ქურდი
გვარიც ზედგამოჭრილი ჰქონდა: სტეფანე ჩირაძე. მისი სახე გადიდებულ ლეღვის ჩირს ჰგავდა - მორჩილს, გამხმარსა და გამოფიტულს.
სტეფანე ჩირაძე იმ საღამოსაც ისეთივე გამოვიდა სახლიდან - უფრო კი გამოეთრია - როგორც მუდამ გამოდიოდა: დახაშმული, ამრეზილი და გესლიანი.
ან რაღა ჰქონდა სახალისო! ჩირაძე ნაკაცარია. ერთ დროს ყველაფერი ჰქონდა: ატესტატი, მუნდირი, დიდი უფლება და ჯამაგირი.
ოდესღაც სამსახური სასამართლოს კანდიდატობიდან დაიწყო. ერთგული, პირნათელი და მორჩილი მოხელე გამოდგა. ამიტომ და მხოლოდ ამიტომ დაწინაურდა. მართალია, მრისხანე მოსამართლე ჩეხოვსკი დიდ მფარველობას უწევდა, მაგრამ ეს ხომ საანგარიშო არ არის, ან ვინ წასწევდა სამსახურში, თუ წყალწაღებულივით დიდ ხამორს ან ტივს არ მოეჭიდებოდა და თვითონაც ოდნავ მაინც ხელს არ გააქნევდა.
სტეფანე ჩირაძეც იქნევდა ხელს, ორივე ხელს იქნევდა - გულმოდგინედ, მარჯვედ და პირნათლად. იქნევდა და კუნძულებს ეტანებოდა. ეტანებოდა და მიატანა კიდევაც: ოცდაათი წლისა ძლივს იქნებოდა, რომ დუშეთში მოსამართლის თანაშემწედ დანიშნეს. მერმე უფრო მოზრდილ კუნძულზე გადაცურდა - ნამდვილ მოსამართლედ გადაიყვანეს თელავში. იჯდა და ასამართლებდა.
თელავიდან ქალაქამდე პატარა მანძილია. სტეფანემ ეს მანძილიც ადვილად დასძლია, ვინაიდგან პირნათლად იქნევდა ხელებს, და ნელნელა დედაქალაქში ჩამოცურდა.
ერთგული, პირნათელი და გულმოდგინე მოსამართლე იყო მეთქი ჩირაძე. ზეპირად იცოდა კანონები, სენატის განმარტებანი, სანიმუშო განაჩენები; საგულეს გულის ნაცვლად ქვის ლოდი ედო; იყო მკაცრი, ვითარცა რომაელი; მიუკარებელი ვითარცა ლორდი; მშრალი და პირქუში როგორც ათი წლის ჩირი და დინჯი, ვითარცა ბებერი კამეჩი.
ხშირად ეტყოდა ხოლმე ვექილებს:
- თქვენს თვალში ყოველი ბრალდებული ანგელოზია. ჩემს თვალში კი იგი მგელია. თუ შეუძლიან, დამიმტკიცოს, რომ მგელი კი არ არის, არამედ ანგელოზია, და მეც მშვიდობიანად გავისტუმრებ.
ბრალდებული ჩირაძეს ათასობით ჰყავდა. ყველანი უმტკიცებდნენ, რომ ანგელოზები ვართო, მაგრამ განა ჩირაძის ბრალი იყო, რომ ყველა მგლისთვის მას მგლური განაჩენი გამოჰქონდა!
- შესაძლებელია, - ამბობდა ჩირაძე, - შესაძლებელია, რომ ხუთას ბრალდებულში ერთი უდანაშაულო გაერიოს, მხოლოდ ერთი, მაგრამ ისიც უეჭველად მგლის ჯიშისა გამოდგება. შესაძლებელია, დიახ, მხოლოდ შესაძლებელია, რომ ის ერთი ხელიდან წამივიდეს, მაგრამ... - და მხოლოდ ეხლა აიწევდა და აბრგვინდებოდა ხოლმე მისი ხმა: - მაგრამ გაფრთხილდეს, მომერიდოს. ვაი იმის დედას თუ მეორეჯელ ჩამივარდა ხელში! - და ამ მუქარას ისეთი მრისხანებით იტყოდა, რომ იმ "ერთის" მაგიერ ჩირაძის მოსაუბრეს უვლიდა ხოლმე ჟრუანტელი.
- კაცო, - უთხრა ერთხელ ერთმა ვექილმა დანარჩენებს, - კაცო, მე რომ მკითხოთ ყველა პატიმრები კრავები არიან, ეს ოხერი კი მგელია იმათთან შედარებით, მგელი!
და იმ დღიდან სტეფანე ჩირაძეს თავისი ცხვირივით მიეკერა და შერჩა მგლის სახელი.
მისი გვარი თითქო დაავიწყდათ.
- სად არის მგელი? - იკითხავდნენ ხოლმე.
- ზემო დარბაზშია. - უპასუხებდნენ.
- ვინ ასამართლებს ამ ტუსაღს?
- მგელი.
- ვის ხელშია საქმე?
- მგლისა.
- ვინ დაუნიშნეს?
- მგელი.
- ვინ გამოუტანა განაჩენი?
- მგელმა.
- ვის ჩააბარეს შენი საქმე?
- იმ ოხერ მგელსა.
და ჩამოყალიბდა ვითარცა კანონი კანონთა სასახლეში: "მგელი მოდის... მგელმა სთქვა... მგელს უთხრეს... მგელი შევიდა... მგელი შეხვდა".
გამჭრიახი და მოხერხებული პატიმარი მგლის კერძი უეჭველად ავად გახდებოდა საპატიმროში, რათა მგლის კლანჭებში არ ჩავარდნილიყო. ვექილები ტვინს ილესავდნენ და ათასნაირ ხრიკს იგონებდნენ, ოღონდ მათი პატიმრის საქმე გადაედებინებინათ, რათა იგი მგლის კერძი არ გამხდარიყო.
მგელმა იცოდა, რა შიშის ზარსა სცემდა მისი სახელი ვექილებსაც და პატიმრებსაც, მაგრამ არა სწყინდა. გულში უხაროდა და ამაყობდა კიდევაც. ეს შიში სამსახურის ორთაყვირი იყო, რომელიც სანატრელ ნაპირებზე გასვლის დროს ეხმარებოდა.
ბოლოს, ერთ დილას, წყეულიმც იყოს ის საზარელი დილა! მოსასვლელი მოვიდა.
მგელი ისე არ ელოდა იმ ამბავს, როგორც მტკვრის აღმა წასვლას. კიდევ კარგი, რომ ჩირაძეს არც ერთი პოლიტიკური საქმე არ ჰქონდა გარჩეული და არც ერთი მომავალი ხელისუფალი არა ჰყავდა მომდურებული.
- საწყალი მგელი! - დაირხა აქა-იქ ჩურჩული.
- დაითხოვენ.
- გააგდებენ.
- მშიერი მოკვდება.
მაგრამ ჩირაძე არც დაითხოვეს, არც მშიერი მოკვდა. მიზეზი მხოლოდ შემდეგ გამოჩნდა: თურმე მგელს მხოლოდ ტყავი, ყურები, კბილები და გული ჰქონდა მგლისა. ის კი არავინ იცოდა, რომ თავში მელიის ტვინი ედო და კუდიც მელიისა ჰქონდა მობმული.
ამ კუდით რვა წელიწადს ათრია ჩირაძემ ცხოვრება და სამსახური. მაგრამ -
- რა ცხოვრება, რა სამსახური! - შესძახებდა ხოლმე მოსამართლე. - მგლების ხროვაში ვცხოვრობ, მგლებისა! მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ამ ტიელებს მარტო ტყავი, ყურები, კბილები, გული და მადა აქვთ მგლისა, დანარჩენი კი, ტვინი და ხასიათი, მელიისა აქვთ მეთქი, მელიისა!
მგელმა ახალმოსულთა მგლობა და მელიობა მაშინღა დაინახა, როცა ერთ დღეს - ეს დღეც დასწყევლოს უფალმა ღმერთმა! როცა ერთ დღეს ულუკმოდ და უპორტფელოდ დარჩა.
- უცნაური ხალხია! - იტყოდა ხოლმე მგელი ან გულში, ან ჩურჩულით, სანამ სამსახურში იყო. - უცნაური ხალხია, ღმერთმანი. ამათი კანონისა ვერაფერი გამიგია.
მგელი თავისთვის იღრინებოდა, მელია კი ჩინურ სათამაშოსავით იღიმებოდა, ბოლოს მისი წარსული გაიხსენეს (წინათაც იცოდნენ, მაგრამ ეხლაღა გაიხსენეს). მელიის კუდი დაუნახეს და გზა მშვიდობისა უსურვეს.
* * *
რა უნდა მომხდარიყო ამის შემდეგ, გარდა იმისა რაც მოხდა?
ბევრი არაფერი: ჩირაძე იმ მგელივით ჩამოხმა და დაიმშა, რომელიც იმ ზამთარს შუა ქალაქში შემოვარდა. მარტო რომ ყოფილიყო, როგორმე სიცივესაც გაუძლებდა და შიმშილსაც. ცოლი ქმარზე უარესად ჩამოხმა და ლოგინად ჩავარდა. ერთადერთი შვილიც ორმოცი დღის ნამარხულევს დაემსგავსა. ეხლა ისიც ავად იყო.
ეგონა, ძველი ავეჯი და ქონი ერთ წელიწადს მაინც გამაძლებინებსო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა და ჩირაძე საკომისიო მაღაზიების მუდმივ მუშტრად გადაიქცა, ერთი წელიწადი ორ თვემდის დავიდა.
მგელმა ეხლაღა მიიხედ-მოიხედა. აღარც გასაყიდი ნივთი შერჩა, არც მეგობარი, არც ნათესავი, აღარავინ და აღარაფერი, გარდა ორი მშიერი და ლოგინად ჩავარდნილი სულისა.
იმ დღეს უკანასკნელი დახარჯა: ერთი იღლია შეშა მოიტანა და ცოლ-შვილს კარტოფილი მოუხარშა. ესეც რომ გათავდა, ჩირაძის ბინაში, ერთადერთ ოთახში - ერთად შემოცოცდნენ და დასახლდნენ შიმშილი და ყინვა, კაეშანი და უიმედობა, სიკვდილის ლანდი და სასოწარკვეთილება.
იჯდა ჩირაძე კუთხეში მოდრეკილ-მოკუშული და სიცივისგან ჰკანკალებდა. ჰფიქრობდა ხელის განძრევას, გაბრძოლებას, მაგრამ აზრი დაღვრილი წყალივით ეფანტებოდა.
წამოდგა და კედლებს ეცა. ექვსადლიან ოთახში დარბოდა და ცივ შუბლს ისრესავდა. შვილი და ცოლი ნაღვლიანად შესცქეროდნენ. ვეღარ გაუძლო სტეფანემ. ჩვრად ნაქცევი ქუდი დაიგდო თავზე და გამოვიდა, გამოეთრია.
არც კი იცოდა - ვისთან, რისთვის, და რა იმედით მიდიოდა, გარეთ იმიტომ გამოვიდა, რომ შინ ჯდომა აღარ შეეძლო, რომ დარჩენილიყო, აყვირდებოდა, ატირდებოდა. რამდენჯერმე შხამიანმა აზრმა გაჰკრა: ორივეს დავხოცავ და მეც გავყვებიო. და რათა არ დაეხოცნა და თვითონ აზრიც კი ამოეგდო თავიდან, ისევ ქუჩაში ხეტიალი ამჯობინა.
ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია და მოდის. ოდნავ ჟინჟღლავს და ცივი ქარი ჰქრის. მობუზული მგზავრები სწრაფი ნაბიჯით მიდიან. შური ღრღნის ჩირაძეს. "ყველას ელის თბილი ოთახი, - ჰფიქრობს თავისათვის, - ოთახი და მხიარული ოჯახი. ყველა მაძღარია, ან ეხლა გაძღება, მე კი..."
აკვირდება და ხედავს: ბევრნი მიდიან ჩირაძესავით დაკონკილები და მობუზულები, მრავალნი დგანან აქა-იქ ატუზულები. ზოგი პაპიროსს ჰყიდის, ზოგი ნამცხვარს, ზოგიც ისეთ წვრილმანს, რომ მისი საქონელი ერთ მანეთადაც ძლივს დაფასდება.
მაშ სად მიდის ჩირაძე? ვის დაეძებს? რა უნდა ავდარში გარეთ? არ იცის და არც ჰფიქრობს. მის თავში ერთი აზრიც აღარ ბუდობს, გულში იმედის ნატამალიც აღარ აქვს. თავისთვის მიდის იქით, საითაც მთრთოლვარე ფეხებს მოჰყავთ. ის ფეხები - ჩხირებივით დამდნარ-დაკრუნჩხული ფეხები - აღარაფერს ეკითხებიან პატრონს. ხან მარჯვნივ გაუხვევენ, ხან თავდაღმა დაქანდებიან, ზოგჯერ კი უკანვე გაბრუნდებიან და მერმე ისევ იმავე გზით გამობრუნდებიან.
იმ კოოპერატივშიც ამ ფეხებმა შეიყვანეს ჩირაძე. რა უნდოდა ნაკაცარს იმ დიდ მაღაზიაში? არ იცის ჩირაძემ. არაფერიც არ იცის. ისევ იმის ფეხებს ჰკითხეთ. მათ განათებული დარბაზი დაინახეს და იფიქრეს: "იქ თბილა, ხალხი ირევა, შევალთ და გავთბებითო".
შევიდნენ, პატრონიც შეიყვანეს და ყველანი გათბნენ - ჩირაძეც და მისი აჯანყებული ფეხებიც.
რაც შემდეგ მოხდა, ესეც ჩირაძის ბრალი არ არის. აღარ არსებობდა სტეფანე იმ ღამეს როგორც მთლიანი ადამიანი. ის დაირღვა და დაიფანტა. ყველამ თავისკენ გაიწია და სრული დამოუკიდებლობა მოითხოვა, მოითხოვეს და მოიპოვეს კიდევაც: თვალებმა, ყურებმა, ხელებმა და გულმაც.
სალაროსთან რიგი იდგა. წინანი თითო-თითოდ მიდიოდნენ და უკანანი ტაატით წინ მიიწევდნენ. უცებ ჩირაძეც მიეკედლა, უკანასკნელს მიუდგა ზურგში და გაინაბა.
რა უნდოდა მას ჯერში რომ ჩადგა? არ იცის, ვერ იტყვის. ჯიბეში შაურიანიც არ ედო, მაგრამ თავის თავი მაინც რიგში იპოვნა.
ჩირაძემ თუ არ იცის მიზეზი, სხვამ მაინც უნდა იცოდეს. ეგრეა. უეჭველად ეგრეა, ჰკითხეთ ჯერ იმის თვალებს და მერმე ფეხებს. იმათ იციან. ნამდვილად იციან, და რომ ჰკითხოთ, თვალები გეტყვიან.
"აგერ იმ კაცმა, ჩასუქებულმა და სუფთად ჩაცმულმა კაცმა, უბიდან ორი თუმნიანი ამოიღო. ერთი ხელში დაინარჩუნა, მეორე კი პალტოს ჯიბეში ჩაიდო. ჩვენ, ჩირაძის თვალებმა, ამაზე მეტი არაფერი ვიცით, დანარჩენი სხვებს ჰკითხეთ".
ჰკითხეთ სხვებს, თუნდაც ჩირაძის ფეხებსაც, ისინიც თავისუფალი არიან და თვითონვე მოგცემენ პასუხს და რომ ჰკითხოთ, ფეხები იტყვიან:
"გარეთა ჯიბეში ჩაცურებული თუმნიანი რომ დაინახეს თვალებმა, ჩვენ ავჩქარდით და იმ კაცის ფეხებს მაშინვე ამოვუდექით უკან. ამაზე მეტი ჩვენ არაფერი გვეკითხება. დანარჩენი სხვას მოსთხოვეთ".
დანარჩენი ჩირაძის მარჯვენა ხელს მოსთხოვეთ, მარცხენამ კი არაფერიც არ იცის, ის შარვლის ჯიბეში იჯდა და თბებოდა.
მარჯვენა ხელი კი ბურტყუნებს:
- მეც ჯიბეში ვიჯექი, უცებ ამოვცურდი, სხვის ჯიბეს მივეპარე და ჩავსრიალდი. ამ დროს სხვისი ხელი მეცა, ჩამბღუჯა მჟეჟა, დამამტვრია და აღარ ამომიშვა.
- ჰაი შე ქოფაკო, შენა! - ჩასძახის ჩირაძეს ვიღაც ჭაბუკი.
- არა, ერთი ამას დახეთ და! - იბღვირება ვიღაც მედუქნე.
- შე ოხერო! შე ტუტუცო! - და მიაყარეს:
- დაიჭი, არ წავიდეს!
- მისცხე!
- დაჰკა!
ფულის პატრონს ის თუმნიანი ისევ თვითონ უჭირავს, იქნევს და ღელავს:
- მილიციონერ!.. დაუძახეთ!!.. მოიყვანეთ!
- დაუძახეთ!.. დაიჭით, არ გაიქცეს!
ჩირაძე მაგრად უჭირავთ. რა სულელია ეს ხალხი! ისე ჰყავთ ნაკაცარი შებოჭილი, თითქო ვინმე ავარასავით გაქცევას აპირებდეს. ის კი არ იციან, რომ ქურდი წაიქცევა, თუ ხელი გაუშვეს.
როგორ მოხდა, რად მოხდა, რომ მსაჯულმა სხვის ჯიბეში ჩაჰყო ხელი?! ჩირაძემ არ იცის, არაფერიც არ იცის. ჰკითხეთ იმის ჩაობებულ თვალებს, მთრთოლვარე მარჯვენა ხელსა და დალეულ, დაგრეხილ ფეხებს.
იმათ იციან, თვითონ ჩირაძეზე მეტი იციან.
***
ეხლა ნამსაჯულევი დიდ დარბაზში დგას, მოაჯირის უკან დგას და თვალების ბლეტით ათვალიერებს იმ დარბაზს, ისე ათვალიერებს, თითქო პირველად ხედავდეს.
ათვალიერებს და ისე იღიმება, თითქო იმის პირზე გველის წიწილები იკლაკნებიან. მწარედ ეცინება ნამსაჯულევს. ან განა სასაცილო არ არის? ეს დარბაზი, გრძელი, განიერი, მაღალი და თეთრი დარბაზი, სწორედ ის დარბაზი, სადაც ჩირაძე ორასჯერ მაინც მსაჯულობდა უწინ, დღესაც ისე გამოიყურება, როგორც ოდესღაც იყურებოდა. დარბაზის ორი მესამედი მაშინაც ხალხით იყო ხოლმე გაჭედილი და ეხლაც სავსეა.
ბრალდებულს რომ შემოიყვანდნენ ხოლმე, ასი წყვილი თვალი ისე ათვალიერებდა მას, თითქო ტანისამოსს ხდიდენო. ეხლაც აშიშვლებენ ტუსაღს.
- ღმერთო დიდებულო! - ჰკივის გულში ბრალდებული და პირსახეს ხელის გულებით იმალავს. - ღმერთო ძლიერო! ყველანი ჩემ შესარცხვენად მოსულან.
ჩირაძის ნაცნობ-მეგობრებს თითქო პირი შეუკრავთო: უხუვლიათ და იქ მოუყრიათ თავი. აგერ, პირველ რიგში სხედან პროკურორები: სპირიდონ შაველაძე და ვარლამ ჩოლუა. ჩირაძეს შესცქერიან, რაღაცას ჩურჩულებენ და გესლიანად იღიმებიან.
ოოჰ, ნეტა შეეძლოს ჩირაძეს ყველაფერი სთქვას, რაც კი ეხლა იცის და პირზე აკერია!
აი მოსამართლენი და ვექილებიც, ეხლა რომ დამცველთა კოლეგიის წევრები დაარქვეს.
- რაღა დამცველთა კოლეგიის წევრი? - ეხლაღა ეკითხება თავის თავს ბრალდებული. - ერთი სახელი მაინც დაერქვათ: დამცველი.
აგერ ვიღაც უკრავს თავს და უღიმის. ის შარშან ჩირაძის თანაშემწე იყო, ეხლა კი იმის თანამდებობას ასრულებს. კეთილი კაცია, ებრალება პატიმარი.
თავი ჩაუქნია, ჩაუღიმა და თვალები მარცხენა კუთხეს მოავლო. მოავლო, შეკრთა, გაიღიმა, წამოდგა და ისევ დაჯდა. დაჯდა და იმ კუთხეს თვალი ვეღარ მოსწყვიტა.
იქ, უცხო ხალხში, პელაგო ზის, მისი ცოლი - დამდნარი, მიბნედილი, თავდახრილი; ზის და ჩუმად ტირის. ხელის გული შუბლზე მიუბჯენია. ცრემლს მალავს, დარცხვენილ თვალებს უცხოსაც და ქმარსაც არიდებს.
სამაგიეროდ ბრალდებულის შვილი ბაგრატი, დედას რომ მოსჯდომია გვერდით, თამამად და მხიარულად შესცქერის მამას, თან ხელს უქნევს და უცინის. ისიც ავად იყო. ახლა ორივენი მუშაობენ. პელაგო ჰკერავს, ბაგრატი კი ნოქრად დამდგარა კოოპერატივში. ლუკმას ოფლით შოულობენ და მამას ელიან, გამოვა და მიეშველება. ისიც რაღაცას იჩხირკედელავებს და ორიოდე ლუკმას მიაშველებს.
აგერ სასამართლოს "ბოქაულიც" - ვანო ჩარექიშვილი (ეხლა რა ჰქვიან ბოქაულს, ჩირაძემ არ იცის). ძველის-ძველი მსახურია. მგონი აქ დაიბადა და ისე შეაბერდა ამ დარბაზს, როგორც აგერ ის კარები.
ის ჩირაძესაც ემსახურებოდა. ეხლანდელ ბრალდებულს აგონდება: როცა დარბაზი დალაგდებოდა და მოსამართლენი გამოსასვლელად მოემზადებოდნენ, ვანო ჩარექიშვილი ბოხი ხმით დაიძახებდა ხოლმე: - Суд идет! Прошу встать! - სამართალი მოდის, წამოდექით!
ყველანი წამოდგებოდნენ. თავმჯდომარე გაიბღინძებოდა. დარბაზში გავიდოდა. ჩირაძეც გაიჭიმებოდა და გაჰყვებოდა. უკნიდან მესამე წევრი მისდევდა.
წითელ მაგიდასთან მივიდოდნენ და განიერ სავარძლებში ჩასხდებოდნენ.
ჩირაძე ჯერ ხელებს მოიფშვნეტავდა, ხალხს გადახედავდა, მერმე მოაჯირს მოუბრუნდებოდა, ბრალდებულს ათვალიერებდა და ისე დაუბრიალებდა თვალებს, თითქო ეუბნებოდა:
"ჩემი დღევანდელი ლუკმა შენა ხარ? ვაი შენი ბრალი! მე შენ გიჩვენებ სეირს".
დღეს კი ნამსაჯულევი თვითონვე ზის იმ მოაჯირის უკან, სადაც ათასმა და ათი ათასმა გოლგოთის გრძელი გზა განვლო. ეხლა ჩირაძის ჯერიც მოვიდა.
"რა უკუღმა ტრიალებს ქვეყანა"! - თითქო ნააზრევი გაუგო ჩირაძეს დამცველმა და განაგრძო:
- მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე სრული გაუგებრობაა. ცხადია, რომ იმ კაცმა ფული კარგად ვერ ჩაიდო ჯიბეში. თუმნიანი გადმოუვარდა, ან უნდა გადმოვარდნოდა. თქვენ ხელი წაატანეთ იმ ფულს, გინდოდათ იმ ადამიანისთვის მადლი დაგედოთ, მაგრამ... აი სწორედ ამ დროს მოხდა გაუგებრობა: იმ კაცს თქვენ ქურდი ეგონეთ და ხელი გტაცათ. ასეა თუ არა, მეგობარო?
ჩირაძემ გაიღიმა და სათქმელი გაუგო: ჩვენება ისე გადააკეთე, როგორც ეხლა გითხარიო.
- არა, აგრე არ მომხდარა.
- მაშ როგორ მოხდა?
- სწორედ ისე, როგორც გამომძიებელმა ჩასწერა.
- თქვენ უკეთ გეცოდინებათ. - ცივად მიუგო დამცველმა და გაბრუნდა.
კარგად იცნობს ჩირაძე ამ ხრიკებს. ზოგი ბრალდებული ათჯერ გამოუტყდებოდა გამომძიებელს: "მე მოვკალი... მე ვიქურდე... მე დავაშავეო". ათჯერვე მოაწერდა ხელს ჩვენებას. მერე კი, საქმის გარჩევის დროს, ყველაფერს პირუკუღმა დაატრიალებდა: ”არ ვიცი... არ მინახავს... პირველად მესმის... იქ არც კი ვყოფილვარო".
ასეთ ჯიუტებს ჩირაძე ოდნავადაც არ ინდობდა: თუ გამოტეხილს ექვსიოდე თვეს მიუსჯიდა, ახირებულ ცუღლუტს ორ წელიწადსაც მიაკერებდა ხოლმე.
მიზეზიც უბრალო იყო: გამოტეხილის საქმეს მოსამართლე ერთ საათში დაასრულებდა. გაკერპებულისას კი ზოგჯერ რამდენიმე დღეს უნდებოდა, გარდა ამისა, რაღას უშველის ეხლა ჩირაძეს საქმის მობრუნება? რაც მოხდა, მოხდა! ქვეყანამ უკვე გაიგო და დარწმუნდა, აღარავინ დაუჯერებს, უფრო უარესად გაებმება და ერთ სირცხვილს მეორეც დაემატება. მოსამართლეებს კი უფრო გააღიზიანებს და სასჯელს მოამატებინებს.
"მართლა, ნეტა ვინ გამასამართლებს? - ეკითხება თავის თავს ბრალდებული. - თუ თორაძე შემხვდა, არ დამინდობს. კუპრიძე გესლით მომჭრის თავს. ხვედელიანი რბილი კაცია".
მოსამართლენი გამოვიდნენ. წინ ვიღაც უცნობი მოუძღვის.
"ალბათ ეს იქნება თავმჯდომარე"
ჩირაძეს რაღაც შორეულმა მოგონებამ გაჰკრა ელვასავით, მაგრამ იგი ისევ ელვასავით ჩაქრა.
თავმჯდომარეს ორნი - ხვედელიანი და ერთი უცნობი მოსდევენ.
მაშ ასე: ჩირაძე ორ წევრს არც კი იცნობს.
"საოცარია - უკვირს ფეხზე მდგომ ბრალდებულს - საოცარი ხალხია, მოუსვენარი ხალხია: ერთ ალაგზე ერთ წელიწადზე მეტს იშვიათად გასძლებენ. მოვა უმეცარი, თითქოს სკოლაში მოებარაო. ცოტაოდენს ისწავლის და შემდეგ კოოპერატივში გადადის, იქიდან მასწავლებლობას დაეძგერება. შემდეგ რკინისგზას შეუდგება და სანამდის დადის ყველგან, მანამ ყველაფერისტი ან არაფერისტი არ გამოვა. საკვირველი ხალხია! ალბათ ეს ორი ახალი მოსამართლეც ასეთი ჯიშისა იქნება... საოცარი ხალხია!"
- თქვენი სახელი და გვარი? - ეკითხება თავმჯდომარე.
"საკვირველი ხალხია!” - ისევ თავისას დასდევს ჩირაძე.
- მესამეჯერ გეკითხებით, თქვენი სახელი და გვარი მეთქი!
მესამეჯერ? ესეც საკვირველია. რატომ ვერ გაიგო ჩირაძემ? ალბათ გამოყრუვდა. ადგა უპასუხა და ისევ დაჯდა.
- წლოვანება?
ორმოცდაათისა შესრულდა.
უპასუხა და თავმჯდომარეს ეხლაღა გაუყარა თვალი თვალში. გაუყარა და ვეღარ მოაშორა.
სადღაც და ოდესღაც უნახავს, თითქოს ეცნობება, ტვინში ნემსის ოდენა რაღაც უფართხალებს. მეხსიერებას იკრებს, თავს ძალას ატანს, იგონებს და ვერ მოუგონია.
- თქვენი წინანდელი სოციალური მდგომარეობა?
"ეს ცხვირი, კაუჭა ცხვირი, და ვიწროდ შეკეცილი ტუჩები..."
- ბრალდებულო , მიპასუხეთ!
"გრუზა თავი...მაღალი შუბლი...შუბლზე რაღაც ჭრილობა"...
- სმენა ხომ არ გაკლიათ?
- მე? - წამოხტა უცებ მოაჯირის კაცი. - მე? არა, არ მაკლია.
- მაშ მიპასუხეთ.
ჩირაძე უაზროდ ბლიტავს თვალებს და სდუმს.
- თქვენი წინანდელი ვინაობა მეთქი?
- სასამართლოს მუშაკი.
უპასუხა და აზრი ისევ შორეულში ჩაიკლაკნა: "ჭაღარა წვერი... ალბათ შემდეგ გაუჭაღარავდა... მაშინ კი..."
როდის "მაშინ?" სად უნახავს ეს კაცი, ეხლა რომ თვალებს უბურღავს და ცალი ტუჩით იღიმება?
"იღიმება, თუ იმუქრება?"
- მოსამართლედ ხომ არ ყოფილხართ ოდესმე?
როგორ არა, იყო, მოსამართლედაც იყო. ეს ხომ მთელმა ქვეყანამაც იცის.
- სად?
- აქ,ტფილისში.
- კიდევ სად?
ჯერ სდუმს, მერმე უმატებს:
- თელავშიც ვიყავი.
- აქედანაც დადიოდით თელავში სესიაზე?
- დიახ... რამდენჯერმე ვაყავი.
ნეტა ეს წვრილმანი რაღასთვის სჭირდება მოსამართლეს? თელავშიც იყო, რა თქმა უნდა, იქნებოდა.
- რამდენჯერმე?
- დიახ, რამდენჯერმე.
თავმჯდომარე ბრალდებულს ისევ წეღანდელივით შესცქერის. თვალი ისევ იმის თვალებში აქვს ჩარჭობილი, უმზერს და სდუმს, თანაც ოდნავ იშმუშნება. მერე ისევ იმეორებს, თითქო თავის თავს ეუბნებაო:
- მაშ რამდენჯერმე იყავით?
- დიახ, რამდენჯერმე გახლდით.
უცებ მოგონების ელვამ გაჰკრა. სკამზე დავარდა, წამოდგა. ისევ დაჯდა და გახევდა.
***
მოაგონდა ის საქმე - უბრალო და შორეული საქმე. მას შემდეგ ხუთმეტი წელიწადი გავიდა.
მოსამართლენი თელავში ავიდნენ. ჩირაძეც წაიყვანეს. ხუთიოდე საქმე გაარჩიეს. ყველას მისი ხვედრი მიუსაჯეს: ზოგი გადაასახლეს, ზოგსაც კატორღა მიაკრეს.
ბოლოს ეს კაციც შემოიყვანეს, აგერ ის გრუზა, ჭაღარაშერეული, მკვრივი ადამიანი, აგერ იქ თავმჯდომარის სკამზე რომ ზის და ოდნავ იღიმება.
მაშინაც იღიმებოდა. ალბათ იმიტომ იღიმებოდა, რომ თავი უდანაშაულოდ მიაჩნდა.
იმის საქმე უბრალოზე უბრალო იყო: თავისთვის ცხოვრობდა კურდღელაურში, ვაზს სხლავდა, ვენახს ბარავდა, შაბიამანს აყრიდა, ღვინოს აყენებდა, ჰყიდდა და საქორწილოდ ემზადებოდა.
ერთ ღამეს ვიღაცამ კარი დაურახუნა.
- რომელი ხარ? - ხმა მისცა გლეხმა.
- გარეთ გამოდი, შინაური ვარ.
კარი გააღო და გავიდა. ან რა ჰქონდა მოსარიდებელი?
- ვინ ხარ, რა გინდა?
აქეთ-იქიდან ორი ლანდი აეტუზა.
- ჩქარა მოიტა ღვინო, პური, ბურვაკი - წასჩურჩულა ერთმა.
- ფულს გადაგიხდით, ნუ გეშინიან. - დაუმატა მეორემ.
გლეხი შეეკამათა, მაგრამ ბევრი აღარ ალაპარაკეს, კიდობანი დაუცალეს, ორი ტიკი გაავსეს, ორ ბურვაკს ყელი გამოსჭრეს, ცხენებზე აიკიდეს და გაჰქუსლეს. თედო კი ჭრაქის წინ ორ წითელ თუმნიანს ატრიალებდა და ანგარიშობდა.
რამდენიმე კვირა გავიდა. სადღაც ვიღაც ყაჩაღები დახოცეს. ერთი დასჭრეს და თელავში ჩამოიყვანეს. მერმე ისიც მოკვდა. ერთ ღამეს ისევ ვიღაცამ დაარახუნა თედოს კარი.
- რომელი ხარ?
- გააღე!.. ჩქარა გააღე. თორემ...
გააღო და ბოქაული იცნო. თედო შეჰკრეს და წინ გაიგდეს. დედა მისი ჰკიოდა, ფეხმოტეხილი ძაღლი წკმუტუნებდა.
- ბრალი არა მაქვს. არხეინად იყავი! - გამოსძახა შვილმა დედას და სიბნელეში დაიმალა.
სამუდამოდ დაიმალა. მას აქეთ დედა-შვილს ერთმანეთი აღარ უნახავს. დედაკაცი ლოგინად ჩავარდა და მაშინაც ვეღარ ადგა, როცა თედო ჩირაძის თვალწინ დააყენეს.
მოკლე და უბრალო საქმე იყო.
- შენ იმ ყაჩაღებს იცნობდი.
- არა.
- მუდამ კავშირი გქონდა.
- არა, ღმერთმანი.
- ეხმარებოდი.
- არა მეთქი!
- გირჩევთ, გამოტყდე.
- არა, არა და არა!
და ფიცულობდა, ყველას და ყოველივეს ფიცულობდა. მურაზს, ალავერდის ხატს, დედას, ზევით ღმერთსა და ქვეით სინდისს. მაგრამ არ დაუჯერეს, იმიტომ არ დაუჯერეს, რომ სადღაც რაღაც ეწერა, და რაც ეწერა, მისი ამოფხეკა და გამტყუნება შეუძლებელ საქმედ იყო მიჩნეული.
არ დაუჯერეს და სამუდამო გადასახლება დაუდგინეს.
ჩირაძეს ახლაც აგონდება: გლეხი პირდაღებული იდგა, თითქო ვერაფერი გაიგოო. გადაუთარგმნეს. მაინც უხმოდ იდგა და თვალებს ბლიტავდა. გაიღიმა კიდევაც, თითქო ამბობდა:
"ვერა, ვერ მომატყუებთო".
***
აჰა, ის თედო, მაშინ რომ უნდობლად იღიმებოდა. ეხლა აგერ იქა ზის - წითელ მაგიდასთან, თავმჯდომარის სავარძელში ზის.
ზის და ეხლაც იღიმება. მაგრამ ისეთნაირად იღიმება, თითქო ეკითხებოდეს: "გაგახსენდი? მომიგონე?"
ჩირაძეს მართლა გაახსენდა, მოაგონდა, მაგრამ...
მაგრამ ეს ღიმილი, უცნაური დაგრეხილი ღიმილი, ნეტა რა არის შიგ ჩაქსოვილი? რა სწერია იმ ღიმილში - რისხვა თუ ლმობიერება? მუქარა თუ წყალობა?
ჩირაძეს არ ესმის. ვერ გაუხსნია, იმ ღიმილის გასაღები ვერ უპოვნია. უცებ აზრმა გაჰკრა:
"რა ტუტუცი ვარ! სხვა რა უნდა ჰქონდეს ჩემთვის ამ ადამიანს, შურისძიებისა და შხამის მეტი! დავღუპე და დამღუპავს, დავსაჯე და მომიზღავს".
ყველაფერი გათავდა. ჩირაძე დაიღუპა. სამართალი რომ იყოს სადმე, ბრალდებული წამოდგებოდა და იტყოდა: "გთხოვთ საქმე გადასდოთ და თავმჯდომარე შემიცვალოთ, ვინაიდგან... რადგან".
ვინაიდგან თავმჯდომარეს პირადი საქმე აქვს ჩირაძესთან და ანგარიშს გაუსწორებს, სამაგიეროს გადაუხდის.
"მაგრამ რადგან ამ დარბაზში - ახალ ქვეყანაში - სამართალი არ არსებობს, ამიტომ..."
ამიტომ დუმს ჩირაძე და უგულოდ იძლევა პასუხს:
- დიახ... ეგრე იყო... მოვიპარე... გვშიოდა და მოვიპარე. მდგომარეობამ მაიძულა...
- ჩირაძემ უწინ არ იცოდა, - ჰქუხს ახალგაზრდა პროკურორი, - არ იცოდა, რომ მდგომარეობა ჰქმნის შეგნებას. ის ამას არავითარ ანგარიშს არ უწევდა და საწყალ ხალხს ასობით ჰგზავნიდა ციხეში... მაგრამ ახლა... როცა თვითონვე იწვნია... ამიტომ... რადგან... ამიტომსა და იმიტომს ჩირაძე ყურს აღარ უგდებს. ან რა საჭიროა! სულ ერთია, დაღუპულია. აღარც ვექილისა ესმის რამე. მხოლოდ წვიმის წვეთებივით ესხმის მისი რადგან... ამიტომ... ვინაიდან... იმიტომ...
რა მოხდა შემდეგ, აღარც ეს ახსოვს. მხოლოდ ერთიღა აგონდება: შვილი და ცოლი მოეხვივნენ, ატირდნენ და აატირეს.
ვექილმა მიულოცა და კინაღამ ხელი მოსწყვიტა. სხვებმაც ხელი ჩამოართვეს, გაუცინეს, გაამხნევეს.
ჩირაძემ დარბაზიდან გამოსვლა დაიგვიანა, და როცა გამოვიდა, მოულოდნელად შეეჩეხა თავმჯდომარეს.
- მადლობელი ვარ. მოქალაქე ჩირაძევ, - ეუბნება თავმჯდომარე, - დიდი მადლობელი ვარ.
გამართლებული პირღია შესცქერის თედოს და ჰფიქრობს:
"დამცინის თუ... ან სადაური დაცინვაა?"
- დიდი მადლობელი ვარ მეთქი. სამაგიერო გადაგიხადე.
- რისა?.. რისთვის? - ბორძიკით ეკითხება ჩირაძე.
- იმისთვის, რომ კაცი გამხადეთ... რომ არ გადაგესახლებინეთ, ისევ ტყაპუჭა ტეტია დავრჩებოდი. ეხლა კი...
- მაშ...
- მაშ არაფერი. ზოგი ჭირი მარგებელი ყოფილა. მშვიდობით იყავით!
1928 წ.