ქვაზიმოდო სალვატორე
გაზიარება

ჩემი ქვეყანა - იტალია (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

დრო მიდის სწრაფად, მხოლოდ ერთი მიმართულებით.
მაგრამ რაც უფრო გვშორდებიან
განვლილი წლები,
მით უფრო მწვავედ
განიცდიან მათ სიხლოვეს
მგოსნები...
შორს ჩანს პოლონეთის მინდვრები...
კუტნო -
ნაქალაქევი,
სადაც მიწის გაფატრულ მუცლის
წიაღებიდან ამოყრილი ნაწლავებივით
ჩაჟანგებულ და გადაკვანძულ
ლიანდაგებზე
ნავთობის მხრჩოლავ კვამლში იწვის გვამების გროვა...
იმის იქით კი,
მავთულხლართის გადაღმა
ჩანან
კარანტინები...
სიბინძურე.
ნაგავი.
სისხლი.
და დახვრეტილთა გრძელი მწკრივები
მათსავე ხელით ამოთხრილი საფლავის პირას...
უფრო იქით კი -
ბუხენვალდი...
წყეულიმც იყოს
წიფლის ფოთლებით
გადაჩრდილულ
მისთა ღუმელთა
გრგვინვა და ცეცხლი ჯოჯოხეთური!
სულ უფრო შორს კი,
ყინვით შკრულ ვოლგის ნაპირზე
მოჩანს ქალაქი
(ყველამ იცის მისი სახელი)
და მის ნანგრევებს
თოვლის შავი ფიფქები ათოვს...
მგოსნებს
არასდროს
არაფერი
არ ავიწყდებათ!
უდაბნო ველზე ქრის ქარბუქი.
მიაბიჯებენ
დამარცხებული არამზადები,
ვინც სასიკვდილოდ
მოწყალებამ
ვერ გაიმეტა...
გაივლის ყველა განსაცდელი,
მაგრამ გვამებით
ქვეყნად არავის უვაჭრია...
შენ გეუბნები,
სამტროდ მოსულო გადამთიელო:
ეს არის ჩემი იტალია -
ჩემი ქვეყანა!
მე ქებას ვუმღერ მის ხალხს
და მის ფარულ ქვითინსაც,
დახშულს ტალღების მიმოქცევის მეხური გრგვინვით!
და მსურს ვადიდო იტალიელ დედების თალხი,
რომ მით ვუმღერო იტალიის მარადისობას!

??????