ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ
გაზიარება

მნემოზინე (მთარგმნელი:ნაირა გელაშვილ)  

ჩვენ ვართ ნიშანი, განუმარტავი,
არ გაგვაჩნია ტკივილი და უცხოობაში
თითქმის უკვე დავკარგეთ ენა.
სახელდობრ, როცა კაცთა ზეგარდმო
ზეცად ატყდება შფოთი და ვლიან
მთვარეები ძლევამოსილად, ამეტყველდება
ზღვაც საიდუმლოდ და გზები უნდა
მოიძებნონ მდინარეებმა. მაგრამ ის ერთი
ეჭვგარეშეა. მას შეუძლია
ეს ყოველი შეცვალოს მუდამ. არ საჭიროებს
იგი კანონს და იშრიალებს
ფოთოლნარი და დაირხევიან
მუხები დიად მყინვარებთან, რადგანაც ციერთ
ყველაფერი არ შეუძლიათ. სახელდობრ, კაცნი
მიაღწევენ მანამდე უფსკრულს. ამგვარად ექო
ისევ ამათ ეხმიანება.
გრძელია ჟამი, მაგრამ მაინც ხორციელდება
ჭეშმარიტება.მაგრამ ის ვითღა, რაც გვიყვარს? მზის შუქს
ვხედავთ, მშრალ მტვერს და უხვჩრდილებიან,
ტყეებს, დაბურულს, და ლურჯი ბოლის
მშვიდ ყვავილობას ბებერ კოშკების
ქონგურებიდან და ტოროლანი
დაჟივჟივებენ დაკარგულნი ჰაერთა წიაღ,
მწყობრად ბალახობს ცის ფარა დღის ქვეშ,
და თოვლიც, სადაც არ უნდა იდოს,
ფურისულების არ იყოს, მუდამ
სისპეტაკეზე რომ მიანიშნებს, -
ციმციმებს მთების ხასხასა ველთან,
და მასთან იყოფს კალთას ალპების.
იქ მიდიოდა, ვიწრო ბილიკს მიუყვებოდა,
ყარიბი ერთი
და მეორეს ესიტყვებოდა
წყნარად იმ ჯვარზე, რომ აღუმართავთ
ოდესღაც გზაში გარდაცვლილთათვის. თუმც ეს რას ნიშნავს?
ლეღვის ხის ძირას
მომიკვდა ჩემი აქილევსი და აიაქსი
მღვიმეების წინ ასვენია, მღელვარე ზღვასთან,
წყაროთა შორის, შორიახლოს სკამანდროსისა.
ქართა ზუზუნში შეპყრობილმა ზენა რამ ძალით
და მშობლიური
სალამისის გულითშემტკბარ წესთა მიხედვით
დალია სული აიაქსმა უცხო მხარეში.
ხოლო პატროკლე, მუზარადში მეფისა და სხვაც
მრავალი მოკვდა: საკუთარ ნებით,
ატანილი ნაღვლიანი, ველური ჟინით
სიმამაცისა, თუმცა კი მაინც
ღვთაებრივად იძულებული.
ხოლო სხვანი იმთავითვე განჩინებული
ბედისწერის წიაღ იდგნენ საომარ ველზე.
გულისწყრომა იპყრობთ ზენაართ,
თუკი მავანი სულს არ იზოგავს
და თავს არ იჭერს, მაგრამ რა გზა აქვს.
მწუხარებაც მის მსგავსად ცდება.

??????