რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

მოთხრობები დიალოგებით 

დონბასელი მემაღაროელები

- რომელია, ნოდარ?
- რვა.
- დროა უკვე.
- მაცადე თმის დავარცხნა.
- შენ სულ ეგრე იცი.
- შენ ჩემზე მეტს იპრანჭები.
- მე გოგო ვარ.
- მერე რა?
- როგორ რა?
- მაცადე თმის დავარცხნა.
- უკვე რვა არის, იცოდე.
- ვიცი შენზე კარგა.
სარკე პატარა იყო და კამოდზე იდგა.
- მორჩი?
- ჰო, მოვრჩი, გაიხარე.
- მე რა?
- როგორ რა?
- წავედით.
- მაიტა ხელი.
- შენ მაიტა.
- შენ გოგო ხარ.
- მერე რა?
- როგორ რა?
ქუჩაში ჟინჟლავდა. სახლი კუთხეში იდგა.
- ახლა ეს მათხოვრები გააწყალებენ გულს.
- რა ქნან.
- როგორ თუ რა, იმუშაონ.
- სად?
- ახლა ეგ მადარდე.
- წყვილებო, ლამაზებო, ტარიელ და ნესტან, ორი აბაზი ან ორი შაური.
- მაიცა, მე მაქვს.
- ამოიღე.
- რაღაც ვერ ვპოულობ, ალბათ, შენ ჩხუბში დამრჩა.
- ჩემს ჩხუბში?
- ჰო.
- ლამაზებო, ორი შაური მაინც.
- არ არის.
- შაური მაინც, მე ომში მომივიდა კონტუზია.
- ომში ბიძაჩემიც დაიღუპა.
- ჩემი ბიძაშვილიც.
- ნოდარ!
- ჰა.
- მოდი, მივცეთ მანეთი, რა?
- გაგიჟდი?
- მოდი რა, მოდი.
- ჩუმად, კინოში მერე?
- სწორი ხარ, საშინელი მფლანგველი ვარ.
- ქალი მაინც არ იყო.
- მერე რა?
- მერე ის რო, მე რო ვხარჯავ, ბიჭი ვარ.
დიდ ქუჩაზე რეკლამები ენთო.
- ნოდარ, ნოდარ, მაიტა რა სამი მანეთი.
- შენთან ბოდიში, ქალბატონო, რად გინდა?
- ის მიმყავს კინოში.
- რომელზე?
- ათიანზე.
- წაიღე.
- საღოლ!
- კიდე კარგი მათხოვარს არ მივეცით.
- მაშ!
- ვახტანგი კარგი ბიჭია, არა, ნოდარ?
- ჰო.
- რამდენი ხანია მომწონს, იცი?
- როგორ მოგწონს?
- ისე, ამხანაგურად.
- ისე შეიძლება.
ტროლეიბუსში ჭედვა იყო.
- ორი ბილეთი.
- სადამდე?
- რუსთაველის კინომდე, ოცდაათიანი.
- აჰა ხურდა. ბილეთი, თუ ამოვიდა კონტროლიორი, მაშინ.
- კარგი.
- შენმა გულუხვობამ მომკლა, ნოდარ.
- რას იზამ.
- ნოდარ, აგერ ისევ ის მათხოვარი. ტროლეიბუსს წამოჰყოლია.
- ძმებო და დებო, მართალია, ქართველი კაცი არ უნდა ვმათხოვრობდე, მაგრამ ორჯერ დამარხული, ორჯერ ამოღებული.
- აჰა, წაიღე.
ქუდში ხურდა ცვიოდა, აქა-იქ ქაღალდი ეგდო.
- მე, ბიძინა ღლონტი, გმადლობთ, დედი, ბაბო, შეყვარებულებო, ლამაზებო, კარგებო.
- ჩვენ შეყვარებულები არა ვართ.
- რა მაგის საქმეა.
- რათა, ნოდარ, იცოდნენ მაინც.
- მერე რა.
- მგონი, ვახომაც არ იცოდა, მე რო შენი და ვარ, არა?
- რა ვიცი.
- იმიტომ რო ჩემთან არასოდეს გამოდიხარ.
- რა ხეირია.
- როგორ?
- ისე.
- ნოდარ, იცი რა?
- რა.
- არაფერი, მერე გეტყვი.
- კარგი, კარგი.
კინოში ცოტა ხალხი იყო. აბრაზე ეწერა:

Донецкие шахтеры
Донецкие шахтеры
წელი 1957. მარტის 7.

სადილი იწვება!

- ტყუილია.
- რას ამბობ, ისეთმა კაცმა თქვა, რო.
- ვინ?
- მაგას ვერ გეტყვი.
- მითხარი, რა!
- არ შემიძლია.
- ხო იცი, მე ლაპარაკი არ მიყვარს.
- შენი ჭირიმე.
- შვილებს გეფიცები.
- შალიკომ.
- შალიკომ?
- ჰო, ქალო, წარმოგიდგენია?
- არაფრით არ მეგონა, თუმცა უარესებიც ხდება.
- როგორც ეტყობა.
- შალიკო ისევ იქ არის?
- არა, ზამმინისტრაა ახლა.
- იმის ადგილას ვინ არის?
- ღვინეფაძე გრიშა.
- ეგ რომელია?
- ქუთაისელი ბიჭია.
- რა ხნის არის?
- პოდპიდესიატ.
- რაღა ბიჭი!
- ახლა, ჩვენთან ერთად გაზრდილი როა, მიტო.
- მაინც შენ რო ნაცნობობა გყავს, ტყუილია.
- ეჰ ქალო, ტრაბახით არ ვიტყვი და მაგაში კი მაქვს ბედი.
- კარგია, კარგი.
- მე კი არ მაინტერესებს მაინცდამაინც, მარა ხო იცი.
- შე ქალო, სიმდიდრეა, ხო იცი, რამდენი ნაცნობიც გყავს, იმდენი კაცი ხარო.
- ქე გამოვალ გერმანიის ჯარი.
- გერმანიის თუ ამერიკის.
- ვის მეტი ჰყავს ვითომ?
- ამერიკას ახლა.
- ვითომ?
- ნამდვილად.
- რამდენი ეყოლება ნეტა?
- ალბათ, ბევრი ძალიან.
- ნამდვილად მაგრეა, ჩქარა დაიწყებენ ნეტა ომს?
- როცა მოეპრიანებათ.
- არ ედარდებათ ხალხი, არა?
- გაგიგონია!
- წერენ მაგეებს გაზეთში.
- სავსეა.
- ერთი წუთი მოცლა არ მაქვს საკითხავად.
- მასე არ ვარ მეც! ბიძინა ყვება ხოლმე ჩვენი.
- მე ქე ვკითხულობ, მარა მეოთხე გვერდზე, გასვენებას.
- მაგას მეც. უხერხულია, ხო იცი.
- აბა ქალო, რო გამოგეპაროს, ნამეტანი სირცხვილია.
- ამას წინებზე კოვზაძე პანტელეიმონი გარდაიცვალა.
- რომელი?
- რაიკომის მდივანი ქე რო იყო წინ, მერე მოხსნეს.
- ჰო.
- ჰოდა, ბოლო დღეს წავიკითხე გაზეთში, ძლივს მოვასწარი თმის დახვევა.
- ვისთან იყავი დასახვევად, ვასოსთან ისევ?
- აჰ, ღმერთმა დამიფაროს. იმასთან აღარ ვარ მიმსვლელი.
- რატო მერე!
- იმ დღეს აფაქიძის ბოვშის ქორწილი იყო და სულ დამიწვა, ა, ნახე.
- დედა, ვანიჩკას საქორწილო ბოვში ყავს?
- აპა, რავა!
- რა ხნისაა?
- თვრამეტის.
- ა!
- რა, არ მოგწონს, ხო?!
- გაგიგონია?!
- ასე, ასე, გადეირია ახალგაზრდობა, აღარ ეკითხებიან არავის.
- გეირყვნენ, გეირყვნენ ნამეტანი.
- მაგ ხნის ბოვშის გათხოვება იქნება, აბა?
- ახლანდელი ბოვშობა.
- ჩვენ დროს ვინ იკადრებდა მაგას.
- გაგიგონია!
- მაშინ მახსოვს, შალიკომ თქვა.
- რომელმა?
- დავლიანიძემ.
- დავლიანიძემ?
- ჰო, შე ქალო, რა გაიკვირვე?
- არაფერი, რაო, რა თქვა?
- მეიწი აქეთ, ყურში გეტყვი.
- ჰა, ჰა, ჰა, მართლა თქვა?
- შვილებს გეფიცები, ოღონდ ჩვენ შორის იყოს.
- მე მაგ არ მჭირდება.
- ჰო, შენი იმედი ქე მაქვს.
- რა კაცია მაინც, ა?
- შალიკოს ფასი ტყუილია.
- მაშ მართალია ეს ამბავი?
- შვილებს გეფიცები.
- თვითონ გითხრა?
- აპა რავა, ჩვენი დროის ბოვშია.
- შენ გაზრდას, ერთი კიდე მომიყევი დაწვრილებით.
- ახლავე, მეიწი აქეთ.
ქეთო მიიწია, მარო სმენად იქცა.

წელი 1957. მარტის 7.


შენიშვნები


არსებობს დათარიღებული და დასათაურებული პირველი(1+1-10გვ.) და მეორე დიალოგის(1-10გვ) შავი ავტოგრაფები. ავტოგრაფის თავფურცელზე გვაქვს მწერლის ხელმოწერა. მწერლის ხელმოწერაა აგრეთვე ერთ-ერთ სხვა თავფურცელზე.
თავფურცელზე სათაური ჩასმულია ჩარჩოში. წერია: “დონბასელი მეშახტეები.” “მეშახტეების” თავზე წერია “მემაღაროელები.” ქვემოთა ნახევარზე სხვადასხვა ჩანახატებია: დატოტვილი, უფოთლო ხე, ქალისა და კაცის პროფილი და კაცის ანფასი. მეორდება, აგრეთვე, “მაგიური წრე” (იხ. წინა მოთხრობების შენიშვნები და ტომი 1, ავტოგრაფების დახასიათებისათვის). ქვემოთა მარჯვენა კუთხეში ისევ დატოტვილი, უფოთლო ხეა, ოღონდ უფრო პატარა. მინაწერი პირველი დიალოგის ბოლოს თარიღის შემდეგ: “დედაა ძალიან ავად. მე სულ დაპოტნილი ვარ. ნუგზარმა და მე ვიჩხუბეთ. შუაში რუსიშვილი იდგა, იმასაც მოხვედრია ბლომად ... დღეს თინა სოხაძის ძმის და ნოდარის დასაფლავებაა. სახე გაოხრებული მაქვს.”
I სიაში: “სამი დიალოგი ა. დონბასელი მეშახტეები.
ბ. სადილი იწვება.”
მესამე დიალოგი არა ჩანს. ან საერთოდ არ არის დაწერილი, ან დაიკარგა, ან ამ ორ დიალოგთან ერთად აპირებდა რომელიმე სხვა, უკვე დაწერილი დიალოგის დაჯგუფებას. სათაური და თავფურცელი გაფორმებულია სხვა დროს, სხვა ფერის მელნით.
ქვეყნდება პირველად.

??????