სტრანდი მარკ
გაზიარება

გვიან (მთარგმნელი: ზვიად რატიანი) 

კაცი მიდის ქალაქისკენ.
სუსტი ნიავი, გაჟღენთილი მიწის სუნით
და ფოთლების ნედლი მწვანით, უბერავს ზურგში.

ჩქარობს, თითქოს არაფერი დასრულებულა.
თითქოს ქალი, ახლა საბანში გახვეული საყვარლის გვერდით,
ჯერ კიდევ უცდის.

ქალს ეღვიძება და უყურებს მოჭირხლულ მინას,
მასზე მიყინულ შუქის ნაჭდევებს.
ფანჯრის მიღმა დგას კაცი და მის სახელს ყვირის.

მთელი ღამე ასე ყვირის და არაფერი არ იცვლება.
ეს მოხდება კიდევ ბევრჯერ, კაცი ისევ მიაკითხავს მის ფანჯარას,
სადაც არ უნდა იყოს ქალი, და წარმოიდგენს

როგორ ახელს იგი თვალებს,
როგორ მოდის ფანჯარასთან და იხედება.
ქალი ისევ გაიღვიძებს საყვარლის გვერდით

და გაიგონებს, როგორ ყვირის ვიღაც ღამეში.
ისევ და ისევ, გვიანობით, ოთახი და ვარსკვლავები,
ღამეული ჭრილობები, რომლებიც უხმოდ ხორცდებიან,

ისევ და ისევ დილის ქარი, რომელიც უსწრებს მზის ამოსვლას
და ისევ, ბოლოს, უეცარი და საბრალო
აღსასრული სიმარტოვეში.

??????