რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

მინიატურები 

მინიატურები ერთი ხელის მოსმით ერთ საღამოს
სათაური: `შეგიჭამე ცოცხი~

დღიურიდან:

ვწერ: მიდგას შავი ღვინო: ვამატებ სიმთვრალეს: გაზაფხულის თბილი თუ გრილი საღამო მიდის: უკრავს კუბის ჯაზი: შავკანიანი თუ ყვითელკანიანი ნოდარ ზედელაშვილი ცეკვავს ბუგი-ვუგის. იწერება მინიატურები. უფრო ვთვრები. ნოდარი ხურდება: ცეკვავს მარტო.
წ. 1957 მარტის 10.

გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას
თავს იწონებს ნაზი ია.
მოგილოცავთ პირველ მაისს
თქვენი ძია გოზალოვი.

მერცხალი:
შავი ისარივით.
ამბობენ:
იწყება გაზაფხული.



ბუგი-ვუგი!
ჰამლეტი? – არა!
მეფისტოფელი? – არა!
კაფეში ცეკვავს შიშველა ზანგი.



შეყვარებული:
ყოველდღე ვკოცნიდი,
მერე?
მერე მომწყინდა.



ტრამალში უკრავდა გარმონი,
სლავის ქალს ეჭირა ძუძუ,
წყდებოდა ვარსკლავი.





ქმრის დაბრუნება


ქარმა მოუბერა ხრიოკში:
მტვერი ავარდა სადღაც.
ცრემლი შეიმშრალა ქალმა.




როცა ქალი თვლემს


მთვარე მთოვარე!
ძაღლი მყეფარე!
თოფი შემართული!

ქოხი ინგრეოდა სადღაც.


ახლა


ოძელაშვილი არსენა!
მარტო ვიჯექი მატარებელში,
მტვრიან გზაზე ფაფარგაცვენილი ცხენი
მირბოდა.


ექსკურსიაზე

გრძელფეხა ჯოჯომ ხრიოკი დასერა.
ღმუოდა ქარი.
`უფლისციხე – ქალაქი ძველი:~
ღმუოდა ქარი.



ექსპრესიონიზმი, იმპრესიონიზმი,
ჭყეტია ფერები:
იდგა დოყლაპია გამოფენაზე.



1953 წ. თეთრკანიანმა როკი მარჩიანომ სცემა
ამერიკელ ბოქსიორთა კერპს ჯო ლუისს.
ზანგი აწყდებოდა ბაგირს,
ღმუოდა ხალხი.
ცხვირჩამოფხრეწილი იდგა ჩემპიონი
თეთრკანიანი:
როკი მარჩიანო!



ზის სადღაც სპარსი

შაითან-ბაზარი,
კაფე-შანტანი,
თვალმოჭუტული ზის სადღაც სპარსი.



ჰემინგუეი!
ახალი სტილი.
მოხუცი ზღვაში.
თევზი დაგლეჯილი ზვიგენის პირით.



დაბრუნება (სიზმარი)


არწივის ფრთის ქვეშ,
არღუნის პირას,
შატილთან ახლოს,
იდგა
დაღლილი,
შორიდან მოსული
ალუდა ქეთელაური!



უკრავს ლუი არმსტრონგი


არმსტრონგი უკრავს:
კბილებდაკრეჭილი,
თვალებდაჭყეტილი
შავკანიანი
ძუძუს სწოვს ლედის.



თმები ბოქსი,
ცხვირი ჩაჭყლეტილი შუაში,
ნეკზე ფრჩხილი,
მოდის მიკიტანი.
ბიჭები შაყირობენ:
აბა, განი!



თქვენი ჭირიმეთ! – გა – ზაფ – ხულ – და!


გაშლილი თმები მზეზე,
თვალები ელავენ,
ტუჩები მოძრაობენ: სულ ნელა.
თქვენი ჭირიმეთ!
– გაზაფხულდა!



ტაქსი: ჭადრაკის ზოლებით,
შოფერი: ტყავის ტყაპუჭით,
მგზავრი: ფეტრის შლიაპით.



ძაღლი ყმუოდა სადღაც,
დილით მოკვდა. ჭლექი.
მეზობელს გაგუდული ბავშვი ეყოლა
წინა ღამეს.



პოლი რობსონ გასტროლებზე ლონდონში.

ლონდონში დადგეს ოტელო,
თამაშობდა ზანგი:
პოლი რობსონ!
მეოთხე აქტი: მავრმა დაახრჩო
თეთრკანიანი – თავისი ცოლი,
პრინცი-ქალი –
დეზდემონა!



თავის დახრჩობა!

გაზაფხულობით გიჟდება მტკვარი,
ამომშრალი თვალები იყურებიან:
დედას მოკვდომია შვილი.



დედამიწა ბრუნავს, იგი მრგვალია...
ამბობდა ბრუნო.
მერე დაწვეს,
მერე იწამეს.



ჩქარა, სანადიროდ

მომკილი პური,
მარცვალი ჩაბნეული,
გასუქდა მწყერი!



მანქანა `სამოსვალი~. ფირფიტა `ბერიოზკა.~
გალიფე, ჩექმა და მითქმა-მოთქმა.
ქორწილი ტრამალში.



იგივე ჯაზი,
იგივე ფირფიტა.
უნიჭო რითმა:
`გონება გამოიფიტა.~
წ. 1957 . მარტის 10.



ბაკურიანში, მოწყენაზე.

Над ручьем весь день
Ловит, ловит стрекоза
Собственную тень
Тие-ни

Жаркого полдня разгар
На облачке отдыхая
Жаворонки поют
აყვავდა კვირტი სადღაც.
მარტია ხვალზევით.
ამბობენ:
ზამთარი იცისო მარტში.



ვიჯექი დაღლილი.
ვუკრავდი პატეფონს.
მერე მომწყინდა:
ვიჯექი დაღლილი.



ფეხები ცეკვავდნენ.
მერე გაჩერდნენ.
ისევ ფართხალებდა გული.



ლექსი პრეტენზიებით

დაჩეხილი სახე,
ხელზე ბეჭდები.
ვიდექი მე,
ხალხი იცინოდა,
ვიდექი მე.



სახლის კედლები დგას დანგრეული,
აქა-იქ მოჩანს წარწერა მურით.
სად?
ყველგან, სადაც ბომბა დავარდა.



მკითხეს:
რა არისო სიყვარული?:
შავი თვალები,
მაღალი წელი
და
სქელი ტუჩები.



ისევ მომიტაცა ურჯუკას ულაყმა.
ისევ დავუჭირე თავი.
ცხენი შფოთავდა: მე გული დამწყდა.



ცხენი თუ მხედარი?

ციცაბო კლდეზე ულაყი გავარდა,
ტაბლასთან მივიდა პირველი.
მინდიასთანა მხედარი არ ჰყოლიაო ჯერ ფშავს:
ამბობდა მოხუცი ლიქოკელი.



დაიცალა ხევსურეთი!

გოგოთურ შეჰკრავს აფშინას
არაგვი მოუკლებს სირბილს,
ორწყალში სახლი დგას დაცლილი.



პედერასტთა კლუბი პარიზში

თვალებდაჭყეტილი.
შავკანიანი თეთრი კბილებით.
ამოგდებული, გაშიშვლებული.

კუთხეში სხედან მიბნედილი
თეთრი ძიები.

გ. რჩეულიშვილი.
საბოლოოდ დავქლიავდი.



ჭუჭყიანი ქუდი გახურებულ ასფალტზე

თხოვნა და მადლობა.
ხურდა ფული,
ჩაცვენილი
ქუდში.
ხანდახან მანეთი.
გზაჯვარედინზე ზის მათხოვარა.



დამსკდარა მიწა.
დალეულა ხევი.
ღრიალებს ქარი: ბუღი დგას სტეპში.



ახველებს პაპა;
მელოტი თავი;
გრძელი ულვაში ყურებამდე:
ახველებს პაპას.



ცვივა ფიფქები

ყმუიან მგლები.
იმატებს თოვლი:
ცვივა ფიფქები.



მანქანა ტრამვაის დაეჯახა,
მთელი დღე ბჭობდნენ სახლში,
საღამოს წავიდა მამასთან ერთად
ნოდარი კინოში.



ჯურღმულში უკრავდა ზურნა,
ეზოში ბოლავდა ცეცხლი,
ქორწილობდა იეზიდი.



რადიო მღეროდა ჰიმნს პარტიაზე.
სირენა წიოდა. ენთო რეკლამა.
ეგდო კურტანი.
იეზიდს ეძინა სადღაც.



დედას იგინებოდა ლოთი.
ხურდა ფულს ითვლიდა მათხოვარი.
დაკითხვაზე ბოთლზე დასმული ქურდი ყვიროდა.
ლექციას კითხულობდა ლექტორი
თემაზე:
ალკოჰოლი და ბრძოლა მასთან.



ნავსაყუდართან ვზივარ სოხუმში,
ჩემს წინ დგას გემი,
სავსე შუქით და ჯაზის ხმებით.
ის ჩქარა გავა,
ოცდახუთწუთში!



უნიჭო საქსაფონი, დიდთავა ჩელო
ჩაფხრეწილი ხმით მღერის.
ნახევარბოთლიანს უყურებს ლოთი.



ქარი მღერის,
დრო გადის ფიქრებში,
დრო გადის, ვბერდები.



გამოფხიზლება ან ის გამოფხიზლდა!


ტრამვაი მირბოდა რელსებზე,
წამყვანს ეჭირა საჭე,
პატარა თვლემდა გზაზე.

ტრამვაი გადასცდა რელსებს,
წამყვანს გაეშვა საჭე,
ბავშვი აღარა თვლემდა გზაზე.



დრო


მიყვარდა მაშინ,
არ მიყვარს ახლა.
მის მერე სამი წელი გავიდა.



ქისაში ეყარა მახორკა,
ჩიბუხი ეგდო იქვე,
იჯდა ხის სკამზე –
ბაბუა ვანიჩკა.



ავტოგადარბენა

გუგუნი იდგა ქუჩაში,
ხალხი აეყუდა კედელს,
მოტორი უშვებდა სქელ ბოლს.



მზე იდგა ქალაქში,
ბუღში გახვეული
საოცარ სიცხეებს
ეჭირათ ქუჩები,
მე დავდიოდი რუსთავლის
გამზირზე
და სიცხეს სიცხით
ვიგერიებდი.


ლექსები ზღვაზე

მზე ჩაიძირა ზღვაში.
გახურდა ღრუბელი.
მეთევზემ გაშალა ბადე.

მზემ ამოყვინთა ზღვიდან.
გაწითლდა ღრუბელი.
შეცურდა ნავი წყალში.

გახურდა ნაპირი.
დედიშობილა
რუსი
იწვა:
ეტკლიცებოდა კანი.

იდგა ხურუშის სუნი.
გრძელი ტრუსები.
დაგრეხილი ფეხები.
სიშავე: – ჭუჭყიანი.
არაყი, ღვინო.
გახურებული ქვიშა.
სომხები ისვენებდნენ
ზღვაზე.

კეხიანი ცხვირი,
თავზე ქუდი,
ტანი თეთრი და
ჭორფლიანი.
რუსი ებრაელი
შეცურდა მლაშე წყალში.


გაზაფხული

ბალახი გადამხმარი,
ველი რუხი,
მეველე ველში,
თოფი ორლულა.

როგორც შავ ორმოში ფეტვის მარცვალი,
ისე ჩავარდა ჩვენს შუა, ხაიამ, ათი საუკუნე.

პახმელიაზე არგამოსულ ლომს
გამოსასვლელად თაგვმა არაყი მიართვა,
ლომმა დალოცა.
თაგვმაც დალოცა ...

კიდე დაასხი ეს ოხერი, თითოც დავლიოთ.


სიბრძნე რო ვთქვა, სულელს დამიძახებენ.
– მიწა შემჭამს?
– დაითვრება.
– არ მოვკვდები?
– სპირტში შემინახავენ.
– აღარ დავლევ სამარეში?
– ვახ, ხო მატლები შემჭამენ.
– კოტე, დაასხი თითო არაყიც.


მოვხუცდები? რას დავეძებ, რად ვიდარდებ
იმ წლებს, რაც არ მქონია,
ახალგაზრდა არ ვყოფილვარ
არა ვდარდობ,
ღმერთმა იცის, ეს ამბავი
ჩემთვის არცთუ
ისე ძნელია.
დავიბადე არყის ბოთლით და
ვიცხოვრე მასთან ერთად.
კოტე, დაასხი,
შესვი?
ახლა მე გისხამ, შესვი, გაამოს.


დღე არც მოკვდა და არც გარდაიცვალა,
უბრალოდ, იყო და აღარ არი,
გურამს დარდი არა ჰქონია.
ერთხელ კაცი იყო,
კარგად ახსოვს,
და ახლა აღარ არი.
კოტე!
დაასხი ისევ ის არაყი,
ყველას გაუმარჯოს –
ესეც უბრალო სიტყვები არი.

კოტე, შენ მოგწონს
ჩემი ლექსები,
მე შენ მომწონხარ,
ნუ გეწყინება,
აუ, დავლიოთ ისევ
არაყი,
ეს არც გვაწყენს და არც გვეწყინება.

როგორ მეცოდება ქალი
საწყალი,
ვინც ჩემთან ერთხელ მაინც
არ ყოფილა,
როგორ მეცოდება ის პოლბუტილკა,
რომლისგან ას გრამსაც ჩემთვის
არ ასხამენ,
როგორ მეცოდება, თქვენა
ხართ მოწმე,
ჩემო ცრემლებო,
კაცი ლოთი და დედ-მამიანი.
პატრონიანი.
ნიაზ!
ვიტიროთ ისევ იმ ცრემლებით
ჩვენი პატრონი და იმათი უპატრონობა.


ჰა, პირი გავაღე,
რას მომჩერებიხართ, ჩემგან
სიბრძნეს ელით?
მოდით, მოიწით, მე არავის
მოვკლავ.
აჰათ, იყნოსეთ ისევ არყის
სუნი.

თემურ, გაგიჟდი? რას ურტყამ მაგას!
ეგეც ლოთია, ეგეც ჩვენებური,
ეგეც ბებერია
სხეულით და სულით,
ეგეც მოკვდავია,
ეგეც ახალგაზრდა,
ეგეც უბედური,
თემურ, გაგიჟდი? რას ურტყამ
მაგას...

ლეილა! კიდევ გაიარე მოჭრილი
თმებით,
ისევ მომიკალი არყისფერი გული,
ღმერთო, მითხარი!
ლეილა! რომელი ჯობია –
შენი სიფხიზლე
თუ ჩემი მთვრალი სული.

ბიჭო, ნიაზ, უძილო ხარ?
თუ არყის სიზმარს ხედავ.
– სად გარბიხარ?
არაყს ეძებ?
გინდა, რომ ცხადს ისევ
არყით დაუბრუნდე.
– ირაკლი, დაუსხი,
გურამი იხდის.


ათასჯერ დანა აქვს გურამს
მოქნეული
და არც ერთი გული არ
დაუჭრია.
ირაკლი! კაცო! ვაჭარო! ძუნწო,
დაასხი შენით ამ სისხამ დილაზე,
არაყი ღვთისაა, გამარჯობასავით.


გურამ!
შენს თვალებში ჭაჭის გრძნობა დგას,
დაბერილ ძარღვებში უფერო
სითხე,
გულშიაც ხანჯალი რომ
დაგკრან, მაინც
ვერც ცისფერს, ვერც წითელს
ვერ გამოგადენენ.
ნიაზ! მოიტა ერთი პოლბულტილკა,
ერთიც მოვწიოთ
და არყის ცრემლებით ვიტიროთ
ერთად.


ლეილა,
მე შენი თორმეტად ჩაწნული
ნაწნავი ხელში მიჭირავს,
და გულზე ვიკრავ,
შენ კი...
ვახ, რად დადიხარ თმებგაჩეჩილი,
დამისხი, კოტე, გესმის არაყი.
...

დაუკარით!
რაც მოგინდეთ ისა, გესმით,
დაუკარით!?
გურამს დარდი არ ჰქონია,
რას უქარვებთ ...


მე ჩემი საუკუნის შვილი
რათა ვარ,
როცა მეგობრად ხაიამი გამხდომია.
ხაიამ, ნუ დამახარბებ შენ
მწარე ღვინით,
მაგაზე უფრო მწარე არაყსა
სვამს გურამი ყოველ უზმოზე
და ყოველ დილას.


ლეილა!
სად გაქრა სევდა შენი თვალებიდან,
სპარსული უძირო ღამე და ბაიათი.
ლეილა!
არყის ფერივით რატომ გაიცრიცა
შენი წამწამები,
სახე მთვარე და ტუჩები ბროწეულის.
განა იმიტომ მარტო, ო, ლეილა!
რომ ჭაჭის ნექტრით გურამის
გული ჩაწვას.




როგორც შავ ორმოში ფეტვის მარცვალი,
უკუნეთ დროში
ისე უკვალოდ ჩავარდა ჩვენს შუა ო, ხაიამ,
ცამეტი საუკუნე.
და ერთი, რაც მოხდა,
შენ ღვინოს სვამდი,
მე კი არაყს ვსვამ.

ხაიამ!
გურამს იმდენი აღარა სცალია,
რომ დოქით ღვინო
და ფიალით შარბათი
შესვას.
ხაიამ!
გურამი არაყს სვამს ერთ ჯერზე
ნახევარბოთლებით
და სადღაც გარბის.
1957 – 1958
თბილისი, მოსკოვი

შენიშვნები


(1957 წელი)

მწერლის არქივში შემონახულია `იაპონური პოეზიის~ კრებული (პატარა ფორმატის მუქშინდისფერშავი მაგარყდიანი წიგნი), რომლის შესახებაც გურამი ერთ-ერთ დღიურში წერს: `იაპონური პოეზიის~ გავლენით დავიწყე მინიატურების წერა~. `იაპონური პოეზია~ გურამის სამაგიდო წიგნი იყო მთელი 1957 წელი. ამ პერიოდის ზოგიერთ მოთხრობას წამძღვარებული აქვს აქედან ამოკრეფილი სტრიქონები (იხ. ტომი 2).
გურამის გარდაცვალების შემდეგ, არქივის პირველივე დალაგებისას, სხვადასხვა საქაღალდეებში გაბნეული ორ-სამსტრიქონიანი პატარ-პატარა ლექსები, რომელთაც გურამი `მინიატურებს~ უწოდებდა, მოთავსდა ერთ საქაღალდეში. ხელწერის მიხედვით, ეს მინიატურები დახარისხდა შავ და თეთრ ავტოგრაფებად (ზოგიერთის რამდენიმე შავი ვარიანტი არსებობს. ზოგი კი საერთოდ არ არის გადათეთრებული). მათი თანმიმდევრობით პუბლიკაციისას ძნელი აღმოჩნდა მწერლის ბოლო ნების გათვალისწინება, რადგან, ხშირ შემთხვევაში, გვაქვს მხოლოდ პირველი-მეორე გვერდები, მინიატურები მეორდება და სხვ. განსხვავება შავ და თეთრ ვარიანტებს შორის თითქმის არ არსებობს.
მინიატურები დაწერილია, ძირითადად, მსგავს თაბახის ფურცლებზე ერთნაირი ხელითა და კალმით, რაც მიანიშნებს, რომ ისინი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს უნდა იყოს შექმნილი, ვფიქრობ, სულ სამი-ოთხი დღის განმავლობაში. ასეთსავე ფურცლებზეა დაწერილი 1957 წლის თებერვლისა და გაზაფხულის პატარ-პატარა მოთხრობებიც. შიგადაშიგ გვხვდება ისევ ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ასო `ტ~, შიგ ჩახატული ადამიანის სახით, პატარ-პატარა ჩანახატები. ერთ-ერთი მინიატურის ავტოგრაფზე არის მოხაზული `მაგიური წრე~ (მწერლის სიტყვებია), რაც შემდეგ მეორდება სხვა მინიატურებშიც და, აგრეთვე, `სამ-სამი ამბის~ თავფურცლებზეც (იხ. შენიშვნები `ავტოგრაფების დახასიათებისათვის~ ტომი 1, და ტომი 2, შენიშვნები `სამ-სამი ამბისათვის~).
მინიატურები დავაჯგუფე შავ და თეთრ ვარიანტებად. შავ ავტოგრაფს (1_12გვ.) აქვს ორი თავფურცელი: ერთი _ `დღიურის~ გარეშე (`მინიატურები ერთი ხელის მოსმით ერთ საღამოს. სათაური: `შეგიჭამე ცოცხი~), მეორე კი _ `დღიურით~ (იხ. ნაბეჭდი ტექსტი). ამ თავფურცელზე მოთავსებულ მთელ სათაურზე ფანქრითაა მოხაზული, ვფიქრობ, მოკეცილი მაიმუნი. შავი ავტოგრაფი დათარიღებულია 9 მარტით. თარიღი დაწერილია პირველივე მინიატურის მარჯვენა მხარეს _ `1957 მარტის 9.~
1957 წლის `სამი ამბავი ისევ~-ისთვის წამძღვარებულ დღიურზე (იხ. ტომი 2, გვ. 50) დაყრდნობით, შეიძლება ზუსტად დადგინდეს პირველი მინიატურების დაწერის თარიღი:
`დავიწყე მინიატურების წერა გუშინ, 27-ში. შავმა ღვინომ აღმაგზნო. დავითვერი. ჯერ `იაპონურ პოეზიას~ ვკითხულობდი. ნოდარი ცეკვავდა კუბის ჯაზზე `ბუგი-ვუგის~. ვიჯექი. ვწერდი. გავაკეთე 21. აი, ერთ-ერთი მათგანი:
ჩვენი დრო
ბუგი _ ვუგი!
მეფისტოფელი? არა! ჰამლეტი?
არა!
კაფეში ცეკვავს შიშველი ზანგი.~
ვფიქრობ, რომ აქ უნდა იგულისხმობდეს მინიატურები, რომლებიც გურამმა დაწერა შუაში გაკეცილ ისეთსავე თაბახის ფურცელზე, როგორზედაც დაწერილია სხვა მინიატურები. მეორე მინიატურის ქვემოთ დიდი ასოებითაა დაწერილი მწერლის ფაქსიმილე. მწერლის გვარის შემდეგ, შტრიხებით, ჩახატულია გეომეტრიული ფიგურები, რომელთაც მოჰყვება, ვფიქრობ, მისი პირველი მინიატურები, დაწერილი 27 თებერვალს: `აყვავდა კვირტი სადღაც~, `მერცხალი შავი ისარივით,~ `ვიჯექი დაღლილი,~ `თვალები არ მიყურებდნენ..~, `თვალები არ უყურებდენენ~, `შეყვარებული~, `ფეხები ცეკვავდნენ,~ `_აბა სიყვარული?~, `ოძელაშვილი არსენა!~ ამ თარიღის სასარგებლოდ მეტყველებს, აგრეთვე, პირველივე მინიატურის სიტყვები: `მარტია ხვალზევით.~
ერთ-ერთ თავფურცელზე მითითებული მინიატურების რაოდენობისა (`სულ ოცდახუთი~) და საერთო პაგინაციის მიხედვით გაერთიანდა 25 მინიატურა, თავისი თავფურცლით. ეს მინიატურები დათარიღებულია 1957 წლის 9 მარტით.
მინიატურების ბოლო ფურცელზე არის ისევ მწერლის ფაქსიმილე და მინაწერი: `საბოლოოდ დავქლიავდი.~
არსებობს `მინიატურების~ მწერლის მიერ შეკრებილი, 10 მარტით დათარიღებული, თეთრი ვარიანტი, თავისი თავფურცლით, ვრცელი სათაურის გარეშე: `სათაური: შეგიჭამე ცოცხი~, რასაც მოჰყვება `დღიური~, თავისი თარიღით (იხ. ნაბეჭდი ტექსტი).
მინიატურების თეთრი ვარიანტები ავკრიფე: საერთო პაგინაციის (1_12გვ.), ხელწერის (დაწერილია ლამაზი, მომსხო, გამოყვანილი ასოებით თაბახის ფურცლის ორივე გვერდზე, თითოზე ორი ან სამი მინიატურა) და გაფორმების სტილის (თითქმის ყველა გვერდზე არის რაღაც ჩანახატისმაგვარი) მიხედვით. მინიატურები ერთმანეთისაგან გამოყოფილია გამყოფი ხაზებით: `___ . ___~. ბოლო მინიატურა ისეთივე ხელითაა მიწერილი მეთორმეტე გვერდის არეზე. თითქოს გურამს უნდოდა, ისე როგორც ზოგიერთ სხვა შემთხვევაში, ტექსტი აუცილებლად ამ გვერდზე დატეულიყო. 9 მარტის მინიატურებიდან, რომლებიც შეიძლება 10 მარტით დათარიღებული მინიატურების შავ ვარიანტად მივიჩნიოთ, გადათეთრებულში შესულია 19 მინიატურა. არ არის შეტანილი: `მკითხეს: რა არისო სიყვარული?~, `ისევ მომიტაცა ურჯუკას ულაყმა~, `ცხენი თუ მხედარი?~ `ჟურნალი: В защиту мира~, `სახლის კედლები დგას დანგრეული~, `ლექსი პრეტენზიებით~.
10 მარტის თეთრ ვარიანტში შესულია, აგრეთვე, მინიატურები, რომლებიც, ჩემი ვარაუდით, დაიწერა 27 თებერვალს ორად გაკეცილ თაბახის ფურცელზე: `მერცხალი შავი ისარივით,~ `_ აბა, სიყვარული?~, `ოძელაშვილი არსენა!~ არ არის შეტანილი: `აყვავდა კვირტი სადღაც~, `ვიჯექი დაღლილი,~ `თვალები არ მიყურებდნენ..~, `თვალები არ უყურებდენენ~, `შეყვარებული: ..~, `ფეხები ცეკვავდნენ.~

სხვა მინიატურები დაწერილია ცალ-ცალკე ფურცლებზე. მათი უმეტესობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დანომრილია პირველ-მეორე გვერდებად. ბევრი მინიატურა, რომელიც შესულია 27 თებერვლით, 9 მარტით და 10 მარტით დათარიღებულ მინიატურებში, ამ ფურცლებზე მეორდება. სავარაუდოა, რომ ისინი, თავდაპირველად, ამ თაბახის ფურცლებზე დაიწერა.
ქვემოთ ის ავტოგრაფები შერჩევითაა დახასიათებული, საჭიროებისამებრ:

* `პირველი სიყვარული~, `გოგო ტიროდა მარტო~. მეორე მინიატურა დაწერილია ორჯერ, ერთმანეთის მიყოლებით. ერთ-ერთს მიხატული აქვს მტირალა გოგო. არსებობს შავი ვარიანტიც.

* `ტრამალში უკრავდა გარმონი~. გვაქვს ერთი თეთრი და ორი შავი ავტოგრაფი. ერთ-ერთ შავ ავტოგრაფს მიხატული აქვს გაშლილი აკორდეონი.

* `ექსკურსიაზე~ _ თუ მინიატურა `ექსკურსიაზე~ 9 მარტამდეა დაწერილი, მაშინ გურამი უფლისციხეში ყოფილა 1957 წლის 4 ივლისამდეც, ე.ი. იქამდე, სანამ `ცისკარი~ გაგზავნიდა მას იქ მივლინებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კონკრეტულად უფლისციხეზე ნარკვევის დაწერის იდეა მოდიოდა მისგან. ამ ფაქტს ამტკიცებს მწერლის ზოგადი ინტერესიც შუა საუკუნეების მიმართ (იხ. კომენტარები `სურამის ციხისათვის~). შავ ვარიანტში თავდაპირველად დაწერილი `ღმუოდა ქარის~ შემდეგ: `ქარი შევარდა ქვის ქვაბში~ და `ქალაქი ძველის~ შემდეგ სიტყვები `ჩაქუჩით ეწერა~ გადაშლილია მწერლის მიერ.

* `ზანგი აწყდებოდა ბაგირს~. თეთრ ეგზემპლარს მიხატული აქვს კრივის ხელთათმანი. შავ ეგზემპლარს არა აქვს ეპიგრაფი.

* `ზის სადღაც სპარსი~. თეთრ ვარიანტს მიხატული აქვს ჩიბუხი, თავისი გრძელი საჩხიკინებლით.

* `დაბრუნება (სიზმარი)~. შავ ვარიანტში: `დაბრუნება სიზმარში~.

* `უკრავს ლუი არმსტრონგი~. თეთრ ვარიანტს მიხატული აქვს ქალის მკერდი და დაბერილი, კბილებდაკრეჭილი სახე. წააგავს ზანგს.

* `თმები ბოქსი~. თეთრს მიხატული აქვს ბიჭის პროფილი, ბოქსად შეჭრილი თმით. შავ ვარიანტში გვაქვს: `თმები გრძელი~.

* `ტაქსი: ჭადრაკის ზოლებით~. ამ მინიატურის შავი ვარიანტი დაწერილია 9 მარტს, მოსდევს `ლექსს პრეტენზიებით.~ თეთრში სიტყვა `ტყაპუჭში~ `ტ~-ში ჩახატულია ადამიანის სახე. თეთრში გვერდით მიხატულია ორი ერთმანეთის გადამკვეთი ისარი.

* `თავის დახრჩობა!~ შავი ვარიანტი: `თავის დახრჩობა ან დედას მოკვდომია შვილი.~

წყალი ამღვრეული;
გაზაფხულობით გიჟდება მტკვარი..
__ . __
სახე დახოკილი
თმები ჩამოშლილი
თვალები ამომშრალი თვალები იყურებიან:
წყალი ამღვრეული.
__ . __
მტკვარი ავარდნილი
დედას მოჰკვდომია შვილი.

ხაზგასმული სიტყვები გადაშლილია იმავე ვარიანტში მწერლის მიერ. შავ ვარიანტში _ ნაწილობრივ, ზევიდანაც ტექსტზე _ ჩახატულია ახალგაზრდა კაცის პროფილი, შესაძლოა, ავტოპორტრეტი.

* მანქანა `სამოსვალი~. სიტყვაში `ტრამალი~ `ტ~ დაწერილია 1957 წლის გაზაფხულისათვის დამახასიათებელი ხელით.

* `იგივე ჯაზი..~ შავ ვარიანტში _ `გონება გამოფიტული!~ მინიატურის ბოლოს დაწერილია: `გ. რჩეულიშვილი. საბოლოოდ დავქლიავდი.~ თეთრში ხატია პატარა `მაგიური წრე~. შტრიხებში ჩახატულია სათვალიანი კაცის მოგრძო სახე, დიდი შუბლით. სახის ზემოთ დახატულია ისრები, რომელნიც სხვადასხვა მხარესაა მიმართული.


ლექსი პრეტენზიებით

* `დაჩეხილი სახე~
სათაურის ქვემო მარჯვენა კუთხეში წერია თარიღი: 1957 მარტის 9, რაც შეიძლება მივიჩნიოთ მომდევნო 24 მინიატურის დაწერის თარიღადაც. შტრიხებით ჩახატულია რაღაც, შესაძლებელია _ გატოტილი ხე. ეს ხის რტოები თითქოს ქმნიან ღია გზებს, რომელნიც სხვადასხვა მხარეს მიემართებიან. ამდაგვარი ჩანახატი გაკეთებულია `სამ-სამ ამბავთან~.

* `მკითხეს: რა არისო სიყვარული?~ _ ორი შავი ავტოგრაფი.
ამ მინიატურის ქვემოთ გაურკვეველი ჩანახატია. შეიძლება აღქმულ იქნეს ოდნავ შეღებულ ალაყაფის კარად. მის ქვემოთ ხატია `მაგიური წრე~ და წერია: `იწყება!~ ამავე ფურცლის მეორე გვერდზე დაწერილია მინიატურები: `ცხენი თუ მხედარი?~ `ახლა~ (9მარტი)

* `ისევ მომიტაცა ურჯუკას ულაყმა~ _ სამი შავი ავტოგრაფი, დათარიღებული 9 მარტით.
ურჯუკა იყო გურამის თანაკურსელის, ბერდია გოგოჭურის ბიძაშვილი, ხევსური, რომელიც ცხოვრობდა თეთრ წყლებში. მასთან დაკავშირებულია ნუგზარ წერეთლის ერთი მოგონება, რომლის შესახებაც ის წერს წიგნში: `მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ~ (1980 წელი. გვ. 29_30). ერთხელ თურმე ბერდიამ დაპატიჟა ნუგზარი და გურამი თეთრ წყლებში. გურამი ჩასვლისთანავე, როგორც იცოდა ხოლმე, მოახტა, ერთ უბელო ცხენს, რომელიც იქვე იალაღებზე ბალახობდა, მაგრამ მას მალევე დაუბრუნებია ეს ცხენი უკან `ჯაგლაგობის~ გამო. ურჯუკამ, რომელმაც იცოდა გურამის მხედრობის ამბავი, შესთავაზა გურამს გაუხედნავი ცხენი და შეჯიბრშიც გამოიწვია. ნუგზარი იგონებს, რომ გურამმა აჯობა ურჯუკას და ნიძლავში მოუგო ცხვარი.

* `დედას იგინებოდა ლოთი~ _ ერთი ავტოგრაფი. მის ქვემოთ დიდი ასოებით წერია `ტიპი~. `ტ~_ში გამოკვეთილად არის ჩახატული ადამიანის სახე.

* `იკვლებოდა საკლავი~ _ ბოლო სტრიქონის გასწვრივ დიდი ასოებით მწერლის ხელმოწერაა, რაც ძალიან ხშირია ამ პერიოდის ნაწარმოებებში. მის ქვემოთ წერია რამდენიმე `ტ~, ადამიანის სახეებით, და სიტყვა `ტუტუცი~.

* `მის დანახვაზე ბავშვები ტირიან~ _ ერთი ავტოგრაფი. მინიატურის ქვემოთ დიდი ასოებით წერია `ტიციან ტაბიძე.~


(1960)

`როგორც შავ ორმოში ფეტვის მარცვალი ...~

ეს კუპლეტები (მათ შეიძლება ბაიათებიც ვუწოდოთ) დაწერილია ყავისფერ, ბლოკნოტის ტიპის რვეულში, რომელიც გაგრიდანაა ჩამოტანილი. რვეულს მამაჩემის ხელით აწერია `გაგრიდან.~ დაწერილია შავი წაუთლელი, ქიმიური ფანქრით რვეულის ბოლო გვერდებზე _ თითო გვერდზე თითო კუპლეტი. ის, რაც ავიღეთ ეპიგრაფად, მიწერილია ამავე რვეულის ცარიელი ფურცლის ერთ-ერთ კუთხეში. აქვე არის ჩანაწერები ვახტანგ ჭელიძისადმი მიწერილი წერილისა და ტრაგედიისათვის `მედეა.~ ამავე რვეულშია რუსული ლექსი `В душе моей происходило!~ (იხ. შენიშვნები ამ ლექსისათვის).

??????