რაინი (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
როს ის-ის იყო, ოქროს შუადღე
ძირს ჩამოეშვა სათავისაკენ
ალპიურ მთათა მაღალი კიბით,
ღვთიურანაგებს ზეციერ არსთა
ცოხე-კოშკად რომ რაცხდნენ ძველთაგან,
როგორც მსმენია, და საიდანაც
საიდუმლოდ განჩინებული,
ზოგი რამ ჯერაც
აღწევს კაცამდე; სწორედ იქიდან
შემომესმა რამ ბედისწერა, მოულოდნელად,
რადგანაც სული თბილ ჩრდილოვანში
ჯერ ისევ ჩუმად მესიტყვებოდა
და არ ილტვოდა ჯერ იტალიის
და არც მორეას შორეული ნაპირებისკენ.
აწ კი წიაღში მთიანეთისა
ვერცხლის მწვერვალთა ქვემოთ, სიღრმეში,
გულისგამახარ, მწვანე საფარქვეშ,
სადაც ტყეები გადახრილან შეძრწუნებულნი
მისკენ და კლდეთა შვერილებიც ერთურთს თავზემოთ
მას დღენიადაგ დაზაფრულნი გადმოსცქერიან, -
მესმოდა, როგორ დრტვინავდა იქ, ყველაზე უფრო
ყინულოვანი უფსკრულის ბნელში,
ჭაბუკი, როგორ ხმობდა საშველად,
მესმოდა, როგორ სდებდა ბრალს დედას
- მიწას და თავად ღმერთს ქუხილისას,
ჩამსახველს თვისას, თუმცა კი, მშობლებს
თავს ავედრებდა, მაინც უფრთხოდნენ
იმ ადგილს კაცნი, რადგან მართლაცდა
შემაზარები იყო სიშმაგე
ბნელ ბორკილებში
გამომწყვდეულ ნახევარღმერთის...
ხმა იყო ესე
მდინარეთაგან ყველაზე უფრო
კეთილშობილის -
თავისუფლადშობილ რაინის.
მიესწრაფვოდა ის სულ სხვა რასმე, როცა იქ, მიღმა,
დაშორდა თვის ძმებს:
ტესსინს, როდანუსს
და ხეტიალი მოიწადინა, და მოუთმენლად
შეაბრუნა აზიისაკენ მეფურმა სულმა.
თუმც რა აზრი აქვს
ბედისწერის წინაშე სურვილს.
უბრმავესნი კი
ღმერთთა ძენი არიან. რადგან
ადამიანმა იცის თვისი სახლი და ნადირს
მიეცა ცოდნა, სად აიგოს თავშესაფარი,
ხოლო მათ არცროს არ სცოდნიათ, საით გასწიონ
გამოუცდელი სულის ლტოლვაში.
გამოცანაა, სიწმინდიდან რაც წარმოიშვის.
და გალობასაც არ აქვს ნება მისი გამხელის.
წამოიწყებ და იქვე შედგები.
როგორც არ უნდა მოქმედებდეს გასაჭირი და
აღზრდა, ყოველთვის
ყველაზე მეტის შემძლებელი დაბადებაა
და ნათლის სხივი,
ახალშობილს რომ ეგებება.
მაგრამ სად არის
ის, ვინც ესოდენ
სვებედნიერად იქნებოდა დაბადებული
ღვთაებრივი წიაღიდან და
გადმოდენილი
ხელშემწყობი მაღლობებიდან,
რაინის მსგავსად -
მთელი ცხოვრება
თავისუფლებით რომ დამტკბარიყო და მარტოოდენ
გულის სურვილი ესრულებინა?
ამიტომ არის სიტყვა მისი ლაღი ყიჟინა.
არ უყვარს რაინს, განსხვავებით სხვა ბავშვებისგან,
არტახებში კვნესა-ტირილი.
რადგან იქ, სადაც ნაპირები თავდაპირველად
მას გვერდებიდან ეპარებიან,
მიმოკლაკლულნი,
და სწყურიათ მისწვდნენ კბილებით,
და შეაჩერონ დაუდგრომელი,
სიცილით გაგლეჯს იგი გველებს, მიექანება
ნადავლიანად და თუ რაიმე უფრორე მძლავრი
ამ სიჩქარეში არ შეაყოვნებს,
არ შეაფერხებს მის ზრდას, ელვისებრ
გააპობს იგი დედამიწას და
მონუსხულები დაიძვრებიან
და გაჰყვებიან ბნელი ტყეები
და მის კვალდაკვალ თავად მთებიც დაემხობიან.
მაგრამ ღმერთს უნდა დაუზოგოს ძეებს სიცოცხლე,
ესდენ მიმსწრაფი, და იღიმება,
როს მოხეთქილი, თუმცა კი წმინდა ალპების მიერ
შეფერხებული, მდინარეები
მას რაინივით ბნელ სიღრმეში ჩაემსხვრევიან.
ასეთი სახის სამჭედლოში დაიკვერება
შემდეგ ყოველი წმინდა, სუფთა, შეურეველი,
და ლამაზია, როცა ის გარეთ,
მას შემდეგ მთები რაც მიატოვა,
ნელი დინებით მიედინება გერმანული ქვეყნის მიწაზე,
თვალს ახარებს და წყურვილს არწყულებს,
კეთილად საქმობს, აშენებს რა ახალ ქვეყანას,
მამა რაინი, ასაზრდოებს საყვარელ შვილებს
იმ ქალაქებში, რომლებსაც ის აფუძნებს თავად.
თუმც, არცროს, არცროს იგი ამას არ დაივიწყებს.
რადგანაც უმალ საცხოვრისი, კერა დაემხოს,
და წეს-კანონი და კაცთა დღე გაუკუღმართდეს,
ვიდრე ასეთმა დასაბამი გადაივიწყოს
და უბიწო ხმა სიჭაბუკისა.
ვინ იყო იგი, ვინც სიყვარულის ნაზი ძაფები
მიწყვიტ-მოწყვიტა და თოკები დაგრიხა მათგან?
შემდეგ საკუთარ უფლებას და, ცხადია, ციურ
ცეცხლსაც დასცინეს, უგუნურებმა, პირველად მაშინ
აითვალწუნეს მოკვდავთა გზები
და განიზრახეს თავად ღმერთებს გატოლებოდნენ.
მაგრამ ზენაართ საკუთარი უკვდავებაც ყოფნით და მხოლოდ
ერთი სჭირდებათ: გმირნი და კაცნი
და ყველა ჯურის მოკვდავნი. რადგან
ნეტარნი თვისას ვერაფერს გრძნობენ,
და მავანმა სხვამ, თუ არსებობს ამის თქმის ნება,
ღმერთთა სახელით უნდა იგრძნოს მათი ბუნება.
აი, ეს კაცი სჭირდებათ მათ. თუმც სამართალი
მათი ასე ჭრის, რომ საკუთარ სახლს
დააქცევს იგი და უსაყვარლეს საგნებს მტერივით
გაანადგურებს და მამასა და შვილს ნანგრევებქვეშ
დამარხავს, თუკი შეპყრობილი შმაგი ოცნებით,
მოინდომებს ღმერთთ დაედაროს
და არაფერი აიტანოს განსხვავებული.
და ამიტომაც ნეტარია კაცი, რომელმაც
იპოვა ხვედრი, სასიკეთოდ განჩინებული,
იქ, სადაც ხანგრძლივ ხეტიალთა და
ტკბილ სატანჯველთა მოგონებები
ამოშრიალებს საიმედო სანაპიროზე,
რათა შეეძლოს მიმოიხედოს
და მზერით მისწვდეს საზღვრებს, რომლითაც
დაბადებისას შემოუხაზა
ღმერთმა მიწაზე ყოფნის ადგილი.
მაშინ ისვენებს, ის, ნეტარი და თავმდაბალი,
რადგან ყოველი, რაც კი ეწადა,
ყოველივე ზემიწიერი, თავისთავად შემოხვევია
დაუძალებლად და მომღიმარედ
ახლა, როდესაც ისვენებს იგი, - შეუპოვარი.
ნახევარღმერთნი გავიხსენო ახლა კი უნდა,
უნდა ვიცნობდე მათ, ძვირფასებს, რადგანაც ხშირად
მათი სიცოცხლე მონატრებულ გულს მიძგერებდა.
მაგრამ ვის, რუსსო, ვის რგებია შენსავით სული,
დაუძლეველი, გამძლე, და ვის აზრი შენებრი,
ესოდენ კეთილსაიმედო, და სანუკვარი
ნიჭი მოსმენის და მეტყველების,
ვის ძალუძს ღვთიურ სისავსიდან, როგორც ღვინის ღმერთს
მიაგოს წესის უარყოფით, ღვთიურ სიგიჟით
და გასაგებად უწმიდესთა ენა კეთილებს.
მაგრამ სიბრმავე შეახალოს იმ შეუსმენელ
და უცხო სულებს,
რომელნიც მხოლოდ ზეცის შემლახველთ,
სულმდაბალ მონებს შემიძლია გავუთანაბრო.
და დედამიწის ძენი ისე ვით მათი დედა,
ყველაფრის მიმართ სიყვარულით სავსე არიან,
სვებედნიერნი, დაუღალავად უხსნიან გულს
მთელ დიდ სამყაროს.
და ამიტომაც განცვიფრდება და შეშინდება
მოკვდავი კაცი, როდესაც ზეცას,
რომელსაც მხრებზე დაიხვავებს
სიყვარულით სავსე მკლავებით,
და ასევე, ტვირთს სიხარულის,
აზრით ჩასწვდება.
მაშინ მას ხშირად ეჩვენება უკეთეს ხვედრად,
საბოლოოდ დავიწყებული
იყოს იქ, სადაც სხივი არა კრთის,
ტყის ჩრდილოვანში,
ბილერის ტბის ნორჩ სიმწვანეში,
და უზრუნველი, მწირი ჰანგები
ვით ახალბედამ შეითვისოს ბულბულებისგან.
დიდებულია, გამოიღვიძო
ღვთაებრივი ძილიდან მერე,
აღსდგე ფხიზელი ტყის სიგრილეში,
საღამოობით
შეეგებო უფრო ნაზ ნათელს,
როდესაც ისიც, ვინც ააგო მთაგრეხილები,
და გაუვლო მდინარეებს მათი სავალი,
მას შემდეგ რაც მან, ღიმილიანმა,
კაცთა ცხოვრებაც, საქმიანი, სულით ღარიბი,
ისე ვით აფრა, გადახარა ნიავქარებით, -
ისვენებს და აწ მოწაფე ქალთან,
სიკეთეს უფრო მეტს პოულობს ბოროტებაზე,
ის, შემოქმედი.
და დღე ეშვება დღევანდელი დედამიწისკენ. -
და მაშინ უკვე ღმერთნი და კაცნი ქორწინებას იზეიმებენ,
და ზეიმობს ყველა ცოცხალი,
და ერთხანს თავად ბედისწერა წონასწორდება.
და თავშესაფარს დაეძებენ გაქცეულები,
და ტკბილ ძილს ეძებს ყველა მამაცი,
ხოლო მიჯნურნი ის არიან, რაც გუშინ იყვნენ,
შინ არიან ისინი, სადაც
ყვავილები შეჰხარიან უვნებელი ცეცხლის ნაკადებს,
და ჩამუქებულ ხეებს სული ზუზუნით უვლის,
გამოცვლილან წაჩხუბებულნიც:
ერთმანეთს სწრაფად უწვდიან ხელებს,
ვიდრე სინათლე,
მეგობრული, ჩაესვენება
და მოვა ღამე.
თუმცა სიხარულს ზოგი ჰკარგავს მალევე, სხვა კი
ინარჩუნებს მას უფრო დიდხანს,
მარადიული ღმერთნი სიცოცხლით
სავსე არიან ყოველჟამიერ. ხოლო ადამის
ძე თვით სიკვდილშიც
არ დაივიწყებს საუკეთესოს,
შემდეგ კი უკვე უუმაღლესს ეზიარება.
მირგინებული აქვს თვითეულს მისი საზომი.
რადგან ძნელია უბედურების
ტარება, მაგრამ ბედნიერების
ტარება კიდევ უფრო ძნელია.
ხოლო ბრძენს ძალუძს შუადღიდან შუაღამემდე,
და ვიდრე დილა ამობრწყინდება,
ნათელი გონით დარჩეს ნადიმზე.
შენ შეიძლება ნაძვებქვეშ მრუმე
და ცხელ ბილიკზე, ანდა მუხნარში,
შებურულ ქოხში, ანდა ღრუბლებში,
ო, ჩემო სინკლერ!
ღმერთი გეჩვენოს, რადგან შენ იცნობ
ძალას კეთილის და არასოდეს
დაფარული არა ყოფილა
შენთვის მეუფის ღიმილი დღისით,
ოდეს მხურვალე და ნაწილებგადაჯაჭვული,
ნათობს სიცოცხლე ანდა ღამითაც,
როს შეერევა უწესრიგოდ ყოველი ერთურთს
და როს ქაოსი, უძველესი, ბრუნდება ისევ.