რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

პოდიეზდთან მანქანა იდგა... 

პოდიეზდთან მანქანა იდგა.
მივხვდი, რომ მე მიცდიდნენ. ვიცოდი: იჯდა ის, ხელში ტეტე ეჭირა და ტყვია პირში ჰქონდა მიცემული.
ნელა გავუსწორდი მანქანას. ჩემი აზრების სიმართლეში დავრწმუნდი და ჩავიარე. ვგრძნობდი: გაიღო მანქანის კარი. იმან ორი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. ტეტე მომიშვირა ზურგში. არ მინდოდა მიხედვა. ვიცოდი: ამაო იყო.
რაღაცამ მძლია.
მივიხედე.
ის იდგა და მიყურებდა. ჩახმახზე ხელი ედო.
ვიდექი და ვუყურებდი.
- ახლა მოკვდები, - თქვა რეზომ.
- ვიცი, - ვთქვი მე.
- მერე?
- მერე რა, მე არა მაქვს, თორე დაგასწრებდი, - ისევა ვთქვი მე.
- მე კი მაქვს, - თქვა იმან და მესროლა.
პირველი მუცელში მომხვდა, მეორე ბეჭში.
ჯერ რაღაც ვიგრძენი, მერე ტკივილი, მერე ხმა.
მე დავეცი.
ვგრძნობდი: ის მანქანაში ჩაჯდა. მანქანა დაიძრა, მერე მოსახვევში ჩაუხვია. პოდიეზდიდან ვიღაცეები გამოვარდნენ. მე გონება დავკარგე.

წელი 1957. [აპრილი]



შენიშვნები




არსებობს უსათაურო შავი ავტოგრაფი (1-2გვ.), უზის მხოლოდ წელი.
დათარიღებულია ჩემ მიერ შემუშავებული კრიტერიუმის საფუძველზე. დათარიღებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასო “ტ”-ს და “1”-ის ფიგურულ მოხაზულობას (იხ. ტომი 1, ავტოგრაფების დახასიათებისათვის).
ბიჭები ყვებიან, რომ გურამმა კარგი ჩხუბი იცოდა. ჩხუბობდა თურმე საოცრად ხალისიანად, სიბოროტის გარეშე. უყვარდა ჩხუბის დროს ლაპარაკი, თითქოს მოწინააღმდეგის გაღიზიანება, სიცილი, გეგონება სცენაზეაო. ცხადია, იმ დროის შესაბამისად, ყველა ჩხუბი ნამდვილი მუშტი-კრივი იყო ცივი და ცხელი იარაღის გარეშე. როგორც გოგი დემეტრაძემ (გურამის მეგობარი უნივერსიტეტიდან) თქვა, გურამის ჩხუბი იყო ყოველთვის ჩხუბი ჩხუბისათვის და მეტი არაფერი: “ბახ-ბუხ, ბახ-ბუხ”, მერე დაძმაკაცება და რესტორანი. მაგრამ მაინც, ცხადია, რისკი ხშირად დიდი იყო. ნუგზარ წერეთელს თავის წიგნში (“მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ” და “აი, მე, გურამი ვდგავარ თქვენ წინ”) აღწერილი აქვს თავისი მეგობრის რამდენიმე ჩხუბი. გურამს შეეძლო შეირაღებული ბიჭების პირისპირ მარტო დარჩენილს ბრძოლა მოეგო, ზოგჯერ მხოლოდ უშიშრობით (გურამს ერთხელ უთქვამს: მე უშიშარი კი არა ვარ, შიშსა ვძლევო), ფსიქოლოგიურად, ხელის გაუნძრევლადაც კი. გოგი დემეტრაძე კარგი მოკრივე ყოფილა, ჩემპიონი. ერთხელ საჯარო სამკითხველოში გურამი, თურმე, მოულოდნელად რაღაცაზე აუტყდა. ბელინსკის ქუჩასთან დაიწყეს ჩხუბი და ჭადრაკის კლუბამდე არ გაჩერებულან. მუშტი-კრივი ორი დღე გრძელდებოდა. რაღაც მომენტში გურამი წაიქცა, გოგის უთხრა - არ დამარტყაო. გოგიმ არ დაარტყა. გურამი უცებ წამოხტა და ისე მგლიჯაო, თქვა გოგიმ, რომ დავბარბაცდიო. გოგი მერე აღარ ელაპარაკებოდა, ნაწყენი იყო, მიზეზი არ იყო ჩხუბისათვის თურმე და იმიტომ. მერე სვანეთში შერიგდნენ, გოგის შეკითხვაზე რა გინდოდა, რატომ ამიტყდი, გურამმა უთხრა, ჩემი თავის გამოცდა მინდოდა, მეტი არაფერიო. გოგიმ თქვა: გამიხარდა, რომ გურამმა ამირჩია პარტნიორად.
ქვეყნდება პირველად.

??????