ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

მარტში გასროლილი ტყვია 

ბერიკაცი მთელი დღე ბუხართან ზის.
ოთხმოცდაშვიდი წელიწადი!.. აქამდე სიბერეზე არც უფიქრია.
აგერ ორი თვეა რაღაც უფრო დაუმძიმდა ფეხები, მოტყდა, მეზობლებთან სიარულიც უჭირს.
წელს ადრე აცივდა... იქნებ ამის ბრალია?..
დერეფანში ძალიან ნელა და მძიმედ გაისმის ფეხის ხმა. ოთახის კარს აიშე მოადგა, ორმოცი წლის წინათ დაქვრივებული ბალაძის ქალი.
მოხუცმა დიდი გაჭირვებით შეხედა მას.
_ შამოი შით, რას დადექი!
დედაბერმა ოდნავ შეარხია მხრები და ზღურბლს მოწიწებით გადააბიჯა.
_ ერთი სამჭადე ფქვილი უნდა მასესხო, ქამილავ, _ უთხრა მოხუცს.
_ მაგერ კიდობანი, დარწყევი და წეიღე. ხოლოთ მოტანა არ დაგავიწყდეს.
_ მოტანა არ დაგავიწყდესო~, _ ეწყინა ქალს, მაგრამ არაფერი უთქვამს.
_ წისქვილზე საფქვავი დაყრილი მაქ, მარა წყალი არ იყო და...
_ ჰო, ჰო, წაიღე, _ მერე ისევ ცეცხლს ჩახედა ქამილმა და უნებურად თავისივე სიტყვები გაიგონა. უხეშად ნათქვამი გამოუვიდა. დაფიქრდა. ინანა, თავი ისევ მოაბრუნა, რამე გულის მოსალბობი რომ ეთქვა, მაგრამ დედაბერს უკვე დაერწყო ფქვილი და წასულიყო.
_ საწყალი ქალი! _ შეეცოდა ქამილს აიშე. _ უქმროდ დაბერდა და ეგ არის. ერთი შვილი ჰყავდა... რამდენი წლის იქნებოდა ახლა საითი?
არ იქნა, ცხრამეტს ოცდაათი ვერ მიუმატა.
რომ იცოდეს აიშემ საითის, თავისი ერთადერთი შვილის, დაკარგვის ნამდვილი ამბავი, ამ სახლში ფეხს აღარ შემოაბიჯებდა.
მაგრამ ვინაა დამნაშავე?
ჯერ დრო, შემდეგ, ის, ვინც აღარ არის.
მოხუცს გული დაეწვა და ისეთი რამ გაახსენდა, რომელსაც ოცდაათი წელიწადია თავის თავსაც უმალავდა.


მაშინ ამ უგზო სოფელში ქვეყნის ამბავი იშვიათად თუ მოაღწევდა.
მაგრამ იმ გაზაფხულზე, დადნა თუ არა თოვლი და გაიხსნა თუ არა ერთადერთი გზა ბარისაკენ, სოფელში თოფივით გავარდა ახალი ამბები.
ბათუმიდან თურქები გადიან.
ბათუმს ქართული არმია დაპატრონებია.
ისინი უკვე აჭარისწყალზე ყოფილან. ნახევარი მარადიდისკენ წასულა ჭოროხ-ჭოროხ, ნახევარიც _ აქეთ, მაგრამ ნამდვილი არავინ იცოდა.
ასკერებმა უკანასკნელ ძალას მიმართეს: მოსახლეობას მოუწოდეს, ვინც ალაჰისა და ყურანის ერთგულია, ჩვენს მხარეზე დადგეს და გიაურებს შეებრძოლოსო.
სოფელი ჯერ დაიბნა, აირია, მერე ერთი, ძლიერ მცირე ნაწილი, თითო-ოროლა მორწმუნე, თურქებს აედევნა. სხვებმა, უფრო დიდმა ნაწილმა, გაჩუმება და ლოდინი ამჯობინა. ბევრი კი სულ გაქრა სოფლიდან, ხინოს მთიდან ჩაქვისთავში ჩაიპარა, იქიდან ბათუმში ამოჰბო თავი და თურქი ასკერების წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს შეუერთდა.
ქამილი მაშინ უკვე სამოცს მიტანებული კაცი იყო, მაგრამ მისი ას ხუთი წლის მამა ჯანზე კარგად იყო და ოჯახში თავის ჭკუაზე არავის მიუშვებდა. მოხუცი იბრაიმი დიდად მორწმუნე იყო, რისთვისაც თურქები პატივს სცემდნენ, ბევრჯერ მასთან იუზბაშებს ღამეც კი გაუთევიათ.
ახლა, ასე რომ აირია ყველაფერი, მამამ ქამილს ურჩია ისლამის დამცველ ასკერს გაჰყოლოდა და ამით სამადლო საქმე ეკეთებინა.
როცა მამა ამას ეუბნებოდა, ქაიმილი დინჯად აკვირდებოდა თავის ქალამნებს. არც კარგი უთქვამს, არც ცუდი.
მეორე დილას მან სკივრიდან ამოიღო ყორანივით შავი ბერდენა, ქონით გააპრიალა, ფალასკა წელზე შემოიჭირა, შინაურებს დაემშვიდობა და ღომას მთებისაკენ გაემართა.
გუშინ ასკერებიც იქ მიეფარნენ ტყეს.
სოფლის გზაზე მიმავალ ქამილს ბალაძის ბიჭი, საითი დაეწია.
იგი გავშვრემანი ჭაბუკი იყო, დაბალი და მხარბეჭიანი. ღაწვებსა და ნიკაპზე მეჩხრად ამოსვლოდა ჯერ გაუპარსავი წვერი. თვალები სისხლით ავსებოდა და სირბილისაგან ყელზე ძარღვები დასიებოდა.
_ ქამილ ძიავ, მომიცაი, მეც მოვალ! _ დაუძახა მან უკან შემობრუნებულ მეზობელს.
_ უკან წაი, თვარა, შემოგკრავ ყურის ძირში... _ გეუღვირა მოხუცმა და ნაბიჯს უმატა.
ამ დროს სოფლის მხრიდან ისევ მოისმა გაურკვეველი ხმაური და ძახილი. წინ აიშე მორბოდა, უკან მეზობლის რამდენიმე ქალი მოსდევდა.
ქოშინით და ქაქანით მიიჭრნენ შუაგზაზე გაშტერებულ ქამილთან.
_ ქამილავ, მემეხმარე, რაცხა, შვილი გედეირია... თოფს წაახტა და შენ მოგდევს. _ მეც ჩხუბში მივალო. რაის ჩხუბია, ქამილავ, მემეხმარე, შვილი მეკარგება.
ქამილმა ტუჩი მოიკვნიტა, თოფი კონდახით ქალამნიან ფეხზე დაიდგა და მრისხანედ ჩახედა თვალებში საითს.
_ ეს ომი შენი ხარჯი არაა, შვილო. შინ წაი. ახლა მტერ-მოყვარის გარჩევა გაუჭირდება კაცს.
_ არ გამიჭირდება, არა... მე ვიცი მტერი ვინაა.. _ და გაჩერდა საითი. ყელში რაღაც გაეჩხირა.
_ არ იცი!..
_ ვიცი, ქამილ ძიავ... დღეს რომ იუზბაშმა გამეიარა, ჩვენ ეზოში შედგა და მითხრა, ვინცაა ჩვენი მტერი.
ქამილმა თავი ჩაღუნა, შუბლი შეიკრა, ცალი ხელი ნიჩაბივით ბრტყელ წვერზე ჩამოისვა.
მძიმე დუმილის შემდეგ თავი ისევ მაღლა ასწია და...
_ აიშევ, ბიჭი შინ წაიყვანე. _ ცივად უთხრა, თავად კი მიბრუნდა და გზას გაჰყვა მძიმე ნაბიჯებით.
შემდეგ ქალის ქვითინი გაიგონა.
_ ნუ მიხვალ, შეხვეწები, შვილო, ნუ მიხვალ... ნუ მომკალი... _ ტიროდა დედა.
ცოტა ხნის შემდეგ ქამილმა ისევ გაიგონა მოახლოებული ფეხის ხმა. არ მოუხედავს, მაგრამ იცნო: საითი მიჰყვებოდა უკან.
ღელეს გაღმა რომ გავიდნენ და აღმართს შეუდგნენ, გამოღმიდან ქამილს ხმამაღლა ემუდარებოდა ქალი:
_ შვილს შენ გაბარებ, ქამილავ, შვილი არ მომიკლან!.. _ მერე ძახილს ხმამაღალი ტირილი მიაყოლა დედამ.
ტყეში აღარ შესულა, ბილიკს გაჰყვა ტიალი სერისაკენ და უმოკლესი გადასასვლელით სოფელ ჩითოხევისაკენ დაეშვა ქამილი.
_ ქამილ ძიავ, იუზბაშმა იქით წეიყვანა ასკერი, მე დევინახე. ჩვენ ამკენ რატომ მივალთ?..
_ თავი დაღუნე და მომყე...

ქედები თანდათან დაინისლა.
მარტის ნისლი ცივი იყო და სველი.
შეღამდა.
ჩითოხევიც გამოჩნდა.
ქამილი შედგა, სოფელს დააკვირდა, თვალებზე ცრემლები მოიხოცა. საითმა ვერ გაიგო ეს ცრემლი სოფლიდან ამოსული კვამლის ბრალი იყო, თუ მოხუცი ტიროდა.
ამ დროს, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, მათ წინ აღიმართა ის იუზბაში, საითის ეზოში რომ შეჩერდა დღეს.
_ მამათქვენი, იბრაჰიმ-აღა, ვიცოდი ჩვენთან გამოგგზავნიდა, _ კმაყოფილად უთხრა ქამილს და ენის წვერით ტუჩები ჩაილოკა.
საითმა თოფი ზურგიდან მკერდზე გადმოაცურა, დამინახოს იუზბაშმა და შემაქოსო, მაგრამ თურქს ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგანაც მის განცხადებას ქამილმა პასუხი არ გასცა.
_ სხვები? _ იკითხა მან.
_ სხვებიც მოვლიან, _ უპასუხა მოხუცმა და საითს გადახედა, არ ჩამერიო ლაპარაკშიო. _ ჩვენ ცალვე ვიქნებით და ამ სოფლიდან დავუმაგრდებით გიავრებს.
_ სად არიან სხვები?
საითი ოდნავ დაიბნა, შეიშმუშნა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ გაბედა.
იუზბაში კმაყოფილი დარჩა, ორი ნაბიჯი წინ გადადგა და სოფლის ბოლოს განმარტოებული სახლისაკენ გაიშვირა ხელი.
_ ის სახლი ცარიელია, ხელისგულივით მოჩანს იქიდან შარაგზა და ხიდი. განთიადზე ჩვენები გადმოსვლას დაიწყებენ. გიაურები აქაურებს ენდობიან, ჩვენ კი აქ აღარ ვეგულებით. ამიტომ თქვენ ამ სახლში ჩასაფრდით და უთვალთვალეთ ხიდს, არავინ მიეპაროს დილამდე.
მოხუცი თავს უქნევდა უსიტყვოდ.
შემდეგ იუზბაშმა თუთუნის ქისა მოსთხოვა, თამბაქო შეახვია, მოუკიდა, მადლობა უთხრა და წავიდა.
საითმა თვალი გააყოლა. მოხუცი კარგად გრძნოლბდა, ვის დასაცავად მოდიოდა ეს უმწიფარი ბიჭი. იფიქრა, ვეტყვი ყველაფერსო, მაგრამ ახლა ამის გაკეთება საშიშად ჩასთვალა.
ისინი სოფლისკენ დაეშვნენ.
მიტოვებული სახლი თითქოს დაყრუებულიყო, მარტოობას ღამე დაპატრონებოდა.
თვალი კარგად რომ შეაჩვია სიბნელეს, ბუხრის გარდიგარდმო ორი სარკმელი გაარჩიეს, ორივე სარკმელთან ლოგინის დასაწყობი მასანდრები იდგა, მაგრამ ლოგინი არსად ჩანდა. სამაგიეროდ მასანდარაზე უამრავი შემწვარი წაბლი ეყარა. ზოგიერთს ჯერ კიდევ შერჩენოდა სითბო.
_ ალბათ, დღეს დილას აიყარნენ, საწყლები... _ ეტკინა გული ქამილს.
ხმელ, შემწვარ წაბლს შეექცნენ და ღამეც შეუმჩნევლად გავიდა.
ცის ფონზე თანდათან გამოიკვეთა მთის მწვერვალები.
ქვემოთ გადაიხედეს. ნათლად გამოჩნდა გზა, მდინარე, ხიდი.
_ ვითომ იუზბაშმა მართლა ჩვენ მოგვანდო იქაურობა?.. ჰელბედ მათი კაცებიც იქნებიან ამათიებში. _ ფიქრობდა ქამილი და გაფაციცებით აკვირდებოდა ხიდს.
საითი ისევ გულმოდგინედ არჩევდა შემწვარ წაბლს და პირში იყრიდა.
სადღაც მჭახედ იჭექა თოფმა.
საპასუხოდ სხვა მხრიდანაც გაისროლეს.
ხიდს გაღმიდან ჯარი მოადგა.
ქამილი ღელავდა, მაგრამ მალე გადაწყვიტა, ხიდს დაუმიზნა და ისროლა. სათიმა გარკვევით დაინახა, როგორ წაიქცა კაცი ხიდზე. მეწინავე ჯგუფი გაიფანტა, მაგრამ სროლა განმეორდა, ერთს მეორე მიჰყვა, მეორეს _ მესამე...
აცახცახებული საითი ქამილს მივარდა.
_ ქამილ ძიავ, გედეირიე? ქამილ ძიავ, ვერ ხედავ, ვინ არიან?! ჩვენები...
ქამილმა მარცხენა ნიდაყვით მოიცილა ბიჭი და მისთვის არც შეუხედავს, ისე შეჰყვირა:
_ ჩქარა, ესროლე!..
საითი ბუხარს მიეყუდა, რატომღაც თოფამდე ვეღარ მივიდა და ხმამაღლა ატირდა.
ქამილს ფალასკაში მხოლოდ რამდენიმე ვახნა დარჩენოდა.
ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა.
ამასობაში სროლა სულ ახლოდან გაისმა. გარედან ბუხრის ქვაზე მოხვედრილმა ტყვიამ ცივი წივილით გაჰკვეთა ჰაერი და სადღაც გადაიკარგა.
_ ქამილ ძიავ, აგერ მოდიან ასკერები, ვერ ხეჟავ? გააჩერე თოფი! _ ყვიროდა სარკმელზე მიმდგარი საითი.
მოხუთს არაფერი გაუგონია, არც სურდა გაეგონა.
სახლს სეტყვასავით დაუშინეს ტყვია.
რაღაცას ცეცხლი მოეკიდა, ოთახში კვამლი დადგა. ასკერები სახლს უახლოვდებოდნენ.
სასოწარკვეთილმა საითმა იგრძნო, რაც მოელოდა. იფიქრა: გავიქცევი, მოსულთ ჩავბარდები და ვეტყვი, რომ ერთხელაც არ მისვრია მათთვის. ეს ყველაფერი ამ გადარეული ბებერის ბრალიაო. თოფს ხელი წაავლო და კარებთან უნდა მიმალულიყო, მაგრამ ამ დროს ცეცხლმა გაარღვია კვამლი. ეს ქამილის უკანასკნელი ვაზნა იყო. წინ, თოფიანი კაცი უხმოდ ჩაიკეცა. მერე წამოიწია, მიმოიხედა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მოწყვეტით დაეშვა და ზღურბლს გადააწვა. საითი იყო ეს.
მოხუცი მაშინვე მივარდა კართან, ბიჭს მხრებში ხელი ჩასჭიდა, ოთახში შეათრია და შუაგულ იატაკზე დააწვინა. დაიმუხლა და დააცქერდა...
ასკერები კიბეზე გამოჩნდნენ.
ქამილი ფანჯრიდან ახორს უკან გადახტა. არხში ჩაწვა და ხოხვით შუა ნაფუძარს გადაცილდა.
იგრძნო, რომ მხარში იყო დაჭრილი. ნახევარი სხეული მოუდუნდა. ისევ არხში ჩაწვა, საღამომდე ასე გავძლებო.
სახლი კი იწვოდა.
მარტის ყაერს დროდადრო წივილით ჰკვეთავდა გასროლილი ტყვია. გოდერძიდან ცხენოსანთა ბნელი ტალღა ეშვებოდა.

1961

??????