უიტმენი უოლტ
გაზიარება

Salut au monde (მთარგმნელი: შალვა ბაკურაძე) 

1
ჩამკიდე ხელი უოლტ უიტმენ,
რა საოცარი ფერებით და ხმებით ვართ გარშემორტყმული?
რა უტყუარი კავშირებია ირგვლივ, თავისთავში უსასრულოდ რომ გრძელდებიან?
ერთმანეთს რომ ავსებენ უსასრულოდ, სამყაროს რომ ინაწილებენ ერთმანეთში?

რა სივრცეები იშლება შენში უოლტ უიტმენ?
რა ტალღების და ნიადაგის მარილითა ხარ გაოფლილი?
რა ქვეყნები, რა ხალხი და ქალაქები არიან შენთან?
ვინ არიან ეს ბავშვები, ზოგი თამაშობს ზოგს კიდევ ძინავს?
ვინ არიან ეს გოგონები, ეს გათხოვილი ქალები?
ეს მოხუცები ვინ არიან, ერთმანეთის მხარს დაყრდნობილნი ნელ-ნელა რომ მიაბიჯებენ?
რას ნიშნავს ეს მდინარეები? ეს ტყეები და ხილნარი?
რა ეწოდებათ ცამდე აწვდილ ამ ნისლიან მთებს
ეს უთვალავი სახლ-კარი ვისი ცხოვრებით არის აღსავსე?

2
ჩემში ფართოვდებიან განედები, გრძედები იწელებიან.
აზია, აფრიკა, ევროპა - აღმოსავლეთში, დასავლეთში ამერიკა დაბუდებულა
დაბურცულ დედამიწას გარს შემორტყმია ცხელი ეკვატორი
ჩრდილოეთიც და სამხრეთიც ერთი ღერძის გარშემო ბრუნავს
ჩემშია ყველაზე გრძელი დღე როცა მზე ირიბ რკალზე ტრიალებს
და არ ჩადის ხოლმე თვეობით
შუაღამის მზეც აქვე ჩემშია ჰორიზონტზე ცალი თვალით ამოწვერილი
უმალ რომ ჩადის
ჩემშია - სარტყელები, ზღვები, ტევრები, ჩანჩქერები, ვულკანები,
არქიპელაგები ვესტ-ინდოეთის, მალაის და პოლინეზიის კუნძულები

3
რა გესმის შენ უოლტ უიტმენ?
მე მესმის მუშუს სიმღერა და გლეხი ქალის სიმღერა მესმის
მესმის ბავშვების და ცხოველების შორეული ხმა დილაადრიან
მესმის ყიჟინა გარეულ ცხენებს ადევნებულ ავსტრალიელ აბორიგენთა
მესმის წაბლის ქვეშვიოლინოს გიტარისა და კასტანედების ჰანგებზე მოცეკვავე ესპანელთა ხმა
მესმის გაბმული ექო ტემზიდან
მესმის ფრანგული რიხიანი სიმღერები თავისუფლებაზე
მესმის მუსიკა იტალიელ გონდელიეროსი
რეჩიტატივში ძველ პოემებს რომ მიიმღერის
მესმის ბალახს და ხორბლის ყანებს შესეული კალიის ხმა
სეტყვასავით შიშის ზარს რომ ცემს სირიის მიწას
მესმის კოპტური მისამღერი
საღამოჟამს ნაღვლიანად რომ ეფინება
დედა ნილოსს ხანდაზმულ და განიერ მკერდზე
მესმის ღიღინი მექსიკელ მწყემსის
და მესმის მოლას ზანზალაკის ხმა
მესმის არაბი მუეძინის ძახილი მაღალი მინარეთიდან
მესმის ტაძარში კათოლიკე მღვდლის ლოცვისა
და სოპრანო-ბასის გამოძახილი
მესმის კაზაკთა და ოხოტის ზღვაში
გამსვლელ მეზღვაურთა ჟივილ-ხივილი
მესმის თუ როგორ კითხულობს
წმინდა ტექსტებს და ფსალმუნებს ებრაელი
მესმის ბერძნების დაქტილური
მითები და რომაელთა მრისხანე ლეგენდები
მესმის ნაამბობი უმშვენიერეს ღმერთ ქრისტეზე,
მის ღვთაებრივ სიცოცხლესა
და მეწამეობრივ აღსასრულზე
მესმის ინდუსი როგორ ასწავლის
რჩეულ მოწაფეს სამი ათასი წლის
წინ მცხოვრებ პოეტების ნაწერებში
ამოკითხულ სიბრძნეს სიყვარულს და ანდაზებს

4
რას ხედავ შენ უოლტ უიტმენ?
ვის ესალმები შენდ ა რიგრიგობით ვინ გესალმება?

მე ვხედავ სფეროს, სივრცეში მცურავ დიდრონ სფეროს
ვხედავ მასზე ერთ ბეწო ფერმებს, სოფლებს, სასაფლაოებს, ნანგრევებს, ციხეებს,
ფაბრიკებს, სასახლეებს, ქოხმახებს, ველურთა ხუხულებს და ბედუინთა თავშესაფრებს
ვხედავ ჩრდილოვან ერთ მის მხარეს იქ სადაც ძინავთ და მეორეს - მზით განათებულს
ვხედავ უეცარ და სარწმუნო განსხვავებას ჩრდილსა და შუქს შორის
ვხედავ შორეულ ქვეყნებს - იქაურთათვის ისევე ახლოს და მშობლიურს
როგორც ჩემთვის ჩემი ქვეყანა.

მე ვხედავ უამრავ წყალს
მე ვხედავ მთათა მწვერვალებს,
ანდების ქედს დასაწყისიდან დასასრულამდე
ვხედავ თვალნათლივ ჰიმალაის ტიან-შანს, ალტაის, გატებს,
ვხედავ ბუმბერაზ მთებს: იალბუზს, ყაზბეგს, ბაზარ-დიუძის,
ვხედავ შტირიის ალპებს და კარნიის ალპებს,
ვხედავ ბალკანებს, პირინეებს, კარპატებს,
ჩრდილოეთში დოვრეფიოლსა
და ზღვისპირა ვულკანს ჰეკლას
ვხედავ ვეზუვის და ეტნას,
მთვარეულ მთებს და წითელ მთებს მადაგასკარზე
ვხედავ ლიბიის არაბეთის და აზიის უდაბნოებს,
ვხედავ არქტიკის და ანტარქტიკის
ძრწოლისმომგვრელ აისბერგებს
ვხედავ ძირითად ოკეანეებს - წყნარს და ატლანტის
მათ ქვეშემდომებს: მექსიკის ზღვას
და პერუს ზღვას და ბრაზილიის ზღვას
ინდოეთის წყლებს, ჩინეთის ზღვას და გვინეის ყურეს
იაპონიას და ნაგასაკის მშვენიერ
ნაპირს საკუთარსავე მთებში შეხიზნულს,
ბალტიის ზღვას, კასპიისა და
ბრიტანეთის სანაპიროს, ბისკაისა და ბოტნიკურ ყურეს
მზით განათებულ ხმელთაშუა ზღვას
სუყველა მისი კუნძულით და
თეთრ ზღვას და გრენლანდიის გარეშემო ზღვას

მთელი მსოფლიოს ზღვაოსნებს ვამჩნევ
ზოგი პორტში დგას, ზოგი ზღვაშია გასული
ზოგი ქარიშხლის კონცხთანაა, სხვა მწვანე კონცხთან,
სხვებმა კიდევ ბონის, გვარდაფუის
და ბოჰადორის კონცხს შემოუარეს.
ვინ დონდრისაკენ მიემართება,
ვინ ზუნდის სრუტე გაიარა, ვინ ბერინგის,
ხოლო სხვებმა ლოპოტკის კონცხი
ზოგიერთი ჰორნის კონცხთან დგას,
ზოგი მექსიკის ყურესაკენ მიემართება,
ან კუბისაკენ, ან ჰაიტისკენ,
სხვა ჰუძონის სანაპიროსკენ ან ბაფინის მიწისაკენ.
ზოგი დუვრის სრუტესა და ზოგი უოშის ყერეში შედის
ზოგი ზეიდურ ზეს წყლებში ცურავს,
ზოგი შელდას შესართავში დგას,
ვინ გიბრალტარის და დარდანელის
გადასაცურად მომზადებულა,
რომელიღაც კი ჯიუტად ცდილობს
გაეჯიბროს ჩრდილოეთის ყინულოვან წყლებს
აუყვება და ჩაუყვება ზოგი ხომალდი ობსა და ლენას,
ზოგი ნიგერს და კონგოს გაცურავს,
სხვა - ინდს, ბრაჰმაპუტრას და კომბოჯის დიად მდინარეს,
დანარჩენები ნაოსნობას დანატრებულნი
ბორგავენ ავსტრალიის პორტებში,
ბორგავენ და ელიან ლივერპულში,
გლაზგოში, დუბლინში, ბრიუსელში,
ლისაბონში, ნეაპოლში, ჰამბურგში,
ბრემენში, ბორდოში და კოპენჰაგენში,
ელიან ველპარაისოში პანამასა და რიოში.

5
მე ვხედავ რკინიგზას, მთელი მსოფლიოს რკინიგზას,
ვხედავ ბრიტანეთისა და ევროპის რიკინიგზას
ვხედავ მათ აზიასა და აფრიკაში.

მე ვხედავ ტელეგრაფს, მთელი მსოფლიოს სატელეგრაფო ქსელს,
ვხედავ მავრთულებს, ომების, ხოცვის, გამარჯვებების, დამარცხებების
მთელი სამყაროს ვნების მავრთულებს.

მე ვხედავ დიდი მდინარეების კალაპოტებს (ქვევით მიწაზე)
ვხედავ ამაზონს და პარაგუაის,
ვხედავ ჩინეთის ოთხ დიდ მდინარეს,
ამურს, იანძის, ყვითელსა და
მარგალიტების მდინარეს,
ვხედავ თუ როგორ მოჩქფს სენა, რონა გუადალკვივირი,
ვხედავ ლუარას და დუნაის დუნე დინებას
ვხედავ როგორ მიიკლაკნება ვოლგა, დნეპრი და ოდერი,
ვხედავ როგორ მიუყვებიან ტოსკანელები არნოს დინებას,
როგორ ცურავენ ვენეციელნი პოს შესართავთან,
ვხედავ ეგინას ნავსაბელთან ბერძნების სანაოსნო სამზადისს.

6
მე ვხედავ მიწებს, უძველესი იმპერიების:
ასურეთის, პართიისა და ინდოეთის მიწებს.
ვხედავ განგი საუკარის მაღალ თაღებს როგორ ევლება.

მე ვხედავ ადგილს სადაც ვიშნუ კიდევ ერთხელ
ადამიანად მოევლინა ქვეყნიერებას
სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მოგვები,
მისნები, ქურუმები, ბრაჰმანები, საბეები,
ლამები,მუფტიები, ბერები და მქადაგებლები.
ვხედავ მონის წმინდა ჭალაში მიაბიჯებენ დრუიდები,
ვხედავ ომელუს და ვერბენას,
ვხედატაძრებს, მკვდარი ღმერთების ნგრეულ ტაძრებს,
ვხედავ ძველთაძველ წინასწარმეტყველთ.
მე ვხედავ ქრისტეს, საიდუმლო სერობაზე
ყმაწვილებსა და მხცოვნებს შორის
როგორ მიირთმევს უკანასკნელ პურს
ვხედავ ღვთიური ღონით აღსავსე
ახალგაზრდა ბრგე ჰერკულესს,
თუ როგორ შრომობს, შრომობს
დიდხანს და შემდეგ კვდება .
ვხედავ ადგგილს სად უდარდელად წარიმართა
და გულსაკლავად დასრულდა,
ღამის ლხენისთვის შობილი
თვალწარმტაცი ტანადი ვაჟის ბახუსის ბედი,
ვხედავ ნეფევსს, მოყვავილეს,
ცისფრად შემოსილს, თავზე ბუმმბულის გვირგვინით და
მე ვხედავ ჰერმესს მუდამ სანდოს,
მუდამ საყვარელს და მომაკვდავს,
ის ხალხს მიმართავს: ნუ იტირებთ ჩემს გამო
ეს ქვეყანა სულაც არაა ჩემი სამშობლო,
მე სამშობლოდან გამომაძევეს
და აი ახლა უკან ვბრუნდები
ციურს სფეროებს ვუბრუნდები,
სადაც ყველა გაემგზავრება თავთავიანთ დროს.

7
მე ვხედავ ბალახმოდებულ ბრძოლის ველებს,
სარეველა ყვავის მათზე და მწიფს ხორბალი
ვხედავ წარსულის და უახლესი
ლაშქრობების მიმართულებებს
ვხედავ ნანგრევებს, უსახელო და უცნობი
მოვლენების მოწმე ნანგრევებს,
დადამიწის მატეანეებს

ვხედავ საგებში ამღერებულ ცას
ვხედავ ფიჭვებს და ჩრდილოეთის
ქარით გადახრილ ტანმაღალ ნაძვებს,
ვხედავ გრანიტის ვეება ლოდებს,
ვხედავ ტბებს და ხასხასა მინდვრებს,
ვხედავ სამარხებს, მეომართა ქვის ყორღანებს,
ვხედავ თუ როგორ აღმართეს იგი ზედ ქარაფზე,
საიდანაც მარადმღელვარე ოკეანე ჩანს,
რომ სამარის მყუდროებისგან
დაქანცულ სულს შეძლებოდა ქვიდან გადმოსვლა
და აზვირთებული ზღვის ხილვისას ეგრძნო უსასრულობა,
თავისუფლება, სიცოცხლე.

მე ვხედავ სტეპებს, აზიის სტეპებს,
ვხედავ მონღოლთა სამარხებს,
ბაშკირთა და ყალმუხთა იურტებს,
ვხედავ საქონელს ერეკებიან მომთაბარენი,
ვხედავ დახრამულ მთიანეთებს,
ვხედავ ჯუნგლებს და უდაბნოებს,
ვხედავ აქლემთა ველურ რემას,
დროფებს, მატყლხუჭუჭა ცხვრებს, ანტილოპებს,
და ტრამალის მგელს.

მე ვხედავ აბისინიის ზეგნებს
ვხედავ თუ როგორ იცოხნება იქ თხათა არვე,
ვხედავ ლეღვის ხეს ფინიკის პალმას
ვხედავ მომწვანო-ოქროსფრად
ლივლივებენ ტეფის ყანები.

მე ვხედავ ბრაზილიელ კოკეიროს
ვხედავ ამაყი ბოლივიელი როგორ ადის სორატის მთაზე
ვხედავ გაუჩოს ლასოთი ხელში
უბადლოდ რომ მიაგელვებს თავის ბედაურს,
ვხედავ როგორ ერეკებიან ველურ ნახირს პამპასებში,
ძვირფას ტყავზე მონადირენი.

8
მე ვხედავ თოვლით და ყინულით დაფარულ ქვეყნებს
ვხედავ ფინელებს და თვალგამჭრიახ სამოედებს
ვხედავ სელაპზე მონადირემ როგორ აღმართა თავისი შუბი
ვხედავ ციმბირელს, მის მსუბუქ ციგას ძაღლების ხროვა მიაქანებს
ვხედავ დელფინზე მონადირეებს
და ვეშაპმჭერებს წყნარ და ატლანტის ოკეანეში
ვხედავ კლდეებს, მყინვარებს, მინდვრებს, ნიაღვრებს,
ვხედავ და მესმის შვეიცარიის ხანგრძლივი ზამთრის,
მესმის ასეთი მარტოობის.

9
მე ვხედავ ყველა, ყველა ქალაქს,
ყველა ქალაქის ნაწილი და მოქალაქე ვარ,
მე ჭეშმარიტი პარიზელი ვარ,
ვარ მკვიდრი ვენის, ბერლინის,
სანკტ-პეტერბურგის, კონსტანტინოპოლის,
ვარ და ვეკუთვნი სიდნეის მელბურნს, ადელაიდას,
ლონდონს, მანჩესტერსბრისტოლს,
ედინბურგს, ლიმერიკს,
ვარ და ვეკუთვნი მადრიდს, ქადისს,
ბარსელონას პორტოს, ლიონს, ბრიუსელს,
ბერნს, ფრანკფურტს, შტუტგარტს,
ტურინს, ფლორენციას,
მე ვარ მოსკოვში, კრაკოვში,
ვარშავაში ან ჩრდილოეთის სტოკჰოლმში,
ან კრისტიანიაში, ციმბირის ირკუტსკში, ა
ნ ისლანდიის რომელიმე ქუჩაზე ვდგავარ,
დროდადრო ვეშვები ამ ქალაქებზე
რათა შემდეგ ავფრინდე უკან.

10
მე ვხედავ როგორ ასდის
მსუბუქი ორთქლი ყამირ მიწებს
ვხედავ ველურებს მშვილდებით
და ისრებს მოწამლული წვერებით,
ფეტიშებს და ობის
ვხედავ აზიაელთა ად აფრიკელთა ქალაქაებს
ვხედავ ალჟირს, ტრიპოლის, დერნუს,
მოჰადორს, ტიმბუქტოსა და მონროვიას
ვხედავ პეკინის, კანტონის, ბენერესის,
დელის, კალკუტის და
ტოკიოს ქუჩებში მოვაჭრეებს
ვხედავ კრუმენებს დოგონებს
და აშანტიელებს თავაინთ ქოხებში
ვხედავ თურქი ალეპოში ეწევა თრიაქს
ვხედავ ჰივისა და გერატის ბაზრობებზე
მოფუტფუთე ათასი ჯურის ადამიანს
ვხედავ თეირანს, ვხედავ მასკატს,
მედინასა და ხორშაკისგან გაწამებულ ქარავნებს
ვხედავ ეგვიოპტეს და ეგვიპტელებს,
პირამიდებს და ობელისკებს,
ვაკვირდები ფიქალზე ან გრანიტის ლოდზე
ამოტვიფრულ სამეფო დინასტიებს,
მათ გამარჯვებებს.
ვხედავ მემფისის სარკოფაგებს,
იქ ბალზამინით გაჟღენთის ჩვრებში
სამიათას წელზე მეტის სძინავთ მუმიებს
ვინმე თებელის გვამს ვაკვირდები,
კისერმოღრეცილს, თვალგადმოკარკლულს
და საკუნოდ გულხედაკრეფილს.

ვხედავ მსოფლიოს ყველა მოახლეს, ყველა მსახურს
ვხედავ ციხეში გამოკეტილ ყველა პატიმარს,
ვხედავ მსოფლიოს ყველა სახიჩარს,
მათი სხეულის ყველა ნაკლს ვამჩნევ,
ვხედავ ყრუ-მუნჯებს, ბრმებს,
ჭკუასუსტებს, კუზიანებს და შეშლილებს,
ვხედავ ქურდებს, მეკობრეებს,
კაცის მკვლელებს და უფრო მეტიც
ვხედავ უმწეო ბავშვებისა
და მოხუცების გაყიდვით გამდიდრებულებს.

ვხედავ მსოფლიოს ყველა ქალს და ყველა მამაკაცს
ვხედავ გულმშვიდ ფილოსოფოსთა უღრუბლო საძმოს
ვხედავ ამ მოდგმის შემოქმედებისთ დიდ ნიჭს და უნარს
ვხედავ ამ მოდგმის სიბეჯითის და გეზის ნაყოფს
ვხედავ წოდებებს კანის ფერებს ბარბაროსობას და კულტურას,
მე მათ შორის დავდივარ მუდამ, ერთს მეორეზე წინ არ ვაყენებ
ერთნაირად ვესალმები დედამიწის ყველა მოსახლეს

11
ვინც არ უნდა იყო შენ
ინგლისელი ქალი თუ კაცი
ძლევამოსილი სლავური ტომების
და იმპერიის შთამომავალი, რუსი რუსეთში,
აფრიკელი შავკანიანი, გაურკვეველი წარმოშობის,
ღვთაებრივი სულით,
კეთილშობილი სხეულით და წაგრძელებული ლამაზი კეფით,
ჩემნაირად რომ მოგესაჯა სიცოცხე სიცოცხლისთვის,
დანიელი, ნორვეგიელი, ისლანდიელი ან პრუსიელი,
ესპანელი ესპანეთში, პორტუგალიის მცხოვრები,
ფრანგი ქალი ან მამაკაცი
ბელგიელი, თავისუფლების მოყვარე ნიდერლანდელი
(ჩემი შტოც ხომ იქიდან იღებს სათავეს)
ამტანი ავსტრიელი ან ჰუნების შთამომავალი,
ლომბარდიელი, ბოჰემიელი,
შტირიელი ფერმერი,
მოსახლე დუნაისპირის
მუშა რეინის, ელბის, ვეზერის ნაპირებიდან,
ქალი თუ კაცი განურჩევლად
საქსონიელი, სარდინიელი, ბავარიელი,
რუმინელი, ბულგარელი, თუ შვაბი, რომაელი, ნეაპოლელი ან ბერძენი,
ტანმოქნილი მატადორი სევილიის არენაზე
დაუმორჩილებელი მთიელი ტავრიდან ან კავკასიიდან
ფაშატების დამპურებელი ბუხარელი მეჯინიბე
ტანმშვენიერი სპარსი ჩუბინი,
გაჭენებული ცხენიდან რომ ახვედრებს მიზანს
ჩინელი ქალი ან მამაკაცი, თათარი თათარსტანში,
ქალი რომელიც ჯერ კიდევ ჩაგრულია
და მიჯაჭვული თავის ხელსაქმეს
ებრაელი, ვინც ხანდაზმულმა
წამოიწყო სახიფათო მოგზაურობა,
რომ სიცოცხლეში ერთხელ მაინც
ეგრძნო ფეხქვეშ სირიის მიწა.
ებრაელი ვინც მესიას ელოდება,
ევფრატისპირას ჩაფიქრებული სომეხი,
ნინევიის ნანგრევებს რომ გაჰყურებს
და არარატთან ერთად მაღლდები,
დაქანცული და მოხლმოღლილი პილიგრიმი,
ვისაც თვალები გაუბრწყინა
მექას მაღალი მინარეთების გამოჩენამ,
სახარელი შეიხი, ვისი მოდგმაც და
შთამომავლობა განაგებს მიწებს
სუეციდან ბაბელ მანდებამდე
ვინც ზეთისხილის ბაღებს უვლის
ნაზარეთში დამასკოსა და ტიბერიაში
ვინც ვაჭრობს ტიბეტის მაღალმთიან სოფლებში
და ლხასას ციცქნა მაღაზიებში
იაპონელი ქალი ან კაცი, მკვიდრი ბორნეოსი,
სუმატრის, ცეილონის და მადაგასკარის,
ავსტრალიის აფრიკის, ევროპისა და აზიის მაცხოვრებელი,
არქიპელაგთა მოსახლე ან უსახელო კუნძულელი,
და შენც ვინც ჩემს ხმას საუკუნეთა შემდეგ მოისმენ,
სადაც არ უნდა ცხოვრობდე
და რა დროშიც უნდა ცხოვრობდე,
მე შენ გგულისმობ, გიგზავნი კეთილ სურვილებს
და მხურვალე სალამს ჩემსგან და ამერიკისაგან,

გარდუვალია თითეული ჩვენთაგანი
უსასრულოა თითეული ჩვენთაგანი
და თანაბარი უფლება აქვს ამ მიწაზე,
თითეულ ჩვენთაგანშია ამ მიწის მარადიული შინაარსი
თითეული ჩვენთაგანი თანაბრად ღვთაებრივია.

11
თანაგრძნობით და რწმენით აღსავსე
ჩემმა სულმა დედამიწას შემოუქროლა
ვეძებე ჩემი თანასწორი და მიმდევარი - აღმოვაჩინე
რომ ისინი მე მელოდნენ დედამიწის ყველა კუთხეში
ვფიქრობ რომ რაღაც ღვთაებრივი გვათანასწორებს მე და მათ.

ღრუბლებო, მე თქვენთან ერთად ვორთქლდებოდი და
თქვენთან ერთად მივცურავდი
შორეული კონტინენტების დასანისლად,
თქვენთან ერთად ვქროდი ქარებო,
თქვენთან ერთად ვენარცხებოდი ტალღებო სანაპიროებს
თქვენთან ერთად ვდიოდი
და ვაკვირდებოდი ამ პლანეტას
სრუტეებო და მდინარეებო
ვჩერდებოდი ნახევარკუნძულების
ახლო-მახლო მაღალ კლდეებზე,
რათა იქიდან მეყვირა:

Salut au monde

ყველა ქალაქი სადაც ოდესმე
შუქს და სითბოს შეუღწევია-ჩემითაცაა გამსჭვალული,
ყოველი იმ კუნძულისკენ,
რომლისკენაც მიფრინავენ ზღვის ფრინველები-მეც მივფრინავ,

ამერიკის სახელით, ყველა თქვენგანს
ხელის აწევით ვესალმები, ვიძლევი ნიშანს,
რომ ჩემს შემდეგაც დარჩეს იგი მუდამ და ყველგან
დედამიწის მკვიდრი ყველა ადამიანის დასანახად.

??????