ფლობერი გუსტავ
გაზიარება

მადამ ბოვარი 

I
გაკვეთილზე ვიყავით, როცა დირექტორი შემოვიდა; მას შემოჰყვა ქალაქურად ჩაცმული ერთი ახალბედა და კლასის მსახური, რომელსაც დიდი მერხი მოჰქონდა. ვინც თვლემდა, მყის გამოფხიზლდა და ისე წამოხტა, თითქოს მუშაობაში ხელი შეუშალესო.
დირექტორმა გვანიშნა, დასხედითო; მერე კლასის დამრიგებელს მიუბრუნდა:
- ბატონო როჟე, - მიმართა დირექტორმა დაბალი ხმით, - აი წარმომიდგენია თქვენთვის ეს მოწაფე. მეხუთეში შემოდის, უკეთუ მეცადინეობით და ყოფაქცევით დაიმსახურებს, უფროს კლასში გადავა, რაც მის ასაკს კიდევაც შეეფერება.
ახალბედა კუთხეში იდგა, კარს უკან, ისე, რომ ძლივს ჩანდა; სოფლის ბიჭი იყო, თხუთმეტიოდე წლისა, ტანადობით ყოველ ჩვენგანზე უფრო მაღალი. თმა, ვით სოფლის მგალობელს, შუბლზე სწორად ჰქონდა შეკრეჭილი; სახე – გონივრული და ძალზე დარცხვენილი. თუმცა მხარბეჭიანი არ იყო, მაგრამ მწვანე მაუდის შავღილებიანი საცმელი, ალბათ, იღლიებში უჭერდა, რის გამოც სახელოებიდან სიშიშვლეს ნაჩვევი დაწითლებული ხელები გამოეყო. საბეჭურით ძალზე აჭიმულ, მოყვითალო ფერის შარვალში ლურჯი წინდები უჩანდა; ფეხთ ეცვა მაგარი, ლურსმნით მოჭედილი და ცუდად გაწმენდილი ფეხსაცმელი.
დაიწყო გაკვეთილზე გამოძახება. იგი ისეთ გულისყურს იჩენდა, თითქოს ქადაგებას უსმენსო. ვერ გაებედა ვერც ფეხზე ფეხის გადადება, ვერც იდაყვებზე დაყრდნობა და, როცა ორ საათზე ზარი დაირეკა, დამრიგებელი იძულებული იყო გაეხსენებინა, რომ ისიც ჩვენთან ერთად რიგში ჩამდგარიყო.
ჩვეულება გვქონდა, კლასში შესვლისას, ქუდები ძირს დაგვეყარა, რათა ხელები უფრო თავისუფალი გვქონოდა; საჭირო იყო, კარიბჭიდანვე ქუდი კედლისთვის ისე გვეხალა, რომ შემდეგ მერხს ქვეშ შევარდნილიყო, და ამასთანავე რაც შეიძლება მეტი მტვერი აეყენებინა; აი ბიჭობა ეს იყო.
მაგრამ ახალბედამ ან ვერ შეამჩნია ეს ხერხი, ან ვერ გაბედა ჩვენთვის მოებაძა, ხოლო, როცა ლოცვა უკვე გათავდა, თავისი ქუდი ისევ მუხლებზე ედო. ეს იყო რაღაც რთული სახის ქუდი, სადაც იპოვნიდით ბოხოხის მრგვალი ქუდის, ბეწვიანი კასკეტისა და ბამბის ჩაჩის ელემენტებს, ერთი სიტყვით, უხეირო რაღაც, რომლის უთქმელი სიმახინჯე ისე ღრმად მეტყველია, ვით სულელის სახე. ოვალური, ვეშაპის ულვაშზე გადაჭიმული, იგი იწყებოდა კუპატის ფორმის სამი პატარა ბაფთით: შემდეგ ერთმანეთს ენაცვლებოდა წითელი ზოლით გაყოფილი ნაჭრები ხავერდისა და კურდღლის ტყავისა; ამათ ზემოთ ტომსიკისებური რაღაც იყო, რაც მუყაოს მრავალკუთხოვანი ბოყვით თავდებოდა; ეს უკანასკნელი სუტაშით იყო ბარაქიანად მოქარგული, ხოლო კუნწულზე, მეტად წვრილი და გრძელი ყაითნით, ოქრომკედით ნასკვენი რკო ეკიდა. ქუდი ახალი იყო, წინაფრა უბრწყინავდა.
- ადექით! – უთხრა მასწავლებელმა.
იგი ადგა; ქუდი დაუვარდა, მთელ კლასს სიცილი აუტყდა. ქუდის ასაღებად რომ დაიხარა, მეზობელმა იდაყვი ჰკრა და ქუდი დააგდებინა; კვლავ დაიხარა და აიღო.
- დაეთხოვეთ მაგ თქვენს მუზარადს. – უთხრა მასწავლებელმა, -რომელიც ოხუნჯი კაცი იყო.
მოწაფეებში ისეთი გამაყრუებელი ხარხარი ატყდა, რომ საბრალო ბიჭი მთლად დაიბნა; აღარ იცოდა ეს ქუდი ხელში დაეჭირა, ძირს დაეგდო, თუ თავზე დაეხურა. დაჯდა და მუხლზე დაიდო.
- ადექით, - გაუმეორა მასწავლებელმა, - და მითხარით, რა გვარი ხართ.
ახალბედამ რაღაც გაუგებარი გვარი წაიბურტყუნამ.
- გაიმეორეთ!
კვლავ ისეთივე გაუგებარი ბურტყუნი, რაც კლასის ღრიანცელმა ჩაახშო.
- ხმამაღლა! – მიაძახა მასწავლებელმა, - ხმამაღლა!
მაშინ ახალბედამ უკიდურესი გადაწყვეტილება მიიღო, პირი უზომოდ დააღო და ისე დაიყვირა, თითქოს ვისმე ეძახისო: შარბოვარი.
ატყდა ერთი ღრიანცელი, ხორხოცმა მწვერვალს მიაღწია, მერმე ცალკე გამყივან ხმებად დაიფრქვა (ღრიალებდნენ, ყეფდნენ, ფეხებს უბარტყუნებდნენ, გაჰკიოდნენ: შარბოვარი, შარბოვარი!) გუგუნი ხან ოდნავ მიწყდებოდა, ხან უეცრად აქა-იქ იფეთქებდა, ვით ცუდად ჩაქრობილი პეტარდა.
მაგრამ საჯარიმო ამოცანათა სიუხვის წყალობით, წესიერება ნელინელ აღდგენილ იქნა და მასწავლებელმა, რაკი გაიგო შარლ ბოვარის სახელი და გვარი, აკარნახებინა, მარცვალ-მარცვალ ათქმევინა და გაამეორებინა, მერმე საბრალო ბიჭს უბრძანა, წადი ზარმაცების მერხზე დაჯექი, კათედრის ძირსაო. იგიც დაიძრა, მაგრამ, სანამ წავიდოდა, შეყოყმანდა.
- რას ეძებთ? – ჰკითხა მასწავლებელმა.
- ჩემს კასკ... – გაუბედავად მიუგო ახალბედამ და შეშფოთებით მიმოიხედა.
- ხუთასი სტრიქონი ლექსი მთელ კლასს! – მრისხანე ხმით წამოძახებულმა, ....-სავით ერთბაშად შეაჩერა ახალი, მოსალოდნელი ალიაქოთი.
- დაწყნარდით-მეთქი, - განაგრძობდა გაჯავრებული მასწავლებელი და ცხვირსახოცით სახეს იწმენდდა, თქვენ კი, ახალბედავ, ოცჯერ დამიწერთ ზმნას რვეულში ....**

მე თქვენ გიჩვენებთ!
სასაცილო ვარ.

შემდეგ კი, უფრო ნაზი ხმით:
- იმ თქვენ ქუდს კი იპოვნით, არავის მოუპარავს!
ყველაფერი მიწყნარდა. თავები საწერზე დაიხარა და ახალბედაც ორი საათის განმავლობაში სამაგალითოდ იჯდა, თუმცა ხანდახან ნაღეჭი ქაღაალდის გორგალი, კალმის წვერზე წამოგებული და გასროლილი სახეზე ეკვროდა, მაგრამ მხოლოდ ხელით იწმენდდა და უძრავად იჯდა, თვალდახრილი.
საღამოს, მეცადინეობისას, მერხიდან გამოიღო სამკლაურები, თავისი საკუთარი წვრილმანი ნივთებიც დაალაგა და გულმოდგინედ დახაზა ქაღალდი. ვხედავდით, რა სინდისიერად მუშაობდა, თითოეულ სიტყვას ლექსიკონში ეძებდა და დიდ შრომას ანდომებდა. ალბათ, ამ გამოჩენილი ბეჯითობის წყალობით არ დატოვეს იგი დაბალ კლასში. თუმცა გრამატიკული კანონები გვარიანად იცოდა, სამაგიეროდ მის სიტყვას არავითარი შნო არ ჰქონდა. ლათინური მისი სოფლის მღვდელს დაეწყებინებია, რადგან მშობლებს, მომჭირნეობის მიზნით, სურდათ რაც შეიძლება გვიან მიეცათ კოლეჯში.
მამამისმა, ბ. შარლ-ბართოლომე ბოვარიმ, სამხედრო ქირურგის თანაშემწემ, დაახლოებით 1812 წელს ჯარში ახალგაზრდების გაწვევის დროს სახელი გაიტეხა, რის გამოც იმავე ხანებში იძულებული გახდა სამსახური მიეტოვებინა, თავისი გარეგნობით ისარგებლა და გვარიან მზითევს გამოჰკრა ხელი; ას სამოცათასფრანკიანი მზითევი მას მოუტანა ქუდის ვაჭრის ქალმა, რომელიც მისმა ტანადობამ მოხიბლა.
კოხტა, ტრაბახა, დეზებს ხმამაღლა აწკარუნებდა, ულვაშებთან შეერთებულ ქილვაშებს ატარებდა, თითები მუდამ ბეჭდებით ჰქონდა შეჭედილი და, თვალში მოსახვედრი ტანისამოსით გამოწყობილს, შესახედაობა მამაცური ჰქონდა, თუმცა კომივოიაჟერის ოდნავი იერიც გადაჰკრავდა. დაქორწინების შემდეგ, ორი-სამი წლის განმავლობაში ცოლის მზითევით ცხოვრობდა, კარგად სადილობდა, გვიან დგებოდა, პორცელენის დიდრონ ჩიბუხებს ეწეოდა, საღამოობით შინ წარმოდგენების შემდეგ ბრუნდებოდა, კაფეების ხშირი სტუმარი იყო. სიმამრი მოუკვდა, მცირე რამ დაუტოვა; ამის გამო აღშფოთდა, მრეწველობას მოჰკიდა ხელი, აქ ფული წააგო, მერმე სოფლად წავიდა, მეურნეობის დაწყება სურდა. ხოლო, რადგან მეურნეობის იმდენივე გაეგებოდა, რამდენიც ფეიქრობისა, რაკი ცხენებს თავისივე სიამოვნებისათვის, საჯირითოდ კაზმავდა, იმის მაგიერ, რომ სამუშაოდ გაეგზავნა, თავის სიდრს ბოთლობით სვამდა, კასრობით გაყიდვის ნაცვლად, საუკეთესო ფრინველებს თვით ჭამდა და თავისი ღორების ქონით სანადირო წაღებს იპოხავდა, დიდხანს აღარ გაუვლია, რომ ნათლად დაინახა თავისი მეურნეობის ფუქსავატობა.
ერთ სოფელში, კოს და პიკარდიის საზღვარზე, ორას ფრანკად წელიწადში დაიქირავა ერთი ნახევრად ფერმა, ნახევრად სახლ-კარი; დანაღლიანებული, სინანულით დაგესლილი, ზეცის მოსაყვედურე, მოშურნე მთელი ქვეყნისა, ორმოცდახუთი წლის ასაკიდან განმარტოვდა კაცთაგან თავმობეზრებული, როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე და წყნარი ცხოვრება გადაწყვიტა.
ცოლი ოდესღაც გიჟდებოდა მისთვის, ათასგვარი მონური სიყვარულით აღმერთებდა, რამაც ქმარი უფრო დააშორა. წინათ მხიარული, ექსპანსიური და ძალზე მოყვარული, ხანში შესვლისას (ვით თავღია ღვინო ძმარადქცეული) ცოლი ჭირვეული, მოწუწუნე, ნერვული შეიქნა. ჯერ რამდენი რამ აიტანა უჩივლელად, როცა ხედავდა, რომ ქმარი სოფლის ყოველ გოგოს დასდევდა, ან ათასგვარ ნააუგევ ადგილიდან საღამოობით შინ ბრუნდებოდა, მოყირჭებული და ღვინით გალეშილი! მაგრამ  შემდეგ თავმოყვარეობა ამბოხდა. ქალი დადუმდა და მუნჯი სტოიციზმით იტანდა წუხილს, რაც სიკვდილამდე შეინარჩუნა. იგი მუდამ გაწამაწიაში იყო, მუდამ საქმობდა. დარბოდა ვექილებთან, თავმჯდომარესთან, ახსოვდა ვექსილების ვადა, ცდილობდა მათ განვადებას; შინ კი აუთოებდა, კერავდა, რეცხავდა, მუშებს თვალ-ყურს ადევნებდა, ვალებს იხდიდა, ხოლო ბატონი არაფერზე თავს არ იწუხებდა, მუდამ რაღაც მობუზღუნე თვლემაში იყო ჩაფლული, საიდანაც მხოლოდ იმიტომ თუ გამოფხიზლდებოდა, რომ ცოლისთვის რაიმე უსიამოვნება მიეყენებინა, იჯდა ცეცხლის პირას, ეწეოდა და ნაცარში იფურთხებოდა.
როცა ქალს ბავშვი გაუჩნდა, იძულებული გახდა იგი გაეძიძავებინა. შინ მოყვანილს პრინციპივ თანბივრებდა. დედა ტკბილეულობით კვებავდა, მამა კი ფეხშიშველს დაატანტალებდა და თანაც ფილოსოფოსობდა, რომ შეუძლია სულაც შიშველმა იაროს, როგორც პირუტყვის შვილებმაო. დედის მისწრაფებათა საწინააღმდეგოდ, მამას თავში ერთგვარი მამაცური აღზრდის იდეალი უტრიალებდა, რომლის მიხედვითაც სურდა შვილი მკაცრად, სპარტანულად აღეზარდა, რათა ჯანსაღი აგებულებისა დამდგარიყო. უთბობ სადგომში აძინებდა, რომის ბლომად სმას ასწავლიდა და საეკლესიო პროცესების გინებას ათვისებინებდა, მაგრამ, ბუნებით მშვიდი პატარა ვერ ამართლებდა მამის სურვილებს. დედა არასოდეს გვერდიდან არ იშორებდა: მუყაოს სურათებს ამოუჭრიდა, ამბებს უყვებოდა, მელანქოლიური ხალისითა და ჭარტალა ალერსით აღსავსე მონოლოგებით ებაასებოდა. თავის მარტოობაში ამ ბავშვზე დაამყარა ყველა თავისი აუხდენელი ნატვრა და გაცრუებული იმედი. ოცნებობდა მის მაღალ მდგომარეობაზე, უკვე ხედავდა დიდს, ლამაზს, გონებამახვილს, გზათა და ხიდთა სამმართველოში თუ მაგისტრატურაში რომ იყო მოწყობილი. მანვე ასწავლა წერა-კითხვა და ორი-სამი პატარა რომანსი თავის ძველ პიანინოზე. მაგრამ, ყოველივე ამასთან, ბატონი ბოვარი, ვისაც მწერლობა არაფრად მიაჩნდა, ამბობდა: ეგ საქმე გარჯადაც არ ღირსო. განა შევძლებთ როდისმე სახელმწიფო სკოლაში მივცეთ ბავშვი, ან თანამდებობა თუ სავაჭრო თანხა ვუშოვოთო? გარდა ამისა, მოხერხებული კაცი თავის გზას ყოველთვის იპოვნისო ამქვეყნად. მადამ ბოვარი ჩარბებს იკვნეტდა, ბავშვი კი სოფელში დაწანწალებდა.
ბავშვი ყანის მუშებს დასდევდა, თან, ბელტებით აფრთხობდა ყვავებს. თხრილების ნაპირებზე მაყვალს ჰკრეფდა, წნელით ხელში ინდაურებს მწყემსავდა, ველში თივას ჰქუბავდა, ტყეში დარბოდა, ავდარში კი ეკლესიის წინ ცალ ფეხზე დახტოდა და მნათეს ეხვეწებოდა, დიდ დღესასწაულებში ნება დაერთო მისთვის ზარები ჩამოერეკა, რომ თოკს დაჰკიდებოდა და ექანავებინა.
ამიტომაც ტანი მუხასავით აუშვა. მკლავები დაეძაგრა, ფერხორციანი გახდა.
თორმეტი წლისა რომ შეიქნა, დედამ მოახერხა სწავლა დაეწყებინებინა. ეს საქმე მღვდელს დაავალეს, მაგრამ გაკვეთილები ისე მოკლე და უწესრიგო იყო, რომ აქედან არაფერი ხეირი გამოვიდოდა. მეცადინეობა ხანგამოშვებით მიმდინარეობდა, სასამოსლოში, ზეზე, ნაჩქარევად, ნათლობასა და მარხვას შუა; მღვდელი კიდევ მაშინ დაუძახებდა ხოლმე თავის მოწაფეს, როცა მწურის ლოცვა უკვე გაეთავებინა და წასასვლელიც აღარსად იყო. ავიდოდნენ ზემოთ, ოთახში, დასხდებოდნენ; მუმლი და ღამის პეპლები სანთელს შემოეფრქვეოდნენ; სიცხე იყო, ბავშვს ძილი მოერეოდა; ხოლო მოძღვარი მუცელზე ხელებს დაიწყობდა და მალე თვითონაც ხვრინს ამოუშვებდა პირდაღებული. ზოგჯერაც, როცა მომაკვდავის საზიარებლად წასული მღვდელი შინ დაბრუნებისას მინდორში ცელქობით გართულ შარლს შეამჩნევდა, მიიხმობდა, თხუთმეტიოდე წუთის განმავლობაში გვარიანად რჯულავდა და, რაკი შემთხვევით სარგებლობდა,? იქვე ხის ძირას აუღვლებინებდა რომელიმე ზმნას. ასეთ გაკვეთილებსაც წვიმა და ნაცნობი გამვლელი შეაწყვეტინებდათ ხოლმე,  გარნა მღვდელი მაინც მუდამ კმაყოფილი იყო თავისი მოწაფისა და იმასაც კი ამბობდა, ყმაწვილს კარგი მეხსიერება აქვსო.
შარლის განათლება აქ ვერ შეჩერდებოდა. მადამი ენერგიული ქალი იყო. დარცხვენილმა, ან, უკეთ, დაღლილმა, ბატონმა ბოვარიმ წინააღმდეგობის გაუწევლად დაუთმო და ერთ წელს კიდევ მოიცადეს, სანამ ბიჭი პირველ ზიარებას ეღირსებოდა.
კიდევ ექვსი თვე გავიდა, ხოლო ერთი წლის შემდგომ შარლი საბოლოოდ გაგზავნეს რუანის კოლეჟში, სადაც თვით მამამ მიიყვანა იგი ოქტომბრის დამლევს, წმიდა რომანის ბაზრობის ხანს.
ამჟამად ყოველი ჩვენთაგანისათვის ძნელი იქნებოდა რაიმე მოგვგონებოდა მასზე. მშვიდი ხასიათის ბავშვი იყო, რომელიც გაკვეთილებს შუა, შესვენების დროს თამაშობდა, მეცადინეობის დროს მუშაობდა, კლასში გულისყურიანი იყო, დორტუარში კარგად ეძინა, სასადილოში მადიანად ჭამდა, მეთვალყურედ რკინეულობის ერთი ვაჭარი ჰყავდა განტერის ქუჩაზე, რომელსაც თვეში ერთხელ პანსიონატიდან გამოჰყავდა და ისიც კვირაობით, როცა თავის სავაჭროს დაკეტავდა, გასასეირნებლად ნავსადგურში გზავნიდა გემები დაათვალიერეო; შემდეგ, საღამოს შვიდ საათზე, ვახშმის წინ, კვლავ კოლეჟში აბრუნებდა. ყოველ ხუთშაბათ საღამოს ბავშვი გრძელ წერილს უგზავნიდა თავის დედას, წერილი წითელი მელნით იყო ნაწერი და სამად დალუქული; შემდეგ იგი ისტორიის გაკვეთილების სგადაკითხვას შეუდგებოდა, ან ანახარზისის ძველ ტომს კითხულობდა, საკლასო ოთახში რომ ეგდო. სეირნობის დროს უყვარდა ბაასი მსახურთან, რომელიც მასავით სოფლელი იყო.
ბეჯითი იყო, კლასში მუდამ საშუალო მოწაფედ ითვლებოდა; ხოლო ერთხელ ქების ფურცელიც კი მიიღო ბუნებისმეტყველების ისტორიაში. მაგრამ მესამე კლასის შემდეგ მშობლებმა კოლეჟიდან გაიყვანეს, რათა სამკურნალო სასწავლებელში მიეცათ, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ ბაკალავრობას საკუთარი ძალით მიაღწევდა.
დედამ ერთი ოთახი აურჩია ოდერობეკის სანაპიროზე, მეოთხე სართულზე, ნაცნობი მღებრის სახლში. შესანახავ ხარჯზე მოურიგდა. ავეჯი უშოვნა – ერთი მაგიდა და ორი სკამი, - შინიდანაც ალუბლის ხის ერთი ძველი ტახტი მოატანინა და, დასასრულ, ერთი რკინის ღუმელი და შეშის მარაგიც უყიდა, რითაც მისი საბრალო ბიჭი უნდა გამთბარიყო. ერთი კვირის შემდეგ თვითონ წავიდა, ხოლო შვილი ათასჯერ დაარიგა, ჭკუიანად იყავ, რადგან ახლა შენი თავის ამარა ხარ დატოვებულიო.
ლექციების პროგრამამ, რომელიც კედელზე იყო გაკრული, კინაღა  რეტი დაასხა: ანატომიის კურსი, პათოლოგიის კურსი, ფიზიოლოგიის კურსი, ფარმაციის კურსი, ქიმიის კურსი, ახლა კიდევ ბოტანიკა, კლინიკა და თერაპია, ჰიგიენა და ფარმაკოლოგია რომ აღარ ვახსენოთ, ყველა ამ სახელის ეტიმოლოგია უცნობი იყო მისთვის  და უზენაესი იდუმალებით აღსავსე ტაძრის კარიბჭეებად ეჩვენებოდა.
არაფერი გაეგებოდა; თუმცა გულმოდგინებით უსმენდა, მაინც ვერ ითვისებდა. მაინც მუშაობდა, დაკინძული რჩეულები ჰქონდა; ყოველ ლექციას ესწრებოდა, არც ერთ გამოკითხვას არ უშვებდა. თავის ყოველდღიურ მცირე საქმეებს ისე აკეთებდა, როგორც მუშა-ცხენი, რომელიც თვალახვეული აბრუნებს ჩარხს და არც კი იცის, რა საჭიროებისათვის ტრიალებს ერთსა და იმავე ადგილას.
შვილი რომ ზედმეტი ხარჯისაგან გადაერჩინა, დედა ყოველ კვირა კაცის ხელით უგზავნიდა ფურნეში შემწვარ ხბოს ხორცს, რომლითაც იგი ჰოსპიტლიდან დაბრუნებისას საუზმობდა და თანაც ლანჩებს კედელს უტყაპუნებდა. შემდეგ ლექციებზე უნდა გაქცეულიყო, იქიდან სანატორიუმში, საავადმყოფოში და შინ მრავალქუჩამოვლილი უნდა დაბრუნებულიყო. საღამოს, სახლის პატრონისას მცირე ვახშმის შემდეგ, იგი მაღლა, თავის ოთახში ადიოდა და კვლავ მუშაობას განაგრძობდა წითლად გახურებული ღუმელის ახლოს, რომლისგანაც სველ ტანისამოსს ორთქლი ასდიოდა.
გაზაფხულის მშვენიერ საღამოს, იმ დროს, როცა მოთბილო ქუჩები ცარიელია, როცა მსახური ქალები კარებთან ვოლანს თამაშობენ, იგი თავის ფანჯარას გააღებდა და იდაყვდაყრდნობილი გადაეყუდებოდა. პატარა მდინარე, რომელიც რუანის ამ უბანს უცნობ პატარა ვენეციად ხდის, მის ქვემოთ, დაბლა მიდორავს, ყვითელი, მოლურჯო, ხანაც ცისფეროი, ციდთა და მოაჯირთ შორის. მდინარის ნაპირს ჩაცუცქული მუშები მკლავებს იბანენ. სხვენებიდან გამოჩრილ ჭოკებზე ბამბის ნართი შრება. პირდაპირ კი, სახურავებს გადაღმა, უსაზღვროდ გაშლილ მოწმენდილ ცაზე წითლად ჩამავალი მზე მოჩანს. რა კარგია, ალბათ, იქ! რა სიგრილეა წიფლებს ქვეშ! და იგი ნესტოებს ბერავდა, რათა ველ-მინდვრის მშვენიერი სურნელება ეყნოსა, რაც იქამდე ვერ აღწევდა.
გახდა, აიწოწა, სახეს ნაღვლიანი იერი მიეცა, რაც თითქმის მიმზიდველს ხდიდა მას.
ცხადია, უდარდელობის გამო, საქმე ისე წავიდა, რომ იგი სრულიად განთავისუფლდა ყველა იმ გადაწყვეტილებისაგან, რაც თითქოს უკვე მიეღო. ერთხელ გამოკითხვას დააკლდა, მეორე დღეს – ლექციას და, რაკი სიზარმაცე გაუტკბა, სწავლას ნელ-ნელა სულაც თავი გაანება.
კაბარეს შეეჩვია, დომინომ გაიტაცა. ყოველ საღამოს კაბარეს დარბაზში ყოფნა და ცხვრის შავადმოწინწკლული პაზია ძვლების ტკაპუნი მარმარილოს მაგიდაზე თავისუფლების ძვირფას აქტად ეჩვენებოდა, რაც თითქოს ამაღლებდა საკუთარსავე თვალში. ეს თითქოს მაღალ საზოგადოებაში შესვლა იყო, ნაკრძალავ სიამეთა გემება; და, შესვლისას, კარის სახელურს თითქმის ხორციელი სიამის გრძნობით ეხებოდა. მაშინ ბევრი რამ, რაც მასში დათრგუნული იყო, გამომზეურდა. გულდასმით შეისწავლა კუპლეტები, რომლებსაც შემხვდურ ქალებს უმღეროდა, ბერანჟეს თაყვანისმცემელი გახდა, ისწავლა პუნშის მზადება და, ბოლოს, სიყვარულიც იგემა.
ამ წინასწარი სამზადისის წყალობით, მკურნალის ხარისხის მისაღებ გამოცდაზე სავსებით ჩაიჭრა. შინ კი, იმავე საღამოს მოუთმენლად ელოდებოდნენ, რათა მისი წარმატება ედღესასწაულათ!
შინ ქვეითად გასწია, სოფლის ბოლოს შედგა, დედა გამოიწვია და ყველაფერი უამბო. დედამ აპატია, მარცხი გამომცდელების უსამართლობას  დააბრალა, ცოტათი გაამხნევა და საქმის მოგვარებას შეუდგა. ბ-მა ბოვარიმ მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გაიგო მთელი სიმართლე. გარემოებას შეურიგდა, რაკი არც იმისი ფიქრი იყო შესაძლებელი, რომ მისი ნაშიერი ყეყეჩია.
შარლი კვლავ შეუდგა მუშაობას და გამოსაცდელი საგნების ყოველი კითხვა წინდაწინვე გაიზეპირა. საკმაოდ კარგი ნიშნით  გამოვიდა. რა მშვენიერი დღე იყო მისი დედისათვის! ჩინებული სადილი გამართეს.
ახლა, სად უნდა გამოიყენოს თავისი ხელობა? ქალაქ ტოსტში. იქ მხოლოდ ერთი მოხუცი ექიმიღა იყო. მადამ ბოვარი დიდი ხანია მის სიკვდილს ელოდებოდა, მაგრამ მოხუცს ბარგი ჯერ სრულიადაც არ აეკრიფა, რომ შარლი მის პირდაპირ დასახლდა, როგორც მისი მემკვიდრე.
ცოლო საქმე ხომ იმით არ გათავებულა, რომ შვილი აღზარდა, ექიმობა ასწავლა, ტოსტიც აღმოაჩინა ხელობის გამოსაყენებლად: მისთვის ცოლიც იყო საჭირო. დედამ ისიც უპოვნა: დიეპელი სასამართლოს ბოქაულის ორმოცდახუთი წლის ქვრივი, რომელსაც თორმეტი ათასი ლივრის შემოსავალი ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ იგი ულამაზო იყო, ნაფოტივით გამხმარი და დაჭორფლილიც, ვით გაზაფხული! მადამ დიუბიუკს არჩევანი მაინც არ აკლდა. თავისი მიზნის მისაღწევად დედა-ბოვარი იძულებული იყო სხვა საქმროები ჩამოეშორებინა და საუცხოოდაც დაშალა ერთი მეძეხვის ინტრიგები, ვისაც მღვდლები უჭერდნენ მხარს.
ამ ქორწინებით შარლი თავისი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მოელოდა; ეგონა, უფრო თავისუფალი ვიქნები და საკუთარ თავს ისე დავიჭერ და საკუთარ ფულს ისე მოვიხმარ, როგორც მინდაო. მაგრამ ცოლი გაუბატონდა; მისი კარნახით საზოგადოებაში ესა და ეს უნდა ეთქვა, იმაზე გაჩუმებულიყო, ყოველ პარასკევს უნდა ემარხულებინა, ისე ჩაეცვა, როგორც ცოლი ურჩევდა, დაეჩქარებინა ის კლიენტები, რომლებიც ფულის გადახდას აგვიანებდნენ. ცოლი მის წერილებს ხსნიდა, თვალ-ყურს ადევნებდა მის ყველა მოქმედებას, შირმის უკან ყურს უგდებდა, როცა ქმარი თავის კაბინეტში ქალებს იღებდა.
ყოველ დილას ცოლისათვის ფინჯნით შოკოლადი უნდა მიერთმია და ცდილიყო ყურადღება არ მოეკლო მისთვის. ცოლი განუწყვეტლად უჩიოდა ნერვების აშლილობას, ფილტვების სისუსტეს, საერთო უგუნებობას. ფეხის ხმა აწუხებდა; წავიდოდნენ – და მარტოობას ვეღარ იტანდა; უკეთუ მასთან იყვნენ, ეს უთუოდ ჩემ სიკვდილს ელოდებიანო. საღამოს, როცა შარლი შინ დაბრუნდებოდა, ცოლი საბნი დან ჩამომჭკნარ მკლავებს გამოიღებდა, კისერზე შემოხვევდა, ლოგინზე დასვამდა და თავის მწუხარებაზე გაუბამდა საუბარს: დაგავიწყდი, სხვა ვინმე გიყვარსო! აკი ეუბნებოდნენ ოდესღაც, უბედური იქნებიო; და იმით ათავებდა, რომ ეხვეწებოდა, რაიმე სარგო წამალი და ოდნავ მეტი სიყვარული გამოიმეტეო.



II
ერთ ღამეს, დაახლოებით თერთმეტ საათზე, ისინი ცხენის ფეხის ხმამ გააღვიძა, ზედ კარებთან რომ შეწყდა. მსახურმა სხვენის სარკმელი გააღო და კარგა ხანს ელაპარაკა ვიღაცას, ქვემოთ, ქუჩაში რომ იდგა. ექიმის წასაყვანად მოსულიყო, თან ბარათი ჰქონდა, სიცივით აკანკალებულმა ნასტაზიმ კიბე ამოირბინა, ერთი მეორეზე ბოქლომი და ურდული გამოაძრო. კაცმა თავისი ცხენი დატოვა და მსახურთან ერთად შინ შემოვიდა. მალის ჩაჩიდან ჩვარში შეხვეული წერილი ამოაძრო და თავაზიანად შარლს მიაწოდა, რომელიც წასაკითხავად იდაყვით ბალიშს დაეყრდნო. ნასტაციმ სანთელი ლოგინთან დაიკავა, აადამი, დარცხვენით, კედლისკენ გადაბრუნდა.
ამ წერილით, ცისფერი ლუქის პატარა ბეჭდით რომ იყო დაბეჭდილი, ბ-ნ ბოვარის ემუდარებოდნენ, დაუყოვნებლივ მისულიყო ბერტოს ფერმაში მოტეხილი ფეხის გასამართავად, ხოლო ტოსტიდან ბერტომდე კაი ექვსი მილი მანძილია, ლონგევილსა და სენ-ვიქტორზე გავლით. ბნელი ღამე იყო. ახალგაზრდა მადამ ბოვარის ეშინოდა, ქმარს რაიმე არ შეემთხვეს გზაშიო. ასე რომ, გადაწყვიტეს: გამოგზავნილი მეჯინიბე დაიწინაურებს, შარლი კი სამი საათის შემდეგ გაემგზავრება, მთვარის ამოსვლისას. მის შესახვედრად ბიჭს გამოგზავნიან მეგზურად და ჭიშკრის გასაღებად.
დაახლოებით დილით ოთხ საათზე, წამოსასხამში კარგად შეფუთნული შარლი ბერტოს გზას გაუდგა. თბილი ძილით კვლავ მთვლემარე, იგი მშვიდი პირუტყვის მოძრაობით გამოწვეულ რწევას მიენდო. როცა ცხენი ეკლით შემორაგულ სასამნე თხრილებთან უეცრად შედგებოდა, შარლიც მყის გამოიღვიძებდა, მოტეხილ ფეხს გაიხსენებდა, და ცდილობდა გაეხსენებინა მოტეხილობის ყველა შემთხვევა, რაც კი ენახა. უკვე აღარ წვიმდა, თენდებოდა. ვაშლის ხის უფოთლო ტოტებზე უძრავად შეამსხდარიყვნენ დილის ცივი ქარით ბუმბულაბურძგნული ჩიტები. დაცემული ჭალა თვალმიუწვდენელ სივრცეზე გადაჭიმულიყო და ხეთა თაიგულები, კარგა მანძილით ერთმანეთს დაშორებულნი, მოშავო-ლურჯ ლაქებად დასჩნეოდა ვეებერთელა რუხ ფართობს, რომელიც ჰორიზონტზე მოღრუბლულ ცაში იკარგებოდა. დროდადრო შარლი თვალს გაახელდა, მაგრამ აზრი მალე ილულებოდა, თვლემა ერეოდა, რაღაც გარინდებაში იძირებოდა, სადაც წეღანდელი შთაბეჭდილებანი მოგონებათა ბურუსში ინთქმებოდა და თვითონ იგიც ორდებოდა; ისე ეჩვენებოდა, თითქოს ერთსა და იმავე დროს სტუდენტი ც იყო, ცოლიანიც, თითქოს მეუღლის ლოგინშიც ეძინა, როგორც ამ რამდენიმე წუთის წინ, და ნაოპერაციევთა დარბაზშიც მიმოდიოდა, ვით ოდესმე. მის თავში კომპრესის თბილი ორთქლი ნამის გრილ სურნელებას ეზავებოდა; რკინის საწოლების რგოლთა წკრიალიც ესმოდა და მძინარე ცოლის სუნთქვაც... როცა ვასონვილს მიუახლოვდა, თხრილის პირას მინდორზე მჯდომარე ბავშვი შეამჩნია.
- თქვენ ექიმი ბრძანდებით? – ჰკითხა ბავშვმა.
შარლის პასუხი რომ ესმა, ხის ფეხსაცმელი ხელში დაიკავა და სირბილით წარუძღვა.
გზადაგზა, გამყოლის ნაამბობიდან მკურნალი მიხვდა, რომ ბატონი რუო ერთ-ერთი კარგა შეძლებული მეურნე უნდა ყოფილიყო. ფეხი გუშინ საღამოს მოეტეხა, ნათლიღების ლხინზე, მეზობლისას. ცოლი ორი წლის წინ გარდაცვლოდა. ახლა ერთადერთი ქალიშვილის ამარა დარჩენილიყო, რომელიც ოჯახში ეხმარებოდა.
ურმის ნაკვალევი თანდათან გაღრმავდა, ბერტოს ფერმას უახლოვდებოდნენ. პატარა ბიჭი ცოცხალ ღობეში გაძვრა და მიიმალა, მერმე ეზოს ბოლოში გამოჩნდა და ჭიშკარი გააღო. სოველ ბალახზე ცხენს ფეხი უსხლტებოდა: შარლი იხრებოდა, ხეებქვეშ მიმავალი. ბეჩოში დაბმული ნაგაზები ჯაჭვებს ჭიმავდნენ და ყეფდნენ. ფერმაში შესვლისას, ცხენი რაღაცამ დააფრთხო. განზე გაუტია.
ფერმა კარგი სანახავი იყო. თავლის ღია კარებში მოჩანდნენ დიდრონი მუშა-ცხენები, რომლებიც მშვიდად ჭამდნენ ახალ ბაგებში. შენობათა გასწვრივ მოჩანდა   განიერი სანეხველა, რომელსაც ოდნავ ბოლი ასდიოდა. ხოლო იქით, ქათმებსა და ინდაურებს შორის, იქექებოდა ხუთი თუ ექვსი ფარშავანგი – მშვენება ამ კუთხის ეზოებისა. ფარეხი გრძელი იყო, ბეღელი – მაღალი, ხელისგულივით შიშველი კედლებით. ფარდულის ქვეშ ორი დიდი ურემი და ოთხი გუთანი იდგა, თავიანთი შოლტებით, საკისურებით და სრული აკაზმულობით, რომელთა შალის ლურჯი საფარველიც ბეღლიდან ნააფრქვევი მტვრით დაფარულიყო. დაქანებულ ეზოში ხეხილი იყო მწკრივად ჩარგული, ხოლო გუბესთან ბატების გუნდის მხიარული ყიყინი გაისმოდა.
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ტანთ ეცვა ცისფერი შალის კაბა, კარებში მიეგება ბ-ნ ბოვარის და სამზარეულოში შეიყვანა, სადაც დიდი ცეცხლი გიზგიზებდა. ცეცხლის პირას რამდენიმე სხვადასხვა ზომის ქოთანი იდგა, რომლებშიც მუშების საუზმე იხარშებოდა. იქვე სოველი ტანისამოსი შრებოდა. სანაკვერჩხლე ჩოტი, მაშა და საბერველის ტუჩი, ყველა უზარმაზარი ოდენობისა, ნაფერავი ფოლადივით ბრწყინავდა, ხოლო კედლების გასწვრივ გამართულ თაროებზე მრავალი ჭურჭელი ელაგა, რომლებზედაც კერის ციაგი სინათლე და ამომავალი მზის ფანჯრებს მომდგარი შუქი ლაპლაპებდა.
შარლი პირველ სართულზე ავიდა ავადმყოფის სანახავად. ავადმყოფი ლოგინში დახცვდა, საბნებში გახვეული და ოფლიანი, ღამის ჩაჩი შორს გადაეგდო. ეს იყო მომცრო ტანის ღიპიანი, შესახედაობით ასე ორმოცდაათი წლისა, თეთრონა, ლურჯთვალა, თხემმელოტი, საყურეებიანი;  სასთუმალთან, სკამზე, არყით სავსე სურა ედგა, რომლიდანაც დროგამოშვებით დაისხამდა ხოლმე ჯანის შესამატებლად, მაგრამ, როგორც კი ექიმი დაინახა, აღტყინება ჩაუქრა და გინების ნაცვლად, რასაც თორმეტი საათის განმავლობაში არ იშლიდა, წყნარად აკვნესდა.
მოტეხილობა მარტივი იყო, ყოვოელგვარი გართულების გარეშე. ამაზე იოლს შარლი ვერც კი ისურვებდა. გაიხსენა თავის მასწავლებელთა ქცევა დაჭრილთა სარეცელის წინაშე და პაციენტი გაამხნევა ათასნაირი ტკბილი სიტყვებით, ქირურგის ალერსით, სადასტაქრო დანაზე წასაცხებ ზეთს რომ ჰგავს. არტაშნებად ერთი შეკვრა ყავრის ნახეთქები მოუტანეს. შარლმა ერთ-ერთი გამოარჩია, დაჭრა, მინის ნატეხით გაფხიკა, მსახურმა ზეწრები დახია შესახვევად, ხოლო მადმუაზელ ემა კი ყურბალიშების კერვას ცდილობდა. რაკი დიდხანს ეძებდა თავის საკერავ ხელსაწყოს, მამას მოთმინებას დაელია; ქალმა ხმა არ გასცა, მაგრამ კერვის დროს თითები კი მრავალჯერ დაიჩხვლიტა, ნაჩხვლეტი თითები ტუჩთან მიიტანა ამოსაწუწნად.
შარლი გააკვირვა მისი ფრჩხილების სითეთრემ. გაქათქათებული, ბოლოწვრილი, სალუქი, ვით დიეპის სპილოს ძვლის ნაკეთობანი და ნუშის სახედ მოქნილი. გარნა ხელი მაინც არ იყო ლამაზი, შესაძლოა, არა საკმაოდ მკრთალი, სახსრებში ოდნავ ხმელი. გარდა ამისა, მეტად გრძელიც იყო და ნაკვთების სირბილეს მოკლებულიც. მისი მშვენება თვალები იყო; თუმცა თაფლისფერი, წამწამთა გამო შავი გეგონებოდა; მზერა მათი პირდაპირი და გულწრფელი შეუპოვრობით იყო აღსავსე.
ფეხის შეხვევა რომ გათავდა, ბ-ნმა როუმ თვით დაპატიჟა ექიმი, სანამ წაბრძანდებოდეთ, ცოტა წაიხემსეთო.
შარლი ქვემო სართულის დარბაზში ჩავიდა. პატარა სუფრა ორი პირისათვის იყო გაშლილი, ზედ ვერცხლის თასები ელაგა; სუფრის ახლოს დიდი საწოლი იდგა, ჩარდახიანი, რომელზედაც თურქთა სახეები იყო ამოჩითული. ფანჯრის პირდაპირ მუხის მაღალი კარადა ამართულიყო, საიდანაც შროშანასი და ნოტიო ზეწრების სუნი დიოდა. კუთხეებში იატაკზე ხორბლიანი ტომრები ეწყო, რაც მეზობელ საკუჭნაოში ვერ დატეულიყო, სადაც სამსაფეხურიანი ქვის კიბე ადიოდა. ოთახის მორთულობას შეადგენდა ფანქრით ნახატი მინერვის თავი, ოქროს ვარაყიან ჩარჩოში ჩასმული; სურათი შუა კედელზე ეკიდა, რომლის მწვანე საღებავიც გვარჯილას ჩამოეშალა; სურათის ბოლოს გოთური ანბანით გამოყვანილი იყო: “ჩემს ძვირფას მამას”. 
ბაასი ჯერ ავადმყოფზე ჩამოვარდა, მერე ამინდზე, დიდ სიცივეებსა და მგლებზე, ღამღამობით რომ გარშემო მინდვრებში დაძრწიან. მადმუაზელ რუო ვერავითარ მხიარულებას ვერ პოულობდა სოფლად, განსაკუთრებით ახლა, როცა მთელი ფერმის მოვლა თითქმის მხოლოდ მას აწვა კისრად. რადგან ოთახში ციოდა, ქალს ჭამის დროს კბილები უკაწკაწებდა, რის გამოც ოდნავ ჩნდებოდა მისი სქელი ტუჩები; ქალს ჩვეულება ჰქონდა სიჩუმის დროს ტუჩები ეკვნიტა.
გადმოფენილი საყელო ქალის თეთრ კისერს აჩენდა. შავი თმა ორ დიდ ნაწნავად ჰქონდა დახვეული, რომელთაგან თვითეული იმდენად სალუქი იყო, რომ ერთ მთლიან ნაკვეთად მოგეჩვენებოდათ; კეფას თმის ვიწრო განაყოფი მისდევდა რკალად ქოჩრისაკენ; ხოლო ქოჩრის უკან უხვ ბოლქვად დაწყობილი ნაწნავები, ყურის ბიბილოებს რომ ვერ ფარავდა, საფეთქლებზე კულულებად ეფინებოდა, რაც სოფლის ექიმმა თავის სიცოცხლეში პირველად მხოლოდ აქ ნახა. ლოყები ვარდისფრად უღვიოდა. კორსაჟის ღილსა და ღილს შუა, მამაკაცივით, კუს ხოკის ლორნეტი ჰქონდა გაჩრილი.
როცა შარლი მოხუც რუოსთან ავიდა გამოსათხოვრად და კვლავ დარბაზში დაბრუნდა, ქალი ფანჯარასთან მიმდგარი ნახა, მინისთვის შუბლი მიეყრდნო და ბაღს გასცქეროდა, სადაც ქარს ლობიოს ჩხირები  წაექცია. იგი ექიმისკენ მობრუნდა.
- ეძებთ რასმე? – ჰკითხა.
- ჩემი მათრახი, თუ უკაცრავად არ ვიყო! – მიუგო მან.
ექიმი მათრახს ეძებდა – საწოლზე, იკარს უკან, სკამებზე, თურმე ტომრებსა და კედელს შუა ჩავარდნილიყო. ემამ შეამჩნია და ასაღებად დაიხარა. შარლიც, თავაზიანობით, იქითკენ მიიქცა და, როცა ხელი იმავე მიმართულებით გაიწოდა, მისი მკერდი უნებურად დახრილი ქალიშვილის ზურგს შეეხო. აწითლებული ქალი გაიმართა, მხარზემოდან თვალი შეავლო და ხარის ძარღვის მათრახი მიაწოდა.
იმის მაგიერ, რომ ბერტოს სამი დღის შემდეგ მისულიყო, როგორც დაჰპირდა, ექიმი მეორე დღესვე მივიდა, შემდეგ კი ყოველ კვირაში ორ-ორჯერ დაიარებოდა, უკეთუ სათვალავში არ ჩავაგდებთ მოულოდნელ ვიზიტებს, რაც დროდადრო თითქოს შემთხვევით ხდებოდა.
გარნა, ყოველივე კარგად წარიმართა; გამომრთელება წესიერად მიმდინარეობდა და, როცა ორმოცდამეექვსე დღის შემდეგ, მოხუცი რუო თავის ქოხში საკუთარი ფეხით მობორძიკე ნახეს, ბ-ნ ბოვარის ისე დაუწყეს ცქერა, როგორც დიდი ნიჭის პატრონს. მოხუცი რუო ამბობდა, ივეტოს, გინდ თვით რუანის უპირველესი ექიმებიც კი უკეთ ვერ განმკურნავდნენო.
ხოლო შარლი არც კი შეჰკითხებია თავს, რად უხაროდა ასე ბერტოში ხშირი სიარული. რომ დაფიქრებულიყო, ამას ალბათ, თავის ექიმურ გულმოდგინებას მიაწერდა ან კარგი სასყიდლის მოლოდინს. მაგრამ ნუთუ მართლაც ამიტომ იყო ასე მომხიბვლელი ბერტოში სიარული,  რაც აშკარად გამონაკლისს შეადგენდა მისი ცხოვრების უფერულ საქმიანობაში? იმ დღეებში იგი ძალიან ადრე დგებოდა, ცხენს აჩქარებდა, მიაჭენებდა, როცა ჩამოხდებოდა, ბალახზე ფეხს გაიწმენდდა და, სანამ ზღურბლს გადააბიჯებდა, შავ ხელთათმანებს წამოიცვამდა. უყვარდა ამ ფერმის ნახვა, უხაროდა, როცა ეზოში შესვლისას, ბეჭით ჭიშკარს გაეხახუნებოდა, უყვარდა ღობეს შემჯდარი მყივანა მამალი, მის შესაგებებლად გამოსული მსახურნი. მოსწონდა ეს ბეღელი და თავლა; უყვარდა მოხუცი რუო, ტლაშუნით რომ ხელს ართმევდა და თავის მხსნელს ეძახდა. მოსწონდა აგრეთვე მადმუაზელ ემას ხის ქოშების პრაკუნი სამზარეულოს მორეცხილ იატაკზე; ქოშების მაღალი ქუსლები ქალს ოდნავ ამაღლებდა და, როცა იგი წინ გაუვლიდა, ხის ლანჩები სხარტად ეტყაპუნებოდა ქალის ფეხსაცმლის საძირეს.
ქალი ყოველთვის კიბის საფეხურამდე მიაცილებდა ხოლმე, სანამ ცხენს მოგვრიდნენ, იქვე იცდიდა. ერთმანეთს გამოეთხოვებოდნენ და მეტს აღარას ლაპარაკობდნენ, ქარი მისი თმის დაუდეგარ კ ულულებს ეთამაშებოდა, ან წინსაფრის შესაკრავეაბის ბოლოებს აფრიალებდა, თითქოს ალამიაო. ერთხელ, როცა დათბა და ხეების ქერქი ეზოში სისველით დარბილდა, ხოლო შენობათა სახურავებზე თოვლი ჩამოდნა, ქალი წინკარში გავიდა. ქოლგა აიღო და გაშალა. ქოლგის მტრედისფერი აბრეშუმი მქრქად ჩრდილებს ესროდა მისი სახის სითეთრეს, ქოლგის ქვეშ მწყაზრად უღიმოდა მოსალბუნე სითბოს; და ქოლგის გადაჭიმულ ქსოვილზე ისმოდა წვეთების წკაპუნი, რიტმულად, ზედიზედ.
ბერტოში სიარულის პირველ ხანს ახალგაზრდა ქ-ნი ბოვარი ყოველთვის კითხულობდა ხოლმე ავადმყოფის ამბავს და თავის შემოსავალ-გასავლის წიგნში ერთი ჩინებული სუფთა გვერდიც კი გაუხსნა ბ-ნ რუოს. მაგრამ, როცა გაიგო, რუოს ქალიშვილი ჰყავსო, ცნობების შეკრებას შეუდგა, შეიტყო, რომ მადმუაზელ რუო მონასტერში – ურსულიანებთან აღზრდილა და, როგორც იტყვიან, მშვენიერი განათლებად მიუღია; ცოდნია ცეკვა, გეოგრაფია, ხატვა და პიანინოს დაკვრა. ესღა აკლდა!
- მაშ ამიტომაა, რომ ასე სახეგაბადრული მიეშურება ხოლმე მის სანახავად, - ამბობდა ის თავისთვის, - ამისთვისაა, რომ ახალ ჟილეტს იცვამს და წვიმაში მისი გაფუჭებაც არ ენანება? აჰ, ეს ქალი, ეს ქალი!..
და შეიძულა ის ქალი, ინსტინქტურად. პირველად ქარაგმულად გადაუკრავდა ხოლმე სიტყვას . შარლმა ეს ვერ გაიგო, ამას ზოგადი ანალოგიური მსჯელობა მოჰყვა. ქმარი ქარიშხლის შიშით ყურს არ ათხოვებდა, შემდეგ პირდაპირი კვლევა დაიწყო, შარლმა უკვე აღარ იცოდა, რა ეპასუხა.
- რისითვისღა დაიარება იგი ბერტოს, როცა ბ-ნი რუო უკვე განიკურნა და ამ ხალხს ფული ჯერაც არ მოუცია? აჰ, იმიტომ, რომ იქ არის ვიღაც, ერთი ვინმე, ტკბილმოსაუბრე, მქარგავი, კეთილგონიერი! სწორედ ამას ელტყოდა: ქალაქელი ქალები ნებავს, და განაგრძობდა:
- მერედა, მოხუც რუოს ქალიშვილი ქალაქელი ქალია, ერთი მიბრძანეთ, გეთაყვა? – აღშფოთებით ამბობდა ქ-ნი ბოვარი, - მისი პაპა მწყემსი იყო, ხოლო ერთი ბიძაშვილი ჰყავთ და ისიც კინაღამ სისხლის სამართალში მისცეს ერთი უგვანი საქციელის გამო. რის მაქნისია ამდენი ფართიფურთი და კვირაობით ფარჩის კაბებით გამოწყობილი, ვით გრაფინია, ეკლესიაში რომ დაბრძანდება. საბრალო ბერიკაცი, შარშან რომ თალგამის კარგი მოსავალი არ ყოფილიყო, გადასახადთა ნარჩენების გასტუმრებასაც ვერ მოახერხებდა.
შარლს ეს ამბები მობეზრდა და ამიტომ ბერტოში სიარული შეწყვიტა. ელოიზამ ბევრი ტირილისა და უაღრესად აფეთქებული სიყვარულის, ხვევნა-კოცნის შემდგომ, ლოცვანზე ხელი დაადებინა და დააფიცა, რომ ბერტოს ამიერიდან აღარ წევიდოდა; იგი დაემორჩილა, მაგრამ სურვილთ სიმძაფრე მისივე მონური საქციელის წინააღმდეგ ამხედრდა და რაღაცნაირი გულუბრყვილო ორპირობით თავი დაიჯერა, რომ ნახვის აკრძალვა სიყვარულის უფლებას აძლევდა მას. ამასთან ერთად ქვრივი მჭლეც იყო, წამოსარული კბილები ჰქონდა და მთელი წლის განმავლობაში ტანზე პატარა შავი შალის წამოსხმა იცოდა, რომლის ყურებიც ბეჭებზე სცემდა; გამხმარსა და ჩამოფერთხილ თეძოზე ვიწრო კაბა და მოკლე კაბა ჰქონდა შემოჭერილი, რაც კოჭებსა და დიდი ფეხსაცმელის გადაჯვარედინებულ ბანდულებს ვერ უფარავდა.
შარლის დედა დროგამოშვებით მიდიოდა ხოლმე მათ სანახავად; მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დედამთილმა მხარი მისცა თავის რძალს  და ორივენი დანის პირივით ილესავდნენ ენას მის წინააღმდეგ. იგი ერთობ ბევრსა ჭამს! რა საჭიროა ყოველი გამვლელ-გამომვლელის გამასპინძლება? ან რა ჯიუტობაა, რომ სათბურს არ იცვამს!
გაზაფხულის პირზე ისე მოხდა, რომ ინგუვილელმა ნოტარიუსმა, ვისაც ქვრივი დიუბიუკის თანხები ებარა, ერთ მშვენიერ დღეს აფრა აღმართა და თავისი მოანაბრის ფულიანად სადღაც გაქრა. მართალია, ელოიზას, გემში მონაწილეობის გარდა, რაც ექვსი ათას ფრანკს უდრიდა, სახლიც ჰქონდა სენ-ფრანსუას ქუჩაზე, მაგრამ მთელი ამ ქონებისა, რომლის შესახებაც ამდენს გაჰკიოდნენ, ოჯახში არაფერი ჩანდა, უკეთუ ცოტაოდენ ავეჯეულობასა და ჭინჭებს ანგარიშში არ ჩავაგდებთ. საჭირო გახდა, რათა ყოველივე მზის სინათლეზე ყოფილიყო გამოტანილი. სახლი დიეპში ვალებით იყო დაღრღნილი თვით ლარტყებამდე; რამდენი ჰქონდა ნოტარიუსს ჩაბარებული, ეს ღმერთმა უწყის, ხოლო გემში მონაწილეობა ათას ეკიუს არ აღემატებოდა. მაშ, იმ კაი ქალმა იცრუა ხომ! გაბრაზებულმა მამა ბოვარიმ სკამი მიწას დაანარცხა და ცოლს აყვედრა, შვილი შენ გააუბედურე, ისეთ ჯახრაკს შეაუღლე, რომლის აკაზმულობაც მის ტყავად არ ღირსო. ისინი ტოსტს ეწვივნენ. შელაპარაკდნენ. იყო სცენებიც. ელოიზა ატირდა. ქმარს ყელზე მოეხვია და ემუდარა, შენი მშობლებისაგან დამიცავიო. შარლმა ქომაგობა განიზრახა. მშობლები გაჯავრდნენ და წავიდნენ.
მაგრამ დაკვრა მოუზომელი გამოდგა. რვა დღის შემდეგ, როცა ელოიზა სარეცხს ჰფენდა, ყელიდან სისხლი წასკდა და მეორე დღეს, ქმარი რომ ფანჯრის ფარდას ასწორებდა, ქალმა უეცრად წამოიძახა: “ოჰ, ღმერთო ჩემო” და გული წაუვიდა. გარდაცვლილიყო. რა საოცრებაა!
როცა სასაფლაოზე ყოველივე გათავდა, შარლი შინ დაბრუნდა. ზემო სართულში ავიდა, მისი კაბა საწოლის ჩარდახთან ნახა ჩამოკიდებული; საწერ მაგიდას დაეყრდნო და მწუხარე ფიქრში წასული საღამომდე უძრავად იჯდა. ბოლოს და ბოლოს ამ ქალს იგი უყვარდა.


III
ერთხელ, დილით, მოხუცი რუო შარლს ეწვია და ფეხის სამკურნალო ფული მოუტანა; სამოცდათხუთმეტი ფრანკი, სულ ორ-ორფრანკიანები, და ერთი ინდაური. გაეგო მისი მწუხარების ამბავი და ანუგეშა, რაც კი შეეძლო.
- ვიცი, რასაც ნიშნავს ესა, - უთხრა და მხარზე ხელი დაუცაცუნა, - მეც აგრე ვიყავი, შენსავით! როცა ჩემი საბრალო დავკარგე, მინდორში წაველ, რათა მარტო დავრჩენილიყავ; ხის ძირას მივეგდე და ვტიროდი, ღმერთს მოვუწოდებდი, სისულელეებს ვროშავდი: რატომ მეც აი ის მკვდარი თხუნელა არა ვარ, ტოტზე რომ ჩამოუდვიათ და მატლებს მუცელი გამოუჭამიათ-მეთქი. და როდესაც წარმოვიდგინე, აი ახლა, ამ წუთს სხვები თავიანთ ცოლებთან არიან და ეხვევიან-მეთქი, ჩემი საბიჯგი აძვიღე და გაბრაზებულმა მიწას დავუწყე ცემა; გიჟივით ვიყავი, სასმელ-საჭმელს ზედ არ ვეკარებოდი; არ დაიჯერებთ, მაგრამ კაფეში შესვლის ფიქრიც კი მძაგდა. დიახ, ასე იყო, მაგრამ ნელ-ნელა, დღითი-დღე ზამთარს გაზაფხული წაება, ზაფხულს შემოდგომა, და ესეც ფინჩხა-ფინჩხა, წვეთ-წვეთად დადნა, წავიდა, გაქრა, დაილექა-მეთქი, მინდა ვთქვა, რადგან რაღაც მაინც გრჩება ფსკერში, როგორც... სიმძიმე, იქ, გულის სიღრმეში! მაგრამ, რაკი ჩვენი, ყველას ბედი ასეთია, ამიტომ თავი როდი უნდა მისცე საკვდავ დარდს, აქაოდა, სხვები დაიხოცნენ, მეც სიკვდილი მინდაო; უნდა გამხნევდეთ, ბატონო ბოვარი. ეგ წარმავალია! მობრძანდით, გვნახეთ, ჩემი ქალი დროდადრო, იცით, გიგონებთ, ასე ამბობს, დამივიწყაო. აგერ გაზაფხულიც კარს გვადგას; კურდღლებზე სანადიროდ წაგიყვანთ, ცოტათი გაერთობით.
შარლმა რჩევა დაუჯერა. ბერტოს ესტუმრა; ყოველივე ისე დაუხვდა, როგორც ამას წინათ, ე.ი. ხუთი თვის წინათ ენახა, მსხლის ხეები უკვე ჰყვაოდა; მოხუცი რუო ეზოში დაფუსფუსებდა, რაც ფერმას სიცოცხლეს ჰმატებდა.
მოხუცს თავის მოვალეობად მიაჩნდა ექიმს, მისი მწუხარების გამო, რაც კი შეიძლებოდა, მეტი თავაზიანობით მოპყრობოდა, ამიტომ სთხოვა გარეთ ქუდს ნუ მოიხდიო, დაბალი ხმით ელაპარაკებოდა, თითქოს იგი ავად ყოფილიყოს, და გაჯავრებაც კი განიზრახა, როცა გაიგო, რომ მისთვის განსაკუთრებული რამ ნაზი და მსუბუქი არაფერი მოუმზადებიათ, როგორიცაა კრემი ან მსხლის კომპოტი. მერმე სახუმარო ამბავს მოჰყვა. შარლს სიცილი წასკდა, მაგრამ უმალვე ცოლი მოაგონდა და მოიღუშა. როცა ყავა მოიტანეს, ამის ფიქრიც გაუქრა.
იმის მიხედვით, რაც მარტო ცხოვრებას ეჩვეოდა, ცოლზე სულ ნაკლებსა და ნაკლებს ფიქრობდა. დამოუკიდებლობის ახალი სიამე მის მარტოობას უფრო ასატანს ხდიდა. ახლა შეეძლო იჯრის საათებიც შეეცვალა, დაუკითხავად წასულიყო და მოსულიყო, ხოლო, როცა დაღლილი იყო, შეეძლო თავის ლოგინზე ნებიერად გაშხლართულიყო. ასე რომ გააზატდა, განებივრდა და სამძიმარსაც მოთმინებით ისმენდა. მეორე მხრით, ცოლის სიკვდილს ხელი როდი შეუშლია მისი საქმიანობისათვის, რადგან მთელი ერთი თვის განმავლობაში სალ ასე გაისმოდა: “საბრალო ყმაწვილი! რა სამწუხაროა!” სახელი გაითქვა, კლიენტები მოემატა და ბერტოშიც სრულიად თავისი სურვილისამებრ დაიარებოდა. როცა იმედი, გაურკვეველი ბედნიერების გრძნობა ჰქონდა, როცა წვერის დასაოშავად სარკეში ჩაიხედავდა ხოლმე, სახეც უფრო საამური ეჩვენებოდა.
ერთხელ რუოანთსა ნაშუადღევის სამ საათზე მივიდა. ყველა ყანაში იყო გასული, სამზარეულოში შევიდა, მაგრამ პირველად იქ ემა ვერ შეამჩნია: დარაბები მიხურული იყო. ჭუჭრუტანებიდან იატაკზე მზის გრძელი და ვიწრო სხივი დაფენილიყო, ავეჯზე ასხლეტილი ჭერზე ფარფატებდა. სუფრაზე ნახმარ ჭიქებს ბუზები ეხვეოდნენ და შიგ ნარჩენ სიდრში ზუზუნით იხრჩობოდნენ. საკომურიდან დაშვებული სინათლე ჭვარტლს ახავერდებდა, ნაცარს კი ოდნავ აცისფეროვნებდა. ფანჯარას და კერას შუა ემა იჯდა და კერავდა; თავშიშველა იყო, ღია მხრები ოფლით დაცვაროდა.
სოფლის ჩვეულებისამებრ, ქალმა სასმელი რამ შესთავაზა, შარლმა უარი თქვა, ქალი არ მოეშვა და ბოლოს სიცილით დაითანხმა, თითო ჭიქა ლიქიორი ერთად დავლიოთო, კარადიდან ერთი ბოთლი კიურასო გამოიღო, ორი ჭიქაც მიაყოლა: ერთი პირამდე აავსო, მეორეში ოდნავ ჩააჟონა, სავსე მას მიაწოდა, თავისი ნაკრული მიუჭახუნა და ტუჩთან მიიტანა; ჭიქა თითქმის ცარიელი იყო, უკან გადაიხარა; თავი გადააგდო, ყელი გამოიჩინა. ტუჩები წამოიზარდა და რაკი ვერაფერი იგემა, სიცილი აუტყდა. ენის წვერო წაიგრძელა და ჭიქის ფსკერი გამოლოკა.
კვლავ დაჯდა და მუშაობა განაგრძო; ბამბის თეთრი წინდა ჰქონდა გამოსაკერავი: თავაუღებლად კერავდა, არას ამბობდა, შარლიც დუმდა. კარის ქვემოდან შემონაბერ ქარს ოდნავ მტვერი შემოჰქონდა; შარლი ამ ანიავებულ მტვერს ადევნებდა თვალს და ესმოდა მხოლოდ საკუთარი საფეთქლების ცემა და ეზოდანაც ქათმის შორეული კაკანი. ემას, დროდადრო, გასაგრილებლად ლოყაზე ხელისგულები მიჰქონდა, ხოლო შემდეგ ხელისგულებს გასაციებლად ბუხრის რკინის რიკულის ბუშტულებს ადებდა.
ქალი ჩიოდა, გაზაფხულიდანვე თავის ბრუალი დამჩემდაო, და ეკითხებოდა, ზღვის აბაზანები ხომ არ მარგებსო; მერმე თავის მონასსტერზე ჩამოაგდო სიტყვა, შარლმა კი კოლეჟი გაიხსენა, ბაასი ნელ-ნელა გაიბა. მერმე ქალმა თავის ოთახში აიყვანა; უჩვენა მუსიკის ძველი რვეულები, პატარა წიგნაკები, საჩუქრად რომ მიეღო, და მუხის კუნძლების გვირგვინები, კარადის ქვემო განჯინაში რომ ეყარა; ებაასა თავისი დედის სასაფლაოს შესახებ და ბაღში ის კვალიც კი უჩვენა, სადაც ყვავილებს კრეფდა და ყოველ პარასკეობით დედის საფლავზე მიჰქონდა... მაგრამ მათ მებაღეს ამისი არაფერი გაეგება, საზოგადოდ, ცუდი მსახურები ჰყავთ! მას სწადია, რომ ზამთრობით მაინც იცხოვრონ ქალაქად, თუმცა, ამ გაუთავებელი კარგი ამინდების გამო, ზაფხულში სოფლად ცხოვრება შესაძლოა უფრო აუტანელიც იყოს. და, იმის მიხედვით, თუ რაზე ლაპარაკობდა, მისი ხმა ხან მკაფიო იყო, მაღალი, ხან თითქოს თავის თავს ებაასებაო, უეცრად მინელებული, კილოს იცვლიდა და ჩურჩულით თავდებოდა, - ამ წამს რომ მხიარული იყო და თვალს გულუბრყვილოდ აშუქებინებდა, მყის თვალი მისი ნახევრად მოიხუჭებოდა და შიგ მოწყენილობა, დაუცხრომელი ფიქრი გაკრთებოდა.
საღამოს შინ დაბრუნებული შარლი სათითაოდ არჩევდა ქალის ნათქვამ ფრაზებს. ცდილობდა გაეხსენებინა და თავისებურად შეევსო ისინი, რათა ნაწილობრივ მაინც წარმოედგინა მისი ცხოვრების ის ხანა, როცა ემას ჯერ კიდევ არ იცნობდა. მაგრამ მის გონებას მუდამ ისე წარმოუდგებოდა ხოლმე, როგორიც პირველად იხილა, ან ისეთი, როგორიც წეღან დატოვა. შემდეგ თავის თავს შეეკითხა, ნეტავ, რა მომივა, რომ გათხოვდეს, ან ვის უნდა მითხოვდესო. ეჰ, მოხუცი რუო ძალზე შეძლებულია, ქალი კი... ასეთი ლამაზია; ხოლო ემას სახე მუდამ თვალწინ ედგა და რაღაც ერთხმოვანი, თითქოს ჯარას ზუზუნიაო, ყურში ჩასჩურჩულებდა: “შენ რომ შეირთო! შენ რომ შეირთო!” ღამით ძილი არ ეკარებოდა, ყელში უჭერდა, წყურვილი აწუხებდა; ადგა, წყლიანი დოქი მოიყუდა, მერე ფანჯარა გააღო; ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, ქროდა თბილი ქარი. სადღაც შორს ძაღლები ყევდნენ. პირი ბერტოსკენ იბრუნა.
რაკი, ბოლოს და ბოლოს, არაფერს ვკარგავო, შარლმა თავის თავს სიტყვა მისცა, პირველი შემთხვევისთანავე წინადადებას მივცემო; მაგრამ ყოველთვის, როცა კი ასეთი შემთხვევა ეძლეოდა, იმის შიშით – ვაითუ შესაფერისი სიტყვები ვერ ვიპოვნოო, მუდამ კრიჭა ეკვროდა.
მოხუცი რუო მაინცდამაინც ნაწყენი არ დარჩებოდა, უკეთუ ვინმე ქალიშვილისაგან გაათავისუფლებდა, რადგან ოჯახში ბევრს არაფერს ეხმარებოდა. თუმცა გულში კიდეც ამართლებდა შვილს. რა მისი ჭკუის საქმეა სოფლის მეურნეობა, ეს დაწყევლილი ხელობა, რითაც მილიონერი ვერასოდეს ვერ გახდებიო. თვით მოხუცი არათუ იგებდა რასმე, პირიქით, ყოველ წელს ზარალში იყო, რადგან, თუმცა ვაჭრობაში მოხერხებული იყო და ბაზრის ხრიკები ერთგვარ სიამესაც კი ჰგვრიდა, სამაგიეროდ, მეურნეობა და მისი გაძღოლა სრულიად მისი საქმე არ იყო. ზურგზე ხელებშემოდებული დაიარებოდა, ყაირათისა არაფერი გაეგებოდა, სურდა კარგი ჭამა-სმა, სითბო და ტკბილი ძილი, უყვარდა მაგარი სიდრი, ცვრიანი ბივშტექსი და რომიანი კარგად შეზავებული ყავა. სამზარეულოში იჯრობდა ხოლმე, მარტო, ცეცხლის პირას, პატარა სუფრაზე, რომელსაც გაშლილს მიართმევდნენ ხოლმე, ვით თეატრში.
როცა შეამჩნია, შარლს ლოყები უწითლდება ხოლმე ჩემი ქალიშვილის წინაშეო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თხოვნის დრო შორს აღარ იყო, წინდაწინვე მოისაზრა ყოველივე. მართალია, იგი ფუქსავატ კაცად მიაჩნდა და ასეთი სიძე არასოდეს არ უნატრია, მაგრამ სამაგიეროდ უქებდნენ ყოფაქცევას, მომჭირნეობას, კაი აღზრდასა და, ალბათ, მზითევზედაც ბევრს არ ივაჭრებდა. თანაც მოხუცი რუო იძულებული იყო ოცდაორი აკრი მიწა გაეყიდა, რათა ზოგი კალატოზისთვის გადაეხადა, ზოგი სირაჯისათვის, საწნახელისათვის კიდევ ხრახნი უნდა გამოეცვალა.
- თუკი მთხოვს, მივცემ, - თავის თავს ეუბნებოდა.
მთავარანგელოზობის მოახლოებისას, შარლი სამი დღით ეწვია ბერტოს ფერმას. უკანასკნელი დღეც ისე გავიდა, როგორც პირველი, ყოველ წუთში ყოყმანით. მოხუცმა რეომ გააცილა, ოღროჩოღრო გზით მიდიოდნენ; აი კიდეც უნდა გამოეთხოვონ ერთმანეთს; დადგა გადამწყვეტი წუთი. შარლმა თავს ვადა მისცა ღობის ყურამდე და, ბოლოს, როცა ესეც გაიარეს, 
- ბატონო რუო, - წაიბუტბუტა შარლმა, - რამე უნდა გითხრათ.
შეჩერდნენ, შარლი დუმდა.
- ჰო, მითხარით, რა ამბავია! განა მე კი არ ვიცი? – ნაზი ღიმილით თქვა მოხუცმა.
- მამილო რუო... მამილო რუო... – ბუტბუტებდა შარლი.
- მე, ჩემი მხრით, უკეთესს ვერ ვინატრებდი, - განაგრძო მოხუცმა, - ალბათ პატარახ ჩემი აზრისაა, მაგრამ მაინც უნდა ვკითხოთ. განაგრძეთ თქვენი გზა; მე შინ მივბრუნდები. თუ თანახმა იქნა, კარგად მისმინეთ, თქვენი დაბრუნება საჭირო არაა, ხომ იცით ხალხის ამბავი; გარდა ამისა, თვითონაც ძალზე აღელდება. მაგრამ თქვენ რომ აქ უბრალოდ არ იტანჯოთ, მე ფანჯრის დარაბას გავაღებ სრულიად, კედლამდე, თქვენ შეგეძლებათ მისი დანახვა, თუ ღობეზე ოდნავ გადმოეკიდებით.
და იგი შინისაკენ წავიდა.
შარლმა თავისი ცხენი ხეს მიაბა. ჩირგვებში შეძვრა, ელოდებოდა. ნახევარი საათი გავიდა; მერმე ცხრამეტი წუთი, თვით დათვალა თავის საათზე. უეცრად, კედელზე დიდი ბრახუნი გაისმა, დარაბა გაიღო, ურდული კიდევ ქანაობდა.
მეორე დღეს, დილის ცხრა საათზე, იგი უკვე ფერმაში იყო, მის დანახვაზე ემა წამოწითლდა და ზრდილობისათვის გაღიმება სცადა. მოხუცი რუო თავის მომავალ სიძეს მოეხვია. მერმე ბაასი მზითევს შეეხო; თუმცა დრო საკმაო ჰქონდათ, რადგან ქორწილი მანამდე ვერ მოხდებოდა, სანამ შარლი არ გამოიგლოვდა, ესე იგი, მომავალი წლის გაზაფხულამდე.
ზამთარი ამ მოლოდინში გავიდა. მადმუაზელ რუო მზითვის მზადებას შეუდგა. ნაწილი რუანში შეუკვეთეს, პერანგები და ღამის თავსაფრები თვით გაიკეთა იმ ნახატების მიხედვით, რაც მოდის ნათხოვარ ჟურნალებში იპოვნა, ფერმაში შარლის ყოფნისას ლაპარაკობდნენ ხოლმე ქორწილის სამზადისზე, არჩევდნენ, თუ რომელ ოთახში გაიმართოს სადილიო; ოცნებობდნენ კერძთა რაოდენობასა და იმაზე, თუ რა უნდა მიართვან პირველად.
ემას, პირიქით, ქორწილი ღამით სურდა, ჩირაღდნებით, მაგრამ მოხუცმა რუომ ამგვარი სურვილისა ვერაფერი გაიგო. ასე რომ, გადაიხადეს ქორწილი, რომელსაც ორმოცდასამი კაცი დაესწრო; ლხინი თექვსმეტ საათს გრძელდებოდა. მეორე დღეს განახლდა და რამდენიმე დღეს კიდევ არ შეწყვეტილა.



IV
სტუმრებმა ადრიანად იწყეს მოსვლა სხვადასხვა ეკიპაჟებით; ერთცხენიანი კაბრიოლით, ორთვლიანი შარაბანით, უჩარდახო ძველი კაბრიოლეტით, ტყავის ლაფათინიანი ფურგონით; ახლო სოფლების ახალგაზრდები ურემში იდგნენ, მწკრივად, და ხელით საგვერდულებზე დაყრდნობილნი, რათა არ წაქცეულიყვნენ, დიდი სისწრაფითა და საშინელი ჯახჯახით მოექანებოდნენ. მოვიდნენ ათი ლიეს მანძილით დაშორებულნი, გოდერვილიდან, ნორმანვილიდან და კანიდან, ორივე ოჯახის ყველა ნათესავი იყო დაპატიჟებული, დამდურებულებს ამ შემთხვევისათვის შეურიგდნენ, დიდი ხნის უნახავი ნაცნობები წერილით მოიწვიეს.
ღობის გადაღმა დროდადრო ისმოდა შოლტის ტყლაშუნი, ჭიშკარი გაიღებოდა და ეზოში ეკიპაჟი შემოდიოდა. ეკიპაჟს ზედ კიბის პირველ საფეხურს მოაყენებდნენ, შიგ მჯდომნი ყოველი მხრიდან ჩამოდიოდნენ, მუხლებს იზელდნენ, მკლავებს იმართავდნენ. ქალები ქალაქურად იყვნენ მორთულნი: თანზე ბონეტი, კისერზე საათის ოქროს ძეწკვი, ტანზე პელერინა, რომლის ქიმებიც წელზე ჰქონდათ გადაჯვარედინებული, ან პატარა ფერადი გარუსი, რომელიც ზურგზე ქინძისთავით იყო დამაგრექბული იყო, რომ მის პატრონს კისერი უჩანდა. თავიანთი მამებივით ჩაცმული მოზარდები, ჩანდა, თავს უხერხულად გრძნობდნენ ახალ ტანისამოსში (ბევრ მათგანს ფეხსაცმელი სწორედ იმ დღეს განეახლებინა თავის სიცოცხლეში); მათ გვერდით სულგანაბული იდგა თოთხმეტი-თექვსმეტი წლის გოგონა, ალბათ, და ან ბიძაშვილი, თეთრ კაბაში გამოწყობილი, რომელიც პირველი ზიარებისთვის იყო შეკერილი, ახლა კი დაგრძელებული ამ შემთხვევისათვის. სახე წითელი ჰქონდა, შეშფოთებული, თმა პომადით ძალზე გაქონილი, მეტად უფრთხილდებოდა თავის თათმანებს, არ გამესვაროსო. რადგან იმდენი მსახური არ იყო, რომ ეტლები გამოეხსნათ, სტუმრები იკაპიწებდნენ და თვით აკეთებდნენ ამ საქმეს. მათი სოციალური სხვადასხვა მდგომარეობის შესაფერისად, მათ ტანთ ეცვათ ფრაკი ან სერთუკი, პიჯაკი, მოკლე ჯუბა, - საუკეთესო რამ საცმელი, რაც მთელი ოჯახის მშვენებას შეადგენდა და რაც მხოლოდ დღესასწაულებში ამოდიოდა სკივრიდან: ცილინდროვან-საყელოიანი და ჯიბეტომარა რედინგოტი, რომლის გრძელ კალთებსაც ქარი აფრიალებდა; სქელი მაუდის პიჯაკი, რომელსაც ჩვეულებრივად თან ახლდა კასკეტი, წინაფრაზე რომ სპილენძი ჰქონდა შემოჭედილი; მოკლე ჯუბა, საქამრესთან რომ ახლო-ახლო ორი ღილი ეკერა, თითქოს წყვილი თვალიაო და რომლის კალთებიც თითქოს ხუროს ნაჯახით იყო მოჭრილი. ზოგიერთს კიდევ (ასეთები, რასაკვირველია, სუფრის ბოლოს უნდა მჯდარიყვნენ) ტანთ ეცვათ საყელოგადმოფენილი, ზურგზე დანაოჭებული საზეიმო ბლუზა და ზედ ნაქსოვი ქამარი ერტყათ.
პერანგები მკერდზე ჯავშანივით ამობურცულიყო! მამაკაცებს თავები ახალგაკრეჭილი ჰქონდათ, ყურები წამოლაფათინებული, წვერი წმინდად გაპარსული; ზოგიერთი ალბათ ადრე ამდგარიყო წვერის გასაპარსავად, სიბნელეში კარგად ვერ დაენახა, ცხვირქვეშ თუ ყბებზე კანი გვარიანად დაესერა, ზოგს კიდევ სამფრანკიანის ოდენა ნაფხეკი ემჩნეოდა სახეზე, რაც  გზაში ჰაერის მოძრაობას გაეწითლებინა: ამის გამო ყველა ეს ფართო მოზეიმე სახე მარმარილოს ძარღვებივით იყო ოდნავ აჭრელებული.
ქალაქის სამმართველო ნახევარი ლიეს მანძილზე იყო დაშორებული და ამიტომ იქითაც და აქეთაც მაყრიონს ფეხით მოუხდა სიარული. კორტეჟი ჯერ ერთი მთლიანი ფერადი შარფივით გაიჭიმა მინდორში, ჯეჯილების  ვიწრო სამნების გასწვრივ, მერმე კი ცალკე ჯგუფად დაიშალა, რომლებიც ბაასში ერთმანეთს ჩამოშორდნენ. ვიოლინოს დამკვრელი ყველაზე წინ  მიდიოდა, თავისი საკრავი ბაფთებით ჰქონდა მორთული; მას მისდევდნენ ნეფე-დედოფალი, შემდეგ მშობლები და ნათესავები, კვლავ მეგობრები, ბოლოს კი ბავშვები, რომლებიც ანცობით ქერის თავთავებს გლეჯდნენ და ცელქობდნენ ისე, რომ დიდებს არ შეენიშნათ. ემაეს მეტად გრძელი კაბა მიწაზე ოდნავ ეთრეოდა: იგი ხანდახან შედგებოდა, კაბის ბოლოს ასწევდა და თათმანიანი ვიწრო თითებით ხმელ ბალახს ან ბირკას მოაშორებდა, შარლი კი ხელებდაშვებული იდგა და ელოდებოდა. მოხუც რუოს აბრეშუმის ახალი ცილინდრი ეხურა, ტანთ ეცვა შავი საცმელი, რომლის სახელოებიც თითქმის ფრჩხილებამდე წვდებოდა, მკლავი შარლის დედისათვის გაეყარა და დინჯად მიაბიძებდა. რაც შეეხება მამა ბოვარის, რომელსაც გულში კიდევაც ეზიზღებოდა მთელი ეს ხალხი, სამხედრო ფორმის უბრალი რედინგოტი ეცვა, ღილები რომ ერთ მწკრივად ჰქონდა ჩაყოლებული: იგი გაბედულად ექათინაურებოდა გლეხის ქერა ქალს, რომელიც თავს ხრიდა, წითლდებოდა და არ იცოდა, რა ეთქვა. დანარჩენი წვეულები თავიანთ საქმეზე ბაასობდნენ, ან ერთმანეთს დასცინოდნენ და ადრევე სამხიარულო გუნებას იქმნიდნენ. მუსიკოსი კი უკრავდა და ვიოლინოს წკრიალი მინდვრებს ეფინებოდა. როდესაც იგი შეამჩნევდა, ძალზე ჩამორჩნენო, შედგებოდა, შეისვენებდა, დიდხანს და ბეჯითად უსვამდა კანიფოლს თავის სოლინარს და კვლავ სიარულს განაგრძობდა; საკრავის ტარი რიტმულად ადიოდ-ჩამოდიოდა მის ხელში, რათა ამით თავისთვის ტაქტი მკაფიოდ აღენიშნა. საკრავის ხმა შორიდანვე აფრთხობდა პატარა ჩიტებს.
სუფრა ურმების ფარდულში გაეშალათ. მას ამშვენებდა ოთხი ხონჩა შემწვარი, წიწილების ექვსი ფრიკასე, მოხრაკული ხბოს ხორცი, ცხვრის სამი ბაყვი და შუაში მშვენიერი შემწვარი გოჭი, რომელსაც გარს შემოწყობილი ჰქონდა მჟაუნით შენელებული კუპატები. კუთხეებში სურებით არაყი იდგა. ტკბილი სიდრი ბოთლების საცობებში ამოქაფებულიყო, ხოლო ჭიქები წინასწარ პირამდე გაევსოთ ღვინით. ყვითელი კრემით სავსე უზარმაზარი მათლაფები სუფრის ოდნავ შერხევაზე თრთოდა; მათ მთლიან ზედაპირზე ახლადდაქორწინებულთა ინიციალები იყო ხლართულად გამოყვანილი. ტორტებისა და ნუგას მოსამზადებლად კონდიტერი ივეტოდან მოეწვიათ; იგი ამ კუთხეში პირველად იყო, განსაკუთრებულად ცდილობდა, და ისეთი დესერტი მოართვა, რამაც საერთო ყიჟინა გამოიწვია: საფუძვლად ამ დესერტს ლურჯი მუყაოს ოთხკუთხედი ედო, ტაძრის სახით გამოჭრილი კოლონადებითა და ქანდაკებებით; ნიშებში ოქროვანი ქაღალდის ვარსკვლავები ბრწყინავდა; მეორე სართულს წარმოადგენდა სავოას ტორტი – კოშკი, რომელსაც სიმაგრეებად და სათოფურებად სხვადასხვა ცუკატი, ნუში, ქიშმიში, ფორთოხლის ჭეობები ჰქონდა. და, ბოლოს, სულ ზემო პლატფორმაზე, რომელიც მწვანე ველს წარმოადგენდა, და სადაც კლდეებს შორის მურაბის ტბა იყო გაკეთებული და ზედ ნიგვზის ნაჭუჭის ნავები, ქანაობდა ამური შოკოლადის პაწია საქანელაზე, რომლის ბოძებსაც ცოცხალი ვარდის ორი კოკორი აგვირგვინებდა.
ლხინი საღამომდე გაგრძელდა, როცა ჯდომით ძლიერ დაიღლებოდნენ, ეზოში გაივლ-გამოივლიდნენ, ან ბეღელში ერთ ხელ “ბუშონს”( წაითამაშებდნენ და კვლავ სუფრას მიუჯდებოდნენ. ზოგიერთს, დასასრულ, იქვე ჩაეძინა და ხვრინი ამოუშვა. მაგრამ ყავის მორთმევისას ყველაფერი გამოცოცხლდა; გაისმა სიმღერები, ზოგი ღონესა და სიმარჯვეში გაეჯიბრა ერთიმეორეს. სწევდნენ სიმძიმეებს, ცერის საშუალებით ფოკუსებს აკეთებდნენ, ერთმანეთს აქეზებდნენ – აბა იმ ურემს ვინ გაიდებს მხარზეო, ლაზღანდარობდნენ და ქალებს ეხვეოდნენ. საღამოს, როცა წასვლის დრომ მოატანა, ყელამდე ქერით მაძღარი ცხენები გაზანტდნენ და გაჭირდა მათი შებმა: იტლინკებოდნენ, ყალხზე დგებოდნენ, მოსართავს წყვეტდნენ; მათი პატრონებიც ან იგინებოდნენ, ან ხარხარებდნენ; და მთელი ღამე, მთვარიანში, გარემოს გზებზე ისმოდა ეტლების გრიალი, ქვებში, ყორეებში, ოღროჩოღროებში მათი თავაწყვეტილი სრბოლა და ხარხარი; შეშინებული ქალები გამირს ეკიდებოდნენ და სადავეებს ებღაუჭებოდნენ.
ბერტოში დარჩენილნი მთელი ღამე ქეიფობდნენ სამზარეულოში. ბავშვებს სკამლოგინების ქვეშ მიეძინათ.
დედოფალი მამას ემუდარებოდა, ჩვეულებრივ ხუმრობას გადამარჩინეო. მიუხედავად ამისა, მათმა ერთ-ერთმა ბიძაშვილმა, ხელობით მეთევზემ (რომელმაც საქორწილო ძღვნად ერთი წყვილი კამბალა მოიტანა) პირში წყალი დაიგუბა და ნეფე-დედოფლის სანთიობოს საკლიტურში შესხმა განიზრახა, მაგრამ სწორედ ამ დროს მოხუცი რუო თავს წამოადგა და დაუშალა, თანაც განუმარტა, ჩემი სიძის დარბაისლობას ასეთი ხუმრობა არ შეეფერებაო, გარნა  ბიძაშვილმა ძლივს დაიჯერა მისი საბუთიანობა, გულში კი აშკარად ააუგებდა სიამაყისა და განდიდებისათავის; ნაწყენი წავიდა და სტუმართა ერთ ჯგუფს მიუჯდა, რომელსაც სადილზე შემთხვევით ხორცის ცუდი ნაჭრები რგებოდა ზედიზედ და ამის გამო აგრეთვე ნაწყენი იყო მასპინძლობით. ისინი ჩურჩულით მასპინძელს კილავდნენ და გაკვრით ოჯახის დაქცევას უსურვებდნენ.
უფროს ქ-ნ ბოვარის მთელი დღე კრიჭა არ გაუხსნია. მას არც დედოფლის მორთულობის ჰკითხეს რამე და არც ქორწილის მოწყობისა, ამიტომ ადრიანად წავიდა. მისმა მეუღლემ, იმის მაგიერ, რომ გაჰყოლოდა, სენ-ვიქტორს კაცი გაგზავნა სიგარებზე, გათენებამდე ეწეოდა, თანაც ალუბლის გროგს წრუპავდა; ამგვარად შემზადებული გროგი სოფლელებს ჯერ არ ენახათ, რამაც მათ თვალში მეტი ფასი დასდო მოხუც ბოვარის.
შარლი ბუნებით ხუმარა არ იყო, ამიტომ ქორწილში თავი არაფრით გათმოუჩენია, იგი უხერხულად უპასუხებდა ხოლმე ხუმრობაზე, სიტყვამოსწრებულობაზე, ორაზროვნობაზე, ქათინაურებსა და ლაზღანდარობაზე, რაც სადილის დაწყებისთანავე დააყარეს თავს.
სამაგიეროდ, მეორე დღეს იგი სულ სხვა იყო. გუშინდელ ქალწულს უფრო ჰგავდა, მაშინ როცა ნამდვილ პატარძალს არავითარი ცვლილება არ ეტყობოდა. ყველაზე უფრო ცბიერნი ვერავითარ საენაძვიროს ვერ პოულობდნენ და როცა ემა მათ ახლო გაივლიდა, ამაოდ იცვეთდნენ ენას. შარლი კი არაფერს მალავდა. თავის ცოლს ეძახდა, შენობით ელაპარაკებოდა, ყველას მის შესახებ ეკითხებოდა, მუდამ უკან დასდევდა; ხშირად ეზოში გაიყვანდა და იქ, ხეებს შორის, ჩანდა, როგორ ხვევდა წელზე ხელს, მისკენ იხრებოდა და გულში ეხუტებოდა.
ქორწინების ორი დღის შემდეგ ცოლ-ქმარი წავიდა, შარლს არ შეეძლო დიდი ხნით თავისი ავადმყოფების მიტოვება. მოხუცმა რუომ თავისი კაბრიოლი შეაბა და თვითონაც ვასონვილამდე გაჰყვა. იქ უკანასკნელად მოეხვია თავის ქალს, ჩამოხდა და შინ დაბრუნდა. როცა ასიოდე ნაბიჯი გაიარა, შედგა, მტვერში გახვეულ კაბრიოლს თვალი გაადევნა და ღრმად ამოიოხრა. გაახსენდა თავისი დაქორწინება, საკუთარი წარსული, ცოლის პირველი ორსულობა; მაშინ ესეც ძალიან მხიარული იყო, როცა თავისი პატარძალი მშობლების ოჯახიდან შინ მიჰყავდა; უნაგირის უკან უჯდა, ცხენი ლაღად მიგელავდა ახალ თოვლში, რადგან შობის წინა დღეები იყო და მთელი სოფელი თეთრად იყო შემოსილი; ქალი ცალი ხელით მის წელს ეხვეოდა, მეორეში კი კაბის ბოლო ეჭირა; ქარი მისი ნორმანდიული თავკაზმულობის გრძელ არშიებს აფრიალებდა და რუოს ტუჩს ულამუნებდა; უკან მიხედვისას, საკუთარ ბეჭთან პაწია მწყაზარი სახე ჩანდა, რომელიც უხმოდ უღიმოდა, დროდადრო თავის პატარა თითებს გასათბობად უბეში უყოფდა. რამდენი ხანი გავიდა მას აქეთ! მათი ვაჟი ახლა ოცდაათი წლისა იქნებოდა! კვლავ უკან მიიხედა, მაგრამ გზაში უკვე ვეღარავინ დაინახა. ისეთი ნაღველი იგრძნო, ვით დაცარიელებულ სახლში; ნაბახუსევ თავში ტკბილი მოგონებანი მწარე ფიქრებს შეერთო და ერთი წუთით გზის გადახვევა და ეკლესიისკენ გავლა მოუნდა. მაგრამ, შეშინდა, საფლავის ნახვამ უფრო მეტი ნაღველი არ მომგვაროსო და პირდაპირ შინისაკენ გასწია.
ახალჯვარდაწერილნი შინ საღამოს ექვს საათზე მივიდნენ. მეზობლები ფანჯრებს მოადგნენ, რათა თავიანთი ექიმის ახალი ცოლი დაენახათ.
ძველი გადია ემას წარუდგა, მიულოცა, მერე ბოდიში მოიხადა, სადილი ჯერ მზად არ არისო, და ამასობაში სახლის დათვალიერება ურჩია.



V
აგურის წინამო პირდაპირ ქუჩაში, ან უკეთ რომ ვთქვათ, გზაზე გამოდიოდა. კარს უკან ლურსმანზე ეკიდა კაპიუშონიანი მანტო, იქვე აღვირი და შავი ტყავის კასკეტი, ხოლო ერთ კუთხეში, იატაკზე, ტალახიანი მესტები ეყარა. მარჯვნივ დარბაზი იყო, ესე იგი აპარტამენტი, სადაც სადილობდნენ და ისვენებდნენ. ქაღალდის მოყვითალო შპალიერი, რომელსაც ზემოთ ყვავილთა აკიდოს გახუნებული არშია ჰქონდა შემოვლებული, ერთიან ირხეოდა ცუდად გადაჭიმულ ტილოზე; წითელი ყაითნით მოქარგული, თეთრი მიტკლის ფარდები ფანჯრებს ჯვარედინად ეკიდა; ბუხრის ვიწრო გამირზე, ნაჭედი ვერცხლის შანდლებს შუა, მინის ხუფებით რომ იყო დაცული, ჰიპოკრატეს ბიუსტიანი საათი იდგა. ტალანის მეორე მხარეს შარლის კაბინეტი იყო. ექვსი ნაბიჯი სივრცის პატარა ოთახი, საწერი მაგიდით, სამი სკამითა და ერთი სავარძლით. სამკურნალო მეცნიერებათა ლექსიკონის გაუჭრელი, მაგრამ ხშირი ყიდვა-გაყიდვის გამო გაცვეთილი ტომები ამშვენებდნენ მხოლოდ ნაძვის ხის საწიგნე კარადის ექვს თაროს. კაბინეტში, მიღების დროს, სამზარეულოდან ტუსის სუნი შემოდიოდა, სამზარეულოში კი ავადმყოფების ხველება და სატკივარზე ჩივილი ისმოდა. შემდეგ იყო ერთი ჩამოგლეჯილი დიდი ოთახი, რომელიც ფარდულის პირდაპირ ეზოში გადიოდა, ამ ოთახში მოთავსებული იყო ფურნე, იგივე წარმოადგენდა საშეშეს, საკუჭნაოს, საწყობს, სადაც უთავბოლოდ ეყარა ძველი რკინეულობა. ცარიელი კასრები, სოფლის მეურნეობის უვარგისი იარაღები და ბევრი ისეთი მტვრიანი რამ, რომელთა დანიშნულების გამოცნობა შეუძლებელი იყო.
გრძელი და ვიწრო ბაღი, ორ თიხის კედელს შუა მოქცეული და ჭერმებით შემორაგული, ეკლის ღობით თავდებოდა, რომელიც მას იქით გაშლილი მინდვრებისაგან გამოჰყოფდა. შუა ბაღში მოწყობილი იყო ფიქალის მზის საათი, რომელიც ქვის კვარცხლბეკზე შეედგათ. მჭლე ნარით შემორაგული ოთხი კვალი სიმეტრიულად ერტყა გარს უფრო გამოსადეგ ოთხკუთხედს, სადაც უფრო მნიშვნელოვანი მცენარეულობა იყო დარგული. ბაღის ბოლოს, პატარა ნაძვებში, თაბაშირის მღვდელი ლოცვანს კითხულობდა.
ემა ზემო სართულის ოთახებში ავიდა. პირველი სრულიად მოუწყობელი იყო; მეორეში, რომელიც ცოლ-ქმრის საწოლი ოთახი იყო, წითლით დაჩარდახებული წითელი ხის საწოლი იდგა. კომოდზე სადაფით ნაჭედი კოლოფი იდო; ხოლო საწერ მაგიდაზე, ფანჯარასთან სურაში თეთრი სატინის ბაფთით შეკრული ნარინჯის ყვავილების თაიგული ჩაედგათ. ეს იყო საქორწინო, იმ მეორის საქორწინო თაიგული! ქალი თაიგულს დააცქერდა. შარლმა შეამჩნია, თაიგული აიღო და სხვენში აიტანა. ამასობაში სავარძელში მჯდომარე ემა (იქვე ნივთებს ალაგებდნენ) თავის თაიგულზე ფიქრობდა, მუყაოს კოლოფში რომ იყო დაცული. ნეტავ იმას რაღა მოუვა, უეცრად რომ მოვკვდეო.
პირველ დღეებში იმაზე ფიქრობდა, რა შეეცვალა ამ სახლში. შანდლებს მინის ხუფები მოაშორა. ოთახში ახალი შპალიერი გააკვრევინა. კიბე შეაღებინა, ხოლო ბაღში მზის საათის ირგვლივ სკამლოგინები დაადგმევინა; კითხულობდა, თუ შეიძლება აუზის მოწყობა შადრევანითა და თევზებითაო. დასასრულ, რაკი შარლმა იცოდა, ემას ეტლით სეირნობა უყვარსო, შემთხვევით ერთი შარაბანი იყიდა, რომელიც, როცა ახალი ფარნები დაუდგეს და ტყავის მოგვირისტებული ლაფათინებიც მიაკერეს, თითქმის ტილბურის დაემსგავსა.
ასე რომ, შარლი ბედნიერი იყო და სრულიად აღარაფერი ადარდებდა. მასთან მარტოდმარტო იჯრობა, საღამოთი დიდ გზაზე გასეირნება, მისი ხელის მოძრაობა თმის გასასწორებლად, შესახედაობა მისი ჭილის ქუდისა, ფანჯრის კარბაზე რომ ეკიდა ხოლმე, და ბევრი რამ სხვაც, რისი მშვენება წინათ აზრადაც არ მოსვლია, ახლა მისი ბედნიერების დაუსრულებელ სიამეს წარმოადგენდა. დილით, ლოგინში, მასთან ერთ ბალიშზე თავდადებული შარლი სიამით უცქერდა ხოლმე, როგორ ავარაყებდა მზის სხივი ქინქლს მის ვარდისფერ ღაწვთა, რომლებიც ჩაჩის ფოჩვებით ნახევრად დაბურულიყო. ასე ახლოს ნახული მისი თვალებიც უფრო გაფართოებული ეჩვენებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახლადგაღვიძებული ემა წამწამებს ხშირად აფახურებდა; ჩრდილში მოშავო, დღის სინათლეზე კი მუქი ცისფერი თვალები მისი, თითქოს ფერადთა რამდენიმე ფენას შეიცავდა ზედიზედ, ფსკერში უფრო სქელსა და სარკის ზედაპირისკენ კი უფრო და უფრო ღიას. შარლის ცქერა ამ თვალთა სიღრმეში ინთქებოდა; იგი იქ ხედავდა თავისივე თავს, დაპატარავებულს, მხრებამდე ფულარით თავწაკრულსა და მკერდგაღეღილს. შარლი ადგებოდა, ემა კი ფანჯარას მიადგებაოდა და მიმავალს თვალს გააყოლებდა; ასე დარჩებოდა ფანჯარაზე იდაყვდაყრდნობილი, გერანიუმის ქოთანთა შორის თავის განიერ პენუარში გახვეული. შარლი ქუჩაში ქვის ტუმბოზე ფეხს შედგამდე დეზების შესაკრავად, ეს კი ზემოდან ელაპარაკებოდა, თან ტუჩით ყვავილის ფურცელს ან ფოთოლს შეაწყვეტდა და მისკენ შეუბერავდა; ფურცელი გაფრინდებოდა, გეტორტმანდებოდა, ვით ჩიტი, ნახევარ წრეს შემოავლებდა, სანამ კარებთან უძრავად მდგომ ბებერი თეთრი ფაშატის უვარცხნელ ფაფარში გაეჩრებოდა. ცხენზე შემჯდარი შარლი ჰაეროვან ამბორს გაუგზავნიდა, იგიც ანიშნებდა, ფანჯარას მიხურავდა, შარლი წავიდოდა. შემდეგ კი დაუსრულებელ მტვრიან ლენტივით გაჭიმულ დიდ გზაზე, ოღროჩოღრო სასოფლო შარაზე, სადაც ხეებს თაღები შეუკრავთ, ყანების სამნების გასწვრივ, სადაც ხორბლის თავთავი მუხლებამდე სწვდება, მზის სხივებით მხრებზე, მკერდში დილის ჰაერით, წუხანდელი ღამის სიამით გულსავსე, სულდამშვიდებული და სხეულდაამებული ვიდოდა და თავისი ბედნიერებით პირს იტკბარუნებდა ვით იგი, ვისაც გემრიელი შაქარლამა უჭამია, ხოლო გემოვნება მისი კი პირს ჯერ კიდევ არ მოშორებია.
აქამდე ნეტავ კარგი რა განიცადა მან თავის სიცოცხლეში? ნუთუ ის დრო, კოლეჟში რომ სწავლობდა მაღალ კედლებში დამწყვდეული, მარტოდმარტო იმ ამხანაგთა შორის, რომლებიც მასზე ან უფრო მდიდარნი ან უფრო ნიჭიერები იყვნენ, რომლებიც დასცინოდნენ მის კილოს, მის ტანისამოსს და რომელთა დედებსაც საბაასო ოთახში მუფთით მათთვის ნამცხვარი მოჰქონდათ, ან, შეიძლება უფრო გვიან, როცა იგი მედიცინას  სწავლობდა, ხოლო ქისაში იმდენი არასოდეს ჰქონია, რომ ცეკვის ფასი გადაეხადა იმ პატარა მუშა-ქალთან ერთად, ვინც მისი ხასა გახდა? შემდეგ კი იგი თოთხმეტი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ქვრივთან, ვისაც ფეხები ლოგინშიც კი ყინულის ნატეხებივით ეწყრ. ახლა კი მას სამარადისოდ გააჩნია ეს ლამაზი ქალი, რომელსაც იგი აღმართებს. მსოფლიო მისთვის შემოფარგლული იყო ამ ქალის აბრეშუმის კაბის ქობით, მაგრამ მაინც საკუთარ თავს აყვედრიდა, საკმაოდ არ მიყვარს იგიო; ენატრებოდა მისი დანახვა, ჩქარა ბრუნდებოდა შინ, გულაჩქროლებული აირბენდა კიბეს; ემა თავის ოუახში იჯდა და ირთვებოდა; ფეხაკრეფით მიეპარებოდა, ზურგში აკოცებდა, ქალი უნებლიეთ შეჰკივლებდა.
არ შეეძლო თავი შეეკავებინა და განუწყვეტლივ არ შეხებოდა მის სავარცხელს, ბეჭდებს, თავსაფარს, ზოგჯერ ლოყაზე აკოცებდა მაგრად, ზოგჯერაც მრავალ ნაზ კოცნას დააყრიდა მის შიშველ მკლავებს, თითის ფრჩხილებიდან დაწყებული ბეჭებამდე, იგი კი, ოდნავ მოღიმარე და გაბეზრებული ისე  იშორიებდა, როგორც დაჟინებით კისერს ჩამომკიდე ბავშვს.
გათხოვებამდე ემას ეგონა, რომ უკვე უყვარდა; მაგრამ, რაკი ბედნიერება, რაც ამ სიყვარულის ნაყოფი უნდა ყოფილიყო, ჯერ არ მოსულიყო, ალბათ მოვტყუვდიო, ფიქრობდა, და სწყუროდა გაეგო, ნამდვილად რას ნიშნავს ცხოვრებაში სიტყვები ნეტარება, ვნება და თავდავიწყება, რომლებიც წიგნებში ასე მომხიბვლელი ეჩვენებოდა.



VI
ემას ოდესმე წაეკითხა “პოლი და ვირჟინი” და ბევრი ეოცნება ბამბუკის პატარა სახლზე, ზანგ დომინგოსა და ნაგაზ ფიდელზე, მაგრამ განსაკუთრებით უნატრია ვინმე პატარა და კეთილი ძმის ტკბილი მეგობრობა, ვინც შენთვის დამკვრახულ ხილს ეძებს სამრეკლოზე უფრო მაღალ ხეებზე, ან ვინც ქვიშნარში ფეხშიშველი დარბის, რათა ჩიტის ბუდე გიპოვნოს და მოგართვას.
ცამეტი წლისა რომ შეიქნა, მამამ თვით წაიყვანა ქალაქს მონასტერში მისაცემად. სენ-ჟერვეს უბნის ერთ-ერთ სასტუმროში ჩამოხდნენ, სადაც სავახშმოდ ისეთი თეფშები მოუტანეს, რომლებზეც მადმუაზელ დე ლა ვალიერის თავგადასავალი იყო დასურათებული. ლეგენდარული წარწერები, ადგილ-ადგილ დანის პირით ნაფხაჭნი, ქებას ასხამდნენ სარწმუნოებას, გულის მგრძნობიერებასა და სასახლის ბრწყინვალებას.
მონასტერში, პირველ ხანებში, სულაც არ მოუწყენია. თავს კარგად გრძნობდა კეთილი დების საზოგადოებაში, რომლებიც გასართობად სამლოცველოში დაატარებდნენ, სადაც რეფერატორიუმიდან გრძელი ტალანით შედიოდნენ. შესვენების დროს იგი ძლიერ ცოტას თამაშობდა, კარგად ესმოდა კათეხიზმო და ძნელ საკითხებზე მხოლოდ იგი უპასუხებდა მუდამ ბ-ნ ვიკარს. რაკი გამოუსვლელად ცხოვრობდა კლასების თბილ ატმოსფეროში და ამ სპეტაკ ქალთა შორის, რომლებიც სპილენძის ჯვრიან კრიალოსნებს ხელთ არ იშორებდნენ, იგი სიამით  დაემორჩილა იმ მისტიკურ მიბნედას, რაც საკურთხევლის სურნელებიდან, სასხურებელთა სიგრილიდან და სანთელთა ციმციმიდან გამოფშვინავს. წირვის დროს მღვდელმსახურებისადმი უყურადღებო, იგი თავის ლოცვანის წმიდა ნახატებს აკვირდებოდა, მოსწონდა სნეული კრავი, წვეტიანი ისრებით განგმირული წმიდა გული, ან ჯვრის სიმძიმით წაჩოქებული საბრალო ქრისტე. ხორცის დასათრგუნავად იგი ეცადა ერთ დღეს მშიერი დარჩენილიყო; გონების ძალით ეძიებდა რაიმე აღთქმას, რათა აღესრულებინა.
როცა აღსარების სათქმელად წარდგებოდა, ათასგვარ მცირე შეცოდებას გამოიგონებდა, რათა უფრო მეტ ხანს დარჩენილიყო სააღსარებოში მუხლმოდრეკილი, ხელებდაჭდობილი, შუბლით საკურთხევლის მოაჯირს მიყრდნობილი და მღვდლის ჩურჩულის მსმენელი. შედარებანი ზეციური სასძლოისა, მეუღლისა, ზეგარდმო შეყვარებულისა, წართქმანი მარადიული ქორწინებისა, რომლებიც ქადაგებაში ხშირია ხოლმე, მისი სულის სიღრმეში მოულოდნელი სიამის აღმძვრელნი იყვნენ.
საღამოობით, ლოცვამდე, კლასში რაიმე სარწმუნოებრივი შინაარსის წიგნი უნდა წაეკითხათ. კვირის განმავლობაში ეს იყო ეპიზოდები საღვთო ისტორიიდან ან აბატ ფრეისინუს “მოძღვრებანი”. კვირაობით კი, დასვენების მიზნით “ქრისტიანობის გენიას” კითხულობდნენ; როგორ უსმენდა იგი პირველ ხანებში რომანტიკული ნაღვლის მკაფიო მოთქმას, რასაც თითქოს დედამიწისა და მარადიულობის ყოველი გამოხმობა იმეორებდა! მას რომ თავისი ბავშვობა რომელიმე სავაჭრო უბნის წიაღში ჰქონოდა გატარებული, მაშინ ალბათ ბუბნების ლირიკულ განცდებს გაუღებდა გულის კარს, რაც ჩვენამდე მხოლოდ მწერლების მეშვეობით აღწევს ხოლმე. მაგრამ იგი ერთობ კარგად იცნობდა სოფელს: იცნობდა ფარის ბღავილს, საწველ მოწყობილობას, გუთანს. მშვიდობიან სანახაობას მიჩვეული, იგი, პირიქით, შფოთიან მოვლენებს ეტანებოდა. ზღვა მიტომ უყვარდა, რომ მღელვარეა, მწვანე კი – იმიტომ, რომ ნანგრევებს ეხვეოდა. მას სურდა საგანთა ჭვრეტიდან რაიმე პირადი სარგებლობა გამოეტანა; და უარყოფდა ყველაფერს, ვით უსარგებლოს, რაც მის გულს უშუალო საკვებად არ გამოადგებოდა, - რაკი ტემპერამენტით უფრო სენტიმენტალისტი იყო, ვიდრე ხელოვანი, განცდათა მაძიებელი და არა მჭვრეტელი.
მონასტერში ერთი ხნიერი ქალიშვილი იყო, რომელიც ყოველ თვეში მოდიოდა თეთრეულის საკერავად. რაკი იგი შთამომავლობით ერთ ძველ კეთილშობილ საგვარეულოს ეკუთვნოდა, სამღვდელოებაც მფარველობას უწევდა და სატრაპეზოში ქალი კეთილ დებთან ერთად იკვებებოდა, ხოლო იჯრის შემდეგ, სანამ თავის სამუშევარს დაუბრუნდებოდა, მათთან მცირე საუბარს გამართავდა ხოლმე. მოწაფეები ხშირად კლასიდან იპარებოდნენ მის სანახავად. მან ზეპირად იცოდა წარსული საუკუნის სატრფიალო სიმღერები და კერვის დროს ღიღინებდა ხოლმე. იცოდა აგრეთვე ამბების თხრობა, ახალი ამბების მოტანა, ქალაქში დავალებათა შესრულება, ხოლო მოზრდილებს, მალულად, რომანის ტომებსაც ათხოვებდა ხოლმე, რომლებსაც წინსაფრის ჯიბეებში ჰქონდა დამალული და რომლებსაც, მოცლილობის დროს, თვითონაც ხარბად კითხულობდა. ამ რომანებში აღწერილი იყო მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული, მოსიყვარულე ქალ-ვაჟი, დევნილი და განმარტოებულ ფანჩატურში გულწასული ქალი, ფოსტალიონი, რომელსაც ყოველ სადგურზე კლავენ, ცხენები, ყოველ ნაბიჯზე რომ იხოცებიან. უღრანი ტყეები, გულის წუხილი, ფიცი, ქვითინი, ცრემლი და ამბორი, ნავი მთვარიან ღამეში, ბულბული ბაღჩაში,  ვაჟები – მამაცნი, ვით ლომი; და ნაზნი, ვით ბატკანი, დაუჯერებლად კეთილისმყოფელნი, მუდამ შნოიანად ჩაცმულნი და აცრემლებულნი, ვით სამლოცველოს ლარნაკი. ექვსი თვის განმავლობაში თხუთმეტი წლის ემა განუწყვეტლად ისვრიდა ხელებს ბიბლიოთეკის მტვერში. უფრო გვიან, ვალტერ სკოტთან ერთად, იგი ისტორიულმა ამბებმა გაიტაცა, ოცნებობდა ნაჭედ სკივრებზე, საგუშაგო დარბაზებსა და მოხეტიალე პოეტებზე. ნატრობდა რომელიმე ძველ ციხე-კოშკში ცხოვრებას. ვით გრძელკორსაჟიანი თავადის ქალები, თავიანთ დღეებს რომ თაღიან ფანჯრებზე იდაყვდაყრდნობილნი ატარებდნენ, მიდამოს თვალს არ აშორებდნენ და მოუთმენლად ელოდნენ შავცხენოსან რაინდებს, ქუდები რომ თეთრი ფრთებით აქვთ მორთული. ამ ხანებში იგი მარიამ სტიუარტის თაყვანისმცემელი იყო და, აღფრთოვანებული, თავს იდრეკდა სახელგანთქმულ თუ უბედურ ქალთა წინაშე. ჟაკა დ’არკი, ელიოზი, აგნეს სორელი, მშვენიერი ფერონიერი და კლემანს იზორი ცთომილებივით უნათებდნენ ისტორიის ბუნდოვან უსაზღვროებას; ამ ბურუსში აქა-იქ სხვებიც მოჩანდნენ, მაგრამ ისინი უფრო ბუნდოვანები და ურთიერთობას მოკლებულნი იყვნენ: წმიდა ლუი თავისი განთქმული მუხის ქვეშ, მომაკვდავი ბაიარდი, ლუი XI-ს სიმკაცრე, ცოტა რამ ბართლომეს ღამის ისტორიიდან, ბეარნეს მუზარადი და დაუვიწყარი მოგონება მოხატული თეფშებისა, ლუი XIV-ს რომ ასხამდნენ ხოტბას.
მუსიკის გაკვეთილებზე რომანსები, რომლებსაც იგი მღეროდა, მას მოუთხრობდნენ მხოლოდ ოქროსფრთიან პაწია ანგელოზებზე, მადონებზე, ლაგუნებსა და გონდოლიერებზე; ეს მშვიდი კომპოზიციები თავიანთი გულუბრყვილო სტილითა და მუსიკალური უგუნურობით სენტიმენტალური სინამდვილის მიმზიდველ ფანტასმაგორიას უხატავდნენ თვალწინ. ზოგიერთ მის ამხანაგს მონასტერში მიჰქონდა ხოლმე საახალწლოდ ნაჩუქარი სამახსოვრო წიგნები, ამ წიგნებს, რომელთა დამალვაც დიდი ამბავი იყო, დორტუარში კითხულობდნენ. ემა ნაზად აიღებდა ხელში ამ ლამაზად დაკაზმულ სატინისყდიან წიგნებს და მისი გაცეცებული თვალი ავტორების გვარს დააშტერდებოდა, მეტწილად თავადების ან ვიკონტებისა რომ იყო.
ცახცახით შეუბერავდა სულს გრავიურაზე დაფარებულ თხელ ქაღალდს, ოდნავ რომ წამოიშლებოდა და მერე ნაზად ისევ გრავიურას დაეცემოდა. აივნის მოაჯირიდან, მოკლე მანტოში გახვეული ყმა გულში იხუტებდა თეთრად ჩაცმულ ქალწულს, ქამარზე რომ სამოწყალეო ქისა ეკიდა. ან კიდევ, ეს იყო ქერაკულულებიანი ინგლისელი უცნობი ლედი, ჭილის მრგვალი ქუდით დაჩრდილული დიდრონი ნათელი თვალებით რომ შემოგცქეროდათ. ასეთივე კეკლუცნი, პარკში ეტლით მოსეირნენი – ცხენების წინ, რომლებსაც ორი თეთრშარვლიანი პატარა ფორეიტორი მართავს; მწევარი ხტუნავს და თამაშობს, ზოგიერთებს კიდევ, სოფაზე მიწოლილთ, გახსნილი ბარათები მუხლზე დაუდვიათ და შავი ფარდით დაბურულ, ოდნავ ღია ფანჯრიდან მთვარეს გასცქერიან, თვალცრემლიანნი, გულუბრყვილონი ნისკარტს უკოცნიან გვრიტს, რკინის გოთურ გალიაში რომ ზის, ან გვერდზე თავგადახრილნი და მოღიმარენი გვირილას ფურცლავენ ნაზი, ვიწრო თითებით. თქვენ იქ ნახავდით აგრეთვე სულთნებს, რომლებიც გრძელ ყალიონებს ეწევიან და, ბაიადერებთან ხელგადახვეულნი, ფანჩატურებში ნებივრობენ; გიაურებს, თურქულ ხმლებს, ბერძნულ ფესებსა და, განსაკუთრებით კი, საზღაპრო ქვეყნების მქრქალად დანისლულ პეიზაჟებს, ერთბაშად რომ წარმოგვიდგენენ პალმებსაც და ნაძვებსაც, მარჯვნით – ვეფხვებს, მარცხნით – ლომს, ჰორიზონტზე თათრულ მინარეთებს, პირველ პლანზე რომანულ ნანგრევებს, იქით მწოლიარე ქალებს, - ყოველივე ეს კი კარგად გაწმენდილ უღრან ტყეში, ზემოდან რომ მზის შვეული სხივი ეფრქვევა წყალს, რომლის ფოლადისფერ სარკეზედაც შორი-შორს, თითქოს თეთრი ხელებიაო, გედები დაცურავენ.
ემას თავს ზემოთ, კედელს ჩამოკიდებული შუქფარიანი სანათური ანათებდა ქვეყნის ყველა ამ სურათს, რომელიც მიყუჩებულ დორტუარში მის თვალწინ ზედიზედ ენაცვლებოდა ერთიმეორეს, მაშინ, როცა გარედან ოდნავ ისმოდა ბულვარებზე შეგვიანებული რომელიმე ეტლის ხმაური. 
დედა რომ მოუკვდა, პირველ ხანებში, ემა ძალიან ტიროდა. გარდაცვალებულის თმისთვის სამგლოვიარო ჩარჩო გაეკეთებინა და ბერტოში გაგზავნილ, ცხოვრებაზე ნაღვლიანი ფიქრებით აღსავსე წერილში თხოულობდა, მომავალში მეც იმავე სამარეში დამმარხეთო. კეთილ მამას ავად ეგონა და სანახავად მივიდა. ემა გულში კმაყოფილი იჩჩო, რომ ერთი დაკვრითვე მიაღწია მწუხრული არსებობის იმ იშვიათ იდეალს, რაც მდაბალ გულთათვის მარად მიუწვდომელია. ამრიგად, იგი დანებდა ლამარტინისებურ განცდებს, ესმოდა ჩანგთა  ჟღერა ტბების სივრცეში, უკანასკნელი სიმღერა მომაკვდავ გედთა, შრიალი დაცვივნულ ფოთოლთა, გალობა ზეცას აღმავალ წმიდა ქალწულთა და ხმა მარადიულისა,  მთასა და ბარში რომ ღაღადებს. გარნა ყოველივე ეს მალე მობეზრდა, თუმცა კი არ სურდა გამოტეხილიყო, და კვლავ განაგრძობდა ჯერ ჩვეულების ძალით, შემდეგ – პატივმოყვარეობის გამო, ხოლო ბოლოს თვითონაც გაკვირვებული დარჩა, როცა დამშვიდდა, როცა გულს წუხილი აღარ აჩნდა, სახეს კი – ნაოჭი.
კეთილი მონაზვნები, რომლებმაც ასე კარგად იცოდნენ მისი ზნე და მიდრეკილებანი, ძალიან გაკვირვებული იყვნენ, როცა შეამჩნიეს, რომ ემა თითქოს არ ემორჩილებოდა მათ მზრუნველობას. ამ შემთხვევაში მათ ისე გაჟღინთეს იგი ლოცვა-ვედრებით, მარხულობითა ლა ქადაგებით, ისე გულმოდგინედ შთააგონებდნენ მოწიწების გრძნობას წმიდანებისა და მოწამეების წინაშე, იმდენ კეთილ რჩევას აძლევდნენ ხორცის დასათრგუნავად და სულის სახსნელად, რომ ემას ის დაემართა რაც აღვირით წათრეულ ცხენს: უეცრად შედგა და ლაგამიც პირიდან გამოუვარდა. მისი პოზიტიური გონება, რომელმაც, მიუხედავად ასეთი აღფრთოვანებისა, ეკლესია შეიყვარა მისი ყვავილებისთვის, მუსიკა – რომანსების სიტყვების გამო, ლიტერატურა კი – ვნებიანი გრძნობების აღძვრისთვის, ამხედრდა სარწმუნოების მისტერიების წინააღმდეგ; აგრეთვე აღშფოთდა დისციპლინის წინაშე, რომელიც რაღაც ანტიპათიური იყო მისი ბუნებისთვის. როცა მამამ პანსიონიდან გაიყვანა, მისი წასვლა სრულიადაც არავის წყენია. წინამძღვრის აზრით, იგი ბოლო ხანს საკმაო მოკრძალებასაც კი არ იყენდა მონასტრის ძმობის წინაშე.
შინდაბრუნებულ ემას პირველად მოსწონდა მოსამსახურეებზე ბატონობა, შემდეგ სოფელი მობეზრდა და მონასტრის მიტოვება დაენანა. როცა შარლი პირველად მივიდა ბერტოს, ემას ასე ეგონა, უკვე ვეღარაფერი გამიტაცებს, ცხოვრებაში ვეღარას ვისწავლი, ვერც რამეს ვიგრძნობო.
მაგრამ სულ სხვა, ახალი ცხოვრებისათვის წუხილმა, ან, შესაძლებელია, ამ ვაჟის სიახლოვით გამოწვეულმა მღელვარებამ საკმაოდ დაარწმუნა, რომ ბოლოს და ბოლოს იგი დაეუფლა იმ სანეტარო ვნებას, რომელიც აქამდე, ვით ვარდისფერფრთიანი დიდი ფრინველი, პოეტურ ცათა უსაზღვრო წიაღში დაფარფატებდა; და ახლა უკვე ვეღარ წარმოედგინა, რომ ის სიწყნარე, რომელშიც იგი ცხოვრობდა, სწორედ ის ბედნიერებაა, რომელზედაც ასე ოცნებობდა.


VII
ზოგჯერ მაინც ეგონა, რომ ეს იყო მისი ცხოვრების საუკეთესო დღენი, თაფლის თვე, როგორც იტყვიან ხოლმე. თუმცა მის სიამეთა განსაცდელად უთუოდ საჭირო იყო ამ ლამაზსახელიან ქვეყნებისკენ გამგზავრება, სადაც ქორწინების მომდევნო დღეებს მოთენთილობის მეტი სიტკბო ახლავს. ზიხარ აბრეშუმის ცისფერი ფარდებით მობურულ საფოსტო ეტლში, აღმართში ფეხით მიდიხარ, უსმენ ფოსტალიონის სიმღერას, საძოვრად გარეკილი თხების ზართა წკრიალსა და ჩანჩქერების ყრუ ხრიალს რომ უერთდება და მთებში გამოხმობის სახით მეორდება. მზის ჩასვლისას, ზღვის პირას ლიმონის ნარგავთა სურნელებას იყნოსავ; საღამოობით კი, ვილების ტერასაზე, მარტონი და ხელგადახვეულნი ვარსკვლავებს შესცქერით და მომავლის გეგმებს აწყობთ. მას ეგონა, რომ დედამიწის ზოგიერთმა კუთხემ ბედნიერება უნდა წარმოშვას სწორედ ისე, როგორც მისი ნიადაგისთვის ჩვეული მცენარე, რომელიც სხვაგან არ გაიხარებსო.  რად არ შეუძლია მას იდაყვით დაეყრდნოს შვეიცარული ქოხის აივანს, ან შოტლანდიურ კოტეჯში დაამწყვდიოს თავისი დარდი, ქმართან ერთად, ვისაც ტანთ შავი ხავერდი აცვია, ფეხთ – რბილი წაღები, თავს – წოწოლა ქუდი და მაჯებსაც არშიიანი მანჟეტები უმშვენებს!
იქნებ სასურველი ყოფილიყო ვისთვისმე გაენდო, გაეზიარებინა ყოველივე ეს. მაგრამ როგორ გამოთქვას ეს დაუჭერელი წუხილი, ღრუბლებივით რომ სახეს იცვლის და ქარივით ფორიაქობს? საამისოდ სიტყვებიც აკლდა, შემთხვევაცა და გაბედულებაც.
ყოველ შემთხვევაში, შარლს რომ მოესურვებინა, იგი რომ ოდნავ მიხვედრილი ყოფილიყო, მისი თვალი რომ მხოლოდ ერთხელ მაინც ჩასწვდომოდა მის ნაფიქრს, მაშინ, ასე ეგონა ემას, გულიდან უეცარი სიუხვე დასდინდებოდა, ისე, ვით რგულს მწიფე ნაყოფი სცვივა, როდესაც ხელს შეახებ. მაგრამ, რამდენადაც მათი ცხოვრება უფრო და უფრო ინტიმური ხდებოდა, იმდენადვე ძლიერდებოდა შინაგანი განკერძოებაც, რაც შარლს აშორებდა.
შარლის ენა ბრტყელი იყო, ვით ქუჩის ქვაფენილი, და მთელი ქვეყნის იდეები დაიარებოდა ზედ თავისი ჩვეულებრივი სამოსით ისე, რომ არც მღელვარების აღმძვრელი იყო და არც სიხარულისა თუ ოცნების. რუანში ცხოვრების დროს, როგორც თვითონ უთქვამს, ერთხელაც არ მოსურვებია თეატრში წასვლა და პარიზელი მსახიობების ნახვა. მან არც ცურვა იცოდა, არც ფარიკაობა და არც ნიშანში სროლა; ხოლო ერთხელ ცხენოსნობის რაღაც ტერმინის ახსნაც კი ვერ შეძლო, ემამ რომ რომანში ამოიკითხა.
განა კაცმა, პირიქით, ყველაფერი არ უნდა იცოდეს, განა იგი მრავალმხრივი აქტივობით არ უნდა გამოირჩეოდეს, ქალს უხსნიდეს ვნების ძალას, სიცოცხლის რაფინირებას, მის ყველა საიდუმლოებას? ხოლო ეს კი, ეს ვაჟი არაფერს ასწავლიდა, თვით არაფერი იცოდა, არაფერი სურდა. ცოლი ბედნიერი ეგონა; ეს კი ჯავრობდა მისი შეურყეველი სიმშვიდის გამო, ამ დიდებული სიზანტის გამო და იმ ბედნიერების გამოც, რასაც ქალი ანიჭებდა. 
ხანდახან ემა ხატავდა; შარლისთვის დიდი სიამოვნება იყო მაშინ მის ახლოს დგომა, ცქერა, თუ როგორ იყო იგი დახრილი მუყაოზე, როგორ ლულავდა თვალს, რათა უკეთ დაენახა თავისი დანახატი, ან როგორ არგვალებდა ცერზე პურის გულს გამოუცდელი ხელით ნახატის წასაშლელად. რაც შეეხება როიალს, რამდენადაც ემას თითები სწრაფად ამოძრავდებოდა კლავიშებზე, შარლიც იმდენადვე აღფრთოვანებაში მოდიოდა. ქალი გაბედულად ურტყამდა კლავიშებსა და თავიდან ბოლომდე შეუწყვეტლად ჩაარაკრაკებდა. ასე გაღვივებული დუნესიმებიანი ძველი ინსტრუმენტის ხმა, უკეთუ ფანჯარა ღია იყო, სოფლის ბოლომდე ისმოდა და, ხშირად, ბოქაულის გადამწერი, რომელიც დიდ გზაზე გაივლიდა ხოლმე, თავშიშველი და ფოსტლებიანი, ქაღალდებით ხელში, ფანჯარასთან შედგებოდა და უსმენდა.
მეორე მხრივ, ემამ მეოჯახეობის ჯნარიც გამოიჩინა. კარგად შედგენილი წერილებით, რომლებიც დუქნის ანგარიშს სრულიად არ ჰგავდა, იგი სამკურნალო გასამრჯელოს გადახდას მოაგონებდა ხოლმე ავადმყოფს. კვირაობით, როცა სადილად ვინმე სტუმარი ჰყავდათ, მშვენიერი კერძის მომზადებასაც ახერხებდა; იცოდა რაინ-კლოდის შნოიანი დალაგება ვენახის ფოთოლზე, ეხერხებოდა ჟელეიანი ქილის თეფშზე გადმობრუნება და იმაზედაც კი ლაპარაკობდა, რომ დესერტისგან პირის გამოსარეცხავი ფინჯნები ეყიდა. ყოველივე ამის გამო ბოვარის ოჯახისადმი პატივისცემა თანდათან იზრდებოდა.
შარლი თვითონაც მეტ პატივისცემას გრძნობდა საკუთარი თავისადმი იმის გამო, რომ ასეთი ცოლი ჰყავდა. სიამაყით უჩვენებდა სტუმრებს ემას მიერ ფანქრით ნახატ ორ პატარა ეტიუდს, ფართო ჩარჩოებში რომ ჩაასმევინა და გრძელი მწვანე გრეხილით დარბაზში ჩამოაკიდებინა, იქ კიდევ, წირვიდან შინდაბრუნებული მეზობლები ექიმის ფეხებზე მშვენივრად მოქარგულ ფოსტლებს ხედავდნენ ხოლმე. 
შინ შარლი გვიან ბრუნდებოდა, ათ საათზე, ზოგჯერ შუაღამისასაც. საჭმელს მოითხოვდა და, რაკი მსახურს უკვე ეძინა ხოლმე, თვით ემა მოუმზადებდა, ექიმი პიჯაკს გაიხდიდა, რათა უფრო თავისუფლად ევახშმა. სათითაოდ ჩამოუთვლიდა ყველაფერს, ვინ ნახა, რომელ სოფელში იყო, რა რეცეპტი დაწერა და, საკუთარი თავით კმაყოფილი, სადილის ნარჩენ მოხრაკულს რომ გაათავებდა, მერე ყველს ჩამოთლიდა, ვაშლს გაიფცქვნიდა, სურასაც გამოცლიდა, შემდეგ დასაწოლად გაემართებოდა, ზურგზე დაწვებოდა და ხვრინს ამოუშვებდა.
რაკი დიდი ხნიდან ბამბის ჩაჩს იყო ნაჩვევი, დარაია თავზე აღარ უდგებოდა; ამიტომ თმა დილით აბურძგნული და ბუმბულით მთლად გადათეთრებული აჰყვებოდა, რადგან ბალიშის პირის შესაკრავი ზორტები ღამით იხსნებოდა. მუდამ სქელ წაღებს ატარებდა, რომელსაც მოსახრელიდან კოჭებისკენ ორი ღრმა ნაოჭი დაჰყვებოდა, დანარჩენი ყელი კი სრულიად სწორი იყო, თითქოს ხის ფეხზეა ჩამოცმულიო. მისი სიტყვით, სასოფლოდ სწორედ ეს იყო კარგი.
ამგვარ მომჭირნეობას დედაც უწონებდა, რომელიც წინანდებურად მოდიოდა ხოლმე მის სანახავად, განსაკუთრებით მაშინ, როცა შინ ცოტა მეტი უსიამოვნება შეემთხვეოდა; ხოლო, როგორც ეტყობოდა, იგი რძლის წინააღმდეგ იყო განწყობილი. მისი აზრით, მათი ცხოვრება მათსავე ქონებას  არ შეეფერებოდა: შეშა, შაქარი, სანთელი ისე იხარჯებოდა, როგორც დიდ ოჯახში, ხოლო სამზარეულოში დამწვარი ნახშირი ოცდახუთი კერძის მომზადებას ეყოფოდა! თეთრეულს კარადებში ალაგებდა და რძალს ურჩევდა, მეხორცეზე თვალი გეჭიროს, როცა ხორცი მოაქვს ხოლმეო. ემა ამ გაკვეთილებს იღებდა, დედა-ბოვარის კი ისინი არ ელეოდა; და მთელი დღის განმავლობაში ისმოდა სიტყვები: ჩემო შვილო, ჩემო დედა,  რასაც თან ახლდა ჩარბების ოდნავი თრთოლვა, რადგან ამ ტკბილ სიტყვებს თითოეული მათგანი ბრაზით აკანკალებული ხმით ისროდა.
მადამ დიუბიუკის სიცოცხლეში ეს მოხუცი ქალი თავს კვლავ უპირატესად თვლიდა და ამიტომ ემასადმი შარლის სიყვარული, საკუთარი სინაზის დაუფასებლობად, რაღაც ისეთის წართმევად ეჩვენებოდა, რაც მხოლოდ მას ეკუთვნოდა; და თავისი შვილის ბედნიერებას სწორედ ისეთი ნაღვლიანი დუმილით უცქეროდა, როგორითაც ვინმე გაკოტრებული ფანჯრიდან უცქერის იმ ხალხს, რომელიც მის წინანდელ სახლში სამხიარულო სუფრას მისჯდომია. მოგონებათა სახით, იგი შვილს ახსენებდა მის მიერ გადატანილ ტანჯვას, გაღებულ მსხვერპლს და, როდესაც ყოველივე ამას ემას უზრუნველობას ადარებდა,  ისეთი დასკვნა გამოჰქონდა, რომ ცოლის ამგვარი გაღმერთება უჭკუობააო.
შარლმა არ იცოდა, რა ეპასუხა; დედას პატივსა სცემდა, ცოლი კი უსაზღვროდ უყვარდა; პირველის მსჯელობა უცოდველი მიაჩნდა, მაგრამ მეორესაც საძრახავი არაფერი ჰქონდა. როცა მოხუცი წავიდობა, იგი ცდილობდა გაუბედავად და იმავე სიტყვებით ემასათვის ერთი-ორი ისეთი შენიშვნის მიცემას, როგორიც დედისაგან ჰქონდა გაგონილი; ემა კი ერთი სიტყვით დაუმტკიცებდა, ცდებიო და თავის ავადმყოფებთან გაგზავნიდა.
გარნა, მის მიერ აღიარებული თეორიების მიხედვით, ქალი ცდილობდა სიყვარულს მისცემოდა, მთვარიან ღამეს ბაღში მღეროდა ხოლმე ყველა იმ სამიჯნურო ლექსს, რაც კი ზეპირად იცოდა და ოხვრით ჩაჰღიღინებდა შარლს ნაღვლიან ადაჟიოებს; მაგრამ შემდეგ კვლავ ისეთივე დამშვიდებული იყო ხოლმე, როგორც წინათ და შარლსაც არავითარი ზედმეტი სიყვარული ან აღტყინება არ ემჩნეოდა.
როცა ამგვარი ხერხით შარლის გულს ერთი მცირე ნაპერწკალიც კი ვერ დააკვესინა და, ამასთანავე, თვითონაც უნარი არ გააჩნდა ის გაეგო, რაც საკუთრივ არ განეცადა, ან ის ეწამებინა, რაც მისთვის ჩვეული სახით არ იხატებოდა, იგი ადვილად დარწმუნდა, შარდის გრძნობა უკვე აღარც ისე განუსაზღვრელიაო. მის მიერ გრძნობათა გამოთქმა რეგულარული ხასიათის შეიქნა; ალერსიც განსაზღვრულ მომენტში იცოდა. ეს იყო მისი ერთ-ერთი ჩვეულება, ვით წინდაწინვე ნაცნობი დესერტი უგემური და უფერული სადილის შემდეგ.
ერთმა სანადირო ადგილების მცველმა, რომელიც შარლმა ფილტვების ანთებისაგან განკურნა, ემას იტალიური პატარა მწევარი მოჰგვარა; ქალს მუდამ თან დაჰყავდა იგი, როცა ხანდახან სასეირნოდ წავიდოდა ხოლმე, რათა ცოტა ხნით მაინც განმარტოებულიყო და მუდამ თვალწინ არა ჰქონოდა ეს უცვლელი ბაღი და მტვრიანი გზა.
ბანვილის წიფლარამდე მივიდოდა, სადაც მიტოვებული პავილიონი იყო, ყორით შემოზღუდული. იქ, ფართო თხრილში, ბალახთა შორის, ფოთოლდაცქვეტილი ლერწამი ხარობდა.
როცა მოვიდოდა, მთელ გარემოს თვალს მოავლებდა, ხომ არაფერი გამოცვლილა მას შემდეგ, რაც აქ უკანასკნელად ვიყავიო. ყოველივე კვლავ თავის ადგილას იყო: ყოველივე – ბაია და დედაფუტკარი, ჭინჭრის ბუდნები დაყრილ ქვათა შორის, ხავსით გადავლილი სამი მიხურული ფანჯარა დამპალი დარაბებითა და დაჟანგებული ურდულებით. მისი ფიქრები  უმიზნოდ იწყებდა ბორიალს, როგორც მისი ძაღლი, რომელიც მინდვრებში დარბოდა. ყვითელ პეპლებს უყეფდა, ხან კიდევ თხუნელებს დასდევდა და ყანის პირას ყაყაჩოებს წიწკნიდა. ბოლოს, მისი ფიქრები თანდათანობით გარკვეულობას აღწევდა; ბალახზე მჯდომარე, ქოლგის ტარის წვეროთი მწვანეს ბურდავდა და თავისთვის იმეორებდა:
- ღმერთო ჩემო, აბა რისთვის გავთხოვდი?
თავის თავს ეკითხებოდა, შეიძლებოდა თუ არა, შემთხვევათა სხვაგვარი შეხამებით, სულ სხვა ვაჟს შეჰყროდა და ცდილობდა წარმოედგინა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს მოუმხდარი გარემოებანი, სხვანაირი ცხოვრება, ქმარი, რომელსაც არ შეხვედრია. ალბათ არც ერთი არ ემგვანებოდა მის ქმარს. ის სხვა ლამაზი იქნებოდა, გონებამახვილი, ჩინებული, მომხიბვლელი, ისეთი, როგორიც არიან, ალბათ, მისი ძველი, მონასტრის ამხანაგების ქმრები. ნეტავ, როგორ არიან ახლა ისინი? ქალაქში, ახმაურებული ქუჩებით, მოგუგუნე თეატრებითა და ბრწყინვალე ბალებით, ისინი ისეთ ცხოვრებას ატარებენ, რითაც გული ილხენს და გრძნობებიც იფურჩქნებიან. მისი ცხოვრება კი ისე ცივია, როგორც ჩრდილოეთისკენ სარკმელმიქცეული სხვენი, და მოწყენილობა, ეს მდუმარე ობობა, მისი გულის ყოველ ბნელ კუნჭულში სიფრიფანა ქსელს აბამს. აგონდება ჯილდოთა გაცემის დღენი, როცა იგი ესტრადაზე ადიოდა პატარა საჩუქრების მისაღებად. ნაწნავდაშვებული, თეთრი კაბით და პრუნელის ღია ფეხსაცმელით გამოწყობილი. იგი საამო სანახავი იყო. და როცა თავის ადგილს დაუბრუნდებოდა, იქ დამსწრე ვაჟები მისკენ იხრებოდნენ და ქათინაურებს ეუბნებოდნენ ხოლმე; ეზო სავსე იყო ეტლებით, რომელთა კარებიდან მას ეთხოვებოდნენ, ხოლო მუსიკის მასწავლებელი, იღლიაში რომ საკრავი ჰქონდა ამოჩრილი, გვერდს ჩაუვლიდა და გემოოეთხოვებოდა. რა დიდი ხანია მას აქეთ! რა დიდი ხანია!
ჯალის მოიხმობდა, კალთაში ჩაისვამდა, პაწია თავზე ხელს გადაუსვამდა და ასე ეტყოდა:
- აბა, აკოცე პატრონს, შე უდარდელო!
მერე, როცა შნოიანი ცხოველის დაღვრემილ თვალებს ჩააცქერდებოდა, გული აუჩუყდებოდა, საკუთარ ყოფას ძაღლისას შეადარებდა და ხმამაღლა დაუწყებდა ლაპარაკს, თითქოს ვინმე მწუხარეს ანუგეშებსო.
ხანდახან ზღვიდან უეცრად ქარი დაბერავდა, მთელ კოს ზეგანს გადაურბენდა და შორეულ მინდვრებს ნესტიანი სიგრილისა და მარილის სუნს მიჰფენდა. მაშინ ლერწამი მიწას განერთხმოდა და აწივლდებოდა. წიფლის ფოთლები სწრაფი ცახცახით აშრიალდებოდა, წვეროკინა კი განუწყვეტლივ ქანაობდა და რაღაცას თავისებურად მოთქვამდა. ემა შალში გაეხვეოდა და წამოდგებოდა.
ხეივანში ფოთლებზე ანასხლეტი მწვანე სინათლე დაბალ ხავსს ეფრქვეოდა, ხავსი ფეხქვეშ კრახუნობდა. გადახრილი მზე ჩასვლას ეშურებოდა; ცა წითლად გამოკრთოდა ტოტებს შორის და ჩამწკრივებულ ხეთა ტანებში ისე მოჩანდა, თითქოს მიბინდული კოლონადააო მოოქრულ არეზე ამოქარგული; ემას რაღაც შიში შეიპყრობდა, ძაღლს დაუძახებდა და დიდი გზით ტოსტს დაუბრუნდებოდა: მისვლისთანავე სავარძელში ჩაეშვებოდა და მთელი საღამო კრინტს არ დასძრავდა.
მაგრამ სექტემბრის დასასრულს მის ცხოვრებაში ერთი არაჩვეულებრივი რამ მოხდა: იგი ვობიესარში მიიწვიეს მარკიზ დ’ანდერვილიესას.
რესტავრაციის ხანაში მარკიზი სახელმწიფო მდივანი იყო და, რაკი სწადდა პოლიტიკურ მოღვაწეობას დაბრუნებოდა, ადრიდანვე ამზადებდა თავის კანდიდატურას დეპუტატთა პალატაში. ზამთრობით უხვად არიგებდა შეშას, ხოლო გენერალურ საბჭოში მუდამ თავგამოდებით მოითხოვდა თავის საარჩევნო ოლქში გზების გაყვანას. ცოტა ხნის წინათ, დიდი სიცხეების დროს, ყელში რაღაცა მუწუკი გაუჩნდა და შარლმა, თითქოს სასწაულებრივ, მოარჩინა. ლანცეტის ერთი დაკვრით. საოპერაციო გასამრჯელოს გადასახდელად ტოსტში გაგზავნილმა მოურავმა დაბრუნებისას მარკიზს უამბო, ექიმის ბაღში საუცხოო ალუბალი ვნახეო, და რადგან ვობიესარში ალუბლის ხეები ვერ ხეირობდა, მარკიზმა რამდენიმე სანამყენე სთხოვა ბოვარის და შემდეგ თავის მოვალეობად მიიჩნია, მისულიყო და პირადად მადლობა გადაეცადა მისთვის; იქ ნახა ემა. მოეწონა მისი ტანადობა და თანაც შეამჩნია, რომ მისი სალამი გლეხურს სრულიადაც არ ჰგავდა; ასე რომ, ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მიწვევა კოშკში დარბაისლობის საზღვართა გადამლახველ თავმდაბლობად ან სხვა რაიმე დამცირებად არავის არ მიუჩნევია.
ერთ ოთხშაბათს, ნაშუადღევის სამ საათზე, ცოლ-ქმარი ბოვარი თავის ბოკში ჩაჯდა, უკან ერთი დიდი ჩემოდანი შემოიკრა. ქუდის კოლოფი წინ დაიდო, ერთიც ფეხებთან მოათავსა და ვობიესარის გზას გაუდგა.
დაბინდებისას მივიდნენ, როცა ბაღში ჩირაღდნებს ანთებდნენ, რათა სტუმრებისათვის გზა გაენათებინათ.



VIII
 იტალიურად ახალნაგები ციხე-დარბაზი, ორი წამოწეული ფრთითა და სამი კარიბჭით, ვრცელ მწვანეზე იყო წამოჭიმული, სადაც, დიდრონ ხეთა ჯგუფებს შორის, რამდენიმე ძროხა ძოვდა. ხოლო იელის, იასამნისა და წითელი კურკანტელის ჩირგვები ქვიშამიყრილი მოხრილი გზის ნაპირებზე ჩამწკრივებულიყო; ხიდქვეშ მდინარე მიჩქრიალებდა; ნისლში გამოჩნდა ისლით დახურული შენობები მინდორში აქა-იქ გაბნეული, ორი ტყიანი ბორცვის ძირას რომ დაფენილიყო; უკან მოჩანდა სასახლის ფარდულები და საჯინიბოები – ძველი დანგრეული ციხე-დარბაზის გადარჩენილი ნაშთი.
შარლის ეტლი შუათანა შესასვლელთან შედგა; მსახურნი გამოჩნდნენ; მარკიზი მიეგება, ექიმის ცოლს მკლავი გაუყარა და ვესტიბიულში შეიყვანა.
ვესტიბიული ერთობ მაღალი იყო, მარმარილოს ფილაქნით მოგებული, და ფეხის ხმასა და ხმაუროაბას ისე გამოსცემდა, როგორც ეკლესია. პირდაპირ ერთი სწორი კიბე მიიმართებოდა, ხოლო მარცხნით ტალანი, ფანჯრები რომ ბაღს გადასცქეროდა, საბილიარდო ოთახში გადიოდა, საიდანაც, კარებიდანვე მოისმოდა სპილოს ძვლის ბურთების რახუნი. სასტუმრო ოთახში შესვლისას ემამ თვალი მოჰკრა ბილიარდის მოთამაშე, დარბაისლური შესახედაობის ვაჟებს, რომელთა ნიკაპებიც მაღალ საყელოებს ებჯინებოდა; ისინი ყველანი ორდენებით იყვნენ მკერდდამშვენებულნი და კიების დამიზნებისას უხმოდ იღიმებოდნენ. ლამბრისის მუქ შეფიცრულზე დაკიდებულ დიდრონ მოოქრულ ჩარჩოებს შავი ასოებით ეწერა თავ-თავიანთი სახელები. ემამ წაიკითხა: “ჟან-ანტუან დ’ანდერვილიე, ვობიესარელი ადმირალი საფრანგეთისა და წმ. მიხეილის ორდენის კავალერი. დაიჭრა ჰუგსენ-ვაასტის ბრძოლაში, 1692 წლ. 29 მაისს, გარდაიცვალა ვობიესარს 1693 წლ. 23 იანვარს”. დანარჩენები ძლივს გასარჩევი იყო, რადგან სანთლების შუქი, ბილიარდის მწვანე მაუდზე ანასხლეტი, ჩრდილივით ეფინებოდა ოთახს.  ამუქებდა რა ჰორიზონტალურ ტილოებს, მოციალე ნამსხვრევებად გაბნეული შუქი სურათების საღებავის ბზარს ამჟღავნებდა; და ყველა ამ შავ დიდრონ ოთხკუთხედებზე, ოქროთი რომ იყო მოვარაყებული, აქა-იქ მოჩანდა პორტრეტების უფრო განათებული ნაწილები: ფერმკრთალი შუბლი, თქვენდამი მოპყრობილი თვალები, წითელი ტანსაცმლის დაპუდრულ ბეჭამდე დაშვებული პარიკი ან კიდევ წვივსაკრავის ბრჭყვიალა აბზინდი.
მარკიზმა სალონის კარი შეაღო; ერთი ქალი წამოდგა (თვით მარკიზის მეუღლკ), ემას მიეგება, თავის ახლო დასვა კოზეტზე და ისე მეგობრულად დაუწყო ლაპარაკი, თითქოს დიდი ხნის ნაცნობიაო. ეს იყო ორმოციოდე წლის ქალი, მშვენიერი მხრები ჰქონდა, ცხვირი ოდნავ მოხრილი, ხმა – მოღუღუნე, და ამასთანავე, იმ საღამოს წაბლისფერ თმაზე მხოლოდ გიპიურის ქსოვილი ჰქონდა მოხვეული, რომელიც უკან სამკუთხედად დაჰკიდებოდა. მის გვერდით, მაღალზურგიან სკამზე, ერთი ახალგაზრდა ქერა ქალიშვილი იჯდა; ბუხართანაც ქალებს ებაასებოდნენ საღილეში ყვავილგაყრილი ვაჟები.
სადილის სუფრა შვიდ საათზე  გაშალეს. ვაჟები, რომლებიც რიცხვით ქალებს სჭარბობდნენ, პირველ სუფრას შემოუსხდნენ, ვესტიბიულში, ქალები კი – მეორეს, სასადილო ოთახში ცოლ-ქმარ მარკიზებთან ერთად.
შესვლისას ემა თბილ ჰაერში გაეხვია, რომელიც ყვავილთა სურნელების, კეთილნაქსოვი სუფრების, ხორცეულობის ორთქლისა და ტრუფელების საამო სუნისაგან იყო შეზავებული. კანდელების წაგრძელებული ენები ვერცხლის ხუფზე ლაპლაპებდა, ნათალი მუქი ბროლის წახნაგებში მკრთალი შუქი ციმციმებდა; მთელი სუფრის გასწვრივ ყვავილთა თაიგულები იყო ჩამწკრივებული, ხოლო ფართო ბორდიურიან თეფშებზე, ხელსახოცებში, ეპისკოპოსის  ტიარისებრ რომ იყო ნაკეცი, პატარა მოგრძო პურები იყო გაჩრილი. ომარების წითელი სატაცები სინებს გადასცილებოდა; აჟურულ კალათებში მსხვილი ხილეულობა ეწყო ხავსით შეფუთული: მწყერები თავისივე ბუმბულით გამოეტანათ სუფრაზე; იძვროდა საჭმელთა ოხშივარი; აბრეშუმის გრძელწინდებიანი, მოკლეშარვლიანი მეტრ დ’ოტელი, რომლის ყელსაც დიდებული ჟაბო და თეთრი ჰალსტუხი ამშვენებდა, დინჯი, ვით მსაჯული, სტუმართა ბეჭსა და ბეჭს შუა ატარებდა უკვე დაჭრილ კერძს და კოვზის მსუბუქი მოძრაობით მოგართმევდათ თქვენს არჩეულ ნაჭერს. სპილენძით შეჭედილი ფაიანსის მაღალი ბუხრიდან, ნიკაპამდე ტანისამოსით შებურული ქალის ქანდაკება უძრავად დასცქეროდა ხალხით გაჭედილ დარბაზს.
მადამ ბოვარიმ შეამჩნია, რომ ქალთა შორის ბევრი თათმანგაუხდელი იჯდა.
სუფრის თავში, მარტო, ამდენ ხალთა შორის, თავის სავსე თეფშზე დახრილი და ბავშვივით გულზე ხელსახოცაფარებული იჯდა ერთი მოხუცი, ჭამდა და წვენი პირიდან წვეთავდა. თვალები ანთებიანს უგავდა, თმაში უკან შავი ბაფთა ჩაეწნა. ეს იყო მარკიზის სიმამრი, მოხუცი ჰერცოგი დე ლავერდიერ კონტ დ’არტუას ყოფილი ფავორიტი, როცა იგი მარკიზ კომფლანისას ნადირობდა ხოლმე ვოდრეილში, და, როგორც ამბობდნენ, დედოფალ მარიამ-ანტუანეტის ყოფილი საყვარელი, დე კუანიის შემდეგ დე ლოზენზე ადრე. ოდესმე დიდი მოქეიფე ყოფილა, მოჩხუბარი, მონაძლევე, ქალთა მომტაცებელი, მთელი ქონება გაუფლანგავს და საგვარეულო შეუწუხებია. მის ზურგს უკან მდგომი მსახური ყურში ხმამაღლა ჩასძახოდა კერძების სახელს, მოხუცი რომ ბუთბუტითა და თითით უჩვენებდა. ემას თვალი უნებლიეთ სულ ამ ტუჩიან მოხუცს უცქეროდა, ვით რაღაც არაჩვეულებრივს და დიდებულს. მას ხომ მეფის კარზე უცხოვრია და დედოფალთა სარეცელზე უძინია.
ცივი შამპანური დაასხეს. ემას ჟრუანტელმა დაუარა, როცა ტუჩით ღვინის სიცივე იგრძნო. ბროწეული არასოდეს ენახა, არც ანანასი ეჭამა როდისმე. შაქრის ფხვნილიც კი უფრო თეთრი და წმინდა ეჩვენა აქ, ვიდრე სხვაგან სადმე.

შემდეგ, ქალები წევით ავიდნენ, თავიანთ ოთახებში, რათა საბალოდ მორთულიყვნენ.
ემა ისეთი ზედმიწევნითი გულმოდგინებით შეუდგა თავის მორთვას, ვით მსახიობი სადებიუტოდ. თმა პარიკმახერის რჩევისამებრ დაივარცხნა, მერე თავისი მარეჟის კაბა ჩაიცვა, იქვე ლოგინზე რომ ჰქონდა მიფენილი. შარლს კი შარვალი უჭერდა მუცელზე.
- პაჭანიკები ალბათ ცეკვას დამიშლის. – თქვა მან.
- ცეკვას? – შეეკითხა ემა.
- ჰო.
- ხომ არ გაგიჟდი, სიცილს დაგაყრიან, შენს ტყავში დაეტიე. ექიმისთივის ეს უფრო შესაფერისიც იქნება. – დაუმატა მან.
შარლმა ხმა არ გასცა და ოთახში აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა, სანამ ცოლი ჩაცმას მორჩებოდა.
იგი უკანიდან ხედავდა ემას, სარკეში, აქეთ-იქით ანთებულ შანდლებს შუა. ქალის მოშავო თვალები უფრო შავი ჩანდა. ყურთა ზემოთ ოდნავ დახვეული თმა მოლურჯოდ ელავდა. ნაწნავებში სათუთკინწიანი ვარდი ჰქონდა გაბნეული, ფოთლებზე რომ ხელოვნური ცვარი ციმციმებდა. ღია ზაფრანისფერი კაბა სამ ადგილას ფოთლებიანი ვარდის თაიგულებით ჰქონდა აზიდული.
შარლი მივიდა და მხარზე ეამბორა.
- თავი დამანებე, - უთხრა მან, - კაბას დამიჭმუჭნი.
გაისმა ვიოლინოს წკრიალა და ტრომბონის ხმა. ემა კიბეს დაჰყვა, თავს ძლივს იკავებდა, რომ არ გაქცეულიყო.
კადრილი უკვე დაწყებულიყო. ხალხი გროვდებოდა, ტევა აღარ იყო, იგი კარებთან ჩამოჯდა სკამლოგინზე.
კონტრდანსი რომ გათავდა, ადგილი დაცარიელდა ჯგუფებად მობაასე ვაჟებისა და ლივრეანი მსახურებისათვის, რომელთაც ფართო სინები შემოჰქონდათ. მჯდომარე ქალთა მწკრივში მოხატული მარაოები ირხეოდა, თაიგულები ოდნავ მალავდა მოღიმარ სახეებს, ხოლო ოქროსსაცობიანი შუშები ფრთხილად იძვროდა თითებში, თეთრი თათმანები რომ ფრჩხილების მოყვანილობას აღბეჭდავდა და მაჯას უჭერდა, არშიების მორთულობა, ბრილიანტის ქინძისთავები, მედალიონებიანი სამაჯურები კორსაჟებზე ცახცახებდა, მკერდებზე ბრწყინავდა და შიშველ მკლავებზე წკრიალებდა. თმაზე, შუბლზე მეტად ნაოში, კეფაზე კი აბურთული, ზოგი გვირგვინისებრ, ზოგიც მტევნისა თუ შტოს სახით მოკაზმული იყო ნაირი ყვავილებით: გვირილა, იასამანი, ბროწეულის ყვავილი, პურის თავთავი ერთმანეთს ენაცვლებოდა. თავ-თავიანთ ადგილას მიწყნარებულნი, ისხდნენ მრისხანე სახისა და წითლით თავმოხვეული დედები.
გული ოდნავ აუძგერდა ემას, როცა მისმა კავალერმა თითის წვერებში ხელი ჩაჰკიდა და მოცეკვავეთა მწკრივში ჩააყენა მუსიკის ტაქტის მოლოდინში. მაგრამ მღელვარება მალე გაქრა; ორკესტრის რიტმს აყოლილი, თავის ოდნავი რხევით წინ გაექანა ვაჟთან ერთად. ხანდახან, ვიოლინოს მარტო წკრიალზე, როცა სხვა საკრავები მიჩუმდებოდნენ, ემას ბაგეზე ღიმილი ათამაშდებოდა: და მაშინ უფრო მკაფიოდ გაისმოდა ოქროს ლუიდორების წკარუნი გვერდით ოთახის სათამაშო მაგიდებზე; შემდეგ კი ყველაფერი კვლავ ამოძრავდებოდა, კორნეტ აპისტონი უფრო მძლავრ ხმას გამოსცემდა, ფეხები ტაქტის მიხედვით ამოძრავდებოდა, კაბები აფრიალდებოდა და გაედებოდა, ხელები შეერთდებოდა და გაიშვებოდა; ერთი და იგივე თვალები ხან დაიხრებოდა მისი ცქერის წინაშე, ხან კვლავ მიაშტერდებოდა.
რამდენიმე ვაჟი (ასე თხუთმეტიოდე) ოცდახუთიდან ორმოცი წლის ასაკამდე, მოცეკვავეთა შორის რომ აქეთ-იქით იყო გაბნეული ან კარებთან ერთმანეთს ებაასებოდა, დანარჩენებისაგან რაღაც ნათესაური მსგავსებით განირჩეოდა, მიუხედავად ჩაცმულობისა, ასაკის თუ სახის სხვაობისა.
მათ უკეთ შეკერილი ტანისამოსი თითქოს უფრო ლბილი ქსოვილისააო, ხოლო საფეთქლებზე კულულებად ჩამოვარცხნილი თმა თითქოს უკეთესი ნელსაცხებლებითაა აბზინებულიო. სიმდიდრის ფერი დაჰკრავდათ, ის თეთრი ფერი, რაც ფასს ჰმატებს ფაიფურის სიმუქეს, აბრეშუმის ხასხასს, ძვირფასი ავეჯის პრიალსა და რომლის სიჯანსაღეც რჩეულ საჭმელებისადმი ჩვევით შეიძინება. მათი კისრები თავისუფლად მოძრაობდნენ დაბალ საყელოებში, გრძელი ქილვაშები თითქმის მხრებსა სწვდებოდა. ისინი ხმარობდნენ ფართო ინიციალებით მოქარგულ ცხვირსახოცებს, რომლებსაც საამური სუნი სდიოდათ. მათ გულგრილ ცქერაში ვნებათა ყოველდღიური უმაყოფის სიმშვიდე ფეთქავდა, მათს მოქნილ მიმოხვრაში კი ის განსაკუთრებული სიმკაცრე, რასაც საგნების ადვილი დაპყრობი იძლევა და რითაც ძალა ვარჯიშობს, ხოლო პატივმოყვარეობა ერთობა, - ის, რასაც ჯიშიანი ცხენებით სიარული და ზნედაცემულ ქალთა საზოგადოება იძლევა.
ემას ახლოს ერთი ცისფრადჩაცმული კავალერი იტალიაზე ებაასებოდა ახალგაზრდა ფერმკრთალ ქალს, რომელსაც მარგალიტის მორთულობა ამშვენებდა. ისინი ქებით იხსენიებდნენ წმ. პეტრეს ტაძრის დიდებულ სვეტებს, ტივოლის, ვეზუვის, კასტელამარესა და კასინის, გენუას ვარდებს, კოლიზეს მთვარიან ღამეში, მეორე ყურით კი ემა უსმენდა ისეთ საუბარს, რომლის სიტყვებიც სრულიად გაუგებარი იყო მისთვის. იქით კიდევ გარს შემოხვეოდნენ ერთს მეტად ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ერთი კვირის წინათ თხრილზე გადახტომაში დაემარცხებინა მის არაბელა და რომულუსი და ორი ათასი ლუიდორი მოეგო. ერთი თავის ცხენზე სჩიოდა, სუქდებაო; მეორე კი – ჩემი ცხენის სახელი მახინჯად დაბეჭდესო.
დარბაზში შეხუთული ჰაერი იდგა; ლამპრები ილულებოდა, ხალხი საბილიარდო ოთახისკენ დაიძრა. ერთი მსახური სკამზე შედგა და ფანჯრის ორი მინა ჩაამტვრია; მინის მსხვრევის ხმაზე ემამ მიიხედა და ბაღში, ზედ ფანჯარაზე მომდგარი გლეხები შეამჩნია, დარბაზში რომ იჭვრიტებოდნენ. უეცრად თავისი ფერმა გაახსენდა. თვალწინ წარმოუდგა მშობლიური  ოჯახი. ლელიანი ტბა, ბლუზიანი მამა ვაშლის ხეებქვეშ, საკუთარი თავი, ვით ოდესმე, როცა თითით ნაღებს ხდიდა ხოლმე ქოთნებს სარძეოში. მაგრამ ახლანდელი წუთის მოკაშკაშე ბრწყინვალებაში თავისი წარსული, აქამდე რომ ასე ნათელი იყო, სრულიად იბინდებოდა და ამიტომ  თითქოს ეჭვიც ებადებოდა, მართლაც ასე მიცხოვრია, თუ არაო. იგი აქ არის, ხოლო ამ ბალს იქით არაფერი არაა, გარდა ბინდისა, რომელსაც ყოველივე მოუცავს. ამ დროს იგი მარასკინიან ნაყინს შეექცეოდა, მარცხენა ხელში მინანქრის სადაფი ეჭირა და კოვზი ნახევრად თვალმოხუჭულს მიჰქონდა ტუჩთან.
მის ახლოს ერთ ქალს მარაო დაუვარდა. იქვე გაიარა ერთმა მოცეკვავემ.
- კარგს ინებებდით, ბატონო, - მიმართა ქალმა. – უკეთუ გაირჯებოდით და მომაწვდიდით მარაოს, კანაპეს უკან რომ ჩამივარდა!
ვაჟი  დაიხარა და იმ დროს, როცა ხელი გაიწოდა მარაოს ასაღებად, ემამ შეამჩნია, რომ ახალგაზრდა ქალმა ვაჟის ქუდში სამკუთხად დაკეცილი რაღაც თეთრი ჩააგდო. ვაჟმა მარაო აიღო და ქალს თავაზიანად მიაწოდა; ქალმა თავის დაქნევით გადაუხადა მადლობა და თაიგულს დაუწყო ყნოსვა.
ვახშმის შემდეგ, რომელზედაც უხვად იყო ესპანური და რაინული ღვინოები, კიბოს და ნუშნახადის სუპი, პუდინგი ალა ტრაფალგარ და ყოველნაირი ცივად მორთმეული ხორცეულობა ჟელეს საზავებლით, თეფშებზე რომ ძიგძიგობდა, - ეტლები ერთიერთმანეთზე დაიძრა წასასვლელად. მუსლინის ფარდა რომ ოდნავ გადაგეწიათ, დაინახავდით როგორ ციმციმებდა ბნელში მათი ფარნები. სკამლოგინები დაცარიელდა; რამდენიმე მოთამაშეღა დარჩენილიყო; დამკვრელები თითის წვერებსენაზე მიდებით იგრილებდნენ; შარლი თვლემდა ზურგით კარსმიყრდნობილი.
დილის სამ საათზე კოტილიონი დაიწყო; ემამ ვალსის ცეკვა არ იცოდა. ყველა ვალსში ჩაება, თვით მადმუაზელ დ’ანდერვილიე და მარკიზის მეუღლე; დარბაზში დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც ღამის გასათევად იყვნენ დაპატიჟებულნი, ასე თორმეტიოდე პიროვნება.
ამ ჟროს, ერთი მოცეკვავე, ვისაც უბრალოდ “ვიკონტს” ეძახდნენ, და ვისი მეტად ღრმადამოჭრილი ჟილეტიც მკერდზე ჩამოსხმულივით ჩანდა, მეორეჯერ მივიდა ემასთან და სთხოვა, ვიცეკვოთ, მე წაგიყვანთ და, აი ნახავთ, რა ჩინებულად მოახერხოთო.
ჯერ ნელა დაიწყეს, შემდეგ მოუჩქარეს. ტრიალებდნენ და მათთან ერთად ტრიალებდა ყველაფერი: ლამპრები, ავეჯი, კუედლები და იატაკი, თითქოს ტარზე ფირფიტა ბრუნავსო. კარებთან გაქროლებისას ემას კაბის ბოლო შარვალს ეფინებოდა: მათი ფეხები ერთმანეთში იხლართებოდა; ვაჟი ქალისკენ ხრიდა თვალს, ქალი ვაჟს შეაცქერდებოდა; ემას რაღაცნაირი გარინდება ერეოდა, იგი შედგა. მერმე კვლავ დაიძრნენ და ვიკონტმა სწრაფი მოძრაობით ტალანის ბოლოს გაიტაცა, სადაც აქოშინებული ქალი კინაღამ  წაიქცა და უნებურად, წუთით, ვაჟის მკერდს მიაყრდნო გაბრუებული თავი. შემდეგ ვაჟმა კვლავ ტრიალით, ხოლო უფრო შენელებულით, იგი თავის ადგილზე მიიყვანა; ემა დაჯდა, კედლისკენ გადაიზნიქა და თვალებზე ხელი მიიფარა.
როცა თვალი გაახილა, ნახა, რომ შუა დარბაზში ტაბურტზე ზის ერთი ქალი, მის წინაშე კი სამი ვაჟი დაჩოქილა, ქალმა ვიკონტი აირჩია და ვიოლინომაც კვლავ დაუკრა.
მათ მიაცქერდნენ, მიჰქროდნენ და მიჰქროდნენ. ქალი – ტანურხევლად, თავდახრილი; ვაჟი კი იმავე მიმოხვრით, ოდნავ მოღუნული, მკლავმომრგვალებული, ტუჩწაზიდული. ჰო, ამ ქალმა ცეკვა იცოდა! ისინი დიდხანს ცეკვავდნენ და ყველა დაღალეს.
კვლავ რამდენიმე წუთი იმუსაიფეს, შემდეგ ღამე მშვიდობისა, ან უკეთ, დილა მშვიდობისა უსურვეს ერთმანეთს და სტუმრები დასაწოლად გაემართნენ.
შარლი ძლივს მიეთრეოდა, რიკულს მიჰყვებოდა, ფეხი თითქოს დასცვივნიაო. მთელი ხუთი საათის განმავლობაში სულ ზეზე იყო და ვისტის სათამაშო მაგიდებს დასცქეროდა, თუმცა თამაშისა არაფერი გაეგებოდა. კმაყოფილების უღრმესი ოხვრა აღმოხდა, როცა, როგორც იყო, ფეხთ გაიხადა.
ემამ შალი მოისხა, ფანჯარა გააღო და გადაეყუდა.
ბნელი ღამე იყო. წვიმის რამდენიმე წვეთი ჩამოვარდა. ემა ნოტიო ჰაერს ისუნთქავდა, თვალის ქუთუთოებს რომ უგრილებდა. ბალის მუსიკა კვლავ ყურში გუგუნებდა; ყოველ ღონეს ხმარობდა ფხიზელი ყოფილიყო, რათა კიდევ განეგრძო ილუზია ამ სანუკვარი ყოფისა, რასაც მალე უნდა გაჰყროდა.
ინათა. იგი ციხე-დარბაზის ფანჯრებს მიაშტერდა, ცდილობდა გაეგო, რომელ ოთახში ეძინა ყველა იმ ხალხს, წუხელ რომ ნახა. სურდა გაეცნო მათი ცხოვრება, შიგ შეჭრილიყო, შეერთებულიყო.
სიცივემ ააკანკალა. ტანთ გაიხადა, საბანში შეძვრა და მძინარე შარლს მიეხუტა.
საუზმეს ბევრი ხალხი დაესწრო. სუფრამ ათ წუთს გასტანა. არავითარი ლივერი არ მიურთმევიათ, რამაც ექიმი გააკვირვა. მადმუაზელ დ’ანდერვილიემ კალათში მოაგროვა ფინჩხები და ტბაზე გედებს წაუღო საკვებად, დანარჩენები კი სასეირნოდ გავიდნენ სათბურებში, სადაც უცნაური, ბუსუსიანი მცენარეები პირამიდებივით ამართული ეკიდა მოწიაპე ქოთნებში; ვით გველნი, თავიანთ ბუდეებზე გადმოზნექილნი, ქოთნის ნაპირებს დაჰკიდებოდნენ მწვანე და გრძელი, ერთმანეთში გადახლართული ბარდები. ორანჟერეია, სათბუნებლების ბოლოს რომ იყო, დახურული ტალანით უერთდებოდა ციხე-დარბაზის შენობას. მარკიზმა, რათა ახალგაზრდა ქალი გაერთო, საჯინიბოს სანახავად წაიყვანა. ბაგების ზემოთ, კალათების სახით რომ იყო მოწყობილი, ფაიფურის ფირფიტებზე შავად ეწერა ცხენთა სახელები. ცხენები, როცა ახლოს გაუვლიდნენ, კრთოდნენ და ენას აწკლარტუნებდნენ. აკაზმულობის სადგომის იატაკი დარბაზის პარკეტივით ბრწყინავდა. ეტლთა სართავი შუაგულს ეკიდა ორ მბრუნავ ბოძზე, ხოლო ლაგამი, სათრახი, უზანგები და რგოლები კედლის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული.
ამასობაში შარლმა ერთ-ერთ მსახურის სთხოვა, ჩემი  ბოკი შეაბითო. ეტლი მთავარ შესასვლელთან მოიყვანეს; როცა ბარგი ჩაალაგეს, ცოლ-ქმარი ბოვარი მასპინძლებს გამოეთხოვა და ტოსტის გზას გაუდგნენ.
მდუმარე ემა ეტლის თვლებს მიშტერებოდა, ნაპირზე მჯდომარე შარლი მკლავგამართული მართავდა, პატარა ცხენი თავისუფლად მიჩაქჩაქებდა. მოდუნებული სადავეები გავაზე სცემდა და ოფლში ისვრებოდა. ეტლის უკანშემოკრული კოლოფი განუწყვეტლივ ეხლებოდა ბოკის ძარას.
თიბურვილის სერზე იყვნენ გადმომდგარი, როცა მათს ახლოს ორმა ცხენოსანმა გაიარა, პირში სიგარები ეჭირათ და იცინოდნენ. ემამ თითქოს ვიკონტი შეიცნო; მყის მიბრუნდა, მაგრამ სერს გადაღმა ორი თავიღა მოჩანდა, ჩორთს აყოლებული რომ ხან ადიოდა, ხან კი ჩადიოდა.
მეოთხედი ლიეს გავლის შემდეგ გაჩერება მოუხდათ, რათა გაწყვეტილი ბაგირი თოკით შეეკრათ.
როცა შარლმა ერთხელ კიდევ მოავლო თვალი ცხენის აკაზმულობას, მიწაზე, ცხენის ფეხთა შორის რაღაც ნივთი შეამჩნია, დასწვდა და ქისა აღმოჩნდა მწვანე აბრეშუმით ნაკერი, ზედ გერბი იყო ამოქარგული, როგორც ეტოის კარებზე იციან ხოლმე.
- ორი სიგარაც შიგაა, - თქვა მან, - ეს დღეს გამომადგება ნასადილევს.
- შენ განა ეწევი? – ჰკითხა ცოლმა.
- ხანდახან, როცა შემხვდება.
ნაპოვნი ჯიბეში ჩაიდო და ცხენს გაუძახა.
შინ რომ მივიდნენ, სადილი კიდევ არ იყო მზად. ემა გაჯავრდა. ნასტაზიმ უკმეხად უპასუხა.
- გამეცალეთ! – მიახალა ემამ, - ეს დაცინვაა, სულაც დაგითხოვთ.
- სადილად ხახვის სუპი ჰქონდათ და ერთი ნაჭერი ხბოს ხორცი მჟაუნით. ემას პირდაპირ მჯდომარე შარლი სიხარულით ხელებს იფშვნეტდა და ამბობდა:
- რა სასიამოვნოა შინ დაბრუნება!
ნასტაზის ტირილი შეესმათ. შარლს ოდნავ უყვარდა ეს საბრალო ქალი. ოდესღაც, ქვრივი რომ იყო, მოცლილი საღამოები ამ ქალთან საუბარში გაეტარებინა; იგივე იყო მისი პირველი პაციენტი და ყველაზე უფრო ძველი ნაცნობი ამ კუთხეში.
- მართლა საბოლოოდ გაუშვი? – ჰკითხა ემას.
- განა ვინ დამიშლის? – მიუგო ემამ.
შემდეგ ორივენი სამზარეულოში თბებოდნენ. სანამ მათ ოთახს მიალაგებდნენ, შარლი სიგარის წევას შეუდგა. ტუჩგამოწვდილი სწევდა, მალი-მალ აფურთხებდა, ბოლის ყოველ გამოშვებას თავს არიდებდა.
- აბა თავს რად იწუხებ! – ზიზღით უთხრა ემამ.
შარლმა სიგარა დადო, გაიქცა და ერთი ჭიქა ცივი წყალი გადაყლაპა. ემამ ქისას ხელი დაავლო და კომოდის უჯრაში ჩადო.
მეორე დღე განა გრძელი არ იყო? თავის ბაღჩაში დასეირნობდა, იმავე ხეივნებში მიდი-მოდიოდა, ყვავილთა კვლების, ხეხილის, თაბაშირის ხუცესის წინ შედგებოდა, გაკვირვებული შესცქეროდა ყველაფერს, რასაც ძალიან კარგად იცნობდა. რა შორეულად ეჩვენებოდა უკვე გუშინდელი ბალი! ვინ დააშორა ასეთი დიდი მანძილით გუშინწინდელი დილა და დღევანდელი საღამო? ვობიესარში სტუმრობამ მის ცხოვრებაში ერთი ნაპრალი გააჩინა მსგავსად იმისა, როგორც ქარიშხალი ერთი ღამის განმავლობაში აჩენს ხოლმე მთებში. მაგრამ მაინც შეურიგდა; მოწიწებით ჩადო კომოდში თვისი მშვენიერი სამოსი და სატინის ფეხსაცმელი, ლანჩები რომ პარკეტის სანთლით  გაყვითლებულიყო. მისი გულიც ამ ფეხსაცმელივით იყო: ფუფუნებას რომ მიეკარა, რაღაც ისეთი მიეცხო, რაც აღარ მოსცილდებოდა.
ამ ბალის მოგონება ერთგვარ საქმიანობად გადაექცა ემას. ყოველ ოთხშაბათს, გაღვიძებისას, ასე იტყოდა: აჰ, უკვე რვა დღე გავიდა... თხუთმეტი დღე... სამი კვირა, რაც იქ ვიყავ!” და თანდათანობით, მის ხსოვნაში სახეები მიილულა, კონტრდანსების მელოდია დაავიწყდა, გარკვევით აღარც ლივრეები და ოთახები ახსოვდა; წვრილმანი რაღაც გაჰქრა, მაგრამ ნაღველი კი დარჩა.



IX
ხშირად, როცა შარლი შინ არ იყო, ემა მწვანე აბრეშუმის პორტსიგარს ამოიღებდა ხოლმე, კომოდში რომ ჰქონდა დამალული დაკეცილ თეთრეულს შორის.
ათვალიერებდა, გახსნიდა და მისი სარყულის სუნს იყნოსავდა, ვერვენითა და თამბაქოთი რომ იყო შეზავებული, ვის ეკუთვნოდა იგი?.. ვინოკტს. შეიძლება იგი სატრფოს ნაჩუქარი იყო, ქისა უთუოდ პალისანდრის ქარგაზე იყო ნაკერი; ამ პაწია ხელსაწყოს! ალბათ, გულმოდგინედ მალავდა ცნობისმოყვარე თვალთაგან და მრავალი საათის განმავლობაში ჩაჰკირკიტებდა მას ხუჭუჭთმიანი დაფიქრებული მოხელსაქმე. სიყვარულის სულთქმას გაუვლია კანვის თვალთა შორის; ნემსის თითოეულ გაცმას ზედ აღუბეჭდია იმედი თუ მოგონება, და ყველა ეს აბრეშუმის დახლართული ძაფი სხვა არა იყო რა, თუ არა იმავე უთქმელი ვნების განგრძობა. და ვიკონტმაც შემდეგ, ერთ მშვენიერ დილას, თან წაიღო იგი. ნეტავ რაზე ბაასობდნენ ისინი მაშინ, როცა ეს პორტსიგარი მშვენიერი ბუხრის თავზე იდო ყვავილოვარ ლარნაკთა და პომპადურის სტილის საათს შორის?.. ემა ტოსტშია. იგი კი, ვიკონტი, პარიზშია ახლა; იქ! ნეტავ როგორია ეს პარიზი? რა უსაზღვრო სახელია! დაბალი ხმით იმეორებდა ამ სახელს, რათა სიამე ეგემნა, კათედრალის ზარივით გუგუნებდა იგი მის ყურებში, თვალთა წინაშე ულაპლაპებდა ყველგან, - თვით მის ნელსაცხებელთა კოჭობის ეტიკეტზედაც კი.
ღამით, როცა მეთევზეები, თავიანთ ურმებზე მჯდომარენი, მარჟოლენის სიმღერით გაივლიდნენ ხოლმე მის ფანჯარასთან, იგი მყის გაიღვიძებდა და მანამ უგდებდა ყურს ურმების ჭრიალს, სანამ ქალაქს გაშორებული, იგი სრულიად არ მიწყდებოდა.
- ხვალ ისინი იქ იქნებიან! – იტყოდა ხოლმე თავისთვის...
და ფიქრით მათ გაედევნებოდა, აღმართსა და დაღმართს აივლ-ჩაივლიდა, სოფლებს გასცდებოდა და დიდი გზით მიემართებოდა ვარსკვლავთა შუქზე. განუსაზღვრელი მანძილის ბოლოს მუდამ ისეთი ადგილი აღმოჩნდებოდა, სადაც მისი ოცნება ქრებოდა ხოლმე.
პარიზის გეგმა იყიდა და თითით, რუკაზე, სატახტო ქალაქში დაიარებოდა, ბულვარებს გაჰყვებოდა, ყოველ კუთხეში, ქუჩაბანდებში, თეთრი ოთხკუთხედების წინ, სახლებს რომ ნიშნავდა, უთუოდ უნდა შემდგარიყო. როცა ცქერით დაიღლებოდა, თვალს მოხუჭავდა და ხედავდა ბნელში ქარისგან ალიცლიცებულ გაზის ფარნებსა და ეტლთა საფეხურებს, თეატრების პერისტილის წინ რომ დიდი ხმაურით მყის დაეშვებოდნენ.
გამოიწერა ქალთა ჟურნალი “კორბეი”, აგრეთვე “....”. წაუკითხავს არ გაუშვებდა არც ერთ ანგარიშს პრემიერების, დოღისა და საღამოების შესახებ, აინტერესებდა მომღერალ ქალთა დებიუტი, ახალი მაღაზიების გახსნა. იცოდა ახალი მოდა. კარგი მკერავების მისამართები. ბულონის ტყეში სეირნობისა თუ ოპერის დღეები. ეჟენ სიუს ნაწარმოებთა მიხედვით შეისწავლა სახლების შინმორთულობა. წაიკითხა ბალზაკი და ჟორჟ სანდი, იქ ეძიებდა თავისი მძაფრი სურვილების ოცნებით დაკმაყოფილებას, სუფრაზე მჯდომარეც კი არ იცილებდა წიგნსა და ფურცლავდა იმ დროს, როცა ჭამდა და ებაასებოდა. ამ კითხვის დროს, ვიკონტის ხსოვნა არასოდეს შორდებოდა, მასა და მოგონილ პიროვნებათა შორის ურთიერთობას აბამდა. მაგრამ წრე, რომლის ცენტრსაც ვიკონტი წარმოადგენდა, თანდათან ფართოვდებოდა. ის შარავანდედი, მის თავს რომ ადგა, მოშორდა, მეტად განივრცო და სხვა ოცნებანი გააშუქა.
პარიზი, უფრო ვრცელი, ვიდრე ოკეანე, ემას ვარდისფერ ბურუსში გახვეული ეჩვენებოდა. ჭარბი ცხოვრება, ამ ორომტრიალში რომ დუღდა, დაყოფილი იყო ნაწილებად, განრიგებული იყო მკაფიო სურათებად. ემა მათ შორის მხოლოდ ორს ან სამს არჩევდა, რომელიც დანარჩენებს ფარავდა, და რომელიც თავისთავად მთელ კაცობრიობას წარმოადგენდა. დიპლომატების სამყარო გაპრიალებულ პარკეტზე დაიარებოდა, სარკეებით მორთულ დარბაზებში, მრგვალ მაგიდებს შორის, ხავერდი რომ ფარავს ოქროსფოჩებიანი. იქ იყო გრძელბოლოიანი კაბები, დიდი იდუმალება, ღიმილით დაფარული შეშფოთება. შემდეგ ჰერცოგების საზოგადოება მოდიოდა; ესენი ფერმკრთალები იყვნენ; ოთხ საათზე დგებოდნენ: ქალები, საბრალო არსებანი, კაბის ქობაზე ინგლისურ არშიებს ატარებდნენ; ვაჟები კი, დაუფასებელი ნიჭისა და ფუქსავატი გარეგნობისანი, თავიანთ ცხენებს სეირის გულისთვის ღუპავენ, ზაფხულს ბადენ-ბადენში ატარებენ და, ბოლოს, ორმოცი წლისანი მზითვიან ქალებს ირთავენ; რესტორნების კაბინეტში,  სადაც ნაშუაღამევს ვახშმობენ, ლიტერატორებისა და აქტრისების ბრბო მხიარულობს, სანთლებით გაბრდღიალებულნი, ესენი მფლანგველები არიან, ვით მეფენი, უდიდესი პატივმოყვარეობით აღსავსენი და გიჟურ ოცნებას აყოლილნი. ეს არის ზეკაცური ცხოვრება, ცასა და დედამიწას შუა, ქარიშხალთა შორის, რაღაც უზენაესი. რაც შეეხება დანარჩენ სამყაროს, იგი დაღუპული იყო, თითქმის უადგილო, თითქოს არც კი არსებობსო. რამდენადაც საგნები უფრო ახლო იყო, იმდენადვე ფიქრი მისი უფრო შორს მიფრინავდა. ყოველივე, რაც მას უშუალოდ გარს ერტყა: მოსაბეზრებელი სოფელი, უჭკუო წვრილი ბურჟუები, ცხოვრების სიდუხჭირე, ყველაფერი რაღაც გამონაკლისად ეჩვენებოდა ამქვეყნად, კერძო შემთხვევა, რომელთა შორისაც თვით გახლართულიყო მაშინ, როცა ამის გადაღმა თვალუწვდენ სივრცეზე გაზიდულიყო განუზომელი ქვეყანა სიამისა და ვნებისა. მის სურვილს ერთმანეთისგან ვერ გაერჩია ტკბობა ფუფუნებისა და სიხარული გულისა, შნოიერება ჩვევისა და სინაზე გრძნობისა. განა სიყვარულს ისე, ვით ინდოეთის მცენარეს, საგანგებოდ შემზადებული ნიადაგი და განსაკუთრებული ჰავა არ ესაჭიროება? ოხვრა მთვარიან ღამეში ხანგრძლივი ხვევნა, ცრემლები, გაყრისას რომ ეფრქვევიან, თრთოლვა აღგზნებული სხეულისა და დაუსრულებელი სიამენი განუყრელნი არიან ციხე-დარბაზის აივნებთან, მოცალეობით რომ აღვსილან; განუყრელნი არიან ბუდუართან, აბრეშუმის ვარდებით, რბილი ხალებით, ყვავილოვანი კალათებითა და მაღალი სარეხელით რომ არის მორთული; განუყრელნი არიან ძვირფასი თვლების ბრწყინვასა და ოქრომკედით მოქარგულ ლივრეებთან.
ფოსტის მეჯინიბე ბიჭი, ყოველ დილას რომ ფაშატის დასაურვებლად დაიარებოდა, ხის დიდრონი ფოსტლების ბრახუნით გაივლიდა ხოლმე დერეფანს; ბლუზა ჩამოგლეჯილი ეცვა, ფეხსაცმელში შიშველი ფეხი ჰქონდა წაყრილი. აი, ეს იყო ის მოკლეშარვლიანი გრუმი, რომლითაც ემა უნდა დაკმაყოფილებულიყო! თავის სამუშევარს რომ მორჩებოდა, მერე მთელი დღე თავისუფალი იყო, რადგან შარლი, შინ დაბრუნებისას! თვითონ გამოხსნიდა ხოლმე ცხენს, ავშარას გაუკეთებდა, მსახური ქალი კი ბზეს ჩაუყრიდა ბაგაში.
ნასტაზის მაგიერ (რომელიც ცრემლთა ნაკადულის ღვრით წავიდა ტოსტიდან) ემამ ერთი ობოლი და მწყაზარი სახის თოთხმეტი წლის გოგონა აიყვანა. ემამ მას აუკრძალა ჩითის ჩაჩის ტარება, ასწავლა სხვასთან მესამე პირით ლაპარაკი. წყლით სავსე ჭიქის ფინჯანზე დადგმა და ისე მირთმევა, კარზე დაკაკუნება, ვიდრე სადმე შევიდოდა, ასწავლა უთოობა, გახამება, ქალბატონის ჩაცმევა, რადგან სურდა თავის პირფარეშად გაეხადა; ახლა ფარეში უბუზღუნოდ ემორჩილებოდა, რადგან გაგდების ეშინოდა; და რაკი ქალბატონი, ჩვეულებრივ, გასაღებს ბუფეტის კარებშივე ტოვებდა, ფელისიტე ყოველ საღამოს შაქრის ნატეხებს იმარაგებდა და ლოგინში, ლოცვის წარმოთქმის შემდეგ, პირს იტკბარუნებდა.
ფარეში ნაშუადღევს, ზოგჯერ, მათს პირდაპირ მცხოვრებ ფოსტის მეჯინიბეებთან დადიოდა სალაყბოდ, ქალბატონი კი ამ დროს ზემოთ იყო ხოლმე, თავის აპარტამენტში.
ემა ატარებდა გულღია ხალათს, რომლიდანაც ოქროს სამღილიანი დანაოჭებული ბლუზა მოჩანდა. ქამრად დიდფოჩიან გრეხილს ხმარობდა, ხოლო ბროწეულისფერი ფოსტლები ფართო ბაბთებით იყო მორთული. საკუთრივ ჰქონდა მომარაგებული ბიუვარი, კალამი, ქაღალდი და კონვერტები, თუმცა წერილის მისაწერი კი არავინ ჰყავდა; ეტაჟერს გასწმენდდა, სარკეში ჩაიხედავდა, მერმე წიგნს აიღებდა, სტრიქონსა და სტრიქონს შუა ოცნებას მიეცემოდა და წიგნიც მუხლებზე დაუვარდებოდა. ენატრებოდა სადმე გამგზავრებულიყო ან კიდევ თავის მონასტერს დაბრუნებოდა, ამასთანავე სურდა პარიზში ცხოვრება და იქ სიკვდილი.
შარლი კი, თოვლსა და წვიმაში, სასოფლო გზებზე დაწანწალებდა. იოლს მიდიოდა ტაფამწვრით, ფერმებში რომ სთავაზობდნენ. ოფლიან ლოგინებში ხელს უყოფდა, სისხლის გაღების დროს სახეს სისხლით ითხუპნიდა, სულთმობრძავთა ხროტინს უსმენდა, განავლებს ათვალიერებდა, ჭუჭყიან საცვლებში ხელს ურევდა; ხოლო ყოველ საღამოს შინ ანთებული ბუხარი, გაშლილი სუფრა, რბილი სავარძელი და კოხტად ჩაცმული, მომხიბლავი და მთლად ნორჩი ცოლი დახვდებოდა; გრძნობდა და არ იცოდა, საიდან დიოდა ეს ნორჩი სურნელება, ან, იქნებ, ემას სხეული იყო, რომ მისსავე პერანგს ასე ამუშკებდა.
ქმარს ათასგვარი დელიკატესით ხიბლავდა; ხან შანდლებზე დასაფენ ქაღალდის ვარდებს სხვანაირად დაკეცავდა, ხან თავის კაბას ფურჩალს გამოუცვლიდა, ხანაც თვით უბრალო კერძს, მსახურს რომ წაეხდინა, არაჩვეულებრივ სახელს გამოუგონებდა და შარლიც დიდი სიამით მიირთმევდა. რუანელ ქალებს საათის ძეწკვზე ბრელოკების მთელი აკიდო დაუნახა; ბრელოკები თვითონაც იყიდა. ბუხრის თავის შესამკობლად ორი დიდი ლარნაკი შეიძინა ლურჯი მინისა, ცოტა ხნის შემდეგ კი სპილოს ძვლის ნესესერი, მოოქრული სათითით, რამდენადაც შარდს ნაკლებ გაეგებოდა ყველა ამ მშვენებისა, იმდენადვე უნებურად იხიბლებოდა, ყოველივე ეს რაღაც მეტ სიამეს ანიჭებდა მის გრძნობებსა და ოჯახის სინაზეს. იგი, თითქოს ოქროს ქინქლიაო, ისე ავარაყებდა მისი ცხოვრების მთელ ვიწრო ბილიკს.
ჯანმრთელი იყო, ფერხორციანი, მტკიცე რეპუტაცია ჰქონდა, სოფლელებს უყვარდათ, რადგან ამაყი არ იყო? ბავშვებთან ალერსიანი იყო, სამიკიტნოში არ შედიოდა და ამასთანავე ზნეობრივი კააცის სახელი ჰქონდა გავარდნილი. განსაკუთრებით ეხერხებოდა კატარებისა და ფილტვების ავადობის მკურნალობა. რაკი უფრთხოდა, ბევრი ხალხი არ დავხოცოო, ამიტომ მხოლოდ დამამშვიდებელ წამლებს უწერდა, ზოგჯერ სასაქმებელს, ფეხის აბაზანებსა და წურბელას. მაგრამ არც დასტაქრობას ერიდებოდა; სისხლს ისე უღებდა, ვით ცხენს, ხოლო კბილების ამოთხრის დროს ნამდვილი ჯოჯოხეთური ხელი ჰქონდა.
დასასრულ, თავის პროფესიას რომ არ ჩამორჩენოდა, გამოწერილი ჰქონდა “რუშ მედიკალ”, ახალი სამკურნალო ჟურნალი, რომლის პროსპექტიც წინასწარ ჰქონდა მიღებული. ნასადილევს ოდნავ გადაავლებდა თვალს, მაგრამ თბილი ოთახი და საჭმლის მონელება თავისას შვრებოდა და ხუთიოდე წუთის შემდგომ ტკბილად ჩაეძინებოდა; იქვე ეძინა, მაგიდაზე, ნიკაპი ხელებზე ჰქონდა დაყრდნობილი, ხოლო ფაფარივით ჩამოყრილი თმა კი თითქმის ლამპის ფეხებამდე ეფინებოდა. ემა მხრების აჩეჩვით უცქერდა. რატომ ისეთი ქმარი მაინც არ შეხვდა, მედგარი და შრომისმოყვარე, რომელიც მთელ ღამეებს წიგნის კითხვაში ატარებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ორმოცი წლისა, როცა რევმატიზმის ასაკი დგება, ცუდად შეკერილ ფრაკზე მთელ გროვა ორდენებს ატარებს. სურდა, რათა ბოვარის გვარი, რომელიც მისი გვარიც იყო, განთქმული გამხდარიყო, წიგნის მაღაზიების ვიტრინებზე გამოფენილი, ჟურნალ-გაზეთებში ნახსენები და მთელ საფრანგეთში ცნობილი ყოფილიყო. მაგრამ შარლი სრულიადაც პატივმოყვარე არ იყო! ერთმა ექიმმა, ქ. ივეტოდან, რომელსაც კონსილიუმზე შეხვდა, ერთგვარი შეურაცხყოფა მიაყენა თვით ავადმყოფის ლოგინთან, ნათესავთა მთელი კრებულის წინაშე. როცა, საღამოს, შარლმა ეს ამბავი გაუმჟღავნა, ემა საშინლად აღშფოთდა მისი კოლეგის საქციელით. ამან შარლს გული აუჩეყა, თვალცრემლიანმა ცოლს შუბლზე აკოცა, ხოლო ემა კი სირცხვილით იწვოდა. სურდა ერთი კარგად მიეტყეპა იგი; ადგა, დერეფანში ფანჯარა გააღო და თავი ცივ ქარს მიუშვირა, რათა დამშვიდებულიყო.
- რა საბრალო კაცია! რა საბრალო კაცია!
ჩუმად ამბობდა თავისთვის და ჩარბებს იკვნეტდა.
მისი საქციელი უფრო და უფრო აღიზიანებდა ემას. რამდენადაც ასაკში შედიოდა, იმდენადვე მეტი ტლანქი ჩვევანი უჩნდებოდა; დესერტის დროს ცარიელი ბოთლების საცობებს დანით ჩლიგნიდა; ნასადილევს კბილებს ენით იწმენდდა; წვნიანსაც ხრუპუნით ჭამდა; და რაკი სუქდებოდა, ისედაც წვრილი თვალები, ლოყების სისქის გამო, თითქოს კვინიხში უძვრებაო.
ზოგჯერ ემა საკუთარი ხელით ჩაუტენიდა ხოლმე ჟილეტში სათბურის გარეთ გამოშვერილ წითელ ქობას; ჰალსტუხს გაუსწორებდა, ძალით გამოსტაცებდა ხელში გახუნებულ თათმანებს სწორედ მაშინ, როცა წამოცმას დააპირებდა. ყოველივე ამას მისი გულისთვის კი არ შვრებოდა, როგორც შარლს ეგონა, არამედ თავისთვის, საკუთარი ეგოიზმისა და ნერვული აღგზნების გამო. ხანდახან წაკითხულზე ჩამოუგდებდა სიტყვას, იქნებოდა ეს რომანის რომელიმე ადგილი, ახალი პიესა თუ მაღალი საზოგადოების ახალი ამბავი, ფელეტონში რომ იყო ხოლმე მოთავსებული, რადგან შარლი, რაც უნდა იყოს, მაინც მსმენელი იყო, რომელსაც შეეძლო გაგონება და თქმულის დადასტურება. ხომ უმჟღავნებდა ხოლმე იგი გულისნადებს თავის პირფარეშს! ემა მუგუზლებსა და საათის ქანქარასაც კი გაებაასებოდა ხოლმე.
ამასთანავე, გულის სიღრმეში რაღაცას ელოდებოდა. ვით განწირული მეზღვაური, იგი სასოწარკვეთილ თვალს ავლებდა საკუთარ გაპარტახებულ ცხოვრებას და ბურუს იან სივრცეში საიმედო თეთრ იალქანს ეძებდა. ემამ არ იცოდა, როგორი იქნებოდა ეს შემთხვევა, ეს იალქანი; რომელი ქარი მოუცურებდა მას ან რომელი ნაპირისკენ წაიყვანდა ის იალქანი; არც ის იცოდა, პატარა ნავი იქნებოდა თუ სამანძიანი ხომალდი, წუხილით დატვირთული თუ პირთამდე ნეტარებით აღვსილი. მაგრამ ყოველ დილას, გაღვიძებისას, იმედი ჰქონდა, აი დღეს გამოჩნდებაო, ყურს უგდებდა ყოველ ხმაურს, უნებურად წამოხტებოდა და უკვირდა, რომ ჯერ კიდევ არ გამოჩენილიყო; ხოლო საღამოს, მუდამ უფრო დაღვრემილი, ხვალინდელი დღის დადგომას ნატრობდა.
კვლავ გაზაფხულდა. პირველ სიცხეებისთანავე, როცა მსხლის ხეები აყვავდა, გულის ხუთვა იგრძნო.
ივლისის დადგომიდანვე თითებზე ითვლიდა, ოქტომბრამდე რამდენი კვირააო, ეგონა, მარკიზ დ’ანდერვილიე, ალბათ, კვლავ გამართავდა ბალს ვობიესარშიო, მაგრამ სექტემბერი გავიდა და არც წერილი ყოფილა, არც დარბაზობა.
ამ იმედგაპცრუების ნაღვლის შემდგომ გული უწინდებურად ცარიელი დარჩა და უფერული დღეებიც ერთმანეთს გადაება. და მისდევდა ერთნაირ, უთვალავ დღეთა ლარს, ასე უნაყოფოდ რომ გაჭიმულიყო! სხვა არსებათა ცხოვრება, რაგინდ უგემური იყოს, რაიმე მოსალოდნელობას მაინც შეიცავს. ერთი რამ თავგადასავალი დაუსრულებელ პერიპეტიებს იწვევს და, ხედავენ, გარემოც იცვლება, ხოლო მისთვის სრულიად არაფერი ხდება, ღმერთმა, ალბათ, ასე ინება! მომავალი მისთვის ბნელით აღსავსე ტალანია, რომლის გასასვლელიც მტკიცედაა დახშული.
მუსიკას თავი გაანება, რისთვის დაუკრას! ვინ მოუსმენს? მას ხომ არასოდეს შეეძლება, რომ ხავერდის მოკლესახელოიანი კაბით გამოწყობილმა, კონცერტზე, ერარის პიანინოს სპილოს ძვლის კლავიშებზე აათამაშოს თვისი მსუბუქი თითები და თავის გარშემო სიოს სისინივით იგრძნოს აღტაცებით გამოწვეული ჩურჩული, ამიტომაც საჭირო არაა ნოტების სწავლით თავის შეწუხება. აღარც თავის ნახატებისა და ნაქარგებისთვის უხლია ხელი. რისთვისღა? რისთვისღა? ქარგვა აბრაზებდა.
- ყველაფერი წავიკითზე უკვე. – ამბობდა თავისთვის.
იჯდა ბუხართან და ნაკვერჩხლებზე მაშას ავარვარებდა ან წვიმას გასცქეროდა გარეთ.
რა ნაღვლიანი იყო ხოლმე კვირაობით, როცა მწუხრის ზარს ჩამოჰკრავდნენ! რაღაც გაშტერებულის ყურადღებით უსმენდა გაბზარული ზარის რეკვას. მეზობლის სახლის სახურავზე ჩამავალი მზის სხივებში ეხვეოდა ზმორებით ზურგაზნექილი კატა. დიდ შარაზე ქარი მტვრის ფარდებს მიაქანებდა. ზოგჯერაც სადღაც შორს ძაღლი ყმუოდა. ზარი კი თანაბარი დროგამოშვებით ერთხმოვან როკვას განაგრძობდა და მისი ჟღარუნი შორეულ მინდვრებში იკარგებოდა.
ამასობაში მლოცველნიც გამოვიდნენ, ქალები ხის გასანთლული ფეხსაცმლით, გლეხები ახალი ხალათებით, ხოლო მათ წინ ცალფეხზე მოხტუნავე თავშიშველი ბავშვები, ყველანი თავიანთ სახლებისკენ გაეშურებოდნენ, სამიკიტნოს წინ კი, ხუთი თუ ექვსი მოქალაქე, მუდამ ერთი და იგივე, დაბინდებამდე ბუშონის თამაშში იყვნენ ხოლმე გართულნი.
ზამთარი სუსხიანი იყო. ფანჯრის მინები დილაობით იყინებოდა და მათში გავლილი მუქი სინათლე ზოგჯერ მთელი დღის  განმავლობაში არ იცვლებოდა. საღამოს ოთხი საათიდან საჭირო იყო ლამპრის ანთება.
კარგ ამინდში ემა ბაღში ჩადიოდა. კომბოსტოს თავებზე ცვარს ვერცხლის არშიები ამოუქარგავს, ერთიდან მეორემდე გრძელი ბრწყინვალე ძაფით გაბმული. ფრინველების ხმა არ ისმის; თითქოს ყველაფერს მიუძინიაო; ხეხილი ჩალით არის შეფუთნული, ხოლო ვაზი უშველებელ ავადმყოფ გველსა ჰგავს, კედელზე ჩამოკიდებული, სადაც, თუ დააკვირდები, მრავალფეხები დაცოცავენ; ახალგაზრდა ნაძვებში, ღობის ახლოს, თაბაშირის ხუცესს, სამკუთხოვანი ქუდი რომ ხურავს და თავის ლოცვანს ჩასცქერის, მარჯვენა ფეხი მოვარდნია, სახეზედაც კი ყინვას თაბაშირი დაუფორაჯებია, თითქოს მუწუკები დაჰყრიაო.
მერმე კვლავ შინ ბრუნდებოდა, კარებს ჩაკეტავდა, ბუხარში ნაკვერცხალს გამოაფხიზლებდა დას მცხუნვარებით მოთენთილს მოწყენილობა უფრო მეტი სიმძიმით დააწვებოდა თავს. კარგი იქნებოდა, სამზარეულოში რომ ჩასულიყო და მსახურს გამოლაპარაკებოდა, მაგრამ რიდი აკავებდა.
ყოველ დღეს, ერთსა და იმავე დროს, სოფლის მასწავლებელი, შავი აბრეშუმის ჩაჩით, თავისი სახლის დარაბებს აღებდა, სოფლის მეველე კი, ხალათზე რომ ხმალი ეკიდა, ჩვეულებრივი დინჯი ნაბიჯით ჩაივლიდა. დილითა და საღამოთი ფოსტის ცხენები, სამ-სამი ერთად, ქუჩას გადაჭრიდნენ ტბაზე წყლის დასალევად. დროდადრო რომელიმე სამიკიტნოს კარი, გაღებისას, პატარა ზარს ააწკარუნებდა, ხოლო, თუ ქარი იყო, მაშინ თითბრის იმ პატარა ტაშტების ჩხაკუნიც ისმოდა, სადალაქოს კარზე რომ აბრის მაგიერ იყო ჩამოკიდებული. სადალაქოს სხვა მოკაზმულობაც ჰქონდა: მოდების ძველი გრავიურა, შიგნიდან რომ ფანჯრის მინაზე იყო აკრული, და სანთლის ბიუსტი ქალისა, რომელსაც ყვითელი ფერის თმა ჰქონდა. ისიც, დალაქიც ჩიოდა მუშაობის სიმცირეს, თავის დაღუპულ მომავალს; ნატრობდა სადალაქოს გახსნას რომელიმე დიდ ქალაქში, მაგარალითად, რუანში, ნავსადგურში, თეატრის ახლოს; მთელი დღე მერიასა და ეკლესიას შორის დასეირნობდა მოწყენილი და მუშტარს ელოდებოდა. როდესაც კი მადამ ბოვარი გადაიხედავდა, მუდამ იქ ხედავდა, ვით თავის პოსტზე მდგომ გუშაგს, ყურზეჩამოზილუოი ბერძნული ფესითა და ლასტინგის პიჯაკით.
ზოგჯერაც, ნაშუადღევს, დარბაზის ფანჯრებთან ვინმე გამოჩნდებოდა, მზითდამწვარი, შავქილვაშიანი, რომელიც ნელა და ფართოდ გაიღიმებდა და თეთრ კბილებს გამოაჩენდა. იმწამსვე ვალსი დაიწყებოდა და ორჯანის თავზე, პაწია სალონში, თითის ტოლა მოცეკვავენი ფარდისფერთავსაკრავიანი ქალები, ჟაკეტიანი ტიროლელები, შავსამოსიანი მაიმუნები, მოკლეშარვლიანი ვაჟები დაიწყებდნენ დაუსრულებელ ტრიალს სავარძლების, კანაპეებისა და დაკიდებული ლამპრების გარშემო და მათი აჩრდილები მეორდებოდნენ სარკის ნამტვრევში, მოოქრულ ქაღალდში რომ იყო ჩასმული. კაცი ორღანის სახელურს ატრიალებდა და თანაც მარჯვნით და მარცხნით ფანჯრებისაკენ იცქირებოდა. დროდადრო ქუჩის ბოძს გრძლად მიატყეპებდა ჭვარტლისფერ ნაფურთხსა და მუხლზე თავის საკრავს აიფარებდა, რომლის ხმელი ტყავიც მხარს უღლიდა. და კოლოფის ვარდისფერი ტაფტის პაწია ფარდიდან, სპილენძის მოხარატებული ფირფიტით რომ იყო დამაგრებული, ზუზუნით ისმოდა მუსიკის ხმაბი ხან ნაღვლიანი და ნელი, ხანაც მხიარული და აჩქარებული. ეს იყო ისეთი არიები, რომლებსაც ბევრგან უკრავენ, თეატრებში, სალონებში, რომელთა ხმაზედაც ცეკვავენ ჭაღებით გაბრდღიალებულ დარბაზებში; ეს იყო მაღალი საზოგადოების გამოხმობა ემას ყურამდე მოღწეკული. დაუსრულებელი სარაბანდები რიალობდა მის თავში და, ვით ბაიადერი მოხატულ ნოხზე, ფიქრი მისი გასდევდა ამ ხმებს, ოცნებიდან ოცნებაზე, წუხილიდან წუხილზე ქანაობდა. დამკვრელი თავის ქუდში მოაგროვებდა მოწყალებას, კროლოფს ლურჯი შალის ძველ საბანს დააფარებდა, ზურგზე მოიკიდებდა და მძიმე ნაბიჯით გაუდგებოდა თავის გზას. ემა თვალს გაადევნებდა.
მაგრამ ყველაზე უფრო აუტანელი მისთვის იჯრობის საათები იყო იმ პატარა სასადილოში პირველ სართულზე, სადაც ღუმელი ხრჩოლავდა, კარი ჭრიალებდა, კედლები  ნესტიანი, ხოლო იატაკი სველი იყო, თითქოს ცხოვრების მთელი სიმწარე ხონჩით მიურთმევითაო; მოხარშული ხორცის ოხშივარის დანახვაზე მისი სულის სიღრმიდან ზიზღის ბოლქვები დაიძრებოდა. შარლი ზანტად მიირთმევდა, ემა კი თხილს აკნატუნებდა, ან უკეთ, იდაყვდაყრდნობილი, გასანთლულ სუფრაზე დანის წვერით გასართობად ხაზვას შეუდგებოდა.
ოჯახს ახლა სრულიად გაანება თავი და, როცა ბოვარის დედა მარხვაში რამდენიმე დღით ესტუმრა ტოსტს, ამ ცვლილებით მეტად გაკვირვებული დარჩა. ემა, რომელიც ოდესმე ასე მზრუნველი და ჭირვეული იყო ჩაცმა-დახურვაში, ახლა მთელი დღეების განმავლობაში ჩაუცმელი დაიარებოდა, ბამბის ნაცრისფერ წინდებს ატარებდა, სახლს შანდლით ინათებდა, განუწყვეტლივ იმეორებდა: რადგან მდიდრები არა ვართ, მომჭირნედ უნდა ვიცხოვროთო, და თანაც დაუმატებდა, მეტად კმაყოფილი, ძალზე ბედნიერი ვარ, ტოსტში ცხოვრება ძლიერ მომწონსო და სხვა ასეთები. ამაზე დედამთილი ხმას არ იღებდა. გარდა ამისა, ემას უკვე აღარ ჰქონდა სურვილი მის რჩაევას მიჰყოლოდა; ერთხელ, ბოვარის დედამ სიტყვა იმაზე ჩამოაგდო, რომ პატრონები ვალდებულნი არიან თვალყური ადევნონ თავიანთ მსახურთა კეთილმორწმუნეობასო, რაზედაც ემამ ისეთი ბღვერითა და ცივი ღიმილით უპასუხა, რომ დედაბერს ამაზე კვლავ კრინტი აღარ დაუძრავს.
ემა  აბეზარი და ჭირვეული შეიქნა. თავისთვის განსაკუთრებულ საჭმელებს შეუკვეთავდა, ხოლო იჯრობისას პირს ზედაც არ დააკარებდა, ერთ დღეს რომ მხოლოდ შუმი რძით იკვებებოდა, მაორე დღეს მარტო ჩაის სვამდა დაუსრულებლად, ხშირად გამუდმებით შინ იჯდა, მერე სული შეეხუთებოდა, ფანჯრებს დააღებდა, მსუბუქ ტანისამოსს ჩაიცვამდა. ზოგჯერ რომ მსახურს გვარიანად გაჯორავდა, მერე საჩუქრებით აავსებდა და მეზობლებისას გასართობად გაუშვებდა; ერთ მშვენიერ დღეს მთელ ვერცხლის ფულს, რაც კი ქისაში მოეპოვებოდა, სულ მათხოვრებს უწყალობებდა, თუმცა შემბრალი არ იყო, არც სხვისი გაჭირვების ადვილი გამზიარებელი, როგორც გლეხობიდან წარმომდგართა უმეტესობა, რომელსაც გულში რაღაც უძევს მამა-პაპათა დაკოჟრებული ხელების სისასტიკისა.
თებერვლის ბოლო რიცხვებში პაპა რუომ, თავისი განკურნების მოსაგონარად, ერთი საუცხოო დედალი ინდაური მიჰგვარა სიძეს და სამ დღეს მასთან სტუმრად იყო. რაკი შარლი ავადმყოფებს დასტრიალებდა, მოხუცმა იმდენი თამბაქო სწია, ბუხარი ნაფურთხით ისე მოჩითა, თანაც იმდენი ილაყბა თავის მეურნეობის ხბოების, ძროხების, ფრინველებისა და მუნიციპალურ საბჭოს შესახებ, რომ როცა წავიდა, ემამ იტსეთი კმაყოფილოებით მიაკეტა კარი, რომ თვითონაც გაუკვირდა; თუმცა ახლა იგი როდიღა მალავდა თავის ზიზღს საგნებისა და ადამიანებისადმი; ზოგჯერ მეტად უცნაურ აზრებს გამოთქვამდა ხოლმე: აძაგებდა იმას, რასაც აქებდნენ და, პირიქით, ქებით იხსენიებდა მწიკვლიანსა და უზნეოს, რაც ქმარს ერთობ აცვიფრებდა.
ნუთუ ეს არარაობა მუდამ ასე გაგრძელდება? ნუთუ ამას ვერასოდეს თავს ვერ დააღწევს? განა იგი იმათზე ნაკლებია, ვინც ბედნიერად ცხოვრობს! ვობიესარში ნახა ისეთი ჰერცოგინები, რომელნიც მასზე უკეთესი არც ტანადობით იყვნენ და არც მოქცევით; ამიტომ ასეთ უსამართლობას ღმერთს აყვედრიდა, ტირილით კედლებს თავს ახლიდა. შურდა იმათი ბედი, ვინც მღელვარე ცხოვრებას ატარებდა, ვინც ნიღაბაფარებული მთელი ღამეების განმავლობაში თავდავიწყებით ეძლეოდა იმ საძრახის ტკბობას, რომელიც მისთვის უცნობი იყო და რომელსაც გიჟური სიამე უნდა მიენიჭებინა.
ხშირად ფითრდებოდა ხოლმე, გულის ფრიალი დასჩემდა. შარლმა ვალერიანის წვეთები და ქაფურის აბაზანები გამოუწერა, მაგრამ დახმარების ყოველი ცდა უფრო და უფრო აღიზიანებდა.
ზოგჯერ, სიცხიანივით დაუსრულებლად ლაპარაკობდა, ხოლო შემდეგ უეცრად გარინდდებოდა, არც ხმას იღებდა, აღარც იძვროდა. მისი გამომფხიზლებელი მაშინ ოდეკოლონი იყო, მთელი ფლაკონი უნდა დაესხა მკლავებზე.
რაკი განუწყვეტლად ტოსტში ცხოვრებას უჩიოდა, შარლს ეგონა მისი ავადმყოფობის მიზეზი რაღაც ადგილობრივი პირობებში უნდა იყოსო, და სერიოზულად ფიქრობდა სხვაგან გადასვლას.
შემდეგ ემამ ძმრის სმა დაიწყო, დამამჭლევებსო; მშრალი ხველება დააწყებინა და მადაც სრულიად დაეკარგა.
როგორ უმძიმდა შარლს ტოსტის მიტოვება მის შემდგომ, რაც ოთხი წელიწადი უკვე გაატარა იქ და მისი მდგომარეობაც ის იყო მტკიცდებოდა. მაგრამ მეტი გზა არ იყო! რუანს წაიყვანა, რათა თავისი ძველი პროფესორისათვის ეჩვენებინა. ნერვების ავადობა აღმოაჩნდა: საჭირო იყო ჰავის გამოცვლა.
შარლი აქეთ-იქით ეცა, შეიტყო რომ ნევშატელის ოლქში არის ერთ-ერთი პატარა დაბა – იონვილ-ლ’აბეი, რომლის ექიმსაც, ერთს პოლონელ ემიგრანტს, ადგილი გაეთავისუფლებინა. შარლმა იქაურ მეაფთიაქეს მისწერა, შეატყობინა მოსახლეობის რაოდენობა, რა მანძილით იყო დაშორებული ყველაზე უფრო ახლობელი საექიმო პუნქტი, რა შემოსავალი ჰქონდა წინანდელ ექიმსა და სხვ. რაკი პასუხი დამაკმაყოფილებელი გამოდგა, გადაწყვიტა გაზაფხულზე უთუოდ გადასულიყო, უკეთუ ემას ჯანმრთელობა არ გაუმჯობესდებოდა.
ერთხელ, როცა ემა გადასვლის მოლოდინში კარადას ალაგებდა, ხელში რაღაც ეჩხვლიტა; თურმე ქორწინების თაიგულის მავთული იყო. ფორთოხლის ყვავილთა კოკრები მტვერს დაეყვითლებინა, ვერცხლისარშიიანი სატინის ლენტებს ნაპირები დასჩეჩოდა, აიღო და ბუხარში შეაგდო. თაიგული ჩალასავით აბრიალდა. შემდეგ წითელი ბუჩქივით აიბურცა ნაცარში და ნელინელ დაიფერფლა. ემა დააცქერდა. მუყაო სკდებოდა და ტკაცუნობდა, მავთული იგრიხებოდა, ვარაყი ლხვებოდა; ყვავილთა ქაღალდის ფურცლები, დამანჭული და მთრთოლვარე, ვით შავი პეპლები, თუჯის ფირფიტას შეფრთხიალებდნენ და საკვამურისაკენ მიფრინავდნენ.
მარტში, როცა ტოსტიდან წავიდნენ, მადამ ბოვარი ფეხმძიმე იყო.





ნაწილი მეორე
I
იონვილ-ლ’აბეი (ასე დაურქმევიათ კაპუცინების სააბატოს გამო, რომლის ნანგრევებიც კი აღარ დარჩენილა) ერთი პატარა დაბაა რუანიდან რვა ლიეს მანძილზე, აბევილსა და ბოვეს შორის; იგი ჭალაში მდებარეობს, რომელსაც რწყავს რიელი, პატარა მდინარე, ანდელს რომ ერთვის; ეს პატარა მდინარე შესართავთან სამ წისქვილს აბრუნებს, შიგ კალმახი იცის, ბავშვები რომ კვირაობით გასართობად ანკესით იჭერენ.
ლაბუასიერის დიდ გზას უნდა გადაუხვიო, მიჰყვე ვაკე ზეგანსა და ლეს დაღმართს დაეკიდო, საიდანაც მთელი ჭალა მოჩანს. მდინარე, რომელიც ჭალაში მოედინება, ორ სხვადასხვა სახის მკაფიო ნაწილად ჰყოფს მას: მთელი მარცხენა ნაპირი მინდვრებს უკავია, მარჯვენა კი – სახნავს. მინდორი მოქცეულია დაბალ გორაკებს შუა, რომელთა გადაღმაც იგი ბრეს საძოვრებს უერთდება; აღმოსავლეთის მხრით კი ეს ვაკე ოდნავ მაღლდება, განიერდება და, სანამდეც თვალი მიაღწევს, სულ ხორბლის ქერა ყანებითაა დაფენილი. ბალახოვან კალაპოტში მოქცეული მდინარე თავისი თეთრი ზოლით ერთმანეთს აშორებს მინდვრებსა და ხნულების მწვანეს, ასე რომ, მთელი ეს კუთხე ვეება გაშლილ წამოსასხამს ჰგავს, რომელსაც ვერცხლიმკედით მოქარგული მწვანე ხავერდის საყელო ამშვენებს.
ჰორიზონტზე, როცა უახლოვდები, თვალწინ არგელის მუხნარი და სენ-ჟანის მთების ფერდობები იშლება, თავიდან ბოლომდე რომ წითელი, უსწორმასწორო ხაზებითაა დაღარული, - ეს წვიმების კვალია, ხოლო ის აგურის ფერი კი, მთის სირუხე რომ წმინდა ძაფივით დაუქსელავს, 
რკინოვანი წყაროების  ნამუშევარია, იმ მიდამოებში რომ უხვად გადმოსჩქეფს.
ეს არის ნორმანდიის, პიკარდიისა და ილ-დე-ფრანსის შესართავი, ნარევი კუთხე, სადაც ენას თავისებური კილო აკლია, პეიზაჟს კი – დამახასიათებელი იერი. აქ აკეთებენ მთელ ოლქში ყველაზე უცუდეს ნევშატელურ ყველს, ხოლო მეორე მხრით, მეურნეობა აქ დიდ ხარჯს მოითხოვს, რადგან საჭიროა დიდძალი სასუქი ქვიშიანი და რიყიანი ნიადაგის გასანოყიერებლად.
1835 წლამდა იონვილს ხეირიანი გზა არ ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით ამ ხანებში გაიყვანეს სასოფლო შარა, აბევილის გზას რომ ამიენისას უერთებს, და ზოგჯერაც ამ გზით სარგებლობენ რუანიდან ფლანდრიაში მიმავალი ურმები. მიუხედავად მიმოსვლისა და აღებმიცემობის ამ ახალი საშუალებისა, იონვილ-ლ’აბეი მაინც ჩამორჩენილია. იმის მაგიერ, რომ მემინდვრეობა გააუმჯობესოს, მოსახლეობა დაჟინებით მისდევს ბალახის თესვას, თუმცა იგი ხელსაყრელი არ არის და უქნარა დაბაც ნოყიერ ჭალას პირს არიდებს და მდინარის ნაპირებისაკენ მიიწევს. შორიდან რომ შეხედო, იგი მთლად მდინარის პირზეა გაწოლილი, ვით დასარწყულებლად მორეკილი ნახირი.
მაღლობის ძირას, ხიდს გაღმა, იწყება ახალგაზრდა ვერხვებით ნაპირებშემორგული გზატკეცილი, რომელიც პირდაპირ დაბაში შედის. ეზოები ცოცხალი ღობითაა შეკავებული და სავსეა სხვადასხვა ნამშრალით, ფარდულებით, მარნებით, საწნეხლებით, რომლებიც დაჩრდილულია ხეებით, გარშემო რომ კიბეები, სარები და ცელები მიუყუდებიათ. ისლის სახურავები, ვით თვალებზე ჩამოფხატული ფაფახი, თითქმის მესამედზე ფარავს დაბალ ფანჯრებს, რომელთა სქელი, გამოზნექილი მინებიხ ბოთლის ძროებივითაა ბუშტუკებით მოჩითული. კირით შეფეთქილ კედელთა გასწვრივ გადაჯვარედინებული შავი კოჭებია დატანპებული; აქა-იქ მსხლის მჭლე ხეები ხარობს; ქვედა სართულში კარებს სატრიალო ბარიერი აქვს, რათა ოთახი დაცულ იქნეს წიწილებისაგან, სიდრში დამპალი პურის ფინჩხების საკენკად რომ სახლებს ეტანებიან; ცოტა იქით ეზოები ვიწროვდება. მოსახლეობა უფრო შეჯგუფულია, ცოცხალი ღობეები აღარ ჩანს; ერთ ფანჯარასთან ჯოხზე წამოგებული გვიმრის კონა ირხევა; აქ სამჭედლოა, იქით კი – ურმის სახელოსნო, სადაც ორი თუ სამი ახალი ურემია ქუჩაში გახიდული. შემდეგ, ხეებში გამოჩანს ერთი თეთრი სახლი, წინ მრგვალი მდელო, მდელოს ტუჩზე თითმიდებული ამურის ქანდაკება ამშვენებს; წინ, კარის ორივე მხარეს, თუჯის თითო ლარნაკია; კარებზე ლითონის ღერბიანი ფირფიტები ბრწყინავს; ეს ნოტარიუსის სახლია, და ულამაზესიც მთელ ამ მხარეში.
ეკლესია ქუჩის მეორე მხარეზეა, ოციოდე ნაბიჯს იქით, მოედნის ახლოს, მის გარშემო პატარა, დაბალი ყორით შემოზღუდული სასაფლაო ისე გაჭედილია საფლავებით, რომ მიწაში პირამდე დაფლული ძველი ქვები ერთ მთლიან ქვის იატაკს ქმნის, სადაც ხალხს თავისთავად გამოუყვანია სწორი და მწვანე ოთხკუთხედები. ეკლესია შარლ X მეფობის უკანასკნელ წლებში იქნა განახლებული. ხის გუმბათი ლპობაში შესულა და, აქა-იქ, ლურჯ ცხენზე შავი ნახვრეტები ჩანს. კარიბჭის თავზე, სადაც ორღანი უნდა იდგეს, ქოროა მამაკაცებისათვის, ხვეული კიბით, ფეხქვეშ რომ ჭრაჭუნებს.
უფერული მინებიდან შემოსული დღის სინათლე მწკრივებად განლაგებულ სკამებს ალმაცერად ანათებს; აქა-იქ სკამების ზურგი ჭილობითაა ამოქსოვილი, რომელზედაც მიკრულია მსხვილი ასოებით მინაწერი: “ბ. მავანის სკამი”. უფრო მოშორებით, იქ, სადაც გასასვლელი ვიწროვდება, სააღსარებოს პირდაპირ, ღვთისმშობლის ქანდაკებაა სატინისკაბიანი, თავზე ვერცხლის ვარსკვლავებით მოქარგული ლეჩაქი ახურავს, ხოლო ლოყები სანდვიჩის  კუნძულის კერპივით აქვთ შეწითლებული; და ბოლოს, პერსპექტივს ზღედავს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ შეწირული წმ. ოჯახის ხატი, საკურთხევლის ზემოთ რომ ოთხ შანდალს შუა აღმართულა. ფიჭვის ხისგან ნაკეთები კლიროსი კი შეუღებავია. მარტო ბაზარს, ესე იგი კრამიტიან სახურავს, ოციოდე ბოძზე რომ არის დაყრდნობილი, იონვილის დიდი მოედნის თითქმის ნახევარი უჭირავს. მერია, რომელიც პარიზელი ხუროთმოძღვრის ნახაზების მიხედვითაა ნაგები, ბერძნული ტაძრისებური შენობაა და მეაფთიაქის სახლთან ერთად კუთხეს ქმნის. ქვემო სართულს სამი იონური სტილის სვეტი ამშვენებს, ზემოს კი – მრავალთაღოვანი ტალანი, შენობის გუმბათზე გალური მამალია, რომელსაც ცალ ფეხში ქარტია უჭირავს, მეორეში კი – სასწორ-სამართალი.
მაგრამ რაც ყველაზე უფრო თვალს იტაცებს, ესაა ბ-ნ ჰომეს აფთიაქი “ოქროს ლომის” სასტუმროს პირდაპირ! განსაკუთრებით საღამოს, როცა აფთიაქის კანდელი ანთებულია და მინის ორი ბუშტი, წითელი და მწვანე, წინამოს რომ ამშვენებს, მიწაზე შორს ისვრის ფერადოვან შუქს. მაშინ ამ სინათლეში, თითქოს ბენგალის ჩირაღდანია გავლებულიო, ოდნავ გამოჩანს აჩრდილი თავის მაღალ საწერ მაგიდას დაყრდნობილი მეაფთიაქისა. მისი სახლი, თავიდან ბოლომდე, აჭრელებულია ინგლისური შრიფტის, რონდოს თუ ნაბეჭდი ასოების პლაკატებით; “ვიშის, ელცის, ბარეჟის წყალი, სასაქმებელი, რასპაილის აბები, არაბული რაჰათი, დარსეს კვერები, რენიოს მალამო, სახვევი, აბაზანები, მარგებელი შოკოლადი” და სხვ. აბრას, რომელსაც შენობის მთელი წინამო უკავია, ოქროს ვარაყით აწერია: “ჰომე, მეაფთიაქე”. შემდეგ, თვით აფთიაქის სიღრმეში, დიდი სასწორის უკან, ზედ დახლზე რომ არის დამაგრებული, დამინული კარის ერთ ნახევარზე აწერია: “ლაბორატორია”, მეორეზე კი, დაახლოებით შუა ადგილას, ოქროს ასოებით შავ არეზე კიდევ ერთხელ მეორდება “ჰომე”.
ამას გარდა, სანახავი არა არის რა იონვილში. ქუჩა (ერთადერთი), რომელიც თოფის სასროლზე გრძელდება და გაშენებულია ზედ რამდენიმე დუქანი, გზის მოსახვევში ერთბაშად თავდება. იგი რომ მხარმარჯვნივ დატოვო და სენ-ჟანის ბორცვს შემოუარო, სულ მალე სასაფლაოს მიადგები.
ხოლერობის დროს, მის გასაფართოებლად გალავნის ერთი ნაწილი დაანგრიეს და მეზობლადაც სამი აკრი მიწა იყიდეს, მაგრამ ეს ახალი ნაწილი თითქმის გამოუყენებელია, ხოლო საფლავები კი ძველებურად კვლავ კარებთანაა შეჯგუფებული. სასაფლაოს მცველმა, რომელიც ამავე დროს მესაფლავეცაა და მნათეც (მკვდრებისგან რომ ამრიგად ორმაგ ხეირს ნახულობს), ცარიელი მიწით ისარგებლა და იქ კარტოფილი დათესა. გარნა, წლითი-წლობით მისი მცირე ნაკვეთი ვიწროვდება და, როცა რაიმე ეპიდემია ჩნდება, არ იცის, გაიხაროს მომეტებული სიკვდილიანობის გამო, თუ იწუხოს.
- თქვენ მკვდრებით იკვებებით, ლესტიბუდუა! – უთხრა ერთხელ ბ-ნმა მღვდელმა.
ამ შავბნელმა სიტყვამ იგი ჩააფიქრა და რამდენიმე ხნით კიდეც შეაყენა, მაგრამ დღეს კვლავ განაგრძობს თავისი ტუბერკულების მოვლასა და დამაჯერებლად ამტკიცებს, თითქოს მცენარე თავისთავად ამოდიოდეს.
იმ ამბების შემდგომ, რომლებიც აქ იქნება მოთხრობილი, იონვილში არავითარი საგულისხმო ცვლილება არ მომხდარა. რკინის სამფეროვანი დროშა კვლავინდებურად ტრიალებს სამრეკლოზე; საწვრილმანო სავაჭრო ისევ აფრიალებს ქარში ორ ნაჭერს; ჩანასახები და თეთრი აბედის კონები თანდათან ლპება მღვრიე სპირტში, ხოლო სამიკიტნოს ჭიშკრის თავზე მოვარაყებული ბებერი ლომი, წვიმებს რომ ძალზე გაუხუნებია, ძველებურად უჩვენებს გამვლელთ პუდელივით ხუჭუჭა ბალანს.
იმ საღამოს, როცა ცოლ-ქმარი ბოვარი იონვილს უნდა მისულიყო, ამ სამიკიტნოს პატრონი ქვრივი მადამ ლეფრანსუა დიდ გაწამაწიაში იყო, სულ ოფლში იწურებოდა. დაბაში ბაზრობის წინადღე იყო. ხორცი წინდაწინ უნდა დაჭრილიყო. ქათმები დაპუტულიყო, სუპი და ყავაც მომზადებულიყო. გარდა ამისა, გასაკეთებელი იყო თავისი პანსიონერების იჯრაც, ექიმის, მისი ცოლისა და მსახურის ვახშამიც. საბილიარდოში სიცილ-ხარხარი ისმოდა; პატარა სასადილოში სამი მეწისქვილე არაყს მოითხოვდა; ცეცხლი გიზგიზებდა, მუგუზალი ტკაცუნობდა, სამზარეულოს გრძელ მაგიდაზე კი, ცხვრის ხორცის უმ ნაჭერთა შორის, გორებად დამდგარიყო ერთმანეთზე შედგმული თეფშები, რომლებიც იმ ფიცრის რყევაზე ირხეოდა, სადაც მჟაუნას სისნიდნენ. ეზოში ისმოტა ტკვარცალი შინაურ ფრინველთა, მსახური რომ დასაკლავად დასდევდა.ერთი კაცი, მწვანე ტყავის ფოსტლებში ფეხწაყრილი, ოდნავ ჩოფურა და ხავერდისჩაჩიანი, რასაც ოქრომკედის ფოჩი ამშვენებდა, ბუხარზე ზურგს იფიცხებდა. მისი სახე მხოლოდ თვითკმაყოფილებას გამოხატავდა და ცხოვრებასაც თითქმის ისეთი დამშვიდებული უცქერდა, როგორც ის იადონი, მის თავს ზემოთ რომ ტირიფის ზნულს გალიაში მჯდომი ეკიდა: ეს კაცი მეაფთიაქე იყო.
- არტემიზ, - იძახდა სამიკიტნოს პატრონი ქალი, - ფიჩხი დაამტვრიე, სურები აავსე,  არაყი მოიტა, აბა ჩქარა! ის მაინც ვიცოდე, დესერტად რა მივართვა სტუმრებს, რომლებსაც შენ ელოდები! ღმერთო მოწყალეო! მეურმეებმა ისევ ასტეხეს  ღრიანცელი საბილიარდოში! მათი ურმებიც შიგ ჭიშკარშია გახიდული! “მერცხალმა” შეიძლება სულ დალეწოს იგი შემოსვლისას! პოლეტს დაუძახე, სადმე სხვაგან დააყენოს!.. გაგონილა, ბ. ჰომე, დილიდან მოკიდებული, მგონი, თხუთმეტი ხელი ითამაშეს და რვა დოქი სიდრი დალიეს!.. ვიცი, ბილიარდის საპირეს დამიხევენ, - განაგრძობდა იგი და შორიდან გასცქეროდა მათ, ქაფქირით ხელში.
- დიდი არა მოხდება რა, - მიუგო ბ. ჰომემ, - ახალს იყიდი.
- ახალი ბილიარდი! - წამოიძახა ქვრივმა.
- ეგ ხომ სულ აღარ ვარგა, მადამ ლეფრანსუა; ვიმეორებ, საკუთარ თავს აყენებთ-მეთქი ზარალს! დიდ ზარალს აყენებთ! მერმე კიდევ, ახლანდელ მოთამაშეებს ვიწრო ლუზები და მძიმე კიები მოსწონთ. ბილს უკვე აღარ თამაშობენ; მთლად გამოიცვალა ყველაფერი! დროს უნდა მისდიო! აბა, ერთი ტელიეს შეხე...
დიასახლისი ბრაზით მთლად წამოჭარხლდა. მეაფთიაქემ დაურთო:
- რაც გინდა თქვი, და მისი ბილიარდი უფრო კოხტაა; ვისმე რომ ფიქრად მოუვიდეს და პატრიოტული თამაში გამართოს პოლონეთის ან წყალდიდობით დაზარალებული ლიონის სასარგებლოდ...
- ჩვენ იმისთანა კოტრების როდი გვეშინია, როგორც შენი ტელიე ბრძანდება! – გააწყვეტინა დიასახლისმა და მხრები აიჩეჩა, - მოიცა, მოიცა, ბ. ჰომე, სანამ “ოქროს ლომი” ცოცხალია, მუშტარიც არ დაგვაკლდება. ქვაცა გვაქვს და კაკალიც! აი ნახავ, ერთ მშვენიერ დილას “ფრანგულ კაფეს” დალუქულს და მის დარაბებზედაც ლამაზ განცხადებას. ბილიარდი გამოვცვალო, - განაგრძობდა იგი თავისთვის ლაპარაკს, - ის ბილიარდი, რომელზედაც ასე მოხდენილად მიწყვია ხოლმე სარეცხი და რომელზედაც ნადირობისას ექვსი კაცი დამიწვენია ერთად!... ეს ზანტი ჰივერიც რომ იგვიანებს!
- მის მოსვლას გინდათ ალოდინოთ თქვენი პანსიონერები და მანამდე არაფერი აჭამოთ? – ჰკითხა მეაფთიაქემ.
- ვალოდინო? ბ. ბინე კი? დაჰკრავს თუ არა ექვსი საათი, იგიც შემოდგამს ფეხს, ვინაიდან მისებრ წესიერი ქვეყანას არ მოსჩვენებია. მისთვის აუცილებლად მუდამ უნდა იქნეს ადგილი პატარა სასადილოში! თავს მოიკლავს და სხვა ოთახში არ დაჯდება! მერე რა აზიზი მჭამელია! ან სიდრს როგორ აჭაშნიკებს! აბა, ბ. ლეონს კი არა ჰგავს; იგი ზოგჯერ შვიდ საათზე მოდის და რვის ნახევარზედაც. არც კი უყურებს, რას აჭმევენ, რა მშვენიერი ყმაწვილია! ერთ მაღალ სიტყვასაც არ დასძრავს.
- ხომ იცით, დიდი განსხვავებაა კარგად აღზრდილ ადამიანსა და კარაბინერად ნამყოფს, გადასახადთა ამკრეფს შორის.
საათმა ექვსი დაჰკრა. შემოვიდა ბინე.
გამხდარ სხეულზე ლურჯი სერთუკი ისე ადგა, თითქოს ჰკიდიაო; თავს ტყავის კასკეტი ეხურა, მისი ყურთასაფარველი კეფაზე ზონრით შეეკრა, წინაფრა აწეულიყო და იქიდან მელოტი შუბლი უჩანდა, ჩაქნის ტარებას რომ ნაჭყლეტი კვალი დაეტოვებინა. შავი მაუდის ჟილეტს ატარებდა, ნაქსოვ ჰალსტუხსა და რუხ შარვალს, მუდამ გაკრიალებულ წაღებს სიმეტრიულად აჩნდა ცერების ამონაბურცავი. ქერა წვერი ყვავილთა კვალის ბორდიურივით მოსდებოდა მის მოგრძო, უფერულ სახეს; თვალები წვრილი ჰქონდა, ცხვირი – კეხიანი. ბანქოს ყოველგვარ თამაშში ძლიერს, კარგ მონადირესა და კარგი ხელის მქონეს შინ სახარატო დაზგა ჰქონდა და ხელსახოცების საჭერი რგოლების კეთებით თავს ირთობდა; მთელი სახლი სავსე იყო ამ რგოლებით, რომელთა გამოხარატებაშიც ხელოვანის გულმოდგინებასა და ბურჟუას ეგოისტურ ჟინს იჩენდა.
იგი პატარა სასადილოსკენ გაემართა, მაგრამ საჭირო იყო ჯერ ის სამი მეწისქვილე გაეყვანათ იქიდან; მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ სუფრას გაუშლიდნენ, ბინე უხმოდ იდგა თავის ადგილას, ღუმელის წინ; შემდეგ მიბრუნდა, კარი მიხურა და, ჩვეულებისამებრ, კასკეტი მოიხადა.
- ეგ ქათინაურებით ენას არ გაიცვეთს, ნუ გეშინია! – თქვა მეაფთიაქემ, როცა იგი და დიასახლისი კვლავ მარტონი დარჩნენ.
- ამაზე უფრო მოლაპარაკე არასოდეს არ ყოფილა, - მიუგო დიასახლისმა, - ამ წასულ კვირას, ფართლის ორი ვაჭარი გვეწვია, ოხუნჯი, მხიარული ბიჭები იყვნენ; მთელი საღამო სულ ანეკდოტებს მიამბობდნენ, სიცილით კინაღამ მოვკვდი: ეგ კი თევზივით იყო გალუგებული, კრინტიც არ დაუძრავს.
- დიახ, - მიუგო მეაფთიაქემ, - არც ოცნების უნარი აქვს, არც ოხუნჯობა იცის, არც არაფერი ისეთი, რაც მაღალი საზოგადოების კაცს ახასიათებს.
- თუმცა, ამბობენ, ნიჭი არ აკლიაო. – შეუბრუნა სიტყვა დიასახლისმა.
- ნიჭი? – მიახალა ბ. ჰომემ, მას? ნიჭი? თავის ხელობაში შესაძლებელია. – ცოტა დამშვიდებით დაუმატა და კვლავ დაიწყო:
- აჰ, ვთქვათ, დიდი ვაჭარი, იურისკონსულტი, ექიმი თუ მეაფთიაქე რომ ისე იყოს თავის საქმეებში გართული, რომ უცნაური და უკარებელი გახდეს, ეს მესმის! ამისი მაგალითები ისტორიამ იცის! ისინი რაიმეზე მაინც ფიქრობენ. აი, მაგალითად, მე რამდენჯერ დამმართნია, რომ რეცეპტის დასაწერად კალამი მაგიდაზე მიძებნია, იგი კი თურმე ყურს უკან მქონდა გაჩრილი!
ამასობაში მადამ ლეფრანსუა კარს მიდგა, დავინახო, მოდის თუ არა “მერცხალიო” და უეცრად შეკრთა. ვიღაც შავადჩაცმული სამზარეულოში შეამოვიდა. ბინდბუნდში კიდევ გაარჩევდი მის ღაჟღაჟა სახესა და ათლეტურ აგებულებას.
- რას ინებებდით, ბ. მოძღვარო? – შეეკითხა დიასახლისი და ბუხრიდან თითბრის ერთ-ერთი შანდალი ჩამოიღო, გამირზე რომ სვეტებივით იყო გამწკრივებული, - იქნებ რასმე მიირთმევდით? ტკბილნახადს ან ჭიქა ღვინოს?
მღვდელმა მეტად თავაზიანაი იუარა. იგი თავისი ქოლგის წასაღებად მოვიდა, ამას წინათ რომ ეჩნემონის მონასტერში დარჩენოდა, და მადამ ლეფრანსუას სთხოვა, ამ საღამოსვე საეკლესიო სახლში გამომიგზავნე როგორმეო, თვითონ კი ეკლესიაში გაეშურა, სადაც უკვე მწუხრისას რეკავდნენ.
 
როცა მისი ფეხის ხმა მიწყდა, მეაფთიაქემ კვლავ ენა აიდგა და მღვდლის საქციელი საძრახისად მიიჩნია. მღვდლის მიერ ერთ ყლაპ ღვინოზე უარის თქმა საშინელ ფარისევლობად ეჩვენა; ყველა მღვდელი ფარულად ლოთობს და იმ დროების დაბრუნებას ნატრულობს, როცა ეკლესიას მეათედი ეძლეოდაო.
დიასახლისი მღვდელს გამოექომაგა:
- ეგ მღვდელი თქვენისთანას ოთხს შეჰკრავს. შარშან ჩვენს ბიჭებს ჩალის აკონვაში შველოდა, ერთბაშად ექვს-ექვს კონას იღებდა, ძალიან ღონიერი ვინმეა!
- ვაშა! – წამოიძახა მეაფთიაქემ, - ახლა ინებე და მაგისთანა გოლიათს ჩვენი ქალიშვილები გაუგზავნე სააღსარებოდ! მე რომ მთავრობა ვიყო, თვეში ერთხელ სისხლს გავუღებდი ყველა მღვდელს. დიახ, მადამ ლეფრანსუა. ყოველ თვე ერთი კაი გაღება სისხლისა, პოლიციის ინტერესებისა და კეთილზნეობის თვალსაზრისით!
- გაჩუმდით, ბ. ჰომე! თქვენ ურჯულო ხართ! სარწმუნოება არ გაგაჩნიათ!
მეაფთიაქემ მიუგო:
- მე მაქვს სარწმუნოება, ჩემი სარწმუნოება, და უფრო მეტიც, ვიდრე სხვებს, მთელი მათი პირმოთნეობითა და ჯამბაზობით. პირიქით, მე მიყვარს ღმერთი! მე მრწამს არსი უზენაესი, შემოქმედი; ჩემთვის სულ ერთია, როგორიც უნდა იყოს იგი; მე მრწამს იგი, ვინც გაგვაჩინა და ამქვეყნად მოგვავლინა, რათა პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობანი მოქალაქისა და ოჯახის მამისა; მაგრამ საამისოდ მე როდი მესაჭიროება ეკლესიაში სიარული, იქ ვერცხლის თეფშებზე მთხვევა და საკუთარი ჯიქით იმ ერთი მუჭა თვალთმაქცების სუქება, ვინც ჩვენზე უკეთ იკვებება! ვინაიდან ღმერთი შეგიძლია ადიდო აგრეთვე ტყეშიც, მინდორშიც და ეთეროვანი ცის გუმბათის ჭვრეტითაც, ვით ჩვენი ძველები შვრებოდნენ. ჩემი ღმერთი არის ღმერთი სოკრატესი, ფრანკლინის, ვოლტერისა და ბერანჟესი! მე მომხრე ვარ სავოიის ქორეპისკოპოსის სარწმუნოებისა და 89 წლის უკვდავი პრინციპებისა! მე არ მრწამს ღმერთი – მოხუცი, თავის ბაღჩაში რომ ყავარჯნით დასეირნობს, თავის მომხრეებს დასაძინებლად ვეშაპის მუცელში გზავნის, კივილითა კვდება და მესამე დღეს დგება. ყოველივე ეს თავისთავად უაზრობაა და, სხვათა შორის, სრულიად ეწინააღმდეგება ფიზიკის ყოველგვარ კანონს; ამასთანავე, იგი გვიმტკიცებს, რომ ხუცები მუდამ
 
უხეშ უმეცრებაში იყვნენ ჩაფლულნი და მოსახლეობასაც იქით მიათრევდნენ.
- გაჩუმდა და თვალით გარშემო მსმენელებს ეძებდა, ვინაიდან, გატაცების დროს, თავი ერთი წუთით მუნიციპალურ საბჭოში ეგონა, მაგრამ სამიკიტნოს დიასახლისი როდიღა უსმენდა. ყური ურმის შორეული ხრაგუნისთვის მიეპყრო. მალე სულ ახლოს გაისმა ურმის ხმა, ავარდნილი ნალის ჭახუნი და “მერცხალიც” ზედ კარებთან გაჩერდა.
ეს იყო ყვითელი დიდი კოლოფი, უზარმაზარ რგოლებზე შედგმული, რომლებიც დილიჟანსის სახურავს უსწორდებოდა, მგზავრებს გზის  დანახვას უშლიდა და მხრებსაც ტალახით უთხუპნიდა. ვიწრო ფანჯრების პაწია მინები ეტლის მოძრაობისას საბრალოდ ლახლახებდა ჩარჩოებში და ძველ მტვერს ზემოდან, აქა-იქ, ტალახით იყო გაგოზილი, რაც ქარიშხლის წვიმებსაც კი სავსებით ვერ ჩამოერეცხა. შიგ სამი ცხენი იყო შებმული, ეტლი დაღმართში საცოდავად ლახლახებდა და ძარათი მიწას ეხებოდა.
იონვილის რამდენიმე მოქალაქე ეკიპაჟს გარს შემოეხვია; ერთბაშად ალაპარაკდნენ, ახალ ამბებს, ცნობებს ეკითხებოდნენ, თავიანთ ბარგს ეძებდნენ; ჰივერმა აღარ იცოდა, ვისთვის ეპასუხნა; მხოლოდ იგი ასრულებდა ქალაქში დაბის მცხოვრებთა დავალებას. სავაჭროებს დაუვლიდა, მეწაღეებისთვის ტყავის ხვეულები მოჰქონდა, მჭედლებისთვის – რკინა, თავის მიჯნურისთვის ხან ერთი კასრი თევზი, ხან ახალმოდის ქუდი, ხანაც პარიკმახერის ნაკეთები კულულები. ქალაქიდან დაბრუნებისას, გზადაგზა, ამანათებს არიგებდა, ზოგჯერ პირდაპირ ეზოში გადაისვრიდა, ღობეს გადაღმა, კოფოზე ზეზე იდგა და ხმამაღლა გაჰკიოდა, ცხენები კი ამასობაში თავისთავად მიდიოდნენ.
დღეს ერთმა გარემოებამ დააგვიანა: მადამ ბოვარის მეძებარი მინდორში გაიქცა. მთელი მეოთხედი საათის განმავლობაში ეძახდნენ და უწრუწუნებდნენ; ჰივერიც კი ასე ნახევარ ლიეზე უკან დაბრუნდა, იქნებ სადმე თვალი მოვკრაო, მაგრამ იძულებული შეიქნა გზა განეგრძო. ემა ტიროდა, ჯავრობდა, ამ უბედურებას შარლს აბრალებდა. ერთი მეფართლე, ბ. ლერე, რომელიც
 
იმავე ეტლით მგზავრობდა, ათასნაირი მაგალითით ცდილობდა ენუგეშებინა, რომ დაკარგულ ძაღლებს ხშირად რამდენიმე წლის შემდგომ უცვნიათ თავიანთი პატრონებიო. ასეთ ძაღლებს შორის, - ამბობდა იგი, - ერთი თურმე კონსტანტინეპოლიდან პარიზს დაბრუნებულა. მეორეს ორმოცდაათიოდე ლიე გაუვლია და ოთხი მდინარე გაუტოპავს; მამამისსაც ჰყოლია ერთი პუდელი, რომელიც თორმეტი წლის დაკარგული ყოფილა და ერთ მშვენიერ საღამოს უეცრად ზურგზე შეხტომია, როცა სტუმრად წასული მამა ქუჩაში მიდიოდა თურმე.

??????