რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

ლოდინი 

შუქნათურაზე წითელი ენთო: გადასასვლელთან ხალხი იდგა. ქუჩაზე გრიალით მიდიოდა ტრამვაი. ვანო იდგა ხალხთან ერთად, წითელი სინათლის ჩაქრობას ელოდებოდა და ფიქრობდა: როდის აინთება მწვანე.

ცხენი უკანა ფეხით კოჭლობდა, ზურგზე უნაგირი ედგა, ზედ ხურჯინი ეკიდა. ხურჯინში ეწყო: რძე და მაწონი. კისერზე თოკი ება, თოკი კაცს ეჭირა, კაცი იძახდა: “რძე, რძე, მაწოონიი, აბა მაწონიი, კამეჩის კარგი, თან ახალი” და ფიქრობდა: “როდის გავყიდი, ან ნეტა რამდენს ავიღებ.” ცხენი კი მიდიოდა კოჭლობით: ძლივს იკავებდა ნატკენ ფეხს ასფალტზე.

დედა სამად ანაწილებდა საჭმელს. ბიჭები ჭამდნენ. ცარიელა ქვაბს ხეხავდა. ბიჭები ჭამდნენ: ორი ჩქარა, ერთი ნელა. ვანო და ვასო ფიქრობდნენ: კოტეს ჩვენზე მეტი ერგო დღეს. ვანო ფიქრობდა: ვასოსაც ჩემზე მეტი ერგო დღეს.
დედა იჯდა წყალთან და ცარიელა ქვაბს ხეხავდა ქვიშით.

 [1957 წელი] 10 აპრილი.

შენიშვნები

სამი პატარა ნაწარმოები, საერთო სათაურით “ლოდინი” (1გვ.), დაწერილია ერთ დიდი თაბახის ფურცელზე. თარიღში ზის მხოლოდ თვე და რიცხვი. წელი მიახლოებით დადგენილია ჩემ მიერ შემუშავებული კრიტერიუმის საფუძველზე. პირველი ნაწარმოები გადათეთრებულია.
ქვეყნდება პირველად.

??????