სევაკი პარუირ
გაზიარება

სხივური სნება (მთარგმნელი: გივი შაჰნაზარი) 

სულაც არ არის ეს სხივური სნება ახალი,
რვაათას რვაას წლისა გახლავს, ჩემო კეთილო;
სულაც არ არის ეს სხივური სნება ახალი!

ეს სნება სჭირდათ ძველ ინდოელთ,
ძველ ელადელებს.
სწორედ ამ სნებამ დააბრმავა თვით ჰომეროსიც.
და საფლავებში სწორედ ამავ სნებით ჩავიდნენ -
ჩვენი შექსპირი! ნარეკაცი - თქვენი!
და ყველა,
ყოველი, ვისაც დედამიწის სფეროთა ტოლი
ფილტვები ჰქონდა, ანდა გული - ისეთი დიდი,
ამხელა ფილტვთა გულად ქცევა ვისაც შეეძლო...

ნურც გადამდები გეგონებათ! - ეს სნება მხოლოდ
დედის მუცლიდან თუ დაჰყვებათ ადამიანებს!

სხივური სნება ხვედრი გახლავთ მხოლოდ იმათი,
ვინც შვიდი ათას შვიდ ფერს ხედავს ცისარტყელაში,
ვით მელოდიას,
გიჟურ სრბოლას მოლეკულათა,
ვინც აყურადებს შიგან ცულთა, შიგან უროთა,
ვისაც მაშინაც ეყურება მათი ხმა, როცა,
როცა ისინი კერპებივით უბრად... არიან!..

სხივური სნება ხვედრი გახლავთ მხოლოდ იმათი,
ვინც შავ კამეჩშიც პიანინოს ხედავს მოარულს,
რომელიც მათთვის, მხოლოდ მათთვის აღვიძებს ჰანგებს!..

სხივური სნება ხვედრი გახლავთ მხოლოდ იმათი,
ვინც ფორუმს, ზვართნოცს უხეშ ლოდში ხედავს! სალ კლდეში -
აჯანტას, გეღართს და ელორას! სუფთა ტილოზე -
მაგდალინას და საიდუმლო სერობას!
ხოლო,
ხოლო ყოველი ახალგაზრდის სულის სიღრმეში -
მთვლემარე ჰამლეტს, ფხიზელ ოტელოს!..
ამ სხივურ სნებით იტანჯვიან მხოლოდ ისინი,
მარტოობაში ვისაც მთელი კაცობრიობა
თავის წინ უზის სასაუბროდ!.. -
მხოლოდ ისინი, -
ვინც დედამიწის ბრუნვას გრძნობენ ლანჩებით,
ხოლო
ხელისგულებით - საკუთარი ფესვების გადგმას,
მაშინაც, როცა ჰაერში აქვთ ხელისგულები!..
მხოლოდ ისინი,
ვინც ვერა და ვერ შეიყვარა
ყოველი დროის ყველა მეფე! და მათ ღუპავენ
არა ციხეში, არა მხოლოდ გადასახლებით,
არამედ... კარზე მიყვანით და...
ყალბ სიყვარულით...
სულაც არ არის ეს სხივური სნება ახალი!..

??????