დოილი ართურ კონან
გაზიარება

მესვეურთაგან საგვარეულო წესი 

ჩემი მეგობრის, ჰოლმსის, ერთი უცნაური თვისება ხშირად მაოცებდა: გონებრივ მუშაობაში იგი უფაქიზესი და ყოვლად წესიერი ადამიანი გახლდათ. მისი სამოსი გამოირჩეოდა არა მარტო სისუფთავით, არამედ დახვეწილი გემოვნებითაც, მაგრამ ყველა დანარჩენ საქმეში ჰოლმსი ალბათ ყველაზე უფრო დაუდევარი არსება იყო ქვეყანაზე, და მის ჩვეულებებს შეეძლოთ ჭკუიდან შეეშალა ნებისმიერი ადამიანი, ვინც მასთან ერთად ჭერქვეშ იცხოვრებდა.

თუმცა ამ მხრივ უნაკლო არც მე ვყოფილვარ. ავღანეთში ჩემმა თავბრუდამხვევმა მუშაობამ თანდაყოლილი მიდრეკილება მომთაბარე ცხოვრებისადმი კიდევ უფრო გამიძლიერა და იმაზე უგულისყურო გამხადა, ვიდრე ეს ექიმს შეეფერება. მაგრამ ჩემს უწესრიგობას მაინც აქვს ერთგვარი საზღვრები, და როცა ისეთ ადამიანს ვუყურებ, რომელსაც სიგარები ნახშირის ჩასაყრელ ჭურჭელში უწყვია, თამბაქო - სპარსული ფეხსაცმლის ჭვინტში, ხოლო წერილები, რომელთაც პასუხი უნდა გასცეს, ჯაყვით დაუმაგრებია ბუხრის თავზე, მაშინ, მართალი გითხრათ, ისე მეჩვენება, თითქოს ყველა სიკეთის ნიმუში ვიყო. ამას გარდა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ დამბაჩის სროლა უდავოდ ეკუთვნის გართობის ისეთ სახეობას, რითაც თავის შექცევა მხოლო ღია ცის ქვეშ შეიძლება, მაგრამ, როცა ჰოლმსს მოუვლიდა ხოლმე სროლის სურვილი, იგი სავარძელში ჯდებოდა და მოპირდაპირე კედელს პატრიოტული ვენზელით "დ.ვ." ("დედოფალი ვიქტორია") ამკობდა. ეს ორი ასო ტყვიების შემწეობით გამოჰ-ყავდა. რა თქმა უნდა, ვგრძნობდი, რომ ეს საქმიანობა ჩვენი ბინის არც ატმოსფეროს და არც გარეგნულ სახეს არ აუმჯობესებდა, მაგრამ დუმილს ვარჩევდი.

ჩვენი ოთახები სავსე იყო ხოლმე უცნაური ნივთებით. იმ ნივთებს ჩემი მეგობარი ან ქიმიური ცდებისას იყენებდა, ანდა რაიმე სისხლის სამართლის საქმის კვლევა-ძიებაში. ეს რელიქვიები სრულიად მოულოდნელ ადგილას აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. მაგალითად, საზეთეში, ან უფრო ნაკლებად შესაფერის ადგილზეც კი. ყველაზე მეტად მაინც ჰოლმსის აუარებელი ქაღალდები მაწუხებდა. იგი სათუთად ინახავდა დოკუმენტებს, მეტადრე, თუ ისინი იმ საქმეებთან იყვნენ დაკავშირებული, რომელთა გადაწყვეტაში პირადად ჰქონდა მიღებული მონაწილეობა, მაგრამ თავისი ქაღალდების დალაგება და მოწესრიგება კი - ნურას უკაცრავად. ამისათვის წელიწადში სულ დიდი ორჯერ თუ მოიცლიდა. მგონი, სადღაც ჩემს უთავბოლო ჩანაწერებში უკვე ვთქვი, რომ მჩქეფარე ენერგიის მოზღვავებას, რაც ჰოლმსს შესანიშნავი კვლევა-ძიების დროს ახასიათებდა და რითაც მისი სახელი საქვეყნოდ გახდა ცნობილი, მოსდევდა ხოლმე ყველაფერზე ხელჩაქნევისა და ძალთა სრული დაცემის პერიოდი. მაშინ მთელი დღეები იწვა ხოლმე დივანზე, გვერდით საყვარელი წიგნები ელაგა და მხოლოდ დროგამოშვებით წამოიწევდა, რათა ვიოლინოზე დაეკრა. ამრიგად, წლიდან წლამდე ქაღალდების ზვინი იზრდებოდა და ყველა კუთხეში დასტა-დასტად ეყარა ხელნაწერები. ამ ხელნაწერთა დაწვის თაობაზე სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა. იმ ქაღალდებზე, პატრონს გარდა, ხელი არავის მიუწვდებოდა.

ზამთრის ერთ საღამოს, როცა ბუხართან ვისხედით, ჰოლმსს სიტყვა გადავუკარი, მას მერე, რაც სამახსოვრო წიგნში ჩანაწერების შეტანას მორჩით, ცოდვად არ ჩაგეთვლებათ, თუ ორიოდე საათს დაკარგავთ და იმაზე იზრუნებთ, რომ ჩვენს ბინას ადამიანის საცხოვრებლის სახე მიეცეს-მეთქი. მან იგრძნო ჩემი თხოვნის სამართლიანობა და საძინებელ ოთახში საკმაოდ დანაღვლიანებული შევიდა. მალე უკანვე გამობრუნდა და თან თუნუქის დიდ ყუთს მოათრევდა. ყუთი შუა ოთახში დადგა, სკამი მიაჩოჩა, დაჯდა და სახურავი ახადა. ყუთი მესამედამდე იყო ამოვსებული წითელი ზონრით შეკრული ქაღალდის კონებით.

- აქ ბევრი რამ არის საინტერესო, უოტსონ, - მითხრა და ეშმაკურად გადმომხედა. - რომ იცოდეთ, რა საქმეები დევს ამ ყუთში, შეიძლება იქიდან მოითხოვოთ ზოგი რამის ამოღება და არა ქაღალდის ახალი კონების შიგ ჩაწყობა.

- მაშ, ეს თქვენ მიერ წარმოებული ძველი საქმეების ანგარიშებია? - ვკითხე მე. არა ერთხელ მინანია, რომ ჰოლმსის უწინდელ საქმეებზე ჩანაწერები არა მქონდა.

- დიახ, ჩემო კეთილო. აქ აღწერილი ამბები მოხდა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე საკუთარი ბიოგრაფი გამომიჩნდებოდა და მიზნად დაისახავდა კიდით კიდე გაეთქვა ჩემი სახელი.

იგი მსუბუქი, ალერსიანი მოძრაობით იღებდა ყუთში ჩალაგებულ ქაღალდის დასტებს.

- ყველა საქმე, რა თქმა უნდა, წარმატებით არ თავდებოდა, უოტსონ. მაგრამ, მათ შორის ზოგიერთი უაღრესად საგულისხმო და თავსატეხია. აი, მაგალითად, ანგარიში ტარლტონის მკვლელობაზე. აგერ ვამბერის, მეღვინის საქმე, აი, კიდევ ერთი რუსი დედაბრის ამბავი. აი, უცნაური ისტორია ალუმინის ყავარჯნისა, დაწვრილებითი ანგარიში ფეხმოქცეულ რიკოლეტისა და მისი საშინელი მეუღლის საქმეზე. ეს კი... აი, ეს კი ნამდვილად წარმტაცია.

ჰოლმსმა ხელი თუნუქის ყუთის ფსკერამდე ჩაჰყო და იქიდან ხის პატარა ყუთი ამოიღო. ყუთს გამოსაწევი სახურავი ჰქონდა და ისეთ ყუთებს მოგაგონებდათ, რომლებითაც ზოგიერთ საბავშვო სათამაშოს ჰყიდიან ხოლმე. ჰოლმსმა იმ ყუთიდან ამოიღო: დაჭმუჭნილი ქაღალდის ფურცელი, ძველებური სპილენძის გასაღები, ხის პალო, რომელზედაც მიბმული იყო ბაწრის გორგალი, და სამი ძველი, დაჟანგული ლითონის რგოლი.

- აბა, რას იტყვით, ჩემო მეგობარო, როგორ მოგწონთ ეს განძეულობა? - მკითხა ღიმილით, როცა ჩემი შეცბუნებული სახე დაინახა.

- საინტერესო კოლექციაა.

- ძალიან საინტერესო. ხოლო მასთან დაკავშირებული ისტორია კიდევ უფრო საინტერესოდ მოგეჩვენებათ.

- მაშ, ამ რელიქვიებს თავიანთი ისტორია აქვთ?

- მეტიც, ისინი - თვითონ არიან ისტორიული.

შერლოკ ჰოლმსმა ის ძველისძველი ნივთები მაგიდის კიდეზე დაალაგა, თავის სავარძელში ჩაჯდა და კმაყოფილებისაგან მოციმციმე თვალებით დაუწყო თვალთვალი.

- ესაა ყველაფერი, - თქვა მან, - რაც სამახსოვროდ დავიტოვე "მესგრეივების სახლის საგვარეულო წესთან" დაკავშირებული საქმიდან. ჰოლმსს ადრეც არა ერთხელ უხსენებია ეს საქმე, მაგრამ ამ საქმის თაობაზე მისგან დაწვრილებითი ცნობების მიღება ვერა და ვერ მოვახერხე.

მაშინვე ვთხოვე, ამ საქმის ისტორია მიამბეთ-მეთქი.

- და დაულაგებელი დავტოვო მთელი ეს ხარახურა? - დაცინვით მიპასუხა ჰოლმსმა. - მერე თქვენ ხომ სანიმუშო წესრიგის მოყვარული ადამიანი ბრძანდებით? თუმცა, მართალი რომ ითქვას, მეც ძალიან დაინტერესებული ვარ, რომ თქვენს მატიანეს ეს ძალზე საინტერესო ამბავიც მიამატოთ, რადგან ამ საქმეში არის ისეთი დეტალები, რომლებიც ხდიან მას ერთადერთ შემთხვევად არა მარტო ინგლისის, არამედ სხვა ქვეყნების სისხლის სამართლის დანაშაულობათა ქრონიკაში. ჩემ მიერ გამოძიებულ საქმეთა კოლექცია სრული არ იქნება, თუ ეს უაღრესად ორიგინალური ისტორია არ დაემატება.

თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ "გლორია სკოტთან" მომხდარმა ამბავმა და ჩემმა საუბარმა იმ უბედურ მოხუცთან, რომლის ბედზეც გიამბეთ, პირველად ჩამაგონეს აზრი იმ პროფესიაზე, რომელიც შემდეგ ჩემი ცხოვრების გზად ავირჩიე. ახლა ჩემი სახელი ფართოდაა ცნობილი. მარტო უბრალო ხალხი კი არა, ოფიციალური წრეებიც კი სადავო საკითხების გადაჭრას მე მანდობენ ხოლმე. მაგრამ მაშინ, როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, უკვე მქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი, თუმცა არცთუ ძალიან მდიდარი გამოცდილება. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, უოტსონ, როგორ მიჭირდა პირველად და რა დიდხანს ველოდი წარმატებას.

როცა ლონდონში პირველად ჩამოვედი, ბრიტანეთის მუზეუმის კუთხესთან, მონტეგიუსტრიტზე დავსახლდი. იცოცხლეთ, მაშინ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა და ვეწაფებოდი ცოდნის ყველა იმ დარგის შესწავლას, რომლებიც ჩემს პროფესიაში გამომადგებოდნენ. დროდადრო ძიების დარგში რჩევისათვისაც მომმართავდნენ ხოლმე. ეს ამბავი, მეტწილად, ჩემი ყოფილი ამხანაგი სტუდენტების რეკომენდაციით ხდებოდა, რადგან კოლეჯში სწავლის უკანასკნელ წლებში ჩემზე და ჩემს მეთოდებზე უკვე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. მესამე ამბავი, რისთვისაც მე მომმართეს, იყო "მესგრეივების საქმე". ის ინტერესი, რაც გამოიწვია მოვლენების ამ უცნაურად გადახლართული ჯაჭვის გახსნამ და ის მნიშვნელოვანი წარმატება, რაც ჩემი ჩარევის უშუალო შედეგად მოხდა, აღმოჩნდა ჩემი ცხოვრების გზის განმსაზღვრელი პირველი ნაბიჯი და ჩემი ახლანდელი მდგომარეობის მყარი საფუძველი.

რეჯინალდ მესგრეივი და მე ერთ კოლეჯში ვსწავლობდით, და ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაში ვიყავით. იგი ჩვენს წრეში მაინცდამაინც არ უყვარდათ, ამბობდნენ, ქედმაღალიაო. მე ვგრძნობდი, რომ რეჯინალდ მესგრეივს ამით თავისი უკიდურესი მორცხვობა უნდოდა დაეფარა. გარეგნულად ის ტიპიურ არისტოკრატს მოგაგონებდათ: ნატიფსახიანს კარგა გრძელი ცხვირი ამშვენებდა, დიდთვალება გახლდათ და ხანდახან აგდებულად მოქცევა იცოდა, თუმცა დახვეწილი მანერები გააჩნდა. სინამდვილეშიც, მთელს სამეფოში ერთი უძველესი გვარის შთამომავალი იყო. ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში ჩრდილოეთ მესგრეივების გვარს უმცროსი შტო გამოეყო და დასავლეთ სასექსში დამკვიდრდა. ამასთან ჰერლსტონის ციხე - მესგრეივების რეზიდენცია - ახლაც საგრაფოს ერთ უძველეს შენობად ითვლება. ციხეს, რომელშიაც რეჯინალდ მესგრეივი დაიბადა, თავისი დაღი დაეჩნია მისი გარეგნობისათვის, და როცა მის ფერმკრთალ, მკვეთრ ნაკვთებიან სახესა და ამპარტავნულ მოყვანილობას შევცქეროდი, უნებურად ჟამთა დინებისაგან ჩამუქებული ციხის კოშკის თაღი, ცხაური ფანჯრები და ფეოდალური არქიტექტურის ყველა კეთილშობილური ნაშთი თვალწინ წარმომიდგებოდა ხოლმე. რეჯინალდ მესგრეივი ჩემი დაკვირვებისა და დასკვნების მეთოდებისადმი, ყოველთვის ცოცხალ ინტერესს იჩენდა.

ოთხი წელი ისე გავიდა, ერთმანეთი არ გვენახა და აი, ერთხელ დილით მონტეგიუსტრიტზე მესტუმრა. თითქმის არ შეცვლილიყო, საუცხოოდ ეცვა - მუდამ ასეთი სალუქი იყო - და შერჩენილი ჰქონდა მშვიდი მოხდენილობა, რითაც უწინაც გამოირჩეოდა.

ერთმანეთს მეგობრულად ჩამოვართვით ხელი და გულთბილად მოვიკითხე: - როგორ ცხოვრობთ, მესგრეივ? - ვკითხე მე.

- ალბათ გაიგებდით ჩემი საბრალო მამის გარდაცვალებას, - მომიგო მან. - ეს დაახლოებით ამ ორი წლის წინ მოხდა, რა თქმა უნდა, მაშინვე ჰერლსტონის მამულის მართვის მთელი სიმძიმე მე დამაწვა. ამას გარდა, ჩემი ოლქის დეპუტატიც ვარ, ასე რომ, ძალიან ცოტა დრო მრჩება. თქვენ კი, ჰოლმს, როგორც ამბობენ, გადაგიწყვეტიათ პრაქტიკულად გამოიყენოთ ის გამორჩეული ნიჭი, რითაც ასე გვაოცებდით ხოლმე?

- დიახ, ვუპასუხე მე. - ახლა ვცდილობ, გონების დახმარებით მოვიპოვო პური არსობისა.

- ძალიან მახარებს ამისი მოსმენა, რადგანაც ჩემთვის თქვენი რჩევა ახლა პირდაპირ მისწრება იქნება. ჰერლსტონში ძალიან უცნაური ამბები დატრიალდა, და პოლიციამ ვერაფერი გამოარკვია. რა უცნაური თავსატეხია.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა გრძნობით ვუსმენდი, უოტსონ. აკი ხელთ მეძლეოდა შემთხვევა, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ისეთი მწველი მოუთმენლობით ველოდი. სულის სიღრმეში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ შემეძლო წარმატების მიღწევა იქ, სადაც სხვებმა მარცხი განიცადეს, და ახლა საკუთარი თავის გამოცდის საშუალება მეძლეოდა.

- ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით! - შევძახე მე მოუთმენლად.

რეჯინალდ მესგრეივს პაპიროსი შევთავაზე. იგი ჩემს პირდაპირ დაჯდა და გააბოლა.

- უნდა გითხრათ, - დაიწყო მან, - რომ თუმცა უცოლო ვარ, ჰერლსტონში უამრავი მოსამსახურის შენახვა მიხდება. ციხე-დარბაზი მეტისმეტად დიდია, უთაურად არის აშენებული და ამიტომ გამუდმებული მოვლა-პატრონობა ესაჭიროება. ამას გარდა, მაქვს ნაკრძალი, და ხოხბებზე ნადირობის სეზონში ჩემს მამულში თავს იყრის დიდი საზოგადოება, რის გამოც მყავს რვა მოსამსახურე გოგო, მზარეული, უფროსი მსახური, ორი ლაქია, შიკრიკი ბიჭი, მებაღეები, მეჯინიბეები და კიდევ ვინ მოსთვლის, ათასი ჯანდაბა და დოზანა.

ამათგან ყველაზე მეტ ხანს ჩვენს ოჯახში უფროსი მსახური ბრანტონია. როცა იგი მამამ მსახურად აიყვანა, უადგილოდ იყო. მოკლე ხანში, სკოლის ახალგაზრდა მასწავლებელი, თავისი ძლიერი ხასიათითა და ენერგიით ჩვენს სახლში შეუცვლელ ადამიანად იქცა.

ესაა წარმოსადეგი, ლამაზი მამაკაცი, დიდებული შუბლი აქვს და, თუმცა ჩვენს ოჯახში აგერ უკვე ოცი წელიწადია ცხოვრობს, წლოვანებით ორმოცზე მეტის არაა. შეიძლება უცნაურად გეჩვენოთ, რომ ასეთი მიმზიდველი გარეგნობისა და არაჩვეულებრივი ნიჭის პატრონი ახალგაზრდა, რომელიც რამდენსამე ენაზე ლაპარაკობს და თითქმის ყველა მუსიკალურ საკრავზე უკრავს, ასე დიდხანს შეეგუა თავის უმნიშვნელო მდგომარეობას, მაგრამ, ეტყობა, თავს მუდამ კარგად გრძნობდა და ჩვენი სახლიდან წასვლა ჯერჯერობით არსად უცდია. ჰერლსტონელი მსახურთუფროსი ყოველთვის იქცევდა ყველა ჩვენი სტუმრის ყურადღებას.

მაგრამ ამ სრულყოფილებას აქვს ერთი ნაკლი: ქალების მოყვარულია და ჩვენს მივარდნილ მხარეში საკბილოც ბევრი გამოუჩნდა.

ვიდრე ცოლი ჰყავდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რაც დაქვრივდა, ძალიან ბევრ დავიდარაბას გადაგვკიდა. მართალია, რამდენიმე თვის უკან ცოტა დავმშვიდდით და გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი ისევ მოგვარდა: ბრანტონმა ჯვარი დაიწერა რეჩელ ჰაუელზზე, ჩვენს უმცროს მოსამსახურე გოგოზე, - მაგრამ მალე მიატოვა და მას ჯენეტ ტრეჯელისი ამჯობინა. რეჩელი სანაქებო ქალიშვილი გახლავთ, მაგრამ, როგორც საერთოდ ყველა უელსელი მანდილოსანი, ძალიან ფიცხი და წონასწორობას მოკლებულია. ამას ისიც ზედ დაერთო, რომ ტვინის ანთება დაემართა და ლოგინად ჩავარდა. ამ ცოტა ხნის წინ, თითქოს მომჯობინდა და გუშინდლამდე ლანდადქცეული, ჩამომხმარი და გასაცოდავებული დაბორილებდა...

ასეთი იყო პირველი დრამა ჰერლსტონში, მაგრამ მეორემ მალე წაშალა იგი ჩვენი ხსოვნიდან, მით უფრო, რომ ამ დრამას წინ უძღოდა კიდევ ერთი დიდი მოვლენა: მსახურთუხუცესი ბრანტონი შერცხვენილი გავაგდე სახლიდან.

აი, როგორ მოხდა ეს. უკვე გითხარით, რომ ბრანტონი ძალიან ჭკვიანი იყო და როგორც ჩანს, სწორედ ჭკუა გახდა მისი დაღუპვის მიზეზი. ჭკუა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ალბათ სწორედ მან გაუღვიძა ბრანტონს მეტისმეტი ინტერესი იმ საგნებისადმი, რომელთაც არაფერი დამოკიდებულება მასთან არ ჰქონდათ. აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ეს ამბავი ასე შორს წაიყვანდა, მაგრამ უბრალო შემთხვევამ თვალი ამიხილა.

როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სახლი უთაურადაა აშენებული. მეტისმეტად ბევრი შესასვლელი და გასასვლელი აქვს. წინა კვირას - უფრო სწორად, ხუთშაბათს, ღამით - ვერაფრით ვერ დავიძინე, რადგან სისულელე ჩავიდინე და სადილის შემდეგ ერთი ფინჯანი მაგარი ყავა დავლიე. ღამის ორ საათამდე ვიწვალე და როცა დავრწმუნდი, რომ მაინც ვერ დავიძინებდი, სანთელი ავანთე, რათა დაწყებული რომანის კითხვა გამეგრძელებინა. სწორედ იმ დროს გამახსენდა, რომ წიგნი საბილიარდოში დამრჩა, ამიტომ ხალათი მოვისხი და მოსატანად წავედი.

საბილიარდოში რომ შევსულიყავი, საჭირო იყო კიბით დაბლა დაშვება და იმ დერეფნის გადაკვეთა, რომელიც ბიბლიოთეკისა და იარაღის საცავისაკენ გადიოდა. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ამ დერეფანში შესულმა, შევნიშნე სუსტი შუქი, რაც ბიბლიოთეკის ღია კარიდან გამოდიოდა! დაწოლის წინ ჩემი ხელით ჩავაქრე იქ ლამპა და კარიც დავხურე. ცხადია, ჩემი პირველი აზრი ის იყო, სახლში ქურდები შემოპარულან-მეთქი. ჰერლსტონში დერეფნის კედლებს ყველგან ძველებური იარაღი ამშვენებს. ეს ჩემი წინაპრების სამხედრო დავლა-ალაფია. ერთ-ერთი კედლიდან წათი ჩამოვიღე, სანთელი იატაკზე დავდგი, ფეხის წვერებზე უჩუმრად გავიარე დერეფანი და ღია კარიდან ბიბლიოთეკაში შევიხედე.

მსახურთუხუცესი ბრანტონი ტანსაცმლიანი იჯდა სავარძელში. მუხლებზე გეორგაფიული რუკის მსგავსი ქაღალდი გაეშალა და ღრმად ჩაფიქრებული დასცქეროდა. განცვიფრებისაგან გაქვავებული, უძრავად ვიდექი და სიბნელიდან ასე ვუთვალთვალებდი. ოთახი სანთლის შუქით სუსტად იყო განათებული. უეცრად ბრანტონი წამოდგა, მივიდა საწერ მაგიდასთან, კედელთან რომ იდგა, და ერთ-ერთი უჯრა გამოსწია. იქიდან რაღაც ქაღალდი აიღო, ისევ ძველ ადგილზე დაჯდა, ქაღალდი სანთლის ახლო მაგიდაზე დადო, ხელი გადაუსვა და გულმოდგინედ სინჯვა დაუწყო.

ჩვენი საგვარეულო დოკუმენტების ასე საგულისხმოდ შესწავლამ ისე გამაშმაგა, რომ თავი ვერ შევიკავე და ნაბიჯი წინ წავდგი. ბრანტონის მზერა ქაღალდს მოწყდა. კარებში მდგარი რომ დამინახა, წამოვარდა, სახეზე მკვდრისფერი დაედო და აჩქარებით იტაკა ჯიბეში ის ქაღალდი, რაც რუკას ჰგავდა.

- ჩინებულია! - ვთქვი მე. - აი, როგორ ამართლებთ ჩვენს ნდობას! ხვალიდან დათხოვნილი ხართ.

თავი დამიკრა და გვერდით ისე ჩამიარა, რომ სიტყვა არ დაუძრავს. სანთლის ნამწვი მაგიდაზე დარჩა და მის შუქზე დავხედე იმ ქაღალდს, ბრანტონმა რომ მაგიდის უჯრიდან ამოიღო. ჩემდა განსაცვიფრებლად შევნიშნე, ეს იყო არა რომელიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, არამედ ასლი იმ კითხვა-პასუხისა, რომელსაც წარმოთქვამდნენ ერთ-ერთი ორიგინალური ძველებური წეს-ჩვეულების შესრულებისას, რასაც ეწოდება "მესრგეივების სახლის საგვარეულო წესი". აი უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც ჩვენს გვარში ყოველი სრულწლოვანი მამაკაცი ასრულებს ცნობილ ცერემონიალს, რაც საინტერესოა მხოლოდ ამ ოჯახის წევრებისათვის და შეიძლება რომელიმე არქეოლოგიისათვისაც - როგორც მთელი ჩვენი ჰერალდიკა - მაგრამ არავითარი პრაქტიკული გამოყენება კი არა აქვს.

- ამ ქაღალდს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, - ვუთხარი მე მესგრეივს.

- თუ იგრძნობთ, რომ ეს ნამდვილად აუცილებელია... - ერთგვარი ყოყმანით მიპასუხა თანამოსაუბრემ. - ამრიგად, განვაგრძობ ფაქტების გადმოცემას. დავკეტე ბიურო გასაღებით, რაც ბრანტონს დარჩა და წასასვლელად მოვემზადე, როცა უეცრად გაოცებულმა შევნიშნე, რომ მსახურთუფროსი შემობრუნებულა და ჩემ წინ დამდგარა.

"მისტერ მესგრეივ, - შესძახა მღელვარებისაგან ჩახრინწიანებული ხმით, - მე ვერ ავიტან შერცხვენას! პატარა კაცი ვარ, მაგრამ თავმოყვარეობა გამაჩნია და შეურაცხყოფა ბოლოს მომიღებს, ხოლო ჩემი სიკვდილი ცოდვად დაგაწვებათ, სერ, თუ სასოწარკვეთილებამდე მიმიყვანთ! გევედრებით, თუ შეუძლებლად მიგაჩნიათ ჩემი დატოვება ამ სახლში, მას შემდეგ, რაც მოხდა, მომეცით ერთი თვის ვადა, რათა შევძლო იმის თქმა, რომ თითქოს ჩემი სურვილით მივდივარ. ხოლო გაგდება იმ მსახურთა დასანახავად, რომლებიც ასე კარგად მიცნობენ, ჩემს ძალ-ღონეს აღემატება!"

"თქვენ იმად არ ღირხართ, რომ კაცმა ამდენი რიდი და თავაზი გამოიჩინოს, ბრანტონ, - ვუპასუხე მე. - თქვენი საქციელი პირდაპირ აღმაშფოთებელია, მაგრამ რაკი ჩვენს სახლში ამდენი წელი გიმსახურიათ, საქვეყნო შერცხვენას მოვერიდები. თვე კი - მაინც მეტად დიდი ვადაა. შეგიძლიათ წახვიდეთ ერთ კვირაში და რა საბაბიც გინდათ, ის გამოიგონეთ".

"ერთ კვირაში, სერ? - შესძახა სასოწარკვეთილებით. - მომეცით თუნდაც ორი კვირა!"

"ერთ კვირაში, - გავუმეორე, - და ჩათვალეთ, რომ ძალიან ლმობიერად მოგექცნენ".

თავი დაბლა ჩაჰკიდა და სრულიად განადგურებული, ნელა გამშორდა. მე კი სანთელი ჩავაქრე და ჩემს საძინებელ ოთახს მივაშურე.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში ბრანტონი უაღრესად გულმოდგინედ ასრულებდა თავის მოვალეობას. არც შემიხსენებია მისთვის, რაც მოხდა. ცნობისმოყვარეობით მოველოდი, რას მოიფიქრებდა, რომ თავისი სირცხვილი დაეფარა. მაგრამ მესამე დღეს, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ბრძანებების მისაღებად ჩემთან არ შემოსულა. საუზმის შემდეგ, სასადილოდან გამოსვლისას, შემთხვევით მსახურ გოგოს რეჩელ ჰაუელზს გადავეყარე. როგორც გითხარით, იმ გოგომ ცოტა ხნის წინათ მოიკეთა და ისეთი დაქანცული გამომეტყველება ჰქონდა, რომ კიდევაც დავტუქსე:

"არ უნდა ამდგარიყავით ლოგინიდან, - მომჯობინდით და მერე შეუდექით საქმეს", - ვუთხარი მე.

ისეთი უცნაური გამომეტყველებით შემომხედა, რომ გავიფიქრე, ავადმყოფობამ ალბათ ამ ქალის გონებაზეც იმოქმედა-მეთქი.

"უკვე მოვმაგრდი, მისტერ მესგრეივ", - მიპასუხა ნაავადმყოფარმა.

"ვნახოთ, რას იტყვის ექიმი, - შევესიტყვე მე. - ჯერჯერობით კი მიატოვეთ სამუშაო და ძირს ჩადით. ჰო, უთხარით ბრანტონს, ჩემთან მოვიდეს".

"მსახურთუფროსი გაქრა", - თქვა გოგომ.

"გაქრა?! როგორ თუ გაქრა?!"

"გაქრა. არავის უნახავს. ოთახში არაა. დიახ, დიახ, გაქრა!"

კედელს მიეყრდნო და ისტერიული ხარხარი მორთო. მისი ასეთი სულიერი აღელვებით შეშინებული, პატარა ზარს მივვარდი და მშველელს ვუხმე. ქალიშვილი თავის ოთახში წაიყვანეს. საცოდავი განუწყვეტლივ ხარხარებდა და ქვითინებდა. მე კი ბრანტონის ამბის გამოკითხვა დავუწყე. ეჭვი არ იყო - ის მართლაც გაქრა. ლოგინი ხელუხლებელი დაეტოვებინა, და წინა საღამოს მერე არავის ენახა. ძნელი წარმოსადგენი კი იყო, მაინც, რანაირად წავიდა სახლიდან, რადგან დილით კარ-ფანჯარა შიგნიდან აღმოჩნდა დაკეტილი. ბრანტონის ტანისამოსი, საათი, ფულიც კი - ყველაფერი მის ოთახში ხელუხლებელი აღმოჩნდა, ყველაფერი, გარდა შავი კოსტიუმისა, რომელსაც ჩვეულებრივ ატარებდა. არც ფოსტლები ჩანდა, მაგრამ ჩექმები კი ადგილზე იყო. სად უნდა წასულიყო ღამით მსახურთუფროსი ბრანტონი და რა უნდა დამართოდა?

რაღა თქმა უნდა, მთელი სახლი ფეხზე დავაყენეთ, მაგრამ მისი ასავალ-დასავალი ვერსად ვიპოვეთ. ვიმეორებ, ჩვენი სახლი - ნამდვილი ლაბირინთია, მეტადრე მისი უძველესი ფრთა, აწ უკვე უკაცრიელი, მაგრამ მაინც ყოველი ოთახი გადავაქოთეთ, სხვენზეც კი ავაგზავნე ბიჭები. მთელი ჩვენი ძიება უშედეგო აღმოჩნდა, უბრალოდ არ მჯეროდა, რომ ბრატონს მთელი თავისი ავლადიდების მიტოვება და ისე წასვლა შეეძლო, მაგრამ კაცი არ ჩანდა და ამისათვის ანგარიში უნდა გაგვეწია. გამოვიძახე ადგილობრივი პოლიცია, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. წინა საღამოს გაწვიმდა და სახლის გარშემო კორდებისა და გზების დათვალიერებამ ძიებას არავითარი შედეგი არ მისცა... ასეთი იყო საქმის ვითარება, როცა ახალმა ამბავმა ჩვენი ყურადღება ამ გამოცანას სრულიად ჩამოაცილა.

ორი დღე-ღამის განმავლობაში რეჩელ ჰაუელზს ხან აბოდებდა, ხან ისტერიულად რაღაც გაუგებარს გაჰკიოდა. ისე ცუდად იყო, რომ ღამღამობით მომვლელი ქალი მივუჩინე. ბრანტონის გაუჩინარების მესამე ღამეს, რაკი ავადმყოფმა დამშვიდებით დაიძინა, მომვლელმა ქალმაც თავის სავარძელში ჩასთვლიმა. სისხამ დილით გაღვიძებულმა მომვლელმა ქალმა შენიშნა, რომ ლოგინი ცარიელია, ფანჯარა ღია და ავადმყოფი კი სადღაც გამქრალა. მაშინვე გამაღვიძეს, ორი ლაქია ვიახლე და დაკარგულის საძებნელად წავედი. ადვილად განვსაზღვრეთ მიმართულება, რომლითაც ქალი გაქცეულიყო: ფანჯრიდან დაწყებული ზედ გუბურამდე გადიოდა კვალი, ქრებოდა მხოლოდ ხრეშით დაფარულ გზაზე, რაც ჩვენი სამფლობელოების საზღვრებს ჭრიდა. გუბურის სიღრმე ამ ადგილას რვა ფუტამდეა, და წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაგვეუფლებოდა, როცა ვნახეთ, რომ საბრალო შეშლილი ქალიშვილის ფეხის ნაკვალევი ზედ გუბურასთან წყდებოდა. ცხადია, დაუყოვნებლივ ბარჯები მოვიმარჯვეთ და წყალში დამხრჩვალის ძებნას შევუდექით, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. სამაგიეროდ წყლიდან ამოვიღეთ სრულიად სხვა საგანი. ეს იყო ჟანგმოდებული, ფერგადასული ლითონის ნამტვრევებითა და კაჟისა და მინის რაღაც უფერული ნამსხვრევებით გატენილი ტილოს ტომარა. ამ უცნაური ნადავლის გარდა სრულიად ვერაფერი ვიპოვეთ. ერთი სიტყვით, ვერც რეჩელ ჰაუელზისა გავიგეთ რამე და ვერც რიჩარდ ბრანტონის კვალს მივაკვლიეთ. ადგილობრივი პოლიცია სრულიად დაიბნა და ახლა მთელი ჩემი იმედი თქვენა ხართ...

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, უოტსონ, რა შეუნელებელი ინტერესით მოვისმინე მესგრეივის მონათხრობი იმ არაჩვეულებრივ მოვლენებზე, როგორ მინდოდა მათი ურთიერთდაკავშირება, რათა ერთიანი შთაბეჭდილება მიმეღო და მეპოვა გზის მაჩვენებელი ძაფი, რაც კვანძის გახსნამდე მიმიყვანდა!

მსახურთუხუცესი გაქრა. მოსამსახურე გოგო გაქრა. ოდესღაც მსახურ გოგოს უყვარდა მსახურთუფროსი, მაგრამ შემდეგ შესძაგდა, ქალი უელსის მკვიდრი იყო, ლაღი ბუნებისა და ვნებიანი. ბრანტონის დაკარგვის შემდეგ უაღრესად აღელვებული ჩანდა. გაიქცა და გუბურაში ჩააგდო ფრიად უცნაური ნივთებით სავსე ტომარა. ყველა ეს ფაქტი იმსახურებდა ყურადღებას, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ხსნიდა საქმის არსს. სად უნდა მეძებნა ამ მოვლენების დახლართული ჯაჭვის დასაწყისი? ჩემს ხელთ ხომ მისი მხოლოდ უკანასკნელი რგოლი იყო...

- მესგრეივ, - მივმართე მე, - აუცილებლად უნდა ვნახო დოკუმენტი, რომლის შესწავლას თქვენი მსახურთუფროსი ისეთ დიდ მნიშვნელობას აძლევდა, რომ მისი გულისათვის მშვენიერი ადგილის დაკარგვასაც კი არ მოერიდა.

- არსებითად, ეს ჩვენი "წესი" - წმინდა წყლის მიქარვაა, - მიპასუხა სტუმარმა, - და ერთადერთი რამ, რაც მას ამართლებს, ეს მისი სიძველეა. მე მაინც თან წამოვიღე კითხვა-პასუხის ასლი იმ შემთხვევისათვის, თუ მისი ნახვა მოგინდებოდათ.

ამ სიტყვებზე გამომიწოდა სწორედ ის ფურცელი, რასაც ახლა ჩემს ხელთ ხედავთ, უოტსონ. ეს წესი - ერთგვარი გამოცდაა, რაც უნდა ჩააბაროს მესგრეივების გვარის ყოველმა მამაკაცმა, რომელმაც სრულწლოვანებას მიაღწია. ახლა წაგიკითხავთ კითხვა-პასუხს იმ მიმდევრობით, როგორც აქ წერია:

"ვის ეკუთვნის ეს?"

"მას, ვინც წავიდა".

"ვისი კუთვნილება იქნება?"

"იმისი, ვინც მოვა".

"რომელ თვეში იყო ეს?"

"მეექვსეში".

"სად იყო მზე?"

"მუხის თავზე".

"სად იყო ჩრდილი?"

"თელის ქვეშ".

"რამდენი ნაბიჯი უნდა გადაიდგას?"

"ჩრდილოეთისაკენ - ათი და ათი, აღმოსავლეთისაკენ - ხუთი და ხუთი, სამხრეთისაკენ - ორი და ორი, დასავლეთისაკენ - ერთი და ერთი, და მერე ქვემოთ".

"რას მივცემთ ამისათვის?"

"ყველაფერს, რაც გაგვაჩნია".

"რისი გულისათვის მივცემთ ამას?"

"მოვალეობის გულისათვის".

- დედანში თარიღი არაა, - შენიშნა მესგრეივმა, - მაგრამ ხელნაწერის ორთოგრაფიის მიხედვით მეჩვიდმეტე საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს. მე კი მგონია, რომ ის ბევრს ვერაფერს დაგვეხმარება ჩვენი საიდუმლოს გამოცნობაში.

- სამაგიეროდ ჩვენ წინაშე მეორე ამოცანა წამოიჭრა, - ვუპასუხე მე, - კიდევ უფრო თავსატეხი და საინტერესო, შეიძლება მისი ახსნით ბრანტონის უცნაური საქციელიც ავხსნათ. იმედი მაქვს არ გეწყინებათ, მესგრეივ, თუ გეტყვით, რომ თქვენი მსახურთუფროსი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მეტი გამჭრიახობისა და ალღოს მფლობელი, ვიდრე მის ბატონთა ათი თაობა".

"სიმართლე გითხრათ, თქვენი ქარაგმული ლაპარაკისა არაფერი მესმის რა, - მიპასუხა მესგრეივმა, - მე მგონია, ამ ქაღალდს არა აქვს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა".

"მე კი უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი მგონია და როგორც ჩანს, ბრანტონიც იმავე აზრისა გახლდათ. ვფიქრობ, იმ ღამეს დანაშაულის ადგილზე წასწრებამდეც ნანახი ექნებოდა".

"სავსებით შესაძლებელია. ამ ქაღალდს არასოდეს არ ვმალავდით. მოსალოდნელია, რომ უბრალოდ სურდა მეხსიერებაში ბეჯითად აღედგინა მისი შინაარსი. რამდენადაც გავიგე, ხელში ეჭირა რაღაც რუკა ან გეგმა, რასაც ხელნაწერს ადარებდა, და როგორც კი დაგინახათ, ჯიბეში შეინახა, არა?"

"სავსებით სწორია. მაგრამ რისთვის დასჭირდა ჩვენი ძველებური საოჯახო წეს-ჩვეულებების გახსენება და რას ნიშნავს მთელი ეს ბოდვა?"

- იმედი მაქვს ამას იოლად ამოვხსნით, - ვუპასუხე მე. - თქვენი ნებართვით, პირველსავე მატარებელს გავყვებით სასექსში და საქმეს ადგილზე უფრო ღრმად გავეცნობით".

ჰერლსტონში იმავე დღეს ჩავედით. ალბათ გქონიათ შემთხვევა, უოტსონ, გენახათ ამ სახელგანთქმული ძველებური ციხე-დარბაზის გამოსახულება ან მისი აღწერა წაგიკითხავთ, ამიტომ აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ აქვს ასო "დ" მოყვანილობა, ამასთან მისი გრძელი ფრთა უფრო თანამედროვეა, მოკლე კი - უფრო ძველი, ასე ვთქვათ, ჩანასახი, რაზედაც შემდგომში მთელი შენობა დაუფუძნებიათ: ძველებური ნაწილის ცენტრში, დაბალი მძიმე კარის ზემოთ, ამოკვეთილია თარიღი "1607"; მაგრამ სიძველეთა მცოდნენი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ქვის ბალავარი და ხის ძელები ბევრად უფრო ძველია. შენობის ამ ნაწილის ზღაპრულად სქელმა კედლებმა და პაწაწინა ფანჯრებმა გასულ საუკუნეში აიძულეს მეპატრონეები ნაგებობისათვის მიეშენებინათ ახალი ფრთედი და ახლა ძველი შენობა მხოლოდ საკუჭნაოს ან სარდაფის მოვალეობას ასრულებს და მისი ნაწილი ფართობი გამოუყენებელიცაა. შენობას გარშემო აკრავს გამოუყენებელი ბრწყინვალე პარკი, თვალს იტაცებენ მშვენიერი ძველისძველი მოშრიალე ხეები, ხოლო ტბა ან გუბურა, ჩემმა კლიენტმა რომ მოიხსენია, სახლიდან ორას იარდზე ხეივნის ბოლოშია.

იმ დროისათვის, უოტსონ, უკვე მტკიცე რწმენა შემექმნა, რომ ჩემს წინაშე იყო მხოლოდ ერთი და არა სამი გამოცანა. თუ მოვახერხებდი მესგრეივების საგვარეულო წესის აზრში ჩაწვდომას, ეს იქნებოდა მსახურთუფროს ბრანტონისა და მსახურ გოგო ჰაუელზის გაქრობის საიდუმლოების ამოხსნაც. მთელი ჩემი გონებრივი ძალაც სწორედ ამ მხრივ წარვმართე. რატომ ცდილობდა ასე დაჟინებით ბრანტონი ამ ძველებური ფორმულის არსში ჩაწვდომას? ალბათ იმიტომ, რომ მასში ნახა რაღაც ისეთი, რაც შეუმჩნეველი დარჩა ციხე-დარბაზის წარჩინებულ მფლობელთა ყველა თაობას, - რაღაც ისეთი, რისგანაც რაიმე პირად სარგებლობას გამოელოდა. რა იყო ეს და რა ზეგავლენა უნდა მოეხდინა მსახურთუფროსის შემდგომ ბედზე?

როცა ქაღალდი წავიკითხე, ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ იქ ქარაგმულად იყო მინიშნება გარკვეულ ადგილზე. სწორედ იმ ადგილას იქნებოდა ის, რაზედაც ლაპარაკი იყო დოკუმენტის პირველ ნაწილში. თუ იმ ადგილს აღმოვაჩენდით, საიდუმლოებით მოცულ ამბავსაც ფარდა აეხდებოდა. ეს იქნებოდა ამოხსნა იმ საიდუმლოებისა, რომლის ეგზომ თავისებურ საბურველში გახვევაც მესგრეივების წინაპრებმა მიიჩნიეს საჭიროდ. ძიების საწყისისათვის მოცემული იყო ორი ორიენტირი: მუხა და თელა. რაც შეეხება მუხას, აქ საეჭვო არაფერი იყო. პირდაპირ სახლის წინ, ბილიკის მარცხნვ, იდგ ბერმუხა-პატრიარქი, ერთი უწარჩინებულესი ხე, როგორიც კი ოდესმე მინახავს.

"ეს მუხა ალბათ უკვე არსებობდა, როცა თქვენი "საგვარეულო წესი" დაიწერა?" - ვუთხარი მესგრეივს.

"დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მუხა აქ ჯერ კიდევ ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობამდე იქნებოდა, - მიპასუხა მესგრეივმა. - იგი ოცდასამი ფუტია გარშემო".

ამრიგად, ჩემთვის საინტერესო ერთი მუხლი უკვე ამოხსნილი იყო.

"არის აქ ძველი თელები?" - ვკითხე მასპინძელს.

"აქვე იდგა ერთი ძალიან ძველი თელა, მაგრამ ამ ათი წლის წინ მეხი დაეცა და ძირში მოვჭერით".

"იცით ის ადგილი, სადაც ის თელა იდგა?"

"რა თქმა უნდა, ვიცი".

"ახლომახლო თელის სხვა ხეები თუ არის?"

"ძველი არა, ნორჩები კი - რამდენიც გნებავთ".

"მინდა ვნახო, სად იდგა ის ძველი თელის ხე".

მესგრეივმა შინ შეუსვლელად მიმიყვანა იმ ადგილას, სადაც ის ბებერი თელა მდგარა. ეს იყო სახლიდან მუხისაკენ მიმავალ სწორედ შუა გზაზე. ჯერჯერობით ჩემი ძიება წარმატებით მიდიოდა.

"იმ თელის სიმაღლის გარკვევა ახლა ალბათ უკვე შეუძლებელი იქნება?" - ვკითხე მესგრეივს.

"ახლავე შემიძლია გიპასუხოთ: სამოცდაოთხი ფუტი გახლდათ".

"ეს რანაირად გამოარკვიეთ?" - შევძახე გაოცებულმა.

"ჩემი მოხუცი შინაური მასწავლებელი ტრიგონომეტრიაში ამოცანებს მაძლევდა, ყველა მათგანი კი სიმაღლის გაზომვაზე იყო აგებული. ამიტომ ბავშვობაშივე გავზომე ყველა ხე და ჩვენი მამულის ყოველი შენობა".

ეს კი მოულოდნელი ბედი მეწია! ჩემთვის საჭირო ცნობებს უფრო სწრაფად ვკრებდი, ვიდრე ოცნება შემეძლო.

"მითხარით, გეთაყვა, თქვენს მსახურთუფროსს ხომ არ დაუსვამს თქვენთვის მსგავსი შეკითხვა?" - ჩავეძიე მე.

რეჯინალდ მესგრეივმა გაკვირვებით შემომხედა.

"ახლა, როცა შემეკითხეთ, - თქვა მან, - მაგონდება, რომ ამ რამდენიმე თვის უკან ბრანტონმა ნამდვილად მკითხა ამ ხის სიმაღლე. მგონი, ამის თაობაზე ისა და გრუმი გაცხარებით დავობდნენ".

ეს იყო ბრწყინვალე ცნობა, უოტსონ. მაშასადამე, სწორი გზით მივდიოდი. მზეს შევხედე. უკვე ჩადიოდა. თვალით განვსაზღვრე, რომ ერთ საათზე მოკლე დროში სწორედ ბებერი მუხის ზედა ტოტების თავზე აღმოჩნდებოდა. ამრიგად, დოკუმენტში მოხსენებული ერთი პირობა შესრულებული იქნებოდა. რაც შეეხება თელის ჩრდილს, ალბათ ლაპარაკი იყო მის უშორეს წერტილზე - სხვა შემთხვევაში მიმართულების მაჩვენებლად აირჩევდნენ არა ჩრდილს, არამედ ღეროს. მაშასადამე, ახლა უნდა განმესაზღვრა, თუ სად ეცემოდა თელის ჩრდილის ბოლო იმ მომენტში, როცა მზე პირდაპირ მუხის თავზე დადგებოდა...

- ეს ალბათ არ იყო ადვილი საქმე, ჰოლმს? თელა ხომ აღარ არსებობდა!

- ცხადია. მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ამას ბრანტონი გააკეთებდა, მეც შევძლებდი. გარდა ამისა, ეს არც ისე ძნელი იყო. მესგრეივთან ერთად შევედი მის კაბინეტში და გამოვჭერი აი, ეს პალო, რომელსაც მივაბი გრძელი ბაწარი და ზედ ნასკვებით იარდები აღვნიშნე. შემდეგ ორი სადავე შევკარი და მივიღე ექვსი ფუტი. ამის შემდეგ მე და ჩემი კლიენტი უკან დავბრუნდით იმ ადგილზე, სადაც ოდესღაც თელა მდგარიყო. მზე ამ დროს სწორედ მუხის კენწეროს გაუსწორდა. ჩემი ჭოკი მიწაში ჩავარჭე, ჩრდილის მიმართულება აღვნიშნე და გავზომე. ცხრა ფუტი აღმოჩნდა.

ჩემი შემდგომი გამოთვლები სრულიად მარტივი იყო. თუ ექვსი ფუტის სიმაღლის ჭოკი ცხრა ფუტის სიგრძის ჩრდილს აყენებდა, მაშინ სამოცდაოთხი ფუტი სიმაღლის ხეს ოთხმოცდათექვსმეტი ფუტის სიმაღლის ჩრდილი უნდა ჰქონოდა. ეს მანძილი გავზომე. გაზომვამ თითქმის ზედ სახლის კედელთან მიმიყვანა, და ეს ადგილი პალოთი დავნიშნე. წარმოიდგინეთ ჩემი ზეიმი, უოტსონ, როცა პალოდან ორ დუიმზე მიწაში კონუსის ფორმის ორმო აღმოვაჩინე! მივხვდი, რომ ეს ბრანტონის მიერ დასმული ნიშანი იყო. და მე მის კვალს მივყვებოდი.

ამ ამოსავალი წერტილიდან დავიწყე ნაბიჯების გადაზომვა, ისე რომ წინასწარ ჯიბის კომპასის შემწეობით განვსაზღვრე, საით იყო ჩრდილოეთი და საით დასავლეთი. ათი ნაბიჯი და კიდევ ათი (ალბათ, იგულისხმებოდა, რომ საჭირო იყო ორივე ფეხის ათჯერ გადადგმა). მინიშნებულზე მიყოლა ჩრდილოეთის მიმართულებით სახლის კედლის პარალელურად მოგვიხდა. გადავზომე ეს მანძილიც და პალოთი აღვნიშნე. შემდეგ გულმოდგინედ გადავთვალე ხუთი და ხუთი ნაბიჯი აღმოსავლეთისაკენ, ორი და ორი - სამხრეთისაკენ. ასე მივედი ზედ ძველებური კარის ზღურბლთან. რჩებოდა ერთი და ერთი ნაბიჯის გადადგმა დასავლეთისაკენ, მაგრამ მაშინ ქვის ფილებით დაგებული დერეფანი უნდა გამევლო. ნუთუ ეს იყო დოკუმენტში ნაჩვენები ადგილი?

ჩემს სიცოცხლეში არ განმიცდია ასეთი მწარე იმედგაცრუება, უოტსონ. ერთ წუთს მომეჩვენა, რომ გამოთვლაში რაღაც არსებითი შეცდომა დავუშვი. ჩამავალი მზე ცხოველი სხივებით აშუქებდა დერეფნის იატაკს, და მე ვნახე, რომ ეს ძველებური გაცვეთილი, ნახევრად დამტვრეული ქვის ფილები მტკიცედ იყო შედუღაბებული და რა თქმა უნდა, მრავალი წლის განმავლობაში ადგილიდან არ დაძრულან. ცხადი იყო, ბრანტონი მათ არ შეხებია. იატაკზე დავაკაკუნე რამდენიმე ადგილას, მაგრამ ყველგან ერთნაირი ხმა ისმოდა. ბზარის ან ხვრელის არავითარი ნიშანწყალი არ ჩანდა.

საბედნიეროდ, მესგრეივმა, რომელიც უკვე ხვდებოდა ჩემი მოქმედების მნიშვნელობას და ჩემზე არა ნაკლებ იყო აღელვებული, დოკუმენტი ამოიღო, რათა ჩემი ვარაუდი შეემოწმებინა.

"და ქვევით! - შესძახა ანაზდად. - თქვენ დაგავიწყდათ ეს სიტყვები: "და ქვევით".

ვფიქრობდი, ამ ადგილას ის პატარა ორმო იგულისხმებოდა, მაგრამ ახლა ერთბაშად აშკარა გახდა, რომ ვცდებოდი.

"მაშ, ამ ადგილას სარდაფი გაქვთ?" - შევძახე მე.

"დიახ, ამ სახლივით ძველი სარდაფია. ჩქარა ძირს, ამ კარიდან!"

დაბლა ქვის ხვეული კიბით დავეშვით. ჩემმა თანამგზავრმა ასანთს გაჰკრა და კუთხეში კასრზე მდგარი დიდი ფარანი აანთო. იმავე წამს დავრწმუნდით, რომ სწორედ მინიშნებულ ადგილას მოვხვდით. და რომ ჩვენზე ადრე აქ ვიღაც ყოფილა.

ამ სარდაფში თურმე შეშას ინახავდნენ, მაგრამ ნაფოტები, რომლებიც ალბათ მთელ იატაკს ფარავდნენ, ახლა კედლებისკენ მიეყარათ, რათა შუა ადგილი გაეთავისუფლებინათ. სწორედ იმ ადგილას შევნიშნეთ ფართო და მძიმე ქვის ფილა, რომელსაც შუაში ჟანგმოდებული რკინის რგოლი ჰქონდა, რგოლზე კი ვიღაცას კუბოკრული მაგარი შარფი მიება.

"ეშმაკმა დალახვროს, ეს ხომ ბრანტონის შარფია! - შესძახა მესგრეივმა. - არა ერთხელ მინახავს ეს შარფი მის კისერზე. მაგრამ აქ რა უნდა გაეკეთებინა იმ არამზადას?"

შარფს დავებღაუჭე, მაგრამ ქვა ადგილიდან ძლივს დავძარი.

ჩემი თხოვნით ორი ადგილობრივი პოლისმენი გამოიძახეს და მათი დახმარებით ვცადე ფილის აწევა. მხოლოდ კონსტებლის დახმარებით შევძელი უზარმაზარი ფილის განზე გაჩოჩება. ფილის ქვეშ შავ ორმოს დაეღო პირი და ყველამ შიგ ჩავიხედეთ. მესგრეივმა ჩაიმუხლა და ორმოში ფარანი ჩაანათა.

ორმო ვიწრო კვადრატული ფორმისა იყო. სიღრმით შვიდიოდე და სიგანით კი ოთხ ფუტზე დიდი არ იქნებოდა. კედელთან დაბალი, სპილენძით შემოჭედილი ხის ზანდუკი შევნიშნეთ. სახურავი გადახდილი ჰქონდა. ბოქლომის ნასვრეტში ჩანდა აი, ეს ძველებური გასაღები. ზანდუკი გარედან მტვრის სქელ ფენას დაეფარა. სინესტესა და ჭიებს ხე ისე დაეჭამათ, რომ შიგნითაც კი ობი მოსდებოდა. რამდენიმე ლითონის რგოლი - ისეთივე, როგორსაც აქ ხედავთ - და ალბათ ძველებური მონეტები ძირზე ეყარა. მეტი ზანდუკში არაფერი არ იყო.

მაგრამ პირველ წუთს ძველ ზანდუკს არც ვუყურებდით. ჩვენი მზერა მიპყრობილი იყო იმისადმი, რაც მის გვერდით ჩანდა. ვიღაც შავ კოსტიუმში გამოწყობილ, ჩაცუცქულ მამაკაცს თავი ზანდუკის კიდეზე დაეხარა და მისთვის ორივე ხელი მაგრად ჩაევლო. სახე გალურჯებული და ისე დამახინჯებული ჰქონდა, რომ საცნაურობა დაკარგვოდა, მაგრამ როცა ავწიეთ, რეჯინალდ მესგრეივმა ტანის მოყვანილობით, სამოსითა და თმით მაშინვე ამოიცნო თავისი დაკარგული მსახურთუფროსი. ბრანტონი რამდენიმე დღის მკვდარი იყო, მაგრამ ტანზე არც ჭრილობები ჰქონდა და არც სისხლის ნაჟღენთები, რომელთაც მისი საშინელი აღსასრულის ახსნა შეეძლებოდათ. როცა გვამი სინათლეზე ამოვათრიეთ, ჩვენ აღმოვჩნდით არა ნაკლებ თავსატეხი გამოცანის წინაშე, ვიდრე იყო ის, რაც ესაა გადავწყვიტეთ.

უნდა ვაღირო, რომ ჩემი ძიების შედეგებმა იხტიბარი გამიტეხეს. ვვარაუდობდი, საკმარისია ძველ დოკუმენტში ნაჩვენები ადგილი ვიპოვო, ყველაფერი თავისთავად ნათელი გახდება-მეთქი, და აი, ვიდექი მინიშნებულ ადგილას, მაგრამ ამოხსნა იმ საიდუმლოებისა, რასაც ასე გულმოდგინედ ფარავდა მესგრეივების ოჯახი, ისევე შორს ჩანდა, როგორც თავდაპირველად. მართალია, შუქი მოვფინე ბრანტონის ბედს, მაგრამ ახლა უნდა დამედგინა, რანაირად ჰპოვა მსახურთუფროსმა ასეთი აღსასრული და რა როლი ითამაშა ამ ამბავში დაკარგულმა ქალმა. კასრზე ჩამოვჯექი და გონების თვალით მომხდარი ამბის ყველა წვრილმანი ავწონ-დავწონე...

თქვენ იცნობთ ჩემს მეთოდს ასეთ საქმეებში, უოტსონ: ჩემს თავს მოქმედი პირის ადგილზე ვაყენებ ხოლმე, და პირველ რიგში მისი გონებრივი დონის გათვალისწინებით ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ მოვიქცეოდი ანალოგიურ შემთხვევაში. ბრანტონი, როგორც რამდენჯერმე უკვე გითხარით, იყო არაჩვეულებრივი გონების კაცი. სწორედ ამიტომ ჩემსა და მის გონებრივ დონეთა შორის განსხვავების გათვალისწინება არ დამჭირდა. ბრანტონმა იცოდა, რომ სადღაც დამალულია რაღაც ძვირფასი განძი. კიდევაც განსაზღვრა, სად. დარწმუნდა, რომ ქვა, რაც მიწისქვეშ ჩაღწევას აბრკოლებდა, ასაწევად, ერთი ადამიანისათვის მეტისმეტად მძიმე რამ იყო. როგორ უნდა მოქცეულიყო? გარეშე დამხმარეს ვერ მოიყვანდა. ამიტომ თანაშემწე თვით სახლში უნდა ეპოვა. მაგრამ ვისთვის უნდა მიემართა ბრანტონს? რეჩელ ჰაუელზი ოდესღაც მისი ერთგული ქალი იყო და ბრანტონმა აკი ცოლადაც შეირთო. მამაკაცს, რა ცუდადაც არ უნდა მოექცეს ქალს, არასოდეს არ სჯერა, რომ ქალის სიყვარული სამუდამოდ დაკარგა. ეტყობა, რაღაც ყურადღების ნიშნების საფუძველზე ბრანტონი შეეცადა რეჩელთან შერიგებას, შემდეგ კი თანამზრახველობაზე დაითანხმა. ღამით ერთად დაეშვნენ სარდაფში და საერთო ძალით მოახერხეს ქვის ადგილიდან დაძვრა. აქამდე მათი მოქმედება ჩემთვის ისე ნათელი იყო, თითქოს მათ მოქმედებას საკუთარი თვალით ვზვერავდი.

მაგრამ ორი ადამიანისათვისაც კი, მეტადრე თუ ერთი მათგანი სუსტი ქალი იყო, ქვის გადაწევა ადვილი საქმე არ იყო. ჩვენ თვითონ ორს - მე და ღონიერ სასექსელ პოლისმენს გაგვიჭირდა იმ ფილის გადაწევა. რა მოიმოქმედეს თანამზრახველებმა, რომ თავიანთი ამოცანა გაეადვილებინათ? ალბათ იგივე, რასაც მათ ადგილზე გავაკეთებდი. ყურადღებით დავათვალიერე იატაკზე დაყრილი შეშის ნაპობები და ვიპოვე ის, რის პოვნასაც ველოდი. სამიოდე ფუტის სიგრძის ერთ-ერთ ნაჩეხს თავი ოდნავ წატეხილი ჰქონდა, რამდენიმე სხვაც გაბრტყელებული აღმოჩნდა. ეტყობოდა, მნიშვნელოვანი სიმძიმე დასწოლოდათ. როგორც ჩანს, ფილის აწევის დროს ბრანტონი და მისი თანაშემწე ქალი შეშის ღერებს ბერკეტებად ხმარობდნენ. მათ იმდენზე გადასწიეს ქვა, რომ შესაძლებელი გახდა დაბლა ჩაღწევა. ჯერჯერობით ყველა ჩემი ვარაუდი სრულიად საფუძვლიანი იყო.

როგორღა უნდა მემსჯელა შემდეგ, რათა სავსებით აღმედგინა ღამით მომხდარი დრამის სურათი? აშკარაა, ორმოში ჩასვლა შეეძლო მხოლოდ ერთ ადამიანს, და ეს ერთი იყო ბრანტონი. ქალიშვილი ალბათ მაღლა იცდიდა. ბრანტონმა ზანდუკი გააღო და ქალს ამოაწოდა ის, რაც შიგ ნახა (ეს აშკარა იყო, რადგან ყუთი ცარიელი აღმოჩნდა), შემდეგ კი... რა მოხდა შემდეგ?

ალბათ შურისძიების წყურვილი, რაც დიდი ხანი ღვიოდა ამ ფიცხი ქალის გულში, ცეცხლის ალად აენთო, როცა ნახა, რომ ის, ვინც აწყენინა, - ხოლო ეს წყენა კი ალბათ ბევრად უფრო მძიმეც იყო, ვიდრე მე შემეძლო წარმომედგინა - მის ხელთაა. ან იქნებ ქვას შემთხვევით გამოეცალა საყრდენი და უზარმაზარმა ფილამ ბრანტონი ქვის კუბოში ჩაკეტა? ასეა თუ ისე, რეჩელი დამნაშავეა მხოლოდ იმაში, რომ გაჩუმდა და მომხდარ ამბავზე არაფერი არა თქვა. ან იქნებ განზრახ გამოაცალა ქვას საყრდენი და ქვის ფილა თავის ადგილზე დაუშვა, რომ ბრანტონი ცოცხლად დაემარხა. თვალწინ მედგა შურის მაძიებელი რეჩელი, ალბათ გაალმასებული იკრავდა ნაპოვნ საუნჯეს მკერდში და ხვეულ კიბეზე არბოდა, რათა კვალდაკვალ დადევნებული ყრუ კვნესის, სასოწარკვეთილი ადამიანის გოდებისა და ქვის ფილაზე კაკუნის ხმისათვის თავი დაეღწია. იმ ქვის ფილის ქვეშ ხომ მისი მოღალატე მიჯნური იშთობოდა.

აი, რა ედო საფუძვლად მეორე დილით რეჩელის ფერწასულობას, მის მღელვარებას და ისტერიული სიცილის შემოტევებს. მაგრამ მაინც რა იყო ზანდუკში? რა უყო ქალმა მონაპოვარს? უეჭველია, ეს იყო იგივე ნამუსრევი ძველი ლითონისა და ქვის ნამტვრევები, რაც პირველსავე შემთხვევაში გუბურაში ისროლა, რათა თავისი დანაშაულის კვალი დაეფარა...

ოციოდე წუთი ღრმა ფიქრებში წასული უძრავად ვიჯექი. ფერმიხდილი მესგრეივი იდგა, ფარანს არხევდა და ძირს, ორმოში იცქირებოდა.

"ეს კარლოს პირველის მონეტებია, - მითხრა და ზანდუკიდან ამოღებული რამდენიმე ძველი ფული გამომიწოდა, - ხედავთ, სწორად გაგვირკვევია ჩვენი "საგვარეულო წესის" შემოღების დრო".

"მგონი, კარლოს პირველის მემკვიდრეობიდან ზოგ რაიმეს კიდევ ვიპოვით, - შევძახე მე, როცა დოკუმენტის პირველი ორი კითხვა მომაგონდა. - მიჩვენეთ ტბიდან ამოღებულ ტომარაში ნაპოვნი ქონება".

მესგრეივის კაბინეტში ავედით, მასპინძელმა წინ დამილაგა ნამტვრევები. როგორც კი შევხედე, მივხვდი, რატომ არ მისცა მათ მესგრეივმა არავითარი მნიშვნელობა: ლითონი ჩაშავებული იყო, კენჭები კი მქრქალი და უფერული. მაგრამ ერთი მათგანი სახელოზე გადავისვი და ხელისგულზე ნაღვერდალივით აელვარდა. ლითონის ნაწილებს ორმაგი სალტის ფორმა ჰქონდათ, მაგრამ დაღუნულ-დაგრეხილები იყვნენ და თავდაპირველი ფორმა დაკარგოდათ.

"ალბათ გახსოვთ, - ვუთხარი მესგრეივს, - რომ მეფის პარტია უფროსობდა ინგლისში მისი გარდაცვალების შემდეგაც კი. ადვილი შესაძლებელია, რომ მისმა წევრებმა სადმე შეინახეს ყველაზე უფრო ძვირფასი ნივთები, რათა უფრო მშვიდობიან დროს დაბრუნებულიყვნენ და წაეღოთ".

"ჩემს წინაპარს, სერ რალფ მესგრეივს, თვალსაჩინო ადგილი სჭერია სასახლის კარზე და კარლოს მეორის მარჯვენა ხელი ყოფილა".

"აჰ, აი, რა ყოფილა! - შევძახე მაშინვე. - ესაა ჯაჭვის ის უკანასკნელი რგოლი, რაც გვაკლდა. გილოცავთ, მესგრეივ! თქვენ გახდით მფლობელი - მართალია, ფრიად ტრაგიკულ გარემოებაში, - ერთი რელიქვიისა, რაც უზარმაზარ ღირებულებას წარმოადგენს თავისთავად, და ამას გარდა გააჩნია კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა, როგორც ისტორიულ განძს და იშვიათობას".

"რა არის ასეთი?" - მკითხა საშინლად აღელვებულმა.

"არც მეტი, არც ნაკლები, ინგლისის მეფეთა ძველი გვირგვინი".

"გვირგვინი?"

"დიახ, გვირგვინი. გაიხსენეთ, რა არის ნათქვამი დოკუმენტში: "ვის ეკუთვნის ეს? - იმას, ვინც წავიდა". ეს დაწერილია კარლოს პირველის დასჯის შემდეგ. "ვისი კუთვნილება იქნება? - იმისი, ვინც მოვა". ლაპარაკია კარლოს მეორეზე, რომლის ტახტზე ასვლა იმ დროს უკვე იყო მოსალოდნელი. ამრიგად, ყოველგვარ ეჭვს გარეშეა, რომ ამჟამად ეს დაჭყლეტილი და უფორმო დიადემა, ერთ დროს, სტიუარტების დინასტიის მეფეთა თავებს ამშვენებდა".

"მაგრამ რანაირად მოხვდა გუბურაში?"

"აი, ამ კითხვაზე კი ადამიანი უცებ ვერ უპასუხებ".

მე თანმიმდევრობით გადმოვუშალე მესგრეივს ჩემი ვარაუდები და საბუთები. მოსაღამოვდა. მთვარე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო, როცა ჩემი მოთხრობა დავასრულე.

"მაგრამ საინტერესოა, რატომ არ მიიღო თავისი გვირგვინი კარლოს მეორემ, როცა დაბრუნდა?" - იკითხა მესგრეივმა და ტილოს ტომარაში ჩააბრუნა ძვირფასი რელიქვია.

"ისეთი საკითხი წამოჭერით, მე და თქვენ ვერ გადავჭრით. ეტყობა, თქვენმა წინაპარმა მესგრეივმა, რომელიც საიდუმლოში განდობილი იყო, სიკვდილის წინ თავის პირდაპირ შთამომავალს დაუტოვა ის, რასაც თქვენ მესგრეივთა საგვარეულო წესს ეძახით, მაგრამ რატომღაც არ აუხსნა მემკვიდრეს მისი მნიშვნელობა. იმ დღიდან ჩვენს დრომდე დოკუმენტი მამიდან შვილზე გადადიოდა, ვიდრე ხელთ არ ჩაუვარდა იმ კაცს, რომელმაც შეძლო მისთვის საიდუმლოს გამოგლეჯა, მაგრამ სიცოცხლის ფასად კი დაუჯდა..."

ასეთია "მესგრეივთა სახლის საგვარეულო წესის" ისტორია, უოტსონ. გვირგვინი ახლაც ჰერლსტონშია, თუმცა ციხე-დარბაზის მფლობელთ ბევრი დავიდარაბა დასჭირდათ და საკმაოდ ბევრი ფულადი თანხაც დახარჯეს იმისათვის, რომ მემკვიდრეობით მათი კუთვნილი განძი, ჩვენს მესვეურთ, მათთანვე დაეტოვებინათ. თუ აზრად მოგივათ მისი ნახვა, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გიჩვენებენ, ოღონდ ჩემი სახელი უხსენეთ.

რაც შეეხება იმ ქალს, იგი უგზო-უკვლოდ გაქრა. როგორც ჩანს, სამშობლო მიატოვა და ოკეანის გადაღმა რომელიმე ქვეყანაში წაიღო მოგონება თავის დანაშაულზე.

??????