მოცარტი და სალიერი
ო თ ა ხ ი
ს ა ლ ი ე რ ი
ამბობენ, ქვეყნად სამართალი არ არსებობსო,
მაგრამ ზეცაშიც არ არსებობს იგი, და ჩემთვის
ეს ნათელია, ვით უბრალო, მარტივი გამა.
მე ხელოვნებამ სიყრმიდანვე შემიძრა გული.
მახსოვს, ჯერ კიდევ ჩვენს აკლებურ ეკლესიში,
როს ხმამაღალი გუგუნებდა მწუხრზე ორღანო,
თავდავიწყებით ვუგდებდი ყურს და უნებურად
მომწყდარი ცრემლი მდუღარებით მილტობდა სხეს.
მე თავიდანვე უარვყავი უქმი გართობა.
მუსიკისათვის უცხო ყვალა დარგი სიბრძნისა
მე შევიძაგე. უკუვრიდე მათ უჯიათი
თავმოთნეობით და მხოლოდღა მუსიკის სწავლას
მივყავი ხელი. ძნელი იყო გზის დასაწყისი
და მოსაწყენი ცდა პირველი, მაგრამ დავძლიე
ის პირვანდელი გასაჭირი და ხელოვნებას
გულმოდგინებით ხელოსნობა ვუქციე ლიბოდ.
ხელოსნად ვიქეც: მე თითების მშრალი სისხარტე
უტყუარ სმენას დავუმონე მისი მორჩილი
გავხადე სრულად. მოვაკვდინე ბგერების სუნთქვა,
ხოლო მუსიკა ცხედარივით განვწვალე. მერე
ალგებრის თარგზე გამოვჭერი მე ჰარმონია.
და მხოლოდ შემდეგ, განსწავლული უკვე საქმეში,
ნეტარი გრძნობით შევუდექი შემოქმედებას.
დავიწყე წერა. ოღონდ ჩუმად, ოღონდ ფარულად,
და ფიქრს სახელის მოხვეჭაზე ვერც კი ვბედავდი.
ხშირად მშიერი, უძილობით გაწამებული,
ორი-სამი დღით ჩაკეტიი ჩემს ყრუ სენაკში,
რა ვიგემებდი შთაგონებით აღფრთოვანებას,
ვწვავდი ჩემს ნაშრომს და პირქუში უხმოდ ვუმზერდი,
როგორ ქრებოდა მსუბუქ ალში დანაცრებული
აზრი და ბგერა, რუდუნებით ნაშობი ჩემგან
რას ვამბობ?! როცა მოგვევლინა სახელგანთქმული
გლუკი და ახლა საიდუმლოდ (ღრმა და ჯადოსნურ,
დამატყვევებელ საიდუმლოდ) ბჭენი განახვნა,
განა არ დავთმე ყველაფერი, რაც კი მიყვარდა
მანამდე ასე, რისიც ასე მხურვალედ მწამდა,
და უდრტვინველად არ გავყევი განა მის ურნატს
ხალისიანი ნაბიჯებით, ვით შეცდომილი
გაჰყვება ხოლმე კაცს, რომელიც გზას მიასწავლი?
შეუპოვარი ძალისხმევით, მედგარი შრომით,
მე როგორც იქნა, ამ უსაზღვრო ხელოვნებაში
უმაღლეს ხარისხს მივაღწიე. მერე სახელმაც
არ დააყოვნა. ხალხის გულში ქმნილებებს ჩემსას
მტკიცედ გაედგა ფესვი, და მე სვებედნიერი
მშვიდად ვტკბებოდი არა მარტო ჩემი ნაღვაწით,
დიდებითა და წარჩინებით, არამედ ღვთიურ
ხელოვნებაში ძმადშეფიცულ ამხანაგების
ნაღვაწითა და წარჩინებით. და არასოდეს
გაჰკარებია ჩემს გულს შური. ო, არასოდეს! –
არც მაშინ, როცა დამთხვეული პარიზელების
უკადრი სმენის დაურვება შესძლო პიჩინიმ,
არც მაშინ, როცა ჩემი გული პირველად შეძრა
იფიგენიის პირველქმნილი ბგერების ზვავმა. . .
ან ვისგან თქმულა, სალიერი ბოროტი შურით
თუნდა ოდესმე ყოფილიყოს დამონებული
და კაცთა მიე გაქექილი იქედნეს მსგავსად
უღონო გესლით გულავსებულს მიწა ელოკოს?
არავისაგან! . . . მაგრამ აწ თვით ვამბობ. შური მაქვს გულში,
მშურს-მეთქი მწარედ, მშურს სასტიკად. ო, ზეცის შუქო!
სადღაა მითხარ სამართალი, როს წმინდა ნიჭი,
უკვდავი მადლი - უანგარო სიყვარულს, შრომას,
გულმოდგინებას, თავდადებას, ლმობას, ვედრებას
კი არა ხვდება მეოხებად, არამედ შლეგის,
უქმადმავლის შუბლის დანათის? . . ო, მოცარტ, მოცარტ!
(შემოდის მოცარტი)
მ ო ც ა რ ტ ი
აჰა, კიდევაც დამინახე! მე კი მინდოდა,
მოულოდნელი ეშმაკობით გაგხუმრებოდი.
ს ა ლ ი ე რი
აქ ხარ? . . კი მაგრამ. . .
მ ო ც ა რ ტ ი
ეს წუთია, მოვედი, - შენთვის
გულით მინდოდა ერთი რამე მეჩვენებია,
მაგრამ დუქანს რომ ჩავუარე, მომესმა უცებ
ვიოლინოს ხმა. . . გეფიცებით, შენ ამის მსგავსი
დაბადებიდან არაფერი მოგისმენია. . .
დუქანში ერთი ბრმა მოხუცი voi che sapete 1-ს
უკრავდა , - შენ ვერ წარმოიდგენ, რა სასაცილოდ!
ვერ მოვითმინე, ის მოხუცი აქ მოგიყვანე,
რომ გაზიარო მისი დაკვრის დიდოსტატობას.
შემო!
(შემოდის მოხუცი ვიოლინოთი ხელში)
მოცარტის დაგვიკარი, თუ იცი, რამე!
(მოხუცი უკრავს არიას დონ ჟუანიდან. მოცარტი ხარხარებს)
ს ა ლ ი ე რი
შენ შეგიძლია იხარხარო?
მ ო ც ა რ ტ ი
ო, სალიერი!
ნუთუ შენ თვითონ გულიანად არ გეცინება?
ს ა ლ ი ე რი
არა! სულაც არ მეცინება, როცა უმსგავსი
მღებავის ფუნჯი რაფაელის მადონას თითხნის.
არ მეცინება, როცა ლიზღი ტაკიმასხარა
ცდილობს წაბაძვით შემიგინოს ალიგიერი.
გასწი აქედან, ბერიკაცო!
მ ო ც ა რ ტ ი
მოიცა! აჰა,
დალიე ჩემი სადღეგრძლო.
(მოხუცი გადის)
შენ გუნებაზე
არ უნდა იყო, სალიერი. მე სხვა დროს მოვალ.
ს ა ლ ი ე რი
რაღაც გინდოდა, მგონი, ჩემთვის გეჩვენებინა.
მ ო ც ა რ ტ ი
მაიცნდამაინც არაფერი. ამ წინეებზე
გულს მიწვრილებდა უძილობა ჩვეულებრივად
და უნებლიეთ ორიოდე აზრი მოვჩხრიკე.
დღეს ჩავინიშნე, სალიერის ვაჩვენებ-მეთქი,
ვნახავ, რას მეტყვის. . . მაგრამ გატყობ, შენ საამისოდ
არა გცალია.
ს ა ლ ი ე რი
გულქვა კაცო! ვყოფილვა კია
შენთვის როდისმე მოუცლელი? დაჯექ, მე გისმენ.
მ ო ც ა რ ტ ი
წარმიდგინე. . . ვინ? ვინც გინდა. წარმოიდგინე
თუნდაც მე, ოღონდ ახალგაზრდა ცოტათი უფრო,
შეყვარებული, მაგრამ ისე, ზერელდ, ვითომ
ვზივარ ტურფასთან ან მოყვასთან, ვთქვათ შენთან, გულით
გახარებული. . . უცებ: შავი სამარის მსგავსი
ანაზდეული უკუნეთი. . . და სხვა ამგვარი.
ჯობს მოისმინო.
(უკრავს)
ს ა ლ ი ე რი
როგორ? შენ ეს მოგქონდა ჩემთან
და იმ დუქანთან უსინათლო მევიოლინის
უხამს სიმღერას არხეინად უსმენიდ? ღმერთო!
შენ საკუთარი თავის ღირსი არა ხარ, მოცარტ!
მ ო ც ა რ ტ ი
მოგწონს? ნამდვილად?
ს ა ლ ი ე რი
რა სიმღერა, რა სინატიფე!
ღმერთი ხარ, მოცარტ, მაგრამ თვითონ ვერ ხედავ ამას,
დაბრმავებული შთაგონების ზეგრდმო ნიჭით,
მე კი. . . მე ვხედავ. . .
მ ო ც ა რ ტ ი
ნუთუ მართლა? თუმცა ვინ იცის. . .
მაგრამ იცოდე, რომ ის ღმერთი დამშეულია.
ს ა ლ ი ე რი
ეჰე! ეს საქმე ადვილია მოსაგვარებლად,
წავისადილოთ ”ოქროს ლომში”.
მ ო ც ა რ ტ ი
ძალიან კარგი.
მოხარული ვარ. ოღონდ წუთით შევირბენ სახლში
და გავაფრთხილებ ცოლს სადილა არ დამელოდოს.
ს ა ლ ი ე რი
მე გელოდები! ვინძლო დიდხანს არ მალოდინო. . .
არ ძალმიძს უკვე წინ აღვუდგე ჩემს ბედიწერას:
ჩემი ხვედრია შვაჩერო მისი ზესწრაფვა,
არა და ყველა ჩვენთაგანი დაიღუპება!
მარტო მე, მარტო ჩემს ყრუ სახელს კი არ წარხოცავს
მისი დიდება, ყველა მსახურს ჰარმონიისას
დაღუპავს იგი. ან რს გვარგებს მისი სიცოცხლე,
კიდეც რომ შეწვდეს ხელოვნების ახალ მწვერვალებს?
აამაღლებს კი ის მუსიკას? არამც და არამც!
მისი სიკვდილის შემდეგ იგი კვლავ დაეცემა.
არც შთამომავალს დაგვიტოვებს. მაშ, რად გვარგია?
ვით ქერუბიმმა, საკვირველმა სამოთხის ჩიტმა,
თან მოგვიტანა რამდენიმე საგალობელი,
რათა ჩვენს გულში - ამაოთა გულში - სურვილი
ფრთამოკვეცილი აღეძრა და გაფრენილიყო
კვლავ სამოთხისკენ. მაშ, გაფრინდი! ხელთა მაქვს უკვე
ჩემი იზორას საჩუქარი უკანასკნელი!
თვრამეტი წელი თან დამქონდა ეს საწამლავი,
და იმ დროიდან ხშირად ჩემი სიცოცხლე ჰგავდა
მწარე სატკივარს. ხალისიან ჩემს მეტოქესთან
მე ხშირად ვმჯდარვარ ერთ სუფრაზე გულდარდიანი,
მაგრამ მაცდური ჩურჩულისთვის ყური სულმოკლედ
არდ დამიგდია არასოდეს, თუმც მხდალი არ ვარ,
თუმცა ვატარებ გულში სასტიკ შურაცხყოფას,
თუმცა სიცოცხლე არად მიღირს . . . მე არ ვჩქარობდი.
თვითოვე მსურდა მე სიკვდილი, მწყუროდა, მაგრამ
ვფიქრობდი, ჩემკენ ეს საწუთრო, ვინ იცის, იქნებ
ანაზდეული მოწყალებით მობრუნდეს-მეთქი.
მეწვიოს იქნებ ღვთაებრივი შემოქმედების
აღტკინება და შთაგონება შეუწერელი,
ან იქნებ ახლად მოვლენილმა ჰაიდნმა შექმნას
რამე დიადი - და იმ ჰანგით დამიტკბოს სული. . .
და საძულველი მეინახის პირისპირ მჯდარი
ვფიქრობდი კიდევ. იქნებ ჩემი სასტიკი მტერინ
ვიპოვო ბოლოს. იქნებ თავზე დამატყდეს მაღლით
მოულოდნელი, ქვედამხედი შეურაცხყოფა
და ის - იზორას საჩუქარი დამჭირდეს-მეთქი.
მართალიც ვიყავ! აწ ვიპოვე მე ჩემი მტერი
უბოროტესი. და ახალმა ჰაიდნმა სული
აღფრთოვანებით მე კიდემდის ამივსო უკვე.
დროა! აღთქმულო საჩუქარო სიყვარულისა,
აწ მეგობრობის ფიალაში გადაინაცვლე!
ს ც ე ნ ა II
(დუქნის განცალკევებული ოთახი. ფორტეპიანო.
სუფრას უსხედან მოცარტი და სალიერი)
ს ა ლ ი ე რი
მოღუშული ხარ დღეს რატომღაც.
მ ო ც ა რ ტ ი
მე? არა მგონი.
ს ა ლ ი ე რი
ნამდვილად, მოცარტ! გაწუხებდეს თითქოს რაღაცა.
შენ კი ზიხარ და იჭმუხნები.
მ ო ც ა რ ტ ი
მართალი გითხრა,
დარდი მაქვს ჩემი Reguiem-ის და ის მაწუხებს.
ს ა ლ ი ე რი
ო, Reguiem-ს წერ? ეს მითხარი, როდის დაიწყე?
მ ო ც ა რ ტ ი
იქნება ასე სამი კვირა. არ მიამბნია ?
შემთხვევა იყო საოცარი. . .
არა!
მ ო ც ა რ ტ ი
მაშ, გეტყვი:
ამ სამიოდე კვირის უკან, მე გვიან ღამით
დავბრუნდი სახლში. სასახლეში მითხრეს, ვიღაც უნცობმა
მოგაკითხაო. რა საქმეზე - არვინ იცის.
არ დამეძინა მთელი ღამე, ვფიქრობდი: ნეტა
ვინ არის, ჩემთან რა საქმე აქვს? . . . იმ კაცმა თურმე
მეორე დღესაც მომაკითხა. არც მაშინ დავხვდი.
მესამე დღეს კი, იატაკზე ჩემს ბიჭუნას რომ
ვათამაშებდი, დამიძახეს. გავხედე სტუმარს.
შავად ჩაცმულმა მამაკაცმა თავაზიანად
დამიკრა თავი შემიკვეთა მე Reguiem-ი
და უცბად გაქრა. მე მაშინვე დავჯექი წერად -
ის დღე იყო და ის დღე. მერე შავოსანს ჩემსას
არ მოუკითხავს ჩემთვის, აღარ შემოუვლია.
მიხარის კდიეც: გულს დამწყვეტდა, არ ვიცი რატომ,
მე ამ ნაშრომთან განშორება, თუმც რახანია,
მზადა მაქვს უკვე Reguiem-ი. ამავე დროს კი . . .
ს ა ლ ი ე რი
რა ამავე დროს?
მ ო ც ა რ ტ ი
მე მრცხვენია ეს ვაღიარო . . .
ს ა ლ ი ე რ ი
რა ეს, მითხარი!
მ ო ც ა რ ტ ი
არ მასვენებს დღისით და ღამით
ის ჩემი უცხო შავოსანი, ლანდივით დამდევს,
სადაც არ წავალ, თან დამყვება. მე მგონი იგი
ახლაც აქა ზის. აქ, ჩვენს შორის - მესამე კაცად.
ს ა ლ ი ე რ ი
კარგი, გეყოფა! ყმაწვილურ შიშს დაუჯაბნიხარ!
ფუჭი აზრები მოიშორე. ბომარშე ზოგჯერ
მეტყოდა ხოლმე: ”სალიერი, ჩემო ძმობილო,
როგორც კი ჩიხში მოგიმწყვდევენ შავი ფიქრები,
გახსენ მაშინვე შამპანურის შუშხუნა ბოთლი,
ანდა ”ფიგაროს ქორწინება” გადაიკითხე”.
მ ო ც ა რ ტ ი
შენ და ბომარშე მეგობრები იყავით აკი!
განა იმისთვის არ დაწერე შენი ტარარა?
კარგი რამ არის. . . იქ მე ერთი მოტივი მახსოვს. . .
ვღიღინებ ხოლმე ხშირად, როცა გუნებაზე ვარ. . .
ტა-რა-რა-რა-რა. . . სალიერი, მითხარი, მართალს
ამბობენ, თითქოს მოეწამლოს ბომარშეს კაცი?
ს ა ლ ი ე რ ი
არა მგონია! ის ამგვარი ხელობისათვის
სასაცილოც კი მეჩვენება.
მ ო ც ა რ ტ ი
ის ხომ გენიით
იყო ცხებული, ვით მე და შენ, ხოლო გენია
და ბოროტება ერთმანეთს ვე შეუთავსდება.
ს ა ლ ი ე რ ი
შენ ასე ფიქრობ?
(საწამლას უყრის ჭიქაში)
აბა, შესვი!
მ ო ც ა რ ტ ი
შენ სადღეგრძელოს
ვსვამ, სალიერი! ჰარმონიის ერთგულ შვილების-
მოცარტისა და სალიერის უწრფელეს კავშირის
და მეგობრობას გაუმარჯოს. . .
ს ა ლ ი ე რ ი
მოიცა! უკვე . . .
უკვე დალიე? ოჰ, სულსწრაფო, უჩემოდ შესვი?
კმარა სმა-ჭამა. (ფორტეპიანოსთან მიდის)
მოუსმინე აწ ჩემს Reguiem-ს. (უკრავს)
ო, სალიერი, შენ ქვითინებ?
ს ა ლ ი ე რ ი
პირველად მომდის
მე შვებისა და სატკვარის წმინდა ცრემლები,
თითქოს ტვირთმძიმე მოვიხადე მოვალეობა,
თითქოს დასტაქრის სამკურნალო დანამ მომკვეთა
მტკივანი ასო! ეს ცრემლები, ო მეგობარო. . .
ნუღარ მიყურებ! გააგრძელე. ამივსე სული
მაგ ღვთაებრივი ხმიერებით.
მ ო ც ა რ ტ ი
ო, ჰარმონიის
ძალას რომ ყველა შენებრ გრძნობდეს, შენებრ ფიქრობდეს,
მაგრამ რას ვამბობ?! მაშინ ხომ ეს წუთისოფელი
დაიქცეოდა. და ცხოვრების ქვენა საზრუნავს
ქვეყნად არავინ მიხედავდა. ყოველი კაცი
ხელოვნებისთვის მოიღებდა თავის სიცოცხლეს.
მაგრამ მცირედნი ვართ რჩეულნი. საჭიროების
არად ჩამგდები, ნებიერი უზრუნველობით
მშვენიერების აღსავალთან მდგარი მოგვები.
ასეა! . . . მაგრამ ახლა თითქოს შეუძლოდა ვარ,
დავმძიმდი თითოქს. წავალ, იქნებ გამოვიძინო.
მშვიდობით ძმაო.
ს ა ლ ი ე რ ი
აბა, კარგად
(მარტო)
შენ დაიძინებ
დიდი ხნით, მოცარტ! მაგრამ ნუთუ ჭეშმარიტი თქვა
და მე არა ვარ გენიოსი? გენიის მადლი
და ბოროტება ერთმანეთს ვერ უთავსდებაო. . .
არ არის სწორი! მას, ვინ იყო ბუონაროტი?
თუ ეს უხამსი, უბადრუკი მონაჭორია
და ვატიკანის ამგებელი არ იყო მკვლელი?
-----------------------------------------------------------------------
1თქვენ, რომელთა უწყით (იტალ.).