შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

ფიქრის გორა 

დრამა 4 მოქმედებად
და 6 სურათად

მ ო ქ მ ე დ ნ ი

გიორგი - პროფესორი
მარიამი - მისი ცოლი
შოთა - მათი შვილი, მხატვარი, ლეიტენანტი
ელიზბარი - გიორგის სიყრმის მეგობარი
ნინო - ელიზბარის ძმის ცოლი, ქვრივი
თამარი - ელიზბარის ქალიშვილი
არჩილი - შოთას და თამარის მეგობარი, არქიტექტორი


მოქმედება სწარმოებს ქალაქ თბილისსი 1944 - 45 წლებში.
პირველ მოქმედებასა და მეორეს შორის გადის 7-8 თვე, დანარჩენთა შორის - დღეები.



პირველი მოქმედება


პირველი სურათი



უბრალოდ მოწყობილი ოთახი ელიზბარის ბინაში, რომელიც ასრულებს
სასტუმროს და სასადილოს დანიშნულებას ერთსა და იმავე დროს. ოთახში არავინაა. კვირა დღეა, დღის 11 საათი. მეორე ოთახიდან ისმის შეშფოთებული წამოძახილი და ჩქარი ფეხის ხმა. კარი სწრაფად იღება. ოთხში შემორბი ნამტირალევი თამარი. უკან მოსდევს ელიზბარი.

თ ა მ ა რ. არ მინდა... გაიგე, სცოცხლე არ მინდა, თუ ნებას არ მომცემ!
ე ლ ი ზ ბ ა რ. შვილო, ნუ გამარისხები... ხალხს ნუ შემიყრი, მეზობლებში თავს ნუ მომჭრი!
თ ა მ ა რ. სათქმელი უკვე ითქვა. მე მის ოჯახში უნდა გადავიდე, იქ უნდა დაველოდო მის დაბრუნებას... სხვა არაფერი არ მინდა, არ მინდა, არ მინდა!
ე ლ ი ზ ბ ა რ. მაშ, მე შენზე მეტი ქვეყანაზე აღარ მივლია! აღარც მეკითხები, გამირბი, არ მიჯერებ... თავს რად იღუპავ? რამ მოგწამლა ასე, რამ აგაცდინა გზას? (ფიქრის შემდეგ) დაფიქრდი და მიპასუხე... მამა ვარ, გული მტკივა, ვინა მყავს შენს მეტი, ვიღას შევყურებ?!
თ ა მ ა რ. (ქვითინს იკავებს) მამა... (ღია კარს მოადგება ნინო. იგი მტკიცე სახის, მაღალი, ჭაღარაშერეთული ცხოვრებისაგან ნატანჯი ქალია).
ნ ი ნ ო. (საყვედურით) ელიზბარ, დაეხსენ, დაეხსენ... ხალხს ნუ აალაპარაკებ, თქვენი ხმა მთელ ქუჩას ფეხზე დააყენებს, სირცხვილია!
ე ლ ი ზ ბ ა რ. ჰმ... ხალხი!... ხალხი მაინც გაიგებს ხვალ-ზეგ, ეს ქალბატონი ფეხს რომ აიდგამს და სახლიდან გაიქცევა. უჰ, ღმერთო, მერე ვისთან, ვინ იცის, დაბრუნდება? ეღირსება დაბრუნება?
თ ა მ ა რ ი. დაბრუნდება. აი წერილი, ის საახალწლოდ ჩამოვა.
ე ლ ი ზ ბ ა რ ი. მაგრამ ჯერ ხომ ომი არ დამთავრებულა... ის ისევ ფრონტზე უნდა დაბრუნდეს... ვინ იცის...
ნ ი ნ ო. ნუ დაუკარგავ ბავშვს რწმენას, ელიზბარ, ცოდვას ნუ სჩადი.
ე ლ ი ზ ბ ა რ. რწმენას, ჰმ, რწმენას! განა არა ჯობს, ეს ბავშვური რწმენა დკარგოს, ვიდრე მთელი სიცოცხლე დაიტანჯოს სხვის სახლში... შენსავით, დიახ, შენსავით. ეს ყველაფერი შენგან დამემართა, შენ მოწამლე, შენ ატეხე!
ნ ი ნ ო. ღმერთო, რა შეგცოდე, ღმერთო, შენ ხომ იცი, მე ამ საქმესი უბრალო ვარ... ღმერთს ნუ სცოდავ, ელიზბარ, უხამს სიტყვას ნუ ათქმევინებ ენას.
ე ლ ი ზ ბ ა რ. დიახ, შენგან მჭირს ეს ჭირი. შენ გაზარდე კერპი და თავნება. ძუძუ არ მიგიცია ბალღისთვის, მაგრამ მაგალითი აჩვენე. შვილი არ იყო შენი, მაგრამ შენ დგემსგავსა, დედა არა ხარ შენ მისი და...
ნ ი ნ ო. (შეაწყვეტინებს) შვილო, შვილო, გესმის რას მემართლება!
თ ა მ ა რ. დედა, დედა... ნუ ტირი... ნუ დედა!...
ნ ი ნ ო. ჩემი შავბედობ მაკმარე, ელიზბარ, შენ ჩემთვის ასეთი რამ არ გიკადრებია... იმ შენი ძმის სულს გაფიცებ, გაჩერდი...
ე ლ ი ზ ბ ა რ. ჩვენ ოჯახში სენი მაგალითიც საკმარისი იყო... ეხლა კი თქვენ მეორე უბედურება მომაყენეთ კარს. თუ ეს გედოთ გულში, როგორ ბედავდით ჩემ ჭერქვეშ ცხოვრებას? დამანებეთ თავი, არადა, მე წავალ, დავიკარგები! (შეშფოთებული გადის ქუჩის გამავალი კარით. თამარი თავჩაღუნული დგას. ტირილს იკავებს. ნინო უახლოვდება, თავზე ხელს უსვამს, ეფერებ).
თ ა მ ა რ. დედა.. დედა, ეს ტანჯვა მე მოგაყენე, მე...
ნ ი ნ ო. დამშვიდდი, შვილო, დამშვიდდი!...
თ ა მ ა რ. (თავს მაღლა სწევ, ცრემლიანი თვალებით შესცქერის) ჩემო ძვირფასო დედა, დედაზე ტკბილო, მითხარ, შენ ხომ მთელი შენი ყმაწვილქალობა დამარხე ბიძაჩემის მოლოდინში, ხომ დაიტანჯე, მაგრამ მე შენგან არ გამიგია სამდურავი შენი ბედის მიმართ. მითხარ, როგორ მოვიქცე, თავი მოვიკლა? არა, არა. არ იქნება! ის დაბურნდება, გადარჩება. ვიცი, მწამს, რომ დაბრუნდება. მასაც სწამს... ის გამარჯვებული დაბრუნდება, დაღლილი, დაქანცული, მაგრამ ბედნიერი!
ნ ი ნ ო. მე ნუ მკითხავ, შვილო, შენს გულის ხმას მიენდე, შენს ფიქრს და გულისთქმას.
თ ა მ ა რ. ჩემი გულის ხმა ამბობს იმას, რაც გითხარი, ჩემი გზა, მომავალი ცხოვრება, ბედნიერი ოჯახი - ის არის და ის იქნება!
ნ ი ნ ო. ოჰ, როგორ ვგევართ ჩვენ ერთმანეთს! მაგონდება ჩემი თავი. მეც ხომ ასე მიცემდა გული. მეც ხომ ასე ველოდი ბიძაშენს, ველოდი ამ ოჯახში, ჩემთვის უცხო ოჯახში. დამნიშნა და მომიყვანა. წავიდა შორს, გერმანიის ფრონტზე... (ფიქრის შემდეგ) შენ ამ ერთმა დღემ გაგაზარდა ჩემს თვალში. შენ ამაღლდი, დაქალდი და გამიგებ ეხლა. მე ხომ მისი ალერსიც კი არ ვიცი. ოქროს ბეჭედი გამიკეთა მარჯვენა ხელის არათითზე და წავიდა დაწყევლილ მტერთან საომრად. ველოდი, ველოდი, გულისტკივილით ველოდი... გათავდა ომი, გავიდა დიდ დრო, ბოლოს დავრწმუნდი, რომ აღარ მოვა, აღარ მოვა ჩემი ვაჟკაცი... დაბნელდა ჩემს წინ და ამ სიბნელეში მაინც მას ვხედავდი, ჭაბუკს, ახლად ულვაშლილს, მღიმარს... მოვალო, ხელს მიქნევდა... (პაუზა) ოჰ, როგორ ვგევართ ჩვენ ერთმანეთს, შენც ხომ ასე გწამს... მაგრამ ღმერთმა გაშოროს ჩემი ბედი.
თ ა მ ა რ. დედა.. დედა...
ნ ი ნ ო. დიახ, დედა ვარ შენი.. დედა მალე მოგიკვდა, საცოდავი, და დედაშენი გავხდი, შენს გაზრდას შევწირე ჩემი ქალობა, ჩემი იმედი შენ იყავ, პატარა ვარსკვლავი, რომელიც ჩემს ბედად დაიბადა.
თ ა მ ა რ. ძვირფასო დედა!
ნ ი ნ ო. მეუბნებოდნენ: ქალო, თავს რად იმარხავო, გათხოვდიო, ქალო! არა, აღარ მინდა გახსენება.
თ ა მ ა რ. (წამოიწევს, თანაგრძნობით შესცქერის თვალებში) სინანული, დედი, სინანული თუ იგრძენი ოდესმე?
ნ ი ნ ო. (სიჩუმის შემდეგ) არა. ტანჯვა დიდი მიგრძვნია. დაუძლეველი სევდა და გულისტკივილი, მაგრამ სინანული არა, არასოდეს! მე ის ყოველთვის მიყვარდა... (პაუზა) შენ გცივა, შვილო, გაკანკალებს.
თ ა მ ა რ. არა, არა... ჩემი გულის ხმაც ასე ამბობს.
ნ ი ნ ო. მამა დაამშვიდე, ტკბილად უთხარ სათქმელი, მამაა, ისიც დატანჯულია, გაუღიმე, აიყოლიე.. თუმცა რას ვამბობ... (კარი იღება. შემოდის თავჩაღუნული ელიზბარი. დატანჯული სახით).
ე ლ ი ზ ბ ა რ. (ჯოხს მიაყუდებს კუთხეში) სად უნდა წავიდეს კაცი? ოცი ნაბიჯი გავიარე და გულმა შემაჩერა... შემომხედეთ, გეცნობით? ასეთი ვიყავი? ნახევარი საუკუნეა ისე დავდივარ, დაღლა არ მიგრძვნია... შინ ასეთი ამბავი.. გარეთ უარესი.. ომი...
თ ა მ ა რ. (შეწუხებულ სახეს არიდებს მამას, ბარბაციტ გადის) მამა... მამა...
ე ლ ი ზ ბ ა რ. (ხანგრძლივი პაუზის შემდეგ) ნინო.
ნ ი ნ ო. (მკაცრად) რა გინდა.. შენ ჩემთან არაფერი გაქვს სალაპარაკო.. წეღან ყველაფერი თქვი...
ე ლ ი ზ ბ ა რ. არა, ჩემო რძალო. გამიგონე, აი, დავბერდი კაცი და, თუ გამიბედავს ასეთი რამ, მაგრამ ეხლა...
ნ ი ნ ო. (საყვედურით) იქნებ მიზეზი მომიცია როდისმე?
ე ლ ი ზ ბ ა რ. არასდროს, მაგრამ ეს უკანასკნელი დღეები ჩემთვის ჯოჯოხეთად იქცა... ერთხე იყო და ძლივს დავიყოლიე.. ეხლა, რაც წერილი მიიღო, ისევ აიშალა... რა ვქნა, მეც კაცი ვარ.. ჰოდა მინდა გკითხო...
ნ ი ნ ო. წეღან შენ უსამართლოდ მომექეც, ელიზბარ. არ უნდა გაგებედა ჩემთან ასე ლაპარაკი.. რა გინდა, რას აპირებ, რად გინდა ააფორიაქო ჩემი სული, დამეხსენ!
ე ლ ი ზ ბ ა რ. არა, ნინო, მე მხოლოდ ერთი რამ მინდა გკითხო, ჩვენ ხომ ამ ოცდაათი წლის განმავლობაში არ გვილაპარაკნია გულახდილად, ასე პირისპირ არ ვმდგავართ ერთმაენთთან... ხომ არ აგვიხდია სარქველი იმ დიდი ნაღველისთვის, რომელიც ჩვენ გულში გროვდებოდა წლითიწლობით. მაშ, რახან წვიმა მოდის, დე, ნიაღვარიც მოყვეს.. ნუ შეგეშინდება იქ, სადაც ჩვენი ერთადერთი იმედის ბედი წყდება.
ნ ი ნ ო. დამეხსენ, ელზიბარ, დამეხსენ.. რა დროს ძველის გახსენებაა. მოიქეც ისე, როგორც გინდოდეს. იმ შენი ძმის სულს გაფიცებ, ნურაფერს მომაგონებ და ნურც მკითხავ.
ე ლ ი ზ ბ ა რ. ჩვენი გულები დიდი ხანია გაცივდა და მათ მოგონება ვეღარ დატანჯავს, ნინო. ჩვენ შეგვიძლია შენი ამბავი გავიხსენოთ, როგორც სხვისი თავგადასავალი, შორს, სხვაგან მომხდარი უბედურება. მე მინდა მხოლოდ გკითხო: იყავი თუ არა შენ უბედური ამ ხნის განმავლობაში, დაიტანჯა თუ არა შენი სიყვარულისათვის?
ნ ი ნ ო. ელიზბარ, ელიზბარ, დაეხსენ, შენ გინდა მათქმევინო ის, რაც.. ხომ ხედავ, ცალი ფეხი სამარეში მიდგა,ს მიდვიარ იქ.. მიმავალს ნურაფერს მკითხვ. (მცირე დუმილის შემდეგ) იქნებ ის გინდა მათქმევინო, რომ თამარი ჩემსავით უბდური იქნება? ჰა? არა, მე უბდური არ ვყოფილვარ... ღმერთმა აშოროს მას ჩემი ბედი...
ე ლ ი ზ ბ ა რ. ბედმა შენ უკვე გიმტყუნა და ეხლა მას უპირებს ღალატს... გესმის თუ არა ეს...
ნ ი ნ ო. დაჯექი.. რახან დაიწყე, ვიყოთ გულახდილნი, ნუ დავუმალავთ ერთმანეთს, რაც აქამდის გულში გვქონდა... მითხარ, შენ კი იყავი ბედნიერი, შენ კი არ დაიტანჯე?
ე ლ ი ზ ბ ა რ. (შეკრთება) მე?
ნ ი ნ ო. დიახ, შენ.. შენ თუ იყავი შენს ოჯახში ბედნიერი? შვიდი წლის განმავლობაში შენ მალავდი, გაღიმებული დადიოდი, ბედნიერი იყავი ერთი შეხედვით, სხვისი თვალისათვის... მაგრამ მე ხომ ვერ გამომაპარებდი, მე ხომ ვიცოდი, შენი გული მკვდარიიყო, ის სხვისკენ გეწეოდა... დიახ, მკვდარი იყო, შენ უბედური იყავ... მე მესმოდა შენი ოხვრა და მებრალებოდი, მებრალებოდი როგორც ადამიანი.. უბედური კი ის არის, ვინც სიბრალულს იწვევს. ვიცნ იბრალებს, ის მაღლა დგას, ის პატივისცემის ღირსია და არა გაკიცხვის. შენ შენი ცოლის გვერდით იყავი უბედური, რადგან არ გიყვარდა, მე კი საყვარელი ადამიანის დაკარგვამ და მისმა ლოდინმა დამტანჯა... აი, ეხლა მითხარ, ვინ უფრო უბედური ყოფილა, შენ თუ მე?
ე ლ ი ზ ბ ა რ. შენ მე შემარყიე, ნინო, ვიცი, ვიცი... და ყველაფერი ეს შენ ჩაუნერგე თამარს, შენ, შენ...
ნ ი ნ ო. არა... ვფიცავ მის თავს... კრინტიც არ დამიძრავს.. მაგრამ... მოიცა.. (ისმის კაკუნი).
ე ლ ი ზ ბ ა რ. (მიდის კარისკენ) შენ, შენ... (აღებს კარს) მობრძანდით!
ა რ ჩ ი ლ. (შემოდის სწრაფად, მხიარულია. საუბრის დროს თავის ირგვლივ აფრქვევს სიცოხლის ხალისს და ენერგიას) გამარჯობათ! თამარი სად არის?.. მომილოცავს, მომილოცავს!...
ე ლ ი ზ ბ ა რ. რა?
ნ ი ნ ო. გმადლობთ..
ა რ ჩ ი ლ. ვითომ არ იცი, აუხსენით ელიზბარს, პაპა ელიზბარს, ტკბილი მიათვით, დააბერეთ, ღვინო დაალევინეთ და მერე გეტყვით მადლობას.... ხა... ხა...
ე ლ ი ზ ბ ა რ. შენც ჩემი მტერი ხარ, ენამწარევ, გადამიდექი ხომ?... რას მილოცავ?
ა რ ჩ ი ლ. ჰმ, თავს იკატუნებს პაპა ელიზბარი.. ხვეწნა და მოფერება უნდა.. რას დ - დაკარგულ სასიძოს გამოჩენას და...
ე ლ ი ზ ბ ა რ. და ქალის გაქცევას?!
ა რ ჩ ი ლ. ოჰ... კარგი, თუ ღმერთი გწამს... მართლა, მართლა დაღონებული ხარ თუ?... დაიცა... თამარი სად არის!... (ხმამაღლა ეძახის) თამარ! თამარ! იცით, გიორგი მოდის! წერილი მათაც მიუღიათ. მაჩვენეთ წერილი, წავიკითხო. ღმერთო... გავიგე თუ არა, გორგისთან მივირბინე, იქაც ეს ამბავი დამხვდა, მხიარულეა!...მერე აქ გამოვიქეცი, დღეს სულ ოთხზე დავრბივარ, გიორგის ვეღარ მოვუცადე, მალე მოვა... (ღიმილით) ჰა, მახარობელი ვარ...ქალის მაყარი!
ნ ი ნ ო. (წამოდგება) ელიზბარ...
ე ლ ი ზ ბ ა რ. გიორგი მოვა?.. ნინო.... ჰო, მობრძანდეს... მაგრამ რას ამბობ? აღარ ხუმრობთ? ნუთუ გიორგიც აიყოლიეთ? თამარს დაუძახე... თვითონ გიორგი მოვა?... რამდენი ხანია აქ არ ყოფილა... ბავშვობაში. სიყმაწვილესი კი ხშირად ვხვდებოდით. შემდეგ ჩვენი გზები დაშორდა ერთმანეთს... ის მეცნიერი, დიდი კაცია, მწიგნობარი... ვიცი... რაც უნდა!... (კარი იღება. შემოდის თამარი).
თ ა მ ა რ. არჩილ!
ა რ ჩ ი ლ. გავიგე და მოვირბინე.. ხომ ვამბობდით!...
თ ა მ ა რ. ჰო, გვწამდა, გვჯეროდა...
ა რ ჩ ი ლ. წერილი მაჩვენე. ჩემი თვალით ვნახო. ერთი უკვე წავიკითხე... (ღიმილით) გიამბობ... (ისმის კაკუნი) ეს გიორგი იქნება... (გარბის, კარს უღებს) მობრძანდით, მობრძანდით... (შემოდის გიორგი, ახოვანი, სახენათელი, ჭაღარა მოხუცი).
ე ლ ი ზ ბ ა რ. (მიეგებება) მობრძანდით!
თ ა მ ა რ. (დარცხვენით მეორე ოთახში გარბის)
გ ი ო რ გ ი. გამარჯობათ, ელიზბარ... ნონო.. არ ვიცი, როგორ გითხრათ, მინდა მოგილოცოთ ის, რასაც მე მილოცავდნენ ამ დილით მეზობლები, ნათესავები, ჩემი სტუდენტები...
ე ლ ი ზ ბ ა რ. მოხარული ვარ. ჩემი გულიც სვსეა შოთას სიყვარულით.. დაბრძნდით.
გ ი ო რ გ ი. ჰო, აი, აქ დავჯდები. (ათვალიერებს ოთახს) რამდენი ხადნია, რაც აქ არ ვყოვილვარ. აქ თითქმის არაფერი შეცვლილა. აი, ეს კარადა, ძველი ჩუქურთმიანი მაოჯირით, მომწონს, ძალიან მომწონს... ოღონდ აქ ჩარჩოიანი სურათი ეკიდა, მახსოვს... კარგად მახსოვს. აი, ეტყობა კიდეც კედელს, ეს ადგილი უფრო მუქია, გარშემო კი მზეს გაუხუნებია კედელი.
ე ლ ი ზ ბ ა რ. ჰო, აქ ყველაფერი ძველია, ბატონო გიორგი, რაც მამამ დამიტოვა.. დიაღ, მხოლოდ ის ... ბოდიში.. (მიდის არჩილთა, რაღაცას ეჩურჩულება).
ა რ ჩ ი ლ. ეხლავე!
გ ი ო რ გ ი. არა! ელიზბარ, მე უკვე მივხვდი, რასაც აპირებ, ეხლა მაგის დრო არ არის. მე მხოლოდ ხუთი წუთით შეგაწუხებთ.. თამარი სად არის?
ე ლ ი ზ ბ ა რ. აი, სულ მცირე რამ.. თითო ჭიქა...
გ ი ო რ გ ი. (ღიმილით) ისევ ისეთი ხარ, ელიზბარ!
ე ლ ი ზ ბ ა რ. რა ვქნა.. სტუმარი, სტუმარი კი არა, - სახლში შემოსული უცხო კაციც კი ღვინოს მაგონებს!
გ ი ო რ გ ი. ჰა, ჰა, ჰა, ჰა... შემდეგ იყოს, როცა შევთანხმდებით.. ჯერ ვილაპარაკოთ, გადავწყვიტოთ, მოვუსმინოთ და დავუჯეროთ ერთმანეთს... შევრიგდეთ...
ე ლ ი ზ ბ ა რ. (დარცხვენით) მე... აბა, რას ბრძანებთ... შესარიგებელი არაფერია... მაგრამ, მე მაოცებს თქვენი გადაწყვტილება... ჩვენ ხომ ბავშვები აღარა ვართ.. ეს ... რაღაც...
გ ი ო რ გ ი. ვიცი, მეც ვხედავ, მეც ვგრძნობ, მაგრამ ამ ამბავში, რომელსაც თქვენ ბავშვურს უწოდებთ, მე დავინახე ლამაზი, შეურყვნელი და წარმტაცი მხარე ჩვენი ცხოვრებისა. ის, რაზედაც ხშირად გვიოცნებია სიჭაბუკესი, ღამეები გვიტეხია, ცრემლი გვიღვრია..
ე ლ ი ზ ბ ა რ. ეხ, ჩემო გიორგი... ის დრო წავიდა, გამოვიცვალეთ, ქვეყანა ფეხით გადავთელეთ... ზურგი შევაქციეთ ბევრ რამეს, რისთვისაც შეგვეძლო თავი გაგვეწირა!
გ ი ო რ გ ი. (ფიქრის შემდეგ) ნუთუ დავბერდით?... არა, ელიზბარ... მომისმინე... მე მგონია, აქ რაღაც... ჩვენ ვიბადებით წრფელი გრძნობებით, გვაქვს კეთილი, წმინდა მისწრაფებანი, შემდეგ ვიზრდებოდით, საოცრად ვემსგავსებოდით ერთმანეთს, მივყვებოდით იმ ერთფეროვან მდინარეს და ჩვენი თავის არც კი გვრცხვენია, რომ ერთმანეთს ვბაძავთ, არც კი ვცდილობთ საკუთარი თავის დანახვას, დამოუკიდებელი ადგილის გამონახვას საზოგადოებაში... თამარი ჩვენ არა გვგავს, მას სურს, ჭეშმარიტი პასუხის გასცეს თავის წმინდა გრძნობას!
ე ლ ი ზ ბ ა რ. თქვენ ისევ მეოცნებედ დარჩენილხართ... მე მგონი, თამარი მსხვერპლია.. თუ არ არის, ხომ შეიძლება შეეწიროს ამ ამბავს?
გ ი ო რ გ ი. არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი ბრალიც იყოს... შოთას მასწავლებელი და წინამძღოლი ხომ მე ვიყავი. ხშირად მიამბია მისთვის ერთი ძალიან ძველი ამბავი. ხშირად ხდებოდა ეს საქართველოში. (დუმილის შემდეგ) ვაჟი სამშობლოს დასცავად მიდიოდა იარაღასხმული, დედას ეტყოდა: დედი, ჩემი სახელით მავანი ქალი დანიშნე, შინ მიიყვანე, მე უსათუოდ დავბრუნდებიო...
ე ლ ი ზ ბ ა რ. (სევდიანი ხმით) დედა ქალს დანიშნავდა, შინ მიიყვანდა, ვაჟი სამშობლოს მტერს შეაკვდებოდა და ქალი უქმროდ ბერდებოდა... არა? (შეხედავს ნინოს).
ნ ი ნ ო. აჰ... (წამოდგება და ბარბაცით მიდის. არჩილი ხელს მოჰკიდებს და გაჰყავს).
გ ი ო რ გ ი. ხდებოდა... მაგრამ, კარგად განვაზოგადოთ ეს მაგალითი: ჩვენს ქვეყანაში ათასობით ქალიშვილი ელოდება ომის დამთავრებას და სატრფოს დაბრუნებას, განა თქვენ გჯერათ, რომ მათ გაუცრუვდებათ იმედი, მოლოდინი? განა უმრავლესობა არ დაბრუნდება? ასე რომ ვიმსჯელოთ, მაშ, დავღუპულვრთ, საშველი აღარსაით არის... არა, მე ასე არ ვუყურებ საკითხს. აბა დაფიქრდი, ჩვენი ახალგაზრდობის ერთი ნახევარი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ შოთას სახით, სამშობლოს იცავს, იბრძვის მისი ბედნიერებისათვის, იბრძვის უფლებისათვის, რომ გამარჯებული შინ დაბრუნდეს და შეუერთდეს თავის ძვირფას ნახევარს, რომელიც მას ელოდება. წარმოვიდგინოთ მეორე ნახევარი თამარის სახით, ღრმად ჩავწვდეთ ფიქრს... განა შოთა არ დაბრუნდება? ის ხომ უნდა დაბრუნდეს?
ე ლ ი ზ ბ ა რ. უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდება, მაგრამ...
გ ი ო რ გ ი. ვიცი გასაგებია... შენ გაფიქრებს საკითხის კონკრეტული მხარე: დაბრუნდება თუ არა შოთა, აღმოჩნდება თუ არა თამარი მსხვერპლი? რთული ამბავია... მე მთელი ღამე გავტეხე წუხელ... ეს ჩრდილია ამ ლამაზი ამბისა. მას ხშირად ჩემს წარმოდგენაშიც ბინდი ჰფარავს და, ადამიანს, მაღონებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ თამარს სამშობლო წარმოდგენილი ჰყავს შოთას სახით. მან უნდა გაიმარჯვოს, ის უნდა დაბრუნდეს, ეს რწმენა მას შეუცნობლად მიაქანებს მიზნისკენ, შეუცნობელი გრძნობა უძღვის წინ.. აი, სწორედ ამიტომ ვერ მივუახლოვდებით მას ცივი გონების თვალსაზრისით: დიდი გულით ნაგრძნობს პატარა თვალით ნუ შევხედავთ, ჩემო ელიზბარ...
ე ლ ი ზ ბ ა რ. იქნებ შეიძლებოდეს მისი დარწმუნება, გადაჯერება?
გ ი ო რ გ ი. ჰმ... ეს ნიშნავს იმას, რომ წავართვათ მას სიყვარული, დავუკარგოთ სატრფოს დაბრუნების იმედი, დავუკარგოთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენა... რად გვინდა მერე ჩვენ ასეთი ადამიანი, გამოდგება ის დედად, მოქალაქედ?
ე ლ ი ზ ბ ა რ. ნუთუ ეჭვი არ აწუხებს, არ სტანჯავს ?
გ ი ო რ გ ი. უთუოდ, და სწორედ ამითაა გამოწვეული ისიც, რომ მისი შეშფოთებული სულის დასაყრდენს საყვარელი ადამიანის ოჯახში ეძებს.
ე ლ ი ზ ბ ა რ. მე ვფიქრობ, ჩემი საქციელი გმობას დაიმსახურებს.
გ ი ო რ გ ი. უგუნურთა თვალში!
ე ლ ი ზ ბ ა რ. მე მინდა, ვიპოვნო სიმართლე... ილაპარაკეთ...
გ ი ო რ გ ი. (ხანგრძლივი დუმილის შემდეგ) სამი დღის წინ ფრონტიდან დაბრუნდა ჯარისკაცი, ჩემი ყოფილი სტუდენტი. მას ცოლი გაუთხოვდა. დიახ, გათხოვდა და ქმრის ოჯახში ბავშვები დასტოვა. აი, მახინჯი მოვლენა. ფურთხი, ფურთხი ეკუთვნის მას. თამარი კი რა მაღლა დგას! შორს... მიმზიდველი, თითქოს განწირულიც. მაგრამ ლამაზი და ბედნიერი. მის წინაშე დგას მაღალი გორა განსაცდელისა და ფიქრისა. დიახ, ფიქრის გორაა მის წინ აღმართული! ის ყოველდღიურად, გულისტკივილითა და სიყვარულით უახლოვდება მას, შესცქერის, ქვეყნის ჭრილობები სანატრელი ვაჟის ჭრილობებად მიაჩნია, ცდილობს, მალამო უპოვოს მათ, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაში სანატრელი ვაჟის გადარჩენას ხედავს, ელის, თავისი შრომითა და გულისცემით აჩქარებას გამრჯვებას. ის შხამისაგან სწმენდს ჰაერს, მასში ჩვენი ერის შეურყვნელი ზნეობა ბობოქრობს. მსხვერპლიო? თუ ის მსხვერპლია, თუ ის განწირულია, მაშ, ჩვენც დავღუპულვრთ, საქრთველოც დაღუპულა და ხსნაც აღარსაით ყოფილა..
ე ლ ი ზ ბ ა რ. ხომ შეიძლება...
გ ი ო რ გ ი. არა, ნუ ჯიუტობ, ელიზბარ, მომეცი ხელი, შენი თამარი ჩემი შვილიც რის...
ე ლ ი ზ ბ ა რ. გიორგი, მიმძიმს... ძალიან მიმძიმს.. ეხ... (ფიქრის შემდეგ) ამაზე მძიმე უღელიც დამიდგამს ქედზე. ბევრჯერ შემიშვერია თავი სეტყვისათვის. ჩემს თავზე ბევრ ავდარს გადაუვლია... ესეც გადაივლის, ეჰ, გადაივლის... აჰა! (მიდის კარისკენ) თამარ! თამარ (გამოჩნდებიან თამარ, არჩილ, შემდეგ ნინო).
გ ი ო რ გ ი. (წამოდგება და შუბლზე ჰკოცნის დარცხვენილ თამარს). მოდი, ჩემო კარგო... გადაეხვიე მამაშენს, ის შენ დაგლოცავს.
თ ა მ ა რ. (გაუბედავად მიდის ელიზბარისკენ) მამა... დედა!
ნ ი ნ ო. ღმერთო...
ე ლ ი ზ ბ ა რ. გიორგი... არჩილ.. ეხლა მაინც... ნინო, კარადა გამოაღე, მგონი, იქ კიდევ დარჩა პილატეს ცრემლები...
ნ ი ნ ო. ეხლავე...
ა რ ჩ ი ლ. შეხედეთ, შეხედეთ... პაპა ელიზბარს გული აუჩუყდა და თავის ცრემლებს პილატეს აბრალებს!
გ ი ო რ გ ი. (მხიარულად) ეხლა წერილი გვაჩვენე... წაგვიკითხე... არა, მხოლოდ დაგვანახე!
თ ა მ ა რ. (ეძებს ჯიბეში წერილს.წერილს ამოაყოლებს სარკეს, რომელიც იატაკზე დავარდება და დაიწკრიალებს... ) აჰ... (დასწვდება და აიღებს).
ნ ი ნ ო. (შემკრთალი). გატყდა?
თ ა მ ა რ. არა, გაიბზარა...


მეორე სურათი



არჩილის ოთახი. ოთახში არავინაა. ღია კარიდან ისმის სევდიანი სიმღერა: "არ დაიჯრებ, არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ"... ოთახში შემოდის ახლად პირდაბანილი შოთა პირსახოცით ხელში, ახოვანი, დავაჟკაცებული. გაჭაღარავებული თმებით. სახეზე რამდენიმე ნაჭრილობევით. მისი სახე სტოვებს ხმლით დაჩეხილის შთაბეჭდილებას, გამომეტყველება ვაჟკაცური: მკაცრი, მრისხანე. პირსახოცს ჰკიდებს კედელზე. მარჯვენა დაშავებულ ხელზე იკეთებს შავ ხელთათმანს. სარკესთან მიდის, მაგრამ შიგ არ იხედება. იღებს სავარცხელს და თმას ივარცხნის. საწერ მაგიდასთან მიდის, დახედავს გაშლილ ნახაზს. ღიღინს შესწყვეტს, ამოიოხრებს, დაიხრება, მარცხენა ხელით იღებს ფანქარს და რაღაცას აღნიშნავს ნახაზზე. მერე ფანქარსაც მიაგდებს, კვლავ ღიღინს იწებს. ისმის ფეხის ხმა, შემოდის არჩილი.

შ ო თ ა. მოხვედი?
ა რ ჩ ი ლ. მოვედი, მაგრამ, ისევ უნდა გავიქცე. ყველაფერი ჩემს მხრებზე ტრიალებს. შენც დაგხედე. გააკეთე რამე?
შ ო თ ა. ეჰ!...
ა რ ჩ ი ლ. (ნაწყენი). შენ ჩემთვის სრულიად არ ზრუნავ, არ გინდა დამეხმარო... მე კი...
შ ო თ ა. აბა, დააკვირდი ნახაზს...
ა რ ჩ ი ლ. ბიჭოს, შენ მთელი გადატრიალება მოგიხდენია!... ხელმეორედ დაგინგრევია ქალაქი.. დანგრევა ადვილა, ვნახოთ, რას აპირებ... ჰო, ეს მართლაც კარგია! მოედნის გაფართოება აუცილებელი იყო!... მეტი სივერცეა საჭირო, მეტი სინათლე... აქ რა არის? გამარჯვებულთა ძეგლი... კარგი ადგილი შეგირჩევია - მაღლობი, ყოველის მხრიდან გამოჩნდება... (პაუზა) მაგრამ მე მეტი მინდა. უფრო წარმტაცი, უფრო...
შ ო თ ა. მე ხომ მხატვარი ვიყავი და არა არქიტექტორი....
ა რ ჩ ი ლ. რთული ეს საქმეც... ძალიან რთული, მაგრამ, რომ წარმოვიდგენ, როგორ გაახარებს თქვენებს ეს ამბავი.. შენი მარცხენა...
შ ო თ ა. დამანებე თავი.. დამანებე თავი და აღარც გამიხსენო... მე არ შემიძლია შინ დაბრუნება!
ა რ ჩ ი ლ. შოთა... საოცარი კაცი ხარ... პირი გაგიპარსავს. პირობა შეგისრულებია და მაინც ჯიუტობ....
შ ო თ ა. (თვალებზე ხელს იფარებს) გავიპარსე... მაგრამ..
ა რ ჩ ი ლ. ვერაფერი გამიგია... ჩვენ ხომ გადავწყვიტეთ? ისინი რამდენიმე დღეა გელიან.. მოუთმენლად... ხვალ ახალწლის ღამეა... შენ ხომ საახალწლოდ შეჰპირდი მათ ჩამოსვლას! ოჰ, როგორ სჯერა თამარს, დედასაც... მოსაგვრებელია მხოლოდ ერთი რამ... მე უნდა წინასწარ გავაფრთხილო ისინი, რომ შენ ცოტა გამოცვლილი დაბრუნდები!
შ ო თ ა. (მწარე ღიმილით). ცოტა... ოდნავ გამოცვლილი!
ა რ ჩ ი ლ. ეს გაფრთხილება გაუადვილებს მათ შენთან შეხვედრას, შემდეგ შეგეჩვევიან!
შ ო თ ა. (ყრუდ). შემეჩვევიან.. შემეჩვევიან! ჩიტებიც ეჩვევიან საფრთხობელას....
ა რ ჩ ი ლ. უამისოდ, ვაი თუ...
შ ო თ ა. ჰო, მე მათ თავზარს დავცემ... ისინი უკან დაიხევენ... არა, შეუძლებელია ეს, უკან დაიხევენ, როგორც დღეს მოიქცა ის ქალი... უზრობაა!
ა რ ჩ ი ლ. შენ დღესაც ყოფილხარ გარეთ!... ხომ გთხოვე... რაც შენ ჩამოხვედი, ამას გევედრები, პატარა ხანს მოიცადე მეთქი...
შ ო თ ა. არა, გარეთ არ ვყოფილვარ.
ა რ ჩ ი ლ. აბა, რომელ ქალზე ლაპარაკობ?
შ ო თ ა. აქ შემეფეთა ეზოში... ქალი, რომელიც ერთ დროს ჩემი თაყვანისმცემელი იყო და.. შემდეგ, შემდეგ გაჰქრა ის დრო... არ ღირს ლაპარაკად.
ა რ ჩ ი ლ. შოთა, ძმაო, ხვალ...
შ ო თ ა. არა... არა. მე იმთავითვე გადავწყვიტე არავსი გამოვცნაუროებოდი, არ შემებღალა ჩემი სპეტაკი მოგონება მათთვის. დავრჩენილიყავი მათ მეხსიერებაში ისეთი, როგორიც ამ შვიდი წლის წინათ ვიყავი და გავმქრალიყავ, როგორც ერთხელ განცდილი ტკბილი ოცნება. (ფიქრის შემდეგ) შენ მეუბნები, მღელვარებით ელიანო ახალწლის ღამეს... ჰო, განა მე არ ველოდი მღელვარებით ამ ღამეს... ჰოდა, აი ხვალ ახალი წელია, მოდის ახალი წელი, რა მოაქვს მას ჩემთვის, რა? ბევრი ვიფიქრე, ბევრი... და გადავწყვიტე: ვერ წამოვალ - მე უფლება არა მაქვს თამარს დავეპატრონო!
ა რ ჩ ი ლ. მოიცა, მომისმინე...
შ ო თ ა. არც შენ უნდა გამოგტეხოდი... შენ დამიბრუნე რწმენა ჩემი ლამაზი ოცნებისა, მაგრამ მე დავრწმუნდი, რომ მასთან ჩემი მახინჯი სახით მისვლა ბოროტება იქნება!
ა რ ჩ ი ლ. სცდები, შოთა.
შ ო თ ა. ვიცი რასაც მეტყვი, მაგრამ ყველაფერი სიბრალულიდან მომდინარეობს... ასე იქნება იქაც.. სიბრალული, აი ყველაზე დამამცირებელი გრძნობა! მე არ მინდა შებრალება... იქაც სიბრალული დამხვდება და... წავიდა, გაქრა ჩვენი წმინდა სიყვარული! (მღელვარე პაუზის შემდეგ) აბა, განსაჯე, მან უნდა მიმიღოს სიბრალულით, პირველ დღეებში თანაგრძნობითაც... შემდეგ დრო გავა, სიყვარულს, სიყვარულს კი არა... სადღა იქნება სიყვარული! სიბრალულს შესცვლის მოვალეობის გრძნობა, ჰმ, მოვალეობის გრძნობა ცოლისა მახინჯი ქრმისადმი...
ა რ ჩ ი ლ. ჯერ არ ვიცით... არ იქნება ასე.
შ ო თ ა. გვიანღა იქნება შემდეგ... გვიან! (ფიქრის შემდეგ) ის ჩემს ოჯახში მელოდება... მელოდება, მაგრამ რა ბავშვები ვიყავით. რად გავაკეთეთ ეს, რად ვაიძულეთ მშობლები?!. გვიანღა იქნება, დიახ... რად უნდა დავამცირო ჩემი სიყვარული... რად უნდა დავტანჯო თამარიც და ჩემი თავიც?
ა რ ჩ ი ლ. (აღელვებული დადის წინ და უკან.. შფოთავს, ხელებს იმტვრევს). ჩაიშალა ყველაფერი... ახ, შოთა!
შ ო თ ა. მე უნდა გავქრე, უნდა გადავიკარგო... ეს ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, იქ... შორს ... ხომ მითქვამს.. როდესაც პრევლად იარები დამიშუშდა და გამოვფხიზლდი, როდესაც ჩემს უგრძნობ, უფრომო სახეს კვლავ დაუბრუნეს ნატანჯი, მკვდრეთით ამდგარი ადამიანის იერი... არ დავმალავ: პირველად მე ვიგრძენი ადამიანური კმაყოფილება... მე გადავრჩი! ვიცინოდი სიხარულით... წერილებიც ხომ მოვიწერე. გახსოვს ის წერილები? (ხანგრძლივი პაუზა) მაგრამ ჯერ ყველაფერი არ ვიცოდი.. მეშინოდა.. თავზარს მცემდა ჩემი სახის წარმოდგენა... მალე დავრწმუნდი, რომ რაღაცას მიმალავდნენ... ჰოდა, ერთხელა, შემთხვევით, ჰოსპიტალის დერეფანში კედლის სარკეს წავაწყდი.. ჩავიხედე და დავინახე ვიღაც, სრულიად უცხო, ოჰ, აი, ასეთი კაცი, როგორც მე ვარ, დაჩეხილი, ჭაღარა! ... უკან მოვიხედე, სხვა მეგონა. ვნატრობდი ამას, მაგრამ ის კაცი მე აღმოვჩნდი... მე შემაშინა ჩემმა თავმა და ავტირდი... სკვდილის წინაშე ბევრჯერ ვდგავარ, შიში არ მიგრძვნია... ჩემმა სხემ კი შემაშინა. იმ დღიდან დავკარგე ჩემი თავი.. ფრონტისათვის მაინც ვვარგოდი... ოჯახისათვის საშინელი შევიქენ, მაგრამ შურისძიებისათვის შეუდარებელი.. ორი რამ კიდევ მაძლევდა სიცოცხლის აზრს: შურისძიება გერმანელებზე და ფიქრი ჩემს მარჯვენაზე. ეს მარჯვენა მამხნევებდა. ამ დიდმა დროებამ ბევრი რამ შთამაგონა და მეც ვფიქრობდი, რომ ამ ხელს შეეძლო რაღაც... ყვლაფერი, ყველაფერი დავივიწყე ამ ოცნების გარდა და შევწყვიტე წერილების გზავნა, ზედმეტად მივიჩნიე. ფრონტზე წავედი. ვიბრძოდი გაშმაგებით. გამბედაობა სიკვდილს ამარცხებდა. მე აფთარი შემარქვეს, მართლაც, გააფთრებით ვიბრძოდი... (ამოიოხრა) ბოლოს სიკვდილმა თავისი საშინელი ძალა მაინც მაჩვენა, იგი ჩემს მარჯვენას შეეხო და ამით მწარედ დამცინა! აი, ეს მარჯვენა ხელი იყო ჩემთვის ყველაფერი, ის მპირდებოდა მომავალს, ის მაბრძოლებდა მტერთან. (დუმილის შემდეგ უბიდან ამოიღებს ქაღალდებს. გაშლის) აი, მეც ვცადე... მარცხენა ხელით დავხატე.. ბავშვური ნაჯღაბნი გამოვიდა, უსუსური... მე მხოლოდ წარმოდგენაღა შემიძლია დიდებული სურათებისა, მათი დახატვა კი... აი, რამ დამიკარგა საბოლოოდ რწმენა.
ა რ ჩ ი ლ. მაგრამ, შოთა... შენ ხომ შეგიყვარეს იქ... ფრონტზე, აი ასეთი... როგორიც ხარ?
შ ო თ ა. შემიყვარს? ვიცი, რაც გინდა თქვა... ძნელია... შეუძლებელია... იქ, ფრონტზე, ჩვენ ჯარისკაცნი, ერთმანეთისას მხოლოდ სულს ვხედავთ, ვხედავთ მებრძოლის სულს, რომელიც აცეცხლებული თვალებიდან იმზირება... ქალებიც კი, რომელნიც ჩემთან ერთად ფრონტზე იყვნენ, მამაკაცებს ჰგავდნენ.. მათში მე ვხედავდი მხოლოდ მებრძოლს და ისინი ჩემში - ამხანაგს... აქ კი სხვაა....
ა რ ჩ ი ლ. შოთა, დამიჯერე... აქაც გამოინახება რაღაც, სხვა სახით, აი ნახავ!
შ ო თ ა. როგორ დავტანჯო მე ისინი?! ჩემი სიკვდილი, ალბათ, უფრო ადვილი ასატანი იქნება მათთვის... აი,ამიტომ გადავწყვიტე, დავარღვიო პირობა... გადავიკარგო აქედან... მათი სევდიანი, მოლოდინით სავსე სიმშვიდისათვის...
ა რ ჩ ი ლ. მშობლები? კუნძიც რომ იყო... მაგრამ შოთა, შენ ვაჟკაცი ხარ, შენ მხოლოდ სახით შეიცვალე, შენს თვალებში კვლავ ბრწყინავს შენისულის სიძლიერე... მე მწამს, რომ შენ გაქვს მომავალი!
შ ო თ ა. მშობლებთან შეიძლება დაბრუნება... ოდესმე... როდესაც ტკივილები გაივლის... მაგრამ თამართან არა. ის თავის ოჯახს უნდა დაუბრუნდეს. ჩვენი ზღაპარი გათავდა... ის ბედნიერი უნდა იყოს, უჩემოდ... უნდა გათხოვდეს... სხვაზე...
ა რ ჩ ი ლ. არა, არა, შოთა... ნუ ამბობ მაგას... შვიდი წელიწადია, შვიდი... ნუთუ მათი ნახვა მაინც არ გინდა... მათი ხმის გაგონება.. გაბედე, თუნდაც როგორც უცნობი, როგორც უცხო, როგორც შოთას ამხანაგი, მასთან ფრონტზე ნამყოფი, ისე წამოდი. მე მათ გავაფრთხილებ, რომ შენ შოთას მეგობარი ხარ და დაგპატიჟებ ახალწლის ღამეს... ნუ ყოყმანობ, გაიხსენე ადამიანები, რომელბსაც შენზე მეტი ტანჯვა გადაუტანიათ, მაგრამ სულით არ დაცემულა! (მცირე ფიქრის შემდეგ) გახსოვს ოდესევსი.. გაჭაღარავებული, ნატანჯი მრავალი წლის ხეტიალით, როგორ მიადგა თავის სასახლეს, როგორც უცნობი მათხოვარი.. შემდეგ ხომ აღსდგა მისი სიჭაბუკე, ხომ დაუბრუნა სილამაზე სულის სიდიადემ...
შ ო თ ა. (აიღებს ხელში წიგნს, გადაფურცლავს და კითხულობს).
... გამოჩნდა თვითონ ოდისევსიც, თავის სასახლეს
ჭაღარ თმებით და უძლური მოხუცის სახით
მიუახლოვდა და, ოდესღაც ღმერთების სწორი,
აბარბაცებით, მღელვარებით კვერთხს დაყრდნობილი,
ღრმა ამოოხვრით ის ჩამოჯდა მშობლიურ კართან...

(მდუარედ დგას... ფიქრობს... ხმადაბლა) ოჰ, როგორ მინდა მათთან ყოფნა.. გინდაო, მეკითხები? თუნდ ერთი წუთით და მერე! (დადის წინ და უკან) ვით ოდისევსი მიჯაჭვული ხომალდის ანძას... (ერთხანს სდუმს) ჰო, მახსოვს, მახსოვს, ოდისევსი.. შენ გინდა მიმაჯაჭვო ჩემს უბედურებას და გამაგონო ძვირფასი ხმები!...
ა რ ჩ ი ლ. ჭაღარა თმებით შენ მას ჰგავვხარ... შენ..
შ ო თ ა. (აწყვეტინებს). მაგრამ რომ მიცნონ...
ა რ ჩ ი ლ. არა!... განა მე არ გამიჭირდა შენი ცნობა? განა მე მიხვდებოდი, შენ რომ არ გამომტეხოდი? მე გავაფრთხილებ... კაცი კაცსა ჰგავს..
შ ო თ ა. კაცი უცხო კაცს ემსგავსება, მე კი... სხვა ვარ...
ა რ ჩ ი ლ. შოთა... დამიჯერე...
შ ო თ ა. არა!

ფ ა რ დ ა




მეორე მოქმედება


პირველი სურათი



გიორგის ბინა. სასტუმრო ოთახი. მაცხნივ ბუხარი. ბუხარში ცეცხლი ანთია. კედლებზე ჩარჩოებში ჩასმული სურათები ჰკიდია. მათგან სიდიდით გამოირჩევა ფერებით შესრულებული ნახატი - ჩარჩოებიდან იმზირება ახალგაზრდა 17-18 წლის შოთას ლამაზი, უწვერულვაშო ნაზი სახე. ოთახში დგას როიალი, სავარძელი, მრგვალი მაგიდა... ახალწლის ღამეა. ფუსფუსი. მარიამ, გიორგი, ნინო. რადიო-რეპროდუქტორი მღერის: "არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ"... მ ა რ ი ა მ ი ს ხ მ ა: "შოთას საყვარელი სიმღერა", ნ ი ნ ო ს ხ მ ა: "სიმღერაშიაც შეთქმულნი ყოფილან, თამარიც სულ ამას ღიღინებს..."
მ ა რ ი ა მ. ეს სავარძელი აი აქ მოვაცუროთ, ბუხართან... შეციებული იქნება, მერე როგორ უყვარდა აქ ჯდომა და ოცნება...
გ ი ო რ გ ი. ოცნებისათვის კი, იცოცხლე, ჩვენ მას დროს არ მივცემთ, მაგრამ მაინც კარგია, ამაზეც ვიზრუნოთ, ოცნებას, ალბათ გადაეჩვეოდა ჩვენი ნატანჯი ბიჭი.
მ ა რ ი ა მ. ღმერთო ჩემო, როგორ უყვარდა აქ ჯდომა! ხშირად თეთრად დასთენებია... (ნინოს) აი ის სურათი, რომელსაც რატომღაც ზამთარი დაარქვა, აქ მოიფიქრა... მოხუცი ქალი ზის ბუხართან, ცეცხლი ხმაურობს, ნაპერწკელბს ისვრის და დედაბერს ეძინება. ისეთი სითბოა ამ ტილოზე, ისეთი სითბო და მაინც ზამთარი ჰქვია. (გიორგის) ის სანადირო თოფი?
გ ი ო რ გ ი. ჰო, გავწმინდე გუშინ. (საათს შეხედავს) არჩილი იგვიანებს, ღვინო თუ ვერ იშოვა.
მ ა რ ი ა მ. მერე უღვინოდ როგორ მოიწყენს, რომ იცოდეთ. არა, არჩილი რომ მოვა, ღვინოს იქ, მაგიდაზე, ნუ მივიტანთ, დავმალოთ... ვიცი, შემოვა ჩემი ვაჟკაცი, ცოტას დაისვენებს, სუფრას გადახედავს და იტყვის: ერი-ჰა, - ჩემო კარგებო, რას მიპირებთ, ჩაით გამასპინძლებას?! არა, იშოვნის, არჩილი ყოჩაღია.
ნ ი ნ ო. გაძნელდა ცხოვრება, შოვნა ჭირს.
გ ი ო რ გ ი. არა, ჩვენ...
მ ა რ ი ა მ. ჩვენ გვიდან თავისი საყვარელი ღვინო დავახვედროთ.
ნ ი ნ ო. უყვარს?..
გ ი ო რ გ ი. არა, ბევრს კი არა სვამს, თუმცა ატანა შეუძლია... გამოცლის და იტყვის...
მ ა რ ი ა მ. სისხლში მიდის ეს დალოცვილიო, არა?
გ ი ო რ გ ი. ჰო, სწორედ ასე.
მ ა რ ი ა მ. საფერფლე რაღა იქნა?
ნ ი ნ ო. საფერფლე?..
გ ი ო რ გ ი. აგერ მრგვალ მაგიდაზე... ნამწვავიც ზედ დევს... (ნინოს) ეს შოთას საფერფლეა... აი, უკანასკნელი პაპიროსიც, რომელიც მან ამ ოთახში მოსწია. ამ დედაბერს უყვარს ასეთი წვრილმანები; ამბობს, სიყვარული წვრილმანებისგან შენდებაო. და აი, შვიდი წელია, რაც ინახავს!
ნ ი ნ ო. დედის გული...
გ ი ო რ გ ი. არჩილის ხმა მესმის.
ა რ ჩ ი ლ ი. (შემორბის). მოვიტანე... არ მოსულან?
გ ი ო რ გ ი. რა ღვინოა?
ა რ ჩ ი ლ ი. განა საკითხავია? საფერავი! დიდი დავიდარაბა დამჭირდა. კინაღამ სამი კაცი ამეკიდა, დავუსხლტი; ეგონათ, ჩემთან მიმქონდა, შინ.
გ ი ო რ გ ი. წამოგეყვანა, დავხვდებოდით.
ა რ ჩ ი ლ ი. არა, ჩემგან ერთი სტუმარიც კმარ.. არ მოსულა? რად დაიგვიანა ნეტავ?
მ ა რ ი ა მ. ვინ?
ა რ ჩ ი ლ ი. აი, იმან, რომ გითხარით.. ჩემმა მეგობარმა. შოთასთან ფრონტზე ნამყოფმა... ამ დილით რომ გითხარით... აფთარმა!
გ ი ო რ გ ი. ჰო, აფთარი? ვიცი... რატომ არ მოდის, გაგვახარებდა რომ მოსულიყო. თუ შოთაც ჩამოვა, მით უმეტეს...
მ ა რ ი ა მ. ალბათ, ვერ გაბედა მარტო მოსვლა, შენ უნდა წამოგეყვანა, უცხო კაცი, მერე თუ ისე საცოდავად არის დასახიჩრებული საბრალო.. იქნებ მოგვერიდა კიდეც!
ა რ ჩ ი ლ ი. (შფოთავს) რატომ არ ვიფიქრე... ღვინოზე ზრუნვამ გადამიყოლა. თამარიც იგვიანებს. ელიზბარი?
მ ა რ ი ა მ. ელიზბარი უკვე მოვიდა, მაგრამ თამარქალმა აიყოლია, სადგურზე გაიტაცა... ტრამვაი არ მუშაობს, ალბათ, შეაგვიანდებათ.
ნ ი ნ ო. ოღონდ დაბრუნდეს და...
მ ა რ ი ა მ. დაბრუნდება, ნინო, გული მიგრძნობს. სიზმარი მაქვს ნახული, დაბრუნდება... ის ამაღამ მოვა... შემოვა ჩემი ვაჟკაცი, მაკოცებს ხელზე, შემდეგ შუბლზე, გადამეხვევა, შემდეგ შემომეხედავს, დამათვალიერებს და ისევ გულში ჩამიკრავს... დაბერებულხარ, დედაჩემო, ჭაღარად ქცეულხარ, ჩემზე ფიქრს უტანჯიხარო, მეტყვის... ჩემი ვაჟკაცი.
ა რ ჩ ი ლ. (საათს შეხედავს) რვა სრულდება. რა დაემართათ. აფთარი რაღად იგვიანებს? (დადის წინ და უკან) მე ღვინოს შევიტან სასადილოში.
გ ი ო რ გ ი. არა, დედას სურს იეშმაკოს. ღვინო დაუმალოს და შემდეგ გამოუჩინოს.
ა რ ჩ ი ლ. ჰო, მივხვდი, კარგი, კარგი. აი, გამოგონება! მერეშევუტევთ. (ისმის ჩქარი ფეხის ხმა. კარი სწრაფად იღება. ყველანი კარისკენ მიისწრაფიან უხმოდ. ოთახში შემოდის თავჩაღუნული თამარი: მოსდევს ელიზბარი. თამარი სავარძელზე მიაგდებს ყვავილების თაიგულს).
ნ ი ნ ო. (წინ წამოიწევს). რა მოხდა, შვილო?
მ ა რ ი ა მ. ღმერთო ჩემო, ნუთუ შოთა ამაღამაც არ ჩამოვიდა?
თ ა მ ა რ. (მოწყვეტით ჯდება) უკანასკნელი მატარებელი ჩამოვიდა... მორჩა, ის აღარ ჩამოვა ამაღამ.
გ ი ო რ გ ი. იქნებ აგცდათ.. ვერ დაინახეთ?
თ ა მ ა რ. არა, კარგად დავათვალირეთ ყველა. რამდენიმე სამხედრო პირი ჩამოჰყვა მატარებელს.. ერთს უკანაც დავედევნე, ჰგავდა, მაგრამ სხვა აღმოჩნდა... ბედნიერები! (ტირის).
გ ი ო რ გ ი. ეხ... ეს, ჩემო კარგო.. რა ვქნათ, არაფერია. კარგი იყო ამაღამ, დღეს, მაგრამ... ალბათ, რამე შეემთხვა. მე მაინც მეეჭვებოდა, დიდი ხანია რაც მოიწერა. მგზავრობა გაძნელდა.
ე ლ ი ზ ბ ა რ. ომია, ომი.. მგზავრობა გაძნელდა. ის კი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო.
თ ა მ ა რ. არ, ის დღეს უნდა ჩამოსულიყო, დღეს, ამაღამ.
ნ ი ნ ო. დამშვიდდი... სჯობს იყოს შორს, ვიდრე უბედურება მოგვიახლოვდეს!
მ ა რ ი ა მ. მოვიდა, მაგრამ უკან გაბრუნდა... ასე იყო...
გ ი ო რ გ ი. სად? ვინ?
მ ა რ ი ა მ. სიზმარში ასე ვნახე. მოვიდა ჩემი ვაჟკაცი, შემოიხედა ამ ოთახში, მოწყენილი სახე ჰქონდა, ნატანჯი... ცნობა გამიძნელდა, დამკოცნა და ისევ წავიდა, ისევ.
ა რ ჩ ი ლ. მართლაც, გიორგის თქმისა არ იყოს, ალბათ, რამემ დააბრკოლა. ის მოვა, ჩემო თამარ, ტირილი არ შეგშვენის, დაგიბრუნდება. (ისმის გაუბედავი კაკუნი).
თ ა მ ა რ. არჩილ... არჩილ...
ა რ ჩ ი ლ. მოვიდა!
გ ი ო რ გ ი. ვინ?
მ ა რ ი ა მ. შვილო...
ა რ ჩ ი ლ. არა, ეს ... ეს, ალბათ...
ე ლ ი ზ ბ ა რ. მართლაც, გზაში თუ ავცდით.
თ ა მ ა რ. შოთა! (კარს აღებს. შემოდის შოთა მუქი სათვალეებით. გაუბედავად შედგება კარის ზღურბლზე. თვალით ეძებს ვიღაცას. გაოცებით, შიშით უცქერიან).
თ ა მ ა რ. არ, ეს შოთა არ არის....
შ ო თ ა. ბოდიში... აქ... აქ... შეიძლება? (შეხედავს კედელზე ჩამოკიდებულ თავის სურათს. შეტორტმანდება).
ა რ ჩ ი ლ. ეს ჩემი მეგობარია... მობრძანდით, გაიცანით. ბატონო გიორგი, ეს შოთას მეგობარია, დილას რომ გელაპარაკეთ.
გ ი ო რ გ ი. (ამოიოხრებს). ეჰ... (თავს იკავებს). მობრძანდით, ჩემო კარგო. ჩემი სახლის კარი ღიაა ყველასათვის, ვისაც ჩემს შვილთან თუნდაც ერთი ღამე გაუტარებია. მართალია, შოთა არ დაბრუნდა, მაგრამ... აბა!
შ ო თ ა. (ხელს ართმევს გიორგის) გმადლობთ...
ა რ ჩ ი ლ. ეს დედაა...
შ ო თ ა. დედა... (შებარბაცდება, ხელზე ჰკოცნის).
ა რ ჩ ი ლ. (აცნობს თამარს). ეს...
შ ო თ ა. (უნებურად გაიწევს თამარისკენ). ჰოო.. ვიცი, მივხვდი... ეს... (თამარი თავჩაღუნული უკან იხევს).
ა რ ჩ ი ლ. დიახ... ესენიც.
(შოთა დანარჩენებს საერთო სალამს აძლევს).
გ ი ო რ გ ი. დაბრძანდით. აი აქ, ბუხართან.
შ ო თ ა. (ჯდება სავარძელში ბუხართან). ჰოო, გარეთ ცივა. რა კარგი ბუხარია. (ამოიღებს სათუთუნეს. პირში იდებს პაპიროსს. გაჰკარვს ასანთს).
გ ი ო რ გ ი. (ჯდება მის გვერდით) ძალიან კარგი ბუხარია.
შ ო თ ა. ვნატრობდი და ამისრულდა... საქართველოში, ცეცხლისპირას... ეს სიზმარივითაა. რამდენი ხანია, რაც....
ა რ ჩ ი ლ. (დასწვდება საფერფლეს). საფერფლე!
თ ა მ ა რ. (გაუბედავად). არა, ეს, ეს ხომ შოთას საფერფლეა!
შ ო თ ა. (ბუხარში შეაგდებს ასანთის ნამწვავს). არაა საჭირო.. ერთ ნაპერწკალს მაინც შემატებს ცეცხლს ეს განახევრებული ნამწვავი.
გ ი ო რ გ ი. თქვენ დიდი ხანია, რაც...
შ ო თ ა. დიდი ხანია... მე ფინეთის ფრონტზე ვიბრძოდი
მ ა რ ი ა მ. შოთას სად შეხვდით პირველად?
შ ო თ ა. (არ შეხედავს). მე მას ვიბორგის მისადგომებთან შევხვდი. იქ გავიცანი.. დავმეგობრდით.
გ ი ო რ გ ი. როგორ იყო?
მ ა რ ი ა მ. ის ხომ სუსტია, ფერმკრთალი, აგერ, შეხედეთ... თვითონ დახატა თავისი თავი და სურათს მეოცნებე დაარქვა, ოჰ, ისევ ასეთია ჩემი ბიჭიკო?
შ ო თ ა. ახლა? სანამ თვალიდან დავკარგავდი, თითქმის ასეთი იყო. ჩვენ ერთ საშინელ ღამეს დავცილდით ერთმანეთს. მაშინ ისიც დავკარგე თვალიდან ჩემი თავიც... ჰო, ის ლამაზი იყო და ვაჟკაციც. გულადი ოფიცრის სახელი ჰქონდა, გარდა მეომრის სახელისა. მას ადვილად შეეძლო მშვიდობიან დროსაც სახელოვანი გამხდარიყო თავისი დალოცვილი მარჯვენით, თქვენი შვილი იქაც ხატავდა. როცა დროს იპოვიდა. (სურთებს შეხედავს. წამოდგება და ათვალერებს). ეს მისი ნახატებია, ხომ? ზამთარი! კარგი სურათია, მაგრამ ეხლა ის, ალბათ, სულ სხვანაირად დახატავს ზამთარს... სუსხიან ზამთარს, ჯარისკაცის თვალით... თოვლის უდაბნოს და დამარცხებულ, გაქცეულ სიკვდილს... მის ბნელ ნაფეხურებს სპეტაკ თოვლზე.
მ ა რ ი ა მ. არ დავაჟკაცდა?
შ ო თ ა. დავაჟკაცდა. ფრონტზე სწრაფად ვაჟკაცდებიან ჭაბუკები. (ამოიოხრებს) აი, მე ერთმა ღამემ დამაბერა კიდეც... და მაგრამ თქვენ რა გესმით, შოთას წერილებს ხომ იღებთ?
მ ა რ ი ა მ. არაფერი ვიცით, დავკარგეთ აგერ ექვსი თვეა, ოხ, ღმერთო!
შ ო თ ა. ჯავრი ნუ გაქვთ. ექვსი თვე... გულს ნუ გაიტეხთ, გამოჩნდება.
მ ა რ ი ა მ. ის საახალწლოდ შეგვპირდა ჩამოსვლას, ჰოსპიტალში იწვა, დაჭრილი...
გ ი ო რ გ ი. აბა, მარიამ, ნუ შევაწუხებთ სტუმარს. საქმეს შევუდგეთ, ჩვენი სადღეგრძელოები გასჭრის, სუფრას მივხედოთ, მეგობრებო!... ელიზბარ, ნინო, მობრძანდით. არჩილ, გთხოვთ თქვენს მეგობარს. (გიორგი მიუძღვება სასადილო ოთახის კარისკენ სტუმრებს).
ა რ ჩ ი ლ. (შოთას). წავიდეთ... წავიდეთ, თამარ...
შ ო თ ა. (თამარის გვერდით). თქვენ დღეს ელოდით შოთას?
თ ა მ ა რ. დიახ, დღეს.
შ ო თ ა. რომ არ დაბრუნდა?
თ ა მ ა რ. არ დაბრუნდა, მაგრამ ის აქ არის, მე ვგრძნობ ამას...
შ ო თ ა. (შემკრთალი). როგორ?
თ ა მ ა რ. დიახ, განსაკუთრებით დღეს, ამ საღამოს.. მისი სული, მისი ფიქრი თავს დაგვტრიალებს. ის მოისწრაფოდა ჩვენსკენ, მაგრამ თითქოს რაღაც ჩადგა ჩვენს შორის.
შ ო თ ა. რაღაც?..


მეორე სურათი



იგივე ოთახი. შუა კარი ღიაა. სასადილო ოთახიდან ისმის ხმაური. ხმაურს სცვლის დუმილი. შემდეგ არჩილის წამოძახილი: "რა გემართება?" იატაკზე დავარდნილი ჩანგლის თუ დანის წკრიალი... ფეხზე წამოდგომის ხმა, შუა კარიდან ჩქარი ნაბიჯით შემოდის შოთა.

ა რ ჩ ი ლ. (უკან მოსდევს). რა გემართება... გამაგრდი... დარჩი...
შ ო თ ა. არა, ეს აუტანელია, შეუძლებელია.. მე...
ა რ ჩ ი ლ. წარმოდგენილი მაქვს, რასაც შენ განიცდი.
შ ო თ ა. ეს არის თავდაყირა დაკიდებული ადამიანის გრძნობა, რომელსაც ხელები ზურგზე აქვს გაკრული... არა, ეს უხეშადაა თქმული. ეს არის უზარმაზრი, დაუძლეველი ტანჯვა, რომლის...
რომლის დაძლევაც შეიძლება, მას უნდა მიეცეს გამოსავალი.
შ ო თ ა. გამომჟღავნება? არა! (პაუზა). ნუ გაუმხელ სხვას შენს ტანჯვას, თორემ ამით შენს თავსაც დატანჯავ და სხვასაც!
ა რ ჩ ი ლ. არა, მე მგონი, აღსარება ტანჯვის გაზიარბაა, გულახდილობა სულის უბედურბას ანხევრებს. . .
შ ო თ ა. მძიმე ტვირთის ნახევარს სხვა იკიდებს მხრებზე, არა? ..
ა რ ჩ ი ლ. დიახ...
შ ო თ ა. სწორედ ეს არ მინდა მე. ახალი სევდა მიპყრობს, როდესაც ჩემს მწუხარებას სხვას ვანდობ: მებრალება ადამიანი, რომლის გულსაც სევდა გავუჩინე.. აი ახალი უბედურება, რომელსაც ძველის განახევრება იწვევს...
ა რ ჩ ი ლ. მოიცა, დამშვიდი, ასე წასვლა მაინც უხერხულია...
შ ო თ ა. უხერხულია... უხერხულია.. მე არ შემიძლია, ვუყურო დედას, მან ხომ მე გამზარდა. არ შემიძლია ვუცქირო თამარს.. მამაჩემის უხმო ტანჯვას.. მათ თითქოს იგრძნეს რაღაც... მათ მე ვებრალები... ვიღაც უცხო, მაგრამ ახლობელი...
გ ი ო რ გ ი. (შემოდის). რა გეჩქარებათ, ჯერ ხომ...
ა რ ჩ ი ლ. (დაბნევით). თამბაქო... თამბაქო შემოაკლდა, ბატონო გიორგი, და...
გ ი ო რ გ ი. თამბაქო გვაქვს... მოიცათ... თამარ, მარიამ!
შ ო თ ა. არა, მე წავალ (იცვამს მაზარას, ქუდი ხელში უჭირავს).
გ ი ო რ გ ი. ხომ არაფერი გეწყინათ... იქნებ ვინმემ....
შ ო თ ა. მე უნდა წავიდე... ასე ხშირად მემართება... საზოგადოებაში ვერ ვჩერდები.
გ ი ო რ გ ი. ჩვენი საღამო მოსაწყენი იყო, რა ვქნათ... თქვენ თვითონაც იცით საქმის შინაარსი...
შ ო თ ა. რა ბრძანებაა.. მე მოხიბლული ვარ.. ბოდიშს ვიხდი.
გ ი ო რ გ ი. მერე ქალები.... ხომ მოგეხსენებათ... ელოდნენ... ელოდნენ და აი...
შ ო თ ა. (თავს ღუნავს) მშვიდობით!...
გ ი ო რ გ ი. ხშირად გვინახულეთ... თქვენ კეთილი სტუმარი იქნებით ჩვენთვის... შოთას გაგვახსენებთ....
შ ო თ ა. ვეცდები, ბატონო,... მშვიდობით. (გადის).
ა რ ჩ ი ლ. (პალტოს იცვამს და მისდევს შოთას). მე გავაცილებ...
გ ი ო რ გ ი. ხომ დაბრუნდები?
ა რ ჩ ი ლ. დავბრუნდები, უსათუოდ... ბევრი დაგვრჩა...
გ ი ო რ გ ი. რა?
ა რ ჩ ი ლ. სალაპარაკო... ღვინოც... (გადის).
გ ი ო რ გ ი. (ღიმილით). ჰო...
მ ა რ ი ა მ. (შემოდის. მოსდევს თამარ). რა იყო, რად გვეძახდი?
თ ა მ ა რ. წავიდა?
გ ი ო რ გ ი. წავიდა.
მ ა რ ი ა მ. საბრალო. არ უნდა გაგეშვა.
გ ი ო რ გ ი. რა ვქნა, ვეხვეწე, არ დაიშალა.
მ ა რ ი ა მ. საბრალო, მას თანგრძნობა სჭირდება...
თ ა მ ა რ. მშობლები ჰყოლია...
მ ა რ ი ა მ. სატრფოც... გაიცინა და თქვა, მყავდაო. იმედი დაუკარგავს.
თ ა მ ა რ. მშობლების ნახვას აპირებს...
მ ა რ ი ა მ. სატრფოს ვერ ვნახავო... ის შორს არის ჩემგან, ძალიან შორსო...
გ ი ო რ გ ი. მალე მოეკიდა ღვინო...
თ ა მ ა რ. ისე მომეჩვენა, თითქოს ნასვამი მოვიდა, აღგზნებული. რამდენჯერმე შებარბაცდა კიდეც... შოთას ხსენებაზე კრთოდა, თავს ღუნავდა...
მ ა რ ი ა მ. ღმერთო ჩემო, ეგ მეც შევნიშნე. მან თითქოს რაღაც ისიც შოთას შესახებ... ის რაღაცას გვიმალავ...
თ ა მ ა რ. ოჰ, შეუძლებელია...
მ ა რ ი ა მ. თითქოს მისი თვალებიდან ვიღაც ნაცნობი იმზირება. ის მართლაც ჰგავს შოთას.
თ ა მ ა რ. ოჰ, არა... მეც ვიფიქრე, მაგრამ მეშინია... ნუ იტყვით ამას!
მ ა რ ი ა მ. ვიღაც ნაცნობი... თვით ჩემი შოთა, ჩემი ღვიძლი...
თ ა მ ა რ. ნუ... ღმერთო ჩემო.. მისი თვალები...
გ ი ო რ გ ი. დავეხსნათ ბოდვას... იცით, მე ხშირად მემართება: ქუჩაში ქართველი ჯარისკაცი რომ შემხვდება, თითქოს მას, შოთას ვხედავ... მათ ყველას რაღაც საერთო აქვთ. არ ვიცი, რა არის ეს... ერთნაირი იერი, მსგავსი გამოხედვა. მათი თვალები საოცრად გვანან ერთმანეთს... (ისმის ფეხის ხმა). აი, არჩილიც დაბუნდა.. სტუმრებს მიხედეთ. ჩვენც მალე შემოვალთ.. (ქალები გადიან).
ა რ ჩ ი ლ. ესეც ასე... აი, მეც დავბრუნდი... გავაცილე... (უხერხული პაუზა. გიორგი წინ და უკან დადის. შემდეგ შეჩერდება არჩილის წინ)
გ ი ო რ გ ი. არჩილ, შვილივით გაგზარდე. შენ ჩემი ნამოწაფარიც ხარ და შვილიც... მეგობარიც. საიმედო... ნუ დამიმალავ, გულახდილი იყავ ჩემთან. შენ ხომ ყოველთვის გახასიათებდა ეს კარგი თვისება. მითხარი, რას გვიმალავთ?!
ა რ ჩ ი ლ. ჩვენ?
გ ი ო რ გ ი. დიახ... მე დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი რაღაცას ფარავს, რომელიც ჩემს ოჯახს ეხება. თქვენ, შენ და იმან, რაღაც იცით, რაღაც საიდუმლო გაწუხებთ... თქვენ ორივენი საოცრად ღელავდით ამ საღამოს, ეს უფრო შენ გემჩნეოდა... კარგი, მას აქვს მიზეზი, მაგრამ შენ?
ა რ ჩ ი ლ. მე მაწუხებს მისი...
გ ი ო რ გ ი. არა... მე გამოცდილი კაცი ვარ... მოვხუცდი, ადამიანის სულის შესწავლამ დამაბერა... ნუ დამიმალავ, ენდე ჩემს ვაჟკაცობას, ამტანობას... მე გადავიტან იმ უბდურებასაც კი, რომელსაც ყველაზე ძვირფასი ადამიანის დაკარგვა მომაყენებს.. ნუ გიკვირს.. შენ რაღაც იცი შოთას შესახებ. მითხარი, დაიღუპა?!
ა რ ჩ ი ლ. ბატონო, ბატონო გიორგი...
გ ი ო რ გ ი. ხანდახან მე თვით მაოცდებს ჩემი მხნეობა. რად კრთი? იქ, სადღაც სულის სიღრმეში, მე უკვე გამოვიგლოვე ჩემი შვილი მშრალი ცრემლით, ვაჟკაცის ცრემლით, რომელიც უჩინრად ღრღნის გულს.. მითხარი, აი, პირველად ვიჩენ შენთან გულჩვილობას, როგორც მამა, როგორც ღვიძლი დამიანი. გთხოვ, მითხარი, იცი რამე თუ არა მისი დაღუპვის შესახებ?
ა რ ჩ ი ლ. არა... გარწმუნებთ... გეფიცებით...
გ ი ო რ გ ი. შენ სდუმხარ... მე ვეძებ, ვხვდები რაღაცას, რაც დაუჯერებელია, მაგრამ რაც უკვე იგრძნო დედამ, რამაც შეაშინა სატრფო... ოჰ, არჩილ, დიახ მათ იგრძნეს, რომ დღეს აქ შოთა იყო, ის იყო იგრძნეს და მე ავუკრძალე ამაზე ფიქრი... მე ვრწმუნდები... მე არ ჩავთვლი ჩემს თავს უბედურად, არც მას... მითხარი, არავის გავანდობ, არავის... არც მას.. არავის...
ა რ ჩ ი ლ. (თავს ასწევს). დიახ... ის შოთაა!
გ ი ო რ გ ი. (გაიწევს კარისკენ). შვილო, დატანჯულო შვილო!
ა რ ჩ ი ლ. ბატონო გიორგი.. მათქმევინეთ... ეს არავინ უნდა იცოდეს... ეს ჩვენი საიდუმლო უნდა იყოს... შოთამ არ უნდა გაიგოს, რომ თქვენ იცით ეს ამბავი.
გ ი ო რ გ ი. (მოწყვეტით ჯდება. ჩურჩულით). რამდენი ტანჯვა უნდა გამოევლო მას, რომ ამ საღამოსთვის გაეძლო....
ა რ ჩ ი ლ. მას ნებისყოფა აქვს შესუსტებული... ის უბედურია: დაჰკარგა მარჯვენა და დამახინჯდა.. ჰოდა, მე გადავწყვიტე, მეხსნა იგი.. აღმედგინა..
გ ი ო რ გ ი. (გადაევევა და ჰკოცნის თვალებში არჩილს). ოჰ, ლამაზო, კარგო შვილო, შენ ღირსი ხარ სიყვარულისა... შენ გადაწყვიტე იხსნა იგი და მე დამიმალე ეს... მომეცი ხელი, ერთად, ერთად ვიხსნათ იგი, აღვადგინოთ დაცემული ადამიანი, დავუბრუნოთ მის სულს მხნეობა...სიდიადე...
ა რ ჩ ი ლ. ძვირფასო გიორგი... მაპატიეთ.. ვერ გავბედე... თქმას მიკრძალავდა, თავის მოკვლით მემუქრებოდა...
გ ი ო რ გ ი. ოჰ, შოთა... (მივა სურათთან). ის ეხლა სხვანაირად დახტავს ზამთრს, სხვანაირად... მაგრამ როგორ... მისი მარჯვენა?
ა რ ჩ ი ლ. ის ადგენს პროექტს... მარცხენა ხელით...
გ ი ო რ გ ი. ნუთუ?
ა რ ჩ ი ლ. მე ვაიძულე დამხმარებოდა. ვევედრებოდი. ვთხვოდი რჩევას... ვთხოვდი დახმარებას... და იქნება თავისსუფალი, გამარჯვებული ქალაქის პროექტი, რომლის ფაქტიური ავტორი შოთაა.. ის არც კი დაჰფიქრებია ამას...
გ ი ო რ გ ი.. ოჰ, არჩილ, შენ დამიბრუნე აზრი, დიახ, ცხოვრების აზრი... ქალებს, რა თქმა უნდა, ჯერ არ გავუმხელთ... ეს სწორი ნაბიჯია, ჯერ მათთვის მართლაც ძნელი ასატანი იქნება. მით უმეტეს, თამარისათვის. ჯერ ეს მხარე ჩვენი ოჯახის ბნელითაა მოცული... იქნებ ისიც გაშუქდეს... იქნებ წმინდა სიყვარულმა გაიმარჯვოს... (დუმილის შემდეგ შევაჩვიოთ ისინი შოთას... აფთარს... ხშირად მოიყვანე... ეხლა კი, აბა, სუფრას მივხედოთ... ოჰ, რა სიამოვნებით დავლევს საფერავს, ეშმაკო, აბა... აბა... წავიდეთ... ყანწებით, ყანწებით, ჩემი ტანჯული ვაჟკაცის აღდგენისათვის, მისი დაბრუნებისათვის!
(ხელს გადახვევს არჩილს და მიჰყავს შუა კარისაკენ)

ფ ა რ დ ა


მესამე მოქმედება



იგივე ოთახი. ოღონდ მრგვალი მაგიდის ნაცვლად ოთახს შუაგულ ადგილზე დგას ბილიარდის მაგიდა. საღამოვდება. ელექტრონი
ანთია. თამარი და შოთა ბილიარდს თამაშობენ.

შ ო თ ა. (შემოუვლის მაგიდას. ათვალიერებს ბილიარდის ბურთებს). ცამეტიან კუთხეში! (უმიზნებს. ვერ ჩააგდებს). ეჰ, მარცხენა ხელი სანდო არ არის!
თ ა მ ა რ. მე თხუთმეტიანს ჩავაგდებ... თქვენ ვერ შენიშნეთ... თხუთმეტი პარტიის მეხუთედს უდრის. (გაითამასებს, მაგრამ ნიშანდ დააცილებს). აჰ... თვალმა მიმტყუნა, ხუთი დავკარგე!
შ ო თ ა. მე ისევ ცამეტიანს დავუმიზნებ!
თ ა მ ა რ. რას ჩააცივდი ცამეტიანს?
შ ო თ ა. (უმიზნებს). არა, ცამეტი, ცამეტი მიშლის ხელს. თუ ცამეტიანი ჩავაგდე, პარტია ჩემი იქნება!
თ ა მ ა რ. არა, თქვენ ჯერ ბევრი გაკლიათ.
შ ო თ ა. მართალია, მაგრამ ჯერ ცამეტიანი უნდა მოვიშორო...
თ ა მ ა რ. (იცინის), საკვირველია... თქვენ..
შ ო თ ა. არა, მე ცრუმორწმუნე არა ვარ, მაგრამ რატომღაც ცამეტი ყველაფერი მეჯავრება.. იქ, ბრზოლის ველზე, გამიჩნდა ეს უცნაური გრძნობა. (პუზა). ეჰ... ვანია, ვანია! რა ბიჭი იყო?! ნამდვილი რუსი: გულუბრყვილო, კეთილი ჭაბუკი, შეუდარებელი სნაიპერი... სამი დღის განმავლობაში თორმეტი გერმანელი გამოსთოფა და რატომღაც გაიყინა. რამდენიც ესროლა - ააცდინა. ეხ, მეცამეტე.. მეცამეტე... ბურტყუნებდა ის უმკაყოფილოდ და ეძებდა მეცამეტე გერმანელს... თუ მეცამეტემ არ მომკლა. ნახეთ, ბერლინამდის ვივლიო! ცამეტიო, მეტყოდა იდუმალი ხმით - პაპაჩემს უთქვამს ჩემთვის.. ეხ, აი ნახეთ, თუ მეცამეტეს გადავურჩიო! (პაუზა).
თ ა მ ა რ. გადარჩა?
შ ო თ ა. მალე მიეცა შემთხვევა. ჩვენს სანგრებს იქით, ტყეში, გერმანელები ისხდნენ. ვანიამ ერთი მოსიარულე ბუჩქი შენიშნა, სიხარულმა ააცახცახა, დაუმიზნა, მაგრამ ბუჩქში მჯდომმა დაასწრო და შუბლი გაუხვრიტა. (ამოიოხრებს). იმ დღეს ყველანი მეცამეტე გერმანელს ვესროდით, შურისძიებით ანთებულნი, გააფრთრებულნი... წინ შუბლგახვრეტილი ამხანაგის აჩრდილი მიგვიძღოდა....
თ ა მ ა რ. (თანაგრძნობით). და იმის შემდეგ...
შ ო თ ა. (აღგზნებით). იმის შემდეგ შემძაგდა ცამეტი... ყოველგვარი ცამეტი... ყოველგვარი ცამეტი გერმანელს მაგონებს... (სიცილით). აი, ეს რძისფერი ბურთიც!
თ ა მ ა რ. თქვენ თუ მოგიკლავთ გერმანელი?
შ ო თ ა. არვიცი...უთუოდ.. მაგრამ არ ვიცი სად და როდის... (ხანგრძლივი პაუზა). ერთხელ.. (ელექტრონი ქრება).
თ ა მ ა რ. აჰ, კიდევ გამოთიშეს.. (გაჰკრავს ასანთს. უკიდებს სანთელს).
შ ო თ ა. (ჩამოჯდება სავარძელზე, ღელავს). მეკითხებით, გერმანელი თუ მოგიკლავსო.. ჩამოჯექით, გიამბობთ. არჩილი იგვიანებს და ამ შუქზე მაინც ვერ ვითამაშებთ. (მცირე ფიქრის შემდეგ). ერთხელ, პირისპირ შევხვდი მე მათ. დიახ, თითქმის, პირისპირ... მეტყვიამფრქვევე მომიკლეს თვალწინ. მე ის შევცვალე და მტერს ცეცხლი შევაგებე. იერიშით წამოვიდნენ, ფეხზე ამდგარნი. მე ვხედავდი მათ ბოროტ ღიმილს... ვხედავდი, როგორ მესროდნენ და ეცემოდნენ ჩემგან რამდენიმე ნაბიჯზე. ვხედავდი მათ გაღებულ ბაგეებს, მაგრამ მათი ხმა არ მესმოდა, ჩემი ტყვიამფრქვევის ხმაც კი არ მესმოდა... ისინი მორბოდნენ და ეცემოდნენ... ეხლაც არ ვიცი, ის მე ვიყავი, თუ სხვა ვინმე ჩასახლდა ჩემს სხეულში. ისინი გაბრუნდნენ და გაიქცნენ. თავისუფლად ამოვისუნთქე, ხელი შუბლთან მივიტანე ტალახისა და მტვრის შესაწმენდად და ამ დიდ ხმაურში გავიგონე ჩემი მაჯის საათის ტიკტიკი, რომელმაც გამომაფხიზლა დ პირზე ღიმილი მომგვრა. (მცირე სიჩუმის შემდეგ). სასაცილოა ხომ?
თ ა მ ა რ. არა, ეს სასაცილო არ არის! ღმერთო, ნუ თუ შოთაც?
შ ო თ ა. (ერთხანს შემკრთალი, ბოროტად). განა მას ბედი ვარდებს გაუფენდა? განა მას ბედი დაინდობდა? ეს ყველაფერი, ალბათ, მონაგონია იმასთან, რაც.. მაგრამ მითხარით, თამარ, იქნებით თუ არა თქვენ ერთგული მისი, მოუცდით თუ არ მას?
თ ა მ ა რ. (შემკრთალი). ეს კითხვა...
შ ო თ ა. ჰო, ეს კითხვა არ უნდა მომეცა... აი, რას გკითხავთ. ხომ შეიძლება, ის დამახინჯებული დაბრუნდეს, ხომ შეიძლება, ის უარესად... ოჰ...
თ ა მ ა რ. დამახინჯებული? განა ის ლამაზია? განა მე ვიცი, ის როგორია ეხლა?
შ ო თ ა. (ხელს დაუჭერს). ჰო, თქვით.. დიახ...
თ ა მ ა რ. მე მიყვარს.. მხოლოდ მის თვალებს ვხედავ, მის ძვირფას სულს, მის თვალებს.
შ ო თ ა. მის სულს, მის თვალებს. (უნებურად ჰკოცნის ხელზე).
თ ა მ ა რ. (შემკრთალი, გამოფხიზლებული). აჰ, ნუ, ნუ... რას სჩადით!
შ ო თ ა. არა... ეს მე.. მაპატიეთ ... ეს შოთას ღრმა სიყვარულისათვის.. მისი ერთგულებისათვის... მაპატიეთ, სხვანაირად არ იფიქროთ... მე როგორ გავბედავდი. (ელექტრონი ინთება).
(თამარი აქრობს სანთელს).
შ ო თ ა. (ჯიბიდან იღებს სათუთუნეს, პირში პაპიროსს იდებს). დაივიწყეთ, თამარ, ეს შემთხვევა.
თ ა მ ა რ. (ასანთს გაჰკრავს). დამშვიდდით, მე მჯერა თქვენი.
შ ო თ ა. არა, ჯერ არ მოვუკიდებ. (ხელში იღებს კიის). ჩვენი პარტია ჯერ დამთავრებული არ არის! მე ისევ ცამეტიანს დავუმიზნებ!
თ ა მ ა რ. ფრთხილად, ცამეტიანის დევნამ თამაში არ წაგაგებინოთ!
შ ო თ ა. ვნახოთ! (პაპიროსს დებს საფერფლეზე, უმიზნებს, ესვის, კაბინეტის კარი იღება, შემოდის გიორგი ხელში ქაღალდის გრაგნილი უჭირავს. სახე უბრწყინავს, ღელავს).
გ ი ო რ გ ი. ოჰო, ჩავარდა! თქვენს მარცხენას ბრწყინვალე მომავალი აქვს, თამაში ჩინებული გცოდნიათ. ისიც მარცხენით. დიდი ხანია, რაც თამაშობთ?
შ ო თ ა. (თავჩაღუნული). თამაში ბოლო ხანებში დავიწყე... ყოველთვის ვერიდებოდი, მაგრამ... არც შეეხება ბრწყინვალე მომავალს, მეეჭვება: მარცხენა უძლურია და ის მარჯვვენას ვერ შეცვლის!
გ ი ო რ გ ი. (აღგზნებით). ბიჭო, საკვირველი კაცი ხარ... (უცებ შეჩერდება). ბოდიში, რომ ასე შინაურულად მოგმართეთ.... რამდენი წლისა იქნებით ეხლა? აბა, არ მომატყუოთ, თავი არ დაიპატარაოთ... (ისევ გაბედულად). ჭაღარა კაცი ხარ, სიცრუე არ გეპატიება... ოცდაათს ხომ არ იქნები გადაცილებული?...
შ ო თ ა. არა.
გ ი ო რ გ ი. ჰოდა, ეს ასაკი იმედების, მომავლის ძიებისა და რწმენის განმტკიცების ხანაა. მე მახსოვს ეს წლები... ოჰ, ეს არის ბაღი პირველი ყვავილობის შემდეგ... თქვენი ნამუშევარი გულის გატეხის საბაბს არ იძლევა, პირიქით. (გაშლის გრაგნილს). აქ დიდებული სურათებია მკვდრეთით წამომდგარი ქალაქისა, მე გავიცანი თქვენს მიერ დაწერილ განმარტებასაც. ეს რაღაც წარმტაცი და მომხიბვლელი ოცნებაა.
შ ო თ ა. მაგრამ.... ეს მე არ მეკუთვნის, უკეთ რომ ვთქვათ...
გ ი ო რ გ ი. (ღიმილით). ერიჰა, რა საჭიროა ასეთი თავმდაბლობა... არჩილმა მიამბო, ის უკვე გამომიტყდა.
შ ო თ ა. (აღელვებით). როგორ?
გ ი ო რ გ ი. (მშვიდი ხმით). მან ამიხსნა... თქვენ ხომ ერთად ადგენთ ამ პროექტს...
შ ო თ ა. უკეთ რომ ვთქვათ, მე ვეხმარებოდი მას. იმ წუთებში, როდესაც... ერთი სიტყვით, არ მომეშვა და...
გ ი ო რ გ ი. მესმის... თქვენ ორივე დიდებულ საქმეს აკეთებთ. აკეთებთ კი არა, უკვე გააკეთეთ. ეს ნაშრომი თქვენ ორივეს სახელს მოგიხვეჭთ, ეს უაღრესად სასარგებლო ნამუშევარია ჩვენი ქვეყნისათვის, აი ნახავთ!
შ ო თ ა. (ღიმილით). ეს მაინც ის არ არის, რაც მარჯვენას შეეძლო... მაგრამ მე მაინც მახარებს თქვენი ყურდღება. არჩილსაც გაახარებს ეს ამბავი.
გ ი ო რ გ ი. (საათს შეხედავს). მართლა! არჩილმა დამირეკა... ვეღარ გამოივლის, თქვენ გაუარეთ, უკვე შვიდი საათია. ბილეთები აუღია...
თ ა მ ა რ. (გიორგის). მაგრამ თქვენც ხომ უნდა წამოსულიყავით?
შ ო თ ა. პარტიაც დაუმთავრებელია. ჩვენ სანაძლეო დავდეთ.
თ ა მ ა რ. ცამეტიანის შემდეგ, თქვენთან თამაში საშიშია...
გ ი ო რ გ ი. თამაში ხვალ გააგრძელეთ, რაც შეეხება წამოსვლას, უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ ვეღარ წამოვალ თქვენ გაიარეთ, მე საქმე მაქვს. ესეც არ იყოს, ჩემო კარგებო, მე დავბერდი, დავბერდი.. ქუჩებში კი ბნელა, ძალიან ბნელა.
თ ა მ ა რ. კი, მაგრამ... (უხერხულად შესცქერის გიორგის, მიდის ფანჯარასთან, გადასწევს ფარდას). თოვს, თოვს... რა მშვენივრად თოვს. თოვლს გაუშუქებია ქუჩები, წამობრძანდით, მამა...
გ ი ო რ გ ი. არა, მე ჩემს დედაბერს გავართობ. ნინოც ხომ გვესტუმრა... დავბერდი, ერთი ფეხი გამისხლტეს და... ჯერ სიკვდილი არ მინდა. მინდა, შევესწრო ხვალინდელ დღეს. იცით, რა ცნობისმოყვარე ვარ! მეც მინდა ვნახო, რა მოხდება ხვალ.. ზეგ... მეც მინდა შევესწრო გამარჯვებას, გაზაფხულს, შოთას დაბრუნებას. თქვენ წადი, თქვენ, ჩემო კარგებო.. აბა, ჩქარა!...
შ ო თ ა. (შეჰყურებს თამარს). თუ თამარი არ შეწუხდება.
თ ა მ ა რ. მამა....
გ ი ო რ გ ი. წადით... ეს ნახაზები დამიტოვეთ ხვალამდის. მე არქიტექტორი არა ვარ, მაგრამ მაქვს ჩემი შენიშვნები, ხვალ გამოიარეთ აუცილებლად.
თ ა მ ა რ. დედას უთხარით....
გ ი ო რ გ ი. ჰო, ვიცი, ვიცი... ყველაფერს ვეტყვი, ნუ იგვიანებთ...
შ ო თ ა. (იცვამს). მე მზად ვარ.
თ ა მ ა რ. (ემზადება) ახლავე.
გ ი ო რ გ ი. აბა, დაწვრილებით მიამბეთ, რასაც ნახავთ. მე ბებერი ეშმაკი ვარ და თქვენი ნაამბობით მივხდები ყველაფერს.
შ ო თ ა. ღამე მშვიდობისა!
(თამარი უხმოდ, გაურკვეელი გრძნობით ეთხოვება გიორგის და მისდევს შოთას).
გ ი ო რ გ ი. (შეხედავს შოთას სურათს). ჩემი ბიჭი, ჩემი ჭაღარა ბიჭი... ცალხელა ბიჭი.. (ისმის ხმაური. შუა კარიდან შემოდიან მარიამი და ნინო).

გ ი ო რ გ ი. ჩემო ჭაღარა... ქალბატონო... მობძანდით, აი, აქ დაბრძანდით, ნინო. ელიზბარმა დაგვივიწყა.
ნ ი ნ ო. მხოლოდ კვირაობით სცალია, ხომ იცით.
გ ი ო რ გ ი. ჰო, კვირაც ხვალ არის... რამდენმე ბოთლი კიდევ მაქვს ძველი ღვინისა. ჩვენ ერთმანეთი თამარმა შეგვაყვარა და ღვინომ ხომ სიკვდილამდის დაგვამეგობრა. ხომ ასეა? ხა, ხა, ხა, ხა....
მ ა რ ი ა მ. (შემოსვლის შემდეგ არ დამჯდარა. ათვალიერებს ოთახს. დაღონებული, გაოცებით უსმენს აღგზნებულ ქმარს). წავიდნენ?
გ ი ო რ გ ი. ვინ? ჰოო, ბავშვები წავიდნენ. დიდებული, დიდებული ზამთრის საღამოა... წავიდნენ. გაერთობიან... ოჰ, როგორ მიყვარდა ახალ თოვლში სიარული! გახსოვს, ქალო? ეს თოვლი კი არა, სიყვრულია, რომელიც ციდან იფრქვევა, ეფინება მიწას, სახურავებს, ახარებს გულს... რა ძალიან ჰგავს პირველი თოვლი პირველ გაზაფხულს, როცა...
მ ა რ ი ა მ. როცა გულს უხარია, მაშინ კი.
გ ი ო რ გ ი. შენ მოწყენილი ხარ, ჩემო კარგო, მაგრამ, აი, დაიცა... შეხედე! (უთითებს შოთას სურათზე). ხედავ... ის მალე მოვა, მე ვიცი, აი, დამიჯერე, მე ხომ ჯერ შენთვის ტყუილი არ მითქვამს, მხოლოდ ერთხელ ვიცრუე შენთან და იმასაც გამოვისყიდი, სულ მალე... დამიჯერე.
მ ა რ ი ა მ. ნეტავ ვიცოდე, იმ ბოთლებს ხომ არაფერი მოჰკლებია...
გ ი ო რ გ ი. ეჰ, რა გულუბრყვილო ხარ... მთვრალი გგონივარ... თუმცა მთვრალი კი ვარ, მაგრამ ღვინით არა, ეს სხვა რამეა. მაცალე-მეთქი...
მ ა რ ი ა მ. არა მჯერა... (მიდის მაგიდასთან). შენ თვითონ ხომ არა ხარ გულუბრყვილო ჩემო გიორგი.. აი, ამას შეხედე... (ხელში იღებს საფერფლეს).
გ ი ო რ გ ი. რა არისმე?
მ ა რ ი ა მ. მე ნინოს უკვე ველაპარაკე და, ვგონებ, ძალიან შევაწუხე, ის ჯერ არ იზიარებს ჩემს ეჭვს... შენც ხომ გითხარი....
გ ი ო რ გ ი. ერიჰაა... ეჰ... ეს ძველი ამბავია.. მე მახსოვს შენი უსაფუძვლო ეჭვიანობა, ეს ნამეტანია, ჩემო კარგო....
მ ა რ ი ა მ. (ცრემლი ადგება თვალებზე. ღელავს). აი, ეს საფერფლე, შეხედე... რას უნდა ნიშნავდეს ეს.. აქ შოთას პაპიროსის ნამწვავის გვერდით მეორე პაპიროსი დევს... რა არის ეს... ხომ არ არის დავიწყება, ზედმეტი რაღაც... გული მტკივა.. მე შვილსავით შევხედე ამ ახალგაზრდას, მებრალება ძალიან, მაგრამ... მითხარი, რას უნდა ნიშნავდეს ეს. .. ისინი ხომ ბავშვები არიან... ხომ შეიძლება... (ტირის).
გ ი ო რ გ ი. ჰო... ეს მე არ შემინიშნავს. მაჩვენე... (გამოართმევს საფერფლეს). ჩემო კარგო, შეხედე, ჯერ ხომ ცეცხლი არ მოჰკიდებია ამ პაპიროსს... ალბათ, უცაბედად, ისე, შემთხვევით დადო საფერფლეზე. ის ხომ შოთას... შოთას კარგი მეგობარია... ვიცი, შენც გიყვარს ის, შენც შეგიყვარდა... ნუ გაივლებ გულში ცუდს, ნუ...
მ ა რ ი ა მ. ოჰ, არა, გიორგი, შოთას გეფიცები.. მან თავი შეგვაყვარა ყველას: მეც, შენც, თამარსც... ჰო, თამარსაც... აი, ეს მაშინებს... (კვლავ ტირის).
გ ი ო რ გ ი. მოიცა,ნუ ტირი...ნუ... მაცალე-მეთქი... აი, როგორ გითხრა, არ ვიცი, მაცალე ხვალამდის.. იმ ცალხელა ბიჭს ჯერ ნუ დავძრხავთ, ასეთი რამ არ მოხდება...
ნ ი ნ ო. ღმერთო, როგორ უნდა დავიჯერო ეს. ამის დაჯერება სიკვდილი იქნება ჩემთვის. არა... გიორგი მართალია, ეს არ მოხდება... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, განა იმის შემდეგ, რაც თამარმა გააკეთა, რაც მან თავისი წმინდა სიყვარულისათვის ჩაიდინა, თავი გასწირა...
გ ი ო რ გ ი. დამშვიდდით, ქალებო.. მე მგონი, თქვენ ხუმრობთ... მე მინდა გითხრათ რაღაც მართალი, ტკბილი, საოცარი, მაგრამ ცოტა მაცალეთ... იქნებ ხვალ-ზეგ დაბრუნდეს ჩვენი ვაჟკაცი და დაგვძრახოს ამ ეჭვებისთვის.. დაეხსენით, დაეხსენით ამ ფიქრს.. (პაუზა). ოჰ, რა კარგი, ნიჭიერი ვაჟკაცია ეს ჩვენი სტუმარი... თქვენ არ იცნობთ მას ჯერ... თამარმა ის შეიცნო და თანაგრძნობას უწევს ამხანაგურად - აქ არაფერია საშიში.
მ ა რ ი ა მ. თამარი ჩვენი შვილი. მან დაგვიმტკიცა ეს. ის ღირსია პატივისცემისა და სიყვარულისა ჩემგან... ის ჩემი ღვიძლია და სწორედ ამიტომ...
გ ი ო რ გ ი. მან მეგობარი იპოვა, რა რის აქ საოცარი?
მ ა რ ი ა მ. ოჰ, ნეტვი ასე იყოს.. ჩვენ ველოდით შოთას. ის არ დაბრუნდა, თამარი თითქოს უნდა შეეწუხებინა ამ ამბავს.. მაგრამ ხედავთ, რა მოხდა! როგორ შეიცვალა ის, რაც ეს კაცი ჩვენს სახლში შემოვიდა... რამდენი ხანია მისი მხიარული ხმა არვის გაგვიგონია და ის ახლა მღერის.ის აღგზნებულია, საოცრად... ეს სიხარული მხოლოდ შოთას შეეძლო მოეტანა მისთვის.
გ ი ო რ გ ი. მან რაღაც იგრძნო, რასაც ჩვენ ალბათ, ვერ ვგრძნობთ! ... მაგრამ მოიცათ... მგონი, ვიღაც მოდის... ძალიან გთხოვთ ერთხელ კიდევ, არაფერი აგრძნობინოთ თამარს... (კარები იღება. შემოდის თამარ).
გ ი ო რ გ ი. (მიეგება). რატომ დაბრუნდი ასე მალე?
თ ა მ ა რ. არჩილი უგუნებოდ დაგვხვდა... არ წამოვიდა, აღარც ჩვენ წავედით. ოჰ, როგორ თოვს... რა კარგი ზამთარია, რა ლამაზად ბარდნის!...
გ ი ო რ გ ი. წარბებზე ისევ გიბრწყინავს თოვლის ფიფქები!
თ ა მ ა რ. ბევრი ვიარეთ.. რა საოცარი კაცია აფთარი... მართლაც, აფთარია... ისე მოიწყენს უცებ, შეგეშინდება... ჯერ მხიარულად იყო, ათასი რამ მიამბო.. იცინოდა ბავშვივით, გულუბრყვილოდ, მერე უცებ გაპირქუშდა.. ხმა აღარ ამოუღია... რაღაც დიდი დარდი აწუხებს...
გ ი ო რ გ ი. ხვალ ხომ შემოივლის...
თ ა მ ა რ . მოვა... თქვენ ძალიან უყვარხართ... თქვენც... ყველანი. სულ თქვენზე მელაპარაკა. უჰ... დავიღალე...
მ ა რ ი ა მ. ჰო... მე გავალ! (აპირებს წასვლას).
გ ი ო რ გ ი. მეც წამოვალ... ვახშმისათვის ვიზრუნოთ.
(გადიან, ნინო უხმოდ ზის. თმარ დადის წინ და უკან. ღიღინებს: "არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ თუ ვით სატრფო ხარ"... ბუხართან შეჩერდება, აპირებს რაღაცის თქმას, მიდის ნინოსთან).
თ ა მ ა რ. რა კარგია, რომ მოხვედი. მამა ხომ მოვა ხვალ?
ნ ი ნ ო. მოვა.
თ ა მ ა რ. (უალერსებს... თავზე ხელს უსვამს). შენ მოწყენილი ხარ, მე კი... მეც, ალბათ, რამე მეწყინება, ისე ატაცებული ვარ... არ ვიცი, რა მემართება.. რამდენი ვიცინე, ღმერთო, დღეს...
ნ ი ნ ო. რა გაცინებდა? მე იმ კაცს რომ ვხვდები, სევდა მიპყრობს. ნუთუ არ იტანჯება? ნუთუ თავს უხერხულად არ გრძნობ მასთან ყოფნის დროს, საოცრად შეეჩვიე.
თ ა მ ა რ. არა... იცი, პირველ დღეებში მეც სიბრალულით შევხედე, მაგრამ, წარმოიდგინე... ეს გრძნობა გაქრა, როდესაც დავუახლოვდი.. ის სასტიკია... რაღაც მძლავრი... ძალა სიბრალულს არ იკარებს. ხანდახან შიშიც კი მიპყრობს, როდესაც მას ვუცქერ. ეს მას ამაღლებს ჩემს თვალში, როგორც ადამიანს.. რომ იცოდე, რომ იცოდე, რამდენი რამ იცის, რამდენი რამ მიამბო შოთას შესახებ, ის შვიდი წელიწადი, რომელიც მე შოთას მაშორებდა, მან საოცრად აღადგინა ჩემს თვალწინ. ეხლა მე ვიცი, როგორ იქნება იგი - დავაჟკაცებული, ბედთან შეურიგებელი, დატანჯული, მაგრამ მხნე. აფთარის, დიახ, თუნდა აფთარის მსგავსი.
ნ ი ნ ო. ხმლით დაჩეხილი...
თ ა მ ა რ. დიახ, კარგად თქვი: ხმლით დაჩეხლი!... "ვაჟკაცი ხმლით ნაჩეხი სჯობსო", ხალხი ამბობს... ხმლით დაჩეხილი ვაჟკაცი სამშობლოს მაგონებს, მისი ხატია... განა ჩვენი სამშობლოც დაჭრილ ვაჟკაცს არა ჰგავს? ნაჭრილობევს, მოქანცულს..
ნ ი ნ ო. ოჰ, შვილო, შენ მართლაც...
თ ა მ ა რ. ის ჭრილობებს იშუშებს; კაჟდება და იწრთობა ბრძოლაში. ომმა გააშუქა მისი დაჩეხილი, ტანჯული სახე... ის გმირია.. აფთარი, რომელიც, რომელიც...
ნ ი ნ ო. თამარ, დაუკვირდი შენს გულის ხმს... საით მიგიძღვის? ხომ არ გაცდენს?
თ ა მ ა რ. არ მესმის რას ამბობ... მე გულწრფელად ვლაპარაკობ... როდესაც აფთარს ვუცქერ, შოთაზე ვფიქრობ, მე ვხედავ შოთას დღევანდელ სახეს, ის შოთას გაგრძელებააა! (უთითებს სურათზე). განა შოთა ახლა ასეთი იქნება? ეს ხომ ნაზი, მეოცნებე ჭაბუკია, რომელიც მე წინათ, ოდესღაც, სიზმრად მეჩვენა...
ნ ი ნ ო. შენ სიზმარში ახლა ხარ, ბოდავ..
თ ა მ ა რ. არა, პირიქით... მე ახლა გამომეღვიძა... მე ცხოვება დავინახე ისეთი სახით, როგორიც იგი ნამდვილად არის. მე აფთარმა გამომაღვიძა და ამისთვის მხოლოდ მადლობა მეთქმის.
ნ ი ნ ო. ღმერთო ჩემო... ნუთუ...
თ ა მ ა რ. რა არის აქ დაუჯერბელი, ის კარგი ადამიანია.
ნ ი ნ ო. ჰო, თქვი, ილაპარაკე...
თ ა მ ა რ. წეღან, ხიდს რომ გამოვცდით და ჩვენს ქუჩაზე გადმოვუხვიეთ, მე წინ მოვდიოდი. მან ამოიოხრა, უკან მივახედე და რა მომეჩვენა იცი... მომეჩვენა: თითქოს ის შოთა იყო.. და მე ვინატრე...
ნ ი ნ ო. (წამოდგება, ღელავს). და შენ რას უწოდებ ყვლაფერ ამას, ნუთუ ვერა გრძნობ, რომ...
თ ა მ ა რ. რას, რას ამბობ?
ნ ი ნ ო. (წინ და უკან დადის). კარგი, კარგი... ჩემთვის ახლა ცხადია ყველაფერი... მართალია მარიამი, მართალი... შენ თვალები გაქვს აბმული, შენ მოგაჯადოვეს... შენ გზას ასცდი.
თ ა მ ა რ. (შემკრთალი, თავზარდაცემული). რას ამბობ.. რაშია მართალი მარიამი?!
ნ ი ნ ო. რა გეშველბა!... ნუთუ ეს უნდა მოჰყოლოდა შენს სიყვარულს, შენს გატაცებას... შვიდი წლის ლოდინს... ვაიმე... ვაიმე.. დაიმსხვრა ყველფერი... ყველა გრძნობს ამას, ხოლო შენ ვერ ხედავ, რომ უფსკრულის წინ დგახარ...
თ ა მ ა რ. (ცდილობს გაიცინოს, ხელებს იმტვრევს). ოჰ, მივხვდი, მაგრამ თქვენ, ალბათ, ხუმრობთ, ალბათ...
ნ ი ნ ო. (მკაცრად). თავი შეგაყვარა....
თ ა მ ა რ. ნუთუ თქვენ ეჭი შეგაქვთ ჩემს სიყვარულში, ეს ხომ... ეს ხომ.. ნუთუ თქვენ ასე ფიქრობთ ყველა, დედაც, მამაც... ვაი.. (ეცემა სავარძელზე, ქვითინებს). არა... რად იფიქრეთ ასე.
ნ ი ნ ო. დამშვიდდი და თვალი გაახილე.. ჯერ გვიან არ არის. ჯერ...
თ ა მ ა რ. არა, არა... ღმერთო ჩემო, განა მე შევარცხვინე ეს ოჯახი, ჩემი თავი.. არა, არა, განა ეს ჩემი ბრალია.. მე ხომ მას ამხანაგურად ვუცქეროდი.. ისიც.. ისიც ასე ... განა მან შეურაცხყო ეს ოჯახი.. მე დავუახლოვდი მას... განა მამა არ მთხოვდა ამას... განა მასა არ ებრალებოდა იგი? .. ვაიმე..
ნ ი ნ ო. დაივიწყე და ჩამოსცილდი...
თ ა მ ა რ. მე აღარ დავენახვები მას... ფეხს ნუღარ შემოდგამს ამ ოჯახში...
ნ ი ნ ო. დამშვიდდი..
თ ა მ ა რ. (ფიქრის შემდეგ). მაგრამ განა ის ტყუის? ის უდანაშაულოა, წმინდაა ჩემთან, მან მე შემაყვარა შოთა, მან ის აამაღლა ჩემს თვალსი.. არა, ის არ ტყუის, მე ვარ დამნაშვე... მე.. მაგრამ, მე წავალ... სად? ... ღმერთო, თქვენ ამბობთ, რომ მე მიყვარს ის... მე, რომელმაც... ნუთუ მე შემიყვარდა ის... განა ეს შეიძლება?! (იღება კარი, შემოდის გიორგი, მისი მომღიმარე სახე იცვლება).
გ ი ო რ გ ი. წავიდეთ, ვახშამი... მაგრამ რა ამბავია, თამარ, შენ თავს, რა მოხდა?
(თამარი თავჩაღუნული დგას, ბარბაცებს).
გ ი ო რ გ ი. რა დაგემართა, თამარ?
თ ა მ ა რ. მამა... მამა... ნუთუ მე... (ქვითინით გარბის).
გ ი ო რ გ ი. (მისდევს. შეჩერდება, მობრუნდება ნინოსკენ). მითხარით.. ამიხსენით... თამარ... თამარ... ნინო თქვენ მაინც...
ნ ი ნ ო. ის ბურანშია.. გამოერკვევა!...

ფ ა რ დ ა


მეოთხე მოქმედება




იგივე ოთახი. დილაა, ოთახის ყველა კარი ღიაა, ან ნახევრად გაღბული. სასადილო ოთახის კარიდან ისმის ქალების ხმაური. შემორბიან შეშფოთებული მარიამი და ნინო. დაბნეულნი დარბიან. რაღაცას დაეძებენ. მარიამს ხელში ჭიქა უჭირავს. ნინო უმწეოდ დასდევს უკან.

მ ა რ ი ა მ. აქ უნდა იყოს სადღაც შენახული, მწვანე ბოთლია... ქართულდ მე თვითონ წავაწერე.
ნ ი ნ ო. ღმერთო ჩემო. აღრა ვიცი, რას ვაკეთებ და რას დავეძებ. განა რამეს უშველის ახლა მას წვეთები. განა არის ისეთი წამალი, რომელიც მას განკურნავს?
მ ა რ ი ა მ. უნდა ვეცადოთ, ნინო, უნდა დავამშვიდოთ და ცხოვრების აზრი დავუბრუნოთ.
ნ ი ნ ო. ჩემი ცქრიალა გოგონა. მეშინია, თავი არ გაიმეტოს!...
მ ა რ ი ა მ. რამდენი სიფრთხილეა საჭირო... აი ვიპოვე, ეხლა მომაგონდა, ამ თაროზე მე თვითონ დავდგი.
ნ ი ნ ო. ჰო... მე მივიყვანე აქამდის. მე დავტანჯე საბრალო ბავშვი, მაგრამ ღმერთმა ხომ იცის, რაც მამოქმედებდა.
მ ა რ ი ა მ. წავიდეთ... მეც არ უნდა მეთქვა. უნდა დავდუმებულიყავ, გულში ჩამეკლა ეჭვი.
ნ ი ნ ო. მეშინია, მარიამ, მეშინია. გული მითრთის, სამუდამოდ ხომ არ შეარყევს მის სულს ეს ამბავი. ხომ არ დაგვეღუპება ერთადერთი იმედი. ვაიმე... წუხელ თვალი არ მოუხუჭავს, ქვითინს იკავებდა. მე ვგრძნობდი ამას, მესმოდა. რას ფიქრობდა? რა იგრძნო? რა გადაწყვიტა? არ გამიკარა: არაო, ღირსი არ ვარ შენი ალერსის, მე შენ ვერ დაგემსგავსეო. წავიდეთ... ღმერთო, რა გვეშველება.
გ ი ო რ გ ი. (ჩქარი ნაბიჯით შემოდის იმავე კარიდან. ფერმკრთალი და აღელვებულია, მაგრამ მაინც მხნედ იყურება). ნუ შფოთავთ, ნურც ნურაფერს ჰკითხავთ... თავს ნუ დაადგებით, მაგრამ თვალი არ მოაშოროთ... ალიაქოთი და ფუსფუსი საქმეს წაახდენს. დამშვიდდით და თქვენი სიმშვიდით დაამშვიდეთ.
ნ ი ნ ო. მაგრამ, როგორ? როცა მის დატანჯულ სახეს ვუცქერი...
გ ი ო რ გ ი. წადით. მიხედეთ. მაგრამ იცით რა? ერთად ნუ შეხვალთ, ამ ბოთლსაც ნუ დაანახვებთ... ეგ იმას ვერ მოარჩენს!
მ ა რ ი ა მ. მაშ რა ვქნათ?..
გ ი ო რ გ ი. საშველი გამოჩნდება. მე უკვე მოვიფიქრე. არჩილს ხომ არ დაურეკავს?
მ ა რ ი ა მ. არა... მათი გამოჩენა უფრო...
გ ი ო რ გ ი. მაშ, მე დავურეკავ... მე ვიცი, მიხედეთ.. ექიმს მას მოვაყვანინებ... (ქალები გადიან.. გიორგი კაბინეტის კარისკენ მიდის. მაგრამ ფეხის ხმა ესმის, შეჩერდება. ბრუნდება. ისმის კაკუნი. კარს აღებს).
გ ი ო რ გ ი. აჰ, არჩილ, თქვენა? მობრძანდით... (შემოდის ჯერ არჩილი, შემდეგ შოთა).
ა რ ჩ ი ლ. ძალიან გამახარა თქვენმა წინასწარმა აზრმა ჩვენი პროექტის შესახებ...
შ ო თ ა. გვაინტერისებს თქვენი შენიშვნები...
გ ი ო რ გ ი. ჰო, შენიშვნებს.. შენიშვნებს ბევრს მოგცემთ...
შ ო თ ა. მართლა? ჭეშმარიტი მსჯავრი გზაზე დაგვაყენებს... თვალს აგვიხელს...
გ ი ო რ გ ი. თქვენ სწორ გზაზე დგახართ, მაგრამ არის ბილიკები, რომლებმაც შეიძლება შემთხვევით დაგაშორონ მიზანს, მოხდეს გაუგებრობა, შეცდომა... მაგრამ, მე მგონი, ყველაფერი გამოსწორდება... ყველაფერს ეშველება. საჭიროა მეტი სინათლე, სიცხადე და გარკვეულობა... შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და საქმეს შევუდგეთ... (ისმის ჩქარი ფეხის ხმა. კარებში გამოჩნდება მარიამ).
მ ა რ ი ა მ. (დაინახავს შოთას) აჰ. ... (სწრაფად უკანვე ბრუნდება).
ა რ ჩ ი ლ. რა მოხდა? უხერხულ დროს ხომ არ შეგაწუხეთ?
შ ო თ ა. იქნებ!
გ ი ო რ გ ი. არა. მოხდა პატარა გაუგებრობა, შეცდომა, ცდა გზიდან ბილიკზე გადახვევისა, როგორც წეღან ვთქვი... როგორ გითხრათ.. თამარი ცოტა შეუძლოდ შეიქნა. თქვენ ჩემი შვილები ხართ, ყვლაფერს გეტყვით... არჩილ, შენ აქ მოიცადე, იქნებ დასჭირდე ქალებს, ისინი გეტყვიან.. (მიუბრუნდება შოთას). თქვენ კი მე გეტყვით, აგიხსნით.. გამომყევით ... (უთითებს კაბინეტის კარისაკენ. შოთა შემკრთალი მისდევს. კაბინეტის კართა გიორგი ჩერდება, ხელს მოჰკიდებს და შეჰყავს. კარი მჭიდროდ იხურება).
ა რ ჩ ი ლ. (ერთხანს დაფიქრებული დგას). აი, გამოცანა (ისმის კაკუნი. არჩილი კარს აღებს. შემოდის ელიზბარ).
ა რ ჩ ი ლ. მობრძანდით...
ე ლ ი ზ ბ ა რ. ძვირფასო არჩილ, თქვენა ბრძანდებით, რა? ჰო... თუმცა არც ისე მოვხუცდი, რომ ვერ გიცნოთ, მაგრამ მე ამ ბოლო ხანებში დავრწმუნდი, რომ დილით არაყი, ისიც ჭაჭისა, გონიერმა კაცმა ერთ ჭიქაზე მეტი არ უნდა დალიოს...
ა რ ჩ ი ლ. ჭეშმარიტებაა..
ე ლ ი ზ ბ ა რ. თქვენ მოწყენილი ხართ, მაგრამ ეს ხელს არ შემიშლის დაგიმტკიცოთ, რომ სამი ჭიქის შემდეგ ზოგიერთი რამ ჩემთვის ბუნდოვანი ხდება, ზოგს კი, პირიქით, ნათელი ეფინება... აი, მაგალითად, სად არის ხალხი? ... სად რის ჩემი მძახლები, სად არის ჩემი ჩიტი?
ა რ ჩ ი ლ. თქვენი ჩიტი? ჰო, ეს გამოცანაა ჩემთვისაც...
ე ლ ი ზ ბ ა რ. ჰოდა, აი, რა არის კიდევ საკითხავი, ასახსნელი: რა დაემართა გერმანიას? რას იზამს ის?..
ა რ ჩ ი ლ. უნდა ვიფიქროთ, რომ...
ე ლ ი ზ ბ ა რ. უნდა ვიფიქროთ... მომხსენებელმაც ასე გვითხრა გუშინ, უნდა ვიფიქროთ... ჰოდა, მეც ვფიქრობ, ვფიქრობ, მაგრამ მომწყინდა ფიქრი... მომწყინდა იმიტომ, რომ ძალიან ბევრიც ვიფიქრე და გადავწყვიტე კიდეც.
ა რ ჩ ი ლ. მართლა? ... იქნებ გვითხრათ!
ე ლ ი ზ ბ ა რ. ჯერ არავისთვის მითქვამს. რთული ამბავია. ალბათ, შენც თავს იმტვრევ, თუ რა ხდება იქ?!
ა რ ჩ ი ლ. (ნახევრად უსმენს, კარისკენ იყურება). ჰო, ეს მართლაც გამოცანაა თუ რა ხდება იქ!
ე ლ ი ზ ბ ა რ. მე კი მიხვდი-მეთქი... ამიტომაც ვარ დღეს ასე მხიარული... ხა... ხა... ხა...
ა რ ჩ ი ლ. (წინ და უკან დადის) არაფერ მესმის... ვერ ვხვდები...
ე ლ ი ზ ბ ა რ. გაიგებ, შენც გაიგებ... მე აგიხსნი; ორ ფრონტზე და ხშირად სამზეც მიბრძოლია... ბავშვობაში დიახ, ბავშვობაში. ჯიბრიანი ყმაწვილი ვყოფილვარ, მოჩხუბარი... აგრესორი!....
ა რ ჩ ი ლ. ჰა?...
ე ლ ი ზ ბ ა რ. აგრესორი... ერთის გადაკიდებას არ ვჯერდებოდი, მეორეს ფეხს დავუდებდი, წავაქცევდი და მესამეს მუშტებს ვუღერებდი...
ა რ ჩ ი ლ. დიდი ბრძოლები გადაგიტანიათ!
ე ლ ი ზ ბ ა რ. გადავიტანე, მაგრამ გერმანიამ ვერ გადაიტანა. მე ბავშვობიდანვე მივხვდი, რომ ჩემთვის აგრესიას ცხვირპირის ჩამტვრევას მეტი არაფერი მოჰქონდა, ის კი ეხლა ვერ მიმხვდარა... ის ჟინიანი ბებერია და თავს ახალგაზრდად გვაჩვენებს... ვერ მიმხვდარა, რომ ჭკუა თავის შესანახად გაუჩენია ღმერთს... შენც გიკვირს? თავი ჭკუის შესანახი კოლოფი ხომ არ გგონია?
ა რ ჩ ი ლ. ეს კი მართლაც, დამოუკიდებელი ფილოსოფიაა!
ე ლ ი ზ ბ ა რ. დამცინი, მგრამ არაფერია... შენ შორს ვერ იხედები, აი აქ, ამ ოთახებში დაეძებ რაღაცას. აქ რა ხდება ისეთი, რომ ღირდეს...
ა რ ჩ ი ლ. არაფერი... მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი!
ე ლ ი ზ ბ ა რ. ჰო, აქაც დიდი ამბები ხდება... პატარა ომი! პატარა გული ზღვის წვეთს ჰგავს... ზღვის წვეთი კი ზღვას ჰბაძავს.. მე პრაქტიკული ჭკუა მაქვს, მაგრამ არ დამიჯერეს... ბრძენის რჩევა ბოდვად მიიჩნიეს... ეჰ, დავეხსნათ, ჰო, იმას ვამბობდი, რას ვამბობდი?... ის უნდა მეთქვა...
ა რ ჩ ი ლ. ჰო, ის უნდა გეთქვა, პაპა ელიზბარ.
ე ლ ი ზ ბ ა რ. აი, დღე დილით...
ა რ ჩ ი ლ. (ღიმილით) დღეს დილით, არა?..
ე ლ ი ზ ბ ა რ. არა, სანამ გადავკრავდი... მე შევყურებდი უზარმაზარ რუკას და, იცი, რა აღმოვაჩინე?
ა რ ჩ ი ლ. რა? საინტერესოა?...
ე ლ ი ზ ბ ა რ. მაგრა აწვებიან გერმანიას.. მახეში გაება (ღიღინებს). გაბმულხარ ჩიტო მახეში, გაჩერდი... ნუღარ. ეს ჩემი აღმოჩენაა!
ა რ ჩ ი ლ. აღმოჩენა დიდებულია, ჭეშმარიტად პოეტური!
ე ლ ი ზ ბ ა რ. წარმოიდგინეთ, ამ ომმა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ ჩემი წარმოდგენები.. (კარებში გამოჩნდება ნინ, მას კვლავ შეშფოთებული სახე აქვს)
ნ ი ნ ო. არჩილ!
ე ლ ი ზ ბ ა რ ი. ჩემი წარმოდგენები...
ნ ი ნ ო. (ესალმება ელიზბარს) არჩილ, გიორგი სად არის?
ა რ ჩ ი ლ. კაბინეტშია. ალბათ, მალე გამოვა.
ე ლ ი ზ ბ ა რ ი. აი, ჩემი რძალიც მე მგავს. ჩემს გვერდით გაიზადა, მაგრამ მას დღეს შეწუხებული სახე აქვს. მალე აღარცერთი ფრანკფურტი არ დაგვრჩება აუღებელი და...
ნ ი ნ ო. (საყვედურით) ელიზბარ... ელიზბარ...
ე ლ ი ზ ბ ა რ. რა იქნა ხალხი, სად არის ხალხი.. სად არის ჩემი ჩიტი?
ნ ი ნ ო. თამარი შეუძლოდ შეიქნა... იქნებ თქვენ არც იცით?
ე ლ ი ზ ბ ა რ. როგორ თუ შეუძლოდ. სად არის, მაჩვენეთ მერე, რატომ აქამდის არ მითხარით, არჩილ... წავიდეთ!
ნ ი ნ ო. იქნებ სჯობდეს, რომ აქ მოიცადოთ.
ე ლ ი ზ ბ ა რ. ჩემი ჩიტი მაჩვენეთ (მიდის და მიჰყავს ორივე. ოთახში ერთხანს არავინაა, კაბინეტის კარი იღება, ბარბაცით გამოდის სახეაღგზნებული, აღელვებული შოთა, მოსდევს გიორგიც. მხიარული. მაგრამ ზრუნვით სავსე სახე აქვს. შეჩერდებიან შუა ოთახში ერთმანეთის პირისპირ და ერთხანს უხმოდ დგანან).
შ ო თ ა. მსჯავრი გამოტანილია. თქვენ გინდათ, მე დავემორჩილო განაჩენს. მივიდე მასთან... დღესვე.. არა, შეუძლებელია! (აპირებს გასვლას)
გ ი ო რ გ ი. შენ უნდა მიხვიდე მასთან და გამოუტყდე. ის შენია. თამარი არ შეცვლილა არც ამის მიმართ (მიუთითებს სურათზე) და არც შენ გკრავს ხელს, მას შენ უყვარხარ!
შ ო თ ა. ღმერთო, ნუთუ ეს შესაძლებელია?! არა, გეჩვენებათ... მას მე ვებრალები, თანაგრძნობას მიწევს და თქვენ ეს სიყვარულად მიგაჩნიათ!
გ ი ო რ გ ი. მან შენ გიხსნა, ახლა ჯერი შენზეა. ის იღუპება, ვაჟკაცურად შეაშველე ხელი, ნუ გითრთის, შენ უკვე გაიმარჯვე!
შ ო თ ა. ო, ძვირფასო... მამა... მასწავლებელო, გამიძეხ, გზა გამიკვლიე! (გიორგი და შოთა გადაეხვევიან, მძლავრად, ვაჟკაცურად ჰკოცნიან ერთმანეთს, შემდეგ სცილდებიან რამდენიმე ნაბიჯზე. თითქოს თვალით ზომავენ. მათი სევდიანი სახე ბრწყინდება სიყვარულის შუქით)
გ ი ო რ გ ი. გამხნევდი და აქ დაელოდე! (გიორგი გადის. შოთა ერთხანს უხმოდ დგას. შემდეგ დაფიქრბული დადის წინ და უკან, მიდის ფანჯრებთან, გადასწევს ფარდებს, ოთახში შემოიჭრება ზამთრის მზიანი დილის თვალისმომჭრელი შუქი. ფანჯრებიდან გამოჩნდება დათოვლილი ქუჩა).
შ ო თ ა. სინათლე... სინათლე! ნუთუ შესაძლებელია ეს! (გასცქერის ქუჩას. მარცხენა კარიდან შემოდის თამარ, ღამენათევი, მოქანცული, განადგურებული. მიეყრდნობა კარს).
თ ა მ ა რ. (ხანგრძლივად, სევდიანად უმზერს შოთას) არა... არა... ეს შეუძლებელია! ჩვენ აღარ უნდა დავენახვოთ ერთმანეთს. მე მითხრეს, რომ თქვენ გინდათ რამდენიმე წუთით ჩემთან, შეხვედრა და ლაპარაკი... რა გინდათ?!
შ ო თ ა. რამდენიმე წუთით, დიახ, მხოლოდ რამდენიმე წუთით.. მე მინდა გამოგეთხოვოთ, მე მინდა წავიდე აქედან... მაგრამ მინდა ვიცოდე...
თ ა მ ა რ. რა გინდათ ჩემგან?!.
შ ო თ ა. აი, დიდებული, ნათელი დღე, რომელმაც აავსო ოთახი... აი, შუქი, რომელიც შემოიჭრა, რომელიც თვალს ახარებს.. მე მინდა ჩემი ხვედრი ამ განუზომელი ბედნიერებისა, ჩემთვის მცირდიც საკმარისია: ერთი სხივი, ერთი ღიმილი.. მე მინდა, თქვენ არ გეჯავრებოდეთ, ოჰ, არ მძრახავდეთ... გესმით.. გრძნობთ თუ არ, მოდის დიდებული გაზაფხული... შეხედეთ თოვლს. ჯერ ზამთარია, მაგრამ მე ვხედავ ენძელებს, გაზაფხულის მახარობლებს, დგება ხან განახლების და მე არ მინდა, ვიყო თქვენგან გაკიცხული ამ დროს...
თ ა მ ა რ. თქვენ არა ხართ ღირსი გაკიცხვია...
შ ო თ ა. არც სიყვარულის...
თ ა მ ა რ. აჰ, ხომ გითხარით, დამეხსენით... გაჰყევით თქვენს გზას.
შ ო თ ა. (აღელვებული მოსცილდება ფანჯარას) სისულელე... ჩემი სისულელე... მე ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა. მაგრამ ეს თვალის მომჭრელი სხივი იყო, რომელმაც ამიყოლია... თქვენ მე გეჯავრებით. მე უნდა გავყვე ჩემ გზას. ჩემი ოცნება როგორ შემოგწვდებათ თქვენ, ლამაზს, მშვენიერს. მე უნდა გავირიყო შორს.. ეჰ!...
თ ა მ ა რ. თქვენ უნდა წახვიდეთ.. უნდა წახვიდეთ.. უნდა დამეხსნათ, მაგრამ არა მაგიტომ, არა მაგ მიზეზით.
შ ო თ ა. მე წავალ.. ჩემი გზა წყვდიადისაკენ მიდის, მაგრამ სანამ მას შევუერთდებოდე, მე მინდა...
თ ა მ ა რ. მეც მინდოდა მეთქვა თქვენთვის და ეხლა გეუბნებით.. თქვენ წახვალთ თქვენს გზაზე და იცოდეთ, გწამდეთ, რომ თქვენ ჩემთვის დარჩებით ძვირფას მოგონებად...
შ ო თ ა. მაშ, რატომ მკრავთ ხელს, რატომ გინდთ, წავიდე? იქნებ ამ სიტყვით ჩემი დამშვიდება გინდათ. გებრალებათ საცოდავი ხეიბარი, რომელსაც ბედმა დასცინა? გინდა კმაყოფილი გამიშვათ ჩემს სევდიან გზაზე... გინდათ, მომცეთ ცხოვრების აზრი და ისევ წამართვათ?
თ ა მ ა რ. (სასოწარკვეთით) აჰ, რად შემოხვედით თქვენ ამ ოჯახში, რად მოკალით ჩემი სიზმარი, ჩემი ოცნება. რად გინდათ დადგეთ ჩემი ოცნების გვერდით!
შ ო თ ა. ოჰ, გაფიცებთ თქვენს წმინდა გულს, ილაპარაკეთ, ილაპარაკეთ: ოღონდ მართალი, მართალი ილაპარაკეთ და მე წავალ, საფლავში ჩავიტან თქვენს ნათქვამს, დაუვიწყარო...
თ ა მ ა რ. თქვენ დადექით ჩემი ოცნების გვერდით... რა გინდათ ჩემგან ამაზე მეტი. (აპირებს გასვლას).
შ ო თ ა. არა, ჯერ ნუ წახვალთ... მომეცით იმედი, რომ ხელი ჩავჭიდო მას, მომეცით ცხოვრების აზრი, მომეცით ერთი სხივი ბედნიერებისა, გააშუქეთ ჩემი ბნელი სახე...
თ ა მ ა რ. ღმერთო ჩემო, რა გინდათ ჩემგან?
შ ო თ ა. მითხარით, ერთი სიტყვა, მხოლოდ ერთი, და გულში დავიმარხავ მას. არა, კი არ დავიმარხავ, უკვდავებას მივცემ ჩემს ოცნებაში.
თ ა მ ა რ. (იტანჯება, შფოთავს) ოჰ, შემიბრალეთ, წადით.. თქვენ არ თხოულობთ ჩემგან სიბრალულს, მე კი გთხოვთ, გემუდარებით, შემიბრლეთ... წადით, ძვირფასო... მომშორდით...
შ ო თ ა. ნუთუ ეს შესაძლებელია... ნუთუ ეს ცხადია?
თ ა მ ა რ. დიახ, მაგრამ სანამ ვცოცხლობ, მე ერთგული ვიქნები მისი. (მიუთითებს სურათზე და მიდის ბარბაცით)
შ ო თ ა. (უკან დაედევნება დაუფარავი სიხრულით) ოჰ, ჩემო თამარ, ჩემო თამარ...
თ ა მ ა რ. (შეჩერდება შემკრთალი მოიხედავს) რაო?
შ ო თ ა. როგორ დაგტანჯე, ოჰ, ძვირფასო.. ძვირფასო, ერთგულო...
თ ა მ ა რ. (შეტორტმანდება) ვინ? რას ამბობთ? (გზას განაგრძობს)
შ ო თ ა. (ხელებს გაუწვდის) არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ...
თ ა მ ა რ. (გაოცებული. შეშინებული შეჩერდება) ვინ ხარ შენ? ღმერთო ჩემო..
შ ო თ ა. არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ...
თ ა მ ა რ. შენ?
შ ო თ ა. (მოიხსნის სათვალეს) დიახ, მე, შენი..
(თამარი შეჰკივლებს, მოწყდება, შოთა ხელს შეაშველებს, ცდილობს მოსულერებას. ისმის ფეხის ხმა. კარებიდან შემოიხედავს გიორგი. აღელვებული სახე აქვს, მიბრუნდება. ნიშანს აძლევს, შემდეგ შემოიჭრება ოთახში, მოსდევენ არჩილ, ნინო, ელიზბარ).
გ ი ო რ გ ი. (მოირბენს მათთან) აქ მივასვენოთ, სავარძელზე.. გაუვლის. დილასაც ასე იყო.. გაუვლის... წყალი!
ე ლ ი ზ ბ ა რ. (მირბის მაგიდისაკენ) წყალი, წყალი!
ა რ ჩ ი ლ. (დაასწრებს) ჩქარა!
გ ი ო რ გ ი. აი, ხომ ვთქვი, უკვე თვალს ახელს. ფხიზლდება...
ე ლ ი ზ ბ ა რ. (ხელს მოჰკიდებს შოთას. შოთა მობრუნდება. გადაეხვევიან, ჰკოცნიან) შოთა!
შ ო თ ა. მაპატიეთ...
ე ლ ი ზ ბ ა რ. ჩემო კარგო, ყური დამიგდე.. ერთმანეთი მერე მოვიკითხოთ.. საოცარია, ცხადია.. ეხლა კი მივხვდი, რომ ქვეყანა ყირაზე მდგარა, მე კი თავით მივლია და ფეხებით მიფიქრია...
შ ო თ ა. (იცინის. თან თვალს არ აშორებს თამარის გარშემო ზრუნვასა და ფუსფუსს) როგორ?
ე ლ ი ზ ბ ა რ. ასე რო არ იყოს, მივხვდებოდი, რომ სიძე ჩამომსვლია და მოვემზადებოდი... ქვეყანას შევძრავდი, ეჰ, საქორწილოდ მოვემზადებოდი, ჩემი მძახალი კი იძახის - წყალიო. ღვინო, ღვინო! ეხლა კი მხოლოდ ღვინო, რა დროს წყალია! ჩემს ჩიტსაც ცოტა გადააყლაპეთ, ნახავთ, თუ არ წამოფრინდება!
ა რ ჩ ი ლ. (რომელიც მათ საუბარს ყურს უგდებს) მაგრამ მე მგონი თავით სიარული უფრო ჭკვიანური იქნებოდა, ფეხებით ნაფიქრალს აჯობებდა... რაც არ უნდა იყოს, თავია, დაინახავდა, გზას გაიგნებდა, მიხვდებოდა, რომ მისი პატრონისათვის ეხლა ღვინო საჭირო აღარ არის... ის უკვე...
ე ლ ი ზ ბ ა რ. ჰოო, ეშმაკო, ჩემო მტერო, შენ მუდამ მართალს ამბობ! მაგრამ, ეხლა ჩემი სიმართლეც მოისმინე: ის ყველა სიბრძნეს გააშავებს.
თ ა მ ა რ. (ფხიზლდება) სად არის?
შ ო თ ა. (გაიწევს მისკენ) თამარ...
თ ა მ ა რ. (ხელებს გაუწვდის შოთას) შოთა... შოთა.. რად დაიტანჯე თავი, რად? რატომ არ გჯეროდა?
შ ო თ ა. თამარ...
გ ი ო რ გ ი. აბა, ბავშვებო, მსჯავრი შემდეგ გამოიტანეთ, რომ დამშვიდდებით და გულის ფრიალი გადაგივლით... ელიზბარმა სამართლიანად დამიწუნა ნატახტრის წყალი.. ღვინოც მაქვს, გულს ნუ გაიტეხთ, წავიდეთ, ჩემი დედაბერიც გავახაროთ, მაგრამ ფრთხილად, ძალიან ფრთხილად, ხომ იცით, ქალის გული... ქვეყანაზე განთქმულია ქალის გული და ვაჟკაცის მარჯვენა... შოთაც ხომ ქალის გულმა გადაარჩინა?
შ ო თ ა. მაგრამ ჩემი მარჯვენა?
გ ი ო რ გ ი. შენი მარჯვენა, მარცხენამ შესცვალა, მარცხენამ გაიმარჯვა!
აბა, მომყევით!
(გიორგი ფრთხილი ნაბიჯით წინ მუძღვება ყველას. უცებ იღება მოპირდაპირე კარი. გამოჩნდება მარიამი. იგი ფერმიხდილი და თვალებგაშტერებული მთვრალივით მოაბიჯებს).
მ ა რ ი ა მ. ნუთუ? (შეხედავს მისკენ ხელეგაწვდილ შოთას და მოწყვეტით დაეცემა) შვილო!...
შ ო თ ა. (ხელს მიაშველებს) დედა... ჰო, დედა!

ფარდა ნელ-ნელა ეშვება.


1945 წ.

??????