რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

მე განა სიყვარული მინდოდა 

სამი ამბავი

(ორი დღეა არ დამილევია, სულ ფხიზელი ვარ, მხოლოდ ჩიბუხი მახვევს ბრუს.)
დილა. 1957 წლის 19 თებერვალი. 1030-1110.
ვმართავ პატეფონს: ის ხრიალებს: მე ვწერ.


ამბავი I: გურამი, ვალია და ოფლი


(ცხელა, თავი დამანებე.)

დილით ზღვა ხმაურობდა: სადღაც დიდი ტალღა შეაჯდებოდა პატარას, მერე პატარა თავისზე პატარას, მეოთხე ისევ დიდი გამოდიოდა. ნაპირთან მლაშე წყალი სილაში ერეოდა: მასში შეჟონილი ზღვა ქაფსა ტოვებდა.
დილით გრილოდა,
მერე დაცხა,
მერე უფრო დაცხა.
შუადღეს ტალღები დაპატარავდნენ. ქვიშაზე მლაშე წყალი ამოსვლას ვეღარა ბედავდა.
გურამმა დამწვარ ბეჭებზე პერანგი გადაიფარა.
ვალიამ სარაფანიც გაიხადა.
იწვა ტიტველა და იხრუკებოდა:
მერე ახლო მიუწვა ბიჭს და ბეჭებზე ხელი დაადო. გურამი შეიშმუშნა:
ის უფრო მიეტმასნა:
შუადღის სიცხეში ოფლი იცის;
ვაჟი წამოხტა და წყალში შევარდა. ქალი შეჰყვა. გურამმა სიჩქარეს უმატა. ვალია ჩამორჩა.

წელი 1957. თებერვლის 19.

პატეფონი მიდგას ყურთან. ცოტა მოშლილია, ნემსი გაცვეთილი: წივის. იწივლოს რა: სამაგიეროდ სხვა არაფერი მესმის: არც მინდა. ვუკრავ ერთსა და იმავე რაღაცას. უნიჭო ტანგოს ფირფიტა ტრიალებს, მეზარება გავაჩერო, თორემ სახელს დავწერდი მუსიკისას. წერა არ მეზარება: ეტყობა შევეჩვიე. დღეში ერთი საათი არ მეზარება. მერე კი.


ამბავი II: გელა და ვიღაცეები


გელამ სახელოები დაიკაპიწა, მერე თხილამურები გაასწორა და დაეშვა. ფეხები ერთად ჰქონდა, ტანი ოდნავ მოხრილი: თავზე ბერეტი ეხურა. უჯოხო ხელები თავისუფლად ეჭირა. ბოლომდე ასე ჩამოვიდა. ბოლოს დაებერტყა, უცებ წამოხტა გაწითლებული. მიიხედ-მოიხედა მალულად. ვიღაცეები სადღაც ხარხარებდნენ. ვიღაცეები სადღაც სრიალებდნენ. იქვე სურათს იღებდნენ.
- კრეპლენია არ იჭერს. - თქვა თავისთვის თუ ვიღაცისთვის გელამ და შიშველი ხელებიდან თოვლი არ ჩამოუწმენდია, ისე დაიწყო მაგრად მომჯდარი სამაგრის გამაგრება.

1957. თებერვლის 19.

მგონი შეყვარებული ვარ. თუმცა როდის არა ვარ. არა, ახლა ვიცი, ვინ მიყვარს. ჰო. ვიცი. ჰა? ჰო, ვიცი. ვეწევი ყალიონს უკვე, მეათეს: დავითვერი: ვბოდავ.


ამბავი III: ჩემი დღე (გურამი)


გურამი იჯდა. მერე ადგა. იარა: მოვიდა. მერე დაწვა.
- დაღამდა, - თქვა დედამ.
- ჰო! - თქვა გურამმა და დაიძინა.

წელი 1957. თებერვლის 19.

საცაა, ის მოვა: სად ვუშოვო ფული: ვინ არ მოვა? ერთი მაგათი. ოჰ, ნეტავ, იაპონია იყოს. არა, აქ საქართველოა: რა ვქნა? ისევ დავიწყო?
ყალიონი მათრობს: ვბოდავ.

შენიშვნები

გვაქვს დასათაურებული და დათარიღებული მხოლოდ შავი ავტოგრაფი(1+1-4+1-3+1-2გვ.). პირველი გვერდი წარმოადგენს თავფურცელს სათაურით, კომენტარით, თარიღითა და მინაწერით (იხ. ნაბეჭდი ტექსტი). ბოლო ორ ამბავთან სათაურები დასმულია გვერდის ზედა კიდეში უფრო პატარა ასოებით. ისინი, ვფიქრობ, ავტორის მიერ შემდეგ უნდა იყოს ჩაწერილი.
მკითხველს მივაქცევინებ ყურადღებას “ჩემი დღის” მარტივ, უბრალო სიუჟეტზე, სადაც, ჩაკეტილ დროსა და სივრცეში განსხეულდება ადამიანის ცხოვრების ძირითადი სიუჟეტი, “ყველა სიუჟეტის სიუჟეტი”.
ამონაწერები 1958 წლის შემოდგომის დღიურებიდან:
“ ... სამყაროსათვის, რომელსაც არა აქვს დრო და სივრცე, ზუსტად ერთი და იგივე წონა აქვს ცხენის ჭენებას და გინდ დედამიწისათვის საჭის გაკეთებას - ერთ წერტილს და მილიონ გალაქტიკას ერთად, ამიტომ არის ადამიანი ყველაზე ჭკვიანი არსება (ცხოველიც), რომ წვრიმალად არ თვლის არაფერს, დიდთან შედარებით. რადგან არ არსებობს დიდი უსასრულობისათვის (შედარებითიც კი) და მისთვის ტოლფასოვანია კაცის სიკვდილი და ოთხი მილიონი გალაკტიკის ერთად ნგრევა. ამიტომ არის ყველა წერტილი სამყაროს ცენტრი, ამიტომ არის ყველას განცდა ცენტრი სხვა განცდებისა ... რადგან არ არსებობს დიდი და პატარა და რადგან ერთი წერტილი ან განცდა ისეთივე დიდია, როგორც ჩვენთვის მოჩვენებითი სიმრავლე და სიდიდე...”
“ ... ეს არის ჩემი აბსტრაქტული ჭვრეტა, რომელიც მეუბნება, რომ არ არსებობს ახლო და შორს, ისევე როგორც არ არსებობს პატარა და დიდი მატერიისათვის და სულისათვის. ამიტომ ორი სიდიდიდან, ვთქვათ, ერი და ჩემი და - ორივე უსასრულობისათვის არის ტოლი სიდიდე, ... მე ისევ ავურიე, ისევ გადავედი, მაგრამ იმდენად ცხადად, მარტივად და კარგა ვხედავ ამ ზომების უაზრობას დროში, სივრცეში, რომ ვერავითარ განსხვავებას ვერა ვგრძნობ გლეხის კარმიდამოსა და მთელ სამყაროს შორის, ჩემ სულიერ განცდებსა და ყველა სხვა სულებს შორის, რომელიც მაინც უსასრულოდ პატარა რჩება.
ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვაგდებ არაფერს არაფრად - ე.ი. პირიქითა ხდება. ყველაფერს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ისეთივე გასაფრთხილებელია ერთი ადამიანის სიცოცხლე, როგორც მთელი დედამიწისა, რადგან ეს ადამიანი თავისთავად წარმოადგენს ცალკე სამყაროს ტოლს და თუ არ მიაქცევ მის სიკვდილს ყურადღებას, არ უნდა მიაქციო ყურადღება დედამიწის ატომით ორბიტიდან ამოვარდნასაც - უსასრულობისათვის, ორივეს ერთი ზომა აქვს ...”
გამოუქვეყნებელია.

??????