მღვიმელი შიო
გაზიარება

ადრეული ყვავილი 

ადრიან გაზაფხულზედა
თებერვლის მზიან დღეშია,
ყვავილმა გამოიხედა
განაპირებულს ტყეშია.
ყვავილი იყო ლამაზი,
სურნელი, ნამებ-ცვრიანი,
გეგონებოდათ: ერთადა
შეყრილან ვარდნი, იანი.
გადაიშალა ტურფადა,
უხვად დაიწყო ფშვინვაო,
მზე უგზავნიდა სხივებსა,
რას დააკლებდა ყინვაო!
გაშალა ნაზი ფურცელი,
რაკი მზემ გამიცინაო,
აღარ ფიქრობდა საბრალო,
თუ მარტი მისდევს წინაო.
მარტი ჩამოდგა, გაჯავრდა,
ცას წარბი შეაკვრევინა
და ნაღვლიანსა ცრემლები
მიწაზე დააღვრევინა.
დაადო თოვლი საწყალსა,
ზედაც დასწვიმა კიდევა…
თუ შეუყვანა დაზრება__
ყვავილი ელდით ილევა.
თრთის, თანაც ნატრობს შერჩენას,
თუნდაღა ერთის ღერისას.
არ ჩივის ფურცელთ დაცვივნას,
გაალქატებას ფერისას.
უძლო და იღონღიალა…
მარტი უფრორე სწყრებოდა,
ყვავილი მიდგა ყუაზე,
ის იყო, სული ხდებოდა!
იღბალზე, მარტი გავიდა,
სუსხიც თან მოჰყვა ტიალი,
მზემ ძალა გამოიჩინა,
წაღმა დაიწყო ტრიალი.
დღეები გათბა, გაცოცხლდა
მიდამო მრავალფრთიანი,
ენძელამ თავი ამოჰყო,
ბუჩქში აჰყვავდნენ იანი.
ყველგან გაისმა სიმღერა,
გალობა ათასნაირი,
უღელზე მეხრის ღიღინი,
მეძროხეების შაირი.
ამოჩდნენ ახლო-მახლოსა
ყვავილის ნათესაობა,
იმათ საბურავ-საცმელსა
ეტყობა სხვადასხვაობა…
თუმც ყვავილს სითბო იამა,
მაგრამ დაწყლულდა გულშია,
ვაი-ვაგლახით სულდგმულობს
მზის ალერს-სიყვარულშია.
დამზრალსა, შეცივებულსა
სწყენს სითბო, მზისა სხივები,
მზე კი კვეხულობს:-გავათბე
დამზრალი, შენაცივები!

1891 წ.

??????