აბაშიძე გრიგოლ
გაზიარება

ცოტნე დადიანი 

წინასიტყვა

ცოტნე დადიანისა და კოხტისთავის შეთქმულთა თავგადასავალი იმდენად მოკლედაა ნაამბობი „ქართლის ცხოვრების“ ქრონიკაში, რომ, ცდუნებას ვერ ვძლიე და, მთელი ეს ეპიზოდი ეპიგრაფად წავუმძღვარე წინამდებარე წიგნს.

გმირობისა და ზნეობის ამ იშვიათი წყაროს შეხსენება მკითხველისათვის ჩვენ არაერთხელ მოგვიხდება და ამიტომაც ვცანით საჭიროდ, თავფურცლად დართვოდა იგი ამ წიგნს.

მონგოლთა უნაპირო იმპერიისაგან ქართველთა განდგომის გაბედულ ცდას იმ დროს დიდი გამოძახილი ჰქონია და, ამის მოწმობა შემოგვინახა ყარაყორუმის კარზე მყოფმა იტალიელმა მისიონერმა, წმინდა ფრანჩესკო ასიზელის სიყრმის მეგობარმა პლანო კარპინიმ.

უცხო წყაროთაგან კოხტისთავის შეთქმულების კიდევ ერთი ბუნდოვანი ანარეკლი გვაქვს სომხურ მატიანეში.

ეს არის და ეს! ქართველი ხალხის ცხოვრების წიგნის ამ ულამაზეს ფურცელს მეტი არც დამმოწმებელი ჰყავს, არც უარმყოფელი.

„ქართლის ცხოვრების“ ამ მომხიბლავი მოთხრობის კითხვისას, ალბათ, ბევრს აღძვრია სურვილი მოეთხრო იგი ვრცლად და დაწვრილებით, ყველა სახისა და დეტალის სრულად გადმოცემით.

ამ სურვილით მეც დიდხანს ვიყავი შეპყრობილი, მაგრამ, როცა ცოტნეს თავგადასავლის ვრცლად და ჩემებურად მოთხრობისათვის თავი მზად ვიგრძენი, ჩემს წინაშე დადგა ამოცანა _ მეჩვენებინა გმირი მისი ადამიანობის ყველაზე დიდი გამოცდის ჟამს.

ამ გადაწყვეტილებამ მიკარნახა ჩემს მოთხრობაში მთავარი ადგილი დამეთმო ცოტნეს ბავშვობისა და ყრმობისათვის, იმ სოციალური გარემოსათვის, რამაც მისი ხასიათი ჩამოაყალიბა და მომავალი გმირი თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადასადგმელად მოამზადა.

დანარჩენი მასალიდან ყველაფერი, რაც ამ ამოცანის ამოხსნისას სამსახურს ვერ გამიწევდა, ჩემს მიერ უგულებელყოფილი აღმოჩნდა. ფაქტებისადმი ამგვარი მიდგომა იმანაც განაპირობა, რომ დავაჟკაცებული ცოტნე იმ დროში და იმ ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა, რომლებზედაც ვრცლად მოგვითხრობს „ლაშარელა“ და „დიდი ღამე“.

„ცოტნე“ „ლაშარელასა“ და „დიდი ღამის“ გაგრძელებაა, ტრილოგიის მესამე წიგნია და, ამიტომ იყო, რომ გმირის სიჭაბუკისა და სიმწიფის ხანაში მომხდარი ამბების მოკლედ და ისიც რეტროსპექტულად გადმოცემა ვიკმარე.

ცოტნეს ბედსა და თავგადასავალზე დაფიქრებამ, ბუნებრივია, კოხტისთავის შეთქმულების მარცხის მიზეზების კვლევა და მოღალატის ძიებაც ჩამაგონა.

საქმეს ის ართულებს, რომ მემატიანის მიერ ჩამოთვლილი ყველა შეთქმული კოხტისთავის ეპიზოდის შემდეგაც აგრძელებს მატიანის ფურცლებზე ცხოვრებას და არც ერთის მიმართ ჟამთააღმწერელი, გადაკრული ნათქვამითაც კი, არ ცდილობს ჩვენი ეჭვის აღძვრას. მაინც მათი ცხოვრება და მოღვაწეობა რომ უფრო ღრმა და საგანგებო დაკვირვების საგნად მექცია, მათგან უფრო ღირსეულნი ცალკე გამოვყავი და თითოეულს ცალ-ცალკე ნოველა თუ ისტორიულ-მხატვრული ესსე მივუძღვენი.

ამ წიგნს იმის პრეტენზია არა აქვს, შეავსოს ჟამთააღმწერლის მიერ კონსპექტურად გადმოცემული ცოტნეს თავგადასავლის ყველა ხარვეზი, სრულად აღადგინოს და აჩვენოს, „თუ როგორ მოხდა სინამდვილეში ყველაფერი“.

ჩემი ამოცანა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, განსაზღვრული იყო და, თუ ეს წიგნი ამ ამოცანას პასუხობს, ჩემს შრომას გამართლებად ესეც ეყოფა.

„..ამათ შფოთთა შეკრბეს ყოველნი მთავარნი საქართველოსანი კოხტას თავსა, იმერნი და ამერნი: ეგარსლან, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყუარყუარე, კუპრი შოთა, თორღაი, ჰერ-კახნი, ქართველნი, თორელ-გამრეკელი, სარგის თმოგუელი, მესხნი და ტაოელნი. და ყოველნი იტყოდეს: „რა ვყოთ? აღარა არს ნათესავი ქართველთა მეფეთა, რათა წინამძღუარ გუექმნას და ვბრძოდით თათართა, და ჩუენ ერთი-ერთისაგან განდგომილ ვართ, ვერ წინააღვუდგებით თათართა. და იგინი ბოროტად გუაჭირვებენ ესეოდენ, რომელ ყოველთა წელთა ალმუთს წარვალთ ჭირთა და ყოველთა ღუაწლთა შემთხუევად. არა არს ღონე, დაღათუ უმეფო ვართ, არამედ შევკრბეთ ყოველნი, და ვბრძოდით თათართა“. დაამტკიცეს ომი და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა, და განიყარნეს. უშორეს მყოფნი აფხაზნი, დადიანი ცოტნე და ბედიანი, კაცი კეთილი და სრული საღრმთოთა და საკაცობოთა, და რაჭის ერისთავი, _ ესენი ყოველნი წარვიდეს კაზმად. ვითარ ესმა თათართა ერთგან შეკრება ქართველთა, წარმოვიდეს ბიჩუ და ანგურგ და მივიდეს კოხტას თავსა, დახუდეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი, ლაშქარი გაყრილ იყო, და ვერღარა წინააღუდგეს, და წარასხეს ქუეყანასა ანისისასა, ადგილსა, რომელსა ეწოდების შირაკავანი. ხოლო ვითარ მიიწივნეს ჩარმაღან ნოინს წინაშე, რქუა: „რა არს შეკრება თქუენი, უკეთუ არა იქმთ განდგომილებასა?“ ხოლო მთავარნი მიუგებდეს: „არა განდგომად შევკრბით, რათა განვაგოთ საქმე თქუენი და ხარკი განგიჩინოთ“, რომელსა _ იგი უწოდეს ხარაჯად. ესე რა ესმა, არა სრულიად ირწმუნა, და ბრძანა განძრცვა ყოველთა. მხართა შეკრვა ყოველთა, სიცხესა შინა შიშველთა მოედანთა ზედა დასხდომა, და ყოველთა დღეთა, ჰკითხავდის მიზეზსა შეკრებისასა, და უკეთუ არა აღიარონ ჭეშმარიტი, სიკუდილსა მისცენ ყოველნი ესე ზემოხსენებულნი მთავარნი. ხოლო იგინი დაამტკიცებდეს, „რათა განვაჩინოთ ხარაჯა“ და ამას ჰყოფდეს მრავალ დღე, რამეთუ არ არწმუნებდეს.

და ვითარ მოეახლა პაემანი, მოვიდა დადიანიცა ცოტნე ლაშქრითა, მათდა ადგილსა, რომელ არს რკინის-ჯუარი, შორის სამცხისა და ღადოსა, და ვითარ აუწყეს წარსხმა ყოველთა მთავართა საქართველოსათა ანისად, და შეკრებულთა ყოფა სატანჯველთა შინა ბოროტთა ვითარ ესმა, მწუხარე იქმნა უზომოდ, და თვისად სიკუდილად და სირცხვილად შერაცხა საქმე იგი. და წარავლინა ლაშქარი თვისი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თვისისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა, რომელსა იტყვის: „უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თვისი მოყუასისა თვისისათვის“, რომელ ყო პატიოსანმაცა ამან კაცმან ცოტნე სათნოება მაღალი და განსათქმელი, საქმე საკვირველი და ყოვლისა ქებისა ღირსი. განვლო სამცხე და ჯავახეთი და მივიდა ანისსა.

რამეთუ ქალაქად შესრულ იყვნენ ნოინნი, და ესე წარჩინებულნი მოედანსა შინა დაკრულნი მხრითა, შიშველნი მსხდომარე იყვნეს. ვითარ იხილნა ცოტნე წარჩინებულნი, ესრეთ უპატიოდ მსხდომარენი და სიკუდილად განწირულნი, გარდახდა ჰუნისაგან და დააბნია სამოსელი თვისი, განშიშულდა და შეიკრნა მხარნი და დაჯდა წარჩინებულთა თანა და ვითარ იხილეს თათართა, განკვირდეს და მსწრაფლ აუწყეს ნოინთა, ვითარმედ: „ცოტნე დადიანი მოვიდა ორითა კაცითა, და განიძარცუა სამოსელი თვისი და შეკრული დაჯდა ქართველთა თანა“. რამეთუ კეთილად მეცნიერნი იყვნეს ცოტნესი, რომლისათვის განკვირდეს თათარნი და წინაშე მათსა მოუწოდეს და ჰკითხვიდეს მიზეზსა მუნ მისვლისა მისისასა.

ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ: „ჩუენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანება თქუენი აღვასრულოთ, _ ესე იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძვირის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე; რამეთუ თვინიერ ჩემსა არარა უქმნიეს, უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“. და ვითარ ესმა ესე ცოტნესგან ნოინთა, განკვირდეს სათნოებისათვის მისისა და თქუეს: „ვინათგან ნათესავნი ქართველთანი ესოდენ კეთილ არიან და არა განცრუვდებიან, რომელ აფხაზეთით მოვიდა კაცი, რათა დადვას სული თვისი მოყუარეთათვის და არა განცრუვნეს, ესრეთ განწირა თავი თვისი სიკუდიდ, _ არა არს სიცრუე მათ შინა და ამის ძლით უბრალოდ ეპოვებთ. ამისთვის განუტეოთ ყოველნი“.

მდინარის პირას, მინდორზე ყმაწვილი ციცინათელას მისდევდა.

დაქანცული ციცინათელა ოდნავღა ბჟუტავდა, აღმადაღმა მიქანაობდა და, სადაც იყო, ახლადგათიბულ ბალახში ჩავარდებოდა.

ყმაწვილს მუხლი დაღლოდა და სული ყელში მობჯენოდა.

ციცინათელა ბუჩქთან დაეშვა. ბიჭუნა ზედ გადაეფარა, ფრთხილად აიყვანა, ქუდში ჩააგდო და გაიქცა.

თივის ბულულზე ძიძა მიწოლილიყო, კალთაში გოგონა უჯდა და უნანავებდა.

ბიჭუნამ ბულულთან ჩაიჩოქა, ქუდში ხელი ჩაჰყო, ციცინათელები ბღუჯად ამოიყვანა და გოგონას თმაზე დააყარა.

_ როგორ გაგაბრწყინა, თამარ! ვარსკვლავებით მოჭედილ ცასავით განათდი! _ გაიხარა გადიამ, ბიჭუნას ხელი მოჰხვია და მიეალერსა:

_ მოდი, ბატონიშვილო, მოდი, თოლიგე!

ბატონიშვილი გამდელს მიეკრა, თავით მის მკერდს მიეყრდნო და ძილმოპარული თვალით ცას ახედა.

_ როგორი მოჭედილი ცაა! რამდენი ვარსკვლავია! _ აღმოხდა ბატონიშვილს.

_ აბა, თუღა გახსოვს, ცოტნე, გაიმეორე:

ბჟა დია ჩქიმი,

თუთა მუმა ჩქიმი,

ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი

და დო ჯიმა ჩქიმი...

ყმაწვილმა ლექსი სხაპასხუპით გაიმეორა.

_ მე რომელი მურიცხი ვარ, უდუ-გადია? _ იკითხა ყრმამ და ცას მიაშტერდა.

_ შენა? შენ, აი, ის ვარსკვლავი ხარ, შენს სწორა რომ ანათებს.

_ ჩემი დაი, ჩემი დაიკო რომელიღაა?

_ თამარი? შენს გვერდით რომ ბრწყინავს, შენთან რომ სულ ახლოს არის!

სადღაც მყვარი აყიყინდა. უმალვე ბაყაყების მთელი გუნდი აჰყვა და მყუდრო ღამე უცებ ახმაურდა.

ნიავი ახლად გათიბულ თივის სურნელს ჰფანტავდა, საამოსა და მომთენთავს.

თამარის თმებში ციცინათელები ბჟუტავდნენ და ძილმოპარულ გოგონას თვალი ეხუჭებოდა.

ბჟა დია ჩქიმი,

თუთა მუმა ჩქიმი,

ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი

და დო ჯიმა ჩქიმი*...

ჩურჩულებდა ცოტნე და მოჭედილ ცას თვალს არ აშორებდა.

მინდორზე თხუთმეტიოდე წლის ბიჭი გამოჩნდა.

_ გუგუტა! მომეხმარე! _ ხმადაბლა მიმართა უდუმ. ბიჭი დაიხარა, მიძინებული თამარი აიტაცა და მკერდზე მიიხუტა.

გადიამ ცოტნეს ჩაჰკიდა ხელი და ოთხივენი სინათლით გაჩახჩახებულ სასახლისკენ წავიდნენ.

კავკასიონის მაღალ კლდეზე მიჯაჭვული ცოტნე თავჩაქინდრული თვლემს. თვალმიხუჭულს ტუჩზე ღიმილი დასთამაშებს. ძვალსა და ლბილში კარგა ხნის ჩასული ჯაჭვი სხეულის ნაწილად ქცეულა, შეჩვევია და აღარ აწუხებს. რკინა ადრინდებურად ცივი აღარ არის, ისიც სხეულივით გამთბარა, ეს სითბო თავით ფეხებამდე უვლის კლდეზე დაბმულს და სიამით თენთავს.

გალეულა, დამდნარა ცოტნეს სხეულს შეხორცებული, ძვლებამდე დასული ჯაჭვი. დაუსრულებელი ტანჯვა, ბოლოს, ნეტარებად ქცეულა და კავკასიონის მაღალ კლდეზე მიჯაჭვული გმირი ახლა იმას ფიქრობს, სულ გაილევა თუ არა ეს ჯაჭვი, მართლა დაიმსხვრევა და მოსცილდება თუ არა უხსოვარი დროიდან შესისხლხორცებული რკინა. მაგრამ ჯერ გაწყვეტამდე კიდევ ბევრი უკლია ჯაჭვს. ამასობაში დიდი ხუთშაბათიც დადგება, მჭედლები გრდემლებზე უროს დასცხებენ და ჯაჭვი ისევ გაივსება, გამსხვილდება და გამთელდება.

მანამდე კი მისი არსებობის განუყრელ ნაწილად ქცეული, ტანზე სუროსავით შემოხვეული ჯაჭვი ათბობს და სიამის ჟრუანტელით ავსებს კლდეზე დაბმულს.

უცებ ცამ გრიალი მოიღო.

ცოტნემ თვალი გაახილა.

თენდება. მზის პირველი სხივები კავკასიონის თოვლიან მწვერვალებს გაეთამაშა და დაბლა, მიწაზე უზარმაზარი ჩრდილი დაეცა.

ის ჩრდილი ნელა წამოვიდა რწევითა და ტორტმანით და კლდეზე მიჯაჭვული მიხვდა, არწივი მოფრინავდა მისი ღვიძლის საკორტნად.

ერთ დროს იმ არწივის მოლანდებაც კი შიშის ზარსა სცემდა, მაგრამ იმის შემდეგ უთვალავმა საუკუნემ ჩაიარა და არწივის მიერ გულ-ღვიძლის ძიძგნა ჯერ ჩვეულებად, ხოლო შემდგომ და შემდგომ მოთხოვნილებად ექცა.

ცოტნე მის მოახლოებაზე ძრწოლვის მაგივრად სიხარულს გრძნობს და ღვიძლის გლეჯის სიამის განცდით წინასწარ ტკბება.

მიჯაჭვულმა თვალები დახუჭა.

არწივი მხარზე დააჯდა, გუშინდელი ნაკორტნი მოძებნა, ნაჭრილობევი ბრჭყალებით გახსნა და სისხლს დაეწაფა.

სვამს და სვამს სისხლს არწივი. ცოტნე გრძნობს, როგორ მიდის სისხლი მისი სხეულიდან და ამ სისხლთან ერთად ძალ-ღონეც როგორ მიიპარება, როგორ ერევა ნეტარების მომგვრელი სისუსტე და როგორ თანდათან ეკარგება აღქმის უნარი.

მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ ტკივილის ნაცვლად რაღაც საამო თრობა თუ გაბრუება ეუფლება. ეს განცდა ჯერ კიდევ ასაკში შეუსვლელ, სიცოცხლის სიამეთა განუცდელ ყრმა ცოტნეს არსებაში ერთადერთი უმაღლესი ნეტარების გახსენებას იწვევს და სიზმარში უცებ ყველაფერი იცვლება. აქამდე რომ კლდეზე მიჯაჭვულ ამირანად ხედავდა თავის თავს ცოტნე, ახლა ჩვილ ბალღად ქცეულა და დედის ძუძუს ჩაკვრია. დედის რძე საამო სითბოთი უვსებს სხეულს ძუძუსჩაკრულ ბიჭუნას. მას ამ ქვეყნისა სხვა აღარაფერი ესმის, თავადაც იმ ძუძუს ნაწილად ქცეულა და ნეტარებით დამათრობელი სითხე გამაბრუებლად გადადის ერთი სხეულიდან მეორეში.

უცებ დედა შეინძრა.

მარტო დედა კი არა, დედამიწა იძრაო, ისე მოეჩვენა პატარა ცოტნეს, ძუძუს მოსწყდა და ნეტარ სიზმრებში წასულ ყრმას გაეღვიძა:

თენდებოდა.

ლოგინიდან ჩიტივით წამოფრინდა ყმაწვილი. ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა და ოთახიდან გავარდა.

გარეთ, კარის ეკლესიის ეზოში მოძღვარი ეგულებოდა.

ივლიანე მოძღვარი მამლის ყივილზე დგებოდა და ყოველ დილას ხედავდა, როგორ ფრთების ტყლაშუნით მიფრინავდა არწივი კავკასიონის შორეულ მწვერვალებისაკენ კლდეზე მიჯაჭვული ამირანის გულ-ღვიძლის საჯიჯგნად.

აგერ, რამდენი წელიწადია ივლიანე მოძღვარი გატაცებით უყვება თავის მოწაფეს ცოტნე ბატონიშვილს კლდეზე მიჯაჭვული გმირის კეთილშობილებისა და კაცთმოყვარეობის, მისი დაუსრულებელი ტანჯვის სიამედ ქცევის ამბავს.

_ უდიდესი ბედნიერება ის ბედნიერებაა, როცა ადამიანისათვის ტანჯვის სიმწარე სიამედ იქცევა. წამება კი მაშინ იქცევა სიამედ, როცა უკიდურესობამდე მისულ გამაბრუებელ ტკივილს ადამიანი ეჩვევა და ღრმად იმსჭვალება იმის შეგნებით, რომ კაცობრიობის სიკეთისათვის, სამშობლოსა და კაცთა მოდგმის ბედნიერებისათვის იტანჯება.

ამირანს მხოლოდ იმიტომ მიუსაჯეს სატანჯველი ღმერთებმა, რომ მან ადამიანებს ცეცხლი მოუტანა და ამით უკვდავი ღმერთების ქმნილებანი _ კინაღამ იმავე ღმერთების სწორი გახადა.

ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს გულ-ღვიძლის მკორტნელი არწივი. ეს არწივი სამშობლოსა და ხალხისათვის ზრუნვა, ადამიანის უკეთესი მომავლისათვის გამუდმებული ფიქრია და ვისაც ეს ფიქრი არ აწუხებს, იგი კაცის სახელის ღირსიც არ არის, _ არაერთხელ უთქვამს ფიქრში წასულ ივლიანეს ცოტნესათვის, მაგრამ მოძღვარს უმალვე მოწაფის ასაკი ახსენდებოდა, ღრმააზროვან მსჯელობას სწყვეტდა და ცოტნესაც და თავის თავსაც ბოდიშს უხდიდა.

_ შენ ჯერ ვერ გაიგებ ამას, ყრმა ხარ, უასაკო, ოღონდ ეს იცოდე, ქრისტეცა და ამირანიც ჩვენი სიკეთისათვის ეწამენ და შენც მათ უნდა მიბაძო, ჩვენი ქვეყნისა და ადამიანების სიკეთისათვის უნდა დასდო თავი, თუ უფალი ამის ღირსად გცნობს. როცა ამას შესძლებ, ის არწივი შენთანაც მოფრინდება, რომ შენი გულ-ღვიძლი ჰკორტნოს და სხვათათვის მიუწვდომელი სიამე განგაცდევინოს. მე ეს ვერ შევძელი, ბატონიშვილო, მაგრამ შენ უნდა შესძლო, შენ ვალდებული ხარ სამშობლოსა და სარწმუნოების წინაშე!

ამირანის ამბავს ნაირნაირად მოუთხრობდა მოძღვარი ოდიშის მთავრის მემკვიდრეს.

_ აი, იმ ორთავიან მწვერვალს ხედავ? _ იტყოდა ივლიანე და, თვალზე ცალხელმოჩრდილებული, მეორე ხელს კავკასიონის მწვერვალისაკენ გაიწვდიდა.

_ ვხედავ, მოძღვარო, _ თავის ქნევით უდასტურებდა ცოტნე და შუაზე გაპობილ თოვლიან მწვერვალს თვალმოუშორებლად გაჰყურებდა.

_ ამბობენ, მაგ მწვერვალზე მიაჯაჭვეს ამირანი ღმერთებმაო. იმასაც იტყვიან, ჯერ რკინის პალოზე დააბეს, მერე ზემოდან მთა დაჰხურესო. არც ეგ ადგილია აქედან შორს, აბრსკილის გამოქვაბულს ეძახიან. ახლაც ირწმუნებიან, რომ სწორედ იმ გამოქვაბულშია რკინის პალოზე დაბმული ამირანი.

უცხო-უცხო ფერადოვნებით გამუდმებულად მონათხრობმა ამირანის ამბავმა, მოუწყინარმა შეგონებამ, რომ ყველა ჭეშმარიტი ვაჟკაცი ხალხისა და სამშობლოსათვის უნდა ეწამოს, უკვე გონებაში ჩავარდნილ ყმაწვილს ოცნებად უქცია კავკასიონის ორთავიანი მწვერვალისა და აბსრკილის ქვაბების ნახვა.

ფიქრითა და ოცნებით ძილგატეხილი ცოტნე თვალს გვიან ხუჭავდა და გვიან იღვიძებდა. თავზე რომ მზე დაადგებოდა, თვალს მაშინ ახელდა და მამლის ყივილზე წამომდგარ ივლიანე მოძღვრისაკენ გარბოდა, რომ ერთხელ მაინც დაენახა ამირანის გულ-ღვიძლის საძიძგნად კავკასიონისკენ მიმქროლავი არწივი.

მაგრამ მშიერი არწივი ოდიშზე მზის ამოსვლამდე გადაიფრენდა ხოლმე და გვიან ამდგარი ცოტნე ამაოდ ელოდა მის გამოჩენას.

ახლა ნეტარი სიზმარი, ძუძუს მოწყვეტამ რომ დაუფრთხო და გაეღვიძა, პირველად დაასწრო მზის ამოსვლას, ფეხზე წამოხტა და კარის ეკლესიისკენ გავარდა.

ივლიანე მოძღვარს ცისკრის ლოცვა დაესრულებინა, ეკლესიის ეზოში გამოსულიყო და ხელპირდაბანილი შეჭაღარავებულ შავ წვერს ივარცხნიდა.

ცოტნეს ძიძიშვილ გუგუტას მოძღვრისათვის წყლის დასხმა მოეთავებინა, ცალ ხელში თუნგი ეჭირა, მხარზე პირსახოცგადაკიდებული შორიახლო იდგა, მოძღვარს რაღაცას უამბობდა და ორივე გულიანად იცინოდა.

ივლიანემ ფეხის ხმაზე პირი ცოტნესკენ იბრუნა.

_ ბატონიშვილს ვახლავარ! დღეს კი ხარ ვაჟკაცი, ადრე ადგომა გინებებია! _ ივლიანე მთავრის მემკვიდრეს მიეგება, პირჯვარი გადასახა და ეამბორა.

_ არწივი! ამირანის არწივი! _ აღმოხდა უცებ გუგუტას.

სამივემ თავი ცისკენ მოიღერა.

უზარმაზარი ფრთების ქნევით ხომალდივით სწრაფად მიცურავდა ცაში არწივი.

_ სწორედ ის არის! _ დაადასტურა გუგუტას ნათქვამი ივლიანე მოძღვარმა, _ იქით მიფრინავს.

თვალს არ აშორებდნენ ისარივით სწორად და სწრაფად მიმქროლავ ფრთოსანს.

_ მშიერია, ჩქარობს. ახლა ნამდვილად ჰგავს ფრინველთა მეფეს და ლამაზიც არის. უკან როცა ბრუნდება ხოლმე, გამაძღარია და კმაყოფილი, დამძიმებული ზანტად მოიზლაზნება, თითქოს ფრენა მოსწყინდა და ცხოვრება ეზარებაო, _ თქვა ივლიანემ და თვალი თავზეგადაქროლებულ არწივს გააყოლა.

გაბუტულივით ტუჩგაბუსხულ გოგონას სარკმლიდან მომდგარი მზის სხივები დაეცა.

გრძელი წამწამები შეერხა. პატარა ფუნჩულა ხელი მომუშტა და თვალები მოისრისა.

მერე მოპირდაპირე კედელს გახედა. ანგრეულ საწოლზე არავინ იწვა.

თამარი დაჩვეული იყო, როგორც თვალს გაახელდა, იმ ლოგინიდან მისი ტყუპის ცალი ცოტნე ღიმილით წამოწევდა ხოლმე თავს, თვალებზე აფარებული ხელის თითებშუა გამოხედავდა და დაუძახებდა:

_ ჭიტაა!

რაკი ძმა ხმას არ სცემდა და არც არსად ჩანდა, თამარს სახე მოეღრუბლა და თვალზე ცრემლი მოადგა.

_ გაადიიაა! _ გასძახა გულაჩუყებულმა.

ხმა არავინ გასცა.

ნაწყენი ლოგინზე წამოჯდა და ატირდა.

ოთახში უდუ შემოვიდა. სანდომიან გამდელს ყველაფერი უცინოდა, ჭაღარაცა და თაფლისფერი თვალებიც, ფართო შუბლიც და ფეროვანი ლოყებიც.

_ გაიღვიძე, გადია გენაცვალოს? _ მიეყვავილა მტირალ ბავშვს, _ შენს თვალებზე ცრემლს რა უნდა, თოლიგე! მოგიკვდეს ჩემი თავი!.. _ მოეხვია და გულამომჯდარი გოგონა გულში ჩაიკრა.

_ ცოტნე სად არი? _ იკითხა თამარმა.

_ ბატონიშვილი დღეს ადრე ადგა.

_ უჩემოდ ადგა და გაიპარა, არა?

_ არა, თოლიგე, სად უნდა გაპარულიყო?

_ თბილისს ვაპირებდით გაპარვას, იქ დიდ თამარს უნდა ვხლებოდით; ცოტნე და გუგუტა თამარის ლაშქარს შეუერთდებოდნენ და საქართველოს მტრებს შეესეოდნენ, _ თამარმა ხმას დაუწია, _ რა ხანია, საიდუმლოდ ვემზადებოდით გასაპარად. ყოველღამ, შენ რომ გგონია, ბავშვებს უკვე სძინავთო, თვალდახუჭული, თავმომძინარებული ვუცდით ხოლმე შენს გასვლას. როგორც კი ჩაგვკოცნი და ფეხაკრეფით გახვალ, ცოტნე თვალს დაჭყიტავს, ჩემ ლოგინთან მოდის, სასთუმალთან ჩამომიჯდება და სულ იმას ვოცნებობთ, როგორ გავიპაროთ.

_ შენ სადღა უნდა გაიპარო, ჩემო ანგელოსო, შენც ომში უნდა წახვიდე?

_ არა, მე თამარის კარზე დავრჩები, დედოფლის ამალაში.

_ ოო, ეს ცუდად როდი განგიზრახავთ, მაგრამ მე რას მიპირებთ? მე არ წამიყვანთ?

_ შენა? შენზე არ გვიფიქრია... ვეტყვი და შენც წაგიყვანთ. აბა, უშენოდ როგორ წავალთ... ცოდვა ხარ.

_ მარტო როგორ გავძლებ უთქვენოდ... აბა, ახტი, გენაცვალე, ჩავიცვათ და ცოტნე მოვძებნოთ.

_ თუ გაპარულია?

_ დავეწიოთ და დავაბრუნოთ.

_ ოღონდ, დედას არ გავაგებინოთ.

_ არა, ნუ გავაგებინებთ, _ იცინოდა ბავშვის ტიტინით გახარებული გადია, გოგონას თავს დასტრიალებდა, ტანთ აცმევდა და კოცნიდა.

ჩაიცვა თუ არა, თამარი ოთახიდან შურდულივით გავარდა. ჩვეულება დაარღვია, დიდი ქალბატონის საწოლში დილა-მშვიდობის სათქმელად და საამბორებლად არ შევიდა, ეზოსკენ დაეშვა და გაიქცა.

გადია მისდევდა, მაგრამ ვერ ეწეოდა.

თამარი თვალების ცეცებით გარბოდა.

შინაყმები გზას უთმობდნენ, თავს დაბლა უხრიდნენ და უღიმოდნენ.

ცოტნე ეზოში არ ჩანდა. უნდოდა შეჰკითხოდა ვისმე, ხომ არ გინახავთო, მაგრამ საიდუმლოს გამჟღავნებისა ეშინოდა, ხმის გაუცემლად მსახურებს წინ გაურბენდა და აწყვეტილი თიკანივით მიხტოდა.

_ თამარ! მომიცადე, დავიღალე... _ მისძახოდა გადია, მაგრამ თამარი სირბილს უფრო უმატებდა.

ბოლოს, ეზო რომ თითქმის გაირბინა და თვითონაც დაიქანცა, საგონებელში ჩავარდნილი შეჩერდა.

_ ქაჯი ხარ, გოგო კი არა, _ საყვედურით მიუახლოვდა გამდელი, _ გული ამომივარდა ამდენი სირბილით...

აქოშინებული გადია სულს ძლივს ითქვამდა. გაფითრებული თამარის გვერდით დაეშვა და კუნძზე ჩამოჯდა.

_ უი, რატომ არ გამახსენდა, თეთრონით აპირებდა წასვლას. თუ თეთრონი საჯინიბოში არ არის, წასულა!

_ აგერ, ცოტნეს თეთრონი! _ ხელი გაიშვირა გამდელმა.

მეჯინიბეს თეთრი ულაყი მოჰყავდა. ნესტოებდაბერილი კვიცი თვალების ფეთებით, თამაშ-თამაშით მოდიოდა. იტყოდი, მიწას ფეხს არ აკარებსო.

_ ცოტნე ბატონიშვილი არ გინახავს, ოტია? _ გასძახა გადიამ.

_ არა, ბატონო, არ მინახავს, _ უპასუხა მეჯინიბემ, თავი დახარა და წელში მოღუნული მიესალმა:

_ დილა მშვიდობისა!

_ მე ვიცი, სადაც იქნება! _ წამოიძახა უცებ ფიქრში წასულმა თამარმა, _ მოძღვართან იქნება, მამა ივლიანესთან.

თამარმა გადიას ხელი ჩაჰკიდა, გამდელი წამოდგა და მიჰყვა.

_ რაც ეგ მოძღვარი გამოჩნდა, აღარავინ ვახსოვართ, გული სულ მისკენ მიუწევს.

_ ოო, ეგ კარგია, თოლიგე! ყრმას რომ მწვრთნელი უყვარს, ბედნიერებაა. საღვთო სჯულს ისწავლის, ქვეყნის ავ-კარგს გაიგებს. მემკვიდრე ბატონიშვილი განათლებული და მცოდნე უნდა იყოს, რომ მეფის კარზე გამოჩნდეს და სახელმწიფოს საქმეები განაგოს.

_ საღვთო სჯულს სულ არ ასწავლის მამა ივლიანე. ბერძენთა და ლათინთა ზღაპრებს, მეფეებისა და ომების ამბებს უყვება და მერე იმის მონაყოლს მე მიამბობს ხოლმე... შუაღამემდე არ მაძინებს.

_ ეგეც საჭიროა ბატონიშვილისათვის, რომ დავაჟკაცდება, მეფეებთან და მთავრებთან უნდა იტრიალოს, ომიც ბევრი უნდა გადაიხადოს და განსაცდელიც მრავალი უნდა ნახოს.

აღმართი აათავეს და მამაკაცის როხროხი მოესმათ.

_ მაგას რას ბრძანებთ, გუგუტა ბატონო! რაც დედამიწის ზურგზე ხალხია, ყველა ქართულად როგორ ილაპარაკებს! _ სიცილით ამბობდა სამფეხა სკამზე ჩამომჯდარი ივლიანე.

მოძღვარს ხელში ჯოხი ეჭირა და მიწაზე რაღაცას ხაზავდა.

კარის ეკლესიის გვერდით, ჩრდილში ისხდნენ ივლიანე მოძღვარი, გუგუტა და ბატონიშვილი. მოძღვარს ანაფორის კალთები მუხლებზე აეკეცა, ჯოხს მიწაზე დაატარებდა და ომახიანად მეტყველებდა:

_ დედამიწაზე, როგორც ბუნებაა ნაირნაირი, ისე ხალხები და ენებიც ნაირნაირია. ყველა ხალხს თავისი ენა აქვს ერთმანეთისაგან განსხვავებული.

_ მერე ერთიმეორეს როგორ აგებინებენ? _ იკითხა გუგუტამ.

_ ერთმანეთის ენას სწავლობენ. ვინც მეტი ენა იცის, მას მეტ პატივსა სცემენ. აი, ცოტნე ბატონიშვილმა ბერძნული ხომ იცის! სპარსულსა და არაბულსაც შევასწავლი და დიდი თამარის კარზე რომ მოხვდება, სირცხვილს არ სჭამს. განათლებულ მეფეებს იმას არ ათქმევინებს, ოდიშის მთავარს უწვრთნელი შვილი ჰყოლიაო.

_ სულ რამდენი ენა არის ქვეყანაზე? _ იკითხა სმენად ქცეულმა ბატონიშვილმა.

_ ბევრი. რამდენი ერიც არის, იმდენი ენაა.

_ ერი? ერი რამდენიღა არი?

_ მაგას ვინ მოსთვლის, ბატონიშვილო! ზოგი ერი მრავალრიცხოვანია, დედამიწის დიდი ნაწილი უპყრია და მის ენაზე ურიცხვი ადამიანი ლაპარაკობს. მაგრამ სულ მცირე ერებიც არიან. მე თვითონ მინახავს: კავკასიონის მთებში, ზოგიერთ პატარა სოფელში იმისთანა ხალხი ცხოვრობს, რომლის ენაც იმ სოფლის იქით, მთელ დედამიწის ზურგზე არავის ესმის.

ყმაწვილები მიწაზე ჯოხით გამოყვანილ ნახაზს დაჰყურებდნენ: ოსტატს ქვიშაზე ორი ზღვა მოეხაზა, შუაში მათ თავზე სქელი დაკლაკნილი ხაზი გაევლო.

_ ზღვა რამდენიღა არის ქვეყანაზე, ოსტატო? ზღვაც ბევრია?

_ ბევრი?.. არც ისე ბევრია, თითებზე ჩამოითვლება. იმ ზღვათაგან ორი საქართველოს სამეფოს ეკვრის, _ მოძღვარმა ჯოხით ორი ზღვის შუა წრე მოხაზა, _ დასაბამიდან ჩვენი მოდგმა დასავლეთით შავ ზღვას იყო მიბჯენილი. ჩვენი წინაპრები სულ იმას ცდილობდნენ, აღმოსავლეთით კასპიის, ანუ გურგენის ზღვას მისწვდომოდნენ და ორ ზღვას შუა გაეშალათ მხრები. ქართველთა ეს საუკუნო ნატვრა ახლა ისხამს ხორცს, ჩვენს თვალწინ. მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა საქართველოს ძლიერი სახელმწიფო შექმნა, ღონემოცემული ქართველობა ერთნაირი დაჟინებით მიიწევს აღმოსავლეთითა და სამხრეთით. ჩრდილოეთით ჩვენი ბუნებრივი საზღვარი კავკასიონის ქედია, _ ივლიანემ სქლად დაკლაკნილ ხაზს გააყოლა ჯოხი, _ თუ აღმოსავლეთითაც ასეთივე ბუნებრივ საზღვრად კასპიის ზღვა დავიდევით, ამის შემდეგ გამრავლებულსა და გაძლიერებულ ქართველთა მოდგმას შორს გაწევისა და მიწა-წყლის გაფართოებისათვის სამხრეთიღა რჩება.

_ შავი ზღვა მარტო ჩვენია, ქართველების? _ იკითხა ისევ გუგუტამ.

_ არა, შავი ზღვა ბერძნებისა და მრავალთა სხვათა კუთვნილებაც არის.

_ სხვათა კუთვნილება რად უნდა იყოს, ზღვა ხომ ჩვენს ნაპირთან არის?

_ ეგრე და უმეტესად სხვათა ნაპირთანაც არის შავი ზღვა, ადრე ჩვენი ნაპირი უფრო მცირე იყო, მაგრამ იმის შემდგომად, რაც ღვთივგვირგვინოსანმა თამარმა თავისი სამეფო განავრცო და გააძლიერა, საქართველოს წილმა ნაპირმა იმატა და ახლა ტრაპეზუნდამდე და სინოპამდე აღწევს ჩვენი ზღვა.

_ ეგ შორს არი?

_ შორს არი, ძალიან შორს, აი თითქმის აქამდე. _ მოძღვარმა ჯოხით საქართველოს სამხრეთით შავი ზღვის სანაპიროს მოზრდილი ნაწილი შემოხაზა.

_ ეს მიწა-წყალი სულ ლაზებით არის დასახლებული. ლაზებს ენაც ჩვენი აქვთ და ზნე-ჩვეულებაც, მაგრამ მათი სამკვიდრო ანგარ ბერძნებს ჰქონდათ მიტაცებული. მეფეთ მეფე თამარმა წაართვა ბერძნებს ჩვენი სანაპირო და ახლა ბაგრატოვანთა ნათესავი კომნიანოსი ზის ტრაპიზონის ტახტზე კეისრად.

_ ეს მეორე ზღვა? _ ახლა ცოტნემ იკითხა და აბრეშუმის ჭიის მსგავსად მოხაზულ მიწის მონაკვეთს დააცქერდა.

_ ეგ ზღვა უმთავრესად სპარსელებისაა, თუმცა ერთი ნაწილი საქართველოს ტახტის ერთგულ შირვანშაჰებს უპყრიათ. დადგება დრო და ეგ ზღვაც მთლიანად ჩვენი იქნება. სპარსეთი დასუსტებულია და ქართველთა წინააღდგომის ღონე აღარა აქვს. ამიტომ დალაშქრეს ეგრე ძლევამოსილად ყაზვინი და რომგური მხარგრძელებმა და შენმა დიდებულმა მამამ. დახე, რა გზა გაიარეს!

ივლიანემ ქართველთა ლაშქრის მიერ განვლილი გზა ქვიშაზე გრძელი ხაზით გამოსახა.

_ ეს ქალაქებიც ძალიან შორს არის! აგერ, რა ხანია, გამარჯვების მახარობელი მოვიდა ხორასნიდან. თვეზე მეტია ველით ღვთივბედნიერად შემოქცეულთ და თბილისს მხოლოდ ამ ერთი კვირის წინ მოსულან.

მიწას ჩაშტერებულმა გუგუტამ თავი ასწია და თვალით ცოტნეს რაღაც ანიშნა.

ცოტნე მიწაზე გახოხდა. ბალახის ღერზე ასული ჭიამაია ფრთხილად აიყვანა, ხელისგულზე დაისვა და დააცქერდა.

მოძღვარმა ბატონიშვილის უყურადღებობა შენიშნა, შუბლი შეიკრა და დადუმდა.

_ ფრინდი-ფრინდი, მაია, ხვალ თუ კარგი დარია! _ ხმადაბლა იმეორებდა ლექსს ცოტნე და ხელისგულზე მიმღოღავ ლამაზ მწერს სახეგაბრწყინებული დაჰყურებდა.

_ ფრინდი-ფრინდი, მაია! _ ბუტბუტებდა ცოტნე, მაგრამ ჭიამაია ფრთების გაშლას არ ჩქარობდა.

_ აი, სად ყოფილან! _ გაისმა გადიას ხმა და ცოტნე შეკრთა. თამარისა და გამდელის დანახვაზე ბატონიშვილს თვალები გაუნათდა, მინდვრის ყვავილების კონას დასწვდა და მათკენ წავიდა.

_ რა ხანია გეძებთ! სად დაგვეკარგე, არც პირი დაგიბანია, არც საუზმე მიგირთმევია.. _ საყვედურით მიმართა გადიამ.

ცოტნე გამდელს ყურს არ უგდებდა, განზე გამდგარი თამარისკენ ფრთხილი ნაბიჯით მიდიოდა, წინგაშვერილ ხელისგულზე ჭიამაია დაესვა, მეორე ხელში ყვავილები ეჭირა და იმ ხელს ჭიამაიას ზემოდან აფარებდა, რომ უცებ არ გაფრენოდა.

თამარი მისკენ არ იხედებოდა.

ცოტნე მივიდა, ლოყაზე აკოცა და ორივე ხელი გაუშვირა.

_ დახედე!

გაბუტული გოგონა ჯიუტობდა, მისკენ თავის მობრუნებას არ აპირებდა.

_ შენია! ეს ყვავილებიც შენთვის დავკრიფე!

_ რატომ მეც არ გამაღვიძე? _ წყენით თქვა თამარმა და ძმაზე გულმობრუნებულმა თავიც მიიბრუნა.

უცებ ცხენის ფეხის ხმა მისწვდათ.

_ მოდიან... მოდიან... _ გაისმა ძახილი.

ცხენოსანმა გაქაფული ლაფშა ჭიშკართან მოაგდო, დაიქვეითა და ეზოში შემოსულმა ხმამაღლა დაიძახა:

_ დიდი მთავარი მობრძანდება!

ეზო-კარში ერთი გნიასი ატყდა.

სამზადიდან და მარნიდან, თორნიდან და საჯინიბოდან მსახურნი და შინაურნი დაფეთებულნი გამოცვივდნენ. იქაურობა აჩოჩქოლდა და აფორიაქდა. შეიქნა ერთი ძახილი და მოხმობა, წინ და უკან სირბილი, გაქცევა და გამოქცევა.

მთავრის მეუღლე ნათელა თავდაუბურავი გამობრძანდა აივანზე, მაცნედ დაწინაურებული მთავრის მხლებლისაგან ქმრის მოახლოების ამბავი მოისმინა, მახარობელი საჩუქრებით აავსო და სწრაფადვე შინ შებრუნდა.

მთავრის მეუღლე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი იყო. სანატრელი შერგილის დაბრუნებას ასე უეცრად არ ელოდა და ახლა მისი შეხვედრის მოლოდინით აღელვებულს გული საგულეში აღარ უდგებოდა.

ფარეშები თავს დასტრიალებდნენ, ჩქარობდნენ, ჩაცმასა და დავარცხნას შველოდნენ. მაგრამ ნათელა ვერ ისვენებდა, თვალი და ყური ჭიშკრისკენ ჰქონდა, ეშინოდა, ამდენი ხნის უნახავ ქმარს კოხტად ჩაუცმელ-დაუხურავისთვის არ მოესწრო.

ქალბატონი წარბ-წამწამს ისწორებდა, სარკეში იცქირებოდა და თან განკარგულებებს იძლეოდა, ბავშვებისთვის ტანთ რა ჩაეცმიათ, მთავარს წინ ვინ შეგებებოდა, სუფრა სად გაეშალათ, ნამგზავრთათვის სამწყურვალოდ რა მიერთმიათ და სტუმრად ვინ მოეპატიჟნათ.

ნათელამ ერთხელ კიდევ შეავლო თვალი სარკეში თავისთავს და საკუთარი მშვენიერებით კმაყოფილი საწოლიდან გამოვიდა.

გამდელმა კოხტად დავარცხნილი, სადღესასწაულოდ გამოწყობილი ბავშვები წარუდგინა.

დედამ ტყუპებს მიუალერსა, ჩაცმულობა მზრუნველად გაუსინჯა, ჩაჰკოცნა, შუაში ჩაუდგა და მათთან ერთად კიბეზე დაეშვა.

ცხენების თქარათქურის ხმა მოახლოვდა.

ფართოდ გაღებულ ჭიშკარში ცხენდაცხენ შემობრძანდა მთავარი. მსახურები აღვირსა და უზანგს ეცნენ. შერგილი უნაგირიდან გადმოეშვა, დაიქვეითა, წინ მიგებებულ კარის მოძღვარს თავდახრილი მიუახლოვდა და ლოცვა-კურთხევა მიიღო.

ის იყო მოძღვრის ხელის სამთხვევად დაიხარა, რომ კალთაზე ბალღები აეკვრნენ.

_ მამა! მამილო!

_ ამიყვანე, მამიკო!

ხელს ხვევდნენ და ფეხებში ებლანდებოდნენ ბავშვები.

შერგილი დაიხარა, ცალ-ცალი ხელით ძლივს აიყვანა ქალ-ვაჟი და გულში ჩაიხუტა.

ბავშვები ეკვროდნენ, კოცნიდნენ. გულაჩუყებულ ბუმბერაზს თითქოს ეშინოდა, ხელიდან არ გამივარდესო, ბალღები მკლავებში ჰყავდა მოქცეული. ხელებს ვერ ითავისუფლებდა, ტყუპებს თავითა და პირისახით ელამუნებოდა, კოცნიდა და საალერსო სიტყვებს ებუტბუტებოდა.

გულზე ბალღებახუტებული მიეახლა მეუღლეს, ბავშვები ძირს ჩამოსვა და თუმცა ცოლის მოხვევა გულით უნდოდა, ხალხში თავშეკავებულად მიესალმა, მხოლოდ მხარზე ეამბორა.

სახლობა თბილისიდან ჩამოყოლილ სტუმრებს წარუდგინა და ცოლ-შვილით წინ დაიძრა.

ახლობლებსა და შინაურებს დანატრებული, ყველას გულითადად ესალმებოდა, ხელს ართმევდა, ზოგს ეხვეოდა და ჰკოცნიდა, მარჯვნივ და მარცხნივ თავს უკრავდა და ღიმილს აფრქვევდა.

იმ დღეს ღარიბთა და ქვრივ-ობოლთათვის უამრავი საბოძვარი გასცეს მთავარმა და მისმა თანამეცხედრემ.

საკლავი უანგარიშო დაიკლა და სეფაში გრძელი სუფრა გაიშალა. მთავარი თავს ძალას ატანდა, იცინოდა და ენაწყლიანობდა, რომ თავისიანებს მხიარული ჩვენებოდა. ისე კი, თავის ტკივილი აწუხებდა, თვალი უბრჭყვიალებდა და ტანში უჩვეულო სიმხურვალეს გრძნობდა. მოყვარული ცოლის თვალს რა დაემალებოდა და, ნათელას პირველი შეხვედრისთანავე არ ეჭაშნიკა ქმრის წამოწითლებული სახე და ამღვრეული თვალები.

მერე და მერე, სუფრაზე გვერდით მჯდარ ქმარს რომ რამდენჯერმე ნებსით თუ უნებლიეთ შეეხო, მისი სხეულის უჩვეულო სიმხურვალემ შეაკრთო.

ძილადმიდრეკილივით თავს ძლივს იკავებდა მთავარი, ცდილობდა, სუფრაზე გამართულად მჯდარიყო, მაგრამ ვერ ისვენებდა, ბორგავდა და ხვნეშოდა.

ნათელა შეშფოთებული შეჰყურებდა, ჩვეულებრივ, ლხინის სულსა და გულს, დარდიმანდობით ცნობილი შერგილის უცნაურ ქცევას: სახეშეცვლილი იჯდა მთავარი, იცინოდა, მაგრამ უფრო მოწყენილსა ჰგავდა, ხუმრობდა და არ გამოუდიოდა.

_ შეუძლოდ ხომ არ ბრძანდები, ბატონო? _ წასჩურჩულა ნათელამ სადღეგრძელოს სათქმელად ფეხზე წამომდგარ მთავარს.

_ უღონოდ ვარ, ალბათ, გრძელი გზის ბრალია, _ ნაძალადევად გაუღიმა შეწუხებულ მეუღლეს შერგილმა.

მთავარმა სადღეგრძელო ენის ბორძიკით თქვა მოკლედ და სასმისი დაცალა.

დაჯდა თუ არა, თავბრუს ხვევამ უმატა.

ერთხანს არ იმჩნევდა, ლხინის გაუგემურება არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს თავის ტკივილი მიეძალა და გულის რევა ვეღარ შეიკავა. ბოდიშით წამოდგა, ახლავე მოვალო, წაიდუდუნა და გავიდა.

შეშინებული ნათელა უკან მიჰყვა ქმარს.

გულის რევამ დედის რძე აღარ შეარჩინა შერგილს.

შუბლზე ჭირის ოფლი გადასდიოდა ფერდაკარგულსა და ღონეგამოცლილ მთავარს.

ავადმყოფი ლოგინში დააწვინეს და ექიმები იხმეს.

ჯერ საჭმელს დააბრალეს, ნამდვილად რაღაცამ აწყინაო.

ორ დღეს ნაწყენს მკურნალობდნენ, მაგრამ წამლებმა ვერა არგეს რა.

გულს ისევ აზიდებდა, ძვლებში ამტვრევდა და სიცხე უმატებდა, ვიღაცამ თქვა, გათვალულიაო.

მაშინვე გამომლოცველები მოუყვანეს.

ჩოქვით უარეს ყელზე ღვლეჭმობმულებმა, სლოკინითა და მთქნარებით ულოცეს, მაგრამ ვერც ამან უშველა.

მეოთხე დღეს მთელ სხეულზე შავად გამოფინა მთავარს.

_ ნამდვილად ბატონებია, ან სხვა რამ გადამდები სენი, ბავშვები მოარიდეთ, თქვენც ნუ მიეკარებით, _ დაარიგეს ექიმებმა მოუცილებლად სნეულის თავთან მოფუსფუსე ნათელა.

იმ დღესვე ორივე ბავშვი გამდელითურთ ქუთაისს გახიზნეს ნათელას მშობლებთან და სატახტოში კაცი აფრინეს.

დიდად შეაწუხა თურმე ცოტნეს ნათლია _ გულმოწყალე თამარი რომგურის გმირისა და მისი ტახტის ერთგული მთავრის ავადმყოფობის შეტყობამ, მაშინვე სამეფო კარის მკურნალი გაგზავნა ოდიშს. ნათელა ძვირფასი საჩუქრებით მოიკითხა და ნუგეშის წერილიც მოაყოლა.

მეფის მკურნალს სხეულის დანახვისთანავე ეცვალა ფერი.

_ სწორედ ის არის, რისიც მეშინოდა, _ განაცხადა საგონებელს ჩავარდნილმა. _ ირანიდან მობრუნებულ რამდენიმე მხედარს ქართლსა და კახეთშიაც გამოაჩნდა ეს სნეულება. უცნობი სენია და წამალი არა უდგება რა.

შეშფოთებულ მთავრის მეუღლეს მკურნალმა ცალკე გაანდო, _ სნეულება გადამდებია, მომვლელის მეტი არავინ მიეკაროსო. ნათელა ქმრის მოვლას არავის უთმობდა. ძალით გამოიყვანეს ავადმყოფის ოთახიდან, მაგრამ იქაურობას მაინც არ გაშორდა. დღენიადაგ კართან იდგა მოყურადებული და ღამეებს თეთრად ათევდა.

სნეულს თავის ტკივილი არ ეხსნებოდა. მერე ის იყო, თვალები აეწვა საშინლად, სინათლეს ვეღარ იტანდა და შუქს თვალს ვეღარ უსწორებდა.

ერთთავად თვალდახუჭული არც არაფერს ნატრობდა, არც ვისმეს ნახვის სურვილს აცხადებდა.

იწვა სიცხისაგან მივარდნილი და სნეულებასთან ბრძოლის ხალისს აღარ ამჟღავნებდა.

ერთ დილას თვალი გაახილა და ვერაფერი დაინახა.

_ როდის გათენდება, ექიმო, ეს ღამე რა გაუთავებლად გაგრძელდა! _ ხმადაბლა თქვა შერგილმა.

_ დიდი ხანია გათენებულია, მთავარო!

_ მერე რატომ ვერაფერს ვხედავ? _ მთავარს ხმაში შეშფოთება შეეტყო.

მკურნალი წამოდგა, ავადმყოფთან დაიხარა და დააკვირდა.

_ თვალი თითქოს გახელილი მაქვს...

_ გახელილი გაქვთ, მთავარო, ორთავ თვალი.

_ მერე რატომ ვერაფერს ვხედავ?

_ მე ვერ მხედავთ?

ღია კარში შეშინებული ნათელა იდგა.

_ ვერც თქვენს მეუღლე ქალბატონს ხედავთ?

_ ვერა, ვერც შენ გხედავ, ვერც მეუღლეს... ვერც ვერაფერს... ნუთუ... ნუთუ დავბრმავდი?! _ აუკანკალდა ხმა მთავარს და ბაგეები სატირლად აუთამაშდა.

_ მაგას რას ბრძანებთ, მთავარო! ცოტა ხნით, ალბათ, ბინდი გადაგეფარათ და გაგივლით, _ ანუგეშებდა ექიმი, მაგრამ თავის ნათქვამისა თვითონ არ სჯეროდა და შეშინებული დაჰყურებდა ბინდგადაკრულ, უაზროდ მზირალ თვალებს.

მთავარმა ერთი ყრუდ დაიგმინა, საბანი თავზე წაიხურა და ოთახში დაგუბული ქვითინი გაისმა.

ორი კვირის თავზე ავადმყოფს სიცხემ უკლო, ნელ-ნელა მოხედვა დაეტყო და ექიმებს იმედი მიეცათ.

გახარებულ მკურნალებს ის ადარდებდათ, სნეულს რომ თვალში ნათელი არ უბრუნდებოდა, მაგრამ ავადმყოფს ძველებურად ამხნევებდნენ, დრო გავა, თვალი დაგიბრუნდებაო. შერგილსაც სჯეროდა და სამზეოსა და ცოლ-შვილის დანახვას მონატრებული, გაორკეცებული ძალით ებრძოდა სნეულებას.

თითქოს ყველაფერი უკეთესობისაკენ იწყებდა შემობრუნებას დადიანების ოჯახში.

მაგრამ ერთ დღეს ნათელამაც ვეღარ აიტანა სხეული ლოგინიდან. გულის რევა და თავის ტკივილი ცუდად ენიშნათ ექიმებს. ეჭვი მალე დადასტურდა, მთავრის მეუღლეს ქმრის სენი აღმოაჩნდა.

დედულში გახიზნულ ბატონიშვილებს გუგუტაც თან ახლდა.

ნათელას ძმის მამულები გელათის ახლო იყო. ბაღ-ვენახებით დაფარული ფერდობები, მწვანე მინდვრები და ქოჩორა ტყეებიანი გორაკები ბავშვებს სულ თავისკენ იზიდავდნენ და შინ გული არ უდგებოდათ. ცოტნესა და თამარის ძიძიშვილი უკვე ჭკუაში ჩავარდნილი ყმაწვილი იყო. მთავრის შვილების გულისათვის წყალში ჩადგებოდა გუგუტა. მასავით ერთგული ბატონიშვილებს სხვა არავინ ჰყავდათ და ამიტომ, როცა ბავშვები მასთან ერთად ეგულებოდათ, უფროსები არხეინად იყვნენ.

ეზოში რომ ბავშვებს თვალს ვერ მოჰკრავდნენ, ჯერ გუგუტას მოიკითხავდნენ, ბატონიშვილებთან ერთად არისო, შეიტყობდნენ და დამშვიდებულნი ძებნას ეხსნებოდნენ.

გუგუტას დედა რომ დადიანების სახლში მოიყვანეს, გუგუტა სამიოდე წლისა იქნებოდა. უდუს მაშინ ძუძუთა ბავშვი ჰყავდა. მთავრის ტყუპებს დედის რძე არ ჰყოფნიდათ და გუგუტას მომდევნო დის ძუძუს მოზიარეები გახდნენ. გუგუტა ჯერ იმოდენა არ იყო, რომ შინ უდედოდ დაეტოვებინათ. ამიტომ ისიც თან მოჰყვა დედას და მთავრის სახლში ბატონიშვილებთან ერთად ცხოვრობდა. საკუთარ ქალ-ვაჟსა და ძიძიშვილებს ერთმანეთში არ არჩევდნენ შერგილი და ნათელა. ბავშვები აკვნიდანვე შეეჩვივნენ და შეეთვისნენ ძიძიშვილს. პატარა თამარი უიმისოდ ფეხს არსად დგამდა და გუგუტასაც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა მთავრის ასული. ძიძიშვილი ყველაფერი იყო თამარისათვის, ძმაცა და მზრუნველიც, მსახურიცა და მფარველიც. გუგუტა ბატონიშვილებზე სამიოდე წლით უფროსობას იფერებდა და მათთან თავი მოზრდილივით ეჭირა.

უკვე ცამეტი წლის გუგუტას თავის სიჭაბუკის აღიარებად მიაჩნდა ბატონიშვილების ხლება, მთავრის ოჯახისაგან ესოდენ დიდი ნდობის გამოცხადება. თავისი ასაკისა და ამ ნდობის შეგნებამ პასუხისმგებლობა გაუორკეცა, ბატონიშვილებს აჩრდილივით თან დასდევდა, მათ სიმშვიდეს დარაჯობდა და მათი სურვილის ასრულებას ვერავინ ასწრებდა.

სოფლის ლაღმა შვილმა მარტო გამოქვაბულები და ჩიტის ბუდეები კი არ იცოდა, ზღაპრების გუდა მუდამ სავსე ჰქონდა და, ყველა შესაფერის შემთხვევაში, რუსთაველის სტრიქონებს იმოწმებდა.

_ გუგუტა, ზღაპარი გვიამბე! _ შეეხვეწებოდა ძილის წინ თამარი და ცოტნეც მხარს აუბამდა.

_ გუგუტა, აი ის გვიამბე მარგალიტის ცრემლებისა.

გუგუტა ბევრს არ ახვეწნინებდა. _ იყო და არა იყო რა, იყო შაშვი მგალობელი... მოჰყვებოდა გატაცებული და მსმენელებსაც იტაცებდა იმ ზღაპრული ქვეყნებისაკენ, სადაც უძლეველი გმირები ცხრათავიან დევებს ამარცხებდნენ, ნაცარქექიები ქვას წვენს ადენდნენ და მზეთუნახავი ასულები ხალიჩებით ცაში დაფრინავდნენ.

ფერიცვალება დღეს მარუშიანთა ოჯახი გელათისაკენ დაიძრა.

პატარა თამარი დილიდანვე ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ იმის შიშით, წირვაზე არ წამიყვანენ და გელათს ვერ ვნახავო, თავის ტკივილი არავის გაუმხილა.

წირვა დიდხანს გაგრძელდა. გოგონა ისედაც ფეხზე ჩამოსწყდა, თავბრუსხვევამ და ტანში მტვრევამ უმატა. გუმბათიდან მოწყალედ მზირალ ღვთისმშობელს ამღვრეული თვალებით მისჩერებოდა თამარი. სოფიის კენჭებით დახატული წმინდა ქალწული უცნაურად ქანაობდა, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და მაღლა მიშტერებული ბავშვის სიცხიანი თვალები მოუსვენრად მოძრაობდნენ. ბოლოს გულის ზიდება დააწყებინა და შუბლზე ცივი ოფლი დაასხა. აქ გული არ ამერიოსო, გაიფიქრა და ბარბაცით კარისკენ წავიდა.

უფროსებს საყდრიდან თამარის გასვლა არ შეუმჩნევიათ. მხოლოდ თვალმოუცილებლად მისკენ მზირალმა გუგუტამ დაინახა, როგორ გაჭირვებით მიიკვლევდა გზას თამარი მლოცველებში. თვითონაც უკან მიჰყვა და ტაძრის კართან ჩაკეცილ თამარს რომ წამოეწია, ბევრი არ უფიქრია, ბატონიშვილი ხელში აიტაცა და შინისკენ გააქანა.

მარუშიანთა სახლი ფეხზე დადგა.

თამარი სიცხისაგან გათანგული იწვა; გულისრევისაგან მისუსტებული თვალებს უაზროდ ატრიალებდა და ნარბენივით ქოშინებდა. აფორიაქებული ბიძა და ბიცოლა ავადმყოფის ლოგინს არ ტოვებდნენ, ერთმანეთს შეშფოთებულნი მისჩერებოდნენ და უსიტყვოდ გამოხატავდნენ უზომო შიშს რაღაც დიდი უბედურების წინაშე.

შერგილისა და ნათელას ავადმყოფობის ამბავს ყოველ დღე იგებდნენ. თამარის სნეულების ნიშნები ზედმიწევნით ჰგავდა ყოველივე იმას, რაც ოდიშის მთავრისა და მისი მეუღლის სნეულებისა იცოდნენ და, აბა, როგორ არ შეშინებულიყვნენ!

თამარს მაშინვე მოაშორეს ცოტნე და თავიანთი შვილები. ექიმები მოიყვანეს და, ჯერ კიდევ იმედიანები, ლოცვითა და ლიტანიით ავედრებდნენ უფალს უცოდველი ბავშვის განკურნებას.

მეოთხე დღეს თამარმა მოიხედა, გამოცოცხლდა და გახალისდა. მარუშიანების სახლში ისევ შუქი ჩადგა.

მეხუთე დღეს ავადმყოფს სიცხე დაუვარდა.

ექიმებმა შვებით ამოისუნთქეს, საშიში აღარაფერიაო დაასკვნეს, და ახლობლებს თამარის ოთახში შესვლის ნება დართეს.

როგორც კი ზღურბლს გადასცდა ცოტნე, თამარმა ხელები გაასავსავა:

_ ახლოს არ მოხვიდე, არ მომეკარო, თორემ ვიტირებ.

ბატონიშვილი შეცბა. დაბნეული შედგა.

თამარი მიხვდა, რომ ნათქვამი ცუდად გამოუვიდა.

_ ძალიან მომენატრე, ცოტნე, მაგრამ ახლოს მაინც ნუ მოხვალ, ჯერ სულ მორჩენილი არ ვარ და არ გადაგედოს.

ცოტნეს გაეცინა.

_ შენ არაფერი გჭირს და მე რა გადამედება, _ მშვიდად თქვა ცოტნემ და შორიახლო სკამზე ჩამოჯდა, _ მალე ფეხზე დადგები და ისევ ერთად ვირბენთ.

_ ექიმებიც აგრე მპირდებიან... რომ მოვრჩები, გელათში წამიყვან?

_ წაგიყვან, თოლიგე, შენ ოღონდ მორჩი.

_ რა ლამაზი ყოფილა გელათი! იმ დღეს კარგად ვერ მოვასწარი დათვალიერება.

_ რამდენი ხალხი იყო! შენ ადრე წამოუყვანიხარ გუგუტას და, ალბათ, არ გინახავს _ მოჰქონდათ და მოჰქონდათ საკურთხი, ეზო აივოს პურ-ღვინითა და ხილით.

_ ყურძენიც იყო?

_ კი, ყურძენიც იყო. ფერიცვალება დღეს პირველად აკურთხებენ თურმე ყურძენს და მერე შეიძლება ჭამა. რომ იცოდე, რა ტკბილი ყურძენი იყო!

_ ნეტავი, მეც გამესინჯა!

_ ძალიან გინდა ყურძენი? გენატრება?

_ ძალიან მენატრება!

_ გინდა, მოგიტანო?

თამარმა ტუჩებზე თითი მიიდო. ანიშნა, არავინ გაგვიგონოსო.

_ გუგუტას ვთხოვე და შემპირდა.

იმ ღამესვე თამარს კუჭი აეშალა და გულის რევაც ხელახლა დაეწყო.

ექიმმა სასთუმალთან დამალული ყურძნის რამდენიმე კუფხალი იპოვა და ყველაფერი იმას დაბრალდა.

შეიქნა გამოძიება.

თამარმა დამნაშავე არ გათქვა.

სამი დღე უყურეს ავადმყოფს. გამომჯობინების მაგივრად საქმე უარესობისაკენ მიდიოდა. ბოლოს ბიძამ და ბიცოლამ სხვა ვეღარა იღონეს რა და, ოდიშის მთავარს შეატყობინეს. ჯერ კიდევ ნათელას დასნეულებით გამოწვეულ ელდას არ გაევლო, რომ ქუთაისიდან თამარის ამბავი მოვიდა. როგორც ნათელას ძმის წერილიდან და ამბის მომტანის მონაყოლიდან ჩანდა, თამარიც იმავე სენით დაავადებული უნდა ყოფილიყო, რომელმაც შერგილი და მისი მეუღლე ჩააგდო ლოგინად.

თავზარდაცემულმა სიცხიანმა ნათელამ სხვა ვეღარაფერი მოიფიქრა, ქმრიან-ასულიანად ვიღუპები, მემკვიდრე ბატონიშვილს მაინც გადავარჩენო. შეუთვალა: თამარი უკანვე მომგვარეთ, ხოლო ცოტნე ახლავე სვანეთს გახიზნეთ მამიდამისთანო.

უბედურ დედას ეგონა, რაც უფრო შორს და მიუვალ ადგილს გადამალავდა შვილს, მით უფრო მიუწვდომელი და მიუგნებელი იქნებოდა ცოტნე გადამდები სენისათვის.

თამარს ურემზე დაუგეს ლოგინი და ოდიშისკენ გამოისტუმრეს, ხოლო ცოტნე ცხენზე შესვეს და სვანეთის მთებისაკენ გააქანეს.

სნეულების გადადების შიშით, და-ძმა ერთმანეთს გამოსამშვიდობებლად არ მიაკარეს, ცოტნე თამართან არ მიუშვეს და ტყუპები შორიდან ცრემლითა და ხელის ქნევით გამოემშვიდობნენ ერთმანეთს.

გუგუტა შორიახლო მოსდევდა თამარის ურემს.

_ თამარს რომ რამე მოუვიდეს, ან თავს მოვიკლავ, ან აქედან გადავიკარგები, _ უთხრა ჩურჩულით დამშვიდობებისას ცოტნეს.

დაბრმავებული შერგილ დადიანი სიკვდილს გადარჩა. სიკვდილმა მისი თანამეცხედრეც დაინდო. სამი სნეულისაგან მხოლოდ ცოტნესათვის ყველაზე საყვარელი და განუყოფლად ახლობელი დაიღუპა _ მთავრის მემკვიდრის ტყუპის ცალი, მისი სულისა და სხეულის ულამაზესი ნახევარი. ტყუპებს, საერთოდ, გამორჩევით უყვართ ერთმანეთი და, მით უმეტეს ძლიერი იყო ეს სიყვარული ყრმობის ასაკში, როცა ცოტნესა და თამარს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გამოცდილი დამოუკიდებელი ცხოვრების გემო, მოპირდაპირე სქესისაკენ სწრაფვა და სიყვარულის სიამენი.

თამარის გარდაცვალება სვანეთში გახიზნულ ცოტნესათვის არ შეუტყობინებიათ. სენის გადადების საფრთხე ჯერ კიდევ გავლილი არ იყო და მთავრის პატარა ასული ძმის დაუტირებლად დამარხეს.

ბედკრული ნათელა ჯერ კიდევ ლოგინად იყო და, დედისა და ძმის მაგივრად, თამარი უბედურმა მამამ დაიტირა. გული ეწვოდათ შერგილის საცოდაობით, ებრალებოდათ დასაკლავი ხარივით აბღავლებული ვაჟკაცი და უფლის ერთადერთ წყალობად ის მიაჩნდათ, რომ უიღბლო მთავარი ბრმა იყო და თავისი თვალით ვერ ხედავდა კუბოში მწოლარე პატარა ანგელოსს.

სახლის ამბის უცოდინარ ცოტნეს სიმშვიდე დაკარგული ჰქონდა. დედ-მამას კი დარდობდა, მაგრამ დის ჯავრი მოსვენებას არ აძლევდა. სნეულებისაგან მისუსტებული დის სახე გამუდმებით წინ ედგა და ღმერთს სულ იმას ევედრებოდა, თამარი სიკვდილისაგან ეხსნა.

მარტო ფიქრი კი არ აწუხებდა, ხორციც სტკიოდა და სხეული თითქოს შორეულად ეხმაურებოდა თავისი განაყოფი ნახევრის ტკივილს, მწარედ, მაგრამ გაუცნობიერებლად გრძნობდა რაღაც მეტად ახლობლის სამუდამოდ გაყრასა და ამ ქვეყნიდან წასვლას.

სვანეთში გახიზვნიდან ორი კვირაც არ იქნებოდა გასული, მაცნე მოვიდა ოდიშიდან. ამბის მცნობელი ცოტნეს მაშინვე განარიდეს, ბატონიშვილთან სალაპარაკოდ არ მიუშვეს. მამიდა და ბიძა ცალკე ჩაიკეტნენ და თუმცა ცოტნე იქაურობას მოაცილეს, მის ყურს შორეულად მაინც მისწვდა მამიდის მოთქმა. იმ დღეს მთავრის მემკვიდრეს განსაკუთრებული მზრუნველობითა და ალერსით დასტრიალებდნენ თავს. ეფერებოდნენ და უცინოდნენ, თუმცა, ეტყობოდათ, რომ უფრო ეტირებოდათ და მის შეხედვაზე სიბრალულის ცრემლი ეძალებოდათ.

მეორე დღეს მამიდა და ბიძა შავებში გამოეწყვნენ და ცოტნეს გამოუცხადეს _ ლეჩხუმს მივდივართ უეცრად გარდაცვლილი ნათესავის დასატირებლადო.

სატირალიდან დაბრუნებულ მამიდას პირისახე დახოკილი ჰქონდა და მოთქმით ტირილისაგან ხმაჩახლეჩილი ძლივსღა ლაპარაკობდა.

დრო გადიოდა. ცოტნეს მამის სახლში არ იბარებდნენ, უკან არ მიჰყა

??????