რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

დევების ცეკვა 

რიჰა - ა! დიდება მარიამს უშგულისას,
შესაწირი გინდოდა ძლიერისა!

ძილი არის ბუნების შემოქმედება!
შავად სძინავთ სვანეთის მთებს, ლელასა და ბანგურიანს, მულახის დედოფალს _ ქალწულ თეთნულდს; წვანან მათ შუა მთები ჯვარედინად, პირდაპირ, გულაღმა, ოცნებისგან გარინდებულები, უდარდელად თავქვეშხელამოდებული, და გულდაღმა, მგრგვინავი, მბორგავი ძილით სავსენი. სძინავთ უთვალავ ხეობებს, ქიმკლდეებს, ხეობებში მყინვარებად გაქვავებულ ნაკადულცრემლებს, თავიანთ თეთრ საფარველზე უაზროდ დაგდებული უზარმაზარი ქვებით, ქვებით, რომლებსაც არც სამშობლო აქვთ, არც ბოლო, არც დასაწყისი და თავისი უცნაური სიმარტოვის სიფხიზლით უნებურ პატივისცემას იმსახურებენ ღამეში.
დიდი ხანია გაყუჩდნენ სვანეთის მთები, თუმცაღა შუაღამე ჯერ არ დამდგარა – ქედები იძინებენ მზის ჩასვლისთანავე; ზედიზედ იხდიან რუხ, თეთრ, გამჭვირვალე, ქულა ნისლების ტანსაცმელს; შიშვლდება გარემო სიბნელეში, ვერაფერი ვერ უძლებს მათი ძილის სიმშვენიერეს; ყველა ხელის შემშლელი იმალება ხეობაში, გუბდება, ინაბება ან იძინებს, ან უყურებს და სუნთქვას ვერ ბედავს, რჩებიან შიშველი, ურცხვი თავისი სილამაზით მთები.
ძილი არის ბუნების მშვენება! ხოლო ყველაზე კარგი ძილი მთებს შორის თეთნულდმა იცის; ის იცდის ყველაზე მეტ ხანს, ზურგს უკან მალავს თავისი სილამაზის სარკეს და როცა ყველაფერი შეწყვეტს მის გარშემო მოძრაობას, იხდის თავის საფარველს, მაღლა სწევს ნელი, ჰარმონიული მოძრაობით აქამდე დამალულ მთვარეს, ღამისგან გაბრუებული იხედება შიგ, იშმუშნება, რამდენიმე დარჩენილ ქულა ქათქათა ღრუბლის ბალიშზე მისდებს თავს და სიზმრებად იქცევა.
რიჰა_ა! დიდება მარიამს უშგულისას!
ვინ იცის, ვის აუხდება მშვენიერი ქალწულის მუდმივი ზმანება.

მთვარის უმოძრაო შუქზე შეუჩერებლივ გარბიან დაბლა ხეობიდან მაღლა ხევისკენ ერთი დედის შვილები, თორმეტი ძმა ხორჯოლანი!
ღამის წყვდიადში ბატონდებიან ადამიანის გონებაზე თავშეუკავებელი ვნებები, ყველანაირად შევიწროებული ხელოვნურად, შენიღბული და შეძლებისდაგვარად მიჩქმალული მზის სინათლეზე. ახლა კი აღარაფერს არ შეუძლია შეაჩეროს, ლაგამი ამოსდოს მათ. სიბნელეში იკარგება ყოველგვარი აზრი, ავადმყოფური თუ ჯანსაღი, და განუსაზღვრელად ბატონდება მხოლოდ ჭეშმარიტი არსი – ვნება! შეუჩერებელი ლტოლვა ერთისადმი, ერთისაკენ, ერთნაირი ძალით.
საბედისწეროდ მიგრგვინავენ სვანის ვაჟები ლოდებით ჩახერგილ ხევში მთის წვერისაკენ, მთის იქით ფერდაზე, თეთნულდის ძირში, მძინარე სოფლისაკენ, სადაც აქამდე წყნარად ცხოვრობდა მათი სურვილის ქალბატონი – ქოჩქელანების ასული.
თავაუღებლივ გარბიან დაბლიდან მაღლა დევკაცები...
არ შეანელოთ თქვენი სირბილი, ვაჟკაცო ძმებო!

უსინათლო კოშკზე სამოსახლო სიპით ნაშენი სახლი მიუდგამთ ერთხელ ოჯახმრავალ ქოჩქელანებს. მთელ სოფელში მხოლოდ ამ სახლიდან გამოდის მრავალრიცხოვანი ჭრაქებისა და შუაცეცხლის სინათლე. სვანეთის ულამაზესი ნახატწარბა საპატარძლო დგას სამფეხასთან. თმაგაძეძილმა დამჭკნარმა დედამისმა უკვე თორმეტი ბატკნის თავფეხი ჩაყარა ქვაბში და თმების ვარცხნა დაიწყო.
– სასიძოებისთვის გამზადებული სახარში არ ჩაიხარშოს, _ ეუბნება ქალიშვილს.
– შენ სიძეებისთვის სამასპინძლო ბატკნებს ნუ კითხულობ, თმები დაივარცხნე მთვარის შუქზე, დედა, _ ეუბნება ქალიშვილი და ქვაბს მრგვალად აქანებს ცეცხლის თავზე.
გაძეძილი დედაბერი გადის და თმებს ივარცხნის, რომ სასიძოები ადრევე არ შეაშინოს; მისი ნაწნავები იშლება მთელ სოფელზე და სავარცხელს გზას უჩვენებს მიწაზე გაშლილი თმის ლანდები.
– დედა, – ისმის ნაზი, შუაღამისაგან ათას ტკბილ ზმანებად ქცეული ქალიშვილის ხმა შიგნიდან.
დედა ხმას არა სცემს.
– დედა... – განაგრძობს უფრო გამშვენიერებული ხმა შიგნიდან.
– დედა, – ამბობს ის ისევ, – თუ ჰყოლია თეთნულდს ოდესმე ქმარი, _ არასდროს ისეთი კარგი არ არის ქალწულის ხმა, როგორც შუაღამის მბჟუტავი შუაცეცხლის ბოლში გახვეული.
– არასდროს, შვილო, _ ავად, გამყინავად, შიშით ხრიალებს დედის ცივი ხმა მთვარის შუქზე. ის შვილის ყველა ფიქრს ხვდება, ოცნებასავით მიჰყვება უსინათლო კოშკის კიბეებს, აბლაბუდებით მოქსოვილ ბნელში ადის, დგება კოშკის თავზე და ხეობაში იყურება: სიბნელეში სოფლის თავიდან ბოლოსაკენ ზედიზედ ამორბიან ხორჯოლანები. მთვარე უფრო მაღლა იწევს და ჩრდილები მოკლდებიან, პატარა ეშმაკივითა ჩანს კოშკის თავზე დამდგარი დედის ლანდი. მის უსხეულო შავ ჩრდილს უკვე ფეხს ადგამს შუკის თავში შემოვარდნილი პირველი ძმა. დედა ქლოშინით ჩამორბის კიბეებზე და ერთი ფეხით უსწრებს ოთახში გრგვინვით შემოვარდნილ ვაჟებს, რომლებიც ზედიზედ ეყუდებიან უმოძრაოდ, მდუმარედ კედელს.
პატარძალი ქვაბს აქანებს მრგვალად ცეცხლის თავზე. დედა თხის ტიკით ხელში უვლის ძმებს, არაყს აძალებს მოსულებს და უკვირდება "რომელი იქნება მისი სიძე?" "არც ერთი, არც ერთი", _ იმეორებს გულში ქალწული ქვეშეცნეულად, გამოურკვევლად.
– დედა! ჩვენ შენი ქალის სათხოვნელად მოვედით, – ამბობენ ძმები.
დედა უცებ ჩერდება, არაყს ისხამს ციკნის პატარა რქაში და მაღლა სწევს.
– რომელი იქნება ჩემი სიძე, – ისმის მისი ხმა. თორმეტი ძმა ხორჯოლანი ნახატწარბა ქალწულს მისჩერებია. "ჩემი იქნება", ამბობს თითოეული გულში, ქალწული თორმეტი ბატკნის ოხშივარს ეფარება, რომელიც უხვად სცემს ქვაბიდან და უნებურად, გამარჯვებული, შიშით შეპყრობილი, იმეორებს თავისთვის "არც ერთი, არც ერთი..."
– რომელი იქნებით ჩემი სიძე? – კითხულობს დედა და, უკვე მეთერთმეტესთან მისული, მეთერთმეტე ყანწსა სვამს.
– რომელი იქნებით ჩემი სიძე, – იმეორებს მთვრალი დედა და მეთორმეტე ყანწსა სცლის.
"მე ვიქნები", ბუბუნებს თითოეული ხორჯოლანი.
– კარგო ძმებო, _ ამბობს დედა, _ დალიეთ, თითომ სხვა თერთმეტის სადღეგრძელო ჩემს ქალთან, თავის საცოლესთან ერთად, თავის ქმარს თვითონ პატარძალი ამოირჩევს.
ბებერი დიდი ჯიხვის დიდ ყანწს აწვდის პირველს და თვითონ უსხამს არაყს.
ცხრა ძმამ დალია, თითომ თერთმეტი დიდი ყანწი, მერე სვამს მეათე, მერე მეთერთმეტე, ბოლოს სვამს მეთორმეტე.
ო, საბრალო მთვრალო ძმებო, რომელი იქნებით ბებრის სიძე.
ო, საბრალო მთვრალო ძმებო, არ ერჩივნა დედათქვენს თორმეტის მაგიერ ერთის გაჩენა...
– მე ვიქნები შენი სიძე, – ბუბუნებს თითოეული დედაბრისკენ.
– შენ იქნები ჩემი ცოლი, _ მიდიან ისინი პატარძლისკენ, რომელიც ცეცხლის პირას დგას და ცეცხლივით ცახცახებს, ცეცხლივით იწვის და ვარვარა ალივით არც ერთს ახლოს არ უშვებს.
ო, საბრალო კარგო ძმებო, თქვენ ეგ ცეცხლი დაგწვავთ.
ძმები ახლოს რკალად მიდიან ცეცხლთან, პატარძალი შეშას უკეთებს.
ო, საბრალო ძმებო, კიდევ დალიეთ ერთი დარჩენილი საკუთარი თავის სადღეგრძელო, ცეცხლის სადღეგრძელო და მის გარშემო ხელი გადახვიეთ ერთმანეთს დევ მხრებზე დევი თათებით და მედგარი ფერხული იცეკვეთ, რაშავ_დელა...
ხელიხელგადახვეული ძმები ცეკვავენ ტერფებით, ცერებით, მუხლებზე ვარდნით ცეცხლის გარშემო ფერხულს, პატარძალი შეშას უკეთებს, ათასი მუსიკის ხმები არყის სიმფონიასავით, სიყვარულის სიმფონიასავით, დიდი სურვილის სიმფონიასავით ამოდიან ტკაცუნით ფიჩხიდან და ფერხულს უკრავენ _
რაშავ_დელა...
შეუჩერებლივ ტრიალებენ ალის გარშემო მხარგადახლართული ძმები და თითოეულს ესმის ქალწულის უმშვენიერესი ხმა: – ის იქნება ჩემი ქმარი, რომელსაც თავბრუ არ დაეხვევა და ცეცხლში არ ჩავარდება.

ნელა ამოდიან ქულები თეთნულდის წვერისაკენ, ეხვევიან თეძოებზე, მკერდზე, ღამისგან ატეხილ ვნებას უგრილებენ. მისი უხორცო სურვილები ტრიალებენ, უცეცხლოდ იწვიან, ქალწულად ჩაძინებული ქალწულადვე გაიღვიძებს ცოტა ხნის შემდეგ.
არ გეყო, თეთნულდო, შენი უმანკო ზმანებებით თავის მოწონება მთვარეში ყურებით?
ო, შეუბრალებელო ქალწულო, შეიბრალე ხორცშესხმული კარგი ძმები!

შეუმჩნევლად კარგავს ალი თავის ძალას, წითელი მთვარე თეთრი ხდება, ტრიალებს ძალაგამოლეული ბოლო ძმა ცეცხლის გარშემო, მერე ეცემა და უკვე დამწვარი თავისი ძმების ნაკვერჩხლებში იწვის.
კივილით გარბის გარეთ პატარძალი, არბის კოშკის კიბეებზე, ვარდება, დგება, არბის ისევ და, თეთრ კაბაში გამოწყობილი, დგას მის თავზე; უკანასკნელ ღრუბელს იცილებს თეთნულდი და შიშველი, თავისუფალი თეთრი ზმანებისგან, რომელიც უკვე დაივიწყა, დგას შავ ლოდიანებს შორის.
ეს არის უდიდესი, წმინდა სიჩუმის წამი მზის ამოსვლის წინ.
ამ დროს ვერაფერზე ვერ ფიქრობს ღამენათევი პატარძალი.

[1959 წ. სექტემბერი]


შენიშვნები


არქივში ინახება როგორც შავი (1_15გვ.), ისე თეთრი, დაუთარიღებელი, ავტოგრაფი (1+1_7გვ.), აგრეთვე, ჩანაწერები შავი ავტოგრაფისათვის (1_4გვ.), (1გვ.). სათაური წერია თეთრი ავტოგრაფის თავფურცელზე დიდი, ლამაზი ასოებით.
შავი ავტოგრაფი დაწერილია პატარა, მაგარ ფურცლებზე, რომელთაც, ჩვეულებრივ, ჩანახატებისათვის იყენებენ ხოლმე. ასეთივე ფურცლებზეა გაკეთებული ჩანაწერი "თეთრი მონების" თეთრი ვარიანტისათვის, დაწერილია გურამის მიერ შედგენილი მოთხრობების სია კრებულისათვის, ხოსტაში ჩვენთან გამოგზავნილი წერილი, ჩანაწერები "ალავერდობისათვის", ჩანაწერები "ირინას" თეთრი ვარიანტისათვის და სხვა ნაწერები, დათარიღებული 1959 წლის აგვისტო-სექტემბერით ("დევების ცეკვის", "ბათარეკა ჭინჭარაულის", "ირინა და მეს", "თეთრი მონების" და "ლიტერატურული შეხედულებების" თეთრი ავტოგრაფები დაწერილია ერთნაირ თაბახის ფურცლებზე, რაც მათი შემოდგომით დათარიღების ერთ-ერთ კრიტერიუმად იქცა).

ჩანაწერები პატარა, მაგარი ფურცლის ნახევარზე: .
I გვერდი: "დედის გულს არ ემეტება ქალის გათხოვება, მისი კარგი უნდა, მხოლოდ თავის თავთან ერთად: მარტო დარჩენის ეშინია". ? კიდე!"
II გვერდი: "მუდმივი ზმანება _ ვაჟისთვის თავის შეწირვა _ ქალისთვის, რომ შეეწირონ.
სრულდება ორივეს ნება."

ჩანაწერები გაკეთებული თეთრი ვარიანტის ფურცლებზე:
"ღამის წყვდიადში ბატონდებიან ადამიანის გონებაზე თავშეუკავებელი ვნებები, ყველანაირად შევიწროებული, ხელოვნურად შენიღბული და შეძლებისდაგვარად მიჩქმალული მზის სინათლეზე. აღარაფერს არ შეუძლია შეაჩეროს, ლაგამი ამოსდოს მათ. სიბნელეში იკარგება ყოველგვარი აზრი, ავადმყოფური თუ ჯანსაღი, და განუსაზღვრელად ბატონდება მხოლოდ ჭეშმარიტი არსი _ ვნება, შეუჩერებელი ლტოლვა ერთისადმი, ერთისაკენ, ერთნაირი ძალით. ძილში მთელი ღამე თრთის, მხდალად, ზედიზედ იმარჯვებს მიამიტი და ეჭვებშეპყრობილი, გატანჯული სამაგიეროსგან, შექმნილი სიცოცხლის ნამდვილი არსით ბორგავს მოაზროვნე ადამიანი. ღამის გულწრფელობით ებრძვიან ერთმანეთს მძინარე სხეული და დაუოკებელი სული. საინტერესოა, რომელია რომლის ანარეკლი დღე ღამისა თუ პირიქით? (გადაშლილია მწერლის მიერ _ მ.რჩ.)
ახლა კი მთვარის ამოსვლასთან ერთად რომელიც ხაზს უსვამს (წყვდიადი) ერთია () ცხელი. არავის და არაფერს არ შეუძლია შეაჩეროს თორმეტი ძმა ხორჯოლანის საბედისწერო ძუნძული ლოდებით ჩახერგილ ხევში მთების იქით თეთნულდის ძირში მძინარე სოფლისაკენ, სადაც წყნარად ცხოვრობს მათი ვნების ქალბატონი ქოჩქელანების ასული. თავაუღებლივ გარბიან დაბლიდან მაღლისკენ დევკაცები.
არ შეანელოთ თქვენი სირბილი ვაჟკაცო ძმებო!

საბედისწეროდ მიგრგვინავენ სვანის ვაჟები ლოდებით ჩახერგილ ხევში მთის წვერისაკენ, მთის იქით ფერდაზე თეთნულდის ძირში მძინარე სოფლისაკენ, სადაც აქამდე წყნარად ცხოვრობდა მათი სურვილის ბატონი ქოჩქელანების ასული. თავაუღებლივ გარბიან დაბლიდან მაღლა დევკაცები. არ შეანელოთ თქვენი სირბილი ძმებო!"

"ძილი არის ბუნების მშვენება! ხოლო ყველაზე კარგი ძილი მთებს შორის თეთნულდმა იცის, ის იცდის ყველაზე მეტ ხანს, ზურგს უკან მალავს თავისი სილამაზის სარკეს და როცა ყველაფერი შეწყვეტს მის გარშემო მოძრაობას, იხდის თავის საფარველს, მაღლა სწევს ნელი, ჰარმონიული მოძრაობით აქამდე ზურგს უკან დამალულ მთვარეს, ძილისგან გაბრუებული იხედება შიგ, იშმუშნება, რამდენიმე დარჩენილ ქულა ქათქათა ღრუბლის ბალიშზე მისდებს თავს და სიზმრებად იქცევა,
რიჰა-ა! დიდება მარიამს უშგულისას ვინ იცის ვის აუხდება მშვენიერი ქალწულის მუდმივი ზმანება."

"ბევრი ვაჟი იბადება მთის სოფლებში, გაცილებით ცოტა ქალიშვილი, და რომ შეიძლებოდეს მეომარი კაცის უდედაკაცოდ გაჩენა, სულაც გადაშენდებოდნენ ქალები სვანეთში."

შექმნის ისტორიისათვის:

გურამ გეგეშიძემ თქვა: დაახლოებით 1959 წლის ადრე შემოდგომაზე, გურამი დილაადრიან მოვიდა ჩემთან სტუმრად. ახლად დაწერილი მოთხრობა წავუკითხე. მაინცა და მაინც საინტერესო არაფერი იყო ამ მოთხრობაში, მერე არც ერთ კრებულში არ შემიტანია. კითხვის დამთავრებისთანავე გურამი წამოხტა და სახლში გაიქცა, რაღაცა მაქვს დასაწერიო. საღამოთი ახლა მე ავედი მასთან (გურამ გეგეშიძე მაშინ ცხოვრობდა სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე; ჩემს ძმას კი ცოტა ხნით ოქროყანაში ჰქონდა ნაქირავები ბინა და იქა მუშაობდა. ვფიქრობ, რომ "დევების ცეკვა"და "ბათარეკა ჭინჭარაული" იქ დაწერა. _ მ. რჩ.). გურამმა წამიკითხა რაღაც. როგორც მერე გაირკვა, ეს იყო "დევების ცეკვის" პირველი ვარიანტი. ჩანახატებივით იყო, კარგად ვერც გავიგე. შემდეგ გადააკეთ-გადმოაკეთა, როგორც ჩანს, და ასეთი მშვენიერი და კოხტა მოთხრობა გამოვიდა. ასე რომ, გურამ გეგეშიძე იყო `დევების ცეკვის~ პირველი მკითხველი. ვფიქრობ, რომ გურამ გეგეშიძემ იმ საღამოს გურამისგან მოისმინა ამ მოთხრობის შავი ვარიანტი, რადგან სხვა ტექსტი არქივში არ ინახება და ვფიქრობ, რომ არც არსებობდა საერთოდ. შავ და თეთრ ავტოგრაფებს შორის კი სხვაობა, ძირითადად, ეხება მხოლოდ პირველ ორ გვერდს და შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული სიტყვებითა და წინადადებებით.
გურამი ბავშვობიდან განსაკუთრებულად ძლიერი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდა. ამ დროისათვის კი მისი ჯანმრთელობა რატომღაც საგრძნობლად შეირყა. ერლომ ახვლედიანმაც თქვა: ბოლო წელს გურამი საოცრად დაღლილი ჩანდა, ჯანმრთელობით არ იყო კარგად, ასე მგონია. ერთხელ მუზეუმში ვიყავი მასთან, საშინლად მტკიოდა კბილი. გურამი მაგიდაზე იწვა. მასთან იყო მარიკა საყვარელიძე. შევჩივლე ორივეს ჩემი კბილის ტკივილი. მარიკამ, რომელსაც ძალიან უყვარდა გურამი, მითხრა, შენ კბილი გტკივა და ნახე, გურამი რა ცუდად არისო. მგონი, გული ჰქონდა ცუდად.
გურამის იმდროინდელი ფიზიკური მდგომარეობა კარგად ჩანს 1959 წლის ზაფხულში მამასა და დედას მიმოწერიდანაც (იხ. აქვე ამ პერიოდის სხვა მოთხრობათა შენიშვნები). მშობლების გარდა, ამას ცოტა ვინმე თუ ამჩნევდა, რადგან გარეგნულად ის ძველებურად აგრძელებდა ინტენსიურად მოუსვენარ, დაუდგრომელ ცხოვრებას.
საინტერესოა, რომ სწორედ ამ დროს იქმნება გოგან გაგანია, ძმები ხორჯოლანები _ საოცარი ფიზიკური ძალის გმირები, რომელნიც მთელი თავით მაღლა დგანან მათ გვერდით მყოფ ადამიანებზე. ამ გმირებს, გურამის კვალდაკვალ, მხოლოდ დევკაცები შეიძლება ვუწოდოთ. ცხადია, აქ დევი მიანიშნებს მხოლოდ განსაკუთრებული ფიზიკური ძალის ადამიანს და არა ზღაპრულ პერსონაჟს, დევკერპსა და დემონს.

გურამის მოთხრობათა სიუჟეტებში რომელიღაც მომენტიდან თითქოს იწყება გმირების სწრაფვა სიმაღლისაკენ: ჯერ გოგანი ადის ყველაზე მაღალი სახლის სახურავზე, გიო "ნათელაში" გადის გზას ქალაქიდან თიანეთის მაღალი მთებისაკენ, დაუმთავრებელ რომანში გმირი გარბის ქალაქიდან და ხევსურეთში ყველაზე მაღალი მთის წვერზე მოექცევა, "დევების ცეკვაში" ძმები ხორჯოლანები მიისწრაფვიან დაბლიდან მაღლა, მთის წვერისაკენ, "ალავერდობაში" გმირი ადის ჯერ ბურჯის თავზე, მერე გუმბათის თავზე. ეს ნიშანიც მათი ერთ პერიოდად (1959 წლის ივლისი-აგვისტო-სექტემბერი) გაერთიანების ერთ-ერთ კრიტერიუმად იქცა.

ამონაწერი 1958 წლის ნოემბრის დღიურიდან:

"`შენ უკვე ჭკუა ისწავლე _ ჩალის გემო საბოლოოდ გაიგე; რომელი ჩალის? ჩალა, რამდენიც გინდა იმდენია აქ, ამ ქვეყანაში. შორიდან კი მზე ანათებს, დიდი, ბრჭყვიალა, თბილი, მიმზიდველი და მზემდე სწორი გზა მოჩანს. Aაი, მიზანი. აი, იქით ღირს გაქანება, რადგან მზე შენს ზურგზე არაა დამაგრებული და იქამდე შეიძლება მისვლა _ მთავარია განზრახვა, თორემ მისვლით, მიხვალ, მერე რამდენად მიმზიდველია ასეთი მიზანი, წინ სწორი გზაა _ დედამიწა უკვე იცი, რომ მრგვალია, იქ კი _ მეტი ფიქრი საჭირო აღარაა _ მიზანი ჩანს, გაიქეცი იქითკენ, გავარდი, გაფრინდი და ჩემს რჩევას ყურს ნუ დაუგდებ _ არ შეიტრუსო ისე როგორც სანთლისაკენ მიმფრინავი პეპელა, რომლისთვისაც რა იცი შენ, რომ სანთელი მზე არ არის და კიდე რა იცი შენ, რომ მისი მიზანი, როცა სანთლისაკენ მიფრინავს, სწორედ ფრთების შეტრუსვა ან საერთოდ მასში დაწვა არ არის. მაშ ასე, კარგ გზას გისურვებ! თუმცა რჩევებს ყურს არ ვუგდებ, გინდა დავუგდო, შენ უკვე იცი რა ტკბილია მიზნისაკენ სირბილში დაწვა …"

მკითხველს მივაქცევინებ ყურადღებას, რომ ცეცხლიდან, რომელშიც იწვის თორმეტი ძმა ხორჯოლანი, ამოდის არა კვნესა და გოდება, ზარ-ტირილი, ღრიალი, თუნდაც ისე, როგორც "დღიურში~ შტოლცის ცეცხლში დაწვისას, "არამედ ათასი მუსიკის ხმები არყის სიმფონიასავით, სიყვარულის სიმფონიასავით ტკაცუნით ამოდიან ფიჩხიდან და ფერხულს უკრავენ: რაშავ-დელა!" შეიძლება გურამი ამ ნაწარმოებში რეალურად შეეჯახა იმას, რის შესახებაც ზემოთ მოყვანილ დღიურში წერდა: "რა ტკბილია მიზნისაკენ სირბილში დაწვა." ან კიდევ იმ შეგრძნებას, რის შესახებაც "იულონში" წერდა: "იყო მსხვერპლი, ეს არის უდიდესი ბედნიერება."

"დევების ცეკვა" გამოქვეყნდა მწერლის მოთხრობების პირველივე კრებულში "სალამურა" 1961 წელს.

??????