გრძელი სევდიანი ვახშამი (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)
თუ როგორ ფარავენ ჩრდილები მინდორს, თუ როგორი
წარმავალია ყველაფერი, თუ როგორ სძინავს გამთენიისას
ვიღაცას, დილა კი მოდის.
ერთი ამბობდა
თუ როგორ ყუჩდება ქარი, და როგორ ჩნდება ისევ,
თუ როგორ არიან ხეების ქერქები ქარის კუბოები,
მაგრამ უამინდობა გრძელდება.
ეს იყო გრძელი ღამე
და ერთი ამბობდა რაღაცას მთვარეზე, რომელიც სითეთრეს აფენს
გაყინულ მინდორს, და რომ წინ არ ჩანს არაფერი
არ ჩანს იგივე.
ვიღაცამ ახსენა
ქალაქი, რომელშიც ომამდე ცხოვრობდა, და ოთახი ორი სინათლის
ჩრდილით კედელზე, ვიღაც ცეკვავდა, ვიღაც უყურებდა
ჩვენ თანდათან ვიჯერებდით,
რომ ღამე აღარ გაილევა. ერთი
ამბობდა-მუსიკა კი დასრულდა და ვერავინ შენიშნა - ის
ამბობდა რაღაცას ცაზე, პლანეტებზე, და ვარსკვლავებზე,
თუ როგორი პატარები არიანო, როგორი შორი.