გარდაცვლილი გიტარების ხმა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
წევს ჩემი მხარე და ზღვა მისი სასთუმალია.
ო, არსად სხვაგან მე ისეთი არ მეგულება
ტკბილი სიმღერა, როგორც იქ, ჩემს სიცილიაში...
მე დავაბიჯებ მოშრიალე ლაქაშებს შორის.
ლოკოკინებით დამძიმებულ ლაქაშებს შორის
დავდივარ მე და... შემოდგომის მიწურულია.
ცაზე ღრუბლები ირევიან და ცას შორიდან
მოაქვს გარდაცვლილ გიტარების მტირალი ხმები.
ო, ამ გიტარებს პირდაღებულ ნაპრალთა მსგავსად
ვეება ხახა დაუღიათ, და მათ სიღრმეში
მზეში გარუჯულ ჯადოქართა თითები ჰქრიან.
ამოდის მთვარე, მის სარკის წინ ზანტი ზმორებით
თმებს ივარცხნიან აშოლტილი ქალიშვილები
და კეკლუცობენ ფორთოხლებით გავსილი უბით...
ვინ მოთქვამს ასე? გამწარებით ვინ იქნევს მათრახს?
ვინ ურტყამს მათრახს ყალყზე შემდგარ ველურ ულაყებს?
გავჩერდეთ აქეთ, ამ ბუჩქებთან, ნუ მივალთ ახლო.
ნუ ჩამახედებ, საყვარელო, ზღვის ვრცელ სარკეში.
სხვისი ხვედრია შიგ ჩახედვა: მომღერალ ვაჟთა,
მაღალ ხეთა და მდინარეთა ნათელი ხვედრი...
ვინ მოთქვამს ასე?
არ იფიქრო, მე ვიყო თითქო, -
ეს მდინარეთა ნაპირებზე მათრახი წივის
და ყორნისფერი ულაყები დგებიან ყალყზე,
და მაღაროებს თავს ევლება გოგირდის კვამლი.
ო, არ იფიქრო, არ იფიქრო, მე ვიყო თითქო!..
ეს ხმა შორიდან შემოდგომის ქარმა მოდენა.
იქ, ჩემს მხარეში, ხალხმა იცის ხანჯლის ხმარებაც
და მთვარის შუქით მკურნალობა სნეული გულის.