ჩემი მიჯნური (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
იმ უსირცხვილო, შიშველ სხეულით
ძლიერ კანჭებზე
სიკვდილივით წამოიმართა.
იმისი ურჩი ასოების
მოუსვენარი და ალმაცერი
ხაზები
მძლავრ
ტანს მოჰყვებიან.
ჩემი მიჯნური რომელიღაც დავიწყებული
და ისტორიის მტვერწაყრილი ხალხის შვილია.
თითქოს მის თვალთა კიდეებში
უცნობი მხედრის სათვალთვალოდ ზის
სისხლისმსმელი ვინმე თათარი,
თითქოს ბერბერი იმის კბილთა
ჯანსაღ კაშკაშში
ნანადირევის გასაგლეჯად
თრთის და მზად არის.
ჩემს მიჯნურს
ძალაუნებური და პირდაპირი
მნიშვნელობა თუ საზრისი აქვს
ბუნებასავით
და ჩემი ძლევით
ადასტურებს
ძალის კანონებს - ის
ველურივით
შემზარავად თავისუფალი,
ვით რომელიმე საღი ვნება
უკაცრიელი კუნძულის შიგნით,
შეყვარებულის კარვის კალთების
ნაფლეთებით იწმენდს მუდამ
ფეხსაცმელზე აკრულ ქუჩის მტვერს.
ჩემი მიჯნური,
როგორც ღმერთი
უცხო ტაძარში,
თითქოსდა მარტო იყო მუდამ დასაბამითვე,
იგი
კაცია გარდასული საუკუნიდან
პირველყოფილი სილამაზის გამხსენებელი.
როგორც სურნელი ბავშვობისა,
თავის სივრცეში
იგი უმანკო მოგონებებს გამოაღვიძებს.
ის ტკბილხმოვანი სიმღერაა,
ხალხური ჰანგი -
პირთამდე სავსე სიშიშვლითა და სიუხეშით.
გულწრფელად უყვარს მას
ცხოვრების ნაწილაკები,
მიწის მტვერი,
კაცის ნაღველი,
წმინდა წუხილი.
გულწრფელად უყვარს მას
სირაჯხანის ბაღის ქუჩები,
ერთი ხე, ერთი ნაყინის თასი
და ცაზე ავად დაკლაკნილი
ელვის ქუხილი.
ჩემი მიჯნური
უბრალოა და მარტივია,
უბრალო კაცი,
რომელიც მე
საოცრებათა საშიშ მხარეში
რაღაც საკვირველ რელიგიის
უკანასკნელი სასწაულივით
ჩემი ბაყვების ბუჩქებს შორის
ჩუმად დავმალე.