სლოვაცკი იულიუშ
გაზიარება

განშორება (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

დავშორდით, მაგრამ, ჩემო ძვირფასო,
კვლავ ძველებურად ხარ ახლობელი,
ახლაც არ მიჭირს, რომ გავიაზრო
რასა იქმ, ანდა სად იმყოფები.

მე ვიცი, როდის იღვიძებ, დგები,
ხარობ თუ სწუხხარ მიუსაფარი.
ჩვენს შორის თეთრი კაეშნის მტრედი
დაფრენს და მოაქვს შენი ამბავი!

და თუმცა ჩემი ვერ გწვდება თვალი,
ძალმიძს გიხილო ბაღში გავლილი,
როდესაც მკერდზე დაიბნევ ყვავილს
და თვითხარ, როგორც თეთრი ყვავილი!..

შენ კი, ძვირფასო, რაც უნდა სცადო,
ვერ წარმოიდგენ იმ უღრან ტყეებს,
სადაც მე ლურჯი ტბის პირას ვსახლობ
და შენზე ფიქრში ვატარებ დღეებს.

ვერ დაინახავ კუნაპეტ ცაზე
შორს მოციმციმე ობოლ მარგალიტს,
ყოველ ღამით რომ სიამით მავსებს,
რამეთუ ჰქვია "შენი ვარსკვლავი!"

მშვიდობით, ჩემო! დავშორდით მარად,
უიმედობის გვფარავს უკუნი
და შეყვარებულ ბულბულთა მსგავსად
ერთმანეთს ვუხმობთ გულდათუთქულნი.

ლემანის ტბის პირას, 20 ივლისი,1835 წელი

??????