წვიმაში
- არა, ისე.
- აბა რატო ხუჭავ თვალებს?
- შავია, იმიტომ.
- შავი და საშიშია, იმიტომ?
- რატოა შავი?
- წვიმის არის, წვიმის ღრუბელი შავია.
- გურამ!
- რა?
- წავიდეთ.
- რატო?
- წვიმა მოვა.
- არ მოვა, ნუ გეშინია.
- რო თქვი, მოვაო?
- მოვიდეს, რა!
- არ მინდა დასველება.
გურამის ტუჩები დაეჭდო ლელას ტუჩებს. პირველმა წვეთებმა კისერი დაუსველეს ბიჭს. გურამი იჯდა, კისერი ქვევით ჰქონდა დაწეული, ტუჩებით აუარებელ სითბოსა გრძნობდა. ლელა იწვა და თავი მის კალთაში ედო. ტუჩები აღარა ჰქონდა. ისინი გურამს ჰქონდა და კოცნიდა. გარეშემო მიწა იყო მშრალი. წვეთები ეცემოდა და მშრალ მიწას მტვერი ასდიოდა.
მერე გურამი ადგა.
- მართლა ვსველდებით, - თქვა მან.
- დავსველდეთ, რა, - თქვა ლელამ.
გურამის ნაჯდომი ისევ მშრალი იყო, შემდეგ დასველდა. ლელა ისევ იწვა. როცა ადგა, მისი ნაწოლიც მშრალი იყო, მერე ისიც დასველდა. წვიმა გახშირდა.
- კოკისპირულად წვიმს, - თქვა ლელამ.
გურამი ნანგრევის ქვეშ იდგა.
- მოდი აქ, - თქვა მან.
ლელა ნელა წავიდა. ნანგრევის ქვეშ სიმშრალე იყო.
[1957 წ. მარტი]
შენიშვნები
არსებობს უთარიღო შავი ავტოგრაფი(1-2გვ.), თავისი სათაურით. დათარიღებულია ჩემ მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე (იხ. ტომი 1, შესავალი).
პირველად გამოქვეყნდა 1965 წელს წიგნში “მოთხრობები. პიესა.”