* * * ხელს ნუ შეახებ ჭრელ საბურველს (მთარგმნელი: გიორგი ნიშნიანიძე)
ცხოვრებად ხმობენ-ზედ ნაჭდევი ხატი მრავალი
თუმცა სიცხადედ მიგვითვლია როგორც უკუნის
წიაღ ნათელი და შეგნების ჩვენის სამანი,
მის ქვეშ სასო და შიში სუფევს პირმოქუფრული
ნაპრალის თავზე მქრქალ ლანდებად გარდამავალი.
მე ერთს ვიცნობდი, ვინც ასწია ეს საბურველი -
მის მტკივან გულზე სიყვარულის იდო ყადაღა-
და ვერრა ჰპოვა, დაშთა უგი და უკურნელი
და არცრა იყო ამ უსიერ ბინდის გადარმა
მისი საკადრი. - რა არ შეხვდა, რა არ გადახდა:
ბნელში მზედ ჩანდა, ნეხვსა შიგან ჰყვა ნელსურნელი,
ჭეშმარიტებას ეძიებდა დაუსრულებლივ
და ვეღარც იმას მიაკვლია ვითარ ქადაგმა.