ცუცქირიძე ლელა
გაზიარება

უკან 

აბა, ვინ გითხრა, რომ თარსი ხარ? 
დიდი ამბავი, თუ შენი თმა ჟღალად ანთია. 
სამაგიეროდ, შენი ქალაქის რუხ ფერებში ისე ბრიალებს, 
თითქოს მიწაზე კალენდულები დაეპნათ ბავშვებს. 

დიდი ამბავი, 
თუ მეზობელი სადარბაზოში, 
შენს დანახვაზე სამჯერ აფურთხებს 
და ბინიდან გამოსული, უკან ბრუნდება. 
დიდი ამბავი, 
შენს დანახვაზე სადღაც თუ გარბის შავი კატა, 
რომელსაც თარსად არასდროს თვლიდი 
და ყველასგან ათვალწუნებულს, 
შინაგანად თანაუგრძნობდი. 
დიდი ამბავი, 
თუ შენს გზაზე არავინ დადის, 
თუმცა გინდა, ხანდახან მაინც, 
გამარჯობა რომ გითხრას ვინმემ 
(მოწყენამდე საშინელია ცარიელი გზა). 

ჰოდა, გთავაზობ: 
აიღე მხოლოდ აქეთა გზის ერთი ბილეთი, 
ჩამოდი ჩემთან. 
გზა ერთი გოჯის დადებაა გაშლილ რუკაზე. 
აქ სიხარულით შეგხვდებიან, 
ჟღალი ფერი არავის უკვირს: 
აივნებზე და ღობეებზე ჟღალ ფარდაგებს ამზეურებენ, 
თანაც ახლა, ფერდობებს თრიმლის კონები ეწვის - 
შემოდგომის ჭიაკოკონა. 

ან რა თარსი, ან რა ავთვალი... 
წარმოიდგინე: 
ვთქვათ, ისედაც ლოყაწითელ ბავშვს, ბატონები მოუბრძანდა, 
მიგიყვანენ წითელი კაბით, 
იმ იავნანას გამღერებენ, ბავშვობის მერე რომ არ გსმენია 
და შენს ხმაში დედის ბგერა ისე გაკრთება, 
თითქოს ყელიდან - გალიიდან, ჩიტბატონები გაუშვი ცისკენ. 
იტყვიან მერე, იჩურჩულებენ: 
”ეს რა კარგი თარსი ყოფილა, რა კარგი”... 
უთენია კი, კუსკუსა და მართლა მორწმუნე ბებიაჩემი, 
წაყოფს ფეხებს წითელსარჩულიან, შავ კალოშებში, 
შავ თავსაფარს მიმჭკნარ ნიკაპქვეშ გამოინასკვავს, 
შავ ქოლგას გაშლის, 
ხელს ჩაგკიდებს და წითელჭინჭშებმულ მამალივით, 
მთაზე მდგარი სალოცავისკენ წაგაცუხცუხებს. 
არ შეგეშინდეს, არ შეგწირავენ. 
მწვანე მინდორზე გაგიშვებენ. 

იქ შეგიძლია, ეგ ჟღალი თმა გაიშალო და ცას ახედო: 
შენიდან ცამდე, მამლის ერთი ფრთაგაშლაა, 
მზის ამოსვლამდე - მამლის ერთი დაყივლებაა 
და ჰაერი - ისე გამჭვირვალე, იმასაც ხედავ, 
რაც იყო და აღარ იყო რა: 
აქაურობა, როგორც ბებოსთან, 
ბავშვობაში გაგზავნილი ღია ბარათი. 
მოვა მერე ვინმე, ვინც ხედავს, 
როგორ ანთიხარ მწვანე მინდორზე მზის ათინათად 
(თითქოს მიწაზე კალენდულები დაეპნათ ბავშვებს), 
სამჯერ პირჯვარს გადაიწერს და ჩუმად გეტყვის: 
ეს რა მზესავით ანათებ, გოგო... 

??????