სევაკი პარუირ
გაზიარება

მასხარა (მთარგმნელი: გივი შაჰნაზარი) 

დღეს გადავწყვიტე თქვენი გართობა...

ოღონდ - არც ცეცხლის შეჭმას ვაპირებ
და არც ორლესულს არ გადავყლაპავ,
გადაყლაპულის ნაცვლად რომ მერე
პირიდან ჩიტი ანდა ჭრელ-ჭრელი
ცხვირსახოცები ამოვაფრინო,
რაც ხელობაა, მოგეხსენებათ,
ჩვეულებრივი ოინბაზების.

და... არც ფოლადის ვეება ძელის
თავზე გადება არ მიფიქრია,
დედიშობილა, ლამაზ-ლამაზი
ქალები ზედ რომ ვაკონწიალო,
რაც, ჩვეულებრივ, ცირკშიც გინახავთ!

და... არც ის - წყვილი ფინიის მყეფარ
მუსიკის ჰანგზე ვაცეკვო დათვი...

...მე შემიძლია აგრეთვე... გოგრით
მზე შევქმნა, ანდა, თუ გნებავთ - თავი!..
ზუალით კიდევ - სომბრერო, რასაც,
აქვე, თუ თქვენც გსურთ, მეთამბაქოე
ერთ ამხანაგ ქალს გულით ვაჩუქებ...
ეს არაფერი! ქუდს ვაქცევ მარშლად
ან კარდინალად,
ანდა...
რა გითხრათ:
ჩემო კარგებო, ჩიტის ბრდღვნად მიჩანს,
ვთქვათ და, ეს ხე რომ ტვინად გიქციოთ,
ტვინი... - გემრიელ საკენკად, ხოლო
საკენკი - ჩვეულებრივ საჭმელად...

მაგრამ... დღეს თქვენი გართობა არ მსურს
ამგვარ წვრილმანი რამერუმეთი!

დღეს მსურს, სარწმუნო და ასე თამამ
აზრს გაზიაროთ ურწმუნო თომამ,
მე! (ასე როდი ვმსჯელობ ნიადაგ!):
ხვალ დაუფენენ ფეხქვეშ ფიანდაზს
სამხეცის ათასნაირ ბინადართ...
(არ შეშრობია ჯერაც მელანი
ბრძანებას) მგელნი, დათვნი, მელანი,
სპილო, აქლემი, კობრა... ტურები, -
ეჰ, რა ჩამოთვლის ყველას, ყველანი,
მიხედვით მათი დამსახურების,
გუნდი და გუნდი, ქორო და ქორო
ჯილდოვდებიან მედლით, ორდენით
და იცით, რისთვის? (ვმალო როდემდი!) -
მოთმინებისთვის მხოლოდ და მხოლოდ...

ჯილდოს მიიღებს ყველა მათგანი
(საფლავისმთხრელი თავად აფთარიც!),
უკლებლივ... ყველა, -
გარდა ზებრების,
რადგან ეს ძველი ვირისებრები
უკეთურებად დარჩნენ ეულად,
ღირსეულებად ჯერ ვერ ქცეულან,
ტლინკებს ჰყრიან და ტლინკებს იმკიან
მათივ გალიის გისოსებისგან...
თუმცა რა? უვარგისი ზებრისა
თუ სხვისი, ტლინკი მაინც ტლინკია...

ვგონებ სარწმუნო და ასე თამამ
აზრს გაზიარეთ ურწმუნო თომამ,
მე! - თუ ასეა, ნება მიბოძეთ,
სულ სხვა ფიქრების სახელმწიფოებს
გასტუმროთ ახლა (აზრი მოშვავდა):
ჭეშმარიტების თქმა უმალ, აქვე,
გადიქცა ისე უბრალო საქმედ,
ბოდიშს ვიხდი და, ვით... ვთქვათ... მოშარდვა!

უბრალოდ ვიტყვი (არ ვიჭაჭები),
რომ, მეგობრებო, დღეიდან სულმთლად
განიკურნება სნება ჭაჭების;
რა ჰქვია? ხუთვა? კუთვა თუ ხუთვა?
დაბადებ ერთ ქვას, ორს, სამს თუ ხუთ ქვას,
ერთი არ არის? - დაჰყარეთ მუქთად,
მთავარი მაინც შვებით სუნთქვაა!

კიღამ გამომრჩა ჩერჩეტს... (უიმე!)
რომ დღეის ამას იქით ტყუილებს
აღარ გავყიდით... ჩაწვება... თუკი
თქვენც დაიკიდებთ კუდს და იმ კუდით
თქვენც დაერევით აბეზარ ბუზებს -
რას უწოდებენ? საფიქრალს? მუზას?
ტვინის ჭყლეტას თუ ბოდვას სულეთის? -
ერთია მაინც, არის სულერთი!

დაბოლოს (აპა!), ურწმუნო თომა
ჯერ თქვენ მოგაწვდით აზრს ასე თამამს
და მერე თქვენგნით ვირწმუნებ თავად,
რომ იმ უმადურ ჩალა მოზვერმა,
ზამთრის პირზე რომ ყიდვა მინდოდა,
ის მწვანე კვლები მიზვერ-მოზვერა
და მთლად გამიძოვ-გამიმინდორა,
მე დათესვა რომ მსურდა სამარტოდ...

ვისი რა მჭირდა, აბა, სამადლო!

მეტი რა? არც რა!
არ ფქვა და არ ცრა
მტრისას!.. ტყუილად
ავყეფ-ავღავლდი!
კარგად მეყოლეთ, დავუშვათ ფარდა,
მასხარის ფარდა...
ჰოპლა!.. ნახვამდის!..

??????