ფაროხზადი ფორუღ
გაზიარება

მიწიერი სასწაულები (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე) 

იმ დროს
მზე გაცივდა
და მადლი მიწათა პირისაგან აღიგავა.

მდელოებზე ბალახები გადახმნენ.
და ამის შემდეგ
მიწის წიაღი მკვდრებს აღარ იღებდა.
ღამე ყველა ფერწასულ ფანჯარაში
საეჭვო წამოსახვასავით
გამუდმებულად შფოთავდა და მძვინვარებდა.
გზებმა თავიანთი სასრული
სიბნელეს მიანებეს.

ამის მერე აღარავინ ფიქრობდა სიყვარულზე,
ამის მერე აღარავინ ფიქრობდა დაპყრობაზე
და ამის მერე აღარავინ აღარაფერზე ფიქრობდა.

სიმარტოვის ქვაბულებში
ამაოება დაიბადა,
სისხლი ბანგისა და ოპიუმის სუნით ყარდა.
ორსულმა ქალებმა
უთავო ბავშვები დაბადეს
და შერცხვენილმა აკვნებმა
თავი სამარეებს შეაფარეს.
რა მწარე და შავბნელი დღეები იდგა! -
პურმა დაამარცხა
სამოციქულო მისიის საკვირველი ძალა:
დამფრთხალი მოციქულები
ღვთის აღთქმას გაექცნენ
და გზაარეულმა კრავებმა
ვრცელ ველ-მინდვრებში
მწყემსის ძახილი ვეღარ გაიგონეს.

სარკეთა თვალებში
მოძრაობები, ფერები და გამოსახულებები
თითქოს უკუღმა ირეკლებოდნენ
და მდაბალ მასხარაა
თუ ბინძურ მეძავთა თავს ზემოთ
წმინდა სხივოსანი ბაკმი
აალებული ქოლგასავით იწვოდა.

ალკოჰოლის მორევი,
მოწამლული, მჟავე კვამლით,
ინტელიგენტების ინერტულ ბრბოს
თავის სიღრმეში მიითრევდა
და
აბეზარი თაგვები წიგნების
მოზარნიშებულ ფურცლებს ხრავდნენ
ძველ განჯინებში.

მზე მკვდარი იყო,
მზე მკვდარი იყო
და "ხვალეს" ბავშვების გონებაში
დაკარგული "გონგის"
მნიშვნელობა ჰქონდა.

ისინი ამ ძველი სიტყვის მარტოობას
მსხვილი შავი ლაქით გამოსახავდნენ
სუფთა წერის რვეულებში.

ადამიანები, დაცემული ადამიანები,
გულმოკლულნი, მოშვებულნი და დაბნეულნი,
თავიანთი ცხედრების წელშიგამწყვეტ ტვირთქვეშ
დაისიდან დაისამდე
მიდიოდნენ და ხელებში უსივდებოდათ
შეცოდების ტკივილიანი სურვილი.

ზოგჯერ ნაპერწკალი, რაღაც უმნიშვნელო ნაპერწკალი
ამ მდუმარე და უსულო ჯამაათს
მოულოდნელად ანგრევდა შიგნიდან
და ერთმანეთს ეცემოდნენ:
კაცები ერთურთს ყელს ჭრიდნენ დანებით
და უწლოვან გოგონებთან წვებოდნენ
სისხლიან ლოგინებში.

ისინი იძირებოდნენ საკუთარ ველურობაში
და ცოდვილად ყოფნის საშიში შეგრძნება
ასახიჩრებდა მათ ბრმა და ყრუ სულებს,
მუდამ სიკვდილის დასჯის ცერემონიალზე,
როცა ჯალათი მესახრჩობელე
მსჯავრდებულის დაძაბულ თვალებს
გუგებიდან ყრიდა გარეთ ძალდატანებით,
ისინი თავიანთ თავში იძირებოდნენ
და ვნებიანი წარმოსახვა უკანკალებდათ
ჩამომჭკნარ და გადაღლილ ძარღვებს.

მაგრამ ყოველთვის მოედანთა კიდეებზე
იმ პატარა სულიერთაც ხედავდი,
რომლებიც იდგნენ და
თვალი შადრევანთა განუწყვეტელი ფრქვევისათვის გაეშტერებინათ.

შესაძლოა, ჯერ კიდევ
გასრესილ თვალებს მიღმა,
გამყინვარების სიღრმეში
დარჩენილიყო რაღაც ნახევრადცოცხალი, ფუსფუსა,
რომელიც უნიათოდ ცდილობდა
ერწმუნა წყალთა ხმის სიწმინდისა.

შესაძლოა, მაგრამ რა უსასრულო სიცარიელე
გამეფებულიყო:
მზე მომკვდარიყო და
არავინ იცოდა, რომ
გულებიდან აფრენილ მწუხარე მტრედს
რწმენა ერქვა.

ო, პატიმრის ხმავ, შენი იასამნის უეცარი გაფურჩქვნა
ნუთუ ამ საძულველ ღამეს
ვერცერთ მხარეს ვერ ჩამოფხრეწს ნიღაბს -
სინათლისაკენ
ო, პატიმრის ხმავ,
ხმათა შორის საბოლოო ხმაო.

??????