რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

პირველი დღე ზღვაზე, მივლინებაში 

შორს, მთელ ჰორიზონტზე, მოჩანდა დიდი და ლურჯი ზღვა, ის აჭრილი იყო ფერებად მუქი ლურჯიდან თეთრამდე. ზღვის აქეთ მწვანე ბორცვები ეყარა თეთრი ერთსართულიანი სახლებით. ბორცვებს შუა მდორე ფშანი მიდიოდა, მერე ორად გაყოფილი ერთვოდა ზღვას. ქვევით გორაკები შეთხელდა, გზა დაეშვა; ახლა მანქანა ზღვის პირას მირბოდა. ჰორიზონტზე გემი გამოჩნდა, ჯერ ორთქლი დავინახე, შემდეგ მთელ სიგრძეზე გაწვა ის და სოხუმისკენ გაცურა, მე სოხუმიდან მოვდიოდი, ჩქარა მანქანა უფრო წინ გავარდა და გემი უკან დარჩა. ავტობუსში ოცდახუთამდე კაცი იყო, ყველა დაღლილი ჩანდა, ისინი ისხდნენ, იყურებოდნენ წინ და ყვინთავდნენ. მათთვის ზღვა არ არსებობდა როგორც სანახაობა.
- შენ ახლა ჩამოხვედი? – მკითხა ჩემ გვერდზე მჯდომმა მეთევზემ, მერე პაპიროსი მომთხოვა. მე მივეცი და თავი დავუქნიე.
- რა კარგი ზღვაა, არა? – ვკითხე.
- წელს ცოტა თევზი იყო, – თქვა მან.
ასანთი ამოვიღე, გავკარი, იმან მოუკიდა, მთელი ფილტვებით მოქაჩა. შემდეგ მითხრა, რომ ზღვამ გაზაფხულზე მთელი ზამთრის ნაქსოვი ბადეები დაგლიჯა, ისეთი ღელვა იყო. ახლა პაპიროსი მეც გავაბოლე. ავტობუსი ისევ მოწყენილი იყო, თითქმის ვნანობდი, რომ საერთოდ წამოვედი აქეთ; მგზავრობის დასაწყისის მიხედვით, მთელი კვირა უქმად, მოწყენილი ჯდომა მელოდა. ფიქრები გამეფანტა, მეც გადამედო საერთო ნირვანა. უცებ მანქანამ მთელ სვლაზე დაამუხრუჭა და ისევ გაიქცა წინ. გზის მეორე მხარეს გადარბენილი ბიჭი უშნოდ იმანჭებოდა. დამუხრუჭებისას ყველანი ინერციის დაკარგვისგან გადავცვივდით. ჩემ წინ მჯდარი ოცდაათი წლის დედაკაცი თითქმის გადაემხო მის წინა სკამს და სქელი სავსე გავების დასაწყისი გამოუჩნდა. ვიღაც ქალი სახლში დატოვებულ ბავშვზე ალაპარაკდა, ულვაშა კაცმა ქალების ლანძღვა დაიწყო – საშინელი დაუდევრები არიან, ბავშვებს უპატრონოდ ტოვებენო, უკან ვიღაცამ შოფერი გაჭორა, ასეთი სიჩქარით მარტო მაგ ლოთებს დაყავთო. გამოცოცხლდა ავტობუსი. მეც სიცოცხლე შემეპარა სხეულში. ჯერ ჩემი პატარა ბიძაშვილი მომაგონდა ქუჩაში ფეხბურთის თამაშის დროს, მერე ისევ დამებურა აზრები. ვცდილობდი ზღვისთვის მეყურებინა, მაგრამ ქალის გავების გამოსახულებას ვერ ვიშორებდი თავიდან. მანქანა ინჯღრეოდა ოღროჩოღრო ასფალტზე, ირხეოდა ჩემ წინ მჯდარი ქალის ტანიც, უფრო მეტი სითბო იღვრებოდა ჩემს სხეულში. ოცნებაში წავედი. ვიხატავდი საკუთარ ნავს თექვსმეტი წლის ჩექმებიანი გრძელნაწნავებიანი კაზაჩკით, ღელვას, ტალღებს, ხიფათს, მშვიდობიანად გადარჩენას გოგოსთან ერთად და კიდევ ბევრ რამეს.
ახალ ათონში ხალხი დაგვემატა, თითქმის მუხლებზე მაჯდა ვიღაც მოსკოველი ქალი, ის უშნო იყო და ბევრს იცინოდა, რაც შეიძლებოდა მივიყუჟე კუთხისკენ. ზღვაში კი ისევ კაზაჩკიან ნავს ვხედავდი ოცნებით.
პრიმორსკში ძლივს გადმოვედი გაჭედილი ავტობუსიდან. ცხელოდა. რუსების სოფელი ზევით გორაკში შედიოდა, იქვე იფანტებოდა ფშანის ნაპირზე, მე ზღვისკენ ჩავუხვიე. მწვანეში თეთრი სახლი იდგა, ცალფეხა ქალი მრგვალ ქვებს აგროვებდა კალათში. მე შევეკითხე, იმ სახლის დიასახლისი ვინ იყო, ის ღობესთან მივიდა და დაუძახა. სანამ ის უძახდა, ზღვიდან ახალგაზრდა მოსული რუსი გოგო ამოვიდა, ხალათი მოიცვა, მერე გვერდზე ჩაგვიარა ღიმილით და ეზოში შევიდა. გულში გადავწყვიტე უეჭველად ამ სახლში გავჩერებულიყავი. რუსი გოგოს დანახვამ სულ მიმავიწყა ჩემი მიზანი - “მეთევზეთა ცხოვრების შესწავლა”. ჩქარა ხელების წმენდით გამოვიდა დიასახლისი.
- აი, – თქვა ჩემზე იმ ქალმა, რომელმაც მომიყვანა და წავიდა.
- გამარჯობათ, – მივესალმე მე დიასახლისს, ისიც მომესალმა ღიმილით. ღიმილმა იმედი მომცა, რომ ოთახს სწორედ აქ ვიქირავებდი, მაგრამ მოვტყუვდი. დიასახლისი, მართლაც, სიმპათიური ქალი აღმოჩნდა. დამპატიჟა, საღამოობით მის ვერანდაზე მივსულიყავი დასასვენებლად, მაგრამ დაღლილობის გამო ოთახის მოქირავებაზე უარი მითხრა.
მოწყენილი გავუყევი სანაპიროს. იმ გოგოსთან დაშორებამ, რომელიც არც კი გამეცნო, ზღვასაც ხალისი დაუკარგა. ზლაზვნით შევედი მომდევნო ერთსართულიან სახლში. ფეხშიშველა მოხუცი რუსის დედაკაცი პაპიროსს აბოლებდა და იპურჭყებოდა. მე ვუთხარი, რომ მინდოდა ერთი ოთახის ქირაობა. იმან თქვა, რომ ღუმელი არა ჰქონდა, მე მხრები ავიჩეჩე. გარეშემო მზე იყო და ძალიან ცხელოდა.
- შეიძლება გაავდრდეს, – თქვა ქალმა. – ისე, მოიცა, ჩემი მოვა და იმასა ვკითხოთ, აგერ, მოდის კიდეც. - იმისი კაცი კოჭლობით, მეჩხერკბილებში ჩიბუხგაჩრილი მოდიოდა, ქუდიდან სწორე, მავთულივით თმა ჩამოშლოდა თვალებზე. ძლივს მესმოდა მისი ლაპარაკი. შემიყვანეს ოთახში. დედაკაცმა თქვა,, რომ ისინი აქ ახალი დასახლებულები იყვნენ, ის თვითონ 1933 წლის შიმშილობის დროს გადმოსახლდა ყუბანიდან, პირველი ქმარი იქ მოუკვდა და ის, აქ რო იჯდა, მისი მეორე ქმარი იყო, ის კი მისი მეხუთე ცოლი. ორივემ გაიცინა, მეც გამეცინა. ახლა კაცი ალაპარაკდა. მე ვუსმენდი და მსიამოვნებდა, რომ ასეთ ალალ ხალხს წავაწყდი. ისე მიყვებოდნენ თავის ამბებს, როგორც მახლობელს. კაცი დროდადრო იღებდა ჩიბუხს, გადმოყრიდა ფერფლს, ისევ ტენიდა. ბოლოს თავის შვილებზე ილაპარაკა და გაჩუმდა. მე შევეცადე ზღვაზე გადამეტანა საუბარი.
- ხო, წელს ცოტა თევზი იყო, გაზაფხულზე ისეთი ღელვა ამოვარდა, მთელი ზამთრის ნაქსოვი ბადეები დაწყვიტა, – თქვა მან.
- მაინც ძალიან ლამაზია აქ ზღვა, – გავუღიმე ქალს.
- ზღვა კი ზღვაა, მაგრამ შარშან კოპერატივი იყო, თევზს ვაბარებდით. თევზიც ბევრი იყო, წელს კი თევზი ცოტაა. გაზაფხულზე ისეთი ღელვა იყო, მთელი ბადეები დაგლიჯა. ეხ, წელს უფრო გაჭირდა ცხოვრება. მე უცებ მივხვდი, ამდენი რატომ ილაპარაკეს სიდუხჭირეზე – ჯერ ფასზე არ ვიყავით მორიგებული – მაინც არ იყო მათი გულუბრყვილო სიეშმაკე უსიამოვნო. ბოლოს ოცი თუმანი მომთხოვეს რვა დღეში, თავისი ჭამით და ცალკე ოთახით. გამეღიმა, ვიფიქრე, ნეტა ამდენი იმიტომ ილაპარაკეს, რომ ასე ცოტა ეთხოვათ მეთქი, უხმოდ ამოვიღე ფული და პასპორტთან ერთად დავდე მაგიდაზე. მერე გარეთ გამოვედით, კაცმა ჩიბუხი მათხოვა. ახლა ზღვის პირას ბარკასებს შუა დავდიოდით. კაცს თევზაობის ამბებს ვაყოლინებდი. დილით გადიოდნენ ზღვაში ან ღამე, მერე ექაჩებოდნენ ბადეებს და გამოყავდათ ან ბევრი თევზი, ან საშუალოდ, ან ცოტა. ცოტა მაინც ყოველთვის იყო. მზე უკვე დიდი ხანია გადავიდა ციდან და ახლა ზღვაში იხრჩობდა თავს, ეს გამოთქმა ძალიან მომეწონა, ხმამაღლა ვუთხარი მოხუცს და ჰორიზონტს მივაშტერდი, სადაც წითელ ზოლებად იწვა მზის სხივი.
- ზოგი ახლა გადის სათევზაოდ, – გადააწიტა მოხუცმა, - მე კი, პირადად, დილით მირჩევნია, ყველას თავისი აზრი აქვს, მე დილით უფრო კარგადა მაქვს დაცდილი. - აშკარად მეწყინა, რომ ზღვის სილამაზეზე არც თვითონ იძახდა არაფერს, არც მე. გამომელაპარაკა. როცა სიტყვა ჩამოვუგდე, ოდნავი წყრომით ვუთხარი ჩემი აზრი.
- ეხ, შენ, – თქვა იმან. – რაა სილამაზე იმაზე კარგი, რო აი, ამხელა თევზს დაიჭერ, – ამოაგდო მკლავი, ჩაიხითხითა, – თქვენ ჩამოდიხართ, ვითომ სილამაზე, არა? – დაიქნია თითი, ჩაიცინა. – ჩამოდიან, შენ, არ ვიცი, ყოველ ზაფხულს ჩამოდიან და მთელი დღეები გოგოებს დასდევენ, ელაპარაკებიან ზღვაზე და წელზე ხელი აქვთ მოხვეული, ეხ თქვენ, ვის თევზი, ვის გოგო, ვის ორივე, ყველა იმას ხედავს ზღვაში, რაც უნდა.
მე ჩუმად მივდიოდი, ზღვა საღამოს აღელდა და ახმაურდა. ისევ გამახსენდა მანქანაში ჩემ წინ გადაქცეული ქალის თეთრი ბარძაყები, ისევ ჩამეღვარა სხეულში სითბო.
- მამა, ივახშმეთ, – მოისმა ბაღიდან. ჩვენ შევედით. იქ მაღალი, მოძრავტანიანი რუსის გოგო იდგა, ცოცხალი სახით, ზედ მარტო ვნება უთამაშებდა. ის განგებ არ მიყურებდა მე.
დაღლილი ვიყავი და ადრე დავწექი. ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მასალა შევაგროვე მეთევზეთა ცხოვრებაზე, მერე ძილთან ერთად ქალი შემოიპარა ჩემს ფიქრებში. მარტო ვიწექი ლოგინში, თბილი საბნის ქვეშ მცხელოდა, ლოგინის გარეთ კი ციოდა. ვისუნთქავდი ცივ ჰაერს, მეთევზეებზე ფიქრი თავისთავად გადაიდო მეორე დღისთვის. თავში მხოლოდ მეთევზის ქალის ტანი მიტრიალებდა. მაგონდებოდა ათასი ამბები ქალებზე: როგორ ცივად ეჭირათ თავი დღისით, როცა მგზავრი მოსწონდათ, ღამე კი ჩუმად შედიოდნენ ოთახში მასთან და დილით ისევ მიიპარებოდნენ ქმართან. ახლა მთლიანად ჩამიჭირეს ქალზე ფიქრებმა. გარეთ მატარებელი მიდიოდა რიტმული რახრახით, მეჩვენებოდა ნაბიჯების ხმა, ფეხაკრეფით წამოვდექი, ურდულზე დაკეტილი კარი გამოვაღე ყოველშემთხვევისათვის და ისევ თბილად გავეხვიე საბანში.
მეორე დილით სახლისპატრონმა გამაღვიძა, სხვა დღეებში მე თვითონ ვდგებოდი. ყოველ დილას გავდიოდით ზღვაში სათევზაოდ, მერე ვქეიფობდით თევზის ფულით. მეთევზეები საერთოდ ცოტას ლაპარაკობენ, განსაკუთრებით, თევზაობაზე.
სამი დღის თევზაობის შემდეგ ნელა დაიწყო იდეამ ჩასახვა მეთევზეთა ცხოვრებაზე, ჯერ სათაური მომივიდა თავში - “მუნჯი ახმედი და სიცოცხლე”, მერე უცებ დამიდგა თვალწინ ახმედის ცხოვრება. წამოსვლისთვის მოთხრობა შავად უკვე დამთავრებული მქონდა.

[1957 წლის. შემოდგომა.]





შენიშვნები



არსებობს ამ მოთხრობის როგორც შავი(1 - 11გვ), ასევე თეთრი ავტოგრაფი(1 - 8გვ.) და, აგრეთვე, ერთგვერდიანი ჩანაწერი. მოთხრობა არ არის დათარიღებული. დასათაურებულია მხოლოდ თეთრი ავტოგრაფი. შავი ავტოგრაფი დაწერილია წინა მოთხრობების მსგავს ფურცლებზე, მსგავსი ხელით. თეთრი - სქელ, მოვარდისფრო ფურცლებზე. ასეთ ფურცლებს გურამი სხვადასხვა წლებში იყენებდა, როდესაც შემოაკლდებოდა ხოლმე საწერი ქაღალდი. მაგალითად, ვარდისფერ ფურცლებზეა დაწერილი 1956 წლის დეკემბერში - “პინგ-პონგის” თეთრი ავტოგრაფი, 1957 წლის იანვარში - “ნადირობის” შავი ავტოგრაფი, 1957 წლის მარტში, აპრილში - რამდენიმე მოთხრობის თეთრი ავტოგრაფი და სხვ. ამიტომ ფურცლის ხარისხსა და ფორმატს, სხვა შემთხვევებისაგან განსხვავებით, დათარიღებისას არ დავყრდნობივარ. ჩანაწერი ამ მოთხრობისათვის გაკეთებულია ცალხაზიანი თაბახის ფურცლის ნახევარზე. ასეთი ტიპის ფურცლებზე, მოგვიანებით, დაწერილია მოთხრობა ბაბუაზე, დაახლოებით ამავე პერიოდში - რუსული ლექსები (იხ. მეოთხე წიგნი) და სხვ. ამ მოთხრობის შემდეგ არც თეთრსა და არც შავ ხელნაწერებში თითქმის აღარა გვხვდება, ძირითადად, გაზაფხულისა და, ბევრად უფრო ნაკლები მასშტაბით, ადრეული შემოდგომის ავტოგრაფებისათვის დამახასიათებელი ფიგურული ასო “ტ”, არც ფიგურულად გაფორმებული რიცხვი “1.” შეიცვალა, აგრეთვე, გაზაფხულის მოკლე მოთხრობის სტილიც, როდესაც გურამი, როგორც თვითონ წერს, ოდნავ დიდ ნაწარმოებსაც კი ვერ ქმნიდა. ეს ცვლილება დაიწყო ჯერ კიდევ ზაფხულში “უსახელო უფლისციხელით”.
შავ და თეთრ ავტოგრაფებს შორის სხვაობა, ძირითადად, შემოიფარგლება აბზაცებით. შავი ავტოგრაფი მთავრდება წინადადებით: “... ისევ თბილად გავეხვიე საბანში”. თეთრში - დამატებულია სიტყვებიდან: “მეორე დილით სახლისპატრონმა გამაღვიძა” ბოლომდე. ჩანაწერში წერია თეთრი ავტოგრაფის ბოლო ორი აბზაცი, აგრეთვე, აბზაცი მომდევნო მოთხრობიდან “მუნჯი ახმედი და სიცოცხლე”: “ახმედი სიბნელეში იდგა. მთვარე ლილის გრძელ ჩამოყრილ თმებს, გაშტერებულ, უცრემლო თვალებსა და იმ ნაგლეჯში გახვეულ რაღაცას ანათებდა, რომლის მხოლოდ დამანჭული სახე მოჩანდა.” ასე რომ, ის დაწერილია იქამდე, სანამ შეიქმნებოდა მოთხრობა. ამ ფაქტში იგრძნობა გურამის შემოქმედებითი ლაბორატორიის ერთი თავისებურება: ის ხშირად მომავალ ნაწარმოებს ხედავდა მოთხრობის დაწერამდე, შეიძლება მკითხველისათვის სრულიად უმნიშვნელო დეტალიდან.
მოთხრობა დაწერილი უნდა იყოს 1957 წლის შემოდგომაზე. ეს ჩანს თვითონ ნაწარმოებიდანაც. თუმცა, შესაძლებელია, დაწერილად მიგვეჩნია წელიწადის სხვა დროსაც, თარიღი განმტკიცებული რომ არ იყოს სხვა ფაქტებითაც.
არქივში ინახება “ცისკრის” მიერ გურამის სახელზე გაცემული მივლინების ბარათი სოხუმში, დათარიღებული 1957 წლის 27 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე, ეს მივლინება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ მოთხრობების ციკლთან (“მუნჯი ახმედი და სიცოცხლე,” “ის ერთი კვირა ყოველდღე გადიოდა ზღვაში”, “პირველი დღე ზღვაზე, მივლინებაში”), რომელთაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ 1957 წლის შემოდგომის ზღვის მოთხრობები (წინა ტომში მოთავსებული ზღვის მოთხრობები დაწერილია 1956 წლის აგვისტოში).
გურამი 1957 წლის ზაფხულში იყო ხევსურეთში, შემდეგ სულ ცოტა ხნით - ზღვაზე, ბათუმში (მოთხრობა “ზღვა არც თუ ისე ღელავდა ...” დაწერილი უნდა იყოს ამ დროს), შემდეგ - ქციაზე, შემდეგ, სექტემბერში - ისევ ზღვაზე, უკვე აფხაზეთში. ბარათი დამოწმებულია მუსიკალურ სკოლაში. სოხუმში იმ პერიოდში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა გურამის უახლოესი მეგობარი, მომავალში მისი მეუღლე და ქალიშვილის, ია რჩეულიშვილის, დედა - ლინა ბეგიშვილი. ლინა იყო მუსიკოსი, უაღრესად განათლებული, გულისხმიერი და სიკეთით სავსე პიროვნება. არაერთი კეთილი საქმეა დაკავშირებული მის სახელთან. გარდაიცვალა გურამის დაღუპვიდან ათ წელიწადში. შეიძლება ითქვას, რომ ლინამ ჯერ კიდევ მაშინ იგრძნო გურამის პიროვნება, მისი სულიერი სამყაროს თავისებურება. ეს არც ისე ადვილი იყო, რადგან გურამის ცხოვრება სავსე იყო თავგადასავლებით, რომელიც ქალისათვის არ იყო ყოველთვის მიმზიდველი და მხოლოდ რომანტიკული. არქივში შემონახულია ლინასა და გურამის მიმოწერა (იხ. მეხუთე ტომი). გურამი იმ პერიოდში იყო მოსკოვში, ლინა კი - სოხუმში.
ამ მოთხრობების დათარიღებისათვის მნიშვნელოვანია, აგრეთვე, შემდეგი ჩანაწერი ერთ-ერთ დღიურში: “ჩემი ეჭვი, ზღვაზე დაწყებული, რომ მას აღარ ვუყვარვარ, დამწიფდა.” მართლაც, ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ მოხდა საბოლოო განხეთქილება რ. თ.-სა და გურამს შორის. (იხ. აქვე სხვა მოთხრობათა შენიშვნები).
ეს მოთხრობა, ფაქტობრივად, შეიძლება ჩაითვალოს “მუნჯი ახმედი და სიცოცხლის” შესავალ ნაწილად. თუმცა არქივში შემორჩენილ სიაში მას ცალკე ნუმერაცია აქვს.
I სიაში - “63. მივლინება ზღვაზე.”
მოთხრობა გამოუქვეყნებელია.

??????