რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

ალუდა ქეთელაური 

/ოცდახუთწუთიანი კინოსთვის/

დაგუბებულ ხეობაში საზარელი ჭიხვინი ისმის. ყორნების გუნდი ფერდაზე იშლება და შავი ჩრდილები გორახებზე გადადიან. ზევით მარტო ქორი დაბოინობს. ჭიხვინი მეორდება უფრო ძლიერად, ხეობიდან უმხედრო, ყაჯარგადაფარებული და ლაგამამოდებული ცხენი ამოვარდება /ყაჯარი ოდნავ გვერდზე აქვს მოქცეული და გარსაკრით არაა დამაგრებული/. ჭენებით ეშვება ფერდაზე. მხოლოდ ცხენის ფლოქვების ხმა ისმის. ცხენის საჭენებელ გზაზე, ქვევით, კლდის ქიმთან, ზის არწივი _ დიდი, მოხუცი, დინჯი. ცხენი ზედ ვარდება თითქმის მას. ის დინჯად იწყებს ფრენას, ნელა იქნევს უზარმაზარ ფრთებს. ცხენი ქვევით მიჭენავს, ის სულ პატარავდება, არწივი კი სულ იზრდება და თითქმის მარტო ის მოჩანს. ისმის ისევ ჭიხვინი. არწივის ლანდი ბოინით გადადის არღუნის წყალზე, ხევში ჩაყრილ ლოდიანებზე. უმხედრო ულაყი გაშლილ ხევში გრძელი ოთხით იკლანკება ბილიკზე. ისმის ფლოქვების ხმა. არწივის ფრთების ჩრდილი ხან დაეწევა, გაუსწრებს, ხან ჩამორჩება ულაყს.
- - - - -
შატილში დილაა, სიწყნარე. ძროხები დიდი ქვის ჩარდახებიდან გამოდიან, შუკებში ერთდებიან და ნელა ეშვებიან არღუნისაკენ. ისმის მელოდია `შამილი შევა ციხეში~. კალთებაკეცილი, ფეხშიშველა დედაკაცი, პაჭიჭებში გამოწყობილი, შუაზე გატეხილი ჯოხით, უჯავრდება ნადირს. მელოდია ლოცვაა, დინჯი, აუჩქარებელი. სადღაც თავლაში ცხენი აბია; ლოცვის ტემპი იზრდება. ჯერ ბუნდოვნად შედის მუსიკაში ფლოქვების ხმა. თავლაში დაბმული ცხენი თავსა სწევს, ნელა ხვიხვინებს. მელოდია ხელდება, მუსიკის რიტმი იზრდება, შიგ კიდევ სხვა ხმები შედიან; გზიდან ისმის საზარელი საპასუხო ჭიხვინი. უმხედრო ცხენი დაოთხებული შევარდება შატილის კარებში.
მელოდია ბეთჰოვენის სიმფონიაში გადადის. გარშემო ყველაფერი იღვიძებს. საიდანღაც მზის წვერი ჩანს და სოფელს სხივს ურტყამს. ბანები მოძრაობენ, ქალები, ქერა ჩოლკებით და ხევსურული ჩიხტაკოპებით, შრიალებენ. მერე რომელიმე შერბის და ქმრისთვის იარაღი გამოაქვს. სიმფონია უფრო ხელდება და ეცემა.
- - - - -
შატილი ქრება
- - - - -
ვიღაც მიფორთხავს კლდეზე. მარჯვენაში თოფი უჭირავს, მარცხენა თავისუფალი აქვს. ფარ-ხმალი წელზე ჰკიდია. კლდე დაქანებულია, ლიპი. გარშემო სრული სიჩუმეა. ოდნავ ისმის ადამიანის სუნთქვის ხმა. სადღაც ნაშალი მიწა იყრება ხეობაში. ხრიალებს. კლდე ფერდაზე გადის. ის, ვინც მიხოხავდა, ცერად ჭრის ფერდას, შემთხვევით ფეხს ადგამს ლოდიანს. ლოდიანი ადრევე ჩანს, რომ ძლივს იკავებს თავს დაქანებულზე. ის ნელა იღებს სიჩქარეს, მერე უზარმაზარი მალაყებით გადადის და თან წვრიმალ ქვებს იყოლიებს. მთელი ხეობა ზანზარებს უხეში ხმებისაგან, ხევსურის მხოლოდ გამალებული ნაბიჯებიღა ჩანს.
- - - - -
იქით, გადაღმა ხეობაში, ნაშალის ხმა გრძელდება. აქ ეს ხმა უფრო ხშირია და არამკვეთრი. ათიოდე ძროხა და ექვსი ცხენი ძუნძულით მიჰყვებიან ფერდას. ქისტები ფეხდაფეხ მისდევენ, ხანდახან ისმის ჩუმი სტვენა. ერთი ქვევიდან მისდევს ნახირს, ქვიდან ქვაზე ხტის და მიმართულებას აძლევს, მეორე უკნიდან უჯავრდება, ჩქარობენ. თოფი ერთს მარცხენაში უჭირავს, მეორესაც მარცხენაში, თავისუფალ ხელში სახრეები უჭირავთ. ფერდა უფრო დამრეცი ხდება. ბილიკი იკლაკნება და ქარაფზე თითქმის შვეულად ეშვება წყლისკენ. ნახირი წინა ფეხებზე დაბჯენით ძლივს ეშვება ქვევით. ქისტი უკნიდან აჩქარებს. მეორე ზევიდან მოექცა და ისიც აჩქარებს. სიჩუმეა. ახლა ნაშალი აღარ იშლება. მზე იპარება ხეობაში. იმ ქისტის თოფს, რომელიც ზევიდან უვლის ნახირს, სხივი ურტყამს, იარაღი პრიალებს. სულ ბოლო ცხენი, რომელიც საბელჩადგმული მიჰყავს მეორე ქისტს, კისერს აბრუნებს და ნელა ხვიხვინებს. ხეობა უფრო იბურება, გზაც უფრო ეკიდება დაღმართზე. საოცარი სიჩუმეა. ამ სიჩუმეში უეცრად იჭრება თოფის ხმა. ხმა იზრდება, მთებს აწყდება, გრიალებს და ათას თოფის ხმად იშლება. შორს სულ ბუნდოვნად ისმის წყნარი მელოდია. ის წყდება თითქმის. ფერდობიდან დაგორებული ქისტი ჯერ ნელა, მერე სწრაფად მიგორავს ბილიკისაკენ. თოფი ბუჩქზე ეკიდება. ქისტს მკერდი აქვს შენგრეული, ნახირი გვამს თელავს, გვამი ლოდიანებს ეჯახება, სკდება, მელოდია შორს ისმის, ის ნერვიულია, ნაწყვეტებით. წყლის პირას ნახევრად წყალში გდია დაჩეხილი ქისტი. ის მკვდარია. ნახირი რაღაცის მოლოდინში ჩერდება. ხეობაში ჩქამი არ ისმის.
სიჩუმეში სროლა ახალი ძალით მეორდება; ლოდს ამოფარებული მუცალი გასროლილ თოფსა ტენის. ისმის საპასუხო სროლა. მერე სიჩუმე. თავიდან დავლილი ალუდა ლოდიანებზე ხტება და ახალ ადგილას საფრდება. მის ჩასაფრებამდე ისევ ისმის მუცალის თოფის ხმა. მზე ერთნაირად იღვრება ხეობაში. სიჩუმეში თოფზე უფრო ვარდება ქისტის ხმა.
_ არა გჭირსაა, რჯულძაღლო!
სიჩუმეში ისმის ალუდას პასუხი:
_ ნუ გგონავ მჭირდეს, რჯულძაღლო!
ხმები მკვეთრია და სადღაც სიღრმიდან მოდის. ის არც მუცალს ეკუთვნის, არც ალუდას.
სროლა გრძელდება; ხეობა ხან განაბულია, ხან თოფის ხმით ივსება. წამლის ბოლი ამოდის ორივე მხრიდან, მერე ბოლი იშლება, იზრდება და სადღაც ერთდებასავით. მზე სხივებად გადის მასში. ქეთელაური ახალ სამალავში ხტება და იქიდან ესვრის. მოჩანს მუცალის გაშეშებული სახე, მარცხენა ხელს მუცელზე იკიდებს, პირიდან დუჟთან ერთად სისხლი გადმოსდის.
_ არც ახლა გჭირსა, რჯულძაღლო?!
მთელი ფილტვებით იძახის ალუდა და ლოდიანის თავზე ამოდის. ის მთელი ტანითა ჩანს. მუცალი ბალახს იტენის ჭრილობაში. ცდილობს ადგეს, ჯერ მუხლებზე დგება, მერე იმართება ისიც და ისვრის. ტყვია ალუდას გულზე დაკიდებულ ხატს ასკდება და მასთან ერთად იფშვნება. მუცალი ძალას კარგავს; ალუდა შეტორტმანდება და ისევ ასობს ლოდიანს ფეხებს. მუცალი თოფს სწევს ჰაერში და ქეთელაურის მხარეს ისვრის.
_ ახლა შენ იყოს, რჯულძაღლო, _ ამბობს. ხეობა განსაკუთრებით ჩაგუბებულია წამლის ბოლით, ხმა ისმის ჩახრეწილი, მაგრამ უდრეკი. მუცალი ნელა ეშვება მუხლებზე, მერე მოსხლეტით ეცემა. მარჯვენა ზევით გაშვერილი რჩება, მარცხენა ტანქვეშა აქვს მოყოლილი, ფეხები _ მთელ სიგრძეზე გაშხვართული. სიჩუმეა.
შეუმჩნევლად იპარება ბლუზის ხმები. ხეობაში გაურკვეველი ფერია. ბლუზის რიტმით ალუდა ეშვება ხეობისაკენ. ის წელში ხან მოხრილია, ხან ზომაზე მეტად გაშლილი, სახე ღრმა და ჩაფიქრებული აქვს. აქამდე გაჩერებული ნახირი ნელა იწყებს უკან გზაზე სიარულს, მიიზლანზება. ცხენის ფლოქვები ბლუზის ტაქტს ურევენ. ქეთელაური თავზე ადგას პირველად მოკლულ ქისტს, მერე იხრება; ყამით ჭრის მარჯვენას, მარჯვენიდან თქრიალით გადმოდის სისხლი, სისხლთან ერთად ჰაერში აფრიკული ბუგების ხმები დარბიან. სისხლი ნელა კლებულობს, მერე წყდება. ალუდას თვალები უელავს, ხელში მოჭრილი მარჯვენა უჭირავს, სისხლი მაჯას უწითლებს. სისხლის შეჩერებასთან ერთად ალუდა იღუშება. ბუგები წყდება და ისევ ბლუზი იწყება. მოდუნებული მიჰყვება ზევით ფერდას ქეთელაური, ერთ ხელში თოფი უჭირავს, მეორეში ორი ხელი ჩანს: თავისი და მოკლული ქისტის. რაღაც შეუცნობელი ხდება მასში, ბლუზის ხმა გაურკვეველია, განწყობის გარეშე. მუცალი ლოდის ძირში გდია, ალუდა მის თოფს იღებს და თავზე ადგას. ქისტს ცალი ხელი ტანქვეშა აქვს მოყოლილი, მარჯვენა გაშვერილი აქვს მთელ სიგრძეზე, თითები ძლიერი და ოდნავ მოკრუნჩხულია. ახლა ალუდა მარტო მუცალის მარჯვენას ხედავს. მის გონებაში ის იზრდება, იკრუნჩხება, უზარმაზარ ძალას, ვაჟკაცობას გამოხატავს. ალუდა ხელიდან უშვებს მუცალის ძმის მარჯვენას და მუცალის მარჯვენას იღებს, მას მთელი მკლავი აჰყვება, შემდეგ ხელს უშვებს. მკლავი გაშოტილი ეცემა, თითები ოდნავ მოღუნულია, ისინი იშლებიან ალუდას გონებაში სულ სწორად და პირვანდელ ფორმას იღებენ. მუსიკის ხმებში რაღაც ქვითინის მაგვარი იპარება, მერე ბლუზი წყდება და კაცის ხმამაღალი ქვითინი ისმის. ალუდა უმოძრაოდ დგას. ქვითინის შემდეგ მუსიკა გრძელდება. ქეთელაური ქისტს თავისივე ხირიმს უდებს მტევანში, მერე გაფანტულ იარაღს უწყობს და ნაბადს აფარებს.
ბლუზში ყორნის ხმა იპარება. მთის ნაოჭებზე დინჯად გადადიან კაცის ლეშის მჭამელი ფრინველის ლანდები, მერე მაღლა იწევენ და ისევ ქვევით ეშვებიან, მოდუნებული მიდის ალუდა შატილისაკენ. შორს, იქით ბილიკზე, გაღმა გასული ნახირი მიიზლაზნება. ალუდას გზა ქედზე გადის და შატილს გადასცქერის. სოფელი შავია, დაბურული. არღუნი შატილის წყალს უერთდება, წყალს ორივე მხარეს მხედრები ჭრიან, მერე სოფლის კედლებში იკარგებიან. ვიღაცეები ჩამოშლილ ხიდს აკეთებენ, ბერი დედაკაცი საფქვავაკიდებული მიდის წისქვილისაკენ. ალუდა თხემზე ზის და თავის სახლს უყურებს გონებით.
- - - - -
მისი კოშკის კედლები სავსეა მოჭრილი მარჯვენებით. თვალებს ხუჭავს, მერე ხელს ისვამს, ეჩვენება, რომ მარჯვენები მოძრაობენ. ბლუზი რიტმს იღებს, მერე მარჯვენები კედლიდან ჩამოდიან და თავის პატრონებს უბრუნდებიან. ბლუზი რიტმულ ჯაზში გადადის. მარჯვენაში ყველას უკვე ხმალი აქვს. ამხედრებული ალუდა ტრიალებს მტრებში. ისმის აფრიკული ბუგების ხმა, ბრძოლა ხელდება. მერე რიტმი ეცემა, დახოცილი ყრია მტერი, რიტმი ისევ ვარდება მაღლა, პირზე დუჟმომდგარი ალუდა დარბის დახოცილებში და ჭრის მარჯვენებს, მერე არეული თვალებით აჭედებს კოშკის კედლებზე. ხელები სისხლითა აქვს მოსვრილი, სისხლი წვეთავს მიჭედილი მტევნის თითებიდანაც.
- - - - -
სწრაფად დგება ქეთელაური. ჯდომასა და ფიქრს ცუდი აზრები მოაქვს, აჩქარებული ეშვება ბილიკზე. ახლა უკვე ბლუზის ხმა არეულია. ქეთელაური თითქოს ხვდება მოუსვენრობის ნამდვილ მიზეზს. ისმის ნერვიული ნაბიჯების ხმა. საქსაფონებს ცვლის მარტო ბარაბანი, ან მარტო ნერვიული ვიოლინო. ალუდა ახლად გაკეთებულ ხიდზე გადის. ვიოლინოს ნერვიული ხმა ყრუდ ისმის მხოლოდ მისთვის, სოფელში მუსიკის მხიარული ხმები დგას. აქ უკვე გაიგეს მისი გამარჯვება და ეგებებიან.
ხალხი ბანზეა გამოფენილი. ვაჟკაცები ვაჟკაცური შურით უყურებენ მას. ქალი მტირალა ბავშვს აჩუმებს, მერე ხელში იყვანს და, ფეხმორთხმული, ბანზე ჯდება. შუკაში დატვირთული ცხენები ჩამოდიან მოტეხილ კლდეზე, კაცები საფიხვნოში სხედან. ალუდა ნელა უახლოვდება მათ.
_ მაგვიხვედ მშვიდობით, ალუდავ! _ ბუბუნებენ ფეხზე ამდგარი ხევსურები ერთად. ხევისბერი ყალიონს ფხეკს საჩხიკინებლით, რომელიც გრძელი თოკით ჰკიდია ჩიბუხს, მერე მხარზე გადაკიდებული დიდი ტყავის ჩანთიდან წეკოს იღებს, ხელისგულზე იყრის, მერე დანით ცერზე ითლის ყლორტს, წეკოში ურევს და ჩიბუხს ტენის. ქეთელაური თავაწეული იყურება ხევისბერის იქით. უხეშად იღიმება ხევისბერი. ალუდა თავის ამბავს ჰყვება, ჯერ ხელით უჩვენებს მთის მიმართულებას, მერე ამბობს:
_ ორნ იყვნენ, თოფი ვიხმარე.
ჩუმდება. ყველანი მას უყურებენ, ის აგრძელებს:
_ იმ ცხონებულსა მუცალსა
რკინა სდებიყო გულადა!
_ რას ამბობ, ალუდავ! _ მთელი ხმით ბუბუნებს ხევისბერი, _ ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა.
_ ვაჟკაც იყვ მუცალი, _ უპასუხებს ალუდა. - იმ ცხონებულსა ვაჟკაცსა ტყვია სდებიყო გულადა, _ იმეორებს და განაგრძობს: ვერ გავიმეტე მუცალი მარჯვენის მოსაჭრელადა.
ხევისბერები იფხორებიან, უფრო ამჭიდროებენ რკალს მის გარშემო, მერე იშლებიან, ვიღაც ბოროტად იღიმება, გვერდზე რაღაც ბუბუნი ისმის. საიდანღაც ყრუდ, მაგრამ მკაფიოდ მოდის ხმა:
`მოკვდი, სიკვდილი გირჩევნავ,
რა ხარ სიცრუის მთქმელადა
გამუქცევიხარ ქისტიშვილს!
გადუქცევიხარ ქალადა.
მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ,
უკვენ მისდევდი მა რადა?!~
ხევსურები, ზურგშექცეული ალუდასკენ, იშლებიან, აშკარად წირავენ მას. ვიღაც ბრუნდება და ქვევით იხედება, იქიდან მინდია მოდის ყაბარდოული ულაყით. ის ვიღაც ქვევითვე უყვება ალუდას ამბავს, ბოროტად იცინის. მინდია იღუშება. გამწყრალი უყურებს ხევსურებს. ისმის მინდიას ხმა:
`_ ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს...
ადვილად მტერი მოგიკვდესთ,
ადვილ გავიგო მართალი.~
ვიღაც ქალს კოშკიდან ერთი კოტორი, ყველი ნახლეჩი და მოხარშული ცხვრის ბეჭი გამოაქვს, მერე უნაგირზე უკან ჩაბმულ ნაბადში უტენის მინდიას. ცხენი ოთხით წყდება ადგილიდან.

- - - - -
ღამეა.
ისმის მელოდია დაისიდან `მაროს ტირილი~, ასრულებს ორკესტრი, შორს ოდნავ გასარჩევად მიჰყვება ხმა. ალუდას სახლში შუაცეცხლი ანთია. მორთხმული ბერდედა ყველის ხინკალს აკეთებს, ცომს აბრტყელებს, შიგ ყველს ახვევს, მერე ტაბლაზე ალაგებს და შუაცეცხლზე ჩამოკიდებულ ქვაბში ყრის. ცეცხლთან კაბააწეული პატარა გოგო და უშარვლო ბიჭი დგას. თბებიან. ალუდას ცოლი ლელა ქსელზე მუშაობს, მაქოს გაუყრის, ძაფებში ჩაბეჭავს, მერე კავით ასწორებს ძაფებს, ისევ უყრის მაქოს და ბეჭავს. თვალები დიდი, მოწყენილი და ოდნავ წყლიანი აქვს.
ბერდედა ტაბლას წმენდს, ზედ ხინკალს აწყობს, ხინკალი ცხელია და ოხშივარი ასდის, იქვე დგას ჯამით ერბო, ყველის დიდი ნატეხი გდია. უხმოდ ჭამენ ქალები, პატარები ფეხზე დგომელა ვახშმობენ.
ცეცხლი ბიჭის შიშველა უკანალს ანათებს. ალუდა ნელა მოდის დარბაზის სიღრმიდან, `მაროს ტირილში~ ქალების გუნდის ხმები იჭრება, ის ხინკალს წატეხს, ერბოში აწობს და ისევ ბრუნდება. ბერდედა ქვევიდან უყურებს. ლელას სახე უაზრო და შეწუხებული აქვს. იქით, საითაც ალუდა შევიდა, ბნელა და არაფერი არა ჩანს; ჯაზის ხმებში, რომელიც ჰარმონიულად შედის მელოდიაში, ისმის ნაბიჯების ხმა _ იქიდან ჩუმად გამოდიან ალუდასა და მუცალის ლანდები, მერე ელვის უსწრაფესად გამოჩნდებიან ეშმაკის ლანდები და რქიანი დევები უკნიდან, სიზმარი მიდის.
- - - - -
-
წვიმა კლდეს რეცხავს, პატარა რუები მთის ნაოჭებში ჩადიან, ჰაერში მხოლოდ ბუნების ხმებია. ქვევიდან ნისლები ამოდიან ქედზე და უფრო ზევით იწევენ მწვერვალისაკენ. სადღაც მზე ატანს, ისევ იბურება. მერე ნისლი იყრის, ფერდის ნაოჭებში ჩამორეცხილი მიწა ჩანს, მზეს ისევ ეფარება ღრუბელი. გაღმა ფერდაზე ლოდზე დასობილან ჯიხვები, წინა ფეხები კლდის ქიმისათვისა აქვთ მიბჯენილი, ქვევით უფსკრული იწყება, ოდნავ შესამჩნევად მიდის წყალი. აქეთ, ქედზე, ალუდა ლოდს ფარად იყენებს და თხემ-თხემ უვლის ჯიხვებს, ბანდულები პიტალოზე ძლივს იკავებენ ფეხს; ახლა ჯიხვები გვერდიდან ჩანან, აქედან ეპარება ალუდა. დიდ ცხვრის ბოხოხს, რომელიც თავზე ხურავს, ბალანს აცლის და ქარს უშვერს. ბალანი ჯიხვებისაკენ მიდის; აქედან მიპარვა აღარ შეიძლება, სულ პატარა ქარსაც კი შეუძლია გასცეს მონადირე. ჯიხვებმა უკვე იყნოსეს საფრთხე და მწვერვალისაკენ იწევენ. მწვერვალი დიდია, მასიური. უზარმაზარი ზვავები ყრიან კლდის ნაპრალებში. ჯიხვები მწკრივად გადადიან თოვლზე, მერე ისევ კლდე იწყება, საჯიხვე ბილიკით. ისინი დინჯად და ამაყად მიდიან. შეუმჩნევლად ეპარება მთას სიბნელე, ნისლი მწვერვალებიდან ხეობაში იხევს, ის რძისფერი ხდება, მწვერვალის თავზე შავი ღრუბლები დაბოინობენ, ელვა უფსკრულს ანათებს. წვიმს. მეხის ხმა, ერთი და ძლიერი, ათას პატარა ხმებად იშლება მთებზე. ალუდას ლანდი, დაღლილი, გადადის ქედზე. ის ჯერ მხოლოდ ელვის დროს ჩანს, ქედზე უფრო ნათელია აქ, ელვის გარეშეც შეიძლება მისი გარჩევა. ჰაერში ერთმანეთს ცვლის წვიმის ტკაპუნი, ხეობის შრიალი და მეხის გრგვინვა, ხან სამივე ერთად ისმის. ქეთელაური ქედზე დგას; მის ქვევით უზარმაზარი შავი ლოდის სილუეტია. მკვეთრ ზიგზაგად იხატება მთელ ცაზე ელვა. ლოდიანზე ფეხებახლეჩილი დგას კაცი, მხარზე ჯიხვგადადებული. `უუ~ იძახის ალუდა. კაცი არ იძვრის, მერე ერთმანეთისაკენ მიდიან. მეხი ახლაღა ვარდება. მათი ლანდები ერთმანეთს ხვდებიან. იმ სხვას მუცალის სახე აქვს, ის არის. ალუდა უხერხულად იღიმება, ისინი ხელს ართმევენ ერთმანეთს; ქეთელაურს მისი მარჯვენა ჩაუბღუჯია და არ უშვებს, ამღვრეული თვალებით უყურებს მას. ლოდიანის უკან მონადირეთა ნიშია, ნიშში ხმელი შეშა აწყვია და კათხითა დგას წყალი. მუცალი ცეცხლს ანთებს, ალუდა წყალსა სვამს. ის დიდხანს სვამს. ალი ორივეს სახეს ანათებს. სახეები დამსკდარი და წითელი ჩანს. ნაკვერჩხლებზე ჯიხვის მწვადები იწვება. ნაკვერჩხლები დიდია, ვარვარა. ალუდა მწვადს ატრიალებს, ის შიშინებს, სკდება. შიშინი ძლიერდება. ახლა ალუდას თვალები მხოლოდ ნაკვერჩხალს და შამფურს ხედავენ. შამფურზე ჯიხვის ხორცის მაგიერ მუცალის მკლავია წამოცმული, მუცალი აღარსად არის, გაქრა. მკლავი სკდება, შიშინებს, თითები იკრუნჩხებიან. ისევ მხოლოდ შიშინი და ტკაცუნი ისმის. ალუდა გამალებული გლეჯს მარჯვენას, ჭამს და კიდევ შია. სახეზე ოფლს ასხამს. სადღაც კუთხეში მუცალის ახეული პირი და დაკრეჭილი კბილები ჩანს, ალით განათებული. ისმის ხარხარი. გარშემო შიშინია მწვადის, ნაკვერჩხალზე რამდენიმე შამფური დევს და რამდენიმე მტევანი იწვება, თითები იპრანჭებიან, ხარხარი ძლიერდება, ალუდა გამოხრულს აგდებს და სხვა მარჯვენას გლეჯს, სახეშეშლილი ბორგავს.
- - - - -
`მაროს ტირილის~ მელოდია ადრინდელის გაგრძელებაა და დასასრულს უახლოვდება. ბერდედა მიმქრალ ცეცხლთან ზის და ყვინთავს.
- - - - -
თენდება.
გარეთ შატილი იღვიძებს. მზის სხივი ალუდას ბანს ურტყამს. შიგ შედის ჭერხოში. მოჩანს კოჭებზე ჩამოკიდებული ჭრელი წინდები, ძველი ტანსაცმელი, ნამგალი, იარაღი, გუდანურები. გარეთ კოშკზე ძვლად ქცეული მარჯვენები კიდია, ზოგი სულ ახალია, ხორცი კიდევა აქვს შერჩენილი, ძროხები შუკებში ერთმანეთს უერთდებიან. ისმის სალამურის ხმა. ბერიდედაკაცი შუაში გატეხილი ჯოხით უჯავრდება ნახირს. სადღაც ჭერხოში დედა სცემს შვილს. სალამურის ხმაში ფლოქვების ხმა იპარება, ახლა მხოლოდ ის ისმის. ბანზე ჩოლკიანი ქალები გამოდიან. საფიხვნო კაცებით ივსება. ვიღაც მეორედ ტენის ყალიონს. შუკაში ჭენებით ამოდის მინდია, ალუდა კოშკის თავზე დგას. მისი სახლი საფიხვნოს გვერდზეა, ხევსურები იშლებიან ადგილებიდან.
მინდია უნაგირზე ჩამოკიდებულ მარჯვენას ხსნის და ალუდასკენ იხედება გამარჯვებული, თანაგრძნობის გამომხატავი სახით. თემი დარცხვენილი უყურებს მას. სიჩუმეში ისმის ალუდას მკვეთრი ხმა.
_ თუ ხელის მოჭრა მდომიყო,
გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?!
მას სახე განრისხებული აქვს. გაკვირვებული ხევსურები დაბნეულები უყურებენ მას. მინდია დარცხვენილივითაა, ფეხდაფეხ მიჰყავს ცხენი ქვევით. უკან მდუმარე შატილის შუკა იკლაკნება; მოქნევით ისვრის მუცალის მარჯვენას ხევში. მერე ცხენს მოახტება და მიაჭენებს კლდეზე.
- - - - -
მკვეთრად ისმის საიდანღაც ხმა:

`წესი არ არის მტრის მოკვლა,
თუ ხელ არ მასჭერ დანითა.
ვაი ეგეთას სამართალს,
მონათლულს ცოდვა-ბრალითა.~
- - - - -
მთის ფერდობზე რამდენიმე ხე დგას, ხეებს შუა ხატია. ხატამდე გზა კლდიანია, იქაც მხოლოდ აქა-იქ მოჩანს მწვანე. ნიამორის რქები კოჭებზე მწკრივადაა დაკიდებული, ჯიხვის რქები პირდაპირ აჭედია ბოძებზე. უკანა ოთახიდან ბოლი ამოდის, ხატის გარშემო მთვრალი ხევსურები ყრიან. აქა-იქ ყელგამოჭრილი საკლავი გდია უპატრონოდ. ყველგან სისხლია დაქცეული. ქალები წაბლისფერი ჩოლკებით და ხევსურული ჩიხტაკოპებით ხატის მიჯნაზე დგანან მწკრივად. დასტურებს ლუდი მოუტანიათ, ასმევენ. ზოგ ქალს აღვირი უჭირავს, ცხენზე გადაკიდებული ხურჯინიდან საკლავს ამოუყვია თავი, დასტურს საკლავი მიჰყავს ზევით. ხევისბერი ვერცხლის შეწირულობით ახუნძლულ ჯამზე მიკრულ სანთელს ანთებს კვარით, საკლავს ავედრებს ღმერთს. მისი შემწირავის კარგად ყოფნას სთხოვს. სიჩუმეა. ისმის ხევისბერის ხმა:
_ ღმერთო, შეუნდე მზექალას, კარგად იყვენით, ქალებო!
_ მშვიდობა მოგცესთ, ჭირი გაშოროსთ! _ ბუბუნებენ ხატის წინ მდგარი ხევსურები, ზოგი მთვრალი ფეხზე დგება, ბუბუნებს და ისევ იძინებს. დაჩოქილი ხევისბერი კლავს საკლავს, სისხლი ასხამს გადაჭრილი ყელიდან. საკლავი მატულობს, დაკლულებს ატყავებენ, ზოგს იქვე აბამენ დაკვლის მოლოდინში. დილიდან მთვრალები იღვიძებენ. ღრეობა გრძელდება. დასტურები უზარმაზარ ლუდის თასებს დაარბენინებენ, ვიღაც არყის შესმაზე ამბობს უარს. დასტური კისერში ჰკიდებს ხელს და ძალით ასმევს. ის, ვინც ძალადობდა, მორჩილად სვამს. მერე სუფრასთან რაღაც ჩოჩქოლი ტყდება. ისმის ხევსურული სიმღერა, ის ხან მაღლა ადის, ხან ნელა გრძელდება, თავისთვის. ჩოჩქოლი ისევ წყნარდება.
- - - - -
გაღმა ფერდას ქეთელაური მოჰყვება, ვერცხლის იარაღში ჩამჯდარი. საბლით კურატი მოჰყავს, კურატი ხან მორჩილად მოსდევს, ხან დაიღმუვლებს და იქაჩება. ალუდა აუღელვებელია, კურატის ბრძოლას ვერც კი გრძნობს. ბილიკი ხევში ჩადის, კურატიანად იკარგება შიგ ალუდა.

- - - - -

ხევის თავზე, ხატის საზღვრის იქით, ვიღაცეები ეჯიბრებიან ჯირითში, უბელო ცხენებზე გადამსხდარნი. წაბორძიკებული ცხენი ერთს შორს ისვრის, ის წელმოთრეული დგება. ხატში სიცილია, მერე ღრეობა გრძელდება. ნელა უახლოვდება სამსხვერპლოს ალუდა.
_ მახველ მშვიდობით, ალუდავ, _ ისმის ბუბუნი ყოველი მხრიდან. ქეთელაურს პირდაპირ ხევისბერთან მიჰყავს კურატი. იქვე მხოლოდ რამდენიმე ხევსურია, სხვები ღრეობენ. ხევისბერი ხანჯალმოღერებული წყალობის სათქმელად ემზადება. ალუდამ უნდა უთხრას მისი სახელი, ვისაც სწირავს. სიჩუმეში ისმის მისი ხმა:
_ ეს სამხვეწროა, ბერდიავ, ძოღან მოკლულის ქისტისა; მუცალს ეტყოდენ სახელად. _ ხევისბერი იღუშება. ხევსურული სიმღერა იზრდება და ბოროტ ხმებს იღებს. იწყება თვალებით ბრძოლა. ბერდია, ჯაგარაშლილი, სიტყვას ამბობს დაბღვერილი, განრისხებული, ოღონდ ბუბუნით და ხმადაბლა. ალუდა ნელ-ნელა ხელდება. ყელმოღერებული კურატი ბღავის საზარლად, მელოდია დაგუბებულია რაღაც შინაგანი ძალით, რაღაცის მოლოდინში, და უცებ სკდება; გაცოფებული ქეთელაური ერთი მოქნევით ჭრის თავს კურატს. სამარისებური სიჩუმეა და ამ სიჩუმეში ისმის ხევისბერის შემზარავი ხმა:
_ გაგონილაა....
ხევსურები ადგილებიდან იშლებიან და რკალად ერტყმიან ალუდას. ის თავაწეული დგას. ხევისბერი ორივე ხელით უჩვენებს მასზე. წრე ალუდას გარშემო ვიწროვდება. სახეები ათასნაირია: ბოროტი, თანამგრძნობი, ბრიყვული, უაზრო. ხატის კართან თვალზე ცრემლმომდგარი დგას მეორე დიდი ვაჟკაცი მინდია, თორმეტი ქისტის შუბით მომკვლელი. მას დახმარება არ შეუძლია, თემი დიდია და ძლიერი, თემის წინ გამსწრებს ალუდას ბედი მოელის.
იწყება ოპერა `დაისის~ უვერტიურა.
ქვევით, ხევში, ბავშვების ყიჟინი ისმის. ერთი, ჯოხის ცხენზე გადამჯდარი, მორბის ხატისკენ. ჯოხის ბოლოზე მარჯვენა კიდია, გაცვეთილი და უფერული. ვიღაც იხედება ბავშვისაკენ, სხვებსაც ახედებს. ბავშვი კბილებდაკრეჭილი მიდის თემთან. ყველანი მარჯვენას უყურებენ.
_ მუცალის მარჯვენა არის! _ აღელვებული ამბობს მინდია. ხატის გარშემო კუდაბზეკილი ძაღლები დარბიან. ხევისბერი მძიმედ მიდის მარჯვენისაკენ, ხევსურები გზას აძლევენ. ის იხრება, ხელში იღებს. უყურებს ზიზღით, მერე ძაღლს უგდებს. კუდაბზეკილი ძაღლი ყნოსავს, მერე კუდს ლაჯებშუა იკრავს, იყუჟება და წკავწკავით მიძუნძულებს მარჯვნიდან შორს.
_ ძაღლი ძაღლის ძვალს არა სტეხს. _ ბუბუნებენ ხევსურები. კლდეზე დაგდებული ნათრევი მტევანი გდია მარტო.
____
შატილში მშვენიერი დილაა. მთის ნაოჭებში ნისლები მიყუჟულან, ხეობაში კი მზეა, მხარზე თუნგშედგმული ქალები წყალს ეზიდებიან ზევით. ისინი სულ მაღლა ადიან შუკით. ახლა შატილი ქვევიდან ჩანს. შატილის წყლის მხრიდან ატყორცნილ კლდეზე სამ-ოთხსართულიანი კოშკებია ამოსული. კოშკის ბანებზე სიცოცხლეა. ქვევიდან ჩანს: პატარა გოგო მორბის ბანზე უფსკრულისაკენ, გადასავარდნამდე ერთი ნაბიჯით იქით ჩერდება, ქვევით იყურება, იქ წყალი მიდის ვიწრო ზოლად.

- - - - -

ბავშვი თავსა სწევს და იღიმება. იქითა მხარეს საფიხვნოა, ის სავსეა კაცებით. ისმის წიტების, ხველების ხმა და ამოდის ბოლი. საფიხვნოს გვერდზე ჩანგრეული კოშკი დგას, შებოლილი კედლებით. კედლებზე აქა-იქ მოჩანს გარუჯული ძვლადქცეული მარჯვენა. ეს ალუდას ნასახლარია.

- - - - -

მზე მაღლა ადის, მერე ქვევით ეშვება. ოპერა `დაისის~ უვერტიურის წყნარი ნაწილი თავდება. აქა-იქ ქარი ნაშალი კლდის მტვერს შლის და წუის. მელოდია უფრო მაღლა ადის, ქარი მატულობს, უფრო მატულობს, ტორტმანით მიდის ალუდა ქედისკენ. მელოდია ზიგზაგებით ადის მაღლა, ჩუმ ნაწილში ქარის ხმა განსაკუთრებით ძლიერად ისმის. ქეთელაურის მარტო ზურგი ჩანს. ქედზე ნისლები ბოინობენ, ზოგჯერ იხსნებიან, ნახლეჩში ჩანს, რომ ხეობაში მზეა, ისმის ცხენების შემზარავი ჭიხვინი და ქალი წვრილი, კივილისნაირი ხმით ჰყვება მუსიკის ხმას. ახლა ერთად მოჩანს ალუდას მხრები და ზევით, კლდის ქიმზე, მორთხმული ლელას წყლიანი თვალები. ბავშვები თმებზე ეჭიდებიან დედას. ქარი სერავს ყველაფერს, ცაზე ელვა იკლაკნება, შავი ღრუბელი დევების ფორმას იღებს, იშლება, მერე თმებგაწეწილ დედაბერს ემსგავსება. ქარის ქროლვაში ქიმზე დედაბრის სილუეტი მოჩანს. ხელები, გრძელი თითებით, სადღაც შორს მიდიან, ძონძად ქცეული კაბა და თმები ქარისაგან წინაა გაწელილი. გრძელი თითები ელვასთან ერთად იკლაკნებიან. ქალის ხმა, რომელიც მუსიკას მიჰყვება, ზარში გადადის. კივილთან ერთად ისმის შემზარავი ჭიხვინი. ყველაფერი გახელებულია. ელვაზე ქეთელაურის ზურგის სილუეტი ჩანს, რომელიც კიდევ მაღლა მიდის.
- - - - -
-
ხეობაში თოვლი მოდის. უჩვეულო სიწყნარეა. სიწყნარეში დაშვებული მელოდია წყნარადვე გრძელდება. თოვლზე მოჩანს შიშველი ფეხების ნაფეხურები. ძველ ნაფეხურებს თოვლის ფიფქები ავსებენ, ისინი /ფიფქები/ არიან დიდი და დინჯი. წინ ახალი ნაფეხურები ჩანს. ხეობაში ფეხმძიმე ქალს /ზურგიდან ის ლელასა ჰგავს/ მიჰყავს შვიდი წლის ფეხშიშველა ბიჭი. მათი ტანსაცმელი ძველია, დაკონკილი. შორს მოჩანს დათოვლილი შატილის კარები, ისინი უახლოვდებიან მას და იკარგებიან შიგ. უკანასკნელ ნაფეხურებს თოვლი ავსებს.

დასასრული.

[1957 წელი]




შენიშვნები


1957 წლის ზაფხულში ვაჟა გიგაშვილმა, გურამმა და გიორგი შენგელაიამ ერთად იმოგზაურეს ხევსურეთში (იხ. შენიშვნები მოთხრობისათვის `სიკვდილი მთებში~). გიორგიმ თქვა: ხევსურეთში მოგზაურობისას ჩაისახა `ალუდა ქეთელაურის~ იდეა. მინდოდა ეთნოგრაფიული სიზუსტით გადამეღო სერიოზული, სრულმეტრაჟიანი ფილმი. სცენარი გურამს უნდა დაეწერა. გარდა ამისა, ალუდას როლში ვაპირებდი `აუცილებლად~ გურამის გადაღებას, ასეთი წარმოდგენა მქონდა ალუდაზე. მუცალში კი ვხედავდი ამირან დუმბაძეს (ამირან დუმბაძეს ბევრი იცნობდა თბილისში ვაჟკაცური, დაუდეგარი ბუნებისა და შფოთიანი ხასიათის გამო, რისთვისაც მას ზოგი ერიდებოდა კიდეც. ის გამოირჩეოდა სხვებისგან გარეგნობით და ჩაცმა-დახურვის თავისებური სტილითაც. თვითონ ამირანს, მისივე თქმით, ძალიან უყვარდა გურამი და პატივს სცემდა მას, ალბათ, იმ თვისებების გამო, რაც მასშიც უხვად იყო. დაიღუპა ტრაგიკულად გურამის გარდაცვალებიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ). ჩემი ხანმოკლე ჩამოსვლებისას თბილისში ვლაპარაკობდით ხოლმე მომავალ ფილმზე. ხევსურეთიდან დაბრუნების შემდეგ გურამმა დაწერა `ალუდა ქეთელაურის~ ლიბრეტო (სატიტულო ფურცელზე აღნიშნულია მხოლოდ წელი). 1958 წლის ზამთარში, მართალია, იშვიათად, მაგრამ მაინც, გურამი გიორგის ხვდებოდა მოსკოვში ყოფნის დროსაც. ვფიქრობ, მაშინ არც ერთს არ ეცალა `ალუდა ქეთელაურისათვის~.
`ალუდა ქეთელაურზე~ მუშაობა იყოფა ორ პერიოდად. 1957 წელს დაიწერა ლიბრეტო კინოსცენარისათვის: თეთრი (1+1_27 გვ.) და შავი (1_17გვ.+1_14გვ) ვარიანტები. ინახება, აგრეთვე, ჩანაწერები ლიბრეტოსათვის (1_9გვ.), (1_24 გვ.). დათარიღებული და დასათაურებულია მხოლოდ თეთრი ვარიანტი, რომელიც 1957 წლისათვის დამახასიათებელი საგანგებოდ გამოყვანილი ხელითაა დაწერილი.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, გიორგის თხოვნით, 1958 წლის ზაფხულში გურამმა მუშაობა დაიწყო უკვე `ალუდა ქეთელაურის~ სცენარზე (1_27 გვ.) +(1_9გვ). დღიურებიდან ირკვევა, რომ მას მაინცადამაინც არ აინტერესებდა ეს სამუშაო.
1957 წლის `ალუდა ქეთელაურის~ ლიბრეტოს სატიტულო ფურცელზე, გარდა სათაურისა და თარიღისა, დახატულია ხევსური კაცი ფარითა და ქამარ-ხანჯლით, სავარაუდოა, თვითონ ალუდა. ჩანახატი გაკეთებულია წითელი ფანქრით, სათაური _ კალმით. ზევითა მარჯვენა კუთხეში თავდაპირველად დაწერილი `შატილი~ გადაშლილია წითელი ფანქრით. ოცდამეექვსე გვერდის ბოლოს გამყოფი ხაზის მერე გადაშლილია:
`ხეობაში თოვლი მოდის. უჩვეულო სიწყნარეა, სიწყნარეში დაშვებული მელოდია წყნარად გრძელდება. თოვლზე მოჩანს შიშველა ფეხების ნაფეხურები.~
ასევე გადაშლილია მწერლის მიერ სიტყვა `დასასრულის~ შემდეგ დაწერილი აბზაცი:
`კინოში, ჩემი აზრით, ალუდას წასვლის კადრის გადაღება არაა საჭირო. წინა კადრში სოფლის იდილიის დროს კარგად უნდა ჩანდეს გაპარტახებული ალუდას ნასახლარი, მერე გამოჩნდება იგივე ნასახლარი, თოვლით დაფარული, და წავა ბოლო კადრი _ თოვლიან გზაზე ფეხშიშველა ქალი, ბავშვთან ერთად.~

ამონაწერები დღიურებიდან:

`მთელი ეს ამბები, წერა, მხოლოდ პატარა შესავალია იმისათვის, რომ `ალუდა ქეთელაურის~ წერა განვაგრძო. ვაჰმე! ვამბობ ცოტა ხნის შემდეგ _ ტყუილია `ალუდა~, ტყუილი, ოღონდ თავის მართლებაა, რადგან ჯერ თითქოს უფლება არა მაქვს წერის, ჯერ მე რაღაც არ გამიკეთებია _ როცა იმას გავაკეთებ _ მერე აღარ მინდა არაფერი, არც აზრი, არც გონება, არც ტანჯვა, მერე იქნება მხოლოდ ოთახი და წერა და არ იქნება წერის გარეშე არაფერი, ოღონდ უფლება მინდა ავიღო, უფლება!! მინდა მოვასწრო, თორემ შემდეგ გვიანღა იქნება!
და რომ მოვასწრო, უნდა ვიცოდე `რა? რა?? რა?? რა??~ (1958 წლის 30 აგვისტო).

`.. ცოტა ხანი ვიდექი ფეხზე, საშინელი ბრძოლა მიდიოდა ჩემს თავში: დავჯდე ტახტზე, რომლის შემდეგაც უნდა დავიძინო, თუ მაგიდასთან, საითკენაც გლეჯს სურვილი, იმდენი რამე მაქვს ჩასაწერი. ბოლოს მაინც პასიური სურვილი ჯობნის და ვიძინებ, გიჟივით მეზარება ეს უაზრო ძილი.
...არც მეძინება, წინ, მაგიდაზე, დევს ქეთელაურის სცენარი, რომელიც უნდა დავამთავრო, და მაინც წერის მაგიერ ვაქრობ სინათლეს და ვიძინებ: რატომ _ არ ვიცი, რა ძალა ჯობნის წერის სურვილს და ახლა რა ძალაა, რომ მაწერინებს. რა ბედნიერია ერლომი ან ზურაბი ან ედიშერი, რომ როცა წერენ, არ ფიქრობენ იმაზე, თუ საერთოდ რატომ უნდა წერო, მათი ბუნება თითქოს შეგუებულია ამ ამბავთან, რომ გაჩნდა საწერად..~K(3 აგვისტო).

ქვეყნდება პირველად.

??????