შიმბორსკა ვისლავა
გაზიარება

ტანსაცმელი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

ვიხდი, იხდის, იხდიან,
პალტოებს, კაბებს, პიჯაკებს, ჯემპრებს,
შარვლებს, ტრუსებს, წინდებს, პერანგებს,
აწყობენ, ალაგებენ, აფენენ, ჰკიდებენ,
საკიდურებზე, სკამებზე, ტაბურეტებზე, თეჯირზე;
ჯერჯერობითო, - ბრძანებს ექიმი, - საშიში არაფერიაო.
დალიეთ, წაისვით, დაიზილეთ, მიიღეთ
იმ შემთხვევაში თუ, ძილის წინ, ჭამის დროს,
გაესინჯეთ ერთი თვის, ერთი წლის, წლინახევრის შემდეგ;
აი, ხედავ? შენ კი ღელავდი, ჩვენ კი გვეშინოდა,
ეჭვიგვეპარებოდა, არ ვიცოდით;
შეგიძლიათ ჩაიცვათ, შეიკრათ, შეიბნიოთ
ჯერაც ისევ აკანკალებული თითებით;
ღილები, ქამრები, საყელოები,
ამოიღოთ ჯიბეებიდან, ჩანთებიდან, უბეებიდან,
დაჭმუჭნული, კოპლებიანი, კუბოკრული, ზოლებიანი;
სარკეში ჩაიხედოთ, შეიწმინდოთ, შეიმშრალოთ,
და ისევ დაუბრუნდეთ თქვენს ვარგისობას,
ასე მოულოდნელად რომ გაგიხანგრძლივეს.

??????