მექანიკური თოჯინა (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
დიახ, დიახ, ამათზე დიდხანს, ამათზე უფრო
შეიძლება, მდუმარე დარჩე.
შეიძლება, მრავალი საათი
მკვდართა მზერასავით გაყინული მზერით
მიშტერებოდე სიგარეტის კვამლს,
მიშტერებოდე ყავის ფინჯანს,
ხალიჩაზე ამოქარგულ ფერგახუნებულ ყვავილს,
კედელზე გაკლაკნილ საშიშ ხაზს;
შეიძლება, უსულგულო ფანჯრებიდან
ფარდა გადასწიო და დაინახო:
ქუჩებში კოკისპირული წვიმა ასხამს;
ბავშვი თავისი ფერადი ფრანით
თაღს შეფარებია;
ძველი დანჯღრეული ურემი
ფუსფუსით სავსე სიჩქარით ტოვებს
ცარიელ მოედანს.
შეიძლება, ერთ ადგილას დარჩე,
ფარდის გვერდით - ყრუ და უსინათლო.
შეიძლება, დაიყვირო,
ძალიან უცხო და ძალიან ყასიდი ხმით დაიყვირო -
"მიყვარს"
შეიძლება, მახვილგონივრულად დასცინო
ყველა განსაცვიფრებელ გამოცანას;
შეიძლება, თავი მხოლოდ კროსვორდების
ამოხსნით შეიქციო და
შეიძლება, გული მხოლოდ უაზრო
პასუხის პოვნით დაიმშვიდო.
უაზრო პასუხის -
დიახ, ხუთიოდე თუ ექვსიოდე ბგერისა.
შეიძლება - მთელი ცხოვრება
მუხლმოყრილი იდგე,
მძიმე და ცივი ფეხის ქვეშ თავდახრილი;
შეიძლება, წარეცხილ საფლავში ღმერთი დაინახო.
შეიძლება, უმნიშვნელო მონეტის მეოხებით რწმენა მოიპოვო.
შეიძლება, მეჩეთის სენაკებში გაიხრწნა
ფოლიანტებში ჩაკირკიტებული ბერივით.
შეიძლება - მიმატება-გამოკლებისას,
გაყოფა-გამრავლებისას,
როგორც ნულს,
მუდამ ერთნაირი შედეგი გქონდეს;
შეიძლება - შენი თვალი - თავის განრისხებულ ბუდეში ჩამჯდარი -
ძველი ფეხსაცმლის გახუნებულ ღილად ჩაითვალოს.
შეიძლება, წყალივით შრებოდე საკუთარ გუბეში;
შეიძლება - ერთი წამის სილამაზე
უეცრად გადაღებული სასაცილო შავი სურათივით
სირცხვილით მიმალო
ზანდუკის ბნელ კუნჭულში;
შეიძლება - ერთი დღის ცარიელ ჩარჩოში
ვინმე დასჯილის, ძლეულის
ან ჯვარცმულის ხატი ჩამოჰკიდო;
შეიძლება - პატარ-პატარა სურათებით დაფარო
კედელზე გაჩენილი ბზარები;
შეიძლება - მექანიკური თოჯინა იყო
და შუშის ორი თვალით საკუთარ სამყაროს ხედავდე თუ ქმნიდე;
შეიძლება მუყაოს ყუთში
თივით გატენილი ტანით
წლების მანძილზე ბადეებისა და მძივების შუაში იძინო,
შეიძლება - ხელის ყოველი ფუჭი შეხებისას
უმიზეზოდ წამოიძახო და თქვა:
"ო, მე ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მხიარული".