რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

სამი ამბავი 

გურამი მარტო, მერე რესტორანში

სულ ზევიდან მოდიოდა მტკვარი და ქვევით ფართოვდებოდა. სულ ქვევით უფრო ვიწრო იყო. შუაში ჩანდა ყველაზე განიერი. იქით ნაპირზე ლერწამი იდგა და არა შრიალებდა. არც მდორე წყალი იღებდა ხმას. მზე კეფაზე მაცხუნებდა, მერე ჩემ წინ ეცემოდა, მერე მღვრიე წყალს ეცემოდა: ჟანგისფრად ირეკლავდა თიხიანი მდინარე.
მზე კეფაში მაცხუნებდა. ჯერ არ მესიამოვნა, მერე თითქოს შევეჩვიე. ახლა ვიჯექი და კატასავით მსიამოვნებდა სითბო. იქით ნაპირას შორს მოჩანდნენ დამდგარი ლერწმები. მტკვარი სულ ზევით ვიწრო იყო; იქიდან ნავი გამოჩნდა, ის ნელა მოდიოდა ქვევითკენ. მე ვუყურებდი და ვფიქრობდი, “ნეტა ორი კაცი ზის თუ ერთი”. როცა გამისწორდა, დავინახე, რომ ერთი იჯდა და დინჯად უსვამდა. მტკვარი ქვევით ისევ ვიწრო ჩანდა. ნავი ნელა დაპატარავდა, მერე გაქრა. მე ვუყურებდი მიმავალს და ვეღარაფერზე ვერა ვფიქრობდი. მზემ უფრო დამაჭირა კეფაში, შემდეგ ზევით აიწია. ახლა თვალებზედაც დამხედა. უფრო გავინაბე. ჩემ წინ, პირდაპირ, მდინარის იქით, ლერწმები იდგნენ. მერე თითქოს აფორიაქდნენ ისინი. ტ-ტ-ტ-ტ-ტ-ტ, ისმოდა იქით ნაპირიდან, მერე კივილი გაისმა. ლერწმები ისევ იდგნენ, მხოლოდ მათ უკან მატარებელი გარბოდა კივილით. მე მხოლოდ ვაგონის სახურავებს და ორთქლმავლის მილსა ვხედავდი.
რატომღაც წამოვდექი. მზე ისევ აჭერდა. ნელა დავიწყე ნაპირიდან ამოსვლა. გზა შამბნარში მიდიოდა, შემდეგ თიხიანი შეღმართი იყო, მერე იწყებოდა შარა.
შარაზე გუდრონი ესხა, ზედ ხრეში ეყარა. ქვებს ვურტყამდი ფეხსაცმელს. კენჭები ცოტაზე მიგორავდნენ, ზოგი ვარდებოდა ქვევით, ზოგი იქვე ესობოდა გუდრონში. გზა შავად ლაპლაპებდა. უკნიდან მანქანამ გამასწრო; ცარიელა საბარგულზე ვიღაც გლეხი ხტუნაობდა ნჯღრევისგან. წინიდან მარტო გზა მოდიოდა, მეტი არაფერი, მერე ვიღაც გამოჩნდა და გვერდზე შეუხვია. შარა სულ პირდაპირ მიდიოდა, მერე გადადიოდა ხიდზე, მერე მოედანზე. აქ რამდენიმე კაცი იდგა. მე პირდაპირ შევედი რესტორანში. გრილოდა. ბორჯომი მოვითხოვე და დავჯექი. დიდთავა მიმტანი აფათურდა. ვსვამდი წყალს: დიდთავა რაღაცეებს ანგარიშობდა ქაღალდზე, გვერდზე საანგარიშო ედო. გარედან დროდადრო ისმოდა მანქანის ხმა. მერე რესტორანში სამი კაცი შემოვიდა. ერთს ჯოხი ეჭირა, ნახევრად გრძელსახელოებიანი განდოვკა ეცვა, ის ჭრელქამარშემორტყმულ შარვალში ჰქონდა ჩატანებული, შარვალი მიწასთან თავდებოდა და ფეხსაცმელს ფარავდა.
- აბა შენებური, - თქვა მან.
- შენ ვერ მოგატყუებ და არ არის, - თქვა დიდთავამ.
- ჩქარა იქნება?
- შენ ვერ მოგატყუებ და ნახევარ საათში.
- ღირს დაცდა?
ოფიციანტმა ეშმაკურად ჩაუკრა თვალი, მერე გაუღიმა. განდოვკიანმა ჩალის შლიაპა მოიხადა, ქვევიდან ბოქსით გაკრეჭილი სამკუთხა თავი გამოჩნდა. მან გამგებიანი სახე მიიღო და დაჯდა. ხალხი მაინც სულ სხვაა, გამოვცოცხლდი, რაღაც მესიამოვნა.
- მოდით, - დაუძახა დანარჩენ ორს ბოქსიანმა.
- რა არი, იქნება? - თქვა ერთმა.
- როგორ, კაცო, პირველად კი არ ვარ.
- აქ ვერ ვიცნობ, თორე რუსთავისკენ. - თქვა ისევ მან.
- აქა მე მკითხეთ, მე ვიცი მაგათი, - ატრაბახდა განდოვკიანი.
ისინი ჩემ უკან ისხდნენ. რესტორანში გრილოდა. მე მათ ვერა ვხედავდი, მაგრამ ხმა მესმოდა. ერთი წრიპინებდა, მეორე ხრიალებდა, მესამე, მგონი, ჩუმად იჯდა.
ოფიციანტი და დახლიდარი რაღაცას ითვლიდნენ დიდ საანგარიშოზე.
ხალხი მაინც სულ სხვაა, გამოვცოცხლდი. მერე ყაურმა მოვითხოვე.
- თქვენთვის ოც წუთში, როგორც გეკადრებათ, - გამიღიმა ოფიციანტმა, - მანამ ჯონჯოლს მოგართმევთ.
სიამოვნებით დავიწყე ჭამა. ჯონჯოლი მჟავე იყო. მომშივნოდა.

[1957წ. მარტი]

როცა საქმე არ არის

(უსაქმო კაცი ყვერებში მახათს იყრიდაო)

- რა მშვენიერია აქ.
- გმადლობთ.
- აი ის, პირდაპირ, ხედავთ, მდინარეა, არა?
- იის? დიახ.
- დიდებული ჰარმონიაა, არა?
- იცით, რა?
- ო, არა, ნუ იტყვით საწინააღმდეგოს, თუმცა თქვით, დიახ, თქვენ მართალი ხართ, უთქვენოდ ყოველივე ეს არაფერია.
- რასა ბრძანებთ.
“რამდენსა ყბედობს”, გაიფიქრა გურამმა.
- ბოდიში, მე დაგტოვებთ ერთი წამით, - თქვა მან.
ვახტანგმა ფეხი ფეხს მიადგა და გაუღიმა.
გურამი ქვევით ჩავიდა, ჯაზი დაიჭირა და ტახტზე გაიშხლართა. “რა ყბედია”, ისევ გაიფიქრა მან.
- ძალიან მიყვარს თქვენი მეუღლე, - თქვა ვახტანგმა.
- ჰოო.
- საუცხოო ადამიანია, კარგი სპეციალისტი, დიდი სპეციალისტია, მერე სპეციალობაც ისეთი აქვს, იშვიათია, საერთოდ.
- დიახ, დიახ.
- მისი მოვლილია, ალბათ, ეს ვენახი, არა?
- დიახ, მისია.
- საშინელი მზრუნველია, არა, თქვენდამი?! საერთოდ ის ისეთი სათნოა, იშვიათი, პირდაპირ.
- ჰო, ძალიან. - თქვა ნათელამ.
“ღმერთო ჩემო, რა შეგცოდე, თვითონ გაიქცევა და თავის სტუმრებს მე მიტოვებს, ახლა როდის მორჩება ნეტავ”, ფიქრობდა ქალი.
გურამი კი იწვა და ჯაზს უსმენდა, ხანდახან ფიქრობდა: “ნეტა თუ წავა ჩქარა, წასვლის წინ დამიძახებს”.
ნათელა კი უსმენდა და ფიქრობდა, “რა უსინდისოა გურამი, თავის სტუმარს მე მომიგდებს, თვითონ კი მიდის, სულ არ არის ყურადღებიანი ჩემდამი, არც ვედარდები”.
ვახტანგი კი იდგა და ლაპარაკობდა:
წინ მდებარე ვენახი აჭრელებული იყო ნაირნარად, თითქოს ჰაეროვანიც იყო რატომღაც, შევერცხლილიც, თვალწარმტაციც, ჰაერი ნარნარი და გამჭვირვალე, ხეები მაღალი და ალვა, პირდაპირ, პოეტის ოცნება, ნათელა კი ცენტრი ამ ჰარმონიის და ის ერთი, მეტს ამბობდა, ვიდრე მთელი ბუნება ერთად.
- რასა ბრძანებთ, რასა ბრძანებთ, - იღიმებოდა ნათელა, მერე ფიქრობდა, “მაინც რა უყურადღებოა გურამი, მომიგდებს და წავა, ეს კი, მართალია, ყბედია, თუმცა რად არი ყბედი, ხომ უნდა მელაპარაკოს თავაზიანად, ასეთიც არის, არ ვვარგივართ ქალები, ვერ ვაფასებთ პატივისცემას. არა, შესანიშნავი კაცია ვახტანგი”.
- ამასწინებზე ჯეკ ლონდონის “დიდი სახლის პატარა დიასახლისს” ვკითხულობდი, ახლა გამახსენდა,
“რა ნაკითხიც არის”, გაიფიქრა ნათელამ.
- მის კარმიდამოს მაგონებს, თქვენ კი მის დიასახლისს. მერე, იცით, როგორი იყო პაოლა? ო, თვითონ მშვენება, როცა მღეროდა, ან საუბრობდა, და ამორძალი, როცა ცხენზე იჯდა.
“გურამი კი ცხენზე ჯდომასაც არ მასწავლის”, გაიფიქრა ნათელამ.
გურამი იწვა და ეწეოდა, მერე გადააგდო ნამწვი. “აღარ მიდის ნეტა?” გაიფიქრა. “ან ამდენს რას ელაპარაკება ნათელას”. რაღაც არ ესიამოვნა, ნელა გამოვიდა გარეთ.
ვახტანგს ხელკავი გამოედო ნათელასათვის და ისე მისეირნობდნენ ბაღში.
გურამი აივანზე ავიდა. ისინი უფრო ღრმად მიდიოდნენ. ის ჯერ ჩუმად იყო, მერე რატომღაც ხმამაღლა დაუძახა მოსამსახურეს და წყალი მოსთხოვა.
ნათელა შემობრუნდა.
- წავიდეთ აივანზე. - თქვა მან.
- ოჰ, გურამი? - გამოაჩინა კბილები ვახტანგმა.
- დიახ, გურამი. - ნათელამ ნაბიჯს აუჩქარა.
გურამი მოტანილ წყალს სვამდა, როცა ავიდნენ. მერე ჭიქა გვერდზე დადგა და ვახტანგს საუბარი გაუბა.

[1957 წ. მარტი]

გუთნის გვერდზე ჩრდილში, ვნება

მტვერი სულ ცოტაზე ყვებოდა ლანჩს. ფეხსაცმელი გათეთრდა, მერე მტვრიანი გზა გათავდა და ასფალტი დაიწყო. მარჯვნივ ვენახები იყო, ვიღაც პირდაპირ მიჰყვებოდა შარას. ვიღაცა კი ყვირილით მიჰყვებოდა გუთანს. ვაზის ფოთოლი შრიალებდა. ახლად მოხნულში კი ვანო იწვა, ხელებით ეჭირა თამრო და არ უშვებდა.
- ბიჭო, სირცხვილია, - ფუჩუნებდა თამრო.
- მაიცა ერთი და . . .
- რა მაიცა, შენ რა, ჩემი სირცხვილია.
- მაიცა ერთი და...
- რას უცადო, ბიჭო!
- მაიცა ერთი და...
ვანო ახლად მოხნულში იწვა, თამრო ხელით ეჭირა, არც ახლო იზიდავდა, არც უშვებდა, დიდი პირი დადორბლილი ჰქონდა და ტუჩზე ლორწო ჩამოსდიოდა.
- მაიცა ერთი და... - ამბობდა.
ვენახში ცხელოდა. ფოთოლი ფაჩუნებდა. თამრო ჯერ არ უძალიანდებოდა, მერე პირში ჩახედა, რაღაც შეეზარა და ხელის კვრით გაუსხლტდა.
- მაიცა ერთი და... - ისევა თქვა ვანომ და ლორწო პირიდან ხალათზე დაუვარდა
თამრომ ზიზღით მოხედა და ფანჩატურისკენ წავიდა: იქ ჩრდილში ხურუში იწვა და თვლემდა. თამრომ კოკა მოიყუდა, წყალი პირს უსველებდა, მერე მკერდზე ესხმებოდა, მერე ძუძუებშუა ღარს მიჰყვებოდა ქვევითკენ.
ნელა იღვიძებდა ხურუში ისევ.

[1957 წ. მარტი]

შენიშვნები

გვაქვს ამ სამი ამბის მხოლოდ შავი ავტოგრაფები (1-6+1-8+1-2გვ). სათაური აქვს მხოლოდ მეორე ამბავს. ნაწარმოები დაუთარიღებელია. არ გამოქვეყნებულა.
ეს მოთხრობები “სამ ამბად” გაერთიანებულია პირველი სიის მიხედვით: “26. 1. გურამი მარტო, მერე რესტორანში 2. გურამი, ლევანი, ლია 3. გუთნის გვერდზე, ჩრდილში, ვნება.”
მოთხრობები არქივში გაბნეული იყო სხვადასხვა საქაღალდეებში. მოძიებულია ჩემ მიერ და ერთად თავმოყრილი თავდაპირველად მხოლოდ ხელწერის მიხედვით: გურამისათვის უჩვეულო, ოდნავ დაქანებული, გაკრული ხელწერა, რაც განსხვავდება სხვა თეთრი და შავი ავტოგრაფების სწორი, გამართული ასოებისაგან. მსგავსია სამივე ავტოგრაფის ქაღალდის ფორმატი, ხარისხი, აგრეთვე, სტილი. სათაურები ამ მოთხრობებს მიცემული აქვთ “პირველი სიის” მიხედვით. მხოლოდ მეორე მოთხრობას აქვს ავტოგრაფის სათაური.
პირველ სიაში შეცვლილია მეორე მოთხრობის საკუთარი სახელები (“სიაში”: გურამი, ვახტანგი, ნათელა). მეშვიდე გვერდზე, გურამის მაგივრად აპირებდა დაეწერა ლევანი. მერვე გვერდზე კი, ვახტანგის ნაცვლად წერია ლევანი. ასე რომ, შესაძლებელია, ნათელაც შემდეგ შეეცვალა ლიათი. მეორე ამბავში დავტოვე ავტოგრაფის სახელები, მხოლოდ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად შევცვალე ლევანი ვახტანგად მერვე გვერდზე.
დათარიღებისათვის დამატებითი ინფორმაცია მომცა წინა ნაწარმოების (“ვახო ოთახში თვრება”) ავტოგრაფმა, რომელიც დაწერილია 2 მარტს მსგავს ფურცლებზე და მსგავსი ხელწერით. მსგავსია თემატიკაც: “გაღვიძებული ამური გაზაფხულზე”. აგრეთვე რიცხვი “1”-ის ფიგურული გაფორმებაც. ის აქაც წააგავს ისარს, რაც ამ პერიოდის ავტოგრაფებისათვისაა დამახასიათებელი. ასევე, ფიგურული ასო “ტ”, რაც ინტენსიურად იხმარება მხოლოდ 6 მარტის შემდეგ, ამ ავტოგრაფში არც ერთხელ არა გვხვდება. ეს მაფიქრებინებს, რომ ნაწარმოები დაწერილი უნდა იყოს 6 მარტამდე.
ამ ნაწარმოების პირველი ამბის დასასრული გადაშლილია მწერლის მიერ: “მარტო არ მომივიდა ლექსის რითმა. ვერაფრით ვერ ვფიქრობდი ერთ რამეზე, გარშემო ყველაფერი ერთფეროვანი იყო. ჩემს უკან ხმები ისმოდა. დახლთან ახლა ახლები შემოვიდნენ. გონებაში მიტრიალებდა რითმა, მერე დავიწყე წერა. აქ უფრო მარტო ვიყავი, ვიდრე იქ, არ მიფიქრია. ასე მივხვდი, როცა ლექსი მოვათავე.
- თქვენ რას ინებებთ... მკითხა მომტანმა
- მე? - ვთქვი მე
- ჰო, თქვენ
- არაფერს
მან მწყრალად გადმომხედა. მე ავდექი და გამოვედი”.
მესამე მოთხრობა “გუთნის გვერდზე, ჩრდილში”, სათაურით “მაიცა ერთი და...” პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში “სად გაექცევი ზამთრის ღამეს”.
ავტოგრაფის პირველი გვერდის დასაწყისში ფანქრით, სხვა ხელით წერია “მაიცა ერთი და...”. როგორც ჩანს, ხელნაწერი მზადდებოდა გამოსაცემად.
სხვა მოთხრობები ქვეყნდება პირველად.

??????