შიმბორსკა ვისლავა
გაზიარება

სადგური (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

ჩემი არჩამოსვლა ქალაქ N-ში
ზუსტად მოხდა.

შენ გაფრთხილებული იყავი
გაუგზავნელი წერილით.

მოასწარი არ გამოცხადება
დანიშნულ დროს.

მატარებელი მესამე ლიანდაგზე ჩამოდგა.
ბევრი მგზავრი ჩამოიყვანა.

მგზავრებს შორის გასასვლელისკენ მიემართებოდა
არყოფნა ჩემი პიროვნებისა.

რამდენიმე ქალმა აჩქარებით
შემცვალა
ამ ფაცაფუცში.
ერთ მათგანს ვიღაცა ეცა
ჩემთვის უცნობი,
მაგრამ ქალმა იცნო იგი
იმწამსვე.

მათ გადაჰკოცნეს ერთმანეთი
არაჩვენი კოცნით.

ამასობაში მოიპარეს
არაჩემი ჩემოდანი.

ქალაქ N-ის სადგურმა
კარგად ჩააბარა გამოცდა
ობიექტურ არსებობაში.

მთავარი ადგილზევე რჩებოდა,
წვრილმანები მოძრაობდნენ
თავიანთი მიმართულებით.

დანიშნული შეხვედრაც კი
შედგა
ჩვენი ყოფნის
ფარგლებს იქით

ალბათობის
დაკარგულ სამოთხეში.

სადღაც სხვაგან,
სადღაც სახვაგან.
რა უცნაურად ჟღერს ეს სიტყვები.

??????