოადგა ვერადა:
როგორიც იყო ძნა მინდვრად,
დარჩა იმ ნამჯა-ღერადა.
- ჩანს, ანგელოზმა ტყუილად
დამითათბირა მე გული...
თქვა ეს და მიწვა ლოგინზე
საძილდ, დაღონებული.
III
მეორე დილას ყანაში
წავიდა ისევ პატარა;
კრეფის დროს რაღაც ხმაური
მის ყურს მოესმა წყნარ-წყნარა.
თავი მოიღო, ანგელოზს
შეხვდა მდგომარეს ზეზედა;
ის უფრო ლამაზი იყო
და ტურფა წინა დღეზედა,
- შენ, ანგელოზო, გუშინ მე
ნეტა რად მომატყუეო?
თავთავი ოქროდ არ მექცა,
იმედი გამიცრუეო! -
ღიმილით უთხრა, მაგრამ მას
სულაც არ ეხუმრებოდა,
გამწყრალი თვალით შეხედა
და მკაცრად ეუბნებოდა:
- გახსოვს, შენ გუშინ პატარა
ქალი რომ შეგხვდა გზაზედა?
აბა მითხარი, შენ გულში
რა გაიფიქრე მასზედა?
ხომ დაინახე, ცხვრის ფარას
რა ტანჯვით ერეკებოდა,
მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა
და ძალზე უღამდებოდა.
შეგეძლო მიჰშველებოდი
და კი არ დაეხმარეო,
პირიქით, კიდეც გაჰკიცხე
და სახლში გაეჩქარეო!
ბავშვი გაწითლდა, სირცხვილით
ლოყები უკვერდებოდა,
რომ შეხვდა მწყემს ქალს გულცივად, -
მას მართლა ეუბნებოდა.
- მე კიდევ ერთხელ გამოგცდი,
მხოლოდ იმავე პირობით...
სთქვა ეს და გაქრა, არ ჩანდა
იმ არეს ძირის-ძირობით.
IV
პატარა ბიჭი ხალისით
შეუდგა მუშაობასა:
შეჰკრა ძნა, გამოაშურა
სახლში საღამოხნობასა.
ჯერ ადრე იყო, ბინდამდის
კაი დრო-ჟამი რჩებოდა,
შეეძლო პატივი ეცა,
თუ ვინმე შემოხვდებოდა.
მაგრამ კი გზაში არავინ
მიმავალ-მომავალობდა.
მხოლოდ ღობეზე პაწია
ჩიტი იჯდა და გალობდა.
მოუსვენარმა კენჭს ხელი
დაავლო, გაუბზრიალა;
ჩიტს არა დამართნია-რა
ჭყივილით დაიფრთხიალა.
და გადაფრინდა სხვა მხარეს
საბრალო, შეშინებული...
ცელქიც კვლავ გზასა დაადგა,
მიდის შინ გაჩქარებული;
მივიდა ნარბენ-ნაცელქი,
ღონე-ქანც გამოლეული.
ძნა ჩამოიხსნა სიფრთხილით,
ეგონა ოქროდ ქცეული...
მაგრამ ძნა ისევ ის იყო,
რაც აეკრიფა დილითა, -
და მიწვა ჩვენი მუშაკი
საითა დაღვრემილითა.
V
დილაადრიან ყანაში
წავიდა დაღონებული;
ვერ მიმხვდარიყო პატარა
და იყო გაოცებული,
თუ რა ჰქნა, რა მოუვიდა,
რა დააშავა გუშინა?
აქ ანგელოზი პურისა
უეცრად გაჩნდა მის წინა
და უთხრა: - გახსოვს, თავისთვის
ჩიტი რომ ჭიკჭიკებდაო,
ქვა რად ესროლე საბრალოს,
აბა, რას გიშავებდაო?
ამიტომ ვერ გადაგექცა
ოქროს თავთავად ყანაო...
რასაც გარიგებ, იმ წუთში
შენ გავიწყდება განაო?!
მუდამ რომ იყო კეთილი,
განა რა დაგაკლდებაო?
მით ყველას გულსა მოიგებ
და ნატვრაც აგიხდებაო.
VI
ყმაწვილი ისევ ხელმარჯვედ
შეუდგა მუშაობასა.
საღამო ჟამზე გრძნობდა ის
რაღაცა დაღლილობასა;
გაგორდა იქვე ჩეროში
და თავი მისდო ხეზედა.
უცბად რაღაცამ დასუსხა
და წამოვარდა ზეზედა:
იქ, სადაც იწვა, ჭინჭველნი
გამოსულიყვნენ გარეთა
და, რომ გაეგდოთ ბუდიდან,
კბენა დაეწყოთ მწარედა.
- საძაგლებიო! - სთქვა ბავშვმა:
რაღა აქ დაიბუდესა!
და ჩააზილა მან წიხლი
ჭიანჭველების ბუდესა.
შემდეგ ძნა წამოიკიდა,
შინ გამოსწია მწყრალადა...
ძნა ისევ დარჩენილიყო
მაინც იმ ნამჯა-ჩალადა.
VII
მესამე დილას ყანაში
წავიდა ხალისიანად,
დაადგა სამუშაოსა
დაწყნარებითა, ჭკვიანად,
მხოლოდ პაწია ანგელოზს
ის ვეღარსადა ჰხედავდა...
გულდაწყვეტილი ამბობდა,
როცა თავთავსა ჰკრეფავდა:
- ხომ ვიცი, რად არ მოვიდა
ის ანგელოზი ქალიო:
ჭინჭვლების ბუდე დავწიხლე
და იმაზეა მწყრალიო.
გათავდა, ჩემი თავთავი
ოქროდ არ გადიქცევაო,
რადგან ვერ ავასრულევი
ანგელოზისა რჩევაო.
მაგრამ მე მაინც ვეცდები,
ვიყო კეთილის მდომელი,
ყველასთვის თავაზიანი,
პატიოსანი მშრომელი;
შინაურსა და გარეულს
გავუწევ მუდამ ძმობასა... −
ამ ფიქრით ისევ პატარა
დაადგა მუშაობასა
და კიდევა თქვა: - რა ვქნა, თუ
ნატვრა არ ამიხდებაო,
ამ ზამთრისათვის დედაჩემს
პური ხომ დასჭირდებაო;
რაც მეტი იყოს, ისა სჯობს,
უფრო არ დაგვაკლდებაო,
და თუ დარჩება ხორბალი,
მაინც არ წაგვიხდებაო.
VIII
როდესაც მორჩა შრომასა,
საღამო ჟამი დგებოდა;
მოწმენდილ ცაზე მრავალი
ვარსკვლავთა ჯარი ჩნდებოდა.
მთვარე ჯერ არსად არ იყო,
შორს ნისლი ჩაწვა ღრეებში;
ძნა უფრო დიდი შეჰკრა დღეს
მან, ვიდრე წინა დღეებში.
მოდის მუშაკი, მოაქვს ძნა,
პატარას გული ტკბილად სძგერს;
იმ სოფელშივე მიმავალს
გზაში შემოხვდა დედაბერს.
იმასაც კარგად ბლომა ძნა
ზურგს ჰქონდა მოკიდებული
და ეტყობოდა, რომ ძლივას
ზიდავდა მოხუცებული.
უთხრა: - ძნა შენთვის მძიმეა,
აქ მიბოძევი, დედაო,
მე წამოვიღებ, ორივეს
გადვაბამ ზედიზედაო.
- ღმერთიმც გიშველის! მართლაც რომ
მეტი არ შემიძლიანო;
ახლო ვარ, სახლი რომ მოსჩანს,
ა, იქა ვდგევარ, ღვთიანო.
მთლად მოქანცულმა ბებერმა
მისცა ძნა სიხარულითა,
მთელი გზა ჩუმის ჩიფჩიფით
ბავშვსა ლოცავდა გულითა.
სადაც სცხოვრობდა ბებერი,
იქ ორნივ მალე მივიდნენ;
ბავშვმა გადასცა მოხუცს ძნა
და გამოსწია შინისკენ.
- შვილო, დაგედოს დედა მტლედ
და გენაცვალოს შენაო,
არასდროს მოგიტანია
თავთავი მაგოდენაო,
პირთამდე მოჰყრის ტომარას,
შვილო, ეგ დღევანდელი ძნა, -
სთქვა ეს თუ არა, პატარას
ტვირთი ზურგიდან ჩამოხსნა.
ბავშვი მიუჯდა ცეცხლა პირს,
საძილედ იჭმუჭნებოდა;
იქ საკიდელზე ვახშმისთვის
საჭმელი იხარშებოდა...
უცბად შეჰკივლა დედამა,
სახლმა მოიღო ზრიალი;
ძნა გაუვარდა, თავთავმა
დაიწყო რაღაც წკრიალი...
და დაიძახა: - შვილო, ეს
სულ სხვა თავთავი არიო:
ისე მძიმეა და ცივი,
ვით შემოდგომის ცვარიო.
- მართლა, დედილო?! - შეჰყვირა
ყმაწვილმაც გაოცებითა
და ერთ წუთს მუჭა აივსო
ძირს გაშლილ თავთავებითა.
ხელს შერჩა სულ სხვა თავთავი
და სული ძლივას მოითქვა:
ყველა ძნა, ოქროდ ქცეული,
მაგარი იყო, როგორც ქვა.
პატარა ბავშვის სიხარულს
გზა აღარ ჰქონდა სავალი,
ორიოდ სიტყვით უამბო
დედას თავგადასავალი.
- რა გულკეთილი ყოფილა
ის ანგელოზი, დედაო,
რასაც დამპირდა, მე მასზე
ფიქრიც ვერ გამებედაო.
რაც ჩავიდინე ურჩობა
იმ სამს დღესა და ღამესა,
რას ვიფიქრებდი, თუ ჩემთვის
კვლავ იფიქრებდა რამესა.
მაგრამ მის გული ყოფილა
სავსე კაცთ სიყვარულითა...
ვმადლობ პაწია ანგელოზს,
ვმადლობ სულით და გულითა!
IX
- კარგი, კარგიო, - ნელი ხმა
მოისმა ჭუჭრუტანაში, -
ეს ის ხმა იყო, პირველად
რომ გაიგონა ყანაში:
- მაგგვარ სიკეთეს, იცოდე,
მე ვერ გაგიწევ ხშირადო;
გულკეთილობა, პატარავ,
გიღირდეს მუდამ ძვირადო.
ყველასთვის კარგი იფიქრე,
არვის დაუგო მახეო;
ნუ დაივიწყებ დედაბერს,
ხვალ უეჭველად ნახეო.
იმ ღამეს ცუდად ეძინა
პატარას სულ ერთთავადა;
ნათქვამი დავალებული
გულში თან ჩაჰყვა მწვავადა.
ფიქრობდა, აღარ მოიქცეს
ის არასოდეს ავადა.
ადგა თუ არა, გასწია
დედაბრის სანახავადა.
ბებერიც წამომდგარიყო
რიჟრაჟზე ადრინდულადა,
ცივსა და მაგარ თავთავსა
სთვლიდა ის მხიარულადა
და ბუტბუტებდა ხმადაბლა:
- ვიდრე მიდარის დარიო,
ჩემთვის თავთავის მოკრეფა
საჭირო აღარ არიო.
აი, რა მიყო მე ბავშვის
ნაზმა სულმა და გრძნობამა:
ძნა ოქროდ გადამიქცია
მისმა გულკეთილობამა!
1892 წ.