პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

პეტრე დიდის ზანგი 

პეტრეს ურყევი ნებით
გარდასახული რუსეთი.
ნ. იაზიკოვი

პირველი თავი

ვარ პარიზში;
არათუ სუნთქვა, ცხოვრება დავიწყე.
დმიტრიევი.
მოგზაურის ჟურნალი.

იმ ახალგაზრდათა შორის, რომლებიც პეტრე დიდმა გარდაქმნილი სახელმწიფოსათვის აუცილებელი ცოდნის დასაუფლებლად უცხო ქვეყნებში მიავლინა, მისი ნათლული ზანგი იბრაჰიმიც ერია. იბრაჰიმი პარიზის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრებისას არტილერიის კაპიტნის წოდება მიიღო, შემდეგ თავი გამოიჩინა ესპანეთის ომში და მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა პარიზს. ათასგვარ საქმეთა მიუხედავად, იმპერატორი ნიადაგ იკითხავდა თავისი გამორჩეული ნათლულის ამბავს და მისი წარმატებებისა და ქცევის ქება-დიდებას იგებდა მუდამ. ნათლულით ერთობ კმაყოფილმა პეტრემ არაერთხელ შეუთვალა მას, რუსეთში ჩამოდიო, მაგრამ იბრაჰიმი ფეხს ითრევდა, ხან რას იმიზეზებდა და ხან რას: ეს ჭრილობაო, ეს ცონდის სრულყოფა მინდაო, ეს უფულობაო. პეტრეც გულმოწყალედ ეკიდებოდა იბრაჰიმის სათხოვარს, იქით სთხოვდა, ჯანმრთელობას მიხედეო, სწავლაში მუყაითობას უმადლიდა და, საკუთარი თავის მიმართ ერთობ ხელმოჭერილს, მისთვის ღია ჰქონდა ხაზინა, ოღონდ თუმნიანებს მამობრივ რჩევას აყოლებდა და არიგებდა, ფრთხილად იყავიო.
თუ ყველა ისტორიულ ჩანაწერს დავიმოწმებთ, ვერაფერი დაუდგებოდა გვერდით მაშინდელი ფრანგების ქარაფშუტობას, უგუნურებასა და განცხრომას. კვალიც კი არ დაუტოვებია ლუი XIV-ის მეფობის უკანასკნელ წლებს - კარის მკაცრი ღვთისმოსაობით, მედიდურობით და წესიერებით ნიშნეულ ხანას. ორლეანის ჰერცოგს, კაცს, ვისაც ბევრ დიდებულ თვისებასთან ერთად საუბედუროდ ათასგვარი მანკიერება ჰქონდა, პირმოთნეობის ნატამალი არ ეცხო. პალე-როიალის ორგიები პარიზისთვის საიდუმლო როდი იყო. მაგალითი გადამდები გახლდათ. იმ დროისთვის ქვეყანას მოევლინა Law; ფულზე დახარბება სიამოვნებისა და დროსტარების წყურვილს შეერთო; ქრებოდა მამულები, ბოლო ეღებოდა ზნეობას; ფრანგები იცინოდნენ და ანგარიშობდნენ, და სახელმწიფო ირღვეოდა სატირული ვოდევილების ხალისიან მისამღერთა ხმიანში.
საზოგადოებრიობა კი ერთობ თავშესაქცევ სურათს წარმოსახავდა. განათლებულობამ და მხიარულების მოთხოვნილებამ ყველა წოდება დააახლოვა. სიმდიდრეს, თავაზიანობას, დიდებას, ნიჭიერებას, თვით უცოდინარობასაც კი, ყველაფერს, რაც ცნობისმოყვარეობას აღვიძებდა, ან რასაც სიამოვნების მინიჭების პირი უჩანდა, ერთნაირ კეთილგანწყობით ეკიდებოდნენ. ლიტერატურა, განსწავლულობა და ფილოსოფია წყნარ კაბინეტს თავს ანებებდნენ და მაღალ საზოგადოებას ევლინებოდნენ, რათა მოდის შეხედულებანი წარემართათ და მისთვის ეამებინათ. ქალებს მეუფების სადავე ეპყრათ, მაგრამ კერპად შერაცხვას აღარ ითხოვდნენ. კდემამოსილი მოწიწება მოჩვენებითმა თავაზიანობამ შეცვალა. ჰერცოგ რიშელიეს, ამ უახლესი ათენის ალკიბიადეს ოინბაზობანი ისტორიას განეკუთვნებიან და გვამცნობენ, თუ რა ზნეჩვეულებანი არსებობდა მაშინ.

Temps fortuné, marqué par la licence,
Ou la folie, agitant son grelot,
D’un pied lèger parcourt toute la France,
Où nul mortel ne daigne être dévot,
où l’on fait tout excepté pénitence.

იბრაჰიმის გამოცხადებამ, შესახედაობამ, განსწავლულობამ და თანდაყოლილმა ჭკუამ ყველას ყურადღება მიიპყრო პარიზში. თითოეულ ბანოვანს სურდა Le negre bu czar**-ს სწვეოდა და ცილობა ჰქონდათ ერთმანეთთან; რეგენტმა რამდენჯერმე მიიპატიჟა იგი თავის მხიარულ საღამოებზე; იბრაჰიმი ესწრებოდა არუეტის სიახალგაზრდავითა და შოლიეს მოხუცებულობით, მონტესკიესა და ფონტენელის საუბრებით ზეშთაგონებულ ვახშმებს; არ აცდენდა არც ერთ ბალს, არც ერთ დღესასწაულს, არც ერთ პირველ წარმოდგენას და თავისი წლებისა და მოდგმის ნიშანდობლივი მთელი გზნებით როკავდა საერთო ფერხულში, მაგრამ მარტო ის აზრი კი არ აძრწუნებდა, რომ ეს დროსტარება, ეს დიდებული თავშექცევანი პეტერბურგის სასახლის პირქუშ უბრალოებაზე უნდა გაეცვალა. არა, სხვა უძლიერესი ხუნდი აჯაჭვავდა პარიზს. ახალგაზრდა აფრიკელი შეყვარებული გახლდათ.
ყვავილხანობას უკვე გადამცდარ გრაფინია დ.-ს სილამაზეს ჯერ კიდევ არ მისდგომოდა ჩრდილი. მონასტერში სწავლა რომ გაათავა, იგი, ჩვიდმეტი წლისა, გააყოლეს კაცს, ვისი შეყვარება ვერ მოასწრო და ვისაც შემდგომ ამაზე არასოდეს არ შეუწუხებია თავი. ამბობდნენ, გრაფინიას საყვარლები ჰყავსო, მაგრამ საზოგადოების კეთილმოწყალე წესდების შემწეობით კარგი სახელი ჰქონდა, რამეთუ არავის შეეძლო დაედო ბრალი, რაიმე სასეირო ან მაცდუნებელ ამბავშია გახვეულიო. გრაფინიას სახლი ყველაზე მოდური გახლდათ და პარიზის ნაღები საზოგადოება იქ იკრიბებოდა. იბრაჰიმი გრაფინიას ახალგაზრდა მერვილმა გააცნო. მერვილი საერთოდ გრაფინიას უკანასკნელ საყვარლად იყო მიჩნეული და ყოველნაირად ცდილობდა, ეს ამბავი საცნაური გაეხადა.
გრაფინია თავაზიანად, მაგრამ ყოველგვარი განსაკუთრებული ყურადღების გარეშე შეხვდა იბრაჰიმს, რაიც აფრიკელს სასიამოვნოდ დარჩა. ახალგაზრდა ზანგს, ჩვეულებრივ, ისე უყურებდნენ, როგორც საოცრებას, გარს ეხვეოდნენ, მისალმებებითა და კითხვებით მოსვენებას არ აძლევდნენ და ეს ცნობისწადილი, მიუხედავად იმისა, რომ კეთილგანწყობილებას იყო ამოფარებული, თავმოყვარეობას ულახავდა. ქალების სიამის მომნიჭებელი ყურადღება, თითქმის სიმწარითა და აღშფოთებით ავსებდა იბრაჰიმს. იგი გრძნობდა, რომ მათთვის იყო იშვიათი სახეობის ნადირი, უცხო, განსაკუთრებული ქმნილება, შემთხვევით მოხვედრილი ამ უჩვეულო სამყაროში. შურდა კიდევაც ადამიანებისა, რომელთაც კაციშვილი აინუნში არ აგდებდა, და მათ არარაობას ბედკეთილობად რაცხდა.
იბრაჰიმი ფიქრობდა, ბუნებას საიმისოდ არ გავუჩენივარ, ვინმე მიყვარდეს და ვუყვარდეო. ამ აზრმა განარიდა თავდაჯერებულობის და თავმოყვარეობის პრეტენზია, რაც ქალებთან მის მოქცევას განუმეორებელ მომხიბვლელობას ანიჭებდა. ლაპარაკობდა სადად და საგულისხმოდ. სწორედ ეს მოეწონა გრაფინია დ.-ს, რომელსაც თავი შეაწყინა დაუსრულებელმა ხუმრობებმა და ფრანგული მახვილგონივრულობის ნიშნეულმა დახვეწილმა ქარაგმებმა. იბრაჰიმი ხშირი სტუმარი იყო მისი. ახალგაზრდა ზანგის გარეგნობას გრაფინია ნელ-ნელა შეეჩვია და თავისი სასტუმროს დაპუდრულ პარიკებს შორის შავად მკრთომი ხუჭუჭთმიანი თავი ერთგვარ სიამოვნებასაც კი ანიჭებდა (იბრაჰიმი თავში იყო დაჭრილი, ჭრილობა შეხვეული ჰქონდა და ამიტომ პარიკი არ ეკეთა). ჭაბუკი ოცდაშვიდი წლისა გახლდათ, მაღალ-მაღალი იყო, ტანადი და ბევრი ლამაზმანი იმაზე მეტი სიამის მომგვრელი გრძნობით უყურებდა, ვიდრე უბრალო ცნობისწადილია. წინასწარი აზრით შებოჭილი იბრაჰიმი კი ან ვერაფერს ამჩნევდა, ან სიკეკლუცის მეტს ვერას ხედავდა. ხოლო როცა მისი თვალები გრაფინიასას ხვდებოდა, უნდობლობა მაშინვე უქრებოდა. გრაფინიას თვალებში ისეთი საამო გულითადობა გამოსჭვიოდა, ის ისე უბრალოდ, ისე თავისუფლად ექცეოდა იბრაჰიმს, შეუძლებელი გახლდათ ქალისთვის თუნდაც ერთი ბეწო სიკეკლუცე ან დაცინვა დაგებრალებინათ.
იბრაჰიმს სიყვარული აზრადაც არ მოსდიოდა, მაგრამ გრაფინიას ხილვა მუდამდღე უკვე ჰაერივით სჭირდებოდა. ყოველი ღონით ცდილობდა ენახა და მასთან შეხვედრას ნიადაგ ღვთის მოულოდნელ წყალობად რაცხდა. ახალგაზრდა ზანგის გრძნობები გრაფინიამ უფრო ადრე გამოიცნო, ვიდრე თვით იბრაჰიმმა. რაც გნებავთ, თქვით და, ქალის გულს ყოველ საცთურზე უფრო აჩქროლებს იმედებსა და მოთხოვნებს მოკლებული სიყვარული. გრაფინია იბრაჰიმის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა, მის ყოველ სიტყვას აყურადებდა; უიმისოდ ფიქრი ეძალებოდა და ჩვეული დაბნეულობა ეუფლებოდა. მერვილმა პირველმა შეამჩნია ქალ-ვაჟის ტრფობა და იბრაჰიმს მიულოცა. გარეშე პირის გამამხნევებელ შენიშვნაზე უფრო სიყვარულს არა აღანთებს რა. სიყვარული ბრმაა, საკუთარ თავს ვერ ენდობა და სულსწრაფად ეჭიდება ყოველ საყრდენს.
მერვილის სიტყვებმა იბრაჰიმი გამოაყოჩაღა. აქამდე ვერ წარმოედგინა, თუ საყვარელ ქალს დაეუფლებოდა, და იმედმა უცებ სული გაუსხივოსნა. სიყვარულმა თავი დაავიწყა. იბრაჰიმის ვნების ლაგამაწყვეტით შეშინებული გრაფინია ამაოდ ირჯებოდა მეგობრული დარიგებითა და გონივრული რჩევით დაეოკებინა ვაჟი, მას თვითონვე ეცლებოდა ძალა. წინდაუხედავად დათმობილი საბოძვარნი სწრაფად მოსდევდნენ ერთიმეორეს. ბოლოს კი გრაფინიამ, მის მიერვე აღძრული ვნებით თავდავიწყეუბლმა და გათანგულმა, მოჯადოებული იბრაჰიმის წინაშე ფარ-ხმალი აიყარა. თვალხმიერი საზოგადოება ყველაფერს ამჩნევს. მალე სუყველამ გაიგო გრაფინიას ახალი გატაცების ამბავი. ზოგიერთი ბანოვანი სახტად დარჩა - ეს ვინ აურჩევიაო, ბევრს კი მისი არჩევანი ერთობ ბუნებრივად ეჩვენა. ერთნი იცინოდნენ, მეორენი მიუტევებელ გაუფრთხილებლობად მიიჩნევდნენ მის გადადგმულ ნაბიჯს. ვნების პირველი ბანგით გაბრუებული იბრაჰიმი და გრაფინია ვერას ამჩნევდნენ, მაგრამ მალე მათ სმენას უწია კაცთა ორაზროვანმა ოხუნჯობამ და ქალთა შხამგარეულმა შენიშვნებმა. აქამდე იბრაჰიმს ზვიადი და ცივი მოქცევა არიდებდა ამგვარ თავდასხმებს; ახლა მათ მოთმინებადაკარგული ურიგდებოდა და არ იცოდა, როგორ მოეგერიებინა. გრაფინია შეჩვეული იყო მაღალი საზოგადოების მიერ პატივისცემას. გულმშვიდად ვერ მოეკიდებოდა იმას, რომ მითქმა-მოთქმისა და დაცინვის საგანი ყოფილიყო. იგი ხან ცრემლთა ფრქვევით შესჩიოდა იბრაჰიმს, ხან მწარედ საყვედურობდა, ხან ემუდარებოდა, არ გამომესარჩლო და ამაო აურზაურით მთლად არ გამაუბედუროო.
ახალმა ვითარებამ უფრო მეტად აბურდა გრაფინიას მდგომარეობა. გამომჟღავნდა წინდაუხედავი სიყვარულის შედეგი. ამოიშრიტა და უკუიგდო ყოველი ნუგეში, რჩევა, წინადადება. გრაფინია ხედავდა, რომ დასამარება არ ასცდებოდა და იმედწარხოცილი ელოდა ამას.
გრაფინიას ორსულობის გამომჟღავნებისთანავე ჭორებმა ახალი ძალით იფეთქა. გულჩვილი ბანოვანნი ვიშვიშებდნენ საშინელებისა გამო, ხოლო მამრნი ერთმანეთს ენაძლევებოდნენ, როგორ ბავშვს დაბადებდა გრაფინია, თეთრს თუ შავს. ქმრის, მთელ პარიზში ერთადერთი კაცის მისამართით, ვინც არა უწყოდა რა და არც რაიმეს აინუნში იყო, ეპიგრამა ეპიგრამას მოსდევდა.
კარს მოდგა საბედისწერო ჟამი. გრაფინია შავ დღეში იყო. იბრაჰიმი ერთი დღით არ შორდებოდა გვერდიდან და ხედავდა, როგორ თანდათან იშრიტებოდა ქალი სულიერად და ხორციელად. გრაფინიას წამდაუწუმ სდიოდა ცრემლი და ძრწოლა იპყრობდა. ბოლოს იგრძნო პირველი ტკივილები. სასწრაფოდ დატრიალდნენ. გამოძებნეს საშუალება, რათა გრაფი სახლისათვის გაერიდებინათ. მოვიდა ექიმი. ორი დღის წინათ ერთი გაჭირვებული ქალი დაეთათბირებინათ, რომ უცხოთათვის თავისი ახალშობილი დაეთმო და ბავშვის მოსაყვანად მესაიდუმლე გაგზავნეს. იბრაჰიმი კაბინეტში წრიალებდა საწოლი ოთახის გვერდით, სადაც უბედური გრაფინია იწვა, სუნთქვასაც კი ვერ ბედავდა და ესმოდა მშობიარის ყრუ გოდება, მოახლის ჩურჩული და ექიმის ბრძანებები. გრაფინია დიდხანს ეწამებოდა. მისი ყოველი კვნესა იბრაჰიმს გულს უკოდავდა, კვნესის შემდეგ ყოველი გაჩუმება თავზარს სცემდა... უცებ ბავშვის სუსტი ჭყავილი შემოესმა, სულშეძრულმა თავი ვერ დაიურვა და გრაფინიას ოთახში შევარდა. იქ, ახალმოლოგინებულის ფერხთით, საწოლზე იწვა შავი ყრმა. იბრაჰიმი მიუახლოვდა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, შვილი აკანკალებული ხელით დალოცა, გრაფინიამ უღონოდ გაუღიმა და ძალაგამოცლილი ხელი გაუწოდა... მაგრამ ექიმმა იმის შიშით, ავადმყოფს ერთობ დიდმა მღელვარებამ არ ავნოსო, იბრაჰიმი საწოლს მოაშორა. ახალშობილი დახურულ კალათაში ჩააწვინეს და საიდუმლო კიბით სახლს განარიდეს. მოიყვანეს მეორე ბავშვი და მისი აკვანი გრაფინიას საწოლ ოთახში დადგეს. იბრაჰიმი ცოტათი დამშვიდებული წავიდა. ელოდნენ გრაფს. იგი გვიან მოვიდა შინ, როცა გაიგო, მეუღლემ მშვიდობიანად მოილოგინაო, ერთობ ესიამოვნა. ასე და ამგვარად სკანდალური აყალმაყალის მომლოდინე საზოგადოება პირში ჩალაგამოვლებული დარჩა და იძულებული გახდა, მარტოოდენ ავსიტყვაობით დაეცხრო გული.
იბრაჰიმი კი გრძნობდა, რომ ბედი უნდა შეცვლოდა, რომ გრაფინიასთან მის ურთიერთობას, როცა იქნებოდა, გრაფი დ. შეიტყობდა. ასეთ შემთხვევაში, რაც უნდა ამბავი დატრიალებულიყო, გრაფინია უთუოდ დაიღუპებოდა. იბრაჰიმს გრაფინია გაგიჟებით უყვარდა, გრაფინიასაც ასევე უყვარდა იგი, მაგრამ თვითრჯულა და თავქარიანი ქალი იყო; პირველად როდი მოჰკიდებოდა სიყვარულის სახმილი. ზიზღსა და სიძულვილს შეეძლო უნაზესი გრძნობები ამოერეცხა მისი გულიდან. იბრაჰიმი უკვე იმთავითვე ხედავდა, რომ დადგებოდა წუთი და გრაფინიას ადრინდელი გზნება გაუნელდებოდა; აქამდე ეჭვიანობა რა იყო, არ იცოდა, მაგრამ ძრწოლაატანილი გუმანით შეიგრძნობდა მას წინასწარ. ჰოდა, ეჩვენებოდა, განშორების ტანჯვამ ნაკლებ უნდა დამიშაშროსო სული და უკვე გულში ედო ეს ბედკრული ურთიერთობა გაეწყვიტა, გასცლოდა პარიზს, გამგზავრებულიყო რუსეთს, საითაც კარგა ხანია მოუწოდებდა პეტრეცა და საკუთარი მოვალეობის შეუცნობელი გრძნობაც.

მეორე თავი

არცთუ მამკობს სილამაზე,
გულს არ ხვდება სიხარული.
არცთუ მეთქმის თავქერქეტა,
და არცთუ ვარ ბედკეთილი...
გავიტანჯე ერთი ნდომით -
ვიყო სახელმოხვეჭილი.
მიხმობს, მესმის ხმა დიდების!
დერჟავინი

დღე დღეს მისდევდა, თვე - თვეს, მაგრამ შეყვარებული იბრაჰიმი თავს ვერ ერეოდა, რომ მის მიერ შეცდენილი ქალი მიეტოვებინა. გრაფინია სულ უფრო და უფრო ეჩვეოდა იბრაჰიმს. ბინა მათ ვაჟიშვილს შორეულ პროვინციაში ზრდიდნენ, ჭორები თანდათან ცხრებოდა და შეყვარებულებიც დიადი სიმშვიდით ნეტარებდნენ, მდუმარედ იხსენებდნენ გადაქროლილ ქარიშხალს და ცდილობდნენ, მომავალზე ფიქრი განერიდებინათ.
ერთხელ იბრაჰიმი ორლეანის ჰერცოგთან დარბაზობაზე იყო. ჰერცოგი მის გვერდით ჩავლისას შედგა და წერილი გადასცა, თან უბრძანა, მოცალეობის ხანს წაეკითხა. წერილი პეტრე პირველისა იყო. ხელმწიფეს გამოეცნო, რა სახმილი სწვავდა იბრაჰიმს და ჰერცოგს წერდა, მე არ ვაპირებ იბრაჰიმს რაიმე ვაიძულო, როგორც მოეგუნებება, ისე მოიქცეს - უნდა დაბრუნდეს რუსეთში და უნდა არა; ისე, რაც უნდა იყოს, ჩემს გაზრდილს არასდროს ხელს არ ავაღებო. წერილმა იბრაჰიმი სულით ხორცამდე შეძრა. ის წუთი იყო და ის - მისი ბედის გზაკვალი გაირკვა. მეორე დღეს ჰერცოგს მოახსენა - ახლავე რუსეთს მივდივარო.
- დაუფიქრდით თქვენს ნაბიჯს, - უთხრა ჰერცოგმა, - რუსეთი თქვენი მიწა-წყალი არ გახლავთ, ვეჭვობ, ოდესმე კვლავ იხილოთ თქვენი ალხიანი სამშობლო. საფრანგეთში ამდენი ხანი ყოფნის შემდეგ ნახევრად ველური რუსეთის ჰავას და ცხოვრებას ვეღარ შეეთვისებით. თქვენ პეტრეს ქვეშევრდომად არ მოვლენილხართ ამ ქვეყანას; ირწმუნეთ ჩემი: ისარგებლეთ ხელმწიფის დიდსულოვანი ნებართვით, ნუ დატოვებთ საფრანგეთს, რომლის გულისთვის უკვე სისხლი დაღვარეთ, და გწამდეთ, რომ თქვენს დამსახურებასა და ნიჭს აქაც საკადრის ჯილდოს მიაგებენ.
იბრაჰიმმა გულწრფელად მოახსენა მადლი, მაგრამ თავის განზრახვას არ გადასულა.
- გული მწყდება, ისე კი მართალი ბრძანდებით, - უთხრა ჰერცოგმა, დაჰპირდა, სამსახურიდან გაგათავისუფლებო, და ყველაფერი მისწერა რუსთ ხელმწიფეს.
იბრაჰიმმა მალე მოათავა გამგზავრების სამზადისი. წასვლის წინა საღამოს ჩვეულებისამებრ ეწვია გრაფინია დ.-ს. გრაფინიამ არა უწყოდა რა, იბრაჰიმი კი ვერ ბედავდა, განაზრახი გაემხილა. გრაფინია მშვიდად და ხალისიანად იყო. იბრაჰიმი ერთი-ორჯერ მიიხმო და წაეხუმრა - რამ ჩაგაფიქრაო. ნავახშმევს ყველა წავიდა და სასტუმროში მხოლოდ გრაფინია, მისი მეუღლე და იბრაჰიმი დარჩნენ. ბედკრული იბრაჰიმი ყველაფერს გაიმეტებდა, ოღონდაც თვითონ და გრაფინია მარტონი ყოფილიყვნენ, მაგრამ გრაფ დ.-ს, ეტყობოდა, ისე მშვიდად მოეკალათებინა ბუხართან, ოთახიდან მისი გაძევების იმედი არ იყო. არც ერთი ხმას არ იღებდა.
- Bonne nuit - თქვა ბოლოს გრაფინიამ.
იბრაჰიმის გულს ელდა ეცა და უცებ იგრძნო, რარიგ საშინელი იყო განშორება. იგი გაქვავებული იდგა.
- Bonne nuit, messieurs- ისევ თქვა გრაფინიამ. იბრაჰიმი კი არა და არ იძვროდა... ბოლოს თვალებზე ბინდი გადაეკრა, რეტი დაესხა და ძლივს გამოლასლასდა ოთახიდან. შინ თითქმის ცნობამიხდილმა ასეთი უსტარი დაწერა:

“მივდივარ, ძვირფასო ლეონორა, გშორდები სამარადჟამოდ. გწერ, ვინაიდან სხვა გზით არ ძალმიძს, გითხრა სათქმელი.
არ შეიძლებოდა ჩემს ბედნიერებას დიდი დღე ჰქონოდა. მე მით ვტკბებოდი განგებისა და ბუნების ჯიბრზე. შენ გული უნდა შეგცვლოდა ჩემზე, ხიბლი უნდა გამქრალიყო. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევდა მაშინაც კი, როცა თითქოსდა ყოველივეს ვივიწყებდი, როცა შენს ფერხთით შენი მგზნებარე თავგანწირვა, შენი უნაპირო სინაზე მაჯადოებდა... ქარაფშუტა მაღალი საზოგადოება ცხოვრებაში დაუნდობლად გმობს იმას, რის ნებასაც იძლევა თეორიულად: მისთვის ნიშანდობლივი უსულგულო დამცინაობა ერთხელაც იქნებოდა ქედს მოგახრევინებდა, შენს მღელვარე სულს ლაგამს ამოსდებდა და ბოლოს და ბოლოს შეგრცხვებოდა შენივე გატაცებისა... მერედა რა დღეში ჩავვარდებოდი მე? არა! უმჯობესია მოვკვდე, უმჯობესია განგშორდე, ვიდრე ეს შემაზრზენი წუთი მოაწევდეს...
მე შენი სიმშვიდე ყველაფერზე უფრო მეძვირფასება: შენ არ შეგეძლო მით დამტკბარიყავ, ვიდრე საზოგადოება გვითვალთვალებდა. გაიხსენე ყოველი, რაც გამოსცადე - თავმოყვარეობის ყოველი შელახვა, შიშით ნაწვნევი ყოველი ტანჯვა. გაიხსენე ჩვენი შვილის გულშემზარავი მოვლენა ქვეყნად. დაფიქრდი: ნუთუ შემდგომაც იგივე მღელვარება და საფრთხე უნდა გარგუნო? რისთვის ვეცადოთ, ერთმანეთს შევუერთოთ ბედი ესოდენ ნაზი, ესოდენ მშვენიერი არსებისა და შავი ბედი ზანგისა, ბეჩავი ქმნილებისა, რომელიც არცთუ არის ღირსი ადამიანის სახელისა?
მაპატიე, ლეონორა, მაპატიე, ძვირფასო, ერთადერთო მეგობარო. შენთან განშორებით ვეთხოვები პირველ და უკანასკნელ სიხარულს ჩემი ცხოვრებისას. მე არც სამშობლო მაქვს, არც მახლობლები მყავს. მივემგზავრები მწუხარე რუსეთს, სადაც ყოველივესგან განაპირება იქნება სალბუნი ჩემი. თავდაუზოგავი მუშაობა, რაშიც ამიერიდან ჩავებმები, თუ არ ჩამიკლავს, გამიყუჩებს მაინც აღფრთოვანებითა და ნეტარებით მოცული დღეების მტანჯველ მოგონებებს... მაპატიე, ლეონორა, ასე მგონია, შენს ხვევნა-ალერსს ვეთიშები, ამ წერილს რომ ვცილდები. მაპატიე, იყავ ბედნიერი და ხანდახან იფიქრე ბედშავ ზანგზე, შენს ერთგულ იბრაჰიმზე”.

იბრაჰიმმა იმ ღამითვე გასწია რუსეთს.
რომ ელოდა, მგზავრობა ისე გაუსაძლისი არ მოსჩვენებია. მისმა წარმოსახვამ დასძლია სინამდვილე. რაც უფრო უკან იტოვებდა პარიზს, მით უფრო ცოცხლად, მით უფრო თვალნათლივ ეხატებოდა სამარადჟამოდ თავგარიდებული საგნები.
იბრაჰიმმა ვერც გაიგო, ისე აღმოჩნდა რუსეთის საზღვარზე. შემოდგომა უკვე ფეხს იდგამდა, მაგრამ მეეტლეები, გზის უხეირობის მიუხედავად, ქარივით მოაქროლებდნენ და მეჩვიდმეტე დღეს, დილით, ჩამოვიდა კრასნოე სელოში, რომელზეც იმჟამინდელი გზატკეცილი გადიოდა.
ოცდარვა ვერსი უკლდა პეტერბურგში მისვლას. ვიდრე ცხენების შებმას მორჩებოდნენ, იბრაჰიმი ფუნდუკში შევიდა. აქ მწვანე ხიფთანიანი მაღალ-მაღალი კაცი კუთხეში მაგიდას იდაყვით დაყრდნობოდა და ჰამბურგის გაზეთებს კითხულობდა, პირში ყალიონი გაეჩარა. რაწამს გაიგო, ვიღაცა შემოვიდაო, თავი ასწია.
- ოჰო! იბრაჰიმი ხარ? - ამის ყვირილით წამოიჭრა მერხიდან: - გამარჯობა, ნათლულო!
იბრაჰიმმა პეტრე იცნო და გახარებული ლამის გაიჭრა მისკენ, მაგრამ მოკრძალებით შედგა. ხელმწიფე მიუახლოვდა, გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა.
- შენი ჩამოსვლის ამბავი წინასწარ შემატყობინეს და შესახვედრად წამოვედი. გუშინდლიდან აქ გელოდები, - უთხრა მას.
იბრაჰიმი სიტყვებს ვერ პოულობდა მადლობის გამოსახატავად.
- ბრძანე, შენი ეტლი უკან მოგვყვეს, - განაგრძო ხელმწიფემ, - ხოლო შენ ჩემსაში ჩაჯექ და წავიდეთ ჩემთან.
მოაყენეს ხელმწიფის ეტლი. ხელმწიფე და იბრაჰიმი ჩასხდნენ და გზას გაუტიეს. საათ-ნახევარში პეტერბურგში იყვნენ. იბრაჰიმი გაფაციცებით ათვალიერებდა თვითმპყრობელობის ნება-სურვილით ჭაობიდან ამოზიდულ ახლად ლიბოჩადგმულ დედაქალაქს. მოშიშვლებული ჯებირები, არხები, რომელთაც ჯერ სანაპირო არ ჰქონდათ, ხის ხიდები ყველგან მეტყველებდნენ, რომ ადამიანის ნებამ ეს-ესაა დათრგუნა სტიქიის წინააღმდეგობა. სახლები თითქოს სახელდახელოდ აეგოთ. მთელ ქალაქში შესანიშნავი იყო მხოლოდ ნევა, ჯერ კიდევ მოუკაზმავი გრანიტის ჩარჩოთი, მაგრამ სავსე სამხედრო და სავაჭრო გემებით. ხელმწიფის ეტლი ეგრეთ წოდებულ დედოფლის ბაღის სასახლესთან შედგა. პეტრეს პარმაღზე პარიზის უკანასკნელი მოდის მიხედვით გამოწყობილი ოცდათხუთმეტი წლის მშვენიერი ქალი გამოეგება. ხელმწიფემ ტუჩებში აკოცა მას. მერე იბრაჰიმს ხელი ჩაავლო.
- კატენკა, იცანი თუ არა ჩემი ნათლული? - უთხრა ქალს, - გთხოვ, წინანდებურად გიყვარდეს და წყალობდე.
ეკატერინამ შავი, გამჭრიახი თვალები მიაპყრო იბრაჰიმს და გულმოწყალედ გაუწოდა ხელი. მის უკან მდგომი ორი ახალგაზრდა მაღალ-მაღალი, ლამაზი, ტანწერწეტა, ვარდივით სხივმფინარე ქალიშვილი მოკრძალებით მიუახლოვდა პეტრეს.
- ლიზა, გახსოვს პატარა ზანგი, ორანიენბაუმში შენი გულისთვის რომ ვაშლებს მპარავდა? - ჰკითხა პეტრემ ერთ მათგანს, - აი, აგერ გახლავს, გაიცანი.
ხელმწიფის ასულმა გაიცინა და სახე აუყირმიზდა. ყველა სასადილოსაკენ გაემართა. იქ ხელმწიფეს ელოდნენ და სუფრა უკვე გაეშალათ. პეტრემ იბრაჰიმიც მიიპატიჟა და სახლეულობასთან ერთად მაგიდას მიუჯდა. სადილობისას სხვადასხვა ამბავზე ესაუბრებოდა იბრაჰიმს, ეკითხებოდა ესპანეთის ომის შესახებ, საფრანგეთის შინაური საქმეების შესახებ, რეგენტის შესახებ, რომელიც უყვარდა, მაგრამ ბევრი რამისთვის კიცხავდა. იბრაჰიმი თვალხმიერი და გამჭრიახი გონებით გამოირჩეოდა. პეტრეს დიდად იამა მისი პასუხები, გაიხსენა იბრაჰიმის ბალღობის ზოგი ამბავი და ისე გულითადად და ხალისიანად ჰყვებოდა მათ, ვერავინ იფიქრებდა, ეს ალერსიანი და სტუმართმოყვარე მასპინძელი პოლტავის გმირი, რუსეთის ძლევამოსილი და მრისხანე გარდამქმნელიაო.
ხელმწიფემ ნასადილევს, რუსული ჩვეულებისამებრ, მოსვენება ინება. იბრაჰიმი დედოფალსა და მეფის ასულებთან დარჩა და ცდილობდა დაეცხრო მათი ცნობისმოყვარეობა: უსურათხატებდა პარიზის ცხოვრებას, იქაურ დღესასწაულებსა და თავისებურ მოდებს. ამასობაში სასახლეში თავი შეიყარა ხელმწიფის რამდენიმე შინაკაცმა. იბრაჰიმმა იცნო დიდი თავადი მენშიკოვი, რომელმაც, რომ დაინახა, ზანგი ეკატერინას ესაუბრებოდა, მედიდურად გადმოხედა მას, თავადი იაკობ დოლგორუკი, მკაცრი მრჩეველი პეტრესი, სწავლული ბრიუსი, ხალხში რუსი ფაუსტის სახელით ცნობილი, ახალგაზრდა რაგუზინსკი, თავისი ყოფილი ამხანაგი, და სხვები, პეტრესთან მოხსენებებითა და ბრძანებათა მისაღებად მოსულნი.
ხელმწიფე ორი საათის შემდეგ გამობრძანდა.
- ვნახოთ, დაგავიწყდა თუ არა შენი ძველი თანამდებობა, - უთხრა იბრაჰიმს, - აბა, ერთი ასპიდის დაფა აიღე და მომყევი.
პეტრე სახარატოში ჩაიკეტა და სახელმწიფო საქმეებს ჩაუჯდა. იგი ჯერ ბრიუსთან მუშაობდა, შემდეგ თავად დოლგორუკთან, გენერალ-პოლიცმეისტერ დევიერთან და იბრაჰიმს რამდენიმე ბრძანებულება და გადაწყვეტილება ჩააწერინა. იბრაჰიმს აოცებდა პეტრეს სხარტი და მყარი გონება, ყურადღების ძალმოსილება და სიცხოველე, საქმიანობის მრავალფეროვნება. ხელმწიფემ მუშაობა რომ დაამთავრა, უბის წიგნაკი ამოიღო, რათა შეემოწმებინა, საამდღეოდ ნავარაუდევი ყველაფერი გავაკეთე თუ არაო. შემდეგ, სახარატოდან გამომავალმა, იბრაჰიმს უთხრა:
- უკვე გვიანია. ალბათ დაიღალე: წინანდელის არ იყოს, აქ გაითენე. ხვალ მე გაგაღვიძებ.
იბრაჰიმი მარტო დარჩა და ძლივს გამოერკვა. იგი პეტერბურგში იმყოფებოდა, კვლავ იხილა დიდი ადამიანი, ვის სიახლოვესაც წამოიჩიტა, თანაც ისე, რომ მისი ფასი არ იცოდა. გულში თითქმის სინანულით აღიარა, გრაფინია დ. განშორების შემდეგ პირველად მთელი დღე ჩემი ფიქრების ერთადერთი მპყრობელი არ ყოფილაო. დაინახა, რომ ახალ მომავალ ცხოვრებას, საქმიანობას და ნიადაგ მუშაობას შეეძლო გაეცოცხლებინა ვნებით, უსაქმურობით და გაუმხელელი დარდით გასავათებული სული. იმ აზრმა, ყოფილიყო დიდი ადამიანის თანამდგომი და მასთან ერთად წარემართა დიდი ხალხის ბედი, პირველად აღუძრა პატივმოყვარეობის კეთილშობილური გრძნობა. ასეთ გუნებაზე დაწვა მისთვის გაშლილ სამგზავრო საწოლზე და ჩვეულმა სიზმარმა მაშინვე შორეულ პარიზში, ძვირფას გრაფინიას ჩააკონა.

მესამე თავი

ვითა ღრუბლები ცაზე,
აზრები ისე იცვლიან წყობას,
რაიც დღეს გვიყვარს, ხვალ გვეზიზღება.
კიუხელბეკერი

პეტრემ დაპირება შეასრულა, თვითონ გააღვიძა იბრაჰიმი და პრეობრაჟენსკის პოლკის ბომბარდირთა ასეულის კაპიტან-ლეიტენანტობა მიულოცა. თვითონაც ამ ასეულის კაპიტანი გახლდათ. იბრაჰიმს კარისკაცები შემოეჯარნენ, თითოეული თავისებურად ცდილობდა, მეფის ახალ რჩეულს მიალერსებოდა. ქედმაღალმა თავადმა მენშიკოვმა მეგობრულად ჩამოართვა ხელი, შერემეტიევმა პარიზელი ნაცნობების ამბავი ჰკითხა, ხოლო გოლოვინმა სადილად მიიწვია. გოლოვინს დანარჩენებიც აჰყვნენ, ასე რომ, იბრაჰიმს მთელი თვე მაინც გასწვდებოდა ეს მიპატიჟებანი.
დღეები ერთმანეთს ჰგავდნენ, მაგრამ საქმით იყვნენ აღსავსენი, ამიტომ იბრაჰიმს მოსაწყენად არ ეცალა. იგი უფრო და უფრო ეთვისებოდა ხელმწიფეს და უკეთ სწვდებოდა მის დიად სულს. დიდი ადამიანის აზრთათვის თვალის მიდევნება ერთობ საინტერესოა. იბრაჰიმი პეტრეს ხედავდა, როცა სენატში ბუტურლინს და დოლგორუკს ეკამათებოდა, კანონმდებლობის მნიშვნელოვან საკითხებს არჩევდა; ხედავდა საადმირალოს კოლეგიაში, სადაც რუსეთის საზღვაო დიდებას განამტკიცებდა. უნახავს თეოფანესთან, გავრილ დეჟანსკისა და კოპიევიჩთან, უნახავს მოსვენების ჟამს, როცა საზღვარგარეთის პუბლიცისტების თარგმანებს ათვალიერებდა, ან კიდევ უნახავს ვაჭრის ფაბრიკაში, ოსტატის სახელოსნოში და მეცნიერის კაბინეტში. იბრაჰიმს რუსეთი ესახებოდა ვეებერთელა სახელოსნოდ, სადაც მარტო მანქანები მოძრაობენ, სადაც დადგენილ წესრიგს დამორჩილებული თითოეული მუშა თავის საქმეს აკეთებს. თვითონაც მოვალედ რაცხდა თავს, საკუთარ დაზგასთან ემუშავა და ცდილობდა, რაც შეიძლება ნაკლებად ემწუხარა პარიზული ცხოვრების შესაქცევრებზე. უფრო უმძიმდა სხვა, სანუკვარი მოგონების დათრგუნვა: იგი ხშირად ფიქრობდა გრაფინია დ.-ზე, გონებაში ისარკავდა მის სამართლიან აღშფოთებას, ცრემლს, ნაღველს... მაგრამ ხანდახან შემაზრზენი აზრი უწურავდა გულს: მაღალი საზოგადოების დროსტარებანი, ახალი ნაცნობები, სხვა ბედნიერი მამრი... და ჟრჟოლა უვლიდა: აფრიკულ სისხლს ეჭვი უმღვრევდა და შავ სახეზე ლამის ცხარე ცრემლი გადმოსდენოდა.
ერთ დილას, თავის კაბნეტში საქმიან ქაღალდებში ჩაფლულს, უცბად შემოესმა, რომ ვიღაცა ხმამაღლა მიესალმა ფრანგულად. იბრაჰიმი მკვირცხლად შემობრუნდა და მხიარული შეძახილით გადაეხვია კიდეც ახალგაზრდა კორსაკოვი, კაცი, რომელიც პარიზის მაღალი საზოგადოების ცხოვრების ქარტეხილში დატოვა.
- ეს-ესაა ჩამოვედი და პირდაპირ შენთან მოვიჭერი, - უთხრა კორსაკოვმა. - ჩვენი პარიზელი ნაცნობები უკლებლივ მოკითხვას გითვლიან, ნანობენ, რატომ ჩვენთან არ არისო. გრაფინია დ.-მ დამაბარა, უსათუოდ ჩამოვიდესო. აგერ მისი წერილიც.
იბრაჰიმმა გულისფანცქალით სტაცა ხელი წერილს და ნაცნობ ნაწერს დააცქერდა, იგი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.
- რარიგ მიხარია, რომ ამ ბარბაროსულ პეტერბურგში მოწყენილობას ჯერჯერობით არ მოუკლავხარ! - განაგრძობდა კორსაკოვი. - რას აკეთებენ აქ, რას საქმიანობენ? ვინაა შენი მკერავი? არის თუ არა თქვენთან თუნდაც ოპერა?
იბრაჰიმმა უგულისყუროდ მიუგო, ხელმწიფე ახლა ალბათ ნავსაშენში მუშაობსო. კორსაკოვს გაეცინა და უთხრა:
- ვატყობ, ახლა საჩემოდ არ გცალია. ლაპარაკით სხვა დროს ვიჯერებთ გულს, მივდივარ, რათა ხელმწიფეს წარვუდგე.
იგი ცალ ფეხზე შეტრიალდა და ოთახიდან გავარდა.
იბრაჰიმმა თავი რომ დაიმარტოხელა, სულსწრაფად გახსნა წერილი. გრაფინია ნაზად ეუბნებოდა სამდურავს, საყვედურობდა, თვალთმაქცობა, უნდობლობა გამოიჩინეო. წერდა: “მეუბნები შენი სიმშვიდე ყველაფერზე უფრო მეძვირფასებაო! ეს რომ ჭეშმარიტებას შეეფერებოდეს, განა იმ დღეში ჩამაგდებდი, რაც შენი გამგზავრების უეცარმა ცნობამ მაწვნია? შენ შიშობდი, განზრახვაზე ხელი არ ამაღებინოსო. გჯეროდეს, ჩემი სიყვარულის მიუხედავად, შევძლებდი ეგ სიყვარული მსხვერპლად გამეღო შენი კეთილდღეობისთვის და იმისთვის, რასაც საკუთარ მოვალეობად რაცხ”. წერილის ბოლოს გრაფინია მგზნებარედ უმტკიცებდა სიყვარულს და აფიცებდა, ხანდახან მაინც მომწერე, თუ უკვე გადაწურულია იმედი, ოდესმე ჩვენი კვლავ შეხვედრისაო.
იბრაჰიმმა ოცჯერ წაიკითხა წერილი და გულაფოფინებულმა კოცნა სათაყვანო სტრიქონები. ერთი სული ჰქონდა, რაიმე მოესმინა გრაფინიას შესახებ და საადმირალოში წასვლა დააპირა, იქნებ კორსაკოვს მივუსწროო, მაგრამ კარი გაიღო და კორსაკოვი თვითონ გამოჩნდა. ხელმწიფესთან უკვე ყოფილიყო და ჩვეულებისამებრ ერთობ კმაყოფილი ჩანდა თავისი თავით.
- Entre nousხელმწიფე უუცნაურესი კაცია, - უთხრა იბრაჰიმს. - შენ წარმოიდგინე, რაღაცნაირი ტილოს სათბურა ეცვა, ახალი ხომალდის ანძაზე იყო ასული. მეც იძულებული გავხდი, ჩემი დეპეშით იქ ავბღოტებულიყავი. თოკის კიბეზე დამდგარს ადგილი არ მყოფნიდა, წესიერი რევერანსით მივსალმებოდი, და სულ ავირიე, რაც ჩემს სიცოცხლეში არ დამმართნია. მაგრამ ხელმწიფემ, როცა ქაღალდების კითხვა მოათავა, ამხედ-დამხედა და ალბათ გაუკვირდა და იამა, ეს რა კოხტად და გემოვნებით გამოწყობილაო. ყოველ შემთხვევაში, გაიღიმა და დღევანდელ ასამბლეაზე მიმიპატიჟა. მაგრამ მე პეტერბურგში ნამდვილად უცხოელი ვარ. ექვსი წელი რომ სხვაგან ვიყავი, სულ დამავიწყდა აქაური ჩვეულებანი. შენი ჭირიმე, მენტორად დამიდექ, გამომიარე და ხალხს გამაცანი.
იბრაჰიმი დაეთანხმა და დაეშურა, საუბარი მისთვის უფრო მიმზიდველ საგანზე გადაეტანა:
- როგორაა გრაფინია დ.?
- გრაფინია? რაღა თქმა უნდა, თავდაპირველად ნაღველმა დარია ხელი, შენ რომ წამოხვედი. შემდეგ, რასაკვირველია, ნელ-ნელა გაიქარვა დარდი და ახალი საყვარელი გაიჩინა. მერედა, ვინ? აყლაყუდა მარკიზი რ. რას გადმოქაჩე შენი ზანგის თვალები! თუ გეუცნაურება ეგ ამბავი? განა არ იცი, რომ ხანგრძლივი მწუხარება არ ესადაგება ადამიანის ბუნებას, განსაკუთრებით ქალისას? კარგად დაუფიქრდი ამას, მე კი წავალ, ნამგზავრზე დავისვენებ, იცოდე, გამოვლა არ დაგავიწყდეს.
რა გრძნობებმა მოიცვა იბრაჰიმის სული? ეჭვმა? სიბრაზემ? სასოწარკვეთილებამ? არა, გულის მომწყვლელმა ნაღველმა. ამას წინასწარ ვხედავდი, ეს უნდა მომხდარიყოო, - იმეორებდა თავისთვის. შემდეგ გრაფინიას წერილი გახსნა, ისევ წაიკითხა, თავი ჩაქინდრა და გულამოსკვნით ატირდა. ტიროდა დიდხანს. ცრემლებმა გულს მოუფონეს. დახედა საათს და დაინახა, რომ წასვლის დრო იყო. ერთობ სასიხარულოდ დარჩებოდა, თუ თავს დაიძვრენდა, მაგრამ ასამბლეა სამსახურებრივი საქმე გახლდათ და ხელმწიფე სასტიკად ითხოვდა ყველა შინაკაცის დასწრებას. იბრაჰიმმა ჩაიცვა და კორსაკოვის წამოსაყვანად გასწია.
კორსაკოვი ხალათმოსხმული იჯდა და ფრანგულ წიგნს კითხულობდა. იბრაჰიმი რომ დაინახა, ჰკითხა:
- ასე ადრე?
- როგორ გეკადრება, - მიუგო იბრაჰიმმა. - უკვე ექვსის ნახევარია, ვიგვიანებთ. ჩქარა გამოეწყვე და წავიდეთ.
კორსაკოვი დაფაცურდა, მთელი ძალით ატეხა ზარის რეკვა. შემოცვივდნენ მსახურნი. კორსაკოვმა ფაცხაფუცხით დაიწყო ჩაცმა. ფრანგმა კამერდინერმა წითელქუსლიანი ფეხსაცმელები, ცისფერი ხავერდის შარვალი და კილიტებით ნაკერი ვარდისფერი ხიფთანი ჩააცვა. წინოთახში პარიკს სასწრაფოდ აფრქვევდნენ პუდრს, შემდეგ პარიკი შემოიტანეს; კორსაკოვმა შეკრეჭილი პატარა თავი შეყო შიგ, დაშნა და ხელთათმანი მოითხოვა, ათჯერ შეტრიალ-შემოტრიალდა სარკის წინ და იბრაჰიმს აუწყა, მზად ვარო. ჰაიდუკებმა ერთსაც და მეორესაც დათვის ქურქები მოაცვეს და ისინი ზამთრის სასახლისკენ გაემართნენ.
კორსაკოვი კითხვებით მოსვენებას არ აძლევდა იბრაჰიმს, ეს პეტერბურგის პირველი ლამაზმანი ვინააო? ეს პირველი მოცეკვავე მამრიო? ახლა რომელი ცეკვაა მოდაშიო? იბრაჰიმი ერთობ უხალისოდ უცხრობდა ცნობისმოყვარეობას. ამასობაში მივიდნენ სასახლესთან. ველზე უკვე უამრავი გრძელი მარხილი, ძველი ოთხთვალა ეტლი და მოოქრული კარეტა იდგა. პარმაღთან ირეოდნენ ლივრეიანი და ულვაშიანი მეეტლეები, ყალბი ოქრომკედით აბზინებული, ფრთებით მორთული და კვერთხებით აღჭურვილი მალემსრბოლნი, აგრეთვე ჰუსარები, პაჟები, თავიანთი ბატონების ქურქებითა და ხელსათბურებით დატვირთული მოუქნელი ჰაიდუკები - მაშინდელი ბოიარების აზრით, მათი აუცილებელი ამალა. იბრაჰიმი რომ დაინახეს, ერთი ჩურჩული ატეხეს: ზანგი, მეფის ზანგიო! იბრაჰიმმა საჩქაროდ გაატარა კორსაკოვი მსახურთა ამ ჭრელ დუნდგოში. კარისკაცმა მოსულებს ყურთამდე გაუღო კარი და ისინიც დარბაზში შევიდნენ. კორსაკოვი გახევდა... თამბაქოს კვამლის ღრუბლებში მოჭიატე, ქონის სანთლებით განათებულ დიდ ოთახში სასულე მუსიკის უწყვეტ ბგერებზე გუნდად იძროდნენ წინ და უკან დიდებულნი, რომელთაც მხარზე ცისფერი ლენტი გადასდევდათ, დესპანები, უცხოქვეყნელი ვაჭრები, მწვანე მუნდიროსანი გვარდიის ოფიცრები, ქურთუკებითა და ზოლიანი შარვლებით მოსილი გემთმშენებლები. ბანოვანნი კედლებთან მიმსხდარიყვნენ. ახალგაზრდები მოდის მთელი მშვენიერებით სხივმფინარებდნენ. სამოსზე ოქრო და ვერცხლი უციმციმებდათ. ფიჟმებიდან შოლტივით წელი ამოზიდვოდათ, ყურებზე, გრძელ კულულებში და ყელთან ალმასი უბრწყინავდათ, ისინი მხიარულად ტრიალებდნენ მარჯვნივ და მარცხნივ კავალრებისა და ცეკვების დთწყებისა მომლოდინენი. ხანდაზმული ქალბატონები ცდილობდნენ, ეშმაკურად შეეხამებინათ ახლებური ტანსაცმელი ძველი განდევნილი სამოსისათვის: მათი ჩაჩები დედოფალ ნატალია კირილოვნას სიასამურის ქუდს ჰგავდა, ხოლო რობრონდები და მოსასხამები როგორღაც სარაფანსა და ქათიბს გაგახსენებდათ. ეს ახლად შემოღებული თავშესაქცევი შეკრებილობა თითქოს სიამოვნებას კი არ ანიჭებდათ, უფრო აკვირვებდათ და წყენით, ალმაცერად უცქეროდნენ ჰოლანდიელი შკიპერების ცოლებსა და ქალიშვილებს, კანიფასის ქვედატანებითა და წითელი ზედატანებით რომ შემოსილიყვნენ, წინდებს ქსოვდნენ და ისე კისკისებდნენ და საუბრობდნენ ერთმანეთთან, გეგონებოდათ, თავიანთ სახლში არიანო. კორსაკოვი გონს ვერ მოდიოდა. მსახურმა ახალი სტუმრები შეამჩნია და მათ ლუდი და ჭიქები მიართვა ლანგრით.
- Que diable est-ce que tout cela?- ხმადაბლა ჰკითხა კორსაკოვმა იბრაჰიმს.
იბრაჰიმმა ღიმილი ვეღარ შეიკავა. დედოფალი და ხელმწიფის ასულნი, სილამაზითა და სამოს-სამკაულით მოსხივცისკარენი, სტუმრებთან მიმოდიოდნენ და ალერსიანად ებაასებოდნენ. ხელმწიფე მეორე ოთახში ბრძანდებოდა. კორსაკოვს სურდა სჩვენებოდა და იქითკენ რის ვაი-ვაგლახით გააღწია ამ განუწყვეტლივ მოძრავ დუნდგოში. მეორე ოთახში უფრო მეტად უცხოელები იყვნენ. ისინი მედიდურად აბოლებდნენ ყალიონებს და თიხის ტოლჩებს ცლიდნენ. მაგიდებზე ეწყო ლუდისა და ღვინის ბოთლები, თუთუნიანი ჩახვები, პუნშიანი ჭიქები და ჭადრაკის დაფები. ერთ-ერთ მაგიდაზე პეტრე მხარბეჭიან ინგლისელ შკიპერს შაშს ეთამაშებოდა. პეტრე და ინგლისელი ერთმანეთს თავგამოდებით აძლევდნენ სალუტს თამბაქოს ბოლის ზალპებით. ხელმწიფე ისე შეეურვებინა მოწინააღმდეგის სვლას, კორსაკოვს ვერა და ვერ ამჩნევდა, თუმცა ის იქვე წრიალებდა. ამ დროს ფაციფუცით შემოვიდა მსუქანი ბატონი, რომელსაც მკერდზე მასავით დიდი თაიგული ებნია. იქ მყოფთ ხმამაღლა აუწყა ცეკვების დაწყება და იმწამსვე გავიდა. მსუქან ბატონს უკან მიჰყვა უამრავი სტუმარი, მათ შორის კორსაკოვიც.
კორსაკოვი გააოცა მოულოდნელმა სანახაობამ. საცეკვაო დარბაზის მთელ სიგრძეზე ერთმანეთის წინ ორ რიგად იდგნენ ბანოვანნი და კავალრები. ისმოდა გულის გამაწვრილებელი მუსიკა. კავალრები ბანოვანთ უკრავდნენ თავს, ბანოვანნი კიდევ უფრო მდაბლად იმუხლებდნენ ჯერ საკუთარი თავის წინ, შემდეგ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, შემდეგ კვლავ პირდაპირ, კვლავ მარჯვნივ და ასე შემდეგ. ამ უცნაური შექცევის მხილველი კორსაკოვი თვალებს აჭყეტდა და ტუჩებს იკვნეტდა. ჩამუხლებამ და თავის დაკვრამ დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა. ბოლოს შეწყდა. თაიგულიანმა მსუქანმა ბატონმა გამოაცხადა, საზეიმო ცეკვები დამთავრდაო და მუსიკოსებს უბრძანა, მენუეტი დაეკრათ. კორსაკოვი სიხარულით ცას ეწია და თავის გამოსაჩენად მოემზადა. ახალგაზრდა სტუმართაგან განსაკუთრებით ერთი მოუვიდა თვალში, თექვსმეტიოდე წლის ასული. ქალიშვილს მდიდრულად, თან გემოვნებით ეცვა და შესახედავად მედიდური და მკაცრი, ხანდაზმული კაცის გვერდით იჯდა. კორსაკოვი ქალიშვილისკენ გაიჭრა, სთხოვა, პატივი დაედო და მასთან ეცეკვა. ყმაწვილი მზეთუნახავი თავგზაარეული უცქეროდა და არ იცოდა, რა ეპასუხა. გვერდით მჯდომი კაცი უფრო მეტად მოიქუფრა. კორსაკოვი ქალიშვილის გადაწყვეტილებას უცდიდა. ამ დროს თაიგულიანი ვაჟბატონი მიუახლოვდა, შუა დარბაზში გაიყვანა და მედიდურად განუცხადა:
- ხელმწიფეო, ჩემო, შენ დააშავე: ჯერ ერთი ამ ყმაწვილ ქალთან სამი სავალდებულო რევერანსის გარეშე მიხვედი, მეორეც თვითონ იდე თავს მისი არჩევა, მაშინ როცა მენუეტის დროს არჩევა ქალის უფლებაა და არა კავალრისა. ამიტომ მკაცრად უნდა დაისაჯო, კერძოდ, უნდა გამოსცალო დ ი დ ი ა რ წ ი ვ ი ს თ ა ს ი.
კორსაკოვი თანდათანობით უფრო ჰკვირობდა. მას წუთში შემოეჯარნენ სტუმრები და ერთის ამბით ითხოვდნენ კანონის ახლავე აღსრულებას. ხარხარისა და ყვირილის გაგონებაზე მეორე ოთახიდან პეტრე გამოვიდა. იგი დიდი ხალისით ესწრებოდა ხოლმე ამგვარ დასჯას. ხალხი ორად გაიყო და ხელმწიფე შევიდა წრეში, სადაც მსჯავრდადებულის წინ ასამბლეის მარშალი იდგა და ხელში მალვაზიით სავსე ვეება თასი ეჭირა. მარშალი ამაოდ არწმუნებდა დამნაშავეს, კანონს ნებით დაემორჩილეო.
- ოჰო! - თქვა პეტრემ კორსაკოვის დანახვაზე. - გაები, ძმობილო! მაშ, მიირთვი, მოსიე, და იცოდე, არ დაიღმიჭო.
რაღას იზამდა კორსაკოვი, საწყალმა პეწენიკმა თასი სულმოუთქმელად გამოსცალა და მარშალს დაუბრუნა.
- კორსაკოვ, მისმინე, - უთხრა პეტრემ, - შენ რომ ხავერდის შარვალი გაცვია, მაგნაირს მეც არ ვიცვამ, თუმცა შენზე გაცილებით მდიდარი ვარ. ეს მფლანგველობაა. იცოდე, არ მაჩხუბო.
ამ საყვედურის გაგონებაზე კორსაკოვმა წრიდან გამოსვლა მოინდომა. მაგრამ დაბარბაცდა და ლამის წაიქცა, რამაც ენით უთქმელი სიამოვნება მოჰგვარა ხელმწიფესა და მთელ მხიარულ თავყრილობას. ამ ეპიზოდმა არათუ დააკლო რაიმე ძირითადი მოქმედების მთლიანობას და შემაქცევრობას, პირიქით, უფრო გამოაცოცხლა იგი. კავალრებმა ერთობ ბეჯითად დაიწყეს ფეხის ფეხზე მირტყმა და თავის დაკვრა, ხოლო ქალებმა ჩამუხლება და ქუსლების ბაკუნი. აინუნშიაც არ აგდებდნენ კადანსს. კორსაკოვს საერთო მხიარულებაში ჩაბმა აღარ შეეძლო. მის მიერ არჩეული ასული მამის, გავრილა აფანასიევიჩის ბრძანებით იბრაჰიმთან მივიდა, ცისფერი თვალები დახარა და გაუბედავად გაუწოდა ხელი. იბრაჰიმი მენუეტს ეცეკვა და წინანდელ ადგილას მიაცილა, შემდეგ კორსაკოვი მოძებნა, დარბაზიდან გაიყოლა, ეტლში ჩასვა და შინ წაიყვანა. გზად კორსაკოვი თავდაპირველად გაუგებრად ბუტბუტებდა: “წყეული ასამბლეა!.. წყეული დიდი არწივის თასი!..” მაგრამ მალე გულისძილმა წაიღო, ვერ გრძნობდა, როგორ მივიდა შინ, როგორ გახადეს და დააწვინეს. მეორე დღეს თავის ტკივილი აჰყვა, ბუნდოვნად ახსოვდა ფეხის ფეხზე შემოკვრა, ჩამუხლება, თამბაქოს ბოლი, თაიგულიანი ბატონი და დიდი არწივის თასი.

მეოთხე თავი

მალ-მალ არ ჭამდნენ პურს წინაპრები,
არც იცლებოდა მალ-მალ სავსენი
აზარფეშები, ვერცხლის თასები,
ღვინით და ლუდით მოქაფქაფენი.
რუსლანი და ლიუდმილა

ახლა მე უნდა კეთილგანწყობილ მკითხველს გავაცნო გავრილა აფანასიევიჩ რჟევსკი. იგი ძველი ბოიარი იყო ჩამომავლობით, ვეებერთელა მამულის პატრონი, სტუმართმოყვარე, შავარდნით ნადირობის ტრფიალი, ურიცხვი შინაყმის მფლობელი. ერთი სიტყვით, ზედგამოჭრილი რუსი მებატონე გახლდათ. როგორც თვითონ ამბობდა, ჭირივით ეჯავრებოდა გერმანული სული და ცდილობდა, ოჯახურ ყოფაში მისთვის ძვირფასი ძველი დროების წესჩვეულებანი დაეცვა.
რჟევსკის ასული ჩვიდმეტი წლისა იყო. დედა პატარაობაში მოუკვდა. აღიზარდა ძველებურად, ე.ი. გარს ეხვია გადიები, ძიძები, მეგობრები, მოახლეები, ქარგავდა ოქრომკედით და არ იცოდა წერა-კითხვა. მამამისი, თუმცა ყოველივე უცხოური თვალის დასანახავად ეზიზღებოდა, წინ ვერ აღუდგა ქალიშვილის სურვილს - გერმანული ცეკვები ესწავლა მათ სახლში მცხოვრებ ტყვე შვედ ოფიცერთან. ესე დამსახურებული ცეკვის მასწავლებელი ორმოცდაათი წლისა იყო, მარჯვენა ფეხი ნარვასთან ბრძოლაში ტყვიამ გაუხვრიტა და ამიტომ არცთუ უვარგოდა მენუეტებისა და კურანტებისათვის. სამაგიეროდ, მარცხენა ფეხით გასაოცარი ოსტატობითა და სიმსუბუქით გამოჰყავდა ყოველი უძნელესი პა. მოწაფე ყურადღებით ეკიდებოდა მასწავლებლის ფეხის მუყაითობას. ნატალია გავრილოვნას ასამბლეებზე საუკეთესო მოცეკვავედ იცნობდნენ, რაც ნაწილობრივ მიზეზი გახლდათ კორსაკოვის დანაშაულისა. კორსაკოვი მეორე დღეს მოსაბოდიშებლად ეახლა გავრილა აფანასიევიჩს, მაგრამ ახალგაზრდა ფრანტის სისხარტე და პეწენიკობა არ ეჭაშნიკა ამაყ ბოიარს, რომელმაც მას მოსწრებულად დაარქვა კიდეც ფრანგი მაიმუნი.
უქმე დღე იდგა. გავრილა აფანასიევიჩი რამდენიმე ნათესავსა და მეგობარს ელოდებოდა. ძველებურ დარბაზში გრძელ მაგიდას აწყობდნენ. სტუმრები მოდიოდნენ ცოლებითა და ქალიშვილებითურთ, რომლებსაც ბოლოს და ბოლოს დაეღწიათ თავი ოჯახური კარჩაკეტილობისათვის ხელმწიფის ბრძანებულებებისა და მისი პირადი მაგალითის კვალობაზე. ნატალია გავრილოვნამ სტუმრებს ოქროს ფიალებიანი ვერცხლის ლანგარი ჩამოუტარა. ყოველმა მათგანმა თავისი ფიალა გამოსცალა, თან სინანული გამოთქვა, რომ ასეთი ამბის დროს ძველად ჩვეულებრივ კოცნას უკვე გადაჩვეულნი იყვნენ. გაემართნენ მაგიდისკენ. სუფრის თავში მასპინძლის გვერდით მისი სიმამრი, სამოცდაათი წლის ბოიარი ბორის ალექსეევიჩ ლიკოვი დაჯდა. სხვები გვაროვნული უფროს-უმცროსობის მიხედვით დაბრძანდნენ - კაცები ერთ მხარეს, ქალები მეორე მხარეს, რითაც მესტნიჩესტვოს ბედნიერო დრო გაიხსენეს. სუფრის ბოლოს თავიანთ ჩვეულებრივ ადგილებზე დასხდნენ - ძველებური ქათიბითა და სათაურით მოსილი მეკუჭნავე, ოცდაათი წლის ჯუჯა - მეტისმეტად თავდაჭერილი და დაღმეჭილი ცეროდენა ქალი, და ლურჯ გაცვეთილ მუნდირში გამოწყობილი ტყვე შვედი. უამრავი საჭმლით ავსებულ მაგიდას გარს ეხვია ჯარი მოფუსფუსე მსახურებისა. მათგან მკაცრი მზერით, ქონმოდებული მუცლითა და გოროზი უძრაობით გამოირჩეოდა მსახურთუფროსი. სადილობის პირველი წუთები ჩვენი ძველებური სამზარეულოს ნაწარმისადმი ყურადღებას დაეთმო მხოლოდ, საყოვლთაო მდუმარებას მარტოოდენ თეფშებისა და გაბეჯითებული კოვზების წკარაწკური არღვევდა. ბოლოს მასპინძელმა შეამჩნია, რომ დრო დადგა სტუმრები საამო ბაასით შეექცია, შებრუნდა და იკითხა:
- კი მაგრამ, სადაა ეკიმოვნა? დაუძახეთ.
რამდენიმე მსახურმა, ის იყო, აქეთ-იქით გაქცევა დააპირა, მაგრამ იმავე წუთს ღიღინითა და ცეკვა-ცეკვით შემოვიდა ფერუმარილწასმული, ყვავილებითა და ყალბი ოქრომკედით მორთული, შტოფის რობრონდში გამოწყობილი, კისერმოშიშვლებული და მკერდმოღიავებული მოხუცი ქალი. მისი გამოჩენა ყველას ესიამოვნა.
- გამარჯობა, ეკიმოვნა, - უთხრა თავადმა ლიკოვმა, - როგორ ბრძანდები?
- კარგად, მაგრად, ნათლი ჩემო: ვცეკვავ, ვმღერი და საქმროებს ველი.
- სად იყავი, სულელო? - ჰკითხა მასპინძელმა.
- ვირთვებოდი, ნათლი, ძვირფასი სტუმრებისთვინა, საღვთო ზეიმისთვინა, მეფის განსკარგულებისამებრ, ბატონის ბრძანებისამებრ, ქვეყანაზე თავის მოსაჯაყად და გერმანული მანერისამებრ.
ამ სიტყვებს ერთი ხარხარი მოჰყვა და სულელი თავის ადგილას, მასპინძლის სკამის უკან დადგა.
- ბრიყვი ჭრიალებს, ჭრიალებს და მართალს მოაჭრიალებს, - თქვა მასპინძლის უფროსმა დამ ტატიანა აფანასიევნამ, რომლის დიდი პატივისმცემელიც გახლდათ ძმა. - ნამდვილად, დღევანდელი მორთულობა თავის მოსაჯაყია, მაგრამ თუკი, გენაცვათ, თქვენც გაიკრიჭეთ წვერი და მოკლე და ვიწრო ხიფთანი ჩაიცვით, ქალის ფლასფლუსი რაღა სალაპარაკოა; ისე კია დასანანი სარაფანი, ქალიშვილის ლენტები და თავსაკრავი. ახლანდელი ლამაზმანების შემხედვარეს ხომ გაგეცინება და სიბრალული შეგიპყრობს: თმა ისე აუჩეჩავთ, რაღა ქეჩა, თან გაუქონავთ, ფრანგული ფქვილი შეუფრქვევიათ, მუცელი ისე გაუკრავთ, ლამის წელში გადაწყდნენ, ქვედაკაბები სალტეებზე ჩამოუცვამთ, ეტლში გვერდულად სხდებიან, კარებში მოხრილნი შედიან, ვერც დგებიან, ვერც სხდებიან, ვერც სულს ითქვამენ, პირდაპირ წამებულები არიან, ჩემო კარგო.
- აჰ, ჩემო ძვირფასო ტატიანა აფანასიევნა, - უთხრა კირილა პეტროვიჩ ტ.-მ; იგი ყოფილი ვოევოდა გახლდათ რიაზანისა, სადაც სამი ათასი სული ყმა და ახალგაზრდა ცოლი მოინაგრა, არცთუ წესიერი გზით. - ჩემი აზრით, ცოლმა როგორც გინდა ისე ჩაიცვას, თუნდა ჩაჩაჩულად და თუნდ ბოლდიხანივით, ოღონდაც ყოველ თვეში ახალ კაბას არ უკვეთავდეს, ხოლო ძველებს ჩაუცმელს არ აგდებდეს. ზოგჯერ ბებიას სარაფანი შვილიშვილს მზითვად ხვდებოდა, ახლანდელი რობრონდები კი, გაიხედავ, დღეს ქალბატონს აცვია, ხვალ მოახლეს. რა უნდა ქნა? იქცევა რუსი აზნაურობა! უბედურებაა სწორედ. - ამ სიტყვებს კირილა პეტროვიჩმა ოხვრა ამოაყოლა და თავის მარია ილინიჩნას გადახედა, რომელსაც, ეტყობოდა, არც ძველი დროის ხოტბა ეჭაშნიკებოდა, არც უახლესი ჩვეულებების გაკილვა. სხვა ლამაზმანები მის უკმაყოფილებას კვერს უკრავდნენ, მაგრამ ხმას არ იღებდნენ, ვინაიდან თავდაჭერილობა იმხანად ახალგაზრდა ქალის უცილობელ ნიშან-თვისებად მიაჩნდათ.
გავრილა აფანასიევიჩმა ტოლჩა შუშხუნა ბურახით გაავსო და უთხრა:
- მერედა ვინ არის დამნაშავე? ჩვენ თვითონ ხომ არა? ახალგაზრდა დიაცები პამპულობენ, ჩვენ კი არ ვუშლით.
- კი მაგრამ, რა ვქნათ, თუ ეგ საქმე არ გვეხელწიფება? - შეესიტყვა კირილა პეტროვიჩი. - ზოგი მოხარული იქნებოდა, ცოლი კოშკში ჩაეკეტა, მაგრამ ქალს დოლის ბრახუნით ითხოვენ ასამბლეაზე. ქმარი მათრახისკენ რომ გარბის, ცოლი ტალავრისკენ მიიწევს. ჰაიტ, ეს ასამბლეები! ღმერთმა სასჯელად მოგვივლინა ჩვენთა შეცოდებათათვის.
მარია ილინიჩნა თითქოს ნელ ცეცხლზე იწვოდა, ლაპარაკის საღერღელი აეშალა. ბოლოს გულმა ვეღარ გაუძლო და ქმარს დაძმარებული ღიმილით ჰკითხა, კი მაგრამ, ცუდი რითაა ეს ასამბლეებიო?
- რით და მათი შემოღების შემდეგ ქმრებს ცოლებთან ვერა გაუწყვიათ რა, - მიუგო გაცეცხლებულმა მეუღლემ. - ცოლებს დაავიწყდათ მოციქულის ნათქვამი: ე შ ი ნ ო დ ე ს ც ო ლ ს ა ქ მ რ ი ს ა თ ვ ი ს ი ს ა. ახალ ჩასაცმელებზე ზრუნავენ და არა ოჯახზე, იმას არ ფიქრობენ, როგორმე ქმარს ვაამოთო, არა, როგორმე ჩიტირეკია ოფიცრებს თვალში მოვუვიდეთო. ჰოდა, განა ეკადრება, ქალბატონო, ბოიარის მეუღლეს ან ქალიშვილს გერმანელ მეთამბაქოეებთან და მათ მუშა ქალებთან ყოფნა? ვის გაუგონია ყმაწვილკაცებთან დაღამებამდე ცეკვა და მასლაათი? ნათესავებთან კიდევ, ჰო, საქმე უცხოებია, უცნობები.
- მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო, - თქვა გავრილა აფანასიევიჩმა და მოიღუშა. - მაგრამ გამოტეხილად ვიტყვი, ასამბლეები არც მე მეხატება გულზე: აგერ მთვრალს შეეჩეხები, ან არადა თვითონ გამოგათრობენ თავშესაქცევად. წკიპზე ხარ, ვინმე ჩიტირეკიამ შენს ქალიშვილს რამე არ უხიმანოს. ახალგაზრდობა კი დღეს ისე გავიდა თავს, პირდაპირ გულს შემოგეყრება. აი, მაგალითად, აწ განსვენებული ევგრაფ სრგეევიჩ კორსაკოვის ვაჟმა წინა ასამბლეაზე ნატაშას ისეთი ამბავი დაათია, გამაწითლა. მეორე დღეს, ვხედავ, პირდაპირ ჩემს ეზოზე მოქრიან. ვფიქრობ: ღმერთი ვიღაცას მოაქროლებს, თავად ალექსანდრ დანილოვიჩს ხომ არა-მეთქი? როგორ გეკადრებათ: ივან ევგრაფოვიჩი იყო! ვითომ არ შეეძლო, ეტლი ჭიშკართან გაეჩერებინა, თავი შეეწუხებინა და პარმაღამდე ფეხით მობრძანებულიყო? რა სათქმელია! შემოვარდა, ფეხი ფეხს შემოჰკრა, ილაყბა, მაგრამ რა ილაყბა, ღმერთმა დაგიფაროთ!.. სულელი ეკიმოვნა ერთობ სასაცილოდ აჯავრებს, ბარემ წარმოგვიდგინე, სულელო, უცხოელი მაიმუნი!
სულელმა ეკიმოვნამ ერთ-ერთ ფეშხუმს თავსახური ახადა. ქუდივით ამოიჩარა იღლიაში და დაიწყო მანჭვა, ფეხის ფეხზე მიტყაპუნება, თავის დაკვრა ყოველ მხარეს, თან ამბობდა: “მოსიე... მამზელ... ასამბლეა... პარდონ...” საყოველთაო და ხანიერმა სიცილ-ხარხარმა გამოავლინა, რომ სტუმრები კმაყოფილნი იყვნენ.
მოხუცი თავადი ლიკოვი ცრემლებს იწმენდდა და, როცა სიმშვიდე თანდათან ისევ ჩამოდგა, თქვა:
- ზედგამოჭრილი კორსაკოვია. გაჟეჟილს გატეხილი სჯობია: წმინდა რუსეთში ტაკიმასხარად ეს არც პირველი და არც უკანასკნელი დაბრუნებულა გერმანეთიდან. რას სწავლობენ იქ ჩვენი ნაშიერნი? ფეხის ფეხზე მიტყაპუნებას, ყბედობას, თანაც, ღმერთმა უწყის, რომელ კილოზე, უფროსების უპატივცემულობას, სხვისი ცოლების კუდში დევნას. უცხო ქვეყნებში აღზრდილ ყმაწვილთაგან (ღმერთო, შემინდე) ადამიანს ყველაზე უფრო მეფის ზანგი ჰგავს.
- რა თქმა უნდა, - შენიშნა გავრილა აფანასიევიჩმა, - დინჯი და წესიერი კაცია, ჩიტირეკია კი არაა... ეს კიდევ ვიღა შემოვიდა ჩემს ჭიშკარში? კვლავ უცხოელი მაიმუნი? თქვენ რა თვალები დაგიჭყეტიათ, პირუტყვებო, - მიმართა მსახურთ, - გაიქეცით, უარი სტკიცეთ, ამიერიდან...
- რას მიედ-მოედები, ბებერო? - შეაწყვეტინა სულელმა ეკიმოვნამ, - თუ თვალში სინათლე დაგეშრიტა: ეს ხომ ხელმწიფის მარხილია, მეფე მობრძანდა.
გავრილა აფანასიევიჩი ფაცხაფუცხით წამოდგა. ყველა ფანჯრებს ეცა და მართლა დაინახეს პარმაღზე ამომავალი, თავისი დენშჩიკის მხარს დაყრდნობილი ხელმწიფე. შეიქნა ორომტრიალი. მასპინძელი ხელმწიფის შესახვედრად გაიჭრა, მსახურები ბოთეებივით გარბი-გამორბოდნენ, ყოველივე მიწყნარდა და შემოვიდა მეფე, თან სიხარულისაგან გაშტერებული მასპინძელი შემოჰყვა.
- გამარჯობათ, ბატონებო! - თქვა პეტრემ, რომელსაც სახეზე სიხალისე ეტყობოდა. ყველამ მდაბლად დაუკრა თავი. მეფის ცქაფმა თვალებმა სტუმრებში მასპინძლის ქალიშვილი გამოარჩია. პეტრემ იხმო ნატალია გავრილოვნა. ქალიშვილი საკმაოდ გაბედულად მიუახლოვდა ხელმწიფეს, ოღონდ არა თუ ყურებამდე, მხრებამდე გაწითლდა.
- შენ თანდათან ლამაზდები, - უთხრა ხელმწიფემ და, ჩვეულებისამებრ, თავზე ეამბორა. შემდეგ სტუმრებს მიმართა: - რას იზამთ, ხელი შეგიშალეთ. სადილობდით, გთხოვთ, ისევ დაბრძანდეთ, მე კი, გავრილა აფანასიევიჩ, ერთი ანისულის არაყი მომიტანე.
მასპინძელი მედიდურ მსახურთუფროსს ეცა, ლანგარი გამოსტაცა, თვითონ აავსო ოქროს ფიალა და თავმოდრეკილმა მიართვა ხელმწიფეს. პეტრემ არაყი გადაჰკრა, კრენდელი დააყოლა და კვლავ მიიწვია სტუმრები სუფრასთან. ყველა თავ-თავის ადგილას დასხდა, გარდა ჯუჯისა და მეკუჭნავისა, რომლებმაც ვერ გაბედეს მეფის წვევით გაპატიოსნებულ მაგიდასთან დარჩენა. პეტრე მასპინძლის გვერდით დაჯდა და შჩი ინება. დენშჩიკმა ხელმწიფეს მისივე სპილოს ძვლით მოოჭვილი ხის კოვზი და მწვანე ძვლის ტარით გაწყობილი დანა-ჩანგალი მოართვა, რადგან პეტრე არასდროს ხმარობდა სხვისას.
სადილს, ერთი წუთის წინ რომ სიმხიარულე და სიტყვამრავლობა აცოცხლებდა, ახლა სიჩუმე და უხალისობა ჩამოსწოლოდა. მასპინძელი მოწიწებისა და სიხარულის გამო პირს ვერაფერს აკარებდა, სტუმრებიც თავპატიჟს იდებდნენ და მორიდებით უსმენდნენ ხელმწიფეს, რომელიც ტყვე შვედს გერმანულად ელაპარაკებოდა 1701 წლის ლაშქრობის შესახებ. ხელმწიფემ სულელ ეკიმოვნას რამდენიმე კითხვა მისცა. ეკიმოვნა რაღაცნაირი მოკრძალებული გულცივობით უპასუხებდა, რაც (სხვათა შორის შევნიშნავ) სულაც არ ადასტურებდა მის თანდაყოლილ სიჩერჩეტეს. ბოლოს სადილობა დამთავრდა. ხელმწიფე წამოდგა და მას დანარჩენმა სტუმრებმაც მიბაძეს.
- გავირილა აფანასიევიჩ! მინდა ცალკე მოგელაპარაკო, - უთხრა ხელმწიფემ მასპინძელს, ხელი გამოსდო, სასტუმრო ოთახში გაიყვანა და კარი ჩაკეტა. სტუმრები სასადილოში დარჩნენ და ამ მოულოდნელ წვევაზე ჩურჩულით მოჰყვნენ სჯას, მაგრამ შეეშინდათ, მოურიდებელ ხალხად არ შეგვრაცხონო, და მალე ისე მიჰყვნენ უკან ერთიმეორეს, მასპინძელს მადლიც კი ვერ მოახსენეს პურ-მარილისათვის.
გავრილა აფანასიევიჩის სიმამრმა, ქალიშვილმა და დამ ისინი ჩუმად მიაცილეს ზღურბლამდე და ხელმწიფის გამოსვლას მარტონი დაელოდნენ სასადილოში.

მეხუთე თავი

თუ შენ ცოლი არ მოგგვარო,
მეწისქვილედ არ ჩამთვალო.
აბლესიმოვი,
ოპერაში “მეწისქვილე”

ნახევარ საათში კარი გაიღო და გამოვიდა პეტრე. თავადმა ლიკოვმა, ტატიანა აფანასიევნამ და ნატაშამ სამგზის დაუკრეს თავი. ხელმწიფემ საპასუხოდ ზვიადად დახარა თავი და პირდაპირ წინოთახში გავიდა. მასპინძელმა წითელი ტოლომა მოაცვა და მარხილამდე ჩაჰყვა, პარმაღზე კიდევ მოახსენა მადლი, რომ პატივი დასდო. პეტრე წავიდა.
სასადილოში შემობრუნებული გავრილა აფანასიევიჩი ერთობ შეურვებული გამოიყურებოდა. მსახურებს მწყრალად უბრძანა, მაგიდა აალაგეთო, ნატაშა თავის ოთახში გაგზავნა, ხოლო დასა და სიმამრს გამოუცხადა, თქვენთან მოლაპარაკება მინდაო, და საწოლ ოთახში წაიყვანა, სადაც ჩვეულებისამებრ ნასადილევს ისვენებდა. მოხუცი თავადი მუხის საწოლზე მიწვა, ტატიანა აფანასიევნა შტოფგადაკრულ ძველებურ სავარძელში ჩაჯდა და ფეხებქვეშ პატარა სკამი მიიჩოჩა. გავრილა აფანასიევიჩმა ყველა კარი ჩაკეტა, საწოლზე თავად ლიკოვის ფერხთით ჩამოჯდა და ხმადაბლა ასეთი საუბარი წამოიწყო:
- ხელმწიფეს ტყუილ-უბრალოდ არ უნებებია ჩემთან სტუმრობა. აბა, გამოიცანით, რაზე მესაუბრა?
- საიდან უნდა ვიცოდეთ, ჩემო ძმაო, - მიუგო ტატიანა აფანასიევნამ.
- ხომ არ გიბრძანა, რომელიმე სავოევოდო მართეო, - უთხრა სიმამრმა. - კარგა ხანია, ამის დროა. თუ საელჩოში სამსახური შემოგთავაზა? რას იზამ? უცხო ხელმწიფეებთან ხომ წარჩინებულ ხალხსაც გზავნიან, მარტო მდივნებს კი არა.
- არა, - მიუგო მოღუშულმა სიძემ. - მე ძველი ყალიბის კაცი ვარ, ახლა ჩვენი სამსახური არ სჭირდებათ, თუმცა შეიძლება მართლმადიდებელი რუსი აზნაური ამჟამინდელ ახალბედებზე, ბლინების გამყიდველებსა და ბასურმანებზე ნაკლები არ იყოს, მაგრამ ეს სხვა რამაა.
- მაშ, ასე დიდხანს რაღაზე გესაუბრა, ძმაო? - ჰკითხა ტატიანა აფანასიევნამ. - ხომ არაფერი უბედურება დაგატყდა თავს? ღმერთო, გვიხსენი და მოგვხედე!
- უბედურების რა მოგახსენოთ, მაგრამ გულახდილად გეტყვით, ცოტა არ იყოს, საგონებელში კი ჩავვარდი.
- ასეთი რა მოხდა, ძმაო? რა ამბავია?
- რა და ნატაშას ამბავია: მეფე სამაჭანკლოდ მობრძანდა.
ტატიანა აფანასიევნამ პირჯვარი გადაიწერა და დააყოლა:
- მადლობა ღმერთს, ქალი გასათხოვარია, ხოლო რაც მაჭანკალია, სასიძოც ის იქნება. ღმერთმა სიამტკბილობა ქნას და ეგ დიდი პატივისცემა კია. ნეტავ ვის ურიგებს?
- ჰმ, - დაიხვნეშა გავრილა აფანასიევიჩმა. - ვის? შენ ეგა თქვი, ვის.
- მაინც ვის, - გაიმეორა რულმოკიდებულმა თავადმა ლიკოვმა.
- გამოიცანით, - თქვა გავრილა აფანასიევიჩმა.
- ჩემო კარგო ძმაო, აბა, როგორ გამოვიცნოთ? - მიუგო მოხუცმა დამ. - მეფის კარზე განა ერთი და ორი სასიძოა: ყველა მოხარულია შენი ნატაშას წაყვანისა. დოლგორუკი ხომ არაა?
- არა, დოლგორუკი არა.
- ჰოდა, კარგად იყოს, დიდი კუდაბზიკა ვინმე კია. შეინი, ტროეკუროვი?
- არა, არც ერთი ამათგანი.
- არა და არც მე მეხატებიან გულზე: ჩიტირეკიები, ნამეტანი შეითვისეს გერმანული სული. კარგი, მაშ, მილოსლავსკია?
- არა, ის არა.
- ღმერთმა ხელი მოუმართოს: მქონებელია და სულელი. რას იზამ? ელეცკი? ლვოვი? არა? ვითომ რაგუზინსკი? როგორც გინდა და აზრზე ვერ მოვსულვარ, მაინც, ვის ურიგებს მეფე ნატაშას?
- ზანგ იბრაჰიმს!
ბერიქალმა ამოივიშვიშა და ხელი ხელს შემოჰკრა. თავადმა ლიკოვმა ბალიშიდან თავი ასწია და გაიოცა:
- ზანგ იბრაჰიმს?
- ჩემო კარგო ძმაო, - ტირილგარეული ხმით უთხრა ძმას ტატიანა აფანასიევნამ. - ნუ დაღუპავ შენს პირმშოს, შავ ეშმაკს ბრჭყალებში ნუ ჩაუგდებ ნატაშას.
- მაშ, რა ვქნა, - შეაწყვეტინა გავრილა აფანასიევიჩმა, - უარი შევკადრო ხელმწიფეს, რომელიც სანაცვლოდ წყალობას გვპირდება ჩვენ, მე და მთელ ჩვენს გვარეულობას?
- როგორ! - წამოიძახა სავსებით ძილგამფრთხალმა მოხუცმა თავადმა. - ნატაშა, ჩემი შვილიშვილი, ნაყიდ ზანგს გავატანო!
- იგი მდაბიო ჩამომავლობის როდია, - უთხრა გავრილა აფანასიევიჩმა. - ზანგთა სულთნის შვილია. ბასურმანებმა ტყვედ ჩაიგდეს და ცარეგრადში გაყიდეს, ხოლო ჩვენმა დესპანმა გამოიხსნა და მეფეს აჩუქა. ზანგის უფროსი ძმა დიდი გამოსასყიდით ჩამოვიდა რუსეთში და...
- ჩემო გავრილა აფანასიევიჩ, - შეაწყვეტინა მოხუცმა დამ, - გვსმენია ზღაპარი ბოვა კაროლევიჩსა და ერუსლან ლაზარევიჩის შესახებ. უმჯობესია გვითხრა, რა პასუხი მიეცი ხელმწიფეს.
- ვუთხარი, შენ ჩვენი მბრძანებელი ხარ, ხოლო ჩვენი ყმური ვალია, ყველაფერში დაგემორჩილოთ-მეთქი.
ამ დროს გარეთ, კართან ხმაური გაისმა. გავრილა აფანასიევიჩი კარის გასაღებად წავიდა, მაგრამ გაღება გაუჭირდა და მაგრად ჰკრა ხელი. კარი გაიღო და მათ სისხლით მოთხვრილ იატაკზე გაშოტილ გულშეღონებულ ნატაშას ჰკიდეს თვალი.
ნატაშას გული გაუჩერდა, როცა ხელმწიფე მამამისთან ჩაიკეტა. რაღაც წინათგრძნობამ ჩასჩურჩულა, შენს ამბავს იხილავენო. გავრილა აფანასიევიჩმა რომ გამოუცხადა, მამიდაშენს და ბაბუაშენს უნდა მოველაპარაკოო, ხოლო იგი თავის ოთახში გაგზავნა, ქალურ ცნობისმოყვარეობას ვერ მოერია, შუა ოთახიდან საწოლი ოთახის კართან მიიპარა და ეს საშინელი საუბარი სიტყვასიტყვით მოისმინა. მამის ბოლო სიტყვების გაგონებაზე საბრალო ქალიშვილმა გრძნობა დაკარგა და ძირს დაცემისას თავი გაიტეხა შემოჭედილ სკივრზე, სადაც მისი მზითევი ინახებოდა.
მოცვივდნენ მსახურები, ნატაშა ასწიეს, თავის ოთახში წაიყვანეს და საწოლზე დააწვინეს. ქალიშვილი რამდენიმე ხანში გონს მოეგო, თვალები გაახილა, მაგრამ მამა და მამიდა ვეღარ იცნო. მას დიდი სიცხე გამოაჩნდა, ბოდვა დააწყებინა, პირზე სულ მეფის ზანგი და ქორწილი ეკერა და ანაზდად შესაბრალისი, გამწივანი ხმით იკივლა:
- ვალერიან, ძვირფასო ვალერიან, ჩემო სიცოცხლევ! მიხსენი, აგერ, ისინი, აგერ, ისინი!..
ტატიანა აფნასიევნამ მშფოთვარედ შეხედა ძმას. გავრილა აფანასიევიჩი გაფითრდა, ტუჩზე იკბინა და მდუმარედ დატოვა ოთახი: იგი მოხუც თავადთან მიბრუნდა, რომელმაც კიბეზე ამოსვლა ვერ შეძლო და ქვევით დარჩა.
- რას შვრება ნატაშა? - ჰკითხა თავადმა.
- არაა, კარგად, - მიუგო დანაღვლიანებულმა მამამ, - უფრო ცუდადაა, ვიდრე ვფიქრობდი: ცნობამიხდილია და ვალერიანის სახელს აბოდებს.
- ვინაა ეს ვალერიანი? - ჰკითხა შეშფოთებულმა მოხუცმა. - ნუთუ ის ობოლია, სტრელეცის შვილი, შენსას რომ იზრდებოდა?
- სწორედ ისაა! - მიუგო გავრილა აფანასიევიჩმა, - ჩემდა საუბედუროდ, მამამისმა ამბოხების დროს სიცოცხლე შემინარჩუნა და ეშმაკმა ჩამაგონა ჩემს სახლში შემეფარებინა შეჩვენებული მგლის ლეკვი. როცა ვალერიანი ამ ორი წლის წინათ თავისივე თხოვნით პოლკში ჩარიცხეს, ნატაშა გამომშვიდობების დროს ატირდა, ხოლო თვითონ ბიჭი გახევებული იდგა. ეს საეჭვოდ მომეჩვენა და დას ვუთხარი, მაგრამ ის დღე იყო და ის, ნატაშას ვალერიანი აღარ უხსენებია. აღარც ვალერიანის შესახებ ისმოდა რამე. ვფიქრობდი, ნატაშას იგი გადაავიწყდა-მეთქი, ეტყობა კი, არ გადავიწყებია. მორჩა: ნატაშა ზანგს მისთხოვდება!
თავად ლიკოვს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს: თქმა ამაო იქნებოდა, ადგა და შინ გასწია. ტატიანა აფანასიევნა ნატაშას ლოგინს არ მოშორებია. გავრილა აფანასიევიჩმა ექიმის მოსაყვანად გაგზავნა კაცი. თავის ოთახში ჩაიკეტა და მის სახლში სიწყნარემ და მწუხარებამ დაივანა.

მოულოდნელმა მაჭანკლობამ იბრაჰიმი გააოცა, ყოველ შემთხვევაში ისევე, როგორც გავრილა აფანასიევიჩი. აი, როგორ მოხდა ეს: ერთხელ პეტრემ, როცა იბრაჰიმთან ერთად საქმეებს უჯდა, ჰკითხა მას:
- ძამია, ვამჩნევ, რომ ყურები ჩამოგიყრია, პირდაპირ მითხარი, რა გესაკლისება?
იბრაჰიმმა დააჯერა, ჩემი ბედით კმაყოფილი ვარ და უკეთესს არას ვნატრობო.
- კეთილი, - მიუგო ხელმწიფემ, - თუ უმიზეზოდ ნაღვლობ, მაშ, მე ვიცი, რით გაგამხიარულო.
მუშაობას რომ მორჩნენ, პეტრემ იბრაჰიმს ჰკითხა:
- არ მოგწონს ვითომ ის ქალიშვილი, წინა ასამბლეაზე რომ მენუეტს ეცეკვებოდი?
- ხელმწიფევ, ის ერთობ მიმზიდველი ქალიშვილია, თანაც, მგონი, მორცხვი და კეთილი.
- ჰოდა, უფრო დაგაახლოვებ. გინდა, შეირთო?
- მე, ხელმწიფეო?..
- მისმინე, იბრაჰიმ, შენ ერთი ლიტანი და უთვისტომო კაცი ხარ, ჩემ გარდა ყველასთვის უცხო. მე რომ დღეს მოვკვდე, შენი საქმე ხვალ როგორ იქნება, ჩემო საბრალო ზანგო? ცხოვრება უნდა მოიკეთილო, ვიდრე ჯერ კიდევ გაქვს დრო, ბურჯი მოძებნო ახალ ნაცნობებს შორის, დაუკავშირდე რუს ბოიარობას.
- ხელმწიფეო, მე ბედნიერებას მანიჭებს თქვენი უდიდებულესობის მფარველობა და წყალობა. ღმერთმა ნუ მომასწროს ჩემი მეფის ღვთივ განსვენებას, სხვას არას ვინატრი. მაგრამ გუნებაში რომც მედოს ქალის შერთვა, ვითომ დათანხმდება ქალიშვილი და მისი ნათესაობა? ჩემი შესახედაობა...
- შენი შესახედაობა! რა სიტუტუცეა! რით არ ხარ კაი ყმა? ქალიშვილი მშობლების ნებას არ უნდა გადავიდეს. თანაც ვნახოთ, რას განაცხადებს მოხუცი გავრილა რჟევსკი, როცა მე თვითონ გიმაჭანკლებ!
ამის თქმისთანავე ხელმწიფემ მარხილის მოყვანა ბრძანა და იბრაჰიმი ღრმად ჩაფიქრებული დატოვა.
“ქალი შევირთო! - ფიქრობდა აფრიკელი. - ვითომ რად არა? ნუთუ ბედად მიწერია ეულად ვიბოგინო და არ ვიცოდე, რა არის ადამიანის საუკეთესო სიამენი და უწმინდესი მოვალეობანი, მხოლოდ იმიტომ, რომ *გრადუსზე დავიბადე? არ უნდა მქონდეს იმედი შეყვარებისა? რა ბალღობაა! განა შეიძლება სიყვარული გწამდეს? განა შეიძლება იგი ქალის ქერქეტა გულში სულდგმულობდეს? მე სამუდამოდ ვთქვი უარი ნეტარ ცდომილებებზე და სხვა ცდუნებანი ვირჩიე, უფრო ჭეშმარიტნი. ხელმწიფე სწორია, ჩემი მომავალი უნდა გავინაღდო. ახალგაზრდა რჟევსკაიას შერთვით ამაყ რუს თავადაზნაურობას დავუკავშირდები და გადამთიელი აღარ ვიქნები ჩემს ახალ სამშობლოში. ცოლს, შემიყვარე-მეთქი, ძალას არ დავატან, მის ერთგულებას ვიკმარებ, ხოლო მეგობრობას მისას გამუდმებული სინაზით, ნდობითა და შემწყნარებლობით მოვიხვეჭ”.
იბრაჰიმს, ჩვეულებისამებრ სურდა საქმეს ჩასჯდომოდა, მაგრამ წარმოსახვა მეტისმეტად ჰქონდა აფორიაქებული. ქაღალდებს მოეშვა და ნევის სანაპიროზე გავიდა საყიალოდ. ანაზდად სმენას პეტრეს ხმამ უწია. თავი მოაბრუნა და დაინახა ხელმწიფე, რომელსაც მარხილი გაეშვა და იბრაჰიმს უკან ფეხით მოჰყვებოდა ხალისიანი გამომეტყველებით.
- მოთავდა, ძმობილო, ყველაფერი, - უთხრა და ხელი გამოსდო. - ქალი უკვე გაგირიგე. ხვალ შენს სიმამრთან გასწი, მაგრამ, იცოდე, მის ბოიარულ ქედმაღლობას ფიანდაზად გაეშლები. მარხილი ჭიშკართან დატოვე, ეზო ფეხით გადავლე, მის დამსახურებასა და დიდგვაროვნობაზე გაუბი საუბარი და ზედ გადაგყვება. ახლა კი, - განაგრძო პეტრემ ხელკეტის ქნევით, - თაღლით დანილიჩთან გამყევი. ანგარიში უნდა გავუსწორო ახალი ოინებისთვის.
იბრაჰიმმა პეტრეს სულით და გულით მოახსენა მადლი მამობრივი ზრუნვისათვის, თავად მენშიკოვის ბრწყინვალე სასახლემდე მიჰყვა და შინ დაბრუნდა.

მეექვსე თავი

მინის სახატეს წინ, რომელშიც მამაპაპეული ხატების ოქროსა და ვერცხლის მოჭედილობანი ციაგებდა, უდრტვინველად ბჟუტავდა ლამპარი. მისი მოპარპალე შუქი მკრთალად ანათებდა ფარდაჩამოფარებულ საწოლს და იარლიყიანი შუშებით ავსებულ პატარა მაგიდას. ღუმელთან მოახლე ჯარას უჯდა და ოთახის სიწყნარეს მარტოოდენ ჯარას შმაშური არღვევდა.
- ვინ არის? - გაისმა მიკნავებული ხმა. მოახლე მსწრაფლ წამოდგა, საწოლთან მივიდა და ნელა ასწია მიჩიგდანი.
- მალე ინათებს? - ჰკითხა ნატალიამ.
- უკვე შუადღე დგას, - მიუგო მოახლემ.
- აჰ, ღმერთო ჩემო, მაშ, ეს სიბნელე რაღაა?
- ფანჯრებია დახურული, ქალბატონო.
- მოდი, ერთი სასწრაფოდ ჩამაცვი.
- არ შეიძლება, ქალბატონო, აქიმს არ უბრძანებია.
- ნუთუ ავად ვარ? კარგა ხანია?
- აგერ უკვე ორი კვირა არის.
- რას მეუბნები? მე კი მეგონა, გუშინ დავწექი-მეთქი...
ნატაშა გაჩუმდა. ცდილობდა, გაფანტული აზრები დაელაგებინა. რაღაც შეემთხვა, მაგრამ კერძოდ რა, ვერ გაეხსენებინა. მოახლე ისევ წინ ედგა და მის ბრძანებას ელოდა. ამ დროს ქვემოდან დახშული ხმაური მოისმა.
- რა მოხდა? - იკითხა ავადმყოფმა.
- ბატონებმა საჭმელი მიირთვეს, - მიუგო მოახლემ. - სუფრიდან დგებიან. ტატიანა აფანასიევნა ახლავე აქ მოვა.
ნატაშას თითქოს გაუხარდა. ძალაგამოცლილი ხელი დაიქნია. მოახლემ მიჩიგდანი ჩამოსწია და კვლავ ჯარას მიუჯდა.
გავიდა რამდენიმე წუთი და კარებში გამოჩნდა მუქლენტებიანი, თეთრი განიერი ჩაჩით მოსილი თავი.
- როგორ არის ნატაშა? - გაისმა ხმადაბლა.
- გამარჯობა, მამიდა, - წყნარად მიუგო ავადმყოფმა და ტატიანა აფანასიევმაც მისკენ გაუჩქარა.
- ქალბატონი გონს მოვიდა, - უთხრა მოახლემ ტატიანა აფანასიევნას და ფრთხილად მიუჩოჩა სავარძელი. ცრემლმომდგარმა მოხუცმა ძმისშვილს ფერმიხდილ, დაღვრემილ სახეზე აკოცა და გვერდით დაუჯდა. მას ფეხდაფეხ შემოჰყვა სწავლულის პარიკით მოსილი შავხიფთანიანი გერმანელი მკურნალი. მკურნალმა ნატაშას მაჯა გაუსინჯა და ჯერ ლათინურად, ხოლო შემდეგ რუსულადაც განაცხადა, საფრთხემ გაიარაო. მოითხოვა ქაღალდი და სამელნე, გამოწერა ახალი რეცეპტი და წავიდა. მოხუცი კი ადგა, კვლავ აკოცა ნატალიას და მაშინვე ქვევით, გავრილა აფანასიევიჩისაკენ გასწია სახარებლად.
სასტუმრო დარბაზში ამ დროს მუნდირში გამოწყობილი, დაშნით აღჭურვილი მეფის ზანგი იჯდა, ხელში ქუდი ეჭირა და მოწიწებით ებაასებოდა გავრილა აფანასიევიჩს. კორსაკოვი ბუმბულის დივანზე გაჭიმულიყო, მათ უგულისყუროდ უსმენდა და ამაგდარ მწევარს აბრაზებდა. ეს რომ მოსწყინდა, მივიდა სარკესთან, მისი უსაქმურობის ჩვეულებრივ საყუდელთან, და შიგ თვალი ჰკიდა ტატიანა აფანასიევნას, რომელიც კარს უკნიდან ძმას მალულად რაღაცას ანიშნებდა.
- თქვენ გიხმობენ, გავრილა აფანასიევიჩ, - მიმართა მასპინძელს კორსაკოვმა და იბრაჰიმს სიტყვა გააწყვეტინა. გავრილა აფანასიევიჩმა მაშინვე გასწია დისკენ და გასვლისას კარი გაიხურა.
- მაოცებს, რა მომთმენი ყოფილხარ, - უთხრა კორსაკოვმა იბრაჰიმს. - მთელი საათი უსმენ ბოდვას ლიკოვებისა და რჟევსკების გვაროვნობის ძველთაძველობის შესახებ და თან საკუთარ დამრიგებლურ შენიშვნებს ურთავ! მე შენს ადგილას j’aurais planté láმაგ ბებერ მატყუარას და მთელ მის გვაროვნობას ნატალია გავრილოვნიანად, რომელიც ინაზება, თავი ისე მოაქვს, თითქოს ავადაა, une petite santé.*გულახდილად მითხარი: ნუთუ გიყვარს ეს პატარა mijaurée?**მისმინე, იბრაჰიმ, თუნდაც ერთხელ ყურად იღე ჩემი რჩევა. მერწმუნე, უფრო კეთილგონიერი ვარ, ვიდრე ვჩანვარ. მოეშვი ამ უხიაკ აზრს - ნუ ითხოვ ქალს. მე მგონი, შენს საცოლეს სულ არ ეხატები გულზე. ვინ იცის, რამდენი რამ ხდება ქვეყანაზე? მაგალითად, მე, რა თქმა უნდა, ბიჭად ბიჭი უშნო არა ვარ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ქმრები მომიტყუებია, ღმერთმანი, არაფრით რომ არ ჩამომივარდებოდნენ. შენ თვითონ... გახსოვს ჩვენი პარიზელი მეგობარი გრაფი დ.? არ შეიძლება ქალის ერთგულების იმედი გქონდეს. ბედნიერია, ვინც ამ ამბავს აინუნში არ აგდებს! მაგრამ შენ!.. შენი ფხუკიანი, გულჩათხრობილი და იჭვნეული ბუნების, ჩაჭყლეტილი ცხვირის, გასიებული ტუჩების, გაბურძგნული ბანჯგვლის პატრონმა ქორწინების ხიფათში ჩაიგდო თავი?..
- მადლობა მომიხსენებია მეგობრული რჩევისათვის, - უგულოდ გააწყვეტინა იბრაჰიმმა. - მაგრამ იცი ანდაზა: ვინ გეკითხება სხვისი ბავშვების აკვნის რწევასო...
- ფრთხილად, იბრაჰიმ, - სიცილით მიუგო კორსაკოვმა, - შემდგომ მართლა და მართლა თვითონ არ მოგიწიოს ამ ანდაზის პირდაპირი მნიშვნელობით დამტკიცება.
მეორე ოთახში და-ძმა უფრო და უფრო გაცეცხლებით ელაპარაკებოდა ერთმანეთს.
- შენ მას მოინელებ, - ამბობდა ბერიქალი, - ვერ შეეგუება მის გარეგნობას.
- კი, მაგრამ თვითონ განსაჯე, - შეესიტყვა ჯიუტი ძმა. - აი, უკვე ორი კვირაა, როგორც საქმრო, ისე დადის ჩვენსას, ხოლო საცოლე დღემდე არ უნახავს. ბოლოს და ბოლოს შეიძლება იფიქროს, ნატაშას ავადმყოფობა მოგონილიაო, მხოლოდ იმას ცდილობენ, როგორმე დრო გაიყვანონ, რომ რამენაირად თავიდან მომიშორონო. მერედა მეფეც რას იტყვის? უკვე ისედაც სამჯერ გამოგზავნა კაცი ნატალიას ჯანმრთელობის შესატყობად. როგორც გენებოს, მე კი მასთან წაჩხუბებას არ ვაპირებ.
- ღმერთო ძლიერო, - თქვა ტატიანა აფნასიევნამ, - რა ეშველება მაგ საბრალოს? გამიშვი მაინც, რომ ამგვარი სტუმრობისთვის შევამზადო.
გავრილა აფანასიევიჩი დას დაეთანხმა და სასტუმრო დარბაზში დაბრუნდა.
- მადლობა ღმერთს, - უთხრა მან იბრაჰიმს, - საფრთხე ჩამოგვეხსნა. ნატალია გაცილებით უკეთაა. მოსახათრებელი რომ არ იყოს ძვირფასი სტუმრის ივან ევგრაფოვიჩის აქ მარტო დატოვება, ზემოთ აგიყვანდი და საცოლეს განახვებდი.
კორსაკოვმა გავრილა აფანასიევიჩს ქალიშვილის გამოკეთება მიულოცა, სთხოვა, არ შეწუხებულიყო, დაარწმუნა, უთუოდ უნდა წავიდეო, წინოთახში გავარდა და მასპინძელს საშუალება არ მისცა, გაეცილებინა.
ამასობაში ტატიანა აფანასიევნა ჩქარობდა ავადმყოფი შეემზადებინა საშინელ სტუმართან შესახვედრად. ოთახში რომ შევიდა, ნატაშას აქოშინებული დაუჯდა საწოლთან, ხელზე ხელი მოჰკიდა, მაგრამ ვიდრე სიტყვას დაძრავდა, კარიც გაიღო.
- ვინ მოვიდა? - იკითხა ნატაშამ.
მოხუცი ქალი გაშეშდა. ენა ჩაუვარდა. გავრილა აფანასიევიჩმა ფარდა გადასწია, უგულოდ შეავლო თვალი ავადმყოფს და ჰკითხა, თავს როგორ გრძნობო? ავადმყოფს უნდოდა, მისთვის გაეღიმა, მაგრამ ვერ მოახერხა. მამის კუშტმა მზერამ გააოცა და მშფოთვარება დაეუფლა. ამ დროს მოელანდა, თითქოს ვიღაც ედგა სასთუმალთან. რის ვაი-ვაგლახით წამოსწია თავი და უეცრად მეფის ზანგი შეიცნო. ეს იყო და გაახსენდა ყველაფერი, თვალწინ წარმოესახა მომავლის მთელი საშინელება, მაგრამ დაძაბუნებულ ბუნებას მისას საჩინო ელდა არ დასტყობია. თავი კვლავ დაუშვა ბალიშზე და თვალები მილულა... გული მტკივნეულად უჩქროლავდა. ტატიანა აფანასიევნამ ძმას ანიშნა, ავადმყოფს ეძინებაო, და ოთახიდან ჩუმად გავიდა ყველა, მოახლის გარდა, რომელიც კვლავ მიუჯდა ჯარას.
უბედურმა მზეთუნახავმა თვალები გაახილა და თავის საწოლთან რომ ვერავის მოჰკრა თვალი, მოახლეს დაუძახა და ჯუჯას მოსაყვანად გაგზავნა, მაგრამ ამ დროს ჩამრგვალებული ბებერი ცეროდენა ბურთივით მოგორდა საწოლთან. წეღან მერცხალა (ასე ერქვა ჯუჯას) თავისი მოკლე ფეხების შესაძლებლობისამებრ გავრილა აფანასიევიჩს და იბრაჰიმს კიბეზე ამოდევნებოდა და კარს უკან დამალულიყო, არ ეღალატა მშვენიერი სქესის ნიშანდობლივი ცნობისმოყვარეობისათვის. ნატაშამ ჯუჯა რომ დაინახა, მოახლე გარეთ გაუშვა და ჯუჯაც საწოლთან პატარა სკამზე ჩამოჯდა.
ესოდენ პატარა სხეულს არასდროს ესოდენ დიდი სულიერი მოღვაწეობა არ შეუთავსებია. ჯუჯა ერეოდა ყველაფერში, იცოდა ყველაფერი და ზრუნავდა ყველაფერზე. გაქნილი და მუზმუზელა ჭკუის წყალობით მოახერხა ბატონებს შეჰყვარებოდათ და მთელ სახლეულობას შესძულებოდა, სახლეულობას, რომელსაც იგი თავის ნებაზე ატრიალებდა. გავრილა აფანასიევიჩი ისმენდა მის რჩევას, ხოლო ნატაშას უსაზღვროდ უყვარდა და მთელ თავის ფიქრებს, თავისი თექვსმეტი წლის გულის ყოველ თრთოლვას ანდობდა.
- მერცხალა, იცი, მამაჩემი ზანგზე მათხოვებს, - უთხრა ჯუჯას ნატაშამ.
ჯუჯამ ისე ამოიხვნეშა, ლამის გული ამოაყოლა, და დაღმეჭილი სახე უფრო დაეღრიჯა.
- ვითომ იმედი გადაიწურა? - განაგრძო ნატაშამ, - ვითომ მამა არ შემიცოდებს?
ჯუჯამ ჩაჩი გადააქნია.
- ნუთუ არ გამომესარჩლებიან ბაბუა ან მამიდა?
- არა, ქალბატონო, ზანგმა შენი ავადმყოფობის ჟამს ყველას მოჯადოება მოასწრო. ბატონი გადარეულია, თავადს სულ მისი სახელი აკერია ენაზე, ხოლო ტატიანა აფანასიევნა ამბობს: დასანანია, რომ ზანგია, თორემ უკეთესი სასიძოს სურვილიც კი ჩვენის მხრით ცოდვააო.
- ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! - ამოიგმინა საბრალო ნატაშამ.
- ნუ დაღონდები, ჩვენო მზეთუნახავო, - უთხრა ჯუჯამ და ღონემიხდილ ხელზე აკოცა. - თუ ზანგს მართლა გაჰყევი, სულ ერთია, შენს ნებაზე იქნები. ახლა ისე აღარაა, ძველად რომ იყო. ქმრები ცოლებს შინ არ კეტავენ. ამბობენ, ზანგი მქონებელიაო, ჩიტის რძეც არ მოგაკლდებაო, ცხოვრებას დაიწყებ უდარდელად...
- საწყალი ვალერიანი! - ისე ჩუმად თქვა ნატაშამ, ჯუჯა მიხვედრით თუ მიხვდებოდა, რომ ეს სიტყვები ითქვა, თორემ ვერ გაიგონებდა.
ჯუჯამ საიდუმლოდ დაიდაბლა ხმა და უთხრა:
- მაშ, ქალბატონო, ნაკლებად რომ გეფიქრა სტრელეცის ობოლზე, სიცხიანი მასზე ბოდვას არ მოჰყვებოდი, მამაშენი კი არ გაჯავრდებოდა.
- რაო? - თქვა დაფეთებულმა ნატაშამ, - ვალერიანს ვაბოდებდი? მამას ესმოდა, მამა ბრაზობს?
- სწორედ ეგაა უბედურება, -მიუგო ჯუჯამ. - ახლა თუ თხოვნას დაუწყებ, ზანგს ნუ მიმათხოვებო, იფიქრებს, მიზეზი ვალერიანი არისო. რას იზამ, დაჰყევი მშობლის ნება-სურვილს, რაც იქნება, იქნება.
ნატაშა არ შესიტყვებია. იმ აზრმა, რომ მამამ უწყოდა საიდუმლო შვილის გულისა, ერთობ იმოქმედა მის წარმოსახვაზე. ერთი იმედი რჩებოდა: თავი მოეკლა საძულველ ქორწინებამდე. ამის გაფიქრებამ გულს მოუფონა და სულდასუსტებული და სულდამწუხრებული დამორჩილდა თავის ხვედრს.

მეშვიდე თავი

გავრილა აფანასიევიჩის სახლში, წინკარის მარჯვნივ, ერთფანჯრიანი ვიწრო სენაკი იყო. შიგ უბრალო საწოლი იდგა, საწოლზე თივთიკის საბანი ეფინა. საწოლის წინ კი, ნაძვის პატარა მაგიდაზე, ქონის სანთელი ენთო და გადაშლილი ნოტები ეწყო. კედელზე ძველი ლურჯი მუნდირი და მისივე ხნის სამკუთხა ქუდი ეკიდა, ქუდის ზემოთ სამი ლურსმნით მიეჭედებინათ მდარე სურათი - ცხენზე ამხედრებული კარლოს XII. ფლეიტის ბგერები ისმოდა ამ წყნარ სავანეში. ტყვე ცეკვის მასწავლებელი, განმარტოებული მცხოვრები მისი, ჩაჩითა და ჩინური საშინაო ხალათით მოსილი, ზამთრის საღამოს მოწყენილობას ძველებური შვედური მარშებით იქარვებდა, რომლებიც სიჭაბუკის მხიარულ დროს აგონებდა. მთელი ორი საათი მიუძღვნა შვედმა ამ ვარჯიშს, შემდეგ ფლეიტა დაშალა, ყუთში ჩადო და გახდა დაიწყო.
ამ დროს კარის რაზა აიწია და ოთახში შემოვიდა მუნდირში გამოწყობილი მაღალ-მაღალი ლამაზი ჭაბუკი.
გაოცებული შვედი ზეზე წამოდგა.
- ვერ მიცანი, გუსტავ ადამიჩ, - მღელვარე ხმით უთხრა ახალგაზრდა სტუმარმა. - არ გახსოვს ბიჭი, რომელსაც შვედურ არტიკულს ასწავლიდი, რომელთან ერთადაც სათამაშო ქვემეხიდან გასროლისას კინაღამ ხანძარი გააჩინე სწორედ ამ ოთახში?
გუსტავ ადამიჩი დაჟინებით უცქეროდა...
- ჰეი, - წამოიძახა, ბოლოს და სტუმარს გადაეხვია, - გამარჩობა, კარქა ხანი ხარ აქ განა. დაჯექ შენი კარქო გიჟო, ვილაპარაქოთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

??????