რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

კიდევ სამი ამბავი 

(თითოც დავლიოთ და ორი იქნება)

ვზივარ დაჩეხილი: გუშინ დემონივით თუ დურაკივით ვიყავი კონცერტზე.
ვზივარ დაჩეხილი და თავს ვინუგეშებ:
ვაჟაი ნაჩეხი ჯობია!
ღვინო რო მათრობელი სჯობს, ეგ მეც კარგად ვიცი. ძაღლის დედაც ავატირე!

სადღაც ვიწროებში

ნახირი აიზლაზნა ორღობეში.
წებოიან ტალახში ქალამანი იფლობოდა. მერე აღარ იფლობოდა. მთელი ღამე წვიმდა: გუბედ იქცა შარა. ტალახი გათხელდა. დილითაც წვიმდა.
ნახირი ქვევით ჩაუყვა ვიწროებს.
თენდებოდა.
დაღმართის ბოლოს დეკეული დადგა, მერე გუბეში პირქვეწავარდნილ კაცს თავი დაუარა: სხვებმაც ზევიდან გადასერეს გზა. მენახირე ზედ დაადგა ძირს დაგდებულს. ნელა გადმოაბრუნა და ჩაიჩოქა. “დოზანაანთ ვანოა”, გაიფიქრა მან, “არ მოიშალა ლოთობა, ნეტა მკვდარია?”
პერანგი ჩაუხია და გულზე დაადო ხელი.
ის არა სცემდა.
- საწყალი, ღმერთმა შეუნდოს, - თქვა მენახირემ და უკან ავიდა ვიწროებიდან შარაზე.
ვანო სახლში აასვენეს.
ცოლი ჩუმად ქვითინებდა;
მერე თადარიგს შეუდგა.
გარეთ გლეხებს კახური ქუდები ხელში ეჭირათ.
- რა მოუვიდა კაცო ვანოს? - იკითხა ქიტესამ.
- ლოთობდა, ხო იცი, - თქვა კოლამ.
- ვიცი, მაშა.
- ჰოდა მთვრალი პირდაღმა დაცემულა და ვერ გადმობრუნებულა.
- სადა, კაცო?
- სადღაც ვიწროებში.

წელი 1957. მარტის 7.

უდაბნოში შუადღეზე

ინგილო მეველე ზლაზვნით გადაბრუნდა. ბუზი წამოფრინდა და იქვე დაჯდა. ახლა ის მარჯვენა კედელს უყურებდა. ცოტახნის მერე გულდაღმა დაწვა.
კიდე გავარდა თოფი.
- ისვრიან, - თქვა ჩუმად და წამოდგა. შაშხანა კედელზე ეკიდა. ის სამფეხაზე ჩამოჯდა და ჩალბობილი ტყავის ამოქნა დაიწყო.
ახლა სანადირო თოფის ხმა მოისმა.
ცალყურა ძაღლი წკმუტუნებდა.
“ალბათ მოკლეს ვინმე”, გაიფიქრა და დანა ამოიღო, მერე ტყავის დაჭრა დაიწყო.
ტყავი ღამე კარგად დამბალიყო და ადვილად ემორჩილებოდა.
მიწურში გრილოდა.
ბუზები ცერზე ასხდებოდნენ: ფრჩხილი ახლეჩილი და დაჩირქებული ჰქონდა.
მეველე იჯდა და ქნიდა ქალამანს. ძველები კუთხეში ეყარა. ფეხებზე დახეული წინდები ეცვა.
კუთხეში ცალყურა ქოფაკი თვლემდა.
გარეთ ცხელოდა და ქარი ქროდა:
უდაბნო მტვრით იყო სავსე.
კარი თათარმა შემოაღო. ის სულ ნაცრის ფერი იყო: ოთახში მტვრის და სიცხის სუნი დადგა.
- სალამ, - თქვა მან.
- რა გინდა? - თქვა მეველემ.
- შენი სიცოცხლე, - თქვა თათარმა.
- კიდე?
- კიდე ერთი პაპიროსი.
მეველემ თარო დაანახვა. თაროზე მახორკა ეყარა. თათარმა ქონიან გაზეთში შეახვია. გააბოლა.
- წეღან ტახი მოკლეს, - თქვა მან.
- ჰოო.
- ზანდიმ მოკლა.
- მე კაცი მეგონა მოკლეს, - თქვა მეველემ.
- კაცი არა, - თქვა თათარმა.
ერთი ქალამანი უკვე მზად იყო.
კუთხეში ცალყურა ძაღლს წინა თათებზე დაედო თავი. თვლემდა.
თათარი ახლა მეორეს აბოლებდა.
მეველემ მეორის ამოსხმაც მოათავა. მერე ტყავის ცალი ყური მოსულს დააჭერინა და სათასმეების ჩამოჭრა დაიწყო.

წელი 1957. მარტის 8.

მომილოცავს 8 მარტი, დებო, დედებო, გოგოებო და ჩემო გოგოვ. თქვენ იცით, როგორ გამოიყენებთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს! ურა!


სოფლიდან კივილი ისმოდა

ჯერ მუხლამდე ჩავიდა. მერე ჩაწვა. შემხმარი ტალახი ჯერ წყლით გაეჟონა, შემდეგ დაულბა. მზე გუბის შუაში აჭერდა. ზედაპირზე ნემსიყლაპიები დაფრინავდნენ.
კამეჩი იწვა.
გუბეში კიდე სამი კამეჩი იწვა.
სხვებს ადგილი არა ჰქონდათ:
ოთხი, ტანზელაფშემხმარი, სიცხეში იდგა, ხუთი ჩრდილში თვლემდა.
იცოხნებოდნენ.
მზე აჭერდა.
გუბეში ჩაწოლილები სიამოვნებით იშმუშნებოდნენ. წყალი ორთქლდებოდა, ზოგს შავი კანი იწოვდა. ჩქარა სულ ამოშრა წყალი და სქელი ტლაპო დარჩა.
სადღაც იწუვლა კოღომ.
გუბეს ჩრდილი წაეპარა.
ვანომ ხელი მოიჩრდილა და სახრე მოხარა. “ცოტას კიდევ წავაძოვებ”, გაიფიქრა. მერე კოჭლობით ადგა და დაუარა.
ნელა აიზლაზნენ კამეჩები.
ნახნავებში მომკილი პურის ძირებიღა იყო დარჩენილი. გუბეში მწოლარეებს ორთქლი აუვიდათ. მერე ტყავზე ტლაპო შეიკრა და დასკდა.
უხალისოდ ილოღნებოდნენ.
ბოლოს დარჩენილები ისევ წამოწვნენ;
ვანომ სახრით გამოაფხიზლა.
თვითონაც აითრია ფეხი ნახნავებში. ფეხშიშველა ტერფს მჩხვლეტავ მომკილზე ადგამდა პირდაპირ. სქელი კანი ვერაფერს გრძნობდა.
მეორე ხისა ჰქონდა. ხე იყო ბოლოში წვრილი და ღრმად ეფლობოდა ხნულში. უფრო კოჭლობდა ვანო.
ნახირი ნელა მიდიოდა ზევით.
მზე უფრო დაიხარა.
კოღოებმა წუილს უმატეს.
ნახირი შარას აუყვა.
სოფლიდან კივილი ისმოდა. “ალბათ, მოკვდა ვინმე”, გაიფიქრა ვანომ.
ახლა ზევიდან დაუარა კამეჩებს.
კივილმა იმატა.
ვანომ უაზროდ გაიხედა, მერე ხელი მოიჩრდილა. მზე ისევ ეკიდა სადღაც. “ჯერ ცოტა ადრეა”, გაიფიქრა მან და სვლას უკლო. კამეჩები თხრილის კიდეზე ამოსულ მტვრიან ჯაგს გლეჯდნენ.
ნელა მიდიოდნენ წინ.
სოფლიდან კივილის ხმა მატულობდა.
ვანო უყურებდა მიმქრალ მზეს და არაფერზე არა ფიქრობდა.

წელი 1957. მარტის 8.

რადიოში რვა მარტის სადღეგრძელოდ რუსეთის ქალთა გუნდი მშვიდობას, მეგობრობას, ქალების თავისუფლებას უმღერის. მაშ კიდევ მომილოცნია დღეს მეორედ. რა-შუაშია-ვანო ა?


შენიშვნები

არქივში ინახება დასათაურებული და დათარიღებული სამივე ამბის როგორც შავი, ასევე თეთრი ავტოგრაფები. თავფურცელი უძღვის სამივე ამბავს ერთად. შესავალი დღიური მიჩნეულია ტექსტის ნაწილად. პირველი ამბის “სადღაც ვიწროებში” შავი და თეთრი ავტოგრაფები შეიცავენ ორ-ორ გვერდს. მეორე ამბის “უდაბნოში შუა დღეზე” შავი ავტოგრაფი შეიცავს ოთხ გვერდს, თეთრი - სამს. მესამე ამბის “სოფლიდან კივილი ისმოდა” შავი და თეთრი ავტოგრაფები შეიცავენ ოთხ-ოთხ გვერდს. სხვაობა შავსა და თეთრ ავტოგრაფებს შორის მხოლოდ ზოგიერთ სასვენ ნიშანშია. მეორე ამბის თეთრი ავტოგრაფის მესამე გვერდზე ფრაზასთან “მე კაცი მეგონა მოკლეს - თქვა მეველემ ” მძიმე გადაშლილია მწერლის მიერ. შავ ავტოგრაფში მოკლე წინადადებიანი აბზაცების ბოლოს წერია წერტილები, თეთრში - არა. ერთ-ერთ ავტოგრაფს სხვა ხელით აწერია სათაური: “სოფლიდან კივილი ისმოდა”. ერთ-ერთი ავტოგრაფის ცარიელ გვერდზე ხატია თუშურქუდიანი კაცის პროფილი. ჩახატულია მელნით. შესაძლებელია, ეს იყოს მენახირე, ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟი. მეორე ავტოგრაფის პირველი გვერდის სათაურის მარცხენა კუთხეში ჩანახატია: აბლაბუდები ან დახაზული ჭერის კუთხე. მის ქვეშ ხატია მონადირის თოფი. თოფის ლულა მიშვერილია აბლაბუდებიდან გარეთ.
ამ მოთხრობებში თითქოს უფრო გამოიკვეთა “ამბის” გურამისეული გაგება. ამბის მოლოდინი მუხტავს მოთხრობას და მკითხველს რაღაც ამოუხსნელი საიდუმლოს ზღვართან აჩერებს. სამივეში არის თითქოს განგაშის, უბედურების მაუწყებელი ნიშანი: თოფის ხმა, კივილი..., რაც უშუალო შეჯახებისას აღიქმება მხოლოდ კოღოს წუილად, ძაღლის წკმუტუნად და სხვ. კაცის სიკვდილი არც ერთ მოთხრობაში არ იქცევა ამბად, არსად არ გადაილახება ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი, ჩვეული გარემო, ყოველდღიურობის განცდა, რაც, ისე როგორც “მილიციელ ვანოში”, უამბობის ფონსა ქმნის. ასე რომ, ამ სამ პატარა მოთხრობაში არის, ერთი მხრივ, ბუნებრიობა ამ სიკვდილებისა, ის, რომ სიკვდილი ამბავი არ არის და, მეორე მხრივ, სტილში, დამუხტულ ატმოსფეროში იგრძნობა განცდა და ტკივილი იმის გამო, რომ სიკვდილი არაფერია, რომ ის არ იქცევა ამბად (იხ. ტომი 1, “ნელი ტანგოს” შენიშვნები).
I სიაში ეს სამი მოთხრობა ცალ-ცალკეა შეტანილი: “8. სადღაც ვიწროებში”, “9. უდაბნოში შუადღეზე”, “6. “სადღაც წუოდა კოღო.”
პირველად გამოქვეყნდა “სადღაც ვიწროებში” და “უდაბნოში შუა დღეზე” - 1961 წელს წიგნში “სალამურა.” ერთად ქვეყნდება პირველად.

??????