რუჟევიჩი თადეუშ
გაზიარება

პოეტიკა (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

მე მეგონა სიტყვა
ბუმბულივით არ აიწონება
აბრეშუმივით პრიალა მეგონა
ქალის მუხლისთავივით გლუვი
და უდარდელი როგორც ჩიტის გალობა
მე მეგონა
საკმარისია დაიძახო
და სიტყვები
მორჩილად გამოგეცხადებიან
და მაშინ შეგიძლია
როგორც ბავშვმა სათამაშო აგურებისგან
შექმნა შინაარსიანი სახე
სადაც უამრავი განძია დამარხული.
მე მქონდა სიტყვები -
განშორების
წყევლის
შემდეგ გავიდა ხანი და
სატრფიალო სიტყვებიც მეახლნენ
უფრო გვიან კი
მე ვნახე
სატუსაღოს კედლებზე ამოკაწრული
იმედის სიტყვები
ყოველი მათგანი
შინაარსით იყო სავსე
მათში ვერ ნახავდით
ვერც მეტაფორას ვერც ალეგორიას
ვერც ჰიპერბოლას ვერც მოხდენილ თქმას
სამაგიეროდ
მათ ჰქონდათ დამაჯერებლობა
ძალა პოეზიისა -
სიცოცხლე.

??????