ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ
გაზიარება

* * * როგორც რიჟრაჟზე (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი) 

როგორც რიჟრაჟზე დღესასწაულის რომ გასწევს მიწის
მუშაკი მინდვრის დასახედად, თუკი მხურვალე
ღამე აფრქვევდა მაგრილებელ ელვათა ცეცხლებს
და ჯერაც ისევ აღწევს შორით ხმები ქუხილის,
ნაპირებს თვისას უბრუნდება ისევ მდინარე
და მიწის პირი ხასხასებს მწვანედ
და წვიმა - ზეცის მახარობელი დიდრონ წვეთებად
მოწვეთავს ვაზზე და ჭალაკის სველი ხეები
უკვე მზის შუქში ბრწყინავენ მშვიდად.

ასევე დგანან სასიკეთო დარში ისინი,
რომელთაც მხოლოდ მოძღვარი კი არა, - ბუნება
ზრდის, სასწაულად ყველგანმყოფი და მსუბუქად მათი შემცველი,
ბუნება თავად, ღვთის სილამაზეს და ძალას რომ გამოასხივებს.
ამიტომ ოდეს მძინარე ჩანს წლის ზოგიერთ დროს,
ზეცად თუ ქვემოთ: მცენარეთა და ხალხთა შორის,
მაშინ პოეტთა სახეზედაც მკვიდრდება სევდა,
მარტოეულნი ჩანან მაშინ, თუმც წინათგრძნობენ,
რადგან ბუნებაც წინათგრძნობით გაყუჩებულა.

აწ კი თენდება! ველოდებოდი და ვიხილე მოსვლა იმისი,
და რაც ვიხილე, დე, ის წმიდა, გადმექცეს სიტყვად.
რადგანაც იგი, თავად იგი, ვინც უხნესია, ვიდრე დროები
და უმაღლესი, ვიდრე ღმერთები დასავლისა და აღმოსავლისა,
ბუნება თავად გაღვიძებულა იარაღის ჟღარუნით ახლა!
და ეთერიდან - ძირს უფსკრულამდე
უმყარესი კანონის ძალით, როგორც ოდესღაც
ღვთაებრივი ქაოსიდან წარმოშობილი
აღფრთოვანებით განიმსჭვალება
წინანდებურად ყოველივეს დამბადებელი.

და როგორც კაცს რომ უცხო ცეცხლი უკრთის თვალებში,
ოდეს შეიპყრობს უმაღლესი ზრახვა, ასევე
კვლავ დანთებულა ძველი ცეცხლი პოეტთა სულში
ციურ ნიშანთა და ქვეყნიურ საქმეთა ძალით.
და ის, რაც მოხდა წინათ, მაგრამ ვერავინ იგრძნო,
მხოლოდ ახლა გაცხადებულა.
და ვინც ღიმილით მოგვიყვანა ყანა და პური
ყმათა სამოსში, შეცნობილნი არიან ახლა
მარად ცხოველი, ღმერთთა ძალები.

ჰკითხავ მათ რასმე? სიმღერაში ქრის მათი სული,
თუკი სიმღერას დღის მნათობი და თბილი მიწა
შობს და აგრეთვე ამინდები ჰაერთა წიაღ,
ან სხვა რაიმე, ჟამთა სიღრმეში უფრო მეტად რომ
განმზადილა
და უფრო მეტად სწვდება სმენას, უფრო ახსნადად
იძვრის ცაში და ხალხებს შორის,
დედამიწაზე.

საყოველთაო სულის აზრები
მშვიდად სრულდება სამშვინველში პოეტებისა,
რათა ის, ზეცით დალახვრული და უსასრულოს
მცნობი ოდითგან, სიღრმემდე შეძრას
მოგონებამ და ღვთაებრივი სხივით ანთებულს
გულით აღმოხდეს სიყვარულის ნაყოფი წმინდა:
გალობა - ღმერთთა და მოკვდავთა ქმნილება, - რათა
ორთავენი წარმოაჩინოს.

ასე დაეცა, პოეტები როგორც ამბობენ, სახლს სემელესას
ცეცხლი მმუსრავი, რადგან ისურვა
მან ღვთაების ხილვა თვალნათლივ
და განგმირულმა ღმერთით, დაბადა
ავდრის ნაყოფი, ბახუსი წმინდა.

და ამიტომაც ზეციურ ცეცხლს შვილნი მიწისა
აწ უხიფათოდ ეწაფებიან.
მაგრამ ჩვენ გვმართებს ღმერთის ავდარში,
თქვენ პოეტებო! თავშიშვლად დგომა,
და მამის სხივის, თავად ამ სხივის,
საკუთარ ხელით შეპყრობა, რათა
მადლი ზეცისა, ხალხს მივაწოდოთ, ღრმად დაფარული
სიმღერის წიაღ.
რადგანაც ჩვენღა შემოგვრჩენია გული უმანკო ისე ვით
ბავშვებს,
ხელები ჩვენი უცოდველია.

ჩვენ არ დაგვფერფლავს მამის სხივი თვალისმომჭრელი,
შემძვრელი ძირის ძირობამდე, და გული ჩვენი,
რომ თანაულმობს უძლიერეს არსების ტანჯვას,
შეინარჩუნებს ხომ სიმტკიცეს, როს ახლოვდება
ღმერთის გრიგალი, მეყვსეულად ჩამოგრაგნილი.
მაგრამ, ვაგლახ, მე! როდესაც...

ვაგლახ!
. . . . . . . . . . . . . . . . .
ვიტყვი ახლავე...

ახლოს მივედი, ციურ ძალთა ხილვა მწყუროდა,
და მათ, თავად მათ, ჩამომაგდეს ცოცხალთა შორის,
წყვდიადის გულში, ყალბი ქურუმი,
რათა ვუმღერდე სწავლის შემძლებელთ
გამაფრთხილებელ სიმღერას ჩემსას.

??????