ველური ვაშლის ყვავილის ფურცლები (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ვიღაცის გოგონა - იგი ოდესღაც, ივნისის თვეში,
ერთობოდა თამაშით ველური ვაშლის ხის ძირში,
და ეფრქვეოდა ყვავილის ფურცლები კუპრივით თმაზე.
ეს იყო სადღაც, რკინიგზის ხაზთან, ეროში,
ანდა, შეიძლება სულაც სადგურ სალამანკასთან,
პოინტედ-პოსტთან ანდა ჰორსტ-ჰედსთან.
ის თმებიდან იბერტყავდა ყვავილის ფურცლებს,
და შერბოდა სახლში და დედა მას ბანდა სახეს,
და დედას თავი სტკიოდა მისი ჯიუტი ხმისგან,
"არ მინდას" რომ იმეორებდა.
ვიღაცის გოგონა - ვიღაცის ორმოცი გოგონა წითელ ტრიკოში,
თაღებად, ნალებად,
პირამიდებად რომ ლაგდებიან,
- ორმოცი შიშველფეხება გოგონა, შოუს გოგონა.
რა იოლია მოიგონო ცრემლიანი ისტორია იმაზე,
თუ როგორი იყო იგი ოდესღაც და ამჟამად როგორი არის
- და ივნისში კუპრივით თმებზე
ყვავილის ფურცლები სცვიოდა როგორ.
დაე სინათლე ბროდვეიზე ათინათებს აფრქვევდეს
ირგვლივ - და ტაქსები გზას მიიკვლევდნენ ხალხის მასაში,
მაშინ, როცა შოუ დამთავრდა და ქუჩაში ბნელდება უკვე.
დაე სახიდან საღებავები მოიშორონ გოგონებმა
და შუაღამის სენდვიჩს შეექცნენ,
დაე დილამდე ხედავდნენ სიზმრებს,
დილის გაზეთის და მერძევის ურიკის მერეც.
და დაე დიდხანს ესიზმრებოდეთ ის,
რაც მათ უნდათ... ივნისი...
სადღაც რკინიგზის ხაზთან... ველური ვაშლი...
ყვავილების თეთრი ფურცლები...