ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ჩანგური და მისი სიკვდილი 

როცა ჩანგური მუხლებზე დავიდე, ქვეყანა ჩემი გახდა თითქოს. სიმი არ აკლდა. ოქროსფერი გასანთლული აბრეშუმის ძაფები კოხტად გაეჭიმათ და ჯორაც ქვეშიდან გაერჭოთ.
ჯორა ფაქიზად გამოვაძვრე, ფეხზე შევაყენე და ზემოთ ოთხ ამოკბილულში, ოთხი ძაფი თანმიყოლებით ჩავაწყვე. მომართვა ჯერ არ ვიცოდი, მაგრამ ჩანგური თითქოს თვითონ მკარნახობდა თავისი ხმების საიდუმლოებათა ამოხსნის წესრიგს. ასე თანდათან ვიგრძენი, რომ თითოეულ სიმს, გაჭიმვა-მოშვებით, ჩემს ნებაზე სასურველ ხმას გავაღებინებდი. ჯერ ცალ-ცალკე, თითო-თითოდ, ძაფი-ლარი შევიჩვიე, გავიგე, დავიმორჩილე, მერე სინჯვა გავუბედე იმასაც, თუ როგორ, რანაირად მოვახერხებდი, როგორ შეიძლებოდა ცალკეული სიმის ჟღერადობის შეწყობა-შეთანხმება.
მიყვარდა ჩვენებური სიმღერა. ბაღნები ხანდახან სიმღერებში უფროსებს ვბაძავდით. გემრიელია ჩვენებური სიმღერა, რომელიც როგორც სინათლის ნიაღვარი, როგორც მაისის აყვავილებულ ხევხუვებიდან ასიარულებული სურნელიანი ნიავქარი, დაიძვრება ყოველი მიმართულებით, გადაევლება ჯაგნარ-ბუჩქნარებს, ბებერ წიფლნარებს, ღარდა-ფლატეებს, კლდე-ღრეებს, ამოავსებს ღელე-ღურდეებს, მთლიან მთას მიეხეთქება. ადუღებულ-აქაფებული, მქუხარე ექოებად გადაგრეხილ-გადაბწნილი, იგი კვლავ უკან გვირბრუნდებოდა და რაღაცნაირი ამამაღლებელი სიდიადით თუ ბედნიერი ნეტარების გრძნობით, თვითეულს უსაზღვროდ გვამდიდრებდა. გულთა და მთათა მპყრობელი იყო მქუხარება ჩვენებური ნადურისა.
მეგონა, გავიზრდები, ნადურებიც ჩემთან ერთად გაიზრდებიან და ვიცოცხლებთ, ვიგუგუნებთ ერთად-მეთქი.
მაგრამ ცხოვრება ახალმა პროგრესულმა, სოციალურმა თუ ყველანაირმა განვითარებამ ისე `გააკულტურულა~, რომ ნადურ სიმღერას ახლა, ყანაში, ნადში კი არა, მუზეუმის ექსპონატივით, მხოლოდ რომელიმე გუნდში იხილავ. ამ გუნდ-ანსამბლებში კი ჩვენს ნადურს უკვე ჩამორეცხია, ჩამოცვეთია ბუნებრივ-თავისთავადობის, მიწიერების ის ხიბლი და სისათუთე, როგორიც მას ჩვენი მთების, ჩვენებური ადამიანების ხასიათმა მიანიჭა.
დღეები გადიოდნენ, მე და ჩანგური თანდათან შევეთვისეთ და მივენდეთ ერთმანეთს. და იგი, ისკანდერ ზენდიდელის მიერ ნაჩუქარი ჩანგური, ჩემი პირველი, უსაყვარლესი, უტკბილესი სულიერი მეგობარი გახდა. იმდენად ავეწყვეთ და იმდენად შევეწყვეთ მე და ჩანგური ერთიმეორეს, რომ ხანდახან, მამაჩემთან და სხვა შინაურებთანაც, ბუხრის წინ, ვბედავდით ჩვენი ნაცოდვილარი, ჩვილ-ჩვილი სიმღერები, გაგვემხილა.
სოფელში თანატოლებთან სათამაშოდ გაპარულს, მალე ჩანგური მომაგონდებოდა, ხელი არავინ მოკიდოს, არავინ წამართვას-მეთქი, შიშით უკანვე მოვრბოდი. შევვარდებოდი ბუხრიანში, ჩანგურს მოვძებნიდი, ავიღებდი, შევათვალიერებდი, დარწმუნებული, რომ ყველაფერი საღსალამათადაა, გულზე მივიხუტებდი.
მახსოვს, ზღვისპირელი ბებიაჩემი ბავშვებს გვეტყოდა, ვინც ძაღლაღორულად ცხოვრობს, იმას მაინცდამაინც არავინ ემტერება. მტერი ბედნიერს მეტი ყავსო. და აი, ბოლოს გამოუჩნდა ჩემს ბედნიერებასაც მტერი.
ცეცხლაპირ ხშირი ჯდომით, ჟოლის ხის თხელი სფერო ჩანგურისა გაიბზარა. ჩანგურსაც ხმა ჩაუტყდა, ჩაუწყდა. ვიტირე, ვიყვირე, ვიჩივლე, შველა ვითხოვე. კაი ხელის უსტა ისევ მურთაზა მეგულებოდა. კიდეც წაავლო ხელი ჩემს ავადმყოფ ჩანგურს და ფრთხილად, აზიზად გაიტანა ნალიის ქვეშ. შეშის ნაპობებზე დაალაგა დანა, ცაცხვის თუ წიფლის ფიცრებზე ანახლეჩი თხელი ბწკალები, წებო და ნელ-ნელა საქმეს შეუდგა.
ამ დროს, საიდან იყო საიდან არა, ეზოში მოლა ყედერი შემოვიდა, დავინახე და, რაღაცა გონჯი მენიშნა. ისე უცებ დაგვადგა თავზე. ვერც მოვასწარი მურთაზასთვის მეთქვა, ხოჯაა მეთქი.
ჯერ მოგვესალმა, შეგვაქო, ალალი ღიმილით გადაგვხედა, ოჰოჰოჰო, რა ბიჭები ყოფილხართ ალიასო, ჩაიბუბუნა და ისევ ღიმილით გაიწია ჩვენი ჩანგურისკენ. მურთაზამ უმალვე გაუშვე ხელი და ჩანგური ყედირ ეფენდისთან აღმოჩნდა,. მაგრამ ხოჯამ ჩანგურისთვის მარჯვენაც არ გაიმეტა, წვრილი სიმებგადაჭიმული ტარით იგი მარცხენა ხელში დაიჭირა, ზიზღიც ეჭირა და შორიდან ირიბად, სიძულვილით უყურებდა.
-რად გინდებიან თქვენ ეს ცოდვიანი; ალიას შვილებს რათ გინდებიან ეს ცოდვიანი ღორის თავი. ეს რომ შინ შეიტანო, იქ დიდი ცოდვა და უბედურება დატრიალდება, ჰა, ხედავთ? _ ღორის თავი! რათ გინდებიან ეს თქვენ, ალიას შვილებს. აა?!
წვერები მეჩხერი და შავი ჰქონდა ხოჯას. ტუჩებთან რატომღაც ბალანი წენგოსფრად შემრეშებულ-შეყვითლებოდა.
_ გამეიწი აქეთ, ჭო. _ მიმართა მურთაზას. ჩემი ძმა გამოიწია. აი, მაშინ მაღლა აზიდული ჩემი ჩანგური დაპობილ შეშებზე დაასკდა, დაიფშვნა. დაცემისას ძაფებმა მწარელ შეიწივლეს, მწარედ ამოიკვნესეს, გაინაბდნენ, დაწყნარდნენ.
ყედირ ეფენდის მარცხენა ხელი, როგორც წაბილწული, განზე გაშვერილი ჰქონდა, ვიდრე ზედ ღარის წყალი არ გადაივლო.
მამაჩემი შინ არ დახვდა. ის კი მამაჩემთან მოვიდა საქმეზე. ნეტა ყოფილიყო ბაბაი შინ. სათქმელს ეტყოდა. იქნებ კიდეც გაწეულიყო. მამაჩემი ვერ იტანდა მოლას. მოლასაც თურმე ხშირად უთქვამს ჯამიკარს შეყრილ მორწმუნეებში: ალიაი სწორედ რამაზანს შეარჩევს და მაინცდამაინც მაშინ წავა ოზურგეთში. ვიღაც-ვიღაცეებთან, დამალულად, ღვინოს წრუპავსო. იმის მაგიერო, რომ ჩვენს გვერდით ვარავი ილოცოს, დაეთრევა იქ, გიაურებშიო.

??????