პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

ძუნწი რაინდი 

სცენა I

ციხე-დარბაზი

ა ლ ბ ე რ ი დ ა მ ს ა ხ უ რ ი

ა ლ ბ ე რ ი
ასპარეზობას, ქვეყანა რომ დაიქცეს, მაინც
ვერ დავაკლდები, აბა, ერთი მაჩვენე კიდევ
ეგ მუზარადი. . . (მსახურს მოაქვს მუზარადი)
რა დარტყმაა! გახვრეტილია
ერთი მოქნევით, არა, მაგის თავზე დახურვა
აღარ იქნება, გრაფო დელორჟ, წყეულიმც იყავ!
მ ს ა ხ უ რ ი
მაგრამ თქვენც კარგად გადაუხადეთ, უზანგებიდან
რომ გააფრინეთ და მიწა რომ მოალოკინეთ.
მკვდარივით იწავ მთლი ღამე და საეჭვოა
გამომჯობინდეს.
ა ლ ბ ე რ ი
მაგრამ თორი ხომ მთლი შერჩა,
არ იზარალა სამკერდული ვენეციური,
მკერდი კი იმას, საკუთარი, არაფრად უღირს,
არ დასჭირდება ახლის ყიდვა. რატომ იქავე
თავს არ ავხადე მუზარადი. მაგრამ ჰერცოგის,
სეფექალების მომერიდა, რაღას ვიზამდი.
ნეტავი თავი გეეხვრიტა ჩემთვის იმ წყეულს!
ჯუბაც არა მაქს, მჭირდება კი. უკანასკნელად
იქ რომ ვიყავი სადარბაზოდ, რაინდებს - ყველას
ოქსინო ეცვათ და ხავერდი, ჰერცოგის სუფრას
მარტო მე ვუჯექ თორაბჯარში. სხვა რა გზა მქონდა:
შემთხვევით მოვხვდი კარზე-მეთქი, მოვიმიზეზე.
რით გავიმართლო ახლა თავი, ო, სიღარიბევ.
როგორ ამცირებს შენი სუსხი რაინდის ყოფას!
როცა კისკასად ჩამიქროლა გვერდით დელორჟმა
და მუზარადი გადმომიგდო მძიმე ჰოროლით,
მე დეზი ვკარი ჩემს ამირას, ქარაშოტივით
ვეძგერე გრაფს და პირშიშველა მორკენალივით
ძირს დავანარცხე. რა უეცრად წამოშალნენ
ადგილებიდან სეფექალნი! თვითონ კლოტიდამ
თვალებზე ხელი აიფარა და უნებურად
შეჰკივლა. ხოლო ჰეროლდები მიქებდნენ დარტყმას.
რაინდთა შორის ჩემს უცნაურ ძალმოჭარბებას
და გულფიცხობას მაშინ ვერვინ მიუხვდა მიზეზს.
გაშმაგებული ვიყავ ჩემი მუზარადისთვის:
რა იყო ძირი გამირობისა, როგორ გგონია?
სიძუნწე, დიახ! მამაჩემის ციხე-დარბაზში
ძნელი არაა ზნე და ფერი იცვალოს კაცმა. . .
ამირას ფეხი როგორა აქვს?
მ ს ა ხ უ რ ი
კოჭლობს საწყალი.
ჯერხნობით მასზე ვერ შეჯდებით.
ა ლ ბ ე რ ი
ისევ ქურანა
უნდა ვიყიდო, სხვა არა მაქვს გამოსავალი.
ბევრსაც არ მთხოვენ.
მ ს ა ხ უ რ ი
მაგრამ ფული, ფული სად არი?!
ა ლ ბ ე რ ი
ის უმაქნისი სოლომონი რას ამბობს ნეტა?
მ ს ა ხ უ რ ი
იმას ამბობს, რომ ამას აქეთ არ შეუძლია
გვასესხოს ფული, თუ გირაოს არ ჩავაბარებთ.
ა ლ ბ ე რ ი
მაგრამ, რჯულძაღლო, ეს გირაო სად ვიშოვნო-თქო?
მ ს ა ხ უ რ ი
მეც ეს ვუთხარი.
ა ლ ბ ე რ ი
მერე?
მ ს ა ხ უ რ ი
კუთავს და იგრიხება.
ა ლ ბ ე რ ი
კი მაგრამ გეთქვა, სხვათა შორის, რომ მამაჩემი
ურიასავით მდიდარია, ადრე თუ გვიან
მე რომ დამრჩება მამაჩემის საბადებელი.
მ ს ა ხ უ რ ი
ვუთხარი.
ა ლ ბ ე რ ი
მერე?
მ ს ა ხ უ რ ი
კუთავს ისევ და იგრიხება.
ა ლ ბ ე რ ი
ო, რა დღეში ვარ!
მ ს ა ხ უ რ ი
ასე მითხრა, გამოვივლიო.
მადლობა უფალს! უსასყიდლოდ ვერც გადმირჩება.
(კარზე აკაკუნებენ)
ვინ არის, - შემო!
უ რ ი ა
მე ვარ, თქვენი მონა-მორჩილი.
ა ლ ბ ე რ ი
ა-ა, სოლომონ!. . . აქეთ მოდი! . . . წყეულო ჩარჩო,
ურიავ სინდისგარეცხილო, ნისიას უკვე
აღარ მენდობი?
უ რ ი ა
მოწყალეო თავადიშვილო,
თქვენი მაღალი ნუ გამიწყრება, გამატიალა
მე რაინდების სამსახურმა, სადა მაქვს ფული?
არავი მიხდის ვალს, მე თვითონ სათხოვარად მოველ,
ვინძლო ნაწილი დამიბრუნოთ, ვინძლო. . .
ა ლ ბ ე რ ი
ყაჩაღო!
ფული რომ მქონდეს, როგორ ფიქრობ, გაგიყადრებდი
თავს, უკუღმართო! ნუღა ოჩნობ, სოლომონ ჩემო,
დამყევი ნებას, სანამ შენ თავს გავაჩხრეკინებ.
სულ რაღაც ასი ოქრო მინდა.
უ რ ი ა
ასიო? ღმერთო!
ერთი მარჩილიც რომ გამაჩნდეს!. . .
ა ლ ბ ე რ ი
ნუთუ სინდისი
გადაიწურეს სულ მთლად, შენი მეგობრის დახსნა
რომ აღარ გინდა?
უ რ ი ა
თავსა ვფიცავ. . .
ა ლ ბ ე რ ი
ჰო, კარგი, მორჩი.
გირაო გინდა, - ხომ ასეა? მაგრამ იფიქრე,
რა უნდა მოგცე გირაოში, თქვი, ღორის ტყავი?
მოსაცემი რომ რამე მქონდეს, დიდი ხანია
გზას ვუჩვენებდი. ანდა იქნებ რაინდის სიტყვას,
შე მართლა ღორო, აღარაფერად არ აგდებ?
უ რ ი ა
სანამ
ცოცხალსა გხედავთ, დიახაც რომ ოქროდა ფასობს
ეგ თქვენი სიტყვა, ფლამანდიის ყველა საგანძურს
და ოქროებით გამოტენილ ზანდუკებს იგი
თილისმასავით გახსნის მუდამ, მაგრამ თუკი მას
მე ჩამაბარებთ, გაკოტრებულ, საწყალ ებრაელს,
ამ დროს კი (ღმერთმა დაგიფროთ) მოკვდებით, მაშინ
უძირო ზღვაში გადაგდებულ ზარდახშის კლიტეს
დაემსგავსება იგი. . .
ა ლ ბ ე რ ი
ნუთუ მე მამაჩემზე
ადრე მოვკვდები?
უ რ ი ა
ვინ რა იცის? ულმობელია
განგების ხელი! აგერ გუშინ ვარსკვლავს რომ წყვეტდა,
იმ ჭაბუკს ოთხი ბერიკაცი წელში მოხრილი
დღეს საფლავისკენ მიასვენებს. ღმერთმა ინებოს,
ბარონმა კიდევ ოცი წელი და ოცდაათიც
რომ იდღეგრძელოს.
ა ლ ბ ე რ ი
თავს ნუ იგდებ, რა - ოცდაათი!
ოცდაათი წლის შემდეგ მე ხომ ორმოცდაათი
მომიკაკუნებს და მაშინ ფულს რა თავში ვიხლი?
უ რ ი ა
ფულსო? ო, ფული საჭიროა ყველა ასაკში,
მაგრამ ჭაბუკი მას იყენებს ფეხმარდ მსახურად
და უმოწყალოდ აქეთ-იქით დაარბენინებს.
ბერიკაცი კი მასში ერთგულ მეგობარს ხედავს
და უფრთხილდება ამიტომაც თვალისჩინივით.
ა ლ ბ ე რ ი
არა! მამაჩემს არც მეგობრად და არც მსახურად
არ მიაჩნია იგი, მისთვის კერპია ფული.
ემსახურება მას თვითონვე, და მერე როგორ?
როგორც უხამსი მონა, როგორც ჯაჭვზე დაბმული
ნაგაზი. აკი ზამთარ-ზაფხულ თავის ხუხულას
არა შორდება. ხმელ პურზე და წყალზე გადადის.
თვალს არა ხუჭავს მთელი ღამე. ყეფს და წრიალებს.
ზანდუკებში კი უდრტვინველად სძინავთ ოქროებს . . .
ხმა-მეთქი! ჩემი დღეც დადგება და იმ ოქროებს
დაავიწყდებათ მშვიდი ძილი.
უ რ ი ა
ჭეშმარიტს ბრძანებთ!. . .
ბარონის სიკვდილს ცრემლზე მეტად ფული იტირებს. . .
ღმერთმა ქნას, მალე ჩაიბაროთ მემკვიდრეობა.
ა ლ ბ ე რ ი
Amen!
უ რ ი ა
ან იქნებ. . .
ა ლ ბ ე რ ი
რაო, იქნებ?
უ რ ი ა
არი სხვაგვარი
გამოსავალიც. . .
ა ლ ბ ე რ ი
ჰო, როგორი, აბა!
უ რ ი ა
ისეთი. . .
ერთი ნაცნობი ებრაელი ბებერი ვიცი,
აფთიაქარი. . .
ა ლ ბ ე რ ი
მევახშეა შენსავით გლისპი
და უკეთური, თუ ცოტათი პატიოსანი?
უ რ ი ა
არა, ტობიას დახლი უდგას სულ სხვანაირი -
წვეთებს აზავეს. . . გაგაოცებთ მათი ძალუმი
ზემოქმედება.
ა ლ ბ ე რ ი
კი მაგრამ, მე რაში მარგია?
უ რ ი ა
სამიოდე წვეთს გააზავებთ ერთ ჭიქა წყალში. . .
არც გემოს მისცემს და არც ფერი არ დააჩნდება.
კაცი კი ამ დროს მუცლის გვრემის, პირის საქმების,
კრუნჩხვის გარშე სულს ეყრება.
შენი ბებერი
ა ლ ბ ე რ ი
აფთიაქარი, როგორცა ჩანს, საწამლავს ყიდის.
უ რ ი ა
ჰო, საწამლავსაც. . .
ა ლ ბ ე რ ი
მერე რაო, რას ამბობ მაბით.
ფულის მაგივრად საწამლავის ორასი შუშა
გინდა მომართვა, თითო ოქროდ? ამას მპირდები?
უ რ ი ა
დამცინით ალბათ, გაიხარეთ! . . . მე . . . მე ვფიქრობდი. . .
იქნება თქვენ გსურდათ. . . მე მგონია, დრო არის უკვე
ბარონმა სული მიაბაროს მამაზეციურს.
როგორ! მოვწამლო საკუთარი მამა? შე წუწკო,
ა ლ ბ ე რ ი
როგორ მიბედავ! . . . ო, ასპიტო, პირგესლიანო! (მსახურს)
შეჰკარ ახლავე, არ გაუშვა! იცი თუ არა,
რომ ამ წუთსავე ჩამოგკიდებ ჩემს კარიბჭეზე
და ვერაფერი ვერ გიშველის?
უ რ ი ა
ო, მაპატიეთ,
დამნაშავე ვარ. . . მე გეხუმრთ. . .
ა ლ ბ ე რ ი
შეჰკარი-მეთქი!
უ რ ი ა
ო, მე. . . გეხუმრეთ, მე ფული მაქვს წამოღებული. . .
ა ლ ბ ე რ ი
თავიდან მომწყდი, უკეთურო!
(სოლომონი გადის. მიმართავს მსახურს)
აი, სადამდე
მივყავარ ჩემივ საკუთარი მამის სიძუნწეს.
ხედავ, ურიამ, მაგ ურჯულომ, რა გამიბედა?
ღვინო დამისხი ერთი ჭიქა! სიბრაზისაგან
ვკანკალებ სულ მთლად. . . მაგრამ ფული, რომ მაინც მინდა!
წადი იმ წყეულს დაეწიე და რაც ოქრო აქვს
წაართვი ბარემ. . . მომიტანე საწერ-კალამიც,
რომ ხელწერილი დავუწერო. ნუ შემოიყვან
ოღონდ ოთახში, მაგ იუდას ნუ დამანახვებ!
თუმცა მოიცა, მისი ოქროებს მისივ წინაპრის
ვერცხლივით ალბათ საწამლავის სუნი აუვა. . .
ღვინო დამისხი, რა გითხარი!
მ ს ა ხ უ რ ი
რომ აღარა გვაქვს!
ა ლ ბ ე რ ი
ის რაღა იქნა, რემონმა რომ გამომიგზავნა
ესპანეთიდან?
მ ს ა ხ უ რ ი
ის გუშინღამ - უკანსკნელი
ბოთლი - ავადმყოფ მჭედელს მივე.
ა ლ ბ ე რ ი
ჰო, მახსოვს, კარგი. . .
მაშ, წყალი მომე. რა ვუთხარი ასეთ ცხოვრებას~
არა, გადაწყდა, სამართალი უნდა ვეძიო
ჰერცოგთან. მივალ, აიძულოს იქნებ ბარონი
მომეპყროს ისე, ვით შეჰფერის ძეს მხოლოდშობილს
და არა ვირთხას ჯურღმულისას.


ს ც ე ნ ა II

საგანძურში

ბ ა რ ო ნ ი
ვით ქარაფშუტა ახალგაზრდა ელის პაემანს
მემრუშე ქალთან, ან ცრუ სიტყვით დაბმულ დიაცთან,
და შული მისდის, ეგრეც მეც სულმოუთმენლად
ამ წუთს ველოდი მთელი კვირა, სანამ იდუმალ
ჩემს საგანძურში ამ ზანდუკებს არ მოვაკითხე.
სვიანი დღ მაქვს! დღეს ჩემს ზანდუკს რიგით მეექვსეს
(ზანდუკს ჯერ ნაკლულს) ერთი მუჭა ოქრო შევმატე.
ცოტაა იქნებ? მაგრამ თქმულა: თითო წვეთობით
აივსებოდა ზღვის უფსკრული. წაკითხული მაქვს:
ხელმწიფეს ერთხელ თავის სპისთვის უბრძანებია
წაეღოთ მიწა თითო მუჭა და დაეყარათ
დანიშნულ ადგილს, სადაც მიწა ჯერ აიბორცვა,
მერე კი იქცა ქედამართულ გორაკად და ის
ხელმწიფე თურმე იმ ქედიდან გადასცქეროდა
თეთრი კარვებით გადაპენტილ მინდოს და ზღვასაც,
ზედ მოსრიალე გემებით და ხომალდებითურთ.
მეც ყოველ კვირა თითო მუჭა ხარკის მოტანით
აქ, საგანძურში ავამაღლე თანდათანობით
ჩემი გორაკი და მაღლიდან დავსცქერი ახლა
ყველაფერს, რაც ჩემს ხელმწიფებას ემორჩილება.
რაღა არ არის ჩემს ხელქვეით? მე შემიძლია,
გამრიგე ვიყო წუთისოფლის ამიერიდან!!
მოვისურებ და პალატები აღიმართბა,
უმშვენიერეს ბაღნარებში ჩემს დაძახილზე
უცბად მოირბენს ულამაზეს ნიმფების გუნდი.
მუზები ჩემს წინ მოიღბენ თავიანთ ალაფს,
თვით ქედუხრელი გენიაც კი დამემონება
და სათნოება, და გარჯილი, უძილო შრომაც
ისევ ჩემს ჯილდოს და საჩუქარს დაელოდება.
დავუსტვენ მხოლოდ და მრჩილი ზმუილით ჩემკენ
სისხლით მოთხვრილი ბოროტება მოიზლაზნება,
მოვა და ხელებს დამილოშნის, თვალებში მუნჯად
მომაშტერდება, რომ გაიგოს ჩემი გულისთქმა.
ჩემს მეუფებას მონებს ყველა, გულითუძრავი,
მარტო მე არვის ვემონები ამ საწუთროში,
ყველაზე მაღლა მაქვს საუფლო, ყველაფრის ზევით!
ვიცი, რა ძალით ვარ მორჭმული და მაშოშმინებს
მარტოოდენ ამის გაფიქრებაც. . .
(დასცქერის თავის ოქროებს)
ცოტაა თითქოს,
მაგრამ განა არ აიწონის მათ სიმძიმე
კაცთა ზრუნვას და სიდუხჭირეს, ჭირსა და ვარამს,
წყევლას, ვედრებას, უბედობას, მუხანათობას?
აქ არის სადღაც ძველებური დრაჰკანი. . . აგერ!
ქვრივმა გადმომცა ეს დრაჰკანი, მაგრამ მანამდე
ჭიშკართან, ჩემი ფანჯრების წინ, სამი ბალღითურთ
მუხლებზე იდგა და მთლი დღე ღმუოდა. წვიმამ
ამასობაში გადაიღო, გაწვიმდა ისევ,
ის კი, თვალთმაქცი, არ იძვროდა. შემეძლო მისი
გაგდება, მაგრამ წინდაწინვე მიგრძნობდა გული,
რომ მოტანილი ექნებოდა თავის ქმრის ვალი
და ხვალ ციხეში წაბრძანებას არ ისურვებდა.
ხოლო ეს? ეს მე მომიტანა უქნარა ტიბომ,
ნეტა საიდან გამოჩხრიკა ჩიტირეკიამ?
მოიპარავდა უსათუოდ! თუმცა, ვინ იცის?
იქნება სადმე შარაგზაზე, ღამით, ჭალაში. . .
ასეა! რაც აქ საუნჯეა გადანახული,
მისთვის დაღვრილი ყველა ცრემლი, სისხლი და ოფლი,
ერთბაშად მიწის გულიდან რომ ამომსკდარიყო,
წარღვნიდა სისხლის ნიაღვარი ქვეყანას და მეც
ჩემს ზანდუკებთნ დამახრჩობდა. . . ახლა კი დროა.
(ზანდუკის გაღებას აპირებს)

ყოველთვის, როცა დავუპირებ ზანდუკს გაღებას,
ცხრო მომივლის და უცნაური თრთოლა ამიტანს,
კი არა ვშიშობ (მეშინოდეს ვისმე? რატომ?
მახვილი მახლავს და მტერს პასუხს იგი მიაგებს
საკადრისს), მაგრამ მეწურება როგორღაც გული
ამოუხსნელი წინათგრძნობით. . . არისო ხალხი,
მედიკოსები გვარწმუნებენ, კაცის კვალში რომ
უცნაურ შვებას ნახულობენ. როდესაც ბოქლომს
გასაღბს ვურიგებ, მე თავად ვგრძნობ, რას უნდა გრძნობდნენ
ისინი, როცა თავიანთ მსხვერპლს დანას უყრიან:
საშინელებს და უცნაურ შვებას. . .
(აღებს ზანდუკს)
ჩემი შვება და ნეტარება! (შიგ ყრის ოქროს)
გეყოთ წანწალი
კაცთა ვნებების სამსახურად! აქ დაისვენეთ,
და კაცთა შორის მიძინებულ ღმერთების მსგავსად,
თქვენც მიიძინეთ მაგარი და ნეტარი ძილით. . .
მინდა დღს ჩემთვის მოვილხინო: სანთელს დავუნთებ
თვითეულ ზანდუკს და მათ შორის უხმოდ ჩამდგარი
თავდახრილ ოქროს დავაცხრები თავალდამშეული.
(მიყოლებით ხსნის ზანდუკებს და სანთლებს უნთებს)
მე მაქვს მეფბა ამ ჯადოქრულ ოქროზე! მე ვარ
მისი პატრონი და უფალი ამ ქვეყანაზე,
ბედნიერებით და ღირსებით მორჭმული მისგან
დავიარები!. . . მაგრამ შემდეგ, ჩემ შემდეგ მასზე
ვის უნდა დარჩეს ხელმწიფება? მემკვიდრეს ჩემსას,
ამ შლეგს და მფლანგველს, მემრუშეთა უბადრუკ არიფს? . . .
გაცივებასაც არ დამაცლის, როცა მოვკვდები.
ის, ის - უგვანი! აქ ამ მყუდრო თაღების ჩრდილში
შემოიჭრება მოქეიფე კარისკაცების
და უტიფარი როსკიპების მთვრალი ამალით,
წამგლეჯს გასაღებს და უშვერი სიცილ-ხარხარით
დახსნის ზანდუკებს! და ეს ჩემი ნაწვავ-ნადაგი
იმათ გახვრეტილ ჯიბეებში ჩაჩხრიალდება.
ოქროს ბარძიმებს იავარყოფს, დალეწავს თასებს,
სამეუფეო ზეთით მიწას გააძღობს, ყოველს -
გაფლანგავს, გასცემს, ქარს გაატანს, გააპარტახებს! . . .
მაგრამ ვიკითხოთ, რა უფლებით? ყველაფერი ეს
მე განა ქარმა მომიტანა, ან კიდევ ციდან
ჩამომივარდა! არა, ოქრო ყომარბაზივით
კამათლის ერთი გადაყრით არ მომიხვეტია!
ვინ დაიჯერებს, თუ რამდენი უძილო ღამის,
დაოკებული ვნების, მწარე თავშეკავების,
ფიქრის და ზრუნვის ფასად მიღირს ეს ყველაფერი?
ან იქნებ მეტყვის ჩემი ძე, რომ ხავსი მომედო,
რომ გული ვნებით არასოდეს ამძგერებია,
ან არასოდეს განმიცდია სინდისის ქეჯნა?
სინდისი! - გულში მოწრიალე პატარა მხეცი,
ღამის სტუმარი აბეზარი, ტლანქი მევალე,
ეს მაძახურა კუდიანი, რომელიც მთვარეს
აბნელებს ხოლმე, რომ საფლავში აჭრილი მკვდრები
დედამიწაზე ამორკოს. . . არა! ჯერ იგრძენ,
იწვნიე, თვითონ გამოსცადე სიმწარე ჩემი
და მერე ვნახოთ ჭირნახული როგორ გაფანტავ
იმას, რაც სისხლით გიშოვნია. . . ნეტა შემეძლოს
ამ საგანძურის გადამალვა ავი თვალისგან!
ნეტა შემეძლოს საფლავიდან აქ მობრუნება,
რომ ზანდუკებზე აჩრდილივით წამოსკუპულმა
ცოცხლებისაგან დავიფარო ეს ჩემი განძი,
როგორც აქამდე ვიფარავდი!. . .


ს ც ე ნ ა III

სასახლეში

ა ლ ბ ე რი დ ა ჰ ე რ ც ო გ ი

ა ლ ბ ე რ ი
მერწმუნეთ, თქვენო მეუფებავ, დიდხანს ვითმენდი
ხელმოკლეობი მწარე სირცხვილს და მეტისმეტად
რომ არ მიჭირდეს, საჩივრით თავს არ შეგეწყენდით.
ჰ ე რ ც ო გ ი
მჯერა, დიახაც; თქვენისთანა კეთილშობილი
რაინდი მამას ბრალს არ დასდებს, არ გაამტუნებს,
თუ უსაშველო ჭირი არ სჭირს. თუმცა არიან
გულარძნილების . . . ნუღა ჯავრობთ, მამათქვენს ცალკე
გავუწევ თათბირს, დავტუქსავ და დავიყოლიებ.
მას ველოდები ახლა სწორედ, დიდი ხანია
აღარ მინახავს. მეგობრობდა პაპაჩემს წინათ,
ჩემს ბავშვობაში, ცხენზე ბევრჯერ შვუჯენივარ,
თავის მუზარადს დამხურავდა ხოლმე საომარს -
მძიმე ზარივით უზარმაზარს.
(ფანჯარაში იცქირებოდ) ის არის, მგონი.
ა ლ ბ ე რ ი
გახლავთ!
ჰ ე რ ც ო გ ი
მიბრძანდით იმ ოთახში. მე დაგიძახებთ
(ალბერი გადის. შემოდის ბარონი)
უფალმა მოგცეთ მზეგრძელობა! მიხარის დიდად
გულმხნედ რომ გხედავთ და ჯანმრთელად!
ბ ა რ ო ნ ი
ჩემო პატრონო,
ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ბრძანებისამებრ
გხლებოდით კარზე.
ჰ ე რ ც ო გ ი
დიდი ხანი გავიდა უკვე,
რაც არ გვინახავს ერთმანეთი. მე თუ გახსოვართ?
ბ ა რ ო ნ ი
თუ მახსოვხართო? ცხადად, თითქოს ახლა გხედავდეთ,
ცოცხალი ბავშვი ბრძანდებოდით. ჰერცოგი ხშირად
მეტყოდა ხოლმე ცხონებული. ფილიპე ჩემო
(ის მე ფილიპეს მეძახოდა მუდამ), ხომ ხედავ?
ოცი წლის შემდეგ ეს რას იზამს? მე და შენ ალბათ
შუმ ტუტუცებად გამოვჩნდებით ამ ბალღის გვერდით,
ამ ბალღის ანუ . . . თქვენ წინაშე. . .
ჰ ე რ ც ო გ ი
ეს მახლობლობა
ჩვენ კვლავაც უნდა ღვადგინოთ. სულ დაივიწყეთ თქვენ ჩემი კარი.
ბ ა რ ო ნ ი
დავბერდი მე, ჩემო პატრონო,
რაღა დროს ჩემი კარს ყოფნაა, თქვენ გაიხარეთ
ასპარეზობით, დარბაზობით, ჟამი თქვენია.
მე გარდავსულვარ! ღმერთმა ომი თუკი ინება,
კიდევ მივათრევ ჩემს ბებერ ძვლებს ცხენის ზურგამდის,
კიდევ მეყოფა მკლავში ძალა ხმლის მოსაქნევად,
მამულისა და თქვენი მტერი რომ დავიფრინო.
ჰ ე რ ც ო გ ი
თავადო, თქვენი ერთგულება გვეთნევა ფრიად.
თქვენ მეგობრობდით ჩემს დიდ პაპას, მამაჩემი კი
ვაჟკაცობისთვის გაფასებდათ, და მეც ყოველთვის
მიმაჩნდით ერთგულ, თავდადებულ, მამაც რაინდად.
მაგრამ ცოტახანს დავიმუხლოთ. . . შვილები თუ გყავთ?
ბ ა რ ო ნ ი
ვაჟი მყავს ერთი.
ჰ ე რ ც ო გ ი
სასახლეში ვერ ვხედავ რაღაც!
თქვენ კარმა თავი მოგაბეზრათ, მაგრამ მის ხანში,
მისი წოდების ჭაბუკს მართებს გვეახლოს კარზე.
ბ ა რ ო ნ ი
ჩემს ძეს არ ხილბავს სეფექალთა შორის ტრიალი,
უხიაგია და პირქუში. უცნაური ზნე
დასჩემდა, ტყეში ღამღამობით მარტოკა დაძრწის,
როგორც ირემი მარტოხელა
ჰ ე რ ც ო გ ი
საკადრისია
გატყიურება, თქვით, ასეთი? ჩვენ მოვარჯულებთ
მას სახიობით, დარბაზობით, ასპარეზობით.
გამომიგზავნეთ უსათუოდ! შვილს დაუნიშნეთ
თავის წოდების შესაფერი ხელის სახარჯო. . .
ბ ა რ ო ნ ი
თქვენ იღუშებით. გზა დაგღლიდათ, თუმცა ამაში
არაფერია გასაკვირი. . .
თქვენ გააწბილეთ
მოხუცი, თქვენო მეუფებავ, მე არ მინდოდა
შვილის ამბავი გამემხილა. თქვენ მაიძულებთ
გამოგიცხადოთ დაფარული: საუბედუროდ,
ჩემი ზე თქვენი არც წყალობის, არც ყურადღების
ღირსი არ არის. ბიწიერ და უმსგავს ქეიფში
ატარებს იგი სიჭაბუკეს. . .
ჰ ე რ ც ო გ ი
მარტოდმარტოა
და ეს იმიტომ მოსდის ალბათ, მოცალეობით
გალაღებული სიმარტოვე ღუპავს ჭაბუკებს.
გამომიგზავნეთ! მიყრუებულ ციხე-დარბაზის
ველური ზნე აქ, სასახლეში დაავიწყდება.
ბ ა რ ო ნ ი
რა გითხრათ. . . თქვენო მეუფებავ, მომიტევეთ მე,
ვერ დამითანხმებთ მაგ საქმეზე.
ჰ ე რ ც ო გ ი
კი მაგრამ, რატომ?
ბ ა რ ო ნ ი
გთხოვთ დამითხოვოთ ბერიკაცი. . .
ჰ ე რ ც ო გ ი
მე კი მოვითხოვ
გამაგებინოთ ამ უარის მიზეზი.
ბ ა რ ო ნ ი
შვილზე
მე გამწყრალი ვარ.
ჰ ე რ ც ო გ ი
მაგრამ რატომ?
ბ ა რ ო ნ ი
გულში ჩემდამი
ავი ზრახვა აქვს და იმიტომ.
ჰ ე რ ც ო გ ი
რა ავი ზრახვა?
ბ ა რ ო ნ ი
გთხოვთ, დამითხოვოთ. . .
ჰ ე რ ც ო გ ი
უცნაური ამბავი ხდება -
იქნებ გრცხვენიათ მის მაგივრად?
ბ ა რ ო ნ ი
მრცხვენია, დიახ.
ჰ ე რ ც ო გ ი
არ მეტყვით, რა ჰქნა მან ასეთი?
ბ ა რ ო ნ ი
მას. . . ჩემი მოკვლა
უნდოდა. . .
ჰ ე რ ც ო გ ი
მოკვლა? მაშ, სამსჯავროს გავუჩენ ახლავ,
როგორც გულბოროტ დამნაშავეს.
ბ ა რ ო ნ ი
მე ვერ დავიწყებ
ამის მტკიცებას, თუმცა ვიცი დანამდვილებით,
რომ სიკვდილს ნატრობს იგი ჩემსას, თუმცა უტყუარად
მე ის ვიცი, რომ აპირებდა . . .
ჰ ე რ ც ო გ ი
რას?
ბ ა რ ო ნ ი
ჩემს გაქურდვას.
(დარბაზში ალბერი შემოვარდება)
ა ლ ბ ე რ ი
ცრუობთ, თქვენ ცრუობთ!
ჰ ე რ ც ო გ ი
როგორ ბედავთ!. . .
ბ ა რ ო ნ ი
ო, მაშ, აქა ხარ!
შე უმადურო! და მამაშენს ამას უბედავ?!
ვცრუობ, ხომ! მერე სად? ჰერცოგის წინაშე? არა,
აღარ ვყოფილვარ მე რაინდი!. . . და შენ უძღებო. . .
ა ლ ბ ე რ ი
სიცრუეს ამბობთ!
ბ ა რ ო ნ ი
ო, ცა რატომ თავს არ მენგრევა. . .
მაშ, ხმალმა, ხმალმა გაგვასწოროს!
(ხელთათმანს ესვრის ალბერს. იგი სწრაფად იღებს ხელთათმანს)
ა ლ ბ ე რ ი
დიდი მადლობა!
აი, პირველი საჩუქარი მშობელი მამის!
ჰ ე რ ც ო გ ი
ღმერთო, რა ხდება! ეს რა ნახაეს ჩემმა თვალებმა?
მოხუცი მამის გამოწვევა მიიღო შვილმა. . .
რა დროს ვიტვირთე ჰერცოგობა! გეყოფათ-მეთქი,
დადუმდით, შლეგნო! შენც გულბნელო მოხუცო და შენც
ლომის ბოკვერო! მომეცი აქ ეგ ხელთათმანი!. . .
(ართმევს ხელთათმანს)
ა ლ ბ ე რ ი
დიდად ვწუხვარ.
ჰ ე რ ც ო გ ი
ჩაჰფრენია ბრჭყალებით! მხეცო!
გასწით და სანამ არ მოგიხმობთ, არ დამენახოთ
თვალით! (ალბერი გადის)
თქვენ კი. . . თქვენ, უგუნურო მოხუცო, ნუთუ
არა გრცხვენიათ?
ბ ა რ ო ნ ი
მომიტევეთ, ბატონო, მაგრამ. . .
ვეღარ ვერევი თავს. . . მუხლები მღალატობს თითქოს. . .
სუნთქვა მეკვრება. . . ვიხუთბი! . . . ოჰ, გასაღები! . . .
სადაა ჩემი გასაღები! . . .
ჰ ე რ ც ო გ ი
გათავდა! ღმერთო,
რა საშინელი დრო დაგვიდგა, რას მოვესწარით?!

??????