ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ
გაზიარება

Germanien (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი) 

აღარ მაქვს ნება, რომ მოვუხმო ნეტართ, ო, აღარ,
ღმერთთა ხატებად მოვლენილებს ძველ ქვეყანაში.
მაგრამ სამშობლოს წყლებო! როცა თქვენ შემოგგოდებთ
აწ ჩემი გული სიყვარულით, სხვა რა სურს კიდევ
ღვთაებრივი წუხილით მწუხარს? რადგან მოლოდინს
განუმსჭვალავს მთელი ქვეყანა და ცხელ დღეებში
რომ ჩამოეშვა, ახლა ჩრდილად შემოგვლებია,
თქვენ, ატანილნო მონატრების მწუხარე ლტოლვით,
ერთი რამ ზეცა წინათმგრძნობელი და გამოუცნობ
აღთქმებით სავსე; და მეჩვენება, მუქარასაც
გამოსცემს იგი,
მაგრამ მე მაინც მასთან მსურს დავრჩე, აღარ მწადია
სული წარსულში გამომექცეს, თქვენთან, წასულნო!
ვინც შეგიყვარათ გულმა ჩემმა ზღვარგადასულად,
რადგანაც თქვენი სახეების დანახვა ცოცხლად,
თითქოსდა ისევ ცოცხლები იყოთ,
მაშინებს, რადგან მოგვაახლებს სიკვდილს და არცროს
ნებადართულა: გაღვიძება გარდაცვლილების.

თქვენ, გაფრენილო ღმერთებო! და თქვენც, ახლანდელნო!
ო, მაშინ უფრო ჭეშმარიტი გედგათ დროები!
არაფრის არ მსურს აწ უარყოფა და არც რაიმე მინდა ვითხოვო,
რადგანაც როცა დასრულდა ჟამი და დღე დაღამდა,
ცხადია, ქურუმს დალახვრავს ეს უპირველესად,
თუმცა ტაძარი და ხატება მაინც მიჰყვება
და წესი მისი ბნელი ქვეყნისკენ. და აღარაფერს
აღარ სურს ჩანდეს, მხოლოდღა თითქოს
ოქროვანი ბოლი საფლავთა
ცეცხლის, თქმულება, გვეზიდება მაღლა, იმ მხარეს,
და ჩვენი, ეჭვითშეპყრობილთა, თავების ირგვლივ
უფრო და უფრო ბინდდება, და არავინ იცის,
რა ემართება, გარდაცვლილთა აჩრდილებსღა გრძნობს,
აჩრდილებს ძველთა, ხელახლა რომ სტუმრობენ მიწას,
რადგანაც უკვე გვიბიძგებენ მოსასვლელები
და დიდხანს აღარ დააყოვნებს ღმერთების ძეთა
წმინდა კრებული ლურჯ ცათა წიაღ.

უკვე მწვანდება მათთვის ზრდილი მინდორი, უფრო
უხეშ დრო-ჟამთა ცივ წინკარში და მსხვერპლშეწირვაც
განმზადილა. და დაბლობები და მდინარენი
იშლება თვალწინ, მისნურ მთათა ირგვლივ, სივრცეში,
და იმ მთებიდან კაცს შეუძლია
აღმოსავლეთსაც უწიოს მზერა
და მრავლად იგრძნოს ფერისცვალება გასაკვირველი.
მაგრამ ეცემა ძირს ეთერიდან ხატი ერთგული
და წვიმად მოდის სიტყვა ღმერთთა აურაცხელი
მისგან და ხმები გუგუნებენ უღრმეს ჭალაში,
და ის არწივი, რომ მოფრინავს ინდოეთიდან
და გადაუფრენს თოვლით ფენილ მწვერვალთ პარნასის
და მსხვერპლშეწირვის სერ-ბექობებს იტალიისას.
და გახარებულ ნადავლს ეძებს მამისთვის, - განა
უწინდებურად დაფრენს იგი, არამედ უფრო
ნაცადად, მარჯვედ ჰკრავს კამარას, ის, უძველესი,
და გადალახავს აღტკინებით ბოლოს ალპებსაც
და წესისამებრ ნაგებ-ნაზარდს იხილავს ქვეყნებს.

და იმ ქურუმ ქალს, იმ უმშვიდეს ასულს ღმერთისას,
უბრალოების სიღრმეში რომ უყვარს დუმილი
ზომაზე მეტად, თვალღიად მხედს, დაეძებს იგი,
და იდუმალმა ქალმა თითქოს ეს არც იცოდა,
როს შუბლთან ბოლოს ქარიშხალი აუგუგუნდა.
რაღაც უკეთესს წინათგრძნობდა ბავშვი და ბოლოს
გაკვირვებამ მოიცვა ზეცა; იგი არწივი,
ვინც აღვსებულა ქურუმისებრ დიადი რწმენით,
თვით უმაღლესის ძალაა თურმე.
ამიტომ მაცნედ გამოგზავნეს, რომელმაც სწრაფად
იცნო ქურუმი და ღიმილით ეს გაიფიქრა:
- მტკიცევ და მყარო, გამოგცადოს უნდა სხვა სიტყვამ, -
და აიმაღლა ხმა ჭაბუკად გადაქცეულმა
და სიხარულით მაცქერალმა გერმანიისკენ:
«შენა ხარ იგი, ვინც აგირჩიეს
ყოვლისმომცველი სიყვარულით, და უმძიმესი
ბედნიერების სატარებლად ძალა შენი უკვე გაზრდილა

მას აქეთ, რაც შენ, განაბული ტყეში, ყაყაჩოს
ბანგის სიტკბოთი მთვრალი ვერც კი მამჩნევდი დიდხანს,
ვიდრე მცირედნიც შეიგრძნობდნენ ქალწულის წმინდა
სიამაყეს და უსასრულოდ განცვიფრდებოდნენ:
თუ ვისი იყავ და საიდან საით ვიდოდი.
მაგრამ თავადაც არ იცოდი ეს. არ შემშლიხარ,
და შუადღისას, როდესაც შენ სიზმრიანობდი,
მე საიდუმლოდ დაგიბრუნე, დამშვიდობების
და მეგობრობის ნიშნად ყვავილი
ბაგეთა და შენც ამეტყველდი მარტოეულად.
თუმც ოქროვანი სიტყვების განძს უხვად ატანდი,
სვებედნიერო! მდინარეებსაც, და დაუშრეტლად
მიჩქეფენ ყოველ მხარეს ისინი, რადგანაც თითქმის
ისე ვით ყოვლად წმინდა დედას ყოველივესი,
ვისაც დაფარულს უწოდებენ ადამიანნი, -
ისე აღგვსია მკერდი ტანჯვით და სიყვარულით,
მშვიდობით და წინათგრძნობებით.

ო, შესვი დილის გრილი სიონი,
ვიდრე ღია ხარ,
და უწოდე სახელი იმას, რასაც თავად ხედავ თვალნათლივ.
აღარ ეგების, საიდუმლო კვლავაც უთქმელი
რომ დარჩეს, უკვე რა ხანია, შებურულია.
რადგანაც მოკვდავთ შვენით სიმორცხვე
და მეტყველება ამდაგვარი უმეტესწილად
ბრძნულია, ღმერთთა შესახებაც. მაგრამ იქ, სადაც
დიდდება წყლები, წყაროები იქცევა ოქროდ,
და ცათა წიაღ მრისხანება ხდება აშკარა,
დღისა და ღამის გამყოფ მწუხრზე ერთხელაც უნდა
ის, ჭეშმარიტი, გამოგვეცხადოს.
ეს გადაწერე სამჯერ, მაგრამ გამოუთქმელი,
ანუ უმანკო, უნდა დარჩეს გამოუთქმელად.

ო, შენ ასულო ღვთაებრივი დედამიწისა,
უწოდე დედას შენსას სახელი!
წყლები შხუიან კლდეებთან და ტყეთა წიაღში -
დარ-ავდრები, და მის სახელზე ახმიანდება
ის ღვთაებრივი, რაც გარდასულა. რა სხვაგვარია!
და როგორ მართლად ბრწყინავს, ამბობს აგრეთვე მყოფადს,
სიხარულს გვაფრქვევს შორეთებიდან.
მაგრამ დრო-ჟამის შუაგულში ბინადრობს მშვიდად
ქალწულებრივად წმინდა, ნაკურთხ დედამიწასთან
ერთად ეთერი. და სიხარულით,
მოსაგონებლად, შენს დღესასწაულთ
სტუმრობენ ღმერთნი და ღმერთებივე
ეგებებიან, ო, გერმანია,
შენ ხარ ზეიმის ქურუმი ქალი,
და დაუცველი ურიგებ რჩევას
ირგვლივ ხალხებს და მეფეებს ხალხთა.

??????