დოილი ართურ კონან
გაზიარება

ლედი ფრენცისის გაუჩინარება 

- მაგრამ რაღა თურქული? - მკითხა შერლოკ ჰოლმსმა და დაჟინებით შეათვალიერა ჩემი წაღები. მე მაღალ წნულ სავარძელში, ფეხებგაჭიმული ვიჯექი და მისი მუდამ ფხიზელი მზერა ჩემმა ფეხსაცმელმა მიიპყრო.

- ინგლისურია, - გაოცებით გამოვეპასუხე მე. - ლატიმერთან ვიყიდე ოქსფორდ-სტრიტზე.

ჰოლმსმა გაიღიმა და სახეზე დიდად მომთმენი კაცის გამომეტყველება გამოეხატა.

- აბანო, აბანოა თურქული და არა წაღები! რატომ მიმასუსტებელი და ძალიან ძვირად ღირებული თურქული აბანო და არა ჩვენი საკუთარი აბაზანა, შინ?

- იმიტომ, რომ დახანებული რევმატიზმი მაწუხებს, თურქული აბანო კი სწორედ ისაა, რასაც ჩვენ, მედიკოსები ასეთ შემთხვევაში ვურჩევთ ადამიანებს. კარგა ლაზათიანი დაზელა კუნთებისა და ტანის შეხურება, რის შემდეგაც თითქოს ხელახლა იბადები, ყველას უხდება.

- სხვათა შორის, ჰოლმს, - განვაგრძე მე, - ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისათვის ჩემს ფეხსაცმელსა და თურქულ აბანოს შორის კავშირი თავისთავად ცხადია, მაგრამ ძალიან დაგიმადლებთ, თუ მაინც ამიხსნით თქვენ რას გულისხმობთ და სწორ კვალზე დამაყენებთ.

- მიხვედრა, გონისა და ჭკუის მოხმობა, სწავლება და ყოველივე ეს არც ისე მიუწვდომელი რამაა, ძვირფასო უოტსონ. ჰოლმსის თვალებში დამცინავი ნაპერწკლები გაკრთა. - ამ საქმეში სრულიად უბრალო დასკვნების გამოტანაა საჭირო. რითაც მე ხშირად ვსარგებლობ ხოლმე. შეიძლება ასეთი კითხვაც დაიბადოს: ვინ მგზავრობდა დღეს კებით თქვენთან ერთად?

- ეს უკვე დაკითხვაა და არა ახსნა, - ცოტა საყვედურგარეული კილოთი მივუგე მე.

- ყოჩაღ, უოტსონ, პირადი ღირსების გრძნობით და სავსებით ლოგიკურადაა ნათქვამი. მაშ, საიდან დავიწყეთ? მოდით, გავარჩიოთ ჯერ კების ამბავი. თქვენი პალტოს მარცხენა მხარზე და სახელოზე ტალახის შხეფებია. შუა ადგილას რომ მჯდარიყავით, ალბათ სულაც არ მოისვრებოდით, ან პალტოს ორივე კალთა ერთნაირად დაგესვრებოდათ. მაშ, მარცხენა მხარეს იჯექით, და მაშასადამე, მარტო არ ყოფილხართ.

- ჰო, ახლა ყოველივე ნათელია.

- ისე ჩვეულებრივი ამბავია, რომ სასაცილოც კია, არა?

- მაგრამ აბანო და წაღები?

- ო, ეს კიდევ უფრო ბავშვურ გასართობად მოგეჩვენებათ. თქვენ ხომ ფეხსაცმელის ყაითნებს ყოველთვის ერთნაირად იკრავთ. ახლა კი ვხედავ იკლიკანტური ორმაგი მარყუჟი გაგიკეთებიათ. რომელიც სულაც არა ჰგავს თქვენს ნახელავს. ვის შეეძლო თქვენი ყაითნების შეკვრა? ან ხარაზს, ან მოსამსახურეს აბანოში. ხარაზი გამორიცხულია, რადგან ფეხსაცმელი სრულიად ახალია. რა რჩება? რჩება აბანო. ძალიან უბრალო ამბავია, არა? მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, უოტსონ, თურქულმა აბანომ მაინც კეთილი საქმე გიყოთ.

- რას გულისხმობთ?

- თქვენ აღიარეთ, რომ იქ წახვედით სხეულის შესანჯღრევად, კარგა ლაზათიანად დაზელვისა და გამოცოცხლების მიზნით. ნება მიბოძეთ კვლავ მოგცეთ ტანის შენჯღრევისა და გამოცოცხლების შესაძლებლობა. რას იტყვით ლოზანაში გამგზავრებაზე, ძვირფასო უოტსონ, - პირველი კლასის სალონ-ვაგონით, ყველა ხარჯი უკვე გადახდილია და თანაც პრინცივით იმგზავრებთ, ჰა?

- ჩინებულია! მაგრამ რისთვის?

ჰოლმსი თავისებურად გადაწვა სავარძელში და ჯიბიდან უბის წიგნაკი ამოიღო.

- ამქვეყნად ადამიანთა მოდგმის ყველა წარმომადგენელს შორის - დაიწყო ჩემმა მეგობარმა, - ყველაზე უფრო საშიშია მარტოხელა ქალი, უსახლკარო და უმეგობრო. ეს, ერთი შეხედვით, ყოვლად უწყინარი და შესაძლოა ყველაზე უფრო სასარგებლო წევრიც კი საზოგადოებისა უცვლელი მიზეზია ბევრი და ბევრი დანაშაულისა. ეს უმწეო არსება დღეს აქაა და ხვალ სხვაგან, მას საკმაო სახსრები აქვს, ქვეყნიდან ქვეყანაში ხეტიალობს, ერთი სასტუმროდან მეორეში გადადის და აი, რომელიმე ცნობილ საეჭვო პანსიონში, ან ტოლებში, მისი კვალი გაქრება; თითქოს წიწილა იყოს, მელიების ქვეყანაში გზააბნეული. და თუ გადასანსლა ვინმემ, მომკითხველიც არავინ აღმოუჩნდება. ალბათ, ლედი ფრენსის კარფექსის თავს ფათერაკი უნდა იყოს.

ზოგადი მსჯელობიდან კონკრეტულ ამბავზე ასეთმა სწრაფმა გადასვლამ გამახარა. ჰოლმსი ფურცლავდა უბის წიგნაკის პატარა ფურცლებს და განაგრძობდა:

- ლედი ფრენსისი - ერთადერთი პირდაპირი შთამომავალია გრაფ რაფტონისა. ამ გვარში, მიწები, იქნებ გახსოვთ კიდეც, ვაჟიშვილების ხელში გადადიოდა. ლედი ფრენსისმა მცირე ქონება მიიღო, მაგრამ მას დარჩა უიშვიათესი ძვირფასეულობა, ძველი ესპანური ნამუშევრები, არაჩვეულებრივი ოსტატობით დაწახნაგებული, ვერცხლში ჩამჯდარი ბრილიანტები. ეს სამკაულები ქალს იმდენად უყვარდა, რომ არ სურდა მათი დატოვება თავის ბანკირთან და ყოველთვის თან დაჰქონდა. ძალიან მანაღვლებს ლედი ფრენსისის ყისმათი. გუნებისა თუ ღვთის უცნაური ახირებით ამ ლამაზ, ჯერაც ახალგაზრდა ქალს ბედის განჩინებაში უწერია იყოს ამ რაღაც ოცი წლის წინ ჯერაც მძლავრი და გაფურჩქნული ხის უკანასკნელი ტოტი, რომელიც ხმება.

- კი, მაგრამ, რა მოუვიდა?

- რა მოუვიდა ლედი ფრენსის კარფექსს? ცოცხალია თუ მკვდარი? აი, ამ დილემის წინაშე ვიმყოფებით. იგი მკაცრი ჩვეულებების მქონე ადამიანია. ოთხი წელია, ორ კვირაში ერთხელ თავის მოხუც გუვერნანტ ქალს, მის დობნის, რომელიც კამბერუელში ცხოვრობს და უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს, წერილებს სწერს. ამჟამად საქმის ვითარება ასეთია: მის დობნიმ მომმართა და მითხრა: აი, უკვე ხუთი კვირაა, რაც ლედი ფრენსისს არც ერთი სტრიქონი აღარ მოუწერიაო. უკანასკნელი წერილი ლოზანიდან, ოტელ "ნაციონალიდან" მოვიდაო, საიდანაც ისე წასულა, რომ მისამართი არ დაუტოვებია. ახლობლები შფოთავენ. მეტისმეტად შეძლებული ხალხია და რა თქმა უნდა, არავითარ ხარჯს არ დაერიდებიან, თუ გავარკვევთ, რა მოხდა.

- და ეს მის დობნი - ერთადერთი წყაროა, საიდანაც ცნობების მიღება ძალგვიძს? ნუთუ ლედი ფრენსისს სხვა კორესპონდენტები არ ჰყოლია?

- ჰყავდა, უოტსონ, ჰყოლია ერთი კორესპონდენტი, და სწორედ მისგან გავიგე ბევრი რამ საგულისხმო. ეს კორესპონდენტი ბანკი გახლავთ. ლედი ფრენსისის ფული სილვესტრის ბანკში ძევს. მე გავსინჯე მისი ანგარიში. უკანასკნელის წინ ფული გამოუტანია ლოზანის ოტელში ანგარიშის გასასწორებლად, მაგრამ დიდი თანხა აუღია, ასე რომ ხელზეც კაი ძალი ფული დარჩებოდა. შემდეგ გასანაღდებლად მხოლოდ ერთი ჩეკი იქნა წარდგენილი.

- ვის მიერ და სად?

- მადმუაზელ მარი დევინისაა, მაგრამ სად გამოწერეს, არ ჩანს. ის თანხა სამი კვირის წინ ბანკ "ლიონის კრედიტის" მონპელიეს ფილიალს დაუხურავს. ჯამი - ორმოცდაათი გირვანქაა.

- მადმუაზელ მარი დევინი ვინღაა?

- ამისი გარკვევაც მოვახერხე. დავადგინე, რომ მადმუაზელ მარი დევინი ლედი ფრენსის კარფექსს ემსახურებოდა, როგორც მოახლე, მაგრამ რისთვის დასჭირდა მის ფრენსისს, რომ თავისი ფული მოახლისთვის გადაეცა, ეს ჯერ კიდევ ვერ დამიდგენია. ისე, ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ თქვენი ძიება მოკლე ხანში ამის გარკვევაშიც დაგვეხმარება.

- ჩემი ძიება?

- დიახ, თქვენ ხომ ლოზანაში მიემგზავრებით, რათა ცოტა გავარჯიშდეთ. ჩემი წასვლა კი ლონდონიდან არ შეიძლება, ვიდრე აბრაჰამსის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ისედაც, მრავალი მოსაზრებით, ჩემი წასვლა ინგლისის საზღვრებს იქით ამჟამად შეუძლებელია. სკოტლენდ-იარდი უჩემოდ მოიწყენს, სისხლის სამართლის სამყაროში კი გამოცოცხლება დაიწყება. თქვენ გაემგზავრეთ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, და თუ ჩემი მორიდებული რჩევის ყოველი სიტყვისათვის ორი პენსი გადასახადი მეტისმეტად ძვირი არ მოგეჩვენებათ, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს მზად ვიქნები თქვენდა სამსახურად კონტინენტური ტელეგრაფისათვის მისაწვდომ ფარგლებში.

ორი დღის შემდეგ ლოზანის ოტელ "ნაციონალის" კარი შევაღე. ოტელის სახელგანთქმული მმართველი მუსიე მოზერი განსახიერებული თავაზიანობა იყო. დიახ, ლედი ფრენსისმა მათთან რამდენიმე კვირა იცხოვრა ოტელში. ყველა მოხიბლა. მადამი ჰა და ჰა, ალბათ, ორმოცისა თუ იქნება, მეტის არაა. ახლაც ძალიან კარგი შესახედავია, და აბა წარმოიდგინეთ, ჯეელობისას რა მშვენიერი იქნებოდა; ოჯახური განძისა მუსიე მოზერმა არაფერი იცოდა, მაგრამ მსახურებისაგან გაუგონია, რომ მადამ კარფექსის მძიმე ჩემოდანი საწოლ ოთახში მუდამ დაკეტილი იყო. მოახლე მარი დევინიც ყველას ისე უყვარდა, როგორც მისი ქალბატონი. მარი დევინი დანიშნულიც კი ყოფილა ოტელის ერთ-ერთ ოფიციანტზე და მისი მისამართის გაგება სულაც არ აღმოჩნდა რთული საქმე. "მონპელიე, ტრაიანეს ქუჩა, სახლი 11", - ჩავწერე ჩემს წიგნაკში და გავიფიქრე, რომ თვითონ ჰოლმსს შეშურდებოდა ის სიმარჯვე, რითაც ეს ცნობები მოვიპოვე.

ერთი რამ რჩებოდა ბნელით მოცული და ვერა და ვერ მოვახერხე ამ კუთხისათვის ნათელი მიმეყენებინა, რატომ წავიდა ასე მოულოდნელად ლედი ფრენსისი ლოზანიდან? მისი ცხოვრება აქ ხომ ძალზე სასიამოვნოდ აეწყო! ბუნებრივი იქნებოდა, რომ მთელი სეზონი ლოზანაში გაეტარებინა. ის კი, ერთ მშვენიერ დღეს, უცებ მოემზადა და წავიდა, დაკარგა ერთი კვირის გადახდილი ქირა მშვენიერი ბინისა, რომლის ფანჯრებიც ტბას გადაჰყურებდა. ამ ამოცანის ამოხსნა ვერავინ შეძლო. ერთადერთი ვარაუდი გამოთქვა მოახლის საქმრომ ჯიულის ვიბარმა: ფრენსისის უეცარი წასვლა ოტელიდან დაკავშირებულია ერთი შავგვრემანი, წვერმოშვებული, მაღალი მამაკაცის გამოჩენასთანო, ოტელში ის კაცი წინა დღეს მოსულა. "გტ თფგმფპუბ გტ მუკშეფიდუ თფგმფპუ1" (ველური, ნამდვილი ველური) - გაიძახოდა ჯიულის ვიბარი. ის კაცი ჩვენს ქალაქში სადღაც დაქირავებულ ბინაში უნდა ცხოვრობდესო. ბევრს დაუნახავს, რომ, ერთხელ, როცა მადამი სანაპიროზე სეირნობდა, ის კაცი მიუახლოვდა და აღელვებით ლაპარაკი დაუწყო. ინგლისელიაო, ამბობდნენ, მაგრამ მისი სახელი არავინ იცოდა. მეორე დღეს მადამი სადღაც გაემგზავრა. ჯიულის ვიბარიცა და რაც მთავარია, მისი დანიშნულიც ამტკიცებდნენ, რომ იმ ვაჟბატონის გამოცხადება იყო მიზეზი მადამის წასვლისა. ლედი ფრენსის კარფექსის გაუჩინარება მომხდარი ამბების შედეგია. ჯიულის ვიბარმა უარი თქვა მხოლოდ ერთი რამის ახსნაზე: თუ რატომ წავიდა მარი, რისთვის მიატოვა თავისი ქალბატონი. ან არ იცოდა, ან არ სურდა ამაზე ლაპარაკი. "თუ ეს გაინტერესებთ, ჩაბრძანდით მონპელიეში და თვითონ მას ჰკითხეთო", - თქვა.

ასე დასრულდა ჩემი ძიებისა და კვლევის პირველი ნაწილი. ახლა უნდა გამერკვია, საით წავიდა ლედი ფრენსის კარფექსი ლოზანიდან. რაკი ეს გარემოება დამალა, მაშასადამე, განზრახული ჰქონდა, თავისი წასვლით ვიღაცისათვის კვალი აებნია. სხვაგვარად როგორ უნდა აგვეხსნა, რომ მისი ბარგის ფურცლაკზე ბადენი არ იყო აღნიშნული? თვითონაცა და მისი ბარგიც რაინის დასახელებულ კურორტზე არა პირდაპირი, არამედ შორი გზით, შემოვლით გაემგზავრნენ. კუკის ადგილობრივი განყოფილების ბიუროში რომ ეს გავიგე, მე ბადენში გავეშურე, წინასწარ კი ჰოლმსს შევატყობინე ტელეგრაფით მთელი ჩემი მოქმედება, რაც მან გულკეთილი ხუმრობით მომიწონა და შემაქო.

ბადენში იოლად ვიპოვე თითქოს დაკარგული კვალი. ლედი ფრენსისი გაჩერებულა ოტელ "ალბიონში" და იქ ორი კვირა უცხოვრია. იქვე გაუცვნია ვიღაც ექიმი შლეზინგერი, სამხრეთ აფრიკელი მისიონერი და მისი ცოლი. როგორც თითქმის ყველა მარტოხელა ქალი, ლედი ფრენსისი ნუგეშსა და შვებას რელიგიაში ეძიებდა. ამ ქალზე არაჩვეულებრივი ზეგავლენა მოეხდინა დოქტორ შლეზინგერის პიროვნებასა და მის მტკიცე რწმენას. იმ ხანებში შლეზინგერს თურმე ტანჯავდა ის სნეულება, რომელიც მაშინ შეყროდა, როცა სამხრეთ აფრიკაში თავგანწირვით მოღვაწეობდა. ლედი ფრენსისი გულმოდგინედ ეხმარებოდაო მისის შლეზინგერს წმინდანის მოვლაში, როგორც ეს ამბავი ოტელის მმართველმა მიამბო. წმინდანი მთელი დღე აივანზე იჯდა ხოლმე, ღრმა სავარძელში, ორ მანდილოსანს შორის და წმინდა მიწის რუკის შედგენაზე მუშაობდაო. იგი განსაკუთრებით მიდიელების ისტორიით ყოფილა დაინტერესებული, რაზედაც თურმე მონოგრაფიას ამზადებს. ბოლოს დოქტორის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესებულა და ის ცოლთან ერთად ლონდონში დაბრუნებულა. ლედი ფრენსისიც მათ გაჰყოლიათ. ეს ამბავი სამი კვირის წინ მომხდარა და შემდეგ იმ სამის თაობაზე მმართველს აღარაფერი სმენია. რაც შეეხება მოახლე მარის, ლედი ფრენსისის გამგზავრებამდე სამი დღით ადრე, ის ქალბატონისაგან ნამტირალევი გამოსულა, ოტელის მოსამსახურე გოგოებისათვის შეუჩივლია, ქალბატონთან აღარ ვიმსახურებო და საშინლად დანაღვლიანებული გამგზავრებულა. დოქტორ შლეზინგერს თავისი ანგარიშიცა და ლედი ფრენსის კარფექსის დანახარჯებიც თვითონ გადაუხდია.

- და იცით, - თქვა ბოლოს ოტელ "ალბიონის" მმართველმა, - ლედი ფრენსისს მარტო თქვენ კი არა, სხვებიც დაეძებენო. ერთი კვირის წინ მისი ამბის საკითხავად ჩვენთან ვიღაც მამაკაცი მოვიდა.

- სახელი თქვა?

- არა. ინგლისელია, თუმცა გარეგნობა ტიპური ინგლისელისა არა აქვს.

- ველურს ჰგავს, არა? - ვკითხე და ამით ჩემი მეგობრის სახელოვანი ჰოლმსის, მეთოდის თანახმად, შევაპირისპირე ჩემთვის ცნობილი ფაქტები.

- დიახ, დიახ, სწორედ ველურსა ჰგავდა. ეს სიტყვა მის საქციელსა და გარეგნობას ძალიან შეეფერება. აყლაყუდა, მზით დამწვარი, წვეროსანი, ასეთის ადგილი სოფლის ტრაქტირია და არა ფეშენებელური სასტუმრო. კაცი კი არა, რაღაც მრისხანე ურჯუკია, სულ ცოფებსა ყრის, ჩემდათავად ასეთის განაწყენებას მოვერიდებოდი.

როგორც იქნა, იდუმალების ფარდის ახდა დაიწყო - ასე თანდათან უფრო ნათლად და მკაფიოდ ვხედავთ ქუჩებში მოსიარულეებს, როცა ნისლი იფანტება. ღვთისნიერ ქალს, ყველას რომ ენდობა, კვალდაკვალ დასდევს ბედითი აჩრდილი. ქალს ეშინია თავისი მდევრისა, თორემ ლოზანიდან ასე ანაზდად არ წავიდოდა. ადრე თუ გვიან დაეწევა. ან იქნებ უკვე დაეწია? ამით ხომ არ აიხსნება ლედი კარფექსის ხანგრძლივი დუმილი? მაშადასამე, ბადენში გაცნობილ კეთილ ადამიანებს არ შესძლებიათ დაეცვათ ქალი მუქარისა და დევნისაგან. რა საშინელი საიდუმლო, რა მიუწვდომელი განზრახვა აიძულებს იმ ველურ კაცს, რომ ლედი ფრენსისს კვალდაკვალ სდიოს? ეს კითხვები მთელი სიგრძე-სიგანით აღიმართნენ და ჩემს წმინდა გადაწყვეტილებას ელოდნენ.

ყველაფერი მივწერე ჰოლმსს, კმაყოფილმა, რომ საქმის არსს ასე მალე ჩავწვდი. პასუხად მიღებულ დეპეშაში ჰოლმსი მთხოვდა, ამეწერა დოქტორ შლეზინგერის მარცხენა ყური. რაღაც თავისებური იუმორის გრძნობა მოევლინება ხოლმე ჰოლმსს, ზოგჯერ სხვისი შეურაცხმყოფელიც. მე, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ დავტოვე მისი უალაგო ხუმრობა, - სხვათა შორის, მისი დეპეშა მივიღე უკვე მონპელიეში, სადაც მარი დევინის სანახავად წავედი.

ყოფილი მოახლის სახლი იოლად ვიპოვნე. მან ყველაფერი, მიამბო, რაც იცოდა. მარი დევინს ძალიან ჰყვარებოდა თავისი ქალბატონი და მხოლოდ იმიტომ დამშვიდობებია, რომ, მისი აზრით, ახლა ლედი კარფექსს გარს მეგობრები ეხვია. ამაში მარი დევინი დარწმუნებული იყო, ისედაც ჩემი ქორწინების დღე ახლოვდებოდა და მაშინ, სულერთია, ქალბატონს უნდა დავშორებოდიო, მითხრა. შეწუხებულმა ყოფილმა მსახურმა აღიარა ისიც, რომ მისის ფრენსისი ბადენში ყოფნის დროს ხშირად მიწყრებოდა, თითქოს ჩემს ერთგულებაში ეჭვი ეპარებოდა და ერთხელ დაკითვაც კი მომიწყოო. ამიტომ მასთან განშორება არც ისე მიმძიმს, როგორც ვფიქრობდიო. ლედი ფრენსისს საქორწინო საჩუქრის სახით მარი დევინისათვის თურმე ორმოცდაათი გირვანქა გაუმეტებია. როგორც მე, ისე მოახლე გოგოსაც სერიოზულ საფრთხედ მიგვაჩნდა ის უცნობი კაცი, რომელსაც ქალბატონი ლოზანიდან გაეცალა. მოსამსახურე გოგომ თავისი თვალით ნახა ის ველური ლედი კარფექსს ყველას თვალწინ ხელში როგორ ჩააფრინდა. საშინელი კაცია, ვიღაც ცოფიანი და ოხერი. ლედი ფრენსისი ალბათ იმიტომ გაემგზავრა ლონდონში შლეზინგერებთან ერთად, რომ იმ კაცისა ეშინოდაო. ქალბატონს ჩემთან იმ კაცზე არასოდეს ულაპარაკია, მაგრამ ბევრი ნიშნის მიხედვით ვხედავდი, რომ ქალბატონს ერთთავად მძიმე შიში ტანჯავდაო.

- ეგერ, შეხედეთ! - უცებ შეწყვიტა ლაპარაკი გოგომ და სკამიდან წამოვარდა, - ნაძირალა კიდევ იმის კვალს ეძებს.

სასტუმროს ღია ფანჯარაში მე დავინახე ძალიან მაღალი კაცი, რომელსაც შავი ხუჭუჭა წვერ-ულვაში ჰქონდა. ნელა მიდიოდა ქუჩაში, ქვაფენილზე, და სახლების ნომრებს გულმოდგინედ ათვალიერებდა. უეჭველია ისიც ლედი კარფექსის მოსამსახურეს დაეძებდა. დაუფიქრებლად გავიჭერი გარეთ და შევაჩერე.

- თქვენ ინგლისელი ხართ? - ვკითხე.

- მერე თქვენ რა, თუნდაც ინგლისელი ვიყო? - აგდებულად მითხრა უცნობმა.

- ნება მომეცით გკითხოთ, რა გქვიათ?

- რა თქვენი ჭკუის საქმეა, - მომიჭრა სიტყვა თავხედმა.

ვითარება დაიძაბა. გადავწყვიტე ჯიქურ მისვლა - პირდაპირი გზა ხომ ყველაზე მოკლეა! - და მკაცრად ვკითხე:

- სადაა ლედი ფრენსის კარფექსი?

გაოცებული მომაშტერდა.

- რა დაატეხეთ თავს? რატომ დევნით იმ ქალს? მე პასუხს ვითხოვ!

როგორც ვეფხვი, ისეთი გაშმაგებული ღმუილით მეცა ის კაცი. არაერთხელ გამილახავს მოწინააღმდეგე ჩხუბში. მაგრამ იმ გიჟს რკინის თათები და ცოფიანი ხარის ღონე აღმოაჩნდა. სამი წამიც არ გასულა, რომ ყელში მწვდა, წამიჭირა და უკვე გრძნობას ვკარგავდი, რომ ჩემს ბედს, უცებ, იქვე სამიკიტნოდან გამოვარდა ვიღაც გაუპარსავი ფრანგი, ლურჯხალათიანი შეგირდი, ჩემს დამჯაბნელს მარჯვედ ჩასცხო მხრებში კეტი და ხელი გააშვებინა. ის ოხერი წუთით კიდევ იდგა, მერყეობდა ცოფმორეული და ალბათ ფიქრობდა, კიდევ ხომ არ ვეცეო, შემდეგ ბოროტად ჩაიბურტყუნა რაღაც და იმ კაბარესკენ წავიდა, საიდანაც ის იყო გამოვედი. შემოვბრუნდი, რომ მადლობა მეთქვა ჩემი მხსნელისათვის, რომელიც ჯერ კიდევ ქვაფენილზე იდგა, და უეცრად გავიგონე:

- აბა, გილოცავ, უოტსონ, საქმის ასე გაფუჭებას მოფიქრება არ უნდა? ჩანს, ჩემთან ერთად მოგიხდებათ ღამის ექსპერსით ლონდონს დაბრუნება.

ერთი საათის შემდეგ შერლოკ ჰოლმსი, უკვე თავისი საკუთარი სახით, როგორც ყოველთვის სუფთა და ელეგანტური, ჩემს გვერდით იჯდა ოტელში. მისი მოულოდნელი ბედნიერი გამოჩენა უბრალოდ არ მომხდარა: გარემოებებმა საშუალება მისცეს, ლონდონიდან წამოსულიყო და გადაუწყვეტია გამოვეჭირე იქ, სადაც, მისი ვარაუდით, იმჟამად უნდა ვყოფილიყავი. მუშის სამოსი ჩაუცვამს და ჩემს მოლოდინში სამიკიტნოში მოკალათებულა.

- და როგორ თანმიმდევრულად მოქმედებდით, ძვირფასო უოტსონ! ყველა იმ შეცდომიდან, რაც შეიძლებოდა კაცს მოსვლოდა, ხელიდან არც ერთი არ გაუშვით. საბოლოოდ ყველა დააფრთხეთ და ვერც ვერაფერი გაარკვიეთ.

- იქნებ ვერც თქვენ მოახერხებდით მეტის გაგებას, - წყენით მივუგე მეც.

- არავითარი "იქნება" არ არსებობს, რაკიღა მე მართლაც მეტი მოვახერხე. აგერ დიდად პატივცემული ფილიპ გრინიც გამოჩნდა, იგი თქვენი მეზობელია სასტუმროში. შესაძლოა, მისი დახმარებით საქმე უფრო წარმატებით წავიყვანოთ.

ლაქიამ სინით მოგვართვა სადარბაზო ბარათი და ოთახში შემოვიდა ის წვეროსანი ხულიგანი, რომელიც ქუჩაში თავს დამესხა, მე რომ შემომხედა, შეკრთა და შეჩერდა.

- ეს რას ნიშნავს, მისტერ ჰოლმს? - იკითხა მან. - თქვენი ბარათი მივიღე და აქეთ გამოვეშურე. მაგრამ როგორ ავხსნა აქ ამ კაცის ყოფნა?

- ეს კაცი - ჩემი ძველი მეგობარი და კოლეგა, ექიმი უოტსონია, იგი ჩვენს სამძებრო საქმეში დახმარებას გვიწევს.

უცნობმა მზით დამწვარი მიხაკისფერი თათი გამომიწოდა და რამდენიმე საბოდიშო სიტყვა მითხრა: - მგონი დიდი ზიანი არ მოგაყენეთ. როცა თქვენ ბრალი დამდეთ, ვითომ იმ ქალის წინაშე რაიმე დამეშავებინოს, ვეღარ მოვითმინე. ამ დღეებში ისე ვცხოვრობ, რომ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობა კარგად აღარ მესმის. ნერვებმა მიღალატა, მაგრამ ყველაზე ძალიან ის მაინტერესებს, მისტერ ჰოლმს, საერთოდ როგორ გაიგეთ ჩემი არსებობა?

- მე ველაპარაკე ლედი ფრენსისის გუვერნანტ ქალს, მის დობნის.

- საყვარელი მოხუცი სუსან დობნი თავისი უზარმაზარი ჩაჩით! კარგად მახსოვს!

- იმასაც ახსოვხართ. ისეთი, როგორიც იყავით უწინ, აფრიკაში წასვლამდე.

- მაშ, თქვენ მთელი ჩემი ცხოვრების ამბავი იცით! კარგია, რომ დამალვა და დაფარვა არაფრისა მჭირდება, მისტერ ჰოლმს. გეფიცებით, ქვეყნად არ მოინახება კაცი, რომელსაც ეყვარებოდა ქალი უფრო ძლიერ, ვიდრე მე მიყვარდა ლედი ფრენსისი. მაგრამ ახალგაზრდობაში თავაშვებულ ცხოვრებას ვეწეოდი, როგორც ჩვენი წრის მრავალი ახალგაზრდა კაცი, თუმცა სხვებზე ცუდი არ ვყოფილვარ. იმ ქალის სული კი უბიწო თოვლივით სპეტაკი იყო. ყოველივე ტლანქი და მდაბალი, მოუთმენელი და აუტანელი იყო მისთვის. როცა ჩემგან ჩადენილი ამბები მის ყურს მისწვდა, ჩემი ნახვა აღარ მოისურვა. არადა მე ვუყვარდი ამ წმინდა ქალს - აი, რაა საკვირველი! ვუყვარდი ისე, რომ ჩემი გულისათვის მთელი სიცოცხლე გაუთხოვარი დარჩა.მე ბარბერტონში წავედი. გავიდა მრავალი წელი, მოვიხვეჭე სიმდიდრე და ბოლოს გადავწყვიტე ძველი სატრფოს პოვნა, იქნებ გული მოვულბო-მეთქი. ვიცოდი, რომ არ გათხოვილა. ლოზანაში აღმოვაჩინე, წარსული გავახსენე, შევევედრე, პატიება ვთხოვე. მგონია, ჩემს თხოვნას ყრუდ არ შეხვედრია, მაგრამ გაუტეხელი ნებისყოფისა იყო და, როცა მეორე დღეს მასთან მივედი, შევიტყვე, რომ ლოზანა მიეტოვებინა: მოვახერხე იმის გაგება, რომ ბადენში წასულა, ხოლო ცოტა მოგვიანებით ისიც დავადგინე, რომ აქ ცხოვრობს მისი მოახლე. უხეში, ტლანქი კაცი ვარ, გამოვლილმა ცხოვრებამ გამხადა ასეთი და, როცა დოქტორმა უოტსონმა იმ ქალზე ლაპარაკი დამიწყო, ვიფეთქე. მაგრამ, ღვთის გულისათვის, მითხარით, რა შეემთხვა ლედი ფრენსისს?

- სწორედ ეს გვინდა გავიგოთ, - თქვა ჰოლმსმა ძალიან სერიოზულად. - თქვენ სად გაჩერდებით ლონდონში?

- ოტელ "ლანგჰემში".

- მაშინ გთხოვთ დაუყოვნებლივ გაეშურეთ ლონდონს და, თუ დაგვჭირდებით, მზად იყავით. აუხდენელი იმედებით არ მინდა აგავსოთ, მისტერ გრინ, მაგრამ ლედი ფრენსისის გადასარჩენად, გარწმუნებთ, გაკეთდება ყველაფერი, რაც შესაძლებელია. ახლა მეტის თქმა არ შემიძლია. აი, ჩემი სადარბაზო ბარათი. როცა გენებოთ, დამიკავშირდით. ახლა კი, უოტსონ, თუ თქვენ გაემზადებით, მე გავვარდები ტელეგრაფში და ვთხოვ მისის ჰადსონს, ხვალ რვა საათზე ორ დამშეულ კაცს თავისი, როგორც მზარეულის, ხელოვნება გვიჩვენოს.

ბეიკერ-სტრიტზე დეპეშა გველოდა. ჰოლმსმა ხარბი ინტერესით წაიკითხა და გამომიწოდა. დეპეშა გამოგზავნილი იყო ბადენიდან და სულ ერთ სიტყვას შეიცავდა: "მოგლეჯილი".

- რა არის ეს? - გამიკვირდა.

- ამ ერთ სიტყვას უზარმაზარი აზრი აქვს, - თქვა ჰოლმსმა. - იმედი მაქვს, გახსოვთ ჩემი თხოვნა, რაც ერთი შეხედვით სულელური მოგეჩვენებოდათ: მე გთხოვდით, აგეწერათ პატივცემული მისიონერის მარცხენა ყური. თქვენ ის დეპეშა უპასუხოდ დატოვეთ.

- მე არც შემეძლო მაგ ცნობის მოწოდება, მე ხომ იმ დროს ბადენში არ ვიყავი.

- მართალს ბრძანებთ. სწორედ ამიტომ გავუგზავნე იგივე დეპეშის ასლი "ალბიონის" მმართველს და აგერ პასუხი.

- მერე, რაზე მეტყველებს მისი პასუხი?

- იმაზე, ჩემო ძვირფასო უოტსონ, რომ საქმე გვაქვს უაღრესად ეშმაკ და საშიშ კაცთან. მისიონერი სამხრეთ აფრიკიდან, დოქტორი შლეზინგერი ჰოლი პიტერს-წმინდანი, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამობრძმედილი ბოროტმოქმედთაგანი, რომელიც ავსტრალიიდან მოგვევლინა. ეს ახალგაზრდა ქვეყანა უკვე მრავალი სამაგალითო ნიმუშის აკვანია. პიტერსი მარტოხელა ქალებზე მონადირეა, იგი მათ თავის მახეში აბამს, ბოროტად იყენებს მათს რელიგიურ გრძნობებს, ხოლო ინგლისელი ქალი, სახელად ფრეიზერი, მისი ეგრეთწოდებული ცოლი, ამ საქმეში ეხმარება. დოქტორ შლეზინგერის ტაქტიკამ მომცა საფუძველი დავეჭვებულიყავი, რომ შლეზინგერი კი არა, პიტერს-წმინდანია, მისი მარცხენა ყურის ის აღწერილობა კი, რომელიც დეპეშაშია მოცემული, ჩემს ეჭვს ადასტურებს. პიტერს-წმინდანს მარცხენა ყური მიაკნიტეს მთვრალებმა ქ. ადელაიდაში ჩხუბის დროს. 1889 წელს საბრალო ლედი ფრენსისი საშინელი ადამიანების ხელშია ჩავარდნილი, უოტსონ. ისინი არაფრის წინაშე არ დაიხევენ უკან. ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ ქალი ცოცხალიც აღარ იყოს. თუ ცოცხალია, ალბათ ცხრაკლიტულში ჰყავთ გამომწყვდეული და წერილის დაწერას ვეღარ ახერხებს. შესაძლოა, ლონდონს ვერც ჩააღწია, თუმცა ვინ იცის, კონტინენტურ პოლიციასთან ხუმრობა სახიფათო რამაა, მათ რეგისტრაციის ისეთი სისტემა აქვთ, რომ შლეზინგერი და მისი ამფსონი ქალს ვერ გამოაპარებდნენ; ან იქნებ შორსაც წავიდა, მაგრამ ეს ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ლონდონი ერთადერთი ადგილია მთელს ინგლისში, სადაც არამზადებს შეუძლიათ ქალი ისე შეინახონ, ეჭვი არავინ აიღოს. ინსტინქტით ვგრძნობ, რომ ლედი კარფექსი ლონდონშია, მაგრამ ისიც არ ვიცი, სად ვეძიოთ. ამიტომ გამოსავალი ერთია: მოთმინება. ახლა ვისადილოთ, მოგვიანებით კი სკოტლენდ-იარდში შევივლი და ჩვენს მეგობარ ლესტრეიდს გავესაუბრები.

დრო გადიოდა, მაგრამ ვერც პოლიციამ, ვერც ჰოლმსის ინფორმაციის საკუთარმა ბიურომ - პატარა, მაგრამ უაღრესად მოქმედმა ორგანიზაციამ - ვერ შეძლო ლედი კარფექსის ადგილსამყოფელის აღმოჩენა. ადამიანები, რომელთაც ვეძებდით, ისე დაიკარგნენ მრავალმილიონიან ლონდონში, თითქოს ამქვეყნად არც ყოფილიყვნენ. ვაქვეყნებდით გაზეთებში განცხადებებს, ფხიზლად ვმეთვალყურეობდით ყველა ბუნაგს, სადაც შეიძლებოდა პიტერსი გამოჩენილიყო, მხედველობის არეში გვყავდა ხალხი, რომელთანაც მას ოდესღაც კავშირი ჰქონია, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. მთელი კვირის უნაყოფო ძიებასა და მტანჯველ ფიქრებს შედეგად ის მოჰყვა, რომ უეცრად ჩვენს რუდუნებასა და გარჯას ნათელი მოეფინა. ბევინგტონის ლომბარდში ვესტმინსტერ-როუდზე ძველი ესპანური ნამუშევარი, ბრილიანტებით გაწყობილი ვერცხლის საკიდი მოიტანეს. ნივთი ჩაცმულობით სამღვდელომ, ტანმაღალმა, უწვერულვაშო კაცმა დააგირავა. ეტყობა, მოგირავნეს სახელიცა და მისამართიც ყალბი დაუტოვა. მისტერ ბევინგტონს არ შეუმჩნევია, დამგირავებელს რანაირი ყური ჰქონდა, მაგრამ, სიტყვიერი პორტრეტის მიხედვით, იგი უდავოდ შლეზინგერი იყო.

ჩვენი წვეროსანი მეგობარი ოტელ "ლანგჰემში" ცხოვრობდა, იგი სამჯერ გვესტუმრა ამბის გასაგებად. მესამედ სწორედ იმ დროს მოგვადგა, როცა ბრილიანტის ჩაბარების ამბავი გავიგეთ. დარდმა იგი რამდენიმე წლით დააბერა, ტანსაცმელი ტანზე ისე ეკიდა, როგორ საკიდზე. "ნეტავ რაიმეთი შემეძლოს თქვენი დახმარება!" - გვეუბნებოდა სასოწარკვეთილი. როგორც იქნა, ჰოლმსმა მისთვის საქმე გამონახა.

- რაკი ძვირფასი ქვების დაგირავებას მიჰყო ხელი, ახლა ნამდვილად შევიპყრობთ.

- მაგრამ ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ლედი ფრენსისს რაღაც უბედურება დაემართა?

ჰოლმსმა თავი რაღაც საეჭვოდ გადააქნ-გადმოაქნია.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი აქამდე ტყვეობაში ტანჯავდნენ ქალს. მისი განთავისუფლება მათ არ შეუძლიათ, რადგან ეს ამბავი დაღუპავთ. მისტერ გრინ, ჩვენ უარესი და უარესი ამბების მოლოდინი უნდა ვიქონიოთ.

- მე რა უნდა გავაკეთო?

- თქვენ ხომ არ გიცნობენ ისინი?

- არა.

- შესაძლებელია, მეორედ ის სხვა ოქრომჭედელთან მივიდეს. მაშინ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. თუმცა ბევინგტონთან კარგი ფასი აიღო და არც არაფერი უკითხავს ვინმეს, ამიტომ ჩემი ვარაუდით, როცა ფული ისევ დასჭირდება, ალბათ მასთანვე მიცუნცულდება. ბევინგტონს წერილს გავუგზავნი და გავაგებინებ, რომ ამ დღეებში მის მაღაზიაში თქვენი ყოფნა აუცილებელია: თუ პიტერსი მოვა, მას სახლამდე უნდა მიჰყვეთ და სდიოთ. ოღონდ ნაჩქარევი ნაბიჯი არ გადადგათ და, რაც მთავარია, არავითარი ძალადობა! მომეცით კაცური სიტყვა, რომ ჩემთან შეუთანხმებლად არაფერს მოიმოქმედებთ.

ორი დღე ისე გავიდა, პატივცემულ გრინისაგან არავითარი ცნობა არ მიგვიღია (სხვათა შორის, ის სახელგანთქმული ადმირალის გრინის შვილი იყო. ადმირალი გრინი ხომ ყირიმის ომში აზოვის ფლოტს სარდლობდა). მესამე დღეს გრინი აკანკალებული და ფერდაკარგული შემოვარდა ბეიკერ-სტრიტის სასტუმრო ოთახში.

- ხელში ჩაგვივარდა, ხელში ჩაგვივარდა, - როგორც იყო ამოთქვა, რაც უნდოდა.

მღელვარებისაგან ხმა უწყდებოდა. ჰოლმსმა იგი სავარძელში ჩასვა და დასამშვიდებლად რამდენიმე ტკბილი სიტყვა უთხრა.

- ყველაფერი დალაგებულად გვიამბეთ, - სთხოვა ბოლოს.

- ქალი ამ ერთი საათის წინ მოვიდა. დიახ, ამჯერად ცოლი მობრძანდა და ზუსტად ისეთივე საკიდარი მოიტანა, როგორიც პირველად. მაღალი, ფერმკრთალი ქალია, ქრცვინის თვალები აქვს...

- ეს ის ქალია, - დაუდასტურა ჰოლმსმა.

- გავყევი. კენინგტონ-როუდზე შეუხვია, კუდში მივდევდი. უცებ მეკუბოვის დუქანში შევიდა...

ჰოლმსი შეკრთა. - მერე, - იკითხა მან გაბზარული ხმით და გასცა ის შინაგანი ცეცხლოვანი მღელვარება, რასაც მისი ცივი გამომეტყველება და ნაცრისფერი სახე ნიღბავდა.

- შევყევი. ლედი დახლთან მდგარ ქალს ელაპარაკებოდა, ჩემს ყურს მოსწვდა მისი სიტყვები: "რა დიდხანს აყოვნებთ!" იმანაც თავი იმართლა: "ყველაფერი სათანადო მისამართით მოვა. ჩვენ ხომ საგანგებო შეკვეთით მოგვიხდა კეთება, ამან ოსტატები შეაფერხა..." ამ დროს მე დამინახეს და გაჩუმდნენ. რაღაც-რუღაც წვრილმანები მივიკითხ-მოვიკითხე და ქუჩაში გამოვედი.

- სწორად მოქცეულხართ. შემდეგ რა მოხდა?

- ქალიც გამოვიდა, მაგრამ ვერ დამინახა, მე მეზობელ შესასვლელში დავიმალე. ალბათ ეჭვი აიღო, რადგან სულ აქეთ-იქით იყურებოდა. შემდეგ კებს მოუხმო და წავიდა. ბედზე მეც მაშინვე დავიჭირე კები და დავედევნე. ბრიკსტონზე ამოვყავით თავი. სადაც შევიდა, მისამართი შემიძლია გითხრათ: პოულტნი-სკვერი, სახლი 36. მე გზა განვაგრძე. კებმენი გავუშვი და სახლის დაზვერვას შევუდექი.

- შუქი მხოლოდ ერთ ფანჯარაში ენთო, პირველ სართულზე, მაგრამ ფარდა დაშვებული იყო და ვერაფერი გავარჩიე. ვიდექი და ვფიქრობდი, რა მომემოქმედა. უცებ აივანთან დახურული ფურგონი გაჩერდა. ორი მამაკაცი ქვაფენილზე გადმოხტა, რაღაც გამოათრიეს ფურგონიდან და აივანზე აიტანეს... მისტერ ჰოლმს, ეს იყო კუბო.

- აჰ...

- იმწამს მინდოდა მეც ოთახში შევვარდნილიყავი. კარი გაიღო, რომ კუბოს მიმტანი კაცები შიგნით შეეშვათ და კუბო შეეტანათ. კარის ზღურბლზე მე იგივე ქალი დავინახე: იმანაც შემომხედა და მგონი მიცნო. შევამჩნიე, რომ შეკრთა და კარი ხმაურით მოხურა. მე მომაგონდა, რასაც დაგპირდით, და აქეთ გამოვეშურე.

- საქმის ასეთი სანაქებო გაძღოლისათვის მადლობის მეტი რა მეთქმის, - ჰოლმსმა მაგიდიდან ქაღალდის ნაგლეჯი აიღო და სწრაფად რაღაც დაწერა. - უორდეროდ დაპატიმრების ნება არა გვაქვს. ახლა ყველაფერს აჯობებს, მისტერ გრინ, ეს ჩემი ბარათი პოლიციაში მიიტანოთ და ორდერი აიღოთ. შეიძლება წამოიჭრას რაღაც სიძნელეები, მაგრამ, ვფიქრობ, დაკარგული ძვირფასეულობის გაყიდვა საკმარისი საბაბია ეჭვმიტანილზე დაჭერის ორდერის გასაცემად. წვრილმანებს ალბათ ლესტრეიდი გაარკვევს.

- ამასობაში ხომ იმ ლედის მოკლავენ! აბა, რად უნდოდათ ის კუბო და ვისთვისაა, თუ არა იმ ლედისთვის?

- მისტერ გრინ, ყველაფერს ვიღონებთ, რაც ძალგვიძს. წუთსაც არ დავკარგავთ. გვენდეთ. აბა, უოტსონ, - მომიბრუნდა ჰოლმსი, როცა გრინი გაიქცა. - ახლა ის კანონის ძალას მოგვაშველებს, ჩვენ კი, როგორც ყოველთვის, კანონს გვერდს ავუვლით. ვშიშობ, საქმე ისე შავადაა, ყველა ზომა გამართლებას პოულობს. აბა, სწრაფად პოულტნისკვერისაკენ!

- ვცადოთ და მთელი სურათი აღვადგინოთ, - მითხრა ჰოლმსმა, როცა ჩვენი კები პარლამენტის გვერდით მიჰქროდა და მერე ვესტმინსტერის ხიდზე გადიოდა. - არამზადებმა უბედური ქალი ლონდონში გაიტყუეს, წინასწარ კი აიძულეს, თავიდან მოეშორებინა ერთგული ქალიშვილი. თუ ლედი ფრენსისმა მოახერხა და ვინმეს რაიმე მისწერა კიდეც, წერილებს ალბათ ის გარეწრები იგდებდნენ ხელთ. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაც თანამზრახველმა ლონდონში მათ ბინა უქირავა, ალბათ მთელი სახლი. იმ კარის ზღურბლზე გადასული ლედი ტყვედ აქციეს და ძვირფასეულობა, რისი ხელში ჩაგდებაც თავიდანვე სურდათ, მათი ნადავლი გახდა. ისინი თანდათანობით ყიდიან სხვის ქონებას და არავითარი საფრთხე არც ანაღვლებთ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ მათი მსხვერპლის ბედი არავის აინტერესებს, თუ ტყვე ხელიდან დაუსხლტებათ, რა თქმა უნდა, ის მათ ამხელს. ამიტომ ეცდებიან, რომ იგი ხელიდან არ გაუშვან. მაგრამ მთელი სიცოცხლე ჩაკეტილი ხომ არ ეყოლებათ?! შექმნილი მდგომარეობიდან მათი ერთადერთი გამოსავალი მკვლელობაა.

- ყველაფერი უაღრესად ნათელია.

- ახლა საქმის მეორე მხრიდან შევხედოთ. სადაც აზრის განვითარების ორი გზა ერთიმეორეს გადაკვეთს, ეს ადგილი ყველაზე უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან. ამოსავალ წერტილად ავიღოთ არა ლედი ფრენსისი, არამედ კუბო და უკან დავიხიოთ. მე მგონია, კუბო იმის დამადასტურებელია, რომ ლედი ფრენსისი გარდაიცვალა. მაგრამ ამას გარდა ეს ნიშნავს ოფიციალურ დაკრძალვას, ექიმის მოწმობასა და პოლიციის ნებართვას. ლედი ფრენსისი რომ რომელიმე მარტივი საშუალებით მოეკლათ, გვამს ეზოში დაფლავდნენ. მაგრამ აქ ყველაფერი ცხადი და დაუფარავია. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ლედი ფრენსისი მოკლეს ისეთი უჩვეულო ხერხით, რომ ძალადობა ექიმმაც კი ვერ გამოიცნო. ალბათ რაღაც იშვიათი შხამით მოწამლეს. მაინც უცნაურია, რომ დამნაშავეებმა ექიმს ნება დართეს, გვამი ენახა, იქნებ ექიმი მოისყიდეს? რაღაც დაუჯერებლი ამბავია.

- ყალბ საბუთს ვერ დაამზადებდნენ?

- ეს საშიშია, უოტსონ, ძალიან საშიში. არა მგონია ასეთი რამ გაებედათ... ჰეი, კები შეაჩერეთ! ესაა ლობარდი გავიარეთ, მაშ მომდევნო სახლი - მეკუბოვისაა. უოტსონ, თქვენი სახე ნდობას შთააგონებს ადამიანს. შედით და ჰკითხეთ, რა დროისთვისაა დანიშნული ხვალ გასვენება პოულტნი-სკვერიდან.

მეკუბოვის ქალმა გულახდილად მითხრა, ხვალ დილით რვა საათზეაო გასვენება.

- აი, ხედავთ, უოტსონ, არავითარი იდუმალება, ყველაფერს დღისით, მზისით აკეთებენ. როგორღაც მოუხერხებიათ ყველაფრის ოფიციალურად გაფორმება და ახლა აღარაფრის შიში არა აქვთ. რა გაეწყობა, ჩვენ ერთი გამოსავალი გვაქვს: ჯიქურ მივიდეთ, შინ შევეჭრათ, თქვენ შეიარაღებული ხართ?

- აი, ჩემი ხელჯოხი.

- არა უშავს, ჩვენ მაგრები ვართ ჩვენი სიმართლით. ვისაც სინდისი სუფთა აქვს, ის სამგზის შეიარაღებულია. საქმე ისეთი საშურია, რომ ახლა კანონიერების დაცვა არ მოხერხდება, პოლიციას ვერ დაველოდებით, გაეშურეთ, გთხოვთ, ერთად ვცადოთ ბედი, უოტსონ. პირველი შემთხვევა ხომ არ არის!

ესა თქვა და შავი, დიდი სახლის კართან ზარის თოკი მაგრად ჩამოქაჩა. კარი მაშინვე გააღეს. ნახევრად ბნელი ჰოლის კართან, ზღურბლზე, მაღალი ქალი იდგა.

- რა გნებავთ? - იკითხა ცივად, თან ცდილობდა ბნელში კარგად შევეთვალიერებინეთ.

- დოქტორ შლეზინგერს მინდა ველაპარაკო, - მიუგო ჰოლმსმა.

- ასეთი აქ არავინა ცხოვრობს.

ქალს უნდოდა კარი მოეხურა, მაგრამ ჰოლმსმა ფეხი კარსა და ზღურბლს შუა ჩადგა.

- თუ ასეა, მაშინ ის კაცი მელაპარაკოს, ვინც ამ სახლში ცხოვრობს, რა სახელსაც არ უნდა იკუთვნებდეს! - შეუპოვრად უთხრა ქალს.

ქალმა შეგვაყოვნა, მაგრამ მაინც შეგვიშვა.

- რა გაეწყობა, შემოდით, ჩემს ქმარს არავისი არ ეშინია.

სადარბაზო კარი ჩაკეტა, სასტუმრო ოთახში შეგვიძღვა, შუქი აანთო. მისტერ პიტერსი ახლავე აქ გაჩნდებაო, გვითხრა და ოთახიდან გავიდა.

ქალის სიტყვები სრული სიმართლე გამოდგა. ნახევარი წუთის ლოდინიც არ დაგვჭირვებია, ოთახის შეთვალიერებაც ვერ მოვასწარით, - მხოლოდ ჩრჩილისაგან დაჭმული ავეჯი შევნიშნეთ, - რომ კარი გაიღო და სასტუმროში მსუბუქი ნაბიჯით შემოვიდა სუფთად გაპარსული, მაღალი მელოტი კაცი. ფართო, ღაჟღაჟა, დღლაში სახე და დაკიდებული ლოყები გადამეტებული გულკეთილობით უცინოდა, რასაც არაფრით არ ესადაგებოდა ბაგეებზე აღბეჭდილი სასტიკი გამომეტყველება.

- აქ უთუოდ რაღაც შეცდომაა, ბატონებო, - ძალდაუტანებლად მოგვმართა, ყველაფრის შემსუბუქება რომ უნდათ ხოლმე, ისეთი კილოთი, - ჩანს, მისამართი შეგეშალათ და თუ ცოტას კიდევ გაივლით მარცხნივ...

- არსადაც არ წავალთ, მტკიცედ მიუგო ჩემმა მეგობარმა. - ჩვენ არა გვაქვს ზედმეტი დრო, მისტერ ჰენრი პიტერს ადელაიდელო, ანუ უწინდელო ბადენელო და სამხრეთ აფრიკელო დოქტორო შლეზინგერო. თქვენი პერსონა ამოცნობილია და ეს ისევე უეჭველია, როგორც ის, რომ ჩემი სახელია შერლოკ ჰოლმსი.

პიტერსი - ამიერიდან ასე მოვიხსენიებ - შეცახცახდა და თვალი მიაშტერა კვალში მდგომ მადევარს.

- რას იზამ, ყველაფერი ხდება, მისტერ ჰოლმს, მაგრამ თქვენმა მრისხანე სახელმა ვერ დამზაფრა, - თქვა მან. - როცა კაცს სინდისი სუფთა აქვს, იმას არაფრის ეშინია. რა გნებავთ ჩემს სახლში?

- გვინდა გავიგოთ, რა უყავით ლედი ფრენსის კარფექსს, რომელიც ბადენიდან ჩამოიყვანეთ.

- ძალიან დიდ პატივს დამდებთ, თუ მეტყვით, სად იმყოფება იგი ამჟამად, - მშვიდად მიუგო პიტერსმა. - ასი გირვანქა ჰმართებს ჩემი, სანაცვლოდ კი წყვილი ყალბქვებიანი უგემოვნო საკიდარი შემომაჩეჩა. ლომბარდში მათი შეხედვაც არ ისურვეს. ლედი ფრენსის ბადენში აგვეკიდა მე და მისის პიტერსს - იქ მართლაც სხვა სახელით ვცხოვრობდი - და ლონდონამდე არ ჩამოგვცილდა. მე გავასწორე მისი ანგარიში სასტუმროში, გადავიხადე აგრეთვე ბილეთის საფასური. ლონდონში კი სადღაც გაუჩინარდა, და ვალში, როგორც მოგახსენეთ, რაღაც ძველმოდური სამკაულები დაგვიტოვა.

ლედი კარფექსს თუ იპოვნით, მისტერ ჰოლმს, ძალიან დამავალებთ.

- აუცილებლად, - მიუგო ჰოლმსმა. - არ მივატოვებ მის ძებნას ამ სახლში, ვიდრე არ ვიპოვნი.

- სად არის ჩხრეკის ორდერი?

ჰოლმსმა ჯიბიდან პისტოლეტს ამოაყოფინა თავი და პიტერსს უჩვენა. ჯერჯერობით ამით უნდა დავკმაყოფილდეთ.

- თქვენ რა, ჩვეულებრივი ბანდიტი ხართ!

- სულაც არ მწყინს ასეთი შეფასება, - გაიცინა ჰოლმსმა, - ჩემი თანამგზავრიც მეტად საშიში და თავზეხელაღებული ადამიანია, ჩვენ ვიწყებთ ჩხრეკას.

პიტერსმა შემოსასვლელის კარი გააღო.

- ენი, პოლიციაში გაიქეცი!

კიბეზე კაბის შრიალი გაისმა, სადარბაზო კარი გაიღო და დაიხურა.

- ძალიან ცოტა დრო გვაქვს, უოტსონ, - თქვა ჰოლმსმა. - წავიდეთ! თუ ჩვენ ხელის შეშლას განიზრახავთ, პიტერს, უარესი იქნება. სადაა კუბო, რომელიც დღეს მოგაყენეს კარზე?

- რად გინდათ კუბო? მასში განსვენებული წევს.

- უნდა ვნახო!

- არასოდეს! ნებას არ მოგცემთ!

- თქვენი ნებართვის გარეშეც იოლად გავალთ, - ჰოლმსმა ელვის სისწრაფით უბიძგა პიტერსს, განზე მიაგდო და ჰოლში შევიდა. ჩვენ წინ ნახევრად ღია კარი დავინახეთ. შევედით. სასადილოში გაზის სანათის სუსტ შუქზე შევნიშნეთ, მაგიდაზე კუბო იდგა. ჰოლმსმა შუქს მოუმატა და კუბოს სახურავი ახადა. კუბოს სიღრმეში საცოდავი და დამჭკნარი არსება ესვენა. ბებრულ, დანაოჭებულ სახეს გაზის კაშკაშა შუქი მოხვდა. ვერც სნეულება და ვერც ყოვლად მხეცური წამება ასე მოკლე დროში ამ მიხრწნილ გვამად ვერ აქცევდნენ ლამაზ ქალს, რომლის სიცოცხლეც ჰყვაოდა. ჰოლმსის სახეზე გაოცება სიხარულმა შეცვალა.

- მადლობა ღმერთს, შესძახა, - ეს ის ქალი არაა!

- დიახ, ამჯერად სასტიკად მოტყუვდით, მისტერ ჰოლმს, - გაისმა ხმა პიტერსისა, რომელიც სასადილოში შემოგვყოლოდა.

- ვინ არის ეს ქალი?

- რაკი ასე გაინტერესებთ, შემიძლია გითხრათ. ეს ქალი - მოხუცი ძიძაა ჩემი ცოლისა, სახელად როუზ სპენდერი, ბრიკსტონის ხანაგიდან მოვიყვანეთ. მოვიწვიეთ ექიმი ჰორსომი, ცხოვრობს ფირბენკ-ვილასში, სახლი 13, - არ დაივიწყოთ ჩაწერა, მისტერ ჰოლმს! - ზრუნვით დავტრიალებდით, როგორც გვიბრძანებს ქრისტიანული ვალი. მესამე დღეს გარდაიცვალა. მოწმობაში წერია "ბებრული მარაზმით", მაგრამ ეს მხოლოდ ექიმის აზრია, - თქვენთვის, მისტერ ჰოლმს, მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი უკეთაა ცნობილი, ვიდრე ექიმისათვის! ჩვენ მივმართეთ ფირმას "სტიმსონი და კომპანია", კენინგტონ-როუდზე, დაკრძალვა ხვალ რვა საათზე გვაქვს გათვალისწინებული. რამე საჩოთიროდ და საჭოჭმანოდ ხომ არ გეჩვენებათ, მისტერ ჰოლმს? აღიარეთ, მისტერ ჰოლმს, რომ თქვენ ძალზე სულელურ ყოფაში აღმოჩნდით. ოჰ, რა გულუხვად გავიღებდი გასამრჯელოს, რომ ახლა ფოტოგრაფი მყოლოდა აქ და თქვენი სახის გამომეტყველება სურათზე აღმებეჭდა, ასე მხედრულად რომ შემოიჭერით კუბოსთან და მისის ფრენსისის ნაცვლად ოთხმოცდაათი წლის დედაბერი დაგხვდათ კუბოში ჩაწვენილი.

ჰოლმსი ჩვეული სიმშვიდით იდგა. ალბათ იმას ფიქრობდა, დაცინვას კაცი არ მოუკლავსო, მხოლოდ მუშტები ეკუმშებოდა და ამით საცნაურდებოდა, რომ ღელავდა.

- მე განვაგრძობ ჩხრეკას.

- ამასაც ვნახავთ! - შესძახა პიტერსმა. ამ დროს შემოსასვლელში ქალის ხმა გაისმა და მალე მას მძიმე ნაბიჯების ხმაც მოჰყვა: - აქეთ ბატონებო, ეს ორი კაცი ძალით შემოიჭრა ჩემს სახლში და ვერაფრით მოვიშორე თავიდან. გთხოვთ დამეხმაროთ!

ზემდეგი და კონსტებლი ზღურბლზე დადგნენ. ჰოლმსმა საფულედან სადარბაზო ბარათი ამოიღო და გაუწოდა.

- აი, ჩემი სახელი და მისამართი. ეს კი ჩემი მეგობარია, ექიმი უოტსონი.

- როგორ გეკადრებათ, სერ, რად გვინდა თქვენი სადარბაზო ბარათი! ბრიყვები როდი ვართ, რომ თქვენ არ გიცნობდეთ! - თქვა ზემდეგმა. მაგრამ ორდერის გარეშე ხომ ჩხრეკა არ შეიძლება?!

- ვიცი, რომ არ შეიძლება.

- დააპატიმრეთ! - შესძახა პიტერსმა.

- ჩვენ ვიცით, სად ვიპოვოთ ეს ჯენტლმენი, თუ საჭიროება მოითხოვს, - მედიდური იერით მიუგო ზემდეგმა. - მაგრამ თქვენ მაინც წასვლა მოგიხდებათ, მისტერ ჰოლმს.

- ჰო, უოტსონ, ჩვენ წასვლა მოგვიწევს.

ერთი წუთის შემდეგ ისევ ქუჩაში ვიყავით. ჰოლმსი მშვიდი ჩანდა, როგორც ყოველთვის, მე კი ლამის ცეცხლი მომედო ბრაზისა და დამცირებისაგან. ზემდეგიც ჩვენ გამოგვყვა.

- გვაპატიეთ, მისტერ ჰოლმს. რას იზამ კანონია.

- ყველაფერი სწორია, ზემდეგო, სხვანაირად ვერ მოიქცეოდით.

- ცხადია, თქვენ იქ ტყუილად არ მიხვიდოდით, მესმის. თუ შემიძლია რაიმე დახმარება გაგიწიოთ...

- ქალია დაკარგული, ზემდეგო, და გვაქვს ეჭვი, რომ ამ სახლში ჰყავთ დამალული, წუთი-წუთზე ველი ორდერს.

- მაშ, მე აქაურობას თვალს არ მოვაცილებ, მისტერ ჰოლმს, და თუ რაიმე შევნიშნე, მაშინვე გაცნობებთ.

მხოლოდ ცხრა საათი იყო, მე და ჰოლმსი დაუყოვნებლივ გზას გავუდექით. პირველ რიგში ბრიკსტონის ხანაგას მივაკითხეთ და გავიგეთ, რომ რამდენიმე დღის წინ იქ მართლაც ყოფილა ცოლ-ქმარი და განუცხადებიათ სურვილი, რომ წაეყვანათ ღრმად მოხუცი ქალი, რომელიც უწინ თურმე მათ ემსახურებოდათ. ნებართვა აუღიათ და შინ წაუყვანიათ. როცა ვთქვით, რომ დედაბერი მოკვდა, დავრდომილთა თავშესაფარში ეს არავის გაჰკვირვებია.

ჯერი ექიმ ჰორსომზე მიდგა. მან გვითხრა, რომ წინა დღით გამოიძახეს ავადმყოფთან, რომელიც, მისი აზრით სიბერის მიხრწნილობით კვდებოდა. სწორედ ჩემს თვალწინ განუტევაო სული. მოწმობა ყველა წესისა და რიგის დაცვით შევადგინე და ხელიც მოვაწერეო.

- დარწმუნებით შემიძლია განგიცხადოთ, იმ ქალის გარდაცვალება იყო ყველაზე უფრო ბუნებრივი რამ, და ყოველგვარი ეჭვი უბრალოდ გაუმართლებელი იქნება, - დაასკვნა მან.

- არაფერი საეჭვო სახლში არ შეგვიმჩნევია, მხოლოდ იმ უცნაურ ამბავზე შემიძლია მივაქციო თქვენი ყურადღება, რომ ასეთი შეძლებული ხალხი მოსამსახურეების გარეშე ცხოვრობს. აი, ყველაფერი, რაც ჩვენ ექიმ ჰორსომისაგან გავიგეთ.

ბოლოს წავედით სკოტლენდ-იარდში. აღმოჩნდა, რომ ორდერის გაფორმების ამბავი გაჭიანურებულიყო, მოსამართლის ხელმოწერას დილამდე ვერ მივიღებდით. თუ მისტერ ჰოლმსი ხვალ ცხრა საათზე შემოივლის, შეუძლია ინსპექტორ ლესტრეიდს გაჰყვეს და დაპატიმრებას დაესწროსო. მეტი იმ დღეს არაფერი ისეთი არ მომხდარა, თუ შუაღამისას ზემდეგის ვიზიტს არ ჩავთვლით. მან თქვა, რომ სახლის ბნელ ფანჯრებში რამდენჯერმე იელვა შუქმა, მაგრამ სახლიდან არავინ გასულა და არც არავინ შესულაო. ისღა დაგვრჩენოდა, დილამდე მოთმინებით დაგვეცადა.

შერლოკ ჰოლმსი მეტისმეტად გაწბილებული იყო, ასე რომ საუბარი ვერ აეწყობოდა. იგი ისე ღელავდა, რომ ვერც იძინებდა, მე ჩემს ოთახში წავედი, ის კი სასტუმროში დარჩა. მუქი დაფანჩული წარბები კიდევ უფრო დაბლა ჩამოეშვა, სავარძელში იჯდა, თითებით აკაკუნებდა მის სახელურებზე, სიგარეტს სიგარეტზე ქაჩავდა და ეძებდა და ეძებდა საქმის გახსნისათვის მოსარგებ გასაღებს. ღამით რამდენიმეჯერ მომესმა მისი ნაბიჯების ხმაც. დილით, პირს რომ ვიბანდი, ფერწასული შემოიჭრა ჩემთან, ლოყები ჩაცვივნილი ჰქონდა, წუთითაც ვერ მოეხუჭა თვალი.

- როდისაა დაკრძალვა? რვაზე, არა? ახლა რვის ოცი წუთია. - ლაპარაკობდა ნაწყვეტ-ნაწყვეტად, - სად ჯანდაბაში წამივიდა აზროვნება, რომელმა უფალმა მომკერძა? ჩქარა, უოტსონ, ჩქარა! აკი ახლა წყდება: სიცოხლე ან სიკვდილი, სიცოცხლის გადარჩენის ერთი შანსია, სიკვდილისა კი ასი. თუ დავაგვინებთ, ვერასოდეს თავს ვერ ვაპატიებ ამ ჩემს მიუხვედრელობას.

ხუთი წუთიც არ გასულა და ჩვენ უკვე კებით ბეიკერ-სტრიტზე მივქროდით. მაგრამ პარლამენტს რომ მივუახლოვდით, რვას ოცდახუთი აკლდა. ბრიკსტონ-როუდზე ისრები უკვე რვასთან მივიდნენ. ბედზე მარტო ჩვენ არ აღმოვჩნდით დაგვიანებულნი. ცხრის ათ წუთზე კებმენმა გაოფლილი ცხენები შეაჩერა იმ აივანთან, რომელთანაც ჯერ კიდევ იდგა კატაფალკი, კარში კი სამ მუშას კუბო გამოჰქონდა. ჰოლმსი წინ გაიჭრა და გზა გადაუღობათ.

- შეჩერდით! - უყივლა და ტვირთისაგან დაძაგრულ პირველსავე კუბოსმზიდავს მკერდში ხელი მიაბჯინა, - დაუყოვნებლივ წაიღეთ უკან კუბო!

- რა ეშმაკი და დოზანა გინდათ აქ?! სადაა თქვენი ორდერი, ახლავე მიჩვენეთ! - დაიღრიალა ჰოლიდან ჭარხალივით გაწითლებულმა პიტერსმა.

- ორდერი იქნება. კუბო კი სახლში დარჩება, ვიდრე ორდერი მოვა.

ჰოლმსის მბრძანებლურმა ხმამ კუბოს მზიდავებზე ზეგავლენა მოახდნა. პიტერსი შეუმჩნევლად გაქრა რომელიღაც კარში, და კუბო უკანვე შეიტანეს. - მალე, მალე, უოტსონ, აგერ სახრახნისი! - წყვეტილი ხმით ბრძანებდა ჰოლმსი და მაგიდაზე დადგმულ კუბოს გარშემო უტრიალებდა. თქვენც აიღეთ სახრახნისი. თუ ერთ წუთში სახურავს ახდით, სოვერენს მიიღებთ, მეგობრებო. არავითარი კითხვები! ჩქარა, ჩქარა! ასე, კარგია! ერთი ხრახნიც!.. უკანასკნელი. ყველამ ერთად ავქაჩოთ, აჰა, სახურავი ეხდება, უფ! როგორც იქნა!

ხუთმა ავხადეთ სახურავი და მაშინვე ლამის გაგვაბრუა ქლოროფორმის მწვავე სუნმა. განსვენებულის თავი ნარკოტიკებით გაჟღენთილი ბამბის სქელი ფენით იყო შეხვეული. ჰოლმსმა ის მოაცილა და ჩვენ დავინახეთ ორმოციოდე წლის მშვენიერი ქალის ნატიფი სახე. ჰოლმსმა ქალს მხრებში ხელი მოხვია, წინ წამოსწია და ბოლოს დასვა.

- ცოცხალია, უოტსონ? ნუთუ დავაგვიანეთ? ნუთუ ყველაფერი გათავდა?

ნახევარი საათი მძაფრ ლოდინში გავიდა. მეგონა, რომ მართლა ყველაფერი გათავდა, რომ ჰაერის ნაკლებობასა და ქლოროფორმის შხამიან ანაორთქლს სხეული ვერ აიტანდა, სიცოცხლის უკანასკნელი ნაპერწკალი ჩაქრებოდა და ამაოდ ვშვრებოდით და ვირჯებოდით. ეთერს ვუშხაპუნებდით, ხელოვნურ სუნთქვას მივმართეთ და, საერთოდ, ვაკეთებდით ყველაფერს, რასაც ასეთ შემთხვევაში ავადმყოფს თანამედროვე მედიცინა უნიშნავს ხოლმე. ბოლოს ქალის ქუთუთოები ოდნავ შეირხა, ტუჩებთან მიტანილი სარკე დაინისლა - მას სიცოცხლე უბრუნდებოდა! აივანთან კები გაჩერდა. ჰოლმსმა ფარდა ასწია და ფანჯარაში გაიხედა. - როგორც იქნა, გამოჩნდა ლესტრეიდი ორდერით, - თქვა, - მაგრამ მისი ჩიტები უკვე გაფრინდნენ... როცა დერეფნიდან სწრაფი ნაბიჯების ხმა შემოესმა, ჰოლმსმა განაგრძო: - მოდის ადამიანი, რომელიც ლედი ფრენსისს უკეთ მიეშველება, ვიდრე ჩვენ შევძელით. გამარჯობათ, მისტერ გრინ! რაც უფრო მალე წავიყვანთ აქედან ლედი ფრენსისს, მით უკეთესი იქნება. დაკრძალვის ცერემონია კი გაგრძელდეს, ოღონდ ახლა ეს საწყალი დედაბერი, კუბოში რომ დარჩა, თავის უკანასკნელ გზაზე მარტოკა წავა.

- თუ თქვენ გსურთ, ეს ეპიზოდი თქვენს ანალებში ჩაურთოთ, ძვირფასო უოტსონ, - მეუბნებოდა იმ საღამოს ჰო-ლმსი, - მოიტანეთ იგი, როგორც ჩემი აზროვნებისა და გონის დროებითი დაბნელების მაგალითი. ჭეშმარიტად შეიძლება, ასეთი რამ თვით ყველაზე უფრო ფხიზელ გონებას დაატყდეს თავს. არც ერთი მოკვდავი არაა დაზღვეული ასეთი მარცხისაგან, მაგრამ პატივისცემის ღირსია ის, ვისაც აქვს უნარი დროზე შენიშნოს ასეთი ჩავარდნა და გამოასწოროს. მთელი ღამე არ მასვენებდა აზრი, რომ იყო, იყო რაღაც წვრილმანი ამბავი, რასაც სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე, მონადირესავით კვალში ვედექი ნადირს, მაგრამ გამომრჩა რაღაც არა მთლად ჩვეულებრივი, რაღაც სიტყვა, მოძრაობა, გამოხედვა... და როცა გათენდა, უეცრად მომაგონდა მეკუბოვის ცოლის სიტყვები... "კეთება მოგვიხდა განსაკუთრებული შეკვეთით, და ოსტატებსაც იმიტომ შეაგვიანდათო". ისინი კუბოზე ლაპარაკობდნენ. კუბოს ამზადებდნენ განსაკუთრებული შეკვეთით. რაღა თქმა უნდა, ზომებიც განსაკუთრებული იქნებოდა. მაგრამ რისთვის? ვისთვის? მაშინ თითქოს ხელახლა დავინახე უჩვეულო მაღალი კუბო, რომლის ფსკერზეც საცოდავი მილეული დედაბერი ესვენა, რატომ შეუკვეთეს ასეთი პატარა არსებისათვის ამოდენა კუბო? რომ შინ კიდევ ერთი გვამისათვის დარჩენილიყო ადგილი! ორივეს ერთი მოწმობით დამარხავდნენ. ყველაფერი თავიდანვე აშკარა იყო, მაგრამ მე როგორღაც დავბრმავდი. დილის რვა საათზე ლედი ფრენსისს კუბოში ჩაასვენებდნენ და კატაფალკზე დაუდებდნენ. ერთადერთი ჩვენი იმედი ის იყო, რომ, ვიდრე სახლიდან გაიტანდნენ მიცვალებულს, დამმარხველები შეგვეჩერებინა. ვარაუდი, რომ ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იქნებოდა, სიგიჟე იყო, მაგრამ რაღაც შანსი მაინც არსებობდა. რამდენადაც ვიცი, იმ ადამიანებს მკვლელობა არასოდეს არ ჩაუდენიათ. ვფიქრობდი, რომ ისინი მკვლელობას არც ახლა ჩაიდენდნენ. ისე მოიწადინებდნენ ქალის დამარხვას, რომ არ დაეტოვებინათ კვალი, რითაც შესაძლებელი გახდებოდა ლედი ფრენსისის ძალადობით მკვლელობის დადგენა. თუნდაც შემდეგ გვამი საფლავიდან ამოეღოთ ისინი მაინც როგორმე თავს დაიძვრენდნენ. იმედი მქონდა, რომ დამნაშავენი სწორედ ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდნენ. რაც მოხდა შემდეგ - თვითონაც იცი, და ნახეთ ის საშინელი სხვენიც, სადაც არამზადებს ქალი დამწყვდეული ჰყავდათ. ისინი დღეს დილით ავიდნენ მასთან, ქლოროფორმი ასუნთქეს, ჩააძინეს, ძირს ჩამოიტანეს, თავზე მოახვიეს ქლოროფორმით გაჟღენთილი ბამბა, რათა ვეღარ გაღვიძებოდა და კუბოს სახურავი ჩახრახნეს. ჭკვიანურად მოფიქრებული გეგმაა, ვერაფერს იტყვი! არაფერი მსგავსი დანაშაულობათა ანალებში მე არ შემხვედრია. თუ დამნაშავენი ლესტრეიდს გაექცევიან, მათი კარიერა, უნდა ვივარაუდოთ, არანაკლებ ბრწყინვალე საქმეებით დაგვირგვინდება.

??????