შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

ძველი სახლი 

პიესა 4 მოქმედებად
და 6 სურათად


მ ო ქ მ ე დ ნ ი

დათა ხიზამბარელი - კოლმეურნეობის მებაღე
არსაით ხიზამბარელი
გიორგი ხიზამბარელი - რაიკომის მდივანი
ნინო - დათას მეუღლე
თინა - დაწყებითი სკოლის მასწავლებელი
ტატო - ტექნიკუმის მოსწავლე
ბიძინა - ინჟინერ-გეოლოგი
ნატო - კოლმეურნეობის თავმჯდომარე.
ცისა - ნატოს უმცროსი და
ანდრო - აგრნომი
ზაქრო - ბიძინას შოფერი
ზაბაიკალა - კოლმეურნეობის ყოფილი ბრიგადირი.
ნინიაანთ ვანო - მბურღავი
მიხა - მოხუცი კოლმეურნე

მემანქანე ქალი, შოფრები, კოლმეურნეები.
მოქმედება წარმოებს სამამულო ომის შემდეგ, ქართლის სოფელში.
პირველსა და მეორე მოქმედებას შორის გადის ორი კვირა. მეორე და მესამე მოქმედება ხდება ერთ საღმოს. მესამე და მეოთხე მოქმედებას შორის გადის ორი-სამი კვირა.




პირველი მოქმედება



ძველი ერთსართულიანი ქართული სახლის თაღიანი სარკმლებით, გრძელი აივნით და სამ-ოთხ საფეხურიანი ქვის კიბით. ეზოში ცალ მხარეს ცაცხვი, ვაზის მაღლარით, მეორე მხარეს ხილნარი. ეზოს უკან სიღრმესი ალაგ მოტიტვლებული, ალაგ ბუჩქნარიანი გორები. სოფლისკენ დაქანებულ ზეგანზე მოჩანს რამდენიმე ნავთის საძიებელი ჭაბურღილი, რომლებიც თითქოს სოფლისკენ მიემართებიან.
განთიადია. დათა სასხლავით ხელში გამოდის. ღიღინებს. ისმის ეზოსთან მოახლოებული მანქანის ხმა. ხმაური მიწყდება, ეტყობა, მანქანა შეჩერდა. შემოდის ზაქრო.

ზ ა ქ რ ო. დილა მშვიდობისა, ძია დათა!
დ ა თ ა. (მიეგებება) მშვიდობის დილა გაგითენოს, ჩემო ზაქრო, დღეს ადრე მოგივიდა მოსვლა, ბიძინას ჯერ ისევ სძინავს. მოდი, მოდი, ბიჭო, შინ შევიდეთ!
ზ ა ქ რ ო. არა, ისე შემოვირბინე. ბიძინას წასაყვანად ნინაანთ ვანო ჩამოივლის თავისი მასკვიჩით. მე დღეს თავისუფალი ვარ, ქვას ვეზიდები. გუშინ ქვიშა და კირი მივზიდე. საძირკველი უკვე ჩავყარე.
დ ა თ ა. ბარაქალა, ბიჭო, მოდი, მოდი, საქმე დაგილოცო! ისეთ ჭაჭის არაყს დაგალევინებს, რომ...
ზ ა ქ რ ო. არა, ნუ მომაცდენ, ძია დათა... ჰოდა, დღეს ქვას მივზიდავ, ათიოდე დღეში კედლებს ამოვიყვან და მერე უცებ...
დ ა თ ა. ომის დროს ქვეყანა ფეხით შემოიარე, შვილო, მან ნათრევ ძვლებს დასვენება უნდა. ღმერთმა ხელი გიწაღმართოს, ახალ სახლში კარგად დაგაბინაოს, გაქორიწლოს, გაგამრავლოს!
ზ ა ქ რ ო. გმადლობთ!
დ ა თ ა. აბა, ასე რომ არ ვარგა... დალოცვას მადლი არა აქვს, თუ ხელში არა გიჭირავს რა!
ზ ა ქ რ ო. მაგასაც მოვესწრებით, ძია დათა. თინა სად არის, ჯერ სკოლაში ხომ არ წასულა? საქმე მაქვს.
დ ა თ ა. თინა, თინა!
ზ ა ქ რ ო. (შემკრთალი) ჩუ... ჩუმად, ძია დათა, ნუ ეძახით!
დ ა თ ა. რათა, ბიწო? თუ იკითხე, რაღად მიშლი?
ზ ა ქ რ ო. ძია დათა, რაღა დაგიმალო, შენს ხელში ვარ გაზრდილი. აი წეღან შენ თითონ ამბობდი, გაქორწილოსო, გაგამრავლოსო... ჰოდა, ცოლი მინდა შევირთო..
დ ა თ ა. ცოლი? მერე ვინ?
ზ ა ქ რ ო. არმიაში რომ გამიწვიეს, მაშინ წამოიჩიტა, დამშვენდა. გულით მოვინდომეთ ერთმანეთი.. ახლა უარზე დგას.
დ ა თ ა. უარზე? ვინ არი-მეთქი, ბიჭო, რატომ არ იტყვი?
ზ ა ქ რ ო. აი, ცისა, თავმჯდომარის და.
დ ა თ ა. აი ისა, ცინდალი? რა დროს იმის გათხოვებაა, ბიჭო?
ზ ა ქ რ ო. რას ამბობ, მოწიფული ქალია უკვე...
დ ა თ ა. (ღიმილით) ჰაი, შე...
ზ ა ქ რ ო. ფრონტზე წერილებს მწერდა, იმედს მაძლევდა, გელოდებიო. ჩამოვედი და უარზეა, არ მომდევს.
დ ა თ ა. რატომაო, გული რამ შეუცვალა?
ზ ა ქ რ ო. სახლი შენ არა გაქვს და კარიო, ჯერ ააშენე, დასახლდი და მერე გამოგყვებიო!
დ ა თ ა. მერე, თინა რაღად გინდა?
ზ ა ქ რ ო. თინას უნდა ვკითხო რჩევა, ის ჩემი დამრიგებელია!
დ ა თ ა. შეხედეთ იმ კრუხის პალოსა, რა ჭკვიანი ყოფილა. რას ემდურები, მართალი უთქვამს!
ზ ა ქ რ ო. მართალი უთქვამს, მართალი! ახლა მე მკითხე, ყველაფერს ასე უცებ ხომ ვერ გავაკეთებ? დავიწყე, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენი რამ უნდა... სახლის აშენება, მე კი არა, აი, თქვენც...
დ ა თ ა. ბიჭო, ახალგაზრდა ხარ, ცოტა ყაირათით იცხოვრე, არსენასავით რომ იცი ხელის გაშლა, პატარა მოუჭირე, დაზოგე, წვეთი წვეთს ჰკარ, ზღვად იქცევა. აი, ნინიაანთ ვანოს რომ დასცინოდით, ძუნწიაო, მიიღო თუ არა მასკვიჩი! იმ დღეს გზაში დამეწია, გამიჩერა, შინ მიმიყვანა, მადლობაც მათქმევინა!
ზ ა ქ რ ო. რაიონიდა მეექვსე ჭაბურღილებამდის გზებს სულ კრიალი გააქვს, მასკვიჩი კარად ივლის, იმის აქეთ კი, ჩვენ ორღობეებში დაოჩნდება!
დ ა თ ა. ამ ჩვენ ორღობეებსაც მოხედეთ, შვილო. ეს ნავთი პირველად მე აღმოვაჩინე? ჰოდა, გზები ჩვენც გვინდა, პატარა აქეთაც გამოიწიეთ... სად დგამთ მეშვიდე ჭაბურღილს?
ზ ა ქ რ ო. რა ვცი, ჯერ გადაწყვეტილი არა აქვთ. (ფიქრის შემდეგ) ჩვენი აქეთ გამოწვეისაგან კი ღმერთამა დაგივაროს.
დ ა თ ა. (ისმის აფეთქების ხმა. ორივე შეკრთება. გაიხედავენ ჭაბურღილისაკენ). გესმის? ... ძაან კი მოგვიახლოვდნენ! (ღიმილით) მართლაც, ხევის უბანს კი არ ესტუმრონ. ჰო, იმას ვამბობდი: აბა ახლა ზაბაიკალას შეხედე, ხელად რა სახლი წამოიჭიმა!...
ზ ა ქ რ ო. ზაბაიკალა, ზაბაიკალა... ეგეც ვიცი, რით და როგორ ააშენა სახლი. იმის კვალზე ჩემი სტუდაბეკერი ვერ გაივლის!
დ ა თ ა. მართლაც, მაკვირვებს მაგ ზაბაიკალას ამბავი, კაცი ახლახან დაბრუნდა ფრონტიდან, ჯერ არ მიმოუხედავს და უცებ ახალი სახლი წამოჭიმა!
ზ ა ქ რ ო. ფრონტიდან! ეგეც გავიგე, რომელი ფრონტიდან დაბრუნდა! ზურგის გოსპიტალში თურმე კარგოფილსა ფცქვნიდა. სამზარეულოში თუ ფრონტია, მაშინ მზარეულები პირველი მეომრები ყოფილან..
დ ა თ ა. მაშ რას მიედ-მოედება?...
ზ ა ქ რ ო. სოფელს თვლს უხვევს, ცეცხლის ხაზზე ვიბრძოდიო...
დ ა თ ა. ხედავ?... ეგ კ არ ვიცოდი!
ზ ა ქ რ ო. ჩვენ შორის დარჩეს და, დიდი ყალთაბანდი ვინმეა ეს ჩვენი ზაბაიკალა.
დ ა თ ა. (დუმილის შემდეგ) მერე, შენ ხომ ჩვენი ხარ, შვილო, მიდექ-მოდექი, სოფელი ხელს გაგიმართავს, ყველა მხარს მოგცემს, შენზე არა დიკარგება რა!
ზ ა ქ რ ო. ეჰ, ქორწილი მე ამ გაზაფხულზე მინდოდა!
დ ა თ ა. ბიჭო, შენი სტუდაბეკერის კაბინაში ხომ არ აპირებ ქალის დაბინავებას? იქნებ ქორწილიც იქ გინდა გადაიხადო?!
ზ ა ქ რ ო. ხა, ხა, ხა, ვერ დავეტევით თუ რა?.. (წასვლას აპირებს)
დ ა თ ა. დაიცა, ახლავე თინას აქ გავაჩენ!
ზ ა ქ რ ო. ნუ ეძახი, ნუ, მალე მე თვითონ შემოვირბენ.
(გადის. ისმის მისი სიმღერა)
ისე მიყვარხარ, ცისანავ
როგორც თხას ქორფა ნეკერი,
შენ შემოგევლოს ლამაზო,
ეს ჩემი სტუდაბეკერი!
(მანქანა ახმაურდება და წავა)
დ ა თ ა. (ღიმილით უსმენს) ეს წუთისოფელი მაინც თავისი გზით მიდის. ყველა თავის ბეუდეს აშენებს, რომ თავისი მსგავსი გაამრავლოს. ჭიანჭველაც კი... ეჰ, ღირს მე და ჩემმა ღმერთმა, ღირს. ჰე, ხეივანში, ვაზის ფოთლებში ელექტრონი... აგერ, ნავთის ჭაბურღილები... ერთი პაპაჩემი წამოაყენა და ნინიაანთ მასკვიჩი დაანახვა, თვალის ხამხამი არ აუტყდება! (იცინის ფიქრის შემდეგ) აი, ამ ბუდეს ჩემი ბიჭი რომ არ მოჰკლებოდა, რა მიშავდა, განა წუთისოფლის ბრუნვას ჩავუფიქრდებოდი?! (პაუზა) თინა, ქალო, რა იქენ? (დათა გადის. აივანზე, მარჯვენა მხარეს იღება კარი. გამოდის თინა პირსახოცით ხელში ჩამოირბენს ეზოში).
თ ი ნ ა. აქა ვარ, მამა, აქა! ... (იხედება აქეთ-იქით) რა იქნა? (მიირბენს წყაროსთან. პირსახოცს მიაგდებს ბუჩქებზე. ემზადება პრის საბანად. აივნის მეორე მხარესაც იღება კარი. გამოდის ბიძინა. წელზე ქამარს ისწორებს. დაინახავს თინას. უხმაუროდ მიეპარება და თვალებზე ხელს ააფარებს)
ბ ი ძ ი ნ ა. დილა მშვიდობის პატარა დიასახლისო!
თ ი ნ ა. ვაი... გამიშვი!
ბ ი ძ ი ნ ა. აბა, გამოიცანი ვინა ვარ?..
თ ი ნ ა. გამიშვი... გიცანი!
ბ ი ძ ი ნ ა. არა, ვერ მიცანი... აბა, ვინა ვარ?..
თ ი ნ ა. გამიშვი, თორემ გაგწუწავ!
ბ ი ძ ი ნ ა. (ხელს გაუშვებს) მიცანი?..
თ ი ნ ა. მე შენ სუნთქვასაც კი ვგრძნობ!
ბ ი ძ ი ნ ა. მართლა?... (ღიმილით შესცქერის ქალიშვილს) რა მშვენიერი დილაა... წუხელ გვიან მოვედი და ძალიან ცოტა მეძინა, მაგრამ ლოგინში დიდხანს მაინც ვერ გავძელი... მანქანის ხმაური ჩამესმა და სწრაფად წამოვხტი... ალბათ, მომეჩვენა. უჰ, უჰ, რა მშვენიერი დილაა!
თ ი ნ ა. მანქანის ხმაური მეც გავიგონე!
ბ ი ძ ი ნ ა. ცოტა მეძინა, მაგრამ თავს მაინც მხნედა ვგრძნობ... (გასცქერის სახლს) მართლა, აქამდის არ შემინიშნავს, ეს ძველი სახლი სულ ჭრიჭინებით ყოფილა სავსე.. გესმის, ჩემო: ჭრი...ჭრი... ჭრიჭინებით! ჰა, ჰა, ჰა!
თ ი ნ ა. (ღიმილით) მიკვირს, რომ გამოიდარა!
ბ ი ძ ი ნ ა. ერთი კვირაა ასეთი ამინდები დგას, გაზაფხულის ავდრებმა გადაიარა!
თ ი ნ ა. სრულებითაც არა! (დაჟინებით შესცქერის თვალებში) აბა, გაიხედე, განა გუშინ ღრუბლიანი ამინდი არ იყო, განა გუშინ ცას შუბლი არ ჰქონდა შეკრული, განა თავპირი არ ჩამოსტიროდა?.. გაიხსენე, კარგად გაიხსენე!
ბ ი ძ ი ნ ა. აჰა! აი, თურმე სად უკაკუნებ, ეშმაკო! მართალია, მართალი... დღეიდან კი სულ დარი იქნება!
თ ი ნ ა. რაც ფრონტიდან დაბრუნდი და ჩვენსა დაბინავდი, ერთხელაც არ გაგიცინია... ერთთავად დაფიქრებული და გულჩათხრობილი დადიხარ.. ბრძენივით ზედ არავის უყურებ, გვიან ბრუნდები და ადრე მიდიხარ... იცი, უბნის ქალიშვილებმა უჟმუი მდგმური დაგარქვეს!
ბ ი ძ ი ნ ა. (სიტყვის გაჭიანურებით) უჟმური... მდგმური.. კარგად გაულექსავთ!
თ ი ნ ა. საოცარი თვალები გაქვს, მკაცრი, დაქანცული. ჩემი, ჩემი თვალები.. იცი, ხანდახან შენი მეშინია კიდეც, სიტყვის თქმა ვერ გამიბედავს!
ბ ი ძ ი ნ ა. ჩემი, ჩემი გეშინია?... საკვირველია, მე კი ასე მგონია, სათუთი, ძალიან ნაზი გული მაქვს-მეთქი!
თ ი ნ ა. დღეს კი.. (ღიმილით) მაინც რა მოხდა, ასე უცებ რატომ გამოიდარა?...
ბ ი ძ ი ნ ა. (ფიქრის შემდეგ, დაბალი, რწმენთ სავსე ხმით) ჩემი ოცნება იმარჯვებს!
თ ი ნ ა. შენი ოცნება?
ბ ი ძ ი ნ ა. ხევისუბნის ირგვლივ ჩატარებულმა ძიებამ დაგვარწმუნა, რომ სოფლის ქვეშ ნავთობის დიდი მარაგი მდებარეობს, მალე აქ ნავთის მოპოვებას უნდა შევუდგეთ, ახალი ჭაბურღილები უნდა დავდგათ!
თ ი ნ ა. (შემკრთალი) მერე სოფელი?... სოფელს რაღა მოელის?
ბ ი ძ ი ნ ა. სოფელი?... სოფელმა კმაყოფილებიტ უნდა შეხედოს ამ ამბავს... ნავთის წარმოებისათვის საჭიროა აუარბელი მუშა ხელი, გაჩნდება საქმე, სამუშაო... მხოლოდ აი, (მიიხედ-მოიხედავს ირგვლივ) ეს... წყაროსუბანი უნდა შევიწროვდეს, ცოტა...
თ ი ნ ა. ჩვენი.. ჩვენი უბანი?...
ბ ი ძ ი ნ ა. დიახ... მაგრამ ეს არაფერია... (ფიქრის შემდეგ) რაღაც თხუთმეტიოდე კომლი ადგილს გადაინაცვლებს, მორჩა და გათავდა!
თ ი ნ ა. მორჩა და გათავდა.. მართლაც მორჩა და გათავდა. რა უბრალოდ უყურებ, ბიძინა, ამ ამბავს! როგორ შეხვდება ამ ამბავს ჩვენი უბანი? მამა... რას იტყვის, მამა? გახსოვს, როგორ ოცნებობდა ძიების დაწყებაზე, ახლა კი... ბიძინა, ნუთუ ეს აუცილებელია? იქნებ დაუბრუნდეთ ინჟინერ გელაშვილის პროექტს, იქნებ გაღმამხარეშიც აღმოჩნდეს ნავთი?
ბ ი ძ ი ნ ა. გელაშვილი ცდებოდა, სასტიკად ცდებოდა. მე დავამარცხე ის და ნავთის ძებნა ხევისუბნის ირგვლივ დავიწყე... ჩემი ოცნება, როგორც ხედავ, იმარჯვებს!
თ ი ნ ა. უნდა დაინგრეს ეს სახლი...
ბ ი ძ ი ნ ა. რა გახდა ეს ძველი, ჭრიჭინებით სავსე სახლი? თქვენ ყველას საოცრად გიყვართ იგი!
თ ი ნ ა. (გრძნობთ) ეს სახლი კი არა, სამშობლოა...სამშობლო ამ სახით წარმომიდგება ხოლმე თვალწინ. აი, ომი რომ დაიწყო, ასე მეგონა, მტერი ამ ძველი სახლის დასანგრევად მოდიოდა, ასე მეგონა, მას ჩვენი ძველი კოშკის დანგრევა და მამა-პაპათა საფლავების წაბილწვა უნდოდა... ეჰ...
ბ ი ძ ი ნ ა. დამშვიდდი. ჯერ ნურავისთან იტყვი. სანამ საბოლოოდ არ გადაწყდება, თავი შეიკავა.
თ ი ნ ა. ძნელია, ძნელი.. (დაინახავს მომავალ დათას) მამა!... (გადიან მეორე მხრით)
დ ა თ ა. თინა, გოგო...
ნ ი ნო. (გამოჩნდება აივანზე) რა იყო, კაცო, ცოტას ვეღარ მოიცდი? (ჩამოდის კიბეზე. კიბის საფეხური შეტორტმანდა. ნინო შებარბაცდა. შეჰკივლებს და წაიქცევა)
დ ა თ ა. (გაეშურება) ქალო. ხმა ამოიღე, ქალო.. რა დაგემარტა?
თ ი ნ ა. (შემორბის) რა მოხდა? დედა, დედა!
დ ა თ ა. წყალი, ჩქარა წყალი!
ნ ი ნ ო. (წამოიწევს) არაფერია... ჯანდაბა ჩემს თავს! (დაინახავს თინას) დამავიწყდა, რომ ის საფეხური მორყეულია. შენ გეძებდი, ზაქრო ყო...
თ ი ნ ა. მაჩვენე, დედა!
ნ ი ნ ო. ჩუმათ, რა ალიაქოთი ასტეხეთ. ბიძინა არ გააღვიძოთ. ფეხი გადამიბრუნდა.
დ ა თ ა. გაწუხებს?
ნ ი ნ ო. რაც გულს მიკლავს, იმან ვერა მიყო რა, ეს რას მიზამს? (ეზოში შემოდის გიორგი. სამგზავრო ტანსაცმელი აცვია. უსიტყვოდ, გაკვირვებული უახლოვდება ნინოს ირგვლივ შეკრებილთ).
თ ი ნ ა. (დაინახავს გიორგის და მიეგებება) მამა, დედა, ძია გიორგი.... ძია გიორგი მოვიდა!
დ ა თ ა. გიორგი? ადე, ქალო, ადე.. აგერ მაზლი მოგივიდა!
გ ი ო რ გ ი. რა მოხდა?
თ ი ნ ა. დედას კიბეზე ფეხი დაუცდა!
გ ი ო რ გ ი. უჰ!
დ ა თ ა. ფეხი დაუცდა... ფეხი კი არ დაუცდა, სახლი თავზე გვენგრევა, ჩვენ თავსაც ვაწუხებთ და სხვადაც.
ნ ი ნ ო. (აწყვეტინებს) ძველი თუ თავზე გვენგრევა, ახალი ააშენე!
დ ა თ ა. გული სხვად თუ აქვს, მეც არ მეძახიან უგულოს. შარშან ხე-ტყის მასალა მზად მქონდა, დავაპირე, და...
ნ ი ნ ო. ჰო, ჰო.... მე დაგიშალე...
დ ა თ ა. შენც დამიშალე და გულმაც. დრო კი მდის.
ნ ი ნ ო. ვაი, შვილო.. დრო მიდს, დრო...
დ ა თ ა. ჩემს შალვას...
ნ ი ნ ო. ვაი, დედა...
დ ა თ ა. ჩემს შალვას ხომ ახალი სახლის აშენების გეგმა ჰქონდა. ჰქონდა კი არა, გვაქვს, ახლაც გვაქვს... ეს ძველი სახლი აღარ გვყოფნისო, ამბობდა, ვეღარ ვთავსდებითო, მალე სამი ოჯახი ვიქნებითო, მეო, ტატო, თინაო.. შეადგინა და ომიც დაიწყო.
ნ ი ნ ო. (გრძნობით) შენ ისა თქვი, ბოლოს რა მოიწერა?
დ ა თ ა. სანამ ჩამოვალ, ძველ სახლს ნუ დაანგრევთო... ჩამოვალ, ერთს კიდევ შევხედავ და მერე ახალი, კარგი რამ ავაშენოთო! (ამოოხვრით) ერტი ჩვენი ჭრიჭინების ხმა კიდევ გამაგონეთო! (ფიქრის შემდეგ) ეს იყო, თორემ სხლს ჩვენ კი არა, აგერ მარტოხელა ზაქროც აშენებს!
ნ ი ნ ო. ვაი, შვილო, დრო მიდს, დრო.. როდის ჩამოხვალ, როდის?
თ ი ნ ა.. დედა! (ნინო გაჰყავს)
გ ი ო რ გ ი. (დაფიქრებული დადის წინ და უკან. შეჩერდება დათას წინ) ძმაო, ასე არ შეიძლება, ჭკუა შენგან მაქვს ნასწავლი... რატომ სტანჯავთ ამ ქალს? აბა, ერთი ღამე გაატარე მოლოდინში! წლები მიდის, წლები!
დ ა თ ა. ეჰ, რა ვქნათ...
გ ი ო რ გ ი. ყველამ გაიგეთ, მაგის ჩუმად გამოიგლოვეთ, ეგ კი, როგორც ჩანს, ისევ ელოდება!
დ ა თ ა. ელოდება, ისევ ელოდება. ეგ კი არა, ხშირად მეც ვეჭვობ, იქნებ დაბრუნდეს-მეთქი... ეჰ, შავდაუკუღმა ის დღე, იმ შავმა დეპეშამ გამტეხა წელში.
გ ი ო რ გ ი. უნდა უთხრათ!
დ ა თ ა. განა არ ვანიშნე? სიტყვით არ მითქვამს, მაგრამ ყველაფერი ენამ ხომ არ უნდა თქვას, ზოგი თვალმა და გულმა... ჰოდა, გულს არ უტყდება, ებრძვის!
(გამოდის ბიძინა. დაინახავს გიორგის)
ბ ი ძ ი ნა. გამარჯობათ, ამხანაგო გიორგი!
გ ი ო რ გ ი. სალამი ბიძინას!
ბ ი ძ ი ნა. ამ დილაადრიან... ასე მოულოდნელად.
დ ა თ ა. მართლა, კითხვა ვეღარც კი მოვასწარ, საით გივლია ძმაო? როგორ მოხდა, რომ გზა შეგეშალა, გაგახსენდით.
გ ი ო რ გ ი. (ბიძინას) ზემო მხრიდან რაიონში ვბრუნდებოდი. მანქანა გამიფუჭდა და...
დ ა თ ა. (წყენით) ჰო, შემოიარე, არა? მანქანა რომ არ გაგფუჭებოდა? ასე, გადიდკაცდით, შვილო?
გ ი ო რ გ ი. არა, ძმაო. ერთი კვირა ცოლ-შვილიც კი არ მინახავს. ხომ იცი. საქმეები, საქმეები. (შემოდის ნატო)
ნ ა ტ ო. ამხანაგო გიორგი, მანქანის შეკეთებას არ ეშველა რა. ტრაქტორისტები მივაშველე, მაგრამ სამი-ოთხი საათი მაინც უნდა.
გ ი ო რ გ ი. (ნატოს) ცხენს ვერ ვიშოვით?
ბ ი ძ ი ნ ა. ამხანაგო გიორგი, ათიოდე წუთში ჩემი მბურღავის მასკვიჩი აქ გაჩნდება, წაგიყვანთ...
გ ი ო რ გ ი. მასკვიჩიო?... რა ხევის უბანსაც ესტუმრენ მასკვიჩები? ბარაქალა, ბარაქალა! რომელია, ეგ შენი მბურღავი?
ბ ი ძ ი ნ ა. აი, მოვა, და...
გ ი ო რ გ ი. (უცებ ნატოს მიუბრუნდება) წეღან კიდევ რაღაც გინდოდა გეკითხა.
ნ ა ტ ო. იცით რა, ჩვენ გვინდა ათი-თხუთმეტი ჰექტარით გავადიდოთ ვაშლისა და ატმის ბაღების ფართობი. შარშან თქვენ მოგეცით ამის შესახებ წინადადება. მაშინ ვერ შევძელით, მუშახელეი გვაკლდა, ახლა...
გ ი ო რ გ ი. (დაფიქრებით) ჰო... (უცებ, მხიარული ხმით) მართლა, ქალო, როგორ მოახერხე, რომ დაბერდი, დაჩაჩანაკდი, თმები გაგითეთრდა და გამოხედვა მაინც ახალგაზრდული გაქვს?!
ნ ა ტ ო. ეს, ამხანაგო გიორგი, სულ გულის ოინებია!
გ ი ო რ გ ი. გულის?
ნ ა ტ ო. დიახ, თვალს გული აცოცხლებს, გული... გული კი ჯერ არ გამტეხია. თმებიო? ჯანდაბას დიაცის თმები!
გ ი ო რ გ ი. გულია ყველაფერი, გული. შენ გული არ გაიტეხო! (მიუბრუნდება დათას) მართლა, როგორ არის შენი და ანდროს გამოყვანილი ნამყენების საქმე, დაიყვავილეს?
დ ა თ ა. (ღიმილით) დაიყვავილეს, მაშ! ნაყოფი უკვე დამსხვილდა, სხვაგან?
გ ი ო რ გ ი. საოცარია, შენ და ანდრომ მართლაც გაიმარჯვეთ. თქვენმა ნამყენებმა სამ წელიწადს ზედიზედ გაუძლეს გაზაფხულის ქარყინვას. ჰო, რა ატამი გქონდათ შარშან! ამ გამოზფხულზე მთელი რაიონი შემოვიარე, ვაშლი და განსაკუთრებით ატამი ყველგან გააფუჭა სუსხმა.
დ ა თ ა. ივარგა თუ არა ჩემმა მაჟალომ! ხომ ვამბობდი, აქ ისეთი ჯიში ივარგებს, რომელიც გვიან იყვავილებს-მეთქი... მხოლოდ ანდრო მიმიხვდა!
ნ ა ტ ო. ჰოდა... ამხანაგო გიორგი, რას იტყვით ფართობის გადიდების შესახებ? ნერგები შესანიშნავი გვაქვს.
გ ი ო რ გ ი. (დაფიქრებული დადის წინ და უკან. გაჩერდება ბიძინას წინ და უხმოდ შესცქერის) ჰა? (ბიძინა თავს სხვებისათვის შეუმჩნევლად აქნევს აქეთ-იქით)
ნ ა ტ ო. დავიწყოთ?
გ ი ო რ გ ი. ჯერჯერობით თავი უნდა შევიკავოთ. ამის შესახებ ცალკე თათბირი გვექნება ამ დღეებში. (ნატო და დათა გაოცებულნი ადევნებენ თვლყურს გიორგის. იგი ისევ წინ და უკან დადის აღელვებით. შეჩერდება დათას წინ) სად აპირებ ახალი სახლის აშენებას?
დ ა თ ა. (გამოცოცხლდება) სად? აქვე, აი, აქვე, სადაც ძველი სახლი დგას! განა ამას სხვა ადგილი აჯობებს? წინ ვენახი, იქით ტყიანი... აგერ ჩვენი საგვარეულო კოშკის ნანგრევებიც ჩვენ ხომ ძველ მეციხოვნეთა ჩამომავლები ვართ. ჩვენს წინაპრებს მესხეთში ციხე ჰქონიათ, დაწყევლილ თათრებს არ დაუყენებიათ, აყრილან და აქ გადმოსულან, მაშა! აქევე, აქევ უნდა ავაშენოთ!
გ ი ო რ გ ი. აქვე?
(შემოდის არსაითა)
ა რ ს ა ი თ ა. დილა მშვიდობისათ! (დაინახავს გიორგის) ოჰ, გიორგი!
გ ი ო რ გ ი. გაგიმარჯოს შუათანავ!
ა რ ს ა ი თ ა. რაღაც ხმაური შემომესმა... ვიფიქრე, ვიფიქრე, რაღა არ ვიფიქრე! მერე გადვწყვიტე, შემოგხმიანებოდით, რა ამბავია, რა მოხდა?
გ ი ო რ გ ი. რა ადრე კითხულობ!
დ ა თ ა. სახლი რომ მეწოდეს, მალე არ მოიტან წყალსა. რა ფიქრი უნდ. ძმა ხარ, გაიგონე, გამოსწი და შეიტყე!
ა რ ს ა ი თ ა. რა ვიცი.. ამ დილაადრიან რა უნდა მომხდარიყო?
დ ა თ ა. არაფერი...
ა რ ს ა ი თ ა. არაფერი?
დ ა თ ა. დედაკაცს ფეხი გადაუბრუნდა და ქვეყანა შეიყარაო...
ა რ ს ა ი თ ა. ჰოოო.
ბ ი ძ ი ნ ა. (დათას) იქნებ ჯობდეს აი, იქ, ზევით, ტყისპირას ააშენო სახლი. აქ ჰაერიც უკეთესია, მაღლობია!
დ ა თ ა. ხუმფრობთ? ამ ეზოს დატოვება შეიძლება? შეხედეთ ამ ხეივანს, ცაცხვის ხეს, წყაროს.. ასი წელიწადი უნდა, ასი... იქ რაღას შეევესწრები? ეს ხე პაპაჩემის დანარგისია. აგერ ჩემები, ჯერ ტანიც არ შეუყრიათ კარგად!
ბ ი ძ ი ნ ა. (არსაითას) თქვენ სად ააშენდებდით ახალ სახლს, დათას ადგილზე რომ იყოთ?
ა რ ს ა ი თ ა. (ყოყმანით იხიდება აქეთ-იქით) მე? რა ვიცი... უბრალო ამბავი არ არის, ქართველ კაცს ძველი ნაფუძვრიდან ეგრე ადვილად ვერ დასძრავ!
დ ა თ ა. (ბიძინას ღიმილით) მაგას რას ეკითხებით, ხუთმეტი წელიწადია, ვერ გადაუწყვეტია, ეზოში კაკლის ხე დარგოს, თუ ცაცხვი. კაკლის ხემ მეხი იცისო, ცაცხვმა ფუტკარი და კრაზანაო...
ა რ ს ა ი თ ა. ასეა... მე... რა მეთქმის...
დ ა თ ა. ცოლი შენ არ გყავს და შვილი, ჩემო ძმაო, მზემ რომ დაგაცხუნოს, კვრინჩხის ჩრდილსაც შეეფარები! (იცინის) ასე არ არის?
ა რ ს ა ი თ ა. დაიც...ა...
გ ი რ გ ი. დათა, მოდი დაეხსენ ჯერჯერობით სახლის აშენებას!
დ ა თ ა. რათა, კაცო, ზლივს გუნებაზე დავდექი!
(შემორბის ზაქრო. ეზოში შეყრილებს რომ დაინახავს, წამით შეკრთება)
ზ ა ქ რ ო. (ბიძინას) ბოდიში...
ბ ი ძ ი ნ ა. ბიჭო შენ აქ რა გინდა, დღეს აკი სხვა საქმე გქონდა?...
ზ ა ქ რ ო. (დაბნევით) ზაბაიკალამ გამაჩერა...
ბ ი ძ ი ნ ა. ვინა?
ზ ა ქ რ ო. აი, სოსანაანთ ნიკამ, ომის მერე ზაბაიკალას ეძახიან. აგერ მოდის კიდეც. თქვენთან ჰქონია საქმე.
ბ ი ძ ი ნ ა. (ცივად) გადაგიკრავს, გეტყობა...
ზ ა ქ რ ო. წინ გადამიდგა, ან გამიტანე, ან ერთი ჭიქაო... რა ვქნა, კი არ მიყვარს... განა არ იცით!
(ბიძინა შედის ოთახში)
თ ი ნ ა. ვიცით, ვიცით, არ გიყვარს, მაგრამ....
გ ი ო რ გ ი. (იცინის) ალბათ, ხასიათი აქვს სუსტი, სული სძლევს, არა?
(შემოდის ზაბაიკალა)
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. სალამი, სალამი.. (დგება განზე ბიძინას მოლოდინში)
თ ი ნ ა. (ზაქროს) წეღან თურმე მკითხულბოდი.
ზ ა ქ რ ო. დიახ...
თ ი ნ ა. (ღიმილით) შენი ბრალია, დედაჩემი კიბიდან რომ ჩამოვარდა, ჩემს დასაძახებლად მორბოდა თურმე.
ზ ა ქ რ ო. ვაჰ! კიბიდან ჩამოვარდა?
თ ი ნ ა. რა გინდოდა?
ზ ა ქ რ ო. ჩემი ბრალია? რა დაემრათა?
თ ი ნ ა. კიბის საფეხური ირყევა, ფეხი დაუცდა.
ზ ა ქ რ ო. (მიირბენს კიბესთან) მერე, თქვე კაი კაცებო, აქამდის ვეღარ მითხარით? ახლავე, ამ წუთას, უცევ შევარემონტებ! (დასწვდება ქვის საფეხურს, რომლეიც ჩამოცურებულია) მოდი აქ, ზაბაიკალავ, ამიწი!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (ამაყად დგას, ადგილიდან არ იძვრის) ჰა, რას ამბობ?
ზ ა ქ რ ო. მარტო ავწევ, მარტო... იდექ მანდ... მაცალე! (ასწევს ქვას, განზე გადააგდებს, ადგილს მოასუფთავებს, ისევ დაეჭიდება ქვას და თავის ადგილზე მყარად დასდებს). აი, ასე, აბა თუ ბიჭია, კიდევ იხტუნაოს! (ზაბაიკალა ავა კიბეზე, მიადგება ბიძინას ოთახის კარს და ფრთხილად აკაკუნებს)
თ ი ნ ა. (ზაქროს ცალკე) რა გინდოდა, ახლა მითხარი?
ზ ა ქ რ ო. ჰო, რაღაც უნდა მეკითხნა, მაგრამ ამ ზაბაიკალამ სულ დავთრები ამიბნია, ისეთი რამ მითხრა!
თ ი ნ ა. რაო!
ზ ა ქ რ ო. გადამეკიდა თინასთან მიმეგზავნეო, გავთავდი, კაცად აღარ ვარგივარ, ან ჰო მითხრას, ან არაო... პირი უკითხეო!
თ ი ნ ა. (აღელვებით) ან იმან როგორ გაბედა, ან..
ზ ა ქ რ ო. (სინანულით) სულელი ვარ, სულელი... მე რა მრჯის? ბოდიში თინა, ბოდიში..
თ ი ნ ა. ამისთვის მეძებდი?
ზ ა ქ რ ო. არა, თინა, მაპატიე. მე ჩემი დარდი მაქვს, ჩემი სათქმელი. იმ ახმახმა ეს რა გამაბედვინა?
თ ი ნ ა. კარგი, მითხარი.
ზ ა ქ რ ო. აი, ცისა უნდა მოსულიყო, თქვენთან...
თ ი ნ ა. მერე.
ზ ა ქ რ ო. მერე და, რაღაც უნდა ეკითხნა. არ ყოფილა?
თ ი ნ ა. არა, რა უნდა ეკითხნა?
(შემოდის ცისა. დარცხვენით უახლოვდება შეკრებილთ, ზაქრო შეკრთება)
ზ ა ქ რ ო. (ჩურჩულიტ) სხვა დროს იყოს, სხვა დროს...
თ ი ნ ა. (სიცილით) კარგი, კარგი...
გ ი ო რ გ ი. (დაინახავს ცისას) ეს გოგო ვიღასია?
ნ ა ტ ო. ეს ხომ ცისაა, ჩემი დაი, ვეღარ იცანით?
გ ი ო რ გ ი. ეჰ, ვერდებით, ვბერდებით.. მოდის ახალი თაობა, მოდის... შარშანწინ ნამცეცა გოგო იყო, გაზრდილა, დაქალებულა, გამარჯობა, ცისავ!
ც ი ს ა. გამარჯობათ!
გ ი ო რ გ ი. (ტატოს და ცისას) მოდით, მოდითაქეთ, ცეროდენებო! (განზე გადგებიან. ზაქრო მათკენ გადადგამს ნაბიჯს. გამოდის ბიძინა. ზაქო მობრუნდება და საქმიანი სახით ეზოდან გარბის).
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ვეღარ მიცანი, ბიჭო?
ბ ი ძ ი ნ ა. სახელი შეგიცვლია, სახე ხომ არა, რატომ ვერ გიცნობდი?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. რა ვიცი, ზოგი ვეღარ მცნობს. (ძმაბიჭურად დაჰკრავს მხარზე ხელს) აბა, აბა, თუ გახსოვს, უკანასკნელად სად შევხვდით... აბა, თუ გახსოვს? ჰა?..
ბ ი ძ ი ნ ა. უკანასკნელად მგონი მარიამობა დღეს შევხვდით ერთმანეთს?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (დაიბნევა წყენით) ჰო... დიახ... არა, მე სხვას ვამბობ. (ხმადაბლა) შენ ჭიდაობისას ამბობ, არა?
ბ ი ძ ი ნ ა. მაშინ, მგონი ჩემდაუნებურად ცოტა გაწყენინე?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ეჰ, რას ამბობ... ბავშვები ვიყავით... განა მოსაგონია. მე აღარც კი მახსოვდა. (მიიხედ-მოიხედავს და ხმადაბლა) შენ წამაქციე. ქალაქელი სტუნდეტი ბიჭი იყავი, მაგრამ მაინც მაჯობე... ჩემი ბრალი იყო, აგიტყდი, გაგაღიზიანე, გოგოებში შეგარცხვინე... ჰო, ჰო, როგორ გაბრაზდი, მახსოვს, მახსოვს. ჭიდაობა არ იცოდი, მაგრამ გულით მაჯობე, გულით. ჩემი ბრალი იყო....
ბ ი ძ ი ნ ა. არაფერია, ვიცი... ვიცი....
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. საქმე მაქვს შენთან.
ბ ი ძ ი ნ ა. სად იყავი?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. არ მეტყობა? აი, (აჩვენებს ნაჭრილობევს ლოყაზე) ყუმბარის ნამსხვრევი მომხვდა. რამდენი რამ მაქვს სათქმელი... შენ საით იყავი, რომელ ფრონტზე? (ისმის ეზოსთან მოახლოებული მანქანის ხმაური. ეზოში შემოდიან ნინაანთ ვანო)
ვ ა ნ ო. (მორიდებით) ამხანაგო ბიძინა!
ბ ი ძ ი ნ ა. აი, მოვიდა ნინიაანთ მასკვიჩი!
გ ი ო რ გ ი. ამას ხომ კარგად ვიცნობ... ბიჭო, შენა მოჭიდავე არ იყავი?...
ვ ა ნ ო. დიახ, ვჭიდაობდი, ვცელქობდი, სანამ სისხლი მაჭრობდა!
გ ი ო რ გ ი. (სიცილით) კარგი ცელქობა იცოდი. ბევრ კარგი ბიჭი მინახავს შენგან წელმოწყვეტილი... მბურღაობა როდის დაიწყე?
ვ ა ნ ო. ცხინვალელ ბითარაშვილს დამჭიდეს, ცხრა ფუთი ცოცხალი წონა ჰქონდა....
გ ი ო რ გ ი. (იცინის) ჰა, ჰა, ჰა! ცოცხალი წონა, ცოცხალი წონა!
დ ა თ ა. ცოცხალ წონას საკლავზე იტყვიან, ბიჭო!
ვ ა ნ ო. რა ვიცი, მეც მაგას არ ვეუბნებოდი, მოჭიდავეებს რას მიწონით, ფუნთუშა პურები ხომ არ არიან, დამჭიდეთ, ვისკენაც გული გამიწევს-მეთქი!... ჰოდა, დიდი ხვეწნის მერე დამჭიდეს... იცოცხლეთ, მე ის გადმოვიღე კისრულით. გავლახე, მაგრამ ცერი თითი კი გავიფუჭე... ავდექი და ნავთის ტექნიკუმში შევედი!...
გ ი ო რ გ ი. ყოჩაღ, კარგად მოქცეულხარ... ბიძინა, არ წავიდეთ?
დ ა თ ა. (აფუსფუსდება) მოიცათ, კაცო, რა დროს წასვლაა? ეს რა დამემართა, ახლავე აქ გავჩნდები! (გადის)
გ ი ო რ გ ი. (აჩქარდბა) წავიდეთ, თორემ ჩემი ძმის ხასიათი რომ ვიცი, ჯერ არაყს დაგალევინებს, მერე საქათმეში შეძვრება, მარანში ჩაირბენს და... მშვიდობით... (ეთხოვება ყველას). მშვიდობით, მშვიდობით, მალე გნახავთ! (გადის)
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (შეაჩერბს ბიძინას) ბიძინა, კრამიტის ქარხანაში მინდა გავიდე, პატარა საქმე მაქვს. ფეხით ხომ იცით.. არ წამიყვანთ?
ბ ი ძ ი ნ ა. სიამოვნებით, მაგრამ ჩვენ ხომ იქით არ მივდივართ... თუმცა იცი რა, მალე ზაქრო ჩამოივლის ჩემი სტუდაბეკერით და იმას გაჰყევი!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ამოდენა კაცი სტუდაბეკერზე როგორ ავფორთხდე?
ბ ი ძ ი ნ ა. (ღიმილით) კარგი, რახან ასეა, მასკვიჩს შენ დაგითმობთ, მე და რაიკომის მდინვანი სტუდაბეკერზე როგორმე ავფორთხდებით, იქ მეტი ჰაერია!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (დაბნევით) კარგი, კარგი, მერე იყოს.
(ბიძინა გადის. გამოდის დათა პურ-მარილით და ხელადით ხელში).
დ ა თ ა. (ნაწყენი) წავიდნენ? რათ გაუშვით? ეჰ, ესეც შენი ძმა, გაზრდი, კაცად აქცევ და ... (შეხედავს არსაითას) დაგრჩა, არსაითავ, ჭაჭის არაყი და ხმელი ხილი. (დაინახავს ჭიშკართან გაჩერებულ ზაბაიკალას) ოჰ, შენც აქა ხარ? მოდი, მოდი... ბედი გქონია!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. დიდი უჟმური ვინმე ბრძანდება ეგ თქვენი... თქვენი მდგუმირ!
დ ა თ ა. რას ერჩი, ბიჭო?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. მანქანით ამაყობს, სტუდაბეკერზე აფორთხდიო... დამაცადოს!
დ ა თ ა. კარგი ერთი!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. კარგად არ მიცნობს, არა! მე ზაბაიკალას მეძახიან! ზაბაიკალას! ამერიკული ვილისით ზაბაიკალში ვყოფილვარ, ტაიგაში მივლია, შევარცხვინე მაგათი კოკროჭინა მასკვიჩი!
დ ა თ ა. რა დაგემართა, ბიჭო, რა?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. არაფერი. მაღლა აფორთხებას რაიონში ფეხით გასვლა მირჩევნია! (გადის)
ა რ ს ა ი თ ა. უყურე ერთი მაგასა!
დ ა თ ა. დაეხსენ. მაგას თავში სხვა ქარი უბერავს. რას ერჩის ბიძინას, რას უამაყდება. მოდი აქა!
ა რ ს ა ი თ ა. რახანია აღარ ვსვამ. ღვიძლმა ისევ შემომიტია.
დ ა თ ა. ოჰ, აღარ სვამ! დაჯექი.
ა რ ს ა ი თ ა. წამალი მასწავლეს, თუთის სოკო უნდა ჩაფშვნა არაყში და ისა სვაო...
დ ა თ ა. ასწი და გადაჰკა.. ჯერ ხარის ქედს გაუმარჯოს!
ა რ ს ა ი თ ა. ჰო, ტრაქტორი მოგეშალათ და ისევ ხარის ქედს დააწექით, შვილოსა.. (ხითხითებს)
დ ა თ ა. (შეუტევს) მწარე სიტყვას თავი დაანებე, თორემ თუ ავდექი, ემაგ ენას შაქრის ჭარხალსავით დაგიტკბობ... დალიე.
ა რ ს ა ი თ ა. დავლიო? (სვამს)
დ ა თ ა. თინა, თინა, ტატოს დაუძახე!...
ა რ ს ა ი თ ა. უჰ, უჰ,... სოკოს რომ ჩაფშვნი, ერტი ხუთიოდე დღეს ხელი არ ახლო, მერე დღეში სამჯერ დალიე, ციებაც გაგივლის და ღვიძლიც მოგეშვებაო!
დ ა თ ა. არაყს რაღა თუთის სოკო უნდა, ისეც გარგებს. გაუმარჯოს ცის ნამსა! დილით არაყი თუ არ გადაჰკარ, ნამი დაგცდის, მოსავალს კი ძალიან უხდება. ასწი!....
ა რ ს ა ი თ ა. დიდი ჭიქაა, კაცო!
დ ა თ ა. რას მიზომავ, წამალს კი არ გასმევ, თუთის სოკო ღმერთმა დასწყევლოს! (დაინახავს შემოსულ ტატოს) ბიჭო, ის სახლის გეგმა გამომიტანე!
ტ ა ტ ო. ახლავე! (გადის).
დ ა თ ა. რახან ავტყდი, საქმე უნდა დავაბოლოო კიდეც. ერთი იმ გეგმას შენც გაჩვენებ, ვნახოთ, რას იტყვი. დედამიწის მოსავალს გაუმარჯოს... საქართველოს მიწას შარშანდელი თაგვიყანა აღარ ენახოს! ასწი!...
ა რ ს ა ი თ ა. ჰე, ჰე, ჰე, რა იყო! (სვამს) კაცო, შენგან მიკვირს, ჭკვიანი კაცი ხარ, რა დროს სახლის აშენებაა, ცოტა მოიცა.
დ ა თ ა. წეღანაც გითხარი, შენი სიცოცხლე სულ მაცალე, მაცალეო, გაიძახი. აკი იმიტომ გიდგა სასახლეები.
ა რ ს ა ი თ ა. ეჰ, ჩემო ძმაო.. რად მინდა, რათ?
დ ა თ ა. კაცო, რამ გაგიფუჭა ასე გული, რომ ცხოვრებაზე ხელი ჩაგიქნევია... ძმა ხარ, აი, დავბერდი და ხმა ვერ ამოგაღებინე.
ა რ ს ა ი თ ა. ეგ არის ძმაო, ეგ... უფრო ხშირად, რაც სათქმელია, იმას არ ვამბობთ, იმას არ ვეტყვით ერთმანეთს, მართლაც ისე ჩავალთ სამარეში... (დაიანხავს ნატოს და გაშტერებით უმზერს, ნატო გადის) ისე ჩავალთ სამარეში, რომ... ეჰ, აგერ, აგერ... (ხელს გაიშვერს ნატოსკენ) იმან არია ჩემი ცხოვრების გზა-კვალი. (თავს ჩაქინდრავს).
დ ა თ ა. გუშინდელი ბიჭივით ლაპარაკობ, ვეღარ დაივიწყე? ხურმობ, ალბათ...
ა რ ს ა ი თ ა. (თავისთვის) აგრე იყოს...
დ ა თ ა. ჰოდა, აბა მე შემომხედე რეებს ვაკეთებ. მე თუ არ ავაშენე, ტატო და თინა ააშენებენ? ერთი სკოლაში ასწავლის, მეორ ნავთს დაეძებს, მე უნდა მოვასწრო, სანამ გულხელს დავიკრეფ და მოუსავლეთში წავალ, მე უნდა დავაბინაო ბალღები. (დაფიქრდება. არაყს ასხამს, შემოდის ტატო. ხელში დაკეცილი ქაღალდი უჭირავს) აბა, ვაჟკაცის მარჯვენასაც გაუმარჯოს!
ა რ ს ა ი თ ა. (წამოდება) კაცო, სახარება მე სამი გამიგია, გინდა დამათრო?
დ ა თ ა. გაჩუმდი. სახარება ოთხამდის ადის. მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე. არადა, თუ არ დამიჯერებ, თორმეტამდეც ავა. ასწი. (ტატოს ქაღალდებს გამოართმევს) ეს ქაღალდები ვაჟკაცის მარჯვენამ არ დახაზა? (გაშლის და დაფიქრებული დასცქერის)
ა რ ს ა ი თ ა. ჰო... გაუმარჯოს იმ ბიჭის მარჯვენას!
დ ა თ ა. ახლა გაიარ-გამოიარე და დღეს ღვიძლმა თუ რამე გითხრას, ისევ ჩემთან მოდი, მაგის წამალიც ვიცი, შენი ქვევრი მოსახდელია!
ა რ ს ა ი თ ა. (დარცხვენით) კაცო, ახალწელს ვერ გადავწყვიტე, მაისობას უხასიათოდ ვიყავი და ვერ მოვხადე, რა ვქნა!
დ ა თ ა. დაგიძმარდება. ისედაც მჟავე ღვინო იცის ჩვენმა მიწამ. მერე შენ ბევრ ჭაჭას აძლევ.
ა რ ს ა ი თ ა. ის კურთხეული მამაჩემი სულ ასე არ აყენებდა?
დ ა თ ა. კაცო, შენი მიკვირს, რაღა დროს მამაჩვენია, დრო შეიცვალა, დრო, ახლა შამპანიურები უნდა დავაყენოთ. (მიიხედ-მოიხედავს) მოდით, ყველანი აქ მოდით! (ხეივნის ქვეშ მაგიდაზე გაშლის ნახაზს) ამის უკეთესი ადგილი სად არის? დიდი, ორსართულიანი სახლი უნდა ავაშენო! (გამოდის თინა და ნინო. თინას ხელში წიგნები და რვეულები უჭირავს) მარჯვნივ ტატოს დავაბინავებ. ჯერ ცალია, მაგრამ სულ ასე ხომ არ ივლის. ეს თინას მხარეა, ამას სხვაგან არსად გავათხოვებ. ვისაც ჩემი ქალიშვილი უნდა, მოვიდეს და ჩამესიძოს. არ მოვა?
ა რ ს ა ი თ ა. (ღიმილით) შე კაი კაცო, მართალია, ძნელი გადასაწყვეტია უცხო კაცის ოჯახში შეშვება, მაგრამ...
დ ა თ ა. ფუჰ.. უცხო კაცი რას მიქვია, ისიც ჩემი შვილი არ იქნება! (შეხედავს თინას) ხომ მოვა, შვილო?
ა რ ს ა ი თ ა. აქ არ არი, რაღა მოსვლა უნდა?
დ ა თ ა. (ღიმილით შეუტევს) მოიცა! (შესცქერის თინას)
თ ი ნ ა. მამა, იქნებ ჯობდეს, რომ..
დ ა თ ა. რაო, შვილო, რა ჯობდეს?
თ ი ნ ა. აი, ძია გიორგიმაც ხომ გირჩია, სახლს ჯერ ნუ ააშენებო.
დ ა თ ა. რას ამიტყდით, კაცო... თუ რამეს მატყობთ, თუ რამეა ჩემს თავსა, პირდაპირ მითხარით, სიტყვას რათ მიზომავთ, ჰა?!
თ ი ნ ა. (თავს იკავებს) არაფერი. ჩემი წასვლის დროა. ათ წუთში გაკვეთლები დაიწყება. (ისმის ზარის ხმა).
დ ა თ ა. მაშ ასე, მასალის დამზადებას ახლავე შევუდგები, შემოდგომაზე ჩემ ძველ სახლს ფეხსა ვკრავ და დავანგრევ. (პაუზა დათა მიუბრუნდება თინას) წადი, შვილო, წადი, სამსახურში არ დაგაგვიანდეს. (ფიქრის შემდეგ) დავანგრევ და მის ადგილზე ახალს ავაშენებ. მშვიდობით, ძველო სახლო, მშვიდობით. გამარჯობა, ახალო, მშვენიერო და მაღალო!
თ ი ნ ა. (შეხედავს სახლს) მშვიდობით ძველო სახლო, მშვიდობით! (ყველანი ძველ სახლს გასცქერიან)

ფ ა რ დ ა



მეორე მოქმედება



ბიძინას კაბინეტი. ფართოდ გაღებულ ფანჯრებიდან მოჩანს ბაღ-ვენახში ჩამდჯარი პატარა სოფელი. ბიძინა ზის საწერ მაგიდასთან.
ზარს რეკავს, შემოდის მემანქანე.

ბ ი ძ ი ნ ა. რა არის ახალი?
მ ე მ ა ნ ქ. რაიკომის მდივანმა დარეკა, ხევისუბნის კოლმეურნეთა აქტივის თათბირს მეც დავესწრებიო.
ბ ი ძ ი ნ ა. ეგ ვიცი.... შემომიტანე მეშვიდე ჭაბურღილის გეგმა და ხარჯთაღრიცხვა.
მ ე მ ა ნ ქ. ახლავე.
ბ ი ძ ი ნ ა. ჰო, მანდ კაცი მელოდება. აუხსენი საქმის ვითარება და უთხარი ხვალ შემოიაროს. ხომ იცი, არ მცალია! (მემანქანე გადის. შემოდის, თითქმის ძალით შემოვარდება ზაბაიკალა)
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ბოდიში! სულ ორიოდე სეკუნდით, ბიძინა!
ბ ი ძ ი ნ ა. მობრძანდით!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. იმ დღეს შენთან ლაპარაკი ვერ მოვასწარი... ხომ იცი, მე პირდაპირი კაცი ვარ, უცებ გეტყვი: ერთ საქმეში უნდა დამეხმარო
ბ ი ძ ი ნ ა. ბრძანეთ, და თუკი შემიძლია...
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. შეგიძლია. ხევისუბნის კოლმეურნეობაში საწყობის გამგედ მინდა მოვეწყო.
ბ ი ძ ი ნ ა. მერე, მე რა შემიძლია, საწყობის გამგეს კოლმეურნეთა საერთო კრება ირჩევს.
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ეჰ, გაჩუმდი, თუ ძმა ხარ. გავიგე, რაიკომის მდივანთან ასე ყოფილხარ... მე რატომღაც მიბღვერის, მიმეგზავნე, თუ ძმა ხარ.
ბ ი ძ ი ნ ა. მერე ვის უნდა წაართვა ადგილი?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ვიღაც ვირთხა ზის და აკნატუნებს კოლმეურნეობის ხორბალს. დიახ, ვირთხა, წისქვილის ვირთხა. ომის დროს, ჩვენ რომ სისხლს ვღვრიდით ის შინ იჯდა, შინ კი არა, საწყობში, კისერიც კარგად გაუსქელებია, ეყოფა, ძმაო, რაც ჭამა, რაც აკნატუნა.
ბ ი ძ ი ნ ა. დაიცა, თქვენ ხომ კოლმეურნეობის ბრიგადირი იყავით ომამდის?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ვიყავი, მაგრამ... ტყუილად ხომ არ ვიბრძოდი; პატარა სული მინდა მოვითქვა! (შემოდის მემანქანე ქალი, შემოაქვს ქაღალდები, ზაბაიკალა ოთახს ათვალიერებს) მართლაც, დიდი კაცი გამხდარხარ... აქეთ ტელეფონი, იქით....
ბ ი ძ ი ნ ა. (გამოართმევს ქაღალდებს მემანქანეს) მანდ შოფრები უნდა მოსულიყვნენ, საჩქარო საქმე მაქვს.
მ ე მ ა ნ ქ. დიახ, გელოდებიან, ახლავე. (გადის)
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. რახანია კრამიტის ქარხანასთან მინდა ლაპარაკი. სოფლის საბჭოში აურებელი ხალხი ირევა, ყველა პირში შემოგყურებს... ისევ აქედან დავრეკავ!
ბ ი ძ ი ნ ა. ბიჭო, აქ მაგისთვის მოხვედი?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. რა გეჩქარება... (იღებს ყურმილს) კრამიტის ქარხანა მინდა, კრამიტის ქარხანა! კრამიტის ქარხანა ხარ? ვინა ვარ? შენი ძველი ძმა, ნიკა ბერბიჭაშვილი. არ გახსოვს, ზაბაიკალა, კაცო, ზაბაიკალა! ჰა, ჰა, ჰა, ... ახლა ხომ მიხვდი! აი, ბიძინას კაბინეტიდან გელაპარაკები, ნავთის კანტორიდან, არ გესმის?
(შემოდის ზაქრო და ორივე შოფერი)

ზ ა ქ რ ო. ამხანაგო ბიძინა, ის სამი სტუდაბეკერი ისევ შეურემონტებელი დგას გარაჟში, აი შოფრებიც...
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. კაცო, ვერ მიხვდი? ნავთის კანტორიდან ვრეკავ. აი, ბიძინაც აქ არის. საიდან ვიცნობ? როგორ თუ საიდან, ესეც ჩემი ძველი ძმაა, პირის ზიარება! დიდი ხანია, დიდი, ბავშვობიდან, მაშ!
ბ ი ძ ი ნ ა. (შოფრებს) ისე, რომ ხე-ტყის მასალა ისევ იქ ყრია, ხომ?
1 შ ო ფ ე რ ი. ამხანაგო ბიძინა, იმ მანქანების შეკეთებას სამი დღე მაინც უნდა.
ბ ი ძ ი ნ ა. ხვალ დილით მანქანები შეკეთებული უნდა იყოს, გასაგებია!
2 შ ო ფ ე რ ი. ორი დღე მაინც მოგვეცით, ამხანაგო ბიძინა.
ბ ი ძ ი ნ ა. ამხელა დღეში ბავშვი ფეხს აიდგამს, თქევნ კი, ეჰ, დამანებეთ თავი.. ჰოდა, იცით რას გეტყვით, დღეს მეორე ცვლაში მე და ზაქრო ვიმუშავებთ და ხვალ დილით მანქანებს გამოვიყვანთ გარაჟიდან. ხე-ტყესაც ჩვენ გადავზიდავთ. ასე აჯობებს, არა?
ზ ა ქ რ ო. არის, ამხანაგო ბიძინა!
შ ო ფ რ ე ბ ი. როგორ შეიძლება, თქვენ თქვენი საქმე გაქვთ.
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ჰო, მიხვდი, არა? შენ კრამიტი უნდა მომცე. აი, ბიძინა მანქანას მომცემს, ჰო, ჰო, საქმე გაჩარხულია, ხვალისთვის, დიახ...
ბ ი ძ ი ნ ა. წადით... მემანქანებს ხვალ დილით ჩაგაბარებთ.
1 შ ო ფ ე რ ი. ამხანაგო ბიძინა, ჩვენ თვითონ... (შოფრები დარცხვენით გადიან).
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. იქნება, იქნება, მაშ... მანამდის, მანამდის, თორემ ყელი გაგვიშრება.
ბ ი ძ ი ნ ა. გაათავეთ?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. არა, ახლავე...გამარჯვებით. გნახავთ, ერთად გნახავთ. (ჰკიდებს ყურმილს). კიდევ იცი რა...
ბ ი ძ ი ნ ა. (წამოდგება) მეჩქარება, მალე თათბირი უნდა დავიწყო.
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (ჩუმი ხმით) ჰო, იცი რა? ერთი თხუთმეტი კუბომეტრი ხის მასალა მინდა, შენი იმედი მაქვს. ხომ იცი სახლს ვაშენებ. სისხლი გამიშრა.
ბ ი ძ ი ნ ა. სახლი ხომ უკვე ააშენე?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ეჰ, სად არის, ჯერ ჭერი არ გადამიხურავს გარდა ამისა...
ბ ი ძ ი ნ ა. მერე თხუთმეტი კუბომეტრი რად გინდა?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (მხარზე ხელს არტყამს სიცილით) ეჰ, შენცა ვერ გაიგე... ყველაფერი ხომ არ უნდა ვთქვა, ნაწილით ჭერს გადავხურავ, ნაწილს კი... ფიტ! და გაქრა. ზოგი შენ, ზოგი მე!
ბ ი ძ ი ნ ა. (წამოდგება ფეხზე) აჰაა!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ჰო, მიმიხვდი? ერთი გადაატრიალე და დაუკეკე. ხომ ნახე, კრამიტის საქმე როგორ ხელად გავჩარხე, აბა!
ბ ი ძ ი ნ ა. ხე-ტყის მასალა ნავთის წარმოებას ეკუთვნის, მამაჩემს კი არ დაუტოვებია! შენ რაღაც გეშლება.. თუ გიჭირს, მითხარი და ჩემი ჯიბე...
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (წყენით) მაშ ასე? შენი ჯიბე... შენი ჯიბე, ბიჭო, ღობემძვრალა ჩიტებს არ ეყოფათ საკენკად!
ბ ი ძ ი ნ ა. მე როგორც ვატყობ, შენ დიდძალი საკენკი დაგჭირდება. კოლმეურნეობის საწყობში მაგიტომ ხომ არ გიდა მოეწყო, ახლა შენ ხომ არ გინდა აკნატუნო სახალხო დოვლათი?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ჰა.... ჰა... კარგი, კარგი ერთი, თუ ძმა ხარ.
(უცებ კარი იღება. შემოდის ანდრო, აღელვებული)
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ჰო, ახლა დრო არა გაქვს, წავალ, სხვა დროს შემოვივლი.
ბ ი ძ ი ნ ა. (დაბალი ხმით) ასეთ საქმეზე თავს ნუ შეიწუხებთ!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (წყენას არ იმჩნევს) ეჰ, რა შეწუხებაა.. (გადის)
ა ნ დ რ ო. გამარჯობა, ბიძინა!
ბ ი ძ ი ნ ა. ანდროს გაუმარჯოს, რას შეუწუხებიხარ, სახე რად ჩამოგტირის, ბიჭო? რახანია ერთმანეთი აღარ გვინახავს. ასე უნდა დავიწყება? მაგრამ როგორც თვალი შორს, ისე გულიო.
ა ნ დ რ ო. თუ ის მართალია, რაც წუხელის გავიგე, ალბათ, მალე სულაც დავშორდებით ერთმანეთს.
ბ ი ძ ი ნ ა. რა მოხდა, რატომ? სხვაგან ხომ არ გადადიხარ სამუშაოდ?
ა ნ დ რ ო. შენ იცი რა პატარა ოცნება აცხოვრებს სოფლის აგრონომს... დიდ მიუწვდომელ იდეებზე არასოდეს მიფიქრია. მე ამ მწირი მიწის შვილი ვარ და სიჭაბუკიდან ვნატრობდი ხეხილის ბაღებით აყვავებული მენახა იგი. მენახა მწკრივად ჩარიგებული თურაშაულისა და ატმის ხეები.
ბ ი ძ ი ნ ა. ჰე, ჰე, ჰე...
ა ნ დ რ ო. დიახ! მიმიხვდი? ამ შვიდი წლის წინათ ოცდაათ ჰექტარზე ხეხილის ნერგი ჩავყარეთ, ხუთასი ძირი ატამი და ვაშლი მარტო ჩემი ხელით დავამყნე და ახალი ჯიშები გამოვიყვანე, დიახ, ჩემი ხელით... აი ჩემი ხელები!
ბ ი ძ ი ნ ა. მერე?
ა ნ დ რ ო. ეს შრომა წყალში გადაყრილი აღმოჩნდა... სადა დგამთ მეშვიდე ჭაბურღილს, ხევისუბანში, ხომ?
ბ ი ძ ი ნ ა. ანდრო, ძმაო, ეს არის აუცილებლობა, რომელსაც ჩვენ ვერ შევცვლით.
ა ნ დ რ ო. შვიდი წლის ხეხილი, გესმის, შვიდი წლის... შვიდი წლის მოუსვენარი შრომა, დღესა და ღამესთან ბრძოლა...
ბ ი ძ ი ნ ა. როცა შენ გისმენ, ჩემი თავი მახსენდება. თუმცა, არა, შენ ჩემზე ბედნიერი ხარ. შენ მზის სინათლეზე, ამ ქართულ მიწაზე ამყნი შენ ოცნებას და მომავალს, მე წყვდიადში, მიწის ბნელ წიაღში დავეძებ ნავთს... განა შენზე ნაკლები ღამე გამიტეხია იმისათვის, რომ ნავთის კოშკიდან შადრევნის ხმა გამეგონა, პირველს გამეგონა ის ხმა. განა შენზე მცირედ ამცრუები იმედი, განა ცოტაჯერ შემომიკრავს თავში ხელი. ჩავღრმავებივარ ფიქრს, ნუთუ შევცდი, ნუთუ?
ა ნ დ რ ო. იცი თუ არა, რომ ჩემი ხეხილის ბაღი მომავალ წელს კოლმეურნეობას მილონერს გახდიდა?
(კარი იღება, შემოდის გიორგი. ანდრო შეკრთება და ლაპარაკს წყვეტს, გიორგი ესალმება მათ)
გ ი ო რ გ ი. განაგრძეთ, ალბათ, საქმეზე ლაპარაკობთ!
დიახ. (ღიმილით) აი, ანდრო ამტკიცებს, ჩემი ბაღი ორიოდე წელიწადში კოლმეურნეობას მილიონებს მისცემდაო.
გ ი ო რ გ ი. მართალია. მერე?
ა ნ დ რ ო. (ცდილობს, შვიდად ილაპარაკოს) მომავლის პერსპექტივა მეტს გვეუნება.
გ ი ო რ გ ი. ეგეც მართალია. შემდეგ?
ა ნ დ რ ო. ახლა კი ბიძინას მეშვიდე ჭაბურღილი ყოველაფერს ამს აცამტვერებს. ჩემი ოქროს ნერგები შემოდგომაზე ექვს აბაზად უნდა გაიყიდოს.
ბ ი ძ ი ნ ა. ეჰ, ნერგები, ნერგები! საოცარი კაცი ხარ, ჩემო ანდრო, რა პატარად მეჩვენება შენი ოცდაათი ჰექტარი ბარი და შენც, განა ასე ლაპარაკი შეიძლება?
გ ი ო რ გ ი. რა უნდა მოვთხოვოთ იმ გლეხს, რომელიც ხვალ ბუზღუნს დაიწყებს, თუკი შენ ასე მსჯელობ!
ა ნ დ რ ო. მე ამას თქვენთან, აი... გულისტკივილით, მეგობრულად.
გ ი ო რ გ ი. კარგი, ვთქვათ ასეა. ჩვენი მოვალეობაა საგანს და მოვლენას შევხედოთ ყოველმხრივ, ავწონ-დავწონოთ, შევაფასოთ ზარალი და სარგებელი, ხელი ვკრათ მცირეს, უპირატესობა მივცეთ დიდს.
ა ნ დ რ ო. ხომ შეიძლება ავჩხეხოთ ხეხილი, შევავიწროვოთ სოფელი და ნავთის მარაგი მცირე რაოდენობის აღმოჩნდეს.
ბ ი ძ ი ნ ა. არ შეიძლება. განა თქვენ, აგრონომები ასეთ შეცდომას ჩაიდენთ, განა თქვენ, როდესაც თურაშაულს ამყნობდით, დარწმუნებული არ იყავით, რომ ის ნაყოფს მოგცემდათ? რატომ არ დაამყნეთ ინდის ხურმა და ნარინჯ აქ, ამ ხრიოკ მიწაზე? (ფიქრის შემდეგ) რახან ამტეხე, მეტსაც გეტყვი... ჩვენი, ჩემი და შენი პირადი ოცნებანი აქ მცირედი მნიშვნელობისანი არიან.
გ ი ო რ გ ი. მართალია.
ბ ი ძ ი ნ ა. შენ გინდოდა ეს მხარე ხეხილის ბაღად გექცია. მე კი მინდა აქ ჭაბურღილების ტყე გაჩნდეს და ნავთის სუნი დატრიალდეს. შენ შეგიძლია, სხვა ადგილი აქციო ბაღნარად. ჩვენ ნაყოფზე ვიმსჯელოთ, ნაყოფზე.
გ ი ო რ გ ი. ესეც მართალია, ნავთს ყველგან ვერ ამოიყვან. ეს ბუნების კანონია. სამწუხაროდ, ამ კანონს ჯერჯერობით უნდა დავემორჩილოთ. ხეხილის ბაღის გაშენება კი თითქმის ყველგან შეიძლება. ამ შემთხვევაში ჩვენ ბუნება უკვე დავამარცხეთ, ხომ ხედავთ, ციმბირში მარწყვისა და ყურძენს ამწიფებენ!
ა ნ დ რ ო. ჩვენ, ამხანაგო გიორგი, გამოვიყვანეთ ხეხილის ახალი ჯიშები, რომელთაც მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა აქვთ, ისინი ხომ მხოლოდ ადგილობრივ პირობებს ეგუებიან, ისე რომ...
გ ი ო რ გ ი. (აწყვეტინებს) რად გინდა მათქმევინო, ამხანაგო ანდრო, რომ შენ არ გესმის თქვენი ნამყენების მნიშვნელობა! შენ დაკვირვებული კაცი ხარ, კარგი ბუნებისმეტყველი. შენ დაუკავშირდი ძველ გამოცდილ მებაღე გლეხებს და მათი რჩევით შენი ახალი ჯიშის ვაში და ატამი დაამყნე ადგილობრივ, ველურ საძირეებზე, შედეგიც საუკეთესო მიიღე, მაგრამ რატომ გგონია, რომ ის მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობისაა? შენი მეთოდი უნდა გავაზოგადოთ, ის უნდა მოეფინოს საქართველოს ყველა შესაფერის რაიონს. (ფიქრის შემდეგ) შენ მიზანს უკვე მიაღწიე, ოცდაათი კი არა ათასი ჰექტარი ბაღიც რომ დაგეღუპოს!
ა ნ დ რ ო. კარგით, ვთქვათ ამ შეთხვევაში ჩემი მიზანი მიღწეულია, მე, როგორც აგრონომი კმაყოფილი ვარ, მაგრამ სოფელმა რა ქნას? მან ხომ შრომა გასწია, დიდი შრომა, მრავალი ათეული კაცის შრომა, შვიდი წლის განმავლობაში... ჩემი და თქვენი კმაყოფილება განა სოფლის დანაკლისს აანაზღაურებს? ჩემი ბაღი ხევისუბნის კოლმეურნეობას მალე გაამდიდრებდა. ეს, ჩემო ბიძინა, საუკეთესო ნაყოფია ამ სოფლისათვის!
გ ი ო რ გ ი. ეჰე, ჰე...შენ მაინც შენსას გაიძახი, ამ სოფლისათვისო. ერთი რომ ამ სოფელს დანაკლისი აუნაზღაურდება. ამისთვის ჩვენ უკვე ვზრუნავთ. ასეც რომ არ იყოს, ეს სოფელი ჩვენი ქვეყნის ერთი წერტილია, ცხადია, მისი ტკივილიც ტკივილაი, მაგრამ როგორ შესწვდება იგი ქვეყნის სატკვიარსა და ოცნებას? ქვეყანას უფრო დიდი სატკივარი სტიკვა და დიდი ოცნება აქვს. აი, აქ, ამ მიწაზე მისი თვალი ნავთს დაეძებს. ნავთი მისი სისხლია, გესმის სისხლი.. (დუმილის შემდეგ) საქართველოს ნავთი უნდა, ნავთი, და რა ვქნათ, თუ ამ დიდი ნაყოფისათვის, რომელსაც ყოველდღიურად ვზრდით, ერთი პატარა ბაღი აიჩეხება!
(შემოდის ნატო)
აჰა, ნატოც მოვიდა, ჩვენს ჭაღარას გაუმარჯოს.
ნ ა ტ ო. გამარჯობათ, ამხანაგო გიორგი.
გ ი ო რ გ ი. ხომ იცით, რისთვისაც დაგიბარეს?
ნ ა ტ ო. ისე, ცალყბად, კილოკავად მითხრეს.
გ ი ო რ გ ი. (მიუთითებს ბიძინაზე) სულ ამის ოინებია!
ნ ა ტ ო. (ხუმრობით გაიწევს ბიძინასაკენ) დამაცადოს, დამაცადოს, მაგანა!
გ ი ო რ გ ი. (დაინახავს შემოსულ ტატოს) აი, ტატოც მოვიდა. აბა, რას იტყვი, ამხანაგო კომკავშირელო?
ტ ა ტ ო. (დარცხვენით შედგება) მე... გამომიძახეს, ამხ... ამხ... ძია გიორგი.
გ ი ო რ გ ი. ჰო, გამოგიძახეს? მოდი, მოდი... ახლა კი მართლაც დაჭაბუკდი, ჩემო ქონდარავ! რასა იქმს მამაშენი, არ მოდის?
ტ ა ტ ო. მოდის, ორი ნაბიჯით გამოვასწარი.. გუშინ ქვას და ხე-ტყეს ეზიდებოდა, დღეს კი.
გ ი ო რ გ ი. ხე-ტყეს?
ტ ა ტ ო. არ დაიშალა. გახსოვთ, ახალი სახლის აშენებას აპირებდა, მაგრამ...
(შემოდის დათა და სხვა გლეხები)
გ ი ო რ გ ი. გამარჯობა, დათა! გამარჯობათ, ამხანაგებო. აბა, დავიწყოთ, დროზე მივხედოთ საქმეს, თორემ ცხოვრება თავისი გზით მიდის. აბა, ანდრო, გაუძეხი თათბირს... ამხანაგებო, ხევისუბნის მიწა-წყალზე ნავთი აღმოჩნდა. სოფლის გარშემო ჩატარებულმა საცდელმა ბურღვამ კარგი შედეგი მოგვცა, მაგრამ ნავთის მთავარი მარაგი, როგორც ძიებამ დაადასტურა, ხევისუბნის ქვეშ მდებარეობს.
(კრების მონაწილეთა სახეებზე მოულოდნელობა და განცვიფრება ისახება. ჩურჩული ტალღასავით გაირბენს. ისმის წამოძახილები)
ხ მ ე ბ ი. რაო?
- რა თქვა?
- სადაო, კაცო?
- სოფლის ქვეშ!
- ნუთუ?
გ ი ო რ გ ი. დიახ, ნავთის მთავარი ძარღვი ხევისუბნის ქვეშ მდებარეობს... ნავთის წარმოებას კი, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი რესპუბლიკისათვის უპირველესი მნიშვნელობა აქვს - წეღან ამხანაგებთან საუბარში ნავთს მე ჩვენი ქვეყნის სისხლი ვუწოდე. ნავთი ჩვენი ქვეყნის მთავარ ძარღვებს აცოცხლებს, ამოძრავებს ტრანსპორტს, სჭირდება მოსახლეობას... ჰოდა, მოულოდნელად დავდექით ასეთი ამოცანის წინაშე: როგორ მოვექცეთ იმ მიწა-წყალს, რომელიც ნავთის წარმოებისათვის აუცილებელია და იმავე დროს სოფელს ეკუთვნის. ნავთის წარმოებას უნდა გადაეცეს ხევისუბნის აღმოსავლეთით მდებარე სახნავ-სათესი მიწები, კოლმეურნეობის ახალშენი ხეხილის ბაღი და წყაროსუბანი მთლიანად!
დ ა თ ა. (წამოდგება) წყაროსუბანიც?
გ ი ო რ გ ი. დიახ, სამწუხაროდ, ის ხუთმეტი კომლი, რომელიც წყაროსუბანში მოსხლეობს, უნდა შევიწროვდეს!
დ ა თ ა. როგორ თუ შევიწროვდეს?.. ისე გამოდის, რომ.. ისე გამოდის, რომ...
ა ნ დ რ ო. აბა, რად შფოთავ, დათა, დამშვიდდი, ბოლომდე მოისმინე.
გ ი ო რ გ ი. წყაროსუბნის მიწა-წყალის ნაწილი თუ ნავთის წარმოებას გადაეცემა, განა ამ წარმოებს ცოტა მუშახელი დასჭირდება?... ვინ უნდა ჩაებას ამ ახალ საქმეში, თუ არა თქვენა? ამ სოფლის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი უვკე ჩაბმულია ნავთის საქმეში და როგორი უზრუნველყოფაც აქვთ, ეს თქვენ კარგად იცით.
მ ი ხ ა. იმათა, შვილო, ნავთის საქმე ისწავლეს, ტექნიკუმი დაამთავრეს და ნავთის ოსტატები გახდნენ... ჩვენ კი აბა, რის მაქნისები ვიქნებით?... მთელი ჩვენი სიცოცხლე მიწას ჩავჩერებივართ, მიწა გვაჭმევს პურსა. ახლა, შვილოსან, მეც ხომ ნავთის ტექნიკუმში არ შევალ, ამდროულა კაცი?!
შენ შენი კარგადა თქვი, მიხავ, კარგადა.. სიტყვას დიდი ძალა აქვს, დიდი, რკინას რომ შემოჰკრა, პირი არ დაუჩლუნგდება, მაგრამ მეც მომისმინე და იქნებ ჭკუაში დაგიჯდეს. ნავთის წარმოებისათვის აუარებელი მუშახელია საჭირო, ყველას შესაფერის სამუშაოს გამოვუნავთ. ზოგი უშუალოდ ნავთის წარმოებაში იმუშავებს, ზოგი მშენებლობაზე, რომელიც ამ წარმოებას სჭირდბა, ზოგიც მეურნეობაში, რომელიც ამ წარმოებასტან იქნება... აბა, რას იტყვით, ამხანაგებო? გამოთქვით თქვენი აზრი!
ა ნ დ რ ო. აბა, ნატო, სიტყვა შენზეა...
ნ ა ტ ო. სათქმელი უნდა ითქვას, ამხანაგო ანდრო...
ა ნ დ რ ო. დიაღაც, უნდა ითქვას...
ნ ა ტ ო. უბრალო ამბავი არ არის. გახსოვთ შარშან, ათი დღით სამგორში რომ წავედით ცეკვა-თამაშით? ისევ ადვილად ხომ ვერ დასტოებს ხალხი თავის ნაამაგარ კარ-მიდამოს?
ტ ა ტ ო. დასტოებს!
მ ე ო რ ე ხ მ ა. ვერა, ვერა...
ნ ა ტ ო. არა და ჰო... ენა არასაც ადვილად იტყვის და ჰოსაც... მაგრამ... ცალ-ცალკე არც ერთი იქნება მართალი და არც მეორე...
გ ი ო რ გ ი. ცხადია, ყველა ერთნაირად არ შეეგებება ამ ამბავს, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ აუცილებლობას პირდაპირ, ვაჟკაცურად შევხედოთ.. ვინც ცხოვრებას იწყებს, იმისათვის ადვილია ახალი საქმის დაწყება, ვინც ამთავრებს, ის ღიმილითაც რომ შეგხვდეს, მაინც მეტი გამხნევება და მხარში ამოდგომა სჭირდება.
ვ ა ნ ო. ჰო, მოხუცისათვის ძნელი იქნება!
გ ი ო რ გ ი. არა, მე მარტო ფიზიკურ ასაკზე არ ვლაპარაკობ, მე ვგულისხმობ შეგნების ასაკსაც. ამხანაგებო... (დათა წამოდგება, თითქოს რაღაცის თქმას აპირებსო. მაგრამ ხელს ჩაიქნევს და ისევ ჯდება)
გ ი ო რ გ ი. რაო, დათა, თქვი, რაღად დაჯექ!
დ ა თ ა. (ყოყმანის შემდეგ) აი, ეგ ყმაწვილი, ბრძანებს, მოხუცებისთვის ძნელი იქნბაო... იქნებ მართალიც არის ესა, მაგრამ, შვილო და ამხანაგო, ჩვენ რად გესვრი ქამანდსა, სიტყვას ჩვენზე რად აგდებ? მარტო ჩემი კარ-მიდამო ხომ არ ჰყვება, შენიც იქ არ არის!
მ ი ხ ა. (მიუბრუნდება) ჩვენთვის თუ ძნელია, თქვენთვის ხომ ადვილია, რას გაჩუმებულხართ, რატომ არას იტყვით. კარ-მიდამო თუ არ გექნება, მასკვიჩს სადღა დააყენებ?
ვ ა ნ ო. ჩემი მასკვიჩი მასხრად ასაგდები არ არი... აბა, შემომხედე, ხევისუბნის ნავთში პირველად მე დავიბანე ხელი!
დ ა თ ა. ღმერთმა მარჯვენაც გიკურთხოს და გულიც... კაი ბიჭი ხარ, მაგრამ ნავთში დაბანილ ხელს აქ რაღად იბან, საქმეს ჩვენზე რად აგდებ?
ვ ა ნ ო. ჩვენ საქმისა ვთქვათ, გულითა ვთქვათ!... აბა, მაშ, როგორ მოვიქცეთ? ნავთის ძიებაზე დახარჯულია მრავალი წლის მოუსვენარი შრომა, მილიონები, გესმის, მილიონები! აი, ჩვენ მიზანს მივაღწიეთ, ხელს ხომ არ ავირებთ ამ დიდ საქმეზე იმის გამო, რომ წინ შენი და ჩემი ეზო გვეღობება.
მ ი ხ ა. (დათას) ეს ბიჭი, დათავ, ნავთის მბურღავიცა ყოფილა და სიტყვის მჩარხავიცა, აბა უპაუსხე, უპასუხე!
დ ა თ ა. აი, ეგ ამბობს, სიტყვა გულს ვათქმევინოთო. ოღონდაც, შვილო, ისე სიტყვას რა ძალა ექნება, თუ გულის მადლი არ მოსდევს.. მაგრამ, შენა, მიხავ, შენ რათა მალავ სათქმელსა, ჩემს უკან რათა დგები?... (დაჯდომას აპირებს)
მ ი ხ ა. შენს უკან რომ ვიდგე აღარც გამოვჩნდებოდი, დაბალი რომ ვარ, წინ იმიტომაც ვდგები, იქნებ გამოვჩნდე, ჩემის გაიგონე-მეთქი. ჯერ შენა თქვი შენი და მერ მე ჩემსას ვიტყვი.
ხ მ ე ბ ი. თქვი დათა, თქვი!
დ ა თ ა. (ფიქრის შემდეგ) მე რო ვთქვა, თქვენმა სათქმელმა რაღა ქნას?... მე ჩემსას ვიტყვი, თქვენსას ხომ არა?
ვ ა ნ ო. ჩვენი სათქმელი კარგათა თქვა გიორგიმა!
დ ა თ ა. აჰა, ისევ იმას გაიძახი! გულმა თქვა ამოვიძახე, პირმა სათქმელი წამართვაო. ასეა შენი საქმე, ხომ?.. გული ოხრავს და პირი მალავს სათქმელსა, განა?...
მ ი ხ ა. დასამალი არაფერი გვაქვს, არა!
დ ა თ ა. ვიცი, ვიცი, მეტი რა გეთქმის.. გეტირება და თვალს აცინებ, განა?!.
მ ი ხ ა. მეც იმას ვიტყვი, რასაც გული მეუბნება... მეც ხომ წყაროსუბნელი ვარ, შენ თუ კარგავ, მეც არ ვრჩები განზედა. ერთი მკტაველი მიწისათვის ქეყნის სიკეთეს წინ როგორ გადავუდგები? პირს როგორ შევირცხვენ! (წამოდგება და ღიმილით ჩამოჯდება ბიძინას გვერდით. ყველანი იცინიან)
ა ნ დ რ ო. აი, ასე, მიხა. ქვეყნის სიკეთეს წინ რათ უნდა გადავუდგე. მეც ამ მიწა-წყლის შვილი ვარ, ამხანაგებო! აი, როგორ ვთქვა, ჩემი შვიდი წლის ბიჭს გეფიცებით... გინდა ის ბიჭი დამითმია, გინდა ჩვენი შვიდი წლის ხეხილის ბაღი, ჩვენი ოფლი, შრომა, იმედი... მაგრამ მოსახდენი უნდა მოხდეს! როგორ მოვიქეთ, აი, რა არის საკითხავი. აი, შენ ეს თქვი, დათა!
დ ა თ ა. მოგახსენებთ, მოგახსენებთ! რათ ვამბობ ამას. რათ ვბედავ? მართალი ვარ და იმიტომა.. ბანიან სახლებში, მიწურებში დავიბადეთ იმ უჟმურ დროშია.. ღმერთმა დაგლოცოთ, შვილო, ბერწი მიწა გვიპატიეთ, წყალი არა გვქონდა, არხი გაგვიჭერით, ურწყაებში ხეხილი ჩაგვიყარეთ... ჭვარტლიან ჭრაქს შევყურებდით, ელექტრონის შუქი მოგვეცით... (სულს მოითქვამს) ახლა თქვენი ამაგიც წყალში ცვივა და ჩვენიცა....
ნ ა ტ ა. მიკვირს, დათავ, შენი მიკვირს. აბა, გაიხსენე ვინ იყო მუდამ ჩვენი სოფლის თავი და თვალი, ვინ აქცია ხევისუბანი ბაღნარად? ვინა და შენ. ვინ იზიარებდა ომის დროს ჩვენს ჭირსა და ლხინსა? ვინ შესწირა სამშობლოს შვილი? ვინა და შენა! ახლა, ახლა საით გვეწევი, რამ გაგტეხა?
დ ა თ ა. რამა და, აი, ყური დამგიდეთ, იქნებ ბიძინა სცდება, იქნებ გელაშვილი იყო მართალი? ის ხომ ამტკიცებდა ნავთი გაღმა მხარეშიაო?
ნ ა ტ ო. დათამ გელაშვილი ახსენა. რომ გამართლებულიყო გელაშვილი და ნავთი გაღმა მხარში აღმოჩენილიყო, რა უნდა ექნათ გაღმამხრელებს? მიწას რომ დაბღაუჭებოდნენ, განა ჩვენ გავამართლებდით მათ საქციელს, მხარს მივცემდით, აყვებოდით? ... არა, ამხანაგებო, არა...
ხ მ ე ბ ი. მართალია, მართალი!
ნ ა ტ ო. ჰოდა, საკითხი, მე მგონი, გამორკვეულია, ამხანაგო გიორგი, ჩვენ ისა ვთქვათ, როგორ, აი როგორ მოვიქცეთ?
ვ ა ნ ო. (წინ წამოდგება) როგორ მოვიქცეთ და... ვისაც ნავთის წარმოებაში მუშაობა ჭკაუში არ უჯდება, ცოტა განზე გაწევა მოუხდება. რა არის აქ ბევრი სალაპარაკო? მორჩა და გათავდა!
გ ი ო რ გ ი. (ღიმილით) მოიცა, მოიცა, მოჭიდავევ აქ შენი სიფიცხე არ გამოდგება!
მ ი ხ ა. მე, ჩემო ძმაო, ან აი იმ ნავთის მეურნეობაში ჩამაბით და მამუშავეთ, თუ რამეში გამოგადგებით, ან არადა აი, აქვე, ურწყავებში დავსახლდები. ურწყავსა, ძმაო, წყალი უნდა და სასუქი, ისე ავაყვავებ იქაუროასა, რომა...
ხ მ ე ბ ი. ურწყავებში დავსახლდეთ, ურწყავებში!
ბ ი ძ ი ნ ა. არ იქნება გონივრული, ამხანაგებო! ხომ შეიძლება ნავთის ახალი ძარღვი ურწყავებშიც აღმოჩნდეს? ამას გეოლოგიური დაკვირვება გვაფიქრებინებს.
ა ნ დ რ ო. გარდა ამისა, რატომ უნდა დავასახლოთ სოფელი ხრიოკ, მწირ მიწაზე, მარტო იმის გამო, რომ ახლოა?...
(პაუზა. ყველას სახეზე ყოყმანი ეტყობა)
აი, დათასაგან გამიგონია, ხევისუბნელები ძველის-ძველი მესხები ვართო, ხიბავარიდან გადმოსახლებული მესხებიო... ჰოდა, შარშან აკი ერთი სოფელი გადავიდა ჩვენი რაიონიდან მესხეთში. ჩვენ რაღათ დავდგეთ უკანა, ურწყაებში რა გვინდა?... არა ჯობია ჩვენს მამა-პაპეულს დავუბრუნდეთ?
ხ მ ე ბ ი. მართალია, მართალი!
ნ ა ტ ო. ამხანაგებო, ამხანაგებო.. აქ საშვილიშვილო საკითხი წყდება და ასე უცებ ვერც გადავჭრით.. რამდენი კაცია, იმდენი სიტყვა ითქმის. მე მგონი, აქ იმიტომ შგვყარეს, რომ სათქმელი ვთქვათ და აზრი შემდეგ ეკითხათ!
გ ი ო რ გ ი. მართალია, დავფიქრდეთ, სიტყვას საქმეს შევუწონოთ... დღეს, მართლაც, საშვილიშვილო საქმე წყდება. ყველა თაობა თავისი შთამომვლობის წინაშე პასუხისმგბელია. ვის დააფასებს შთამომავლობა? ვინ იქნება მაგალითი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, ვის გაიხსენებენ მომავალი თაობები?.. ვისი სახელი ჩაიწერება საბჭოთა საქართველოს ისტორიაში?.. (ფიქრის შემდეგ) ვისი და ვინც მართალ გზას გაჰკაფავს! ვისაც გზაზე ეკალბარდი შეხვდება, ცოტას გაიჭირვებს, მაგრამ თავისი შრომით თავს ისახელებს, მართალ ხიდს გასდებს! ვისადა, ვინც რუსთაველის საძირკველი ჩაჰყარა და დღესაც მის შენებას განაგრძობს! ვისადა, ვინც სამგორის მიწას ვაჟკაცურად ებრძვის, რომ თბილისის გარემო წალკოტად აქციოს, ვინც დღეს მკტვარს კალაპოტს უცვლის, თბილისის ქუჩებს ამშვენებს, საქართველოს ცას იმედით შეჰყურებს! თქვენა?.. განა თქვენი სახელი კი არ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში? ჩაიწერება! აბა ნინიაანთ ვანოს შეხედეთ, განა ეს ის კაცი არ არის, რომლითაც საქართველო ამაყობს?.. პირველი თქვენი მეზობელი, რომელმაც ნავთის წარმოებიდან აღებული ჯამაგირით ავტომობილი შეიძინა... განა ჩვენს მამაპაპას დაესიზმრებოდა, მოეჩვენებოდა ესა? ჩაუფიქრდით. ამხნაგებო, კარგად გაზომეთ... ვისაც როგორ გიჯობდეთ, ისე მოიქეცით... იქნებ პირევლად მესხეთისაკენ გაგიწიოთ გულმა. კარგით. წადით, მაგრამ ერთი-ორი წლის შემდეგ გვესტუმრეთ, დაგვხედეთ... თვალიც ჩვენზე დაგრჩებათ, გულიც და იქნებ თქვენც ისევ ამ მიწას დაუბრუნდეთ! რას ნახავთ აქა?... რასადა, ნავთის ქალაქი აშენდება აქა, საქართველოს თვალი, მისი სიამაყე, ოქროს ქალაქი! თქვენ იქნებით ამ ქალაქის ფუძემდებელნი, მისი მშენებელნი, მისი პირველი მოქალაქენი! ვისი სახელი ჩაიწერბა საბჭოთა საქართველოს ისტორიაში?... ვისი და, თქვენი, ამხანაგებო, ხევისუბნელებისა"...
ხ მ ე ბ ი. მართალია, მართალი!
გ ი ო რ გ ი. კარგად მოვიფიქროთ... აქ დარჩენისა და მუშაობის პირობები დავაზუსტოთ.. ვისაც დარჩენა არ უნდა, წავიდეს, არავის დავუშლით, მაგრამ ყველაფერი ისე მოვაგვაროთ, რომ უკმაყოფილო არავინ დარჩეს! ახლა დავიშალოთ და ხალხში მართალი სიტყვა მივიტანოთ.
(ხალხი დაფიქრებული იშლება)
დ ა თ ა. (კარისკენ მიდის, მოიხედავს გიორგისაკენ) ღამე მშვიდობისა, ძმაო!
გ ი ო რ გ ი. დაიცა... რამ ჩაგაფიქრა? ... აბა, შენს ბიჭს შეხედე, შენსავით კი არ ჩამოსტირის სახე!...
ტ ა ტ ო. სახე რად უნდა ჩამომტიროდეს?
დ ა თ ა. მაგას რათ გაუძნელდება.. ვისაც დარბაზი არ აუშენებია, დედაბოძი მიწიდან ამოსული ჰგონია, აბა, ერთი ქოხი ააშენოს, ოფლი ჩაღვაროს, თავისი წუთისოფელი შიგ გაატაროს, მერე მე გამიხსენოს და საფლავში ჩამომძახოს, მართალი ვიყავი თუ არა!
ნ ა ტ ო. ქოხი კი არა აქ სულ სასახლეებს ავაშენებთ, სასახლეეს!
დ ა თ ა. ჰო, ჰო... შვილო.. გისმინოთ.
გ ი ო რ გ ი. არ დაგავიწყდეს, ჩემო ძმაო, რომ სოფელი შენს ჭაღარას შემოჰყურებს, გენდობა, პატივს გცემს... წეღანაც გითხარი, ხალხთან მართალი სიტყვა მიიტანე.. ხომ იცი, გაიცინებ, სოფელიც გაიხარებს, დაიკვნესებ, სოფელიც ამოიოხრებს... თავს დააკვირდი და ისე მოიქეცი. სოფლის თავი ხარ, დანახვისავით ყველა მხრიდან ჩანხარ, საითაც შენ გაიწევ, სოფელიც იქით გამოიწევს!
დ ა თ ა. კარგი, ხელში რკინის ჯოხს ავიღებ, ფეხზე რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რომლი გზაც მიმხრობს, იმა დავადგებ. ღამე მშვიდობისა!..
გ ი ო რ გ ი. ღამე მშვიდობისა!

ფ ა რ დ ა




მესამე მოქმედება


პირველი სურათი



ორღობე. ღამეა... ისმის დოლისა და სალამურის ხმა, არსაითა მიიჩქარის სოფლისკენ, გზად შემოეყრება ზაბაიკალა. შორიდან ესალმება.


ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (აჩერებს) საით მიიჩქარი, ბიძაჩემო?
ა რ ს ა ი თ ა. არსაით... რა გინდა?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. რა მინდა? შენი სიცოცხლე, ჩამოჯექი პატარა ხანს...
ა რ ს ა ი თ ა. ჩამოვჯდე? ამ ორღობეში, ბიჭო, რა ჩამოსაჯდომი ნახე? ჰოო, შენ სულ ასე უნდ დადიოდე?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. რა? მეტყობა? რა უნდა მეტყობოდეს, აბა მითხარი, ამოდენა კაცი ვარ, ერთი-ორი ჩარექსა რას მიზამს?
ა რ ს ა ი თ ა. წამო სოფელში, აქ რა გინდა?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. დავიძინო? არა, ამაღამ ჩემი ძილი არ შეიძლება. აი, აქ უნდა დავჯდე და დაველოდო.
ა რ ს ა ი თ ა. ვისა ბიჭო?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ჩემს ბედსა... იქნებ ამოიაროს. (ღიღინებს) ან ავლილი, ან ჩავლილი ხომ არ გინახავს.. ყველაფერი ამაღამ უნდა გადაწყდეს, ჩემი ბედიც და უბედობაც. ერთიც აქეთ ამოივლის და მეორეც.
ა რ ს ა ი თ ა. ღამე მშვიდობისა. თუ შინ გული არ გიდგება, აგერ, გესმის? ლხინში წადი, გაერთე!...
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. დაიცა... ერთი მითხარი, რითა მწუნობენ, შემომხედე და მითხარი!
ა რ ს ა ი თ ა. შენ, გეტყობა, შენს სიზმარს აგრძელებ, მე შენი არა გამგება რა.
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ჰო, მართალია, ჩემს სიზმარს ვაგრძელებ, ჩემს სიზმარს... ტკბილი მაინც იყოს... მწარეა, მწარე. აი ამოდენა კაცი გავხდი, შენს თვალწინ გავიზარდე და შენთვის გული არ გამიხსნია. სათქმელი კი აი, აქამდეა მოსული.
ა რ ს ა ი თ ა. შე კარგო კაცო, მე თითქმის ორი მაგდენი მკიდია ზურგზე, მაგრამ აღსარება მღვდლისათვისაც კი არ მითქვამს.
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. მე კი უნდა გითხრა, აი, ახლავე.
ა რ ს ა ი თ ა. დიდი ხნის ნაჩუმარი გულიდან არ ამოუშვა. ვიცი რის თქმაც გინდა, თავი დამანებე!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. მაშ ასე, იცი და არ გინდა, ხომ?
ა რ ს ა ი თ ა. ვიცი... შენ ერთხელაც დააპირე ჩემთან გულის გახსნა, გახსოვს, მაშინაც გაგაჩეუმე, მაგ საქმეს არა ეშველება რა.
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. მაშ, არაფერი ეშველება?
ა რ ს ა ი თ ა. ქალის გული თუ ერთის შეხედვით არ დააბი, მერე ცდა ტყუილია! ვერა ხედავ, კაცი უცოლშვილო დავბერდი, მე რომ რამე შემძლებოდა...
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. არა, შეგიძლია და გამირბი!
ა რ ს ა ი თ ა. რას ამიტყდი, ბიჭო, ჩემს იქით გზა გაქვს? აბა, რას მალაპარაკებ, თვალიც გიჭრის და ენაც, შენს შესაფერს ყოველთვის იშოვნი!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. მიგიხვდი, არსაითავ, მიგიხვდი. თინა ჩემი შესაფერი არ არის, ხომ? ნასწავლი ქალია, სოფლის თვალი. ის ბიძინას შესაფერია. ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა... კარგი, კარგი, ვნახოთ!
ა რ ს ა ი თ ა. მე რას მიჩივი და შემომჩივი, ბიჭო, წადი და ღმერთთან იჩივლე, თუ გიყაბულოს, მადლიც იმას მოახსენე!
(წასვლას აპირებს)
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. მოიცა.
ა რ ს ა ი თ ა. არა, თუ გული გერჩის, რაც გინდა იმას უთხარი!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. მაშ კარგი, სათქმელს მე თვითონ ვეტყვი, შენ ნურავისთან ნურა გრჯისა, ჩემს ნათქვამს ნუ გადააბრუნებ.
ა რ ს ა ი თ ა. რა გინდა, ბიჭო, დამეხსენ.. ძმა რომ ძმაა, შენს ნათქვამს იმასაც არ მივუტან, სანამ ზურგში ხანჯლის ჩაცემას არ დაუპირებ... ეგეც არ იყოს, ახლა მაგისთვის გცხელა?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ვითომ რატომაო?
ა რ ს ა ი თ ა. არ გაგიგია? წყაროს უბანში ჭაბურღილებს გვიდგამენ!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. უკვე? .. უკვე დაანგრიეს?
ა რ ს ა ი თ ა. დაუდგენიათ...
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. კარგი, კარგი, ახლა კი აივსო გული.
ა რ ს ა ი თ ა. ღამე მშვიდობისა!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ღამე მშვიდობისა!
ა რ ს ა ი თ ა. კეთილი გზა მოგცეს... (არსაითა გადის. ჩქარი ნაბიჯით შემოდის თინა. ესალმება ზაბაიკალას და აპირებს გავლას, ზაბაიკალა წინ გადაუდგება)
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. თინა!
თ ი ნ ა. (შეჩერდება) რა გინდა?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. შენი სიცოცხლე, მეტი რა... რა უნდა მინდოდეს?
თ ი ნ ა. მაინც?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. განა არ მითქვამს, განა არ იცი?
თ ი ნ ა. განა მე კი არ მითქვამს, გულიდან ამოიღე-მეთქი ეგ ფიქრი.
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. გითქვამს, მაგრამ... აი ახლაც მინდა გავიგონო, კიდევ... ჩემმა მზემ, კიდევ მინდა გავიგონო, რომ ეს გული სამუდამოდ მოკვდეს.
თ ი ნ ა. ეჰ, ცოდვას ნუ დამაკისრებ. შენ შენი გზით წადი, მე ჩემი გზით გამიშვი....
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. განა არ ვიცი შენი გზა საით მიდის? რა ხანია ვუთვალთვალებ, რა ხანია!
თ ი ნ ა. მით უფრო, რომ იცი... თუკი შენი გული არ შეცვლილა, ჩემს გულს რაღა შესცვლიდა. გზა მომეც, სირცხვილია.
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. შენ გზა მოგცე დ მე თუნდა კლდეზე გადავარდე, არა?
თ ი ნ ა. ეჰ, დაეხსენ ბავშვობას...
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. შენ ჩემი უნდა გახდე! (გაიწევს მისკენ)
თ ი ნ ა. გამატარე, თორემ სოფელს შეგიყრი!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. მე სოფლისა არ მეშინია, დიდი ხანია სირცხვილის კბილი მოვიცვალე. (ხელს ჰკიდებს)
თ ი ნ ა. ხელ, ხელი გამიშვი... უსინდისო!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (ერთხანს შემკრთალი დგას, შემდეგ გაცოფებული მისწვდება) დაგახრჩობ, გესმის, დაგახრჩობ, აი, აქვე... დაგახრჩობ და მაშინ აღარავისი იქნები!
თ ი ნ ა. ხეპრევ! (შემოჰკრავს სილას)
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (შეძრწუნეული) აჰ, აჰ!
თ ი ნ ა. დიახ, მეტი გეკუთვნის! (გარბის, შეჩერდება და მოიხედავს)
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ხომ მომიკალი გული? ახლა ჩემი ნახეთ.. წადი, შენ აღარას გერჩი. გულს მოგიკლავ, მხოლოდ, გულს! (თინა გარბის, ზაბაიკალა ერთხანს მწარედ ჩაფიქრებული დგას) მაცალე! (ფიქრის შემდეგ) მეც ნუ მიშლით ხელსა, ნუ... წინ ნუ მიდგებით, თორემ... ქალის გულიც შენ წამართვი, ახლა სახლ-კარსაც მინგრევ! (ლოყაზე ხელს მოისვამს) ქალის გული... აი, აი, იმის სათითურები! ახლა ჩემი ნახე, ჩემი (შორს სალამურის ხმა ისმის), საჭიდაო, საჭიდაო დაუკარით!


მეორე სურათი



დათას ოთახი. სიღრმეში ბუხარი, ბუხრის თავზე დიდ ძველებურ ჩარჩოებში ჩასმული სურათი - დათას მშობლების გამოხატულებით. ვაჟკაცს გლეხური ჩოხა-ახალუხი აცვია, დედაკაცს - ქართული კაბა. მარჯვნივ კუთხეში სახატე, რომელშიც ხატები არ ასვენია. შუაში მაგიდა. მაგიდის თავზე ანთია ელექტრონი. ბუხრის მარცხნივ პატარა მაგიდა. მაგიდაზე წიგნები, პატეფონი. მაგიდის თავზე სურათი შოთა რუსთაველისა, სურთის ქვეშ თავთავების კონა.
ღამეა. ნინო მაგიდასთან საქმიანობს. ადგება, კარს გააღებს, ეზოში იმზირება, ისევ ჯდება, შემოდის დათა.

ნ ი ნ ო. სად დაიკარგე, კაცო? ბავშვები სადღა არიან?
დ ა თ ა. ბავშვები.. ვახშმად რა გაქვს?
ნ ი ნ ო. ახლავე.
დ ა თ ა. დაიცა, მარანში ჩადი, ერთი სამჩარექიანი მეგულება ღვინით, ისიც ამოიტა!
ნ ი ნ ო. ღვინო რაღად გინდა ამ შუაღამისას?
დ ა თ ა. ამ შუაღამისას? ამოიტა. ნატო მოვა!
ნ ი ნ ო. ნატო?
დ ა თ ა. ჰო, მოსალაპარაკებელი გვაქვს.
ნ ი ნ ო. გადაწყდა?
დ ა თ ა. ჰო, გადაწყდა-მეთქი!
ნ ი ნ ო. რა ვქნა, ამას რას შევესწარი. დამენგრა სახლი, დამენგრა.
დ ა თ ა. ნუ-მეთქი, დედაკაცო, ნუ, გულს ნუ ამიმღვრევ!
ნ ი ნ ო. შენთან მაინც არა ვთქვა, შენთან? ბავშვებს ჩემს გულს არ ვაჩვენებ, არა. მე მეტი ჭირი მინახავს, მეტი...
დ ა თ ა. ყველა ჩვენ შემოგვყურეს, ბალღებიც, ხალხიც... ნუ აჩვენებ, ნუ მაგ შუბლსა!
ნ ი ნ ო. რაღა ვთქვა, რაღა!
დ ა თ ა. (მღელვარბის ხმით) ბიჭი არ გიტირია, ბიჭი, დაკარგული ბიჭი და ამ კედლებს ტირი?
ნ ი ნ ო. ოღონდ ის იყოს კარგად, ოღონდ ის დამიბრუნდეს და ყველაფერი წყალს წაუღია.
დ ა თ ა. აი, აგერ, აგერ... აუმღერდი-მეთქი თავსა. შუბლი გახსენ, შემომცინე! (კოცნის თვალებში) ახლა კი ჩაირბინე და რაც გითხარ, ისა ჰქმენ. .. (ნინო გადის. დათა თავისთვის) შუბლი გახსენ... აუმღერდი თავსა!... ეჰ, სხვას ვარიგებ ჭკუასა, სხვასა, მე კი თავპირი ჩამომტირის... რასა ვგავდი კრებაზე, რამ დამიბა ჭკუა და ენა... აი, ამ სახლმა? ახალი, ახალი უნდა ააშენო, მაგრამ სად, სად? მესხეთში?.. (ფანჯრიდან გაიხედავს. ისევ მაგიდასთან მიდის) მართალს ამბობდნენ, მართალსა! მართალს სად გაექცევი?... გიორგიც მართალს ამბობდა, ბიძინაც, ანდროც... ჰო, შვიდი წლის ბიჭიო... განა იმას არ უყარს ეს მიწა-წყალი? უყვარს, იმ შვიდი წლის ბიჭივით უყვარს! მაგრამ... მე კი გავკერპდი (კვლავ დაფიქრდება). რამ გამახევა, რამ? ჩემს თავს რად წაუვედი წინა, რად? განა იმისათვის არ დავეძებდი ნავთსა, რომ ქვეყნისათვის სიკეთე მინდოდა, სიკეთე! მერე სიკეთე არ გამომივიდა? გამომივიდა, ქვეყნისათვის კი გამოვიდა, მაგრამ... ჩემთვის? ჩემთვისაც, ჩემთვისაც... განა ჩემი შვილების სიკეთე ჩემი სიხარული არ უნდა იყოს? (შემოდის ნატო).
დ ა თ ა. მოდი, ნატო, მოდი. ახლავე ჩემი დედაკაცი ვახშას ამოიტანს. ისეთ ღვინოს დაგალევინებ, რომა... ზედაშეა, ზედაშე! მალე ბავშვებიც მოვლენ!
ნ ა ტ ო. არც ბიძინა ჩანს?
დ ა თა. იმასაც შემოვიყვან.
ნ ა ტ ო. ჯერ საქმეს მოვრჩეთ.
დ ა თ ა. შენცა! ეს საქმე იმის დაეწყებული არ არის! (შემოდის ნინო საღვინით და ხონჩით ხელში. დათა გამოართმევს საღვინეს) ჰაი, დედასა, ჩემი მარანი ამ საღვინეზე დადგა.
ნ ა ტ ო. (იცინის) ამაზე?
დ ა თ ა. მიმსვლელია, მომსვლელი... (ღიმილით) გზისპირას კაცი არ უნდა დასახლდეს... არა, ეს რა ვთქვი. ზედ მოედანზე უნდა ავაშენო ახალი სახლი, ის რა კაცია, ვისაც სტუმრისა ეშინია?
ნ ი ნ ო. სტუმარს რას უჩივი, არც შენ აკლებ! (გადის. შემოდის არსაითა)
ა რ ს ა ი თ ა. გამარჯობათ!
დ ა თ ა. მოდი, მოდი, ბიჭო... უჟმური კაცის სახლში ეშმაკიც არ შეიხედავს!... (უცებ შეხედავს ზმას) კარგი სტუმარ-მასპინძელი ქრისტეს დაულოცია!
ა რ ს ა ი თ ა. (შეკრთება) სად შეიყვან ახლა ზედსიძესა, ჰა, დაგიქცია თუ არა ოჯახი?
დ ა თ ა. ფუ, შეგარცხვინა ღმერთმა!
ა რ ს ა ი თ ა. თაგვმა თხარა, თხარაო, ისე მოგივიდა, შენც თხარე, თხარე და ხომ გამოთხარე, ჰა?
დ ა თ ა. მწარე სიტყვისათვის დაბადბულხარ ამ წუთისოფელში. რა ვთხარე, რა გამოვთხარე, მაინც?
ა რ ს ა ი თ ა. გამოთხრა მეტიღა გინდა, სახლი გქონდა და კარი, ბაღი და ვენახი. იმდენი ჰქმენ, რომ ჭრი თავზე გენგრევა და მიწა ფეხქვეშ გეცლება!
დ ა თ ა. მეც იქ დავდგები, სადაც მიწა გამიძლებს. ბრალი შენი, რომ არც აქ ვარგოდი და არც იქ ივარგებ!
ა რ ს ა ი თ ა. არა, ერთი მითხარი, ვინ მოიგო ჩვენში, მე თუ შენ? ჩემს ქოხს თუნდაც ზურგზე წამოკიდებულს წავიღებ, სადაც მინდა, შენ?
დ ა თ ა. მაინც, რას ამიტყდი, რა გინდა ჩემგან?
ა რ ს ა ი თ ა. აქ რომ საკუპრე იყო და ნავთის წყაროები დადიოდა, შენ კი არა, ჩვენმა მამა-პაპამაც იცოდა...
დ ა თ ა. იცოდა.
ა რ ს ა ი თ ა. შენ არ იყავი, რომ აიტეხე რაიკომში ჩავიდეთ, თბილისს შევატყობინოთო!
დ ა თ ა. მე ვიყავი.
ა რ ს ა ი თ ა. ისიც შენ არ იყავი, შენი პატარა ტატო რომ შეაგულიანე და ნავთის ტექნიკუმში გაგზავნე?
დ ა თ ა. ისიც მე ვიყავი, რა გინდა მერე, რა?
ა რ ს ა ი თ ა. ჰოდა, შენ რომ იყავი, იმას გეუბნები, ხომ გამოთხარე-მეთქი!
დ ა თ ა. ღმერთო, გაუმრჯვე, გაუმარჯვე ბიძინას და ტატოსა... ეთხაროთ, ეთხაროთ, შრომ არ გასცუდებოდეთ... ჯანდაბას ჩემი და შენი გამხმარი თავი, მორჩი და მოისვენე! (უხერხული დუმილია, არსაითა დათასკენ გადადგამს ნაბიჯს, მაგრამ ისევ შეჩერდება) არა გრცხვენია, ბიჭო, რამ აგტეხა. ერთი ძველი ქოხი გაქვს, ჰკარი წიხლი, აიკიდე გუდა-ნაბადი, გამოსწიე და წამო, სადაც ჩვენ წავალთ, რა ბალრები აგიტირდებიან!
ა რ ს ა ი თ ა. ჰე, ამასაც მოვესწარი! (ხანგრძლივი პაუზა. დათა კარისკენ იმზირება. მერე გადის)
ნ ა ტ ო. (სდუმს. უხმოდ ღელავს) ერთი შეხედე მაგ მოხუც კაცსა, ორი წლით უფროხი ხომ იქნება შენზე?
ა რ ს ა ი თ ა. მეტითაც...
ნ ა ტ ო. შენზე მეტი ჭაპანიც უწევია.
ა რ ს ა ი თ ა. უწევია და ეგრე?
ნ ა ტ ო. ძმები დაგზარდათ, შვილები დაზარდა... ომში შოლტივით ბიჭი დაჰკარგა!
ა რ ს ა ი თ ა. მერე რა ბიჭი!
ნ ა ტ ო. ჰოდა, საკვირველი ის არის, შენ რა გინხავს ცხოვრებაში, რა დაგიკარგავს, რომ ასე დაეცი?
ა რ ს ა ი თ ა. (შეკრთება) მე? რად მეუბნები, გოგო, მაგას?
ნ ა ტ ო. ეჰ, გოგო... ჰო, რა დაჰკარგე-მეთქი, რა? რამ აგავსო შხამით, რად აწვეთებ იმ პატიოსან კაცსა, რად უფუჭებ გულსა?
ა რ ს ა ი თ ა. ეჰ, ნატო, ნატო... ნუ ამიშლი სადარდელსა. ნუ შემყრი ჩემსა ჭირსა...
ნ ა ტ ო. რა დაგიკარგავს-მეთქი, რა? ერთი ქალის გული, არა? ერთი კაცის საგზალი ამ წუთისოფელში! მერე, რად უჩივი ქვეყანასა ვის ემდური, ვისა?
ა რ ს ა ი თ ა. მე ვუჩივი ქვეყანასა? არა, ნატო, არა!
ნ ა ტ ო. არა კი არა, ჰო... განზე რად გადექი, შორიდან რად გვითვალთვალებ, ხომ იცი, კარგ საქმეს ვაკეთებთ, კარგსა! აბა, ჩაიხედე გულში, მერე შემომხედე და მითხარი, მართალს ვამბობ თუ არა?
ა რ ს ა ი თ ა. (თავდახრილი) განა მე გული არ მტკივა, განა მე...
ნ ა ტ ო. ერთი ქალის გული დაჰკარგე და ისიც შენი ბრალია... ყოველთვის ასეთი იყავი, გულჩათხრობილია, უკარა, შორიელი. ბაგეს არ დასძრავდი და სხვას შენი ნათქვამი ისე უნდა გაეგო.
ა რ ს ა ი თ ა. ვაი, შენ, ჩემო თავო!
ნ ა ტ ო. იქნებ ესმოდა კიდეც შენი ნაჩუმარი, იქნებ სჯეროდა კიდეც, იქნებ უყვარდი კიდეც იმ ქალის გულსა! მაგრამ შენ არას ამბობდი! (ფიქრის შემდეგ მწარე ღიმილით) ამირან გულში მღეროდაო.. როდემდის უნდა ელოდა შენთვის, როდემდე?
ა რ ს ა ი თ ა. ვაი, რა გვიან გავიგე, ცხოვრება მიიწურა!...
ნ ა ტ ო. გვიან? შენი საქმისა შენ იცი, (ღიმილით) სამარეში რომ ჩახვალ, მაშინ სულ გვიან იქნება!
ა რ ს ა ი თ ა. გვიან იქნება, გვიან... ვაჰ, მე, ვაჰ მე!
ნ ა ტ ო. ჰოდა სხვამ გაჯობა... ვიცი, ვცოდავ მის წინ, მაგრამ მაინც ვამბობ.
ა რ ს ა ი თ ა. ის არც მე მეჯავრებოდა, არა... მისი დაღუპვის დეპეშა რომ მიიღე, მე დაგინახე, როგორ შემოიკარ თავში, როგორ გაშრი.. ეჰ, შავდაუკუღმა ის დღე. იმ დღის შემდეგ შორიდა შემოგყურებ და ვხედავ, როგორ თეთრდება შენი თმა.
ნ ა ტ ო. ჩუმად ვიყავი, ვის ავუტირდე-მეთქი, ვამბობდი, გული უნდა ვიმაგრო-მეთქი. ეჰ, სოსე... სოსე...
ა რ ს ა ი თ ა. (ქვითინებს) ეს სახელი ჩემთვის კარგა ხანია აღარავის დაუძახნია.
ნ ა ტ ო. ვაჟკაცი ხარ, გამაგრდი!
ა რ ს ა ი თ ა. აბა, რა ვაჟკაცი ვარ, რა?
ნ ა ტ ო. ვაჟკაცი მარტო ის კი არ არის, ვინც კარგ სიტყვას მოუვლის, ვინც კარგს იტყვის და არ გადათქვამს...
ა რ ს ა ი თ ა. ღვთის წინ არ დამიჩოქნია, ნატო.. არა, არას დროს, ახლა კი...
ნ ა ტ ო. არა, ადექი, ადექი-მეთქი...დრო თავისას იტყვის, ადექი და სწორი გზით იარე!
ა რ ს ა ი თ ა. სწორი გზით?
ნ ა ტ ო. ჰო, მართალი გზით.. ამ დღეებში შენა და ანდრო მესხეთში უნდა წახვიდეთ!
ა რ ს ა ი თ ა. მესხეთში? იქ რა მინდ, გოგო?
ნ ა ტ ო. გაიგებ! (შემორბის აღელვებული თინა)
თ ი ნ ა. მამა.... მამა, სად არის?
ა რ ს ა ი თ ა. მოვა, შვილო, ახლავე მოვა, რა იყო?
თ ი ნ ა. ძია სოსე, ძია სოსე... ზაბაიკალა... ბიძინა!
ა რ ს ა ი თ ა. მივხვდი, ახლავე მივდივარ!
(გარბის ოთახიდან. ნატო თინასკენ გაეშურება)



მესამე სურათი



იგივე ორღობე. შემოდის ბიძინა. გზისპირას მჯდარი თავჩაქინდრული ზაბაიკალა ფეხის ხმაზე წამოხტება და შებარბაცდება.

ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (დაცინვით) ვეღარ დაეწევი, რახანია აიარა!
ბ ი ძ ი ნ ა. (შეჩერდება) ოჰ, შენა?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. დიახ, გახლავარ!
ბ ი ძ ი ნ ა. ამ უდროო დროს რას უზიხარ აქ, რატომ შინ არ წახვალ?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. უდროო დროს... შენ რაღას დადიხარ ამ შუაღამისას? მანქნა რა უყავ, არ გეშინია?
ბ ი ძ ი ნ ა. რისა?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. რისა? როგორ თუ რისა, ჩემი!
ბ ი ძ ი ნ ა. შენი? მერედა რატომ უნდა მეშინოდეს, ბიჭო.
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (ენის ბორძიკით) რატომ და... რომელი ერთი გითხრა, გახსოვს, მარიამოა დღეს რომ წამაქციე, ჰა, ხომ გახსოვს?
ბ ი ძ ი ნ ა. მახსოვს, მაგრამ...
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ჰოდა, მაშინ გატყდა პირველად ჩემი გული. მას მერე იბზარება და ტყდება, იბზარება და ტყდება... ვაიმე, ვაიმე... თავმომწონე, სოფლის ფალავანი თავდაყირა დამაყენე გოგოების წინ... ჰაი, ვაჟკაცო, ახლა გამიმაგრდი!
(ხელებგაშლილი გაიწევს ბიძინასაკენ)
ბ ი ძ ი ნ ა. შენ გეტყობა გადაგიკრავს, მე კი... მშვიდობით. ხუმრობას ხვალაც მოვსწრებთ!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. მოიცა... ხუმრობა თხამ შეჭამა... კარგად ვერ იცნობ ზაბაიკალას, ვერა!
ბ ი ძ ი ნ ა. ვიცნობ, კარგად გიცნობ!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. არა, არ მიცნობ. კაცად არ მაგდებ, მჩაგრავ!
ბ ი ძ ი ნ ა. რათა გჩაგრავ?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. იმ დღიდან მოკიდებული სულ მჩაგრავ, შენ ჩემი მტერი ხარ!
ბ ი ძ ი ნ ა. განა შეიძლება მე შენი მტერი ვიყო?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. დიახ, შენ ჩემი მტერი ხარ... ყველაფრით მაჯობე, დიდი კაცი გახდი.. ქალის გული წამართვი.
ბ ი ძ ი ნ ა. ჰო, ახლა კი მესმის!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. გესმის? ყველაფერი წამართვი, ყველაფერი... გული მომიკალი, გული, მე კი იმას მოვუკლა გულსა!
ბ ი ძ ი ნ ა. ვის?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. აი, იმის ნათითურები!
ბ ი ძ ი ნ ა. ვისი?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. აი, ჩემი პასპორტი, იმ დღეს კარგად ვერ გაჩვენე... აქამდის შენ მჯობნიდი, ახლა მე მიყურე! (ჯიბიდან ამოსწევს რევოლვერს. ბიძინა ელვის სისწრაფით ისკუპებს, ხელში სწვდება ზაბაიკალას, გადაუგრეხავს, რევოლვერი მიწაზე დავარდება. ზაბაიკალა დაიხრება ასაღებად. ბიძინა ფეხს ჰკრავს და გულაღმა გადააგდებს. რევოლვერს თვითონ აიღებს).
ბ ი ძ ი ნ ა. სროლა მოგენატრა, ვაჟკაცო?!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (წამოჯდება და თავჩაქინდრული ზის) ახლაც მაჯობე, ახლაც!
ბ ი ძ ი ნ ა. იქნებ, ნიშანში სროლას სწავლობ?... მეც კარგა ხანია აღარ მივარჯიშნია!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. მესროლე, მესროლე!
ბ ი ძ ი ნ ა. ახლა მე მიყურე... სროლა ასე უნდა, აი! (ერთხელ გაისვრის ჰაერში და რევოლვერს მიაწვდის) აჰა, ისწავლე... აი, ასე... ნიშანში ამოღება ასე უნდა!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ეხ, ჩემო თაო! (შემოიკრავს შუბლში ხელს)
ბ ი ძ ი ნ ა. რა დაგემართა, რამ შეგშალა ასე?...იქნებ იხუმრე, ბიჭო, იქნებ შეშინება გინდოდა ჩემი?...
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. რა ვიცი,.... რა ვიციი....
(შემოდის არსაითა)
ა რ ს ა ი თ ა. სროლის ხმა შემომესმა. რა ამბავია, რა მოხდა?!
ბ ი ძ ი ნ ა. აქა?
ა რ ს ა ი თ ა. (ეჭვით შეჰყურებს ზაბაიკალას, რომელიც ტანსცმელს იბერტყავს) ჰო, აქ რაღაც მოხდა, ვინ გაისროლა?
ბ ი ძ ი ნ ა. არავინ. სროლაში შევეჯიბრეთ!
ა რ ს ა ი თ ა. იჰ, ერთი ტყვია ორივემ გაისროლეთ?
ბ ი ძ ი ნ ა. ორივემ, მაგრამ ნიშანს დავაცილეთ!
ა რ ს ა ი თ ა. (ზაბაიკალას) შენა ბიჭო, რაღაც შებერტყილი ჩანხარ!
ბ ი ძ ი ნ ა. გზისპირას ჩასძინებოდა, სროლით გამოვაფხიზლე.
ა რ ს ა ი თ ა. კაცო, რა აბლაბუდას მიქსოვთ? მართალი თქვით. არადა ახლავე საბჭოში ჩავირბენ!
ბ ი ძ ი ნ ა. მოიცა. აქ არფერი მომხდარა. წადი, წადი, და ჩვენ ახლავე მოვალთ!
ა რ ს ა ი თ ა. კი რაფერი აიტეხო, ბიძინა!
ბ ი ძ ი ნ ა. არა-მეთქი, წადი და ნურავისთან ნურა გრჯის რა. აქ არაფერი მომხდარა, გესმის, არაფერი!
ა რ ს ა ი თ ა. ეჰ, ბიძინა... არაითას ყინულზე გაცურება ასე ადვილი არ არის, მაგრამ რას ვიზამ, დაგიჯერებ, სხვას რა უნდა ვუთხრა? რა ვიცი, იქნებ ცხელი გული გალაპარაკებთ, დამშვიდდებით, შერიგდებით, თქვენ კაი კაცები გამოხვალთ და ყველაფერი ამ ენას დაბრალდება! ღამე მშვიდობისა! (გადის)
ბ ი ძ ი ნ ა. (ჩამოჯდება. ერთ ხანს სდუმს) წადი, წადი!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. არა, არ წავალ... მესროლე!
ბ ი ძ ი ნ ა. წადი, გესმის... წადი და ჩვენი სინდისი ერთმანეთს შეუწონე!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ღირსი ვარ, ღირსი!...
ბ ი ძ ი ნ ა. აი, წეღან მოვდიოდი ორღობეში და შენზე, შენს საქციელზე, შენს მომავალზე ვფიქრობდი, შენ კი....
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ჩემზე, ჩემზე ფიქრობდი?
ბ ი ძ ი ნ ა. შენ ავადა ხარ, ავად!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ვაი, შენ ჩემო თავო!
ბ ი ძ ი ნ ა. ერთი მითხარი, რამ აგტეხა, რად დადიხრ უსაქმოდ, ფრონტზე მეც ვიყავი, მაგრამ არავის ვაყვედრი. რატომ თაღლითობ, რატომ იკლებ ქვეყანას ტრაბახით, რატომ ლოთობ? მოკეთეს მტრად რად სახავ?
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ახია ჩემზე, ახი!
ბ ი ძ ი ნ ა. გამოფხიზლდი? შენ ეჭვითა და შურით ხარ დაჭრილი, შენ ავადა ხარ, ავად!...
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ნუთუ შენ გესროლე, შენ? ვაი ჩემს თავს... ბიძინა, ძმობს გეფიცები, წეღანდელი ტყვია ახლა მომხვდა გულში და თვალი ამიხილა!
ბ ი ძ ი ნ ა. თავი ვერ გიპოვნია, თავი... შენი ადგილი ვერ გიპოვნია, რაც არ გეკუთვნის იმას თხოულობ, იბღვირები!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. (ხელებს გაშლის და რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს ბიძინასაკენ) ბიძინა, ძმაო, მოდი, გადაგეხვიო, სუფთა გულით!
ბ ი ძ ი ნ ა. არა... დღეს არც ის ტყვია მიიღო ჩემმა გულმა და არც მაგ კოცნას მიიღებს...
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ბიძინა!
ბ ი ძ ი ნ ა. არა-მეთქი, არა! (ფიქრის შემდეგ) ახლა კი წავიდეთ!

ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ერთად?... ერთად წავიდეთ?...

ფ ა რ დ ა



მეოთხე მოქმედება



დათას კარ-მიდამო. დათა დანას ლესავს, თან მაცდურად იღიმება.
ტატო აღელვებული დადის.

ტ ა ტ ო. ისე რომ, ეგ გადაწყვეტილეა მტკიცეა?
დ ა თ ა. მტკიცეა, მტკიცე-მეთქი!
ტ ა ტ ო. (აღელვებით) მე უკვე აღარ ვიცი, აღარ ვიცი, რა გკითხო და როგორ გკითხო?....
დ ა თ ა. (ღიმილით) მეც აღარ ვიცი, რა გიპასუხო და როგორ გიპასუხო!
ტ ა ტ ო. კი, მაგრამ გუშინ არ ამბობდი, მესხეთში წავალო?.. რად გადათქვი?
დ ა თ ა. არ ვიც, ბიჭო, არ ვიცი!
ტ ა ტ ო. იქნებ ზემოუბანში გადასვლა გადაწყვიტე?...
დ ა თ ა. არ ვიცი, არ ვიცი!
ტ ა ტ ო. ეგ რაღა გამოვიდა, მამაჩემო?... აბა, შენ თვითონ განსაჯე, რას მეტყვიან, რას? .... ოჯახში შეიძლება ასეთ წინააღმდეგობასთან მქონდეს საქმე?.. გამოდის, რომ კარგად ვერ მიმუშავნია, აგიტაცია ვერ გამიწევია!
დ ა თ ა. იჰ, შენი აგიტაცია!..
ტ ა ტ ო. ბლაგვი და უგერგილო ვყოფილვარ!... ჰე, ერთი ჩემი კომკავშირელი იყო, დაგისვამდი საკითხსა!
დ ა თ ა. ჰა, ჰა, ჰა... ეს საკითხის დასმა რაღა უბედურებაა, მერე, მერე, რას მიზამდი?
ტ ა ტ ო. (წყენით) კარგი ერთი, მამაჩემო, ხუმრობ თუ რა არი?!
დ ა თ ა. (ღიმილით) აგერ ნინაანთ ვანო და ზაბაიკალა მოდიან, ალბათ, შენ დაგეძებენ? მაგ ზაბაიკალას ამბავი მაკვირვებს, შვილო, ძაან შეიცვალა. უთუოდ რაღაც მოხდა მაგის თავსა, სულ ბიძინას და ნინიაანთ ვანოს დასდევს, თვალებში შეჰყურებს!
ტ ა ტ ო. მამაჩემო, არ გაგიგია: ზაბაიკალა ნავთის წარმოების სასადილოში მოწყო მზარეულად.... მუშაობს, დაჭკვიანდა!
დ ა თ ა. კარგია, კარგი... (შემოდიან ვანო და ზაბაიკალა)
ვ ა ნ ო. გამარჯობათ!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. სალამი, სალამი!
დ ა თ ა. (ესალმება) დილასაქეთია გხედავთ, ბიჭო, გვერდელა ნაფუძარში დაფუსფუსებთ. რა ამბავია? რას ჩიჩმაგურობთ?... '
ვ ა ნ ო. დღეს ხომ მეშვიდე ჭაბურღილის საძირკველი უნდა ჩავყაროთ, ძია დათა... საზეიმოდ უნდა გავხსნათ.
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. რაიონიდან ხალხი გამოვა... ტრიბუნა უკვე მოვაწყვეტ. ახლა ყვავილებისთვის უნდა გავიქცე!
დ ა თ ა. ეჰე, დამიხედეთ ზაბაიკალასა! ყვავილები რა შენი საქმეა. სადღაც ცისას მოვკარი თვალი, ყვავილები იმან დაკრიფოს. კაი დღე კი შეგირჩევიათ, ჩემი ანგარიშით ანდრო და არსაითაც დღეს უნდა ჩამოვიდნენ მესხეთიდან... დიდი სტუმრიანობა გვექნება დღესა!... ჰოდა აი, ამას პირი გაუსინჯე! (მიაწვდის დანას)
ვ ა ნ ო. რა არის?
დ ა თ ა. გასინჯე, კარგად სჭრის?...
ვ ა ნ ო. მერე, რად გინდა?
დ ა თ ა. აბა ახლა იქით გაიხედე!
ვ ა ნ ო. ბიჭოს, რა კარგია!
დ ა თ ა. (ზაბაიკალას) აბა მზარეულო, ახლა კი წადი. წამოაქციე და დაჰკალი. ჭედილა ჩემი, შვილო, ღვინო თქვენი!... ყვავილებს რა თავში ვიხლი!
ტ ა ტ ო. ღვინოს ბიძაჩემი ჩამოიტანს მესხეთიდან, ისე არ ჩამოვა.
დ ა თ ა. მესხეთიდან რა ღვინო უნდა ჩამოიტანონ. იქაური კალმახი და ქერის პური გამიგია! ისე არსაითას ქვევრს უნდ მივადგეთ!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ეჰ, დარდი არ არი, ღვინოც გაჩნდება და ყველაფერიცა!
დ ა თ ა. თქვენ ეგ ცხვარი დაჰკალით, მე ღობესთან თხილის ძირებს დავსხიპავ!
ტ ა ტ ო. თხილის ძირები რაღად გინდა?
დ ა თ ა. თხილის შამფურმა სანაქებო მწვადი იცის, აბა! ჩემს ძმებს ქართულად უნდა დავხვდე, ქართულად!
(შემორბის ცისა)
ც ი ს ა. ძია დათა, კოშკის თავზე ვიჯექი, გზას გავყურედი, მოსახვევში მანქნა გამოჩნდა, აგერ ხმაც ისმის, მანქანის ხმა!
დ ა თ ა. (ღიმილით) ვის უფრო ელოდები, გოგო, ვისა!... მანქანას, თუ?
ც ი ს ა. (დაირცხვენს) კარგით, რა!
ტ ა ტ ო. მოვიდნენ! (შემოდიან არსაითა, ანდრო, ზაქრო, ბიძინა, აგრეთვე მეზობლები)
ა ნ დ რ ო და ა რ ს ა ი თ ა. გამარჯობათ, გამარჯობათ! (არსაითა ჩემოდნეით შინ შედის)
დ ა თ ა. აბა, ანდრო, რა ამბები ჩამოიტანეთ?...
ა ნ დ რ ო. ამბები... ჰო, ჰო, ჰო, რა ამბები ჩამოგიტანეთ რომ იცოდეთ, რა? ... აი, თქვენი ძმა გიამბობთ... მე აი, ერთი ათი წუთით შინ ავირბენ, მომენატრა ჩემი ვაჟკაცი, ვნახავ!
ნ ი ნ ო. თვალისჩინივით ვუფრთხილდეით, კარგად არის...
ა ნ დ რ ო. მართლა, რომ იცოდე რა საჩუქარი გამომატანა გიორგიმ თქვენთან, რა საჩუქარი!
დ ა თ ა. რაო?
თ ი ნ ა. რა არის, რა?
ა ნ დ რ ო. დაიცათ, ჯერ ისე, შორიდან დაგანახვებთ! ბიჭოს, არც აქ არის! რა იქნა?... ეჰ, მაგიდაზე დამრჩენია მიწგნში!
დ ა თ ა. ძვირფასია?.. კი არავინ...
ა ნ დ რ ო. ძვირფასია, მაშ, ძალიან ძვირფასი, ისევ რაიონში უნდა გავბრუნდე... (არსაითან გამოდის აივანზე)
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ჰო, რა მესხეთის ფერი დაგდებია!
ა რ ს ა ი თ ა. ჩრდილში კი არ ვისხედით შენსავით, კარ-მიდამო და მიწები მოგიზომეთ, შენი მისვლაღა აკლია.
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ლოდინი დიდხანს დასჭირდებათ...
ა რ ს ა ი თ ა. ჰოო?! შენ იქ რაღას წამოხვალ, ზაბაიკალავ, ახალი ჩინი მიგიღია, ტანისმოსი გამოგიცვლია!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. გამოვიცვალე, მაშ!
ა რ ს ა ი თ ა. მაგრამა, იცოდე, მთავარი ხასიათის გამოცვლაა, ხასიათისა!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. გეყოფა, არსაითავ!
ა რ ს ა ი თ ა. აბა, აბა, ეგ სახელი აღარ გამაგონო, მორჩა და გათავდა!
ზ ა ბ ა ი კ ა ლ ა. ჰო, შენც სუ და მეც სუ!...
დ ა თ ა. (არსაითას) გვიამბეთ, კაცო, რა ნახეთ, რა გააკეთეთ?...
ა რ ს ა ი თ ა. მოესწრებით. დალაგბით გიამბობთ ყველაფერს, მოესწრებით. სათითაოდ ხომ არ გეტყვით, ბევრნი ხართ, ხალხნო! მოვგროვდეთ, დავსხდეთ... აბა, რა დაგვახვედრეთ, სტუმრებს რითა ხვდებით?
დ ა თ ა. მაგასაც ნახავთ... თქვენ რა ჩამოგვიტანეთ?
ა რ ს ა ი თ ა. კალმახი... ოქროს კალმახი, აბა, ზაქრო, აჩვენე ჩემი ნახელავი!
ზ ა ქ რ ო. (კალათს პირს მოხსნის) პა, პა, პა... რა თევზია, რა თევზი! ჩვენებურ ლიფსიტებს კი არა გვანან!
დ ა თ ა. ბიჭოს! ბიჭოს!
ა რ ს ა ი თ ა. მაშ არადა საკუპრეში დაიჭერ ასეთ კალმახსა! მოდით, მოდით, ნახეთ რა კალმახია!
ზ ა ქ რ ო. თქვენ ცოცხალი გაამზადეთ. ახლა მე რაიონში გავბრუნდები და ხუთ წუთში გიორგის აქ გავაჩენ.
ა ნ დ რ ო. მეც უნდა წამიყვანო. მიწგანში რაღაც დამრჩა.
ზ ა ქ რო. ეჰ, ერთხელ მაინც ამომასუნთქეთ, კაცო. იქნებ სადმე ხლტურას შევხვდე, ხალტურასა! წამო... (წამით შეჩერდება და ცისას გახედავს) ჯობდა კი ჩემმა მზემ, შენ მაგივრად აი, ის გოგო წამეყვანა!
ა ნ დ რ ო. (ღიმილით) მართლა? მოიცა... ეგ არც ჩემთვის იქნება ურიგო, დაღლილი ვარ! (მიდის ცისასთან) ცისა, ერთი რამ უნდა გთხოვო.
ც ი ს ა. ბრძანეთ!
ა ნ დ რ ო. მიწგანში, დიდ მაგიდაზე.... (შეჩერდება, შემდეგ დაბალი ხმით ეუბნება) გაზეთი დამრჩა. დღეს ის გაზეთი აუცილებლად საჭიროა. (ხმამაღლა) დამავალე, გაჰყევი ზაქროს და გამომიტანე.
ც ი ს ა. ვის გავყვე?
ა ნ დ რ ო. ზაქროს გაჰყევი-მეთქი. (ცისა დაბნეული დგას. ხან ნატოს შეჰყურებს, ხან თინას)
ა რ ს ა ი თ ა. გაჰყევი, გოგო, გაჰყევი!
ხ მ ე ბ ი. გაჰყევი, გოგო, გაჰყევი!
ა რ ს ა ი თ ა. (ნატოს) ჰა, კარგი ბიჭია, გაჰყვეს არა?
ნ ა ტ ო. გაჰყვეს, გაჰყვეს.
თ ი ნ ა. გაჰყევი, ცისა, მარდად!
ზ ა ქ რ ო. გოგო, თუ მომდევ, გამომყე, მე დიდხანს ვერ დაგიცდი! (საერთო სიცილი)
ც ი ს ა. (ყოყმანით) გავყვე?
ზ ა ქ რ ო. (მოუბრუნდება ანდროს და ეჩურჩულება) ეგ თუ არ გამომყვება, მე გავყვები ჩემი სტუდაბეკერთით... სად გამექცევა, ვერ გამასწრებს, ვერა! (ცისას) წამო გზაში რაღაცას გეტყვი! (ზაქრო და ცისა გადიან. გადის ანდროც)
ბ ი ძ ი ნ ა. (ცალკე თინას) ხედავ?
თ ი ნ ა. ვხედავ და მიხარია, მიხარია, მიხარია, რომ წმინდა გული იმარჯვებს... ვერ წარმოიდგენ, როგორ უყვართ ერთმანეთი.
ბ ი ძ ი ნ ა. ალბათ, უფრო მეტად, ვინემ...
თ ი ნ ა. სიყვარულს ვინ გაზომავს.
ბ ი ძ ი ნ ა. (ჩაფიქრებით) როგორ გგონია, ცისა დარჩება თუ არა ზაქროსთან?
თ ი ნ ა. როგორ გგონია, თუ კი ნატო მესხეთში წავა, ცისა აქ დარჩება?..
დ ა თ ა. (ღიმილით მიუახლოვდებ

??????