მისი მსგავსი (მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი)
შავ ჰაერს მოვარღვევ, ღამე მაგულადებს,
ბოროტი ზმანებით ზედ გადავალაჯებ
სახლებს, სათითაოდ ჩავაქრობ; კუნაპეტს
თორმეტ თითს მოვურევ და კუპრს დავუმატებ.
ასეთი ქალი ქალს სულაც არ ჰგავს,
მე ვგავარ ამ ქალს.
ხის ფურუროები მოვძებნე ფათურით
ხელის, - ამოვავსე ჩონჩხებით, წიგნებით,
კაბებით, მძივებით; ვარ ასე გართული
მატლებზეე, ელფებზე ზრუნვით; და ვიქნები
მუდამ მარტოსული, შეშლილი ავსული;
არვინ შეიყვარებს ქვეყნად ქალს ამგვარს.
მე ვგავარ ამ ქალს.
შენი ავტობუსი მეც დიდხანს მარწევდა,
შიშველ მკლავს ვუქნევდი შორ სოფლებს გზადაგზა;
ელვარე ბილიკებს თავს ვეღარ ვაღწევდი,
თეძოებს მიკბენდა სხივების გიზგიზი,
ახლა მაგ ბორბლების ქვეშ ძვლებს ვატკაცუნებ.
ასეთ ქალს სიკვდილის სირცხვილი არ კლავს.
მე ვგავარ ამ ქალს.