ტიტები (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
შეხედე, ირგვლივ რა თეთრია ყველაფერი, რა მშვიდია, რა დათოვლილი.
მე ვსწავლობ აღუშფოთველობას, მშვიდად ვწევარ, თითქოსდა ვიყო
სინათლის სხივი, გაწოლილი ამ თეთრ კედლებზე, ამ ხელებზე და ამ საწოლზე.
ვარ არავინ და ვნებები მე არ მაწუხებს.
მომვლელ ქალებს ჩავაბარე ჩემი სახელი და ჩემი კაბა,
ხოლო ანესთეზიოლოგს - ბიოგრაფია, ისე, როგორც ქირურგებს ტანი.
მათ ჩემი თავი ბალიშსა და ზეწარს შორის მოათავსეს,
და ის ორ თეთრ ქუთუთოს შორის დაჭყეტილ თვალს გავს.
შეშლილი გუგა იმახსოვრებს სუყველაფერს.
მომვლელი ქალები დადიან ისე, არ მირღვევენ სიმყუდროვეს,
გახამებულ ჩაჩებში მფრინავ თოლიებს გვანან.
მათი ხელები დაუსრულებლად საქმიანობენ,
ყოველი ქმედება მეორეს გავს და რიცხვი ამ ქმედებათა უსასრულოა.
ჩემი სხეული კენჭია მათთვის. ისე, როგორც ლოლიავით
ზღვის ტალღები ევლებიან კენჭებს, ისე, თავს მევლებიან მე ისინი.
ნემსებით მოაქვთ სიცივე ჩემთან და მოაქვთ ძილი.
მე დავკარგე საკუთარი თავი ახლა, მე ავად ვარ ამ ბარგისაგან -
ტყავის ჩანთა, წამლების შავი ყუთის მსგავსი,
ქმარი და შვილი, მოღიმარნი საოჯახო ფოტოსურათზე;
მათი ღიმილი - პაწაწინა მოღიმარი კაუჭები - მესობა კანში.
მე მივუშვი ყველაფერი თავის ნებაზე, და ცხოვრების
ოცდაათწლიანი სატვირთო გემი აღარ მცილდება.
ყველა ლამაზი ფანტაზია გამოიხვეტა ჩემგან, დამფრთხალი
და შიშველი, პლასტიკატის მწვანე, მგორავი საკაცედან
მივჩერებოდი ჩემს ჩაის სერვისს, კომოდს და წიგნებს.
ისინი ხედვის არედან გაქრნენ, წყალმა დამფარა,
და ახლა უკვე მონაზონი ვარ, და არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი წმინდა.
არ მჭირდებოდა ყვავილები. მე მსურდა მხოლოდ,
ერთიანად დაცლილი და თავქვეშ ხელებამოწყობილი ვწოლილიყავი.
ო, რა კარგია, როცა ფიქრები არ გაწუხებენ -
სიმშვიდე, ასე უზარმაზარი, ეუფლება მთელს შენს არსებას,
არ გისვამს კითხვებს, ფირფიტა შენი გვარ-სახელით, სამშვენისები -
ეს ისაა, სადამდეც მიდიან საბოლოოდ მიცვალებულნი; ისინი თითქოს
ზიარებას იღებენ და იკუმება მათი პირები.
ტიტები ისე უსაშველოდ წითელია, მაყენებს ტკივილს.
მე ვიგრძენი მათი სუნთქვა შესაფუთი ქაღალდის მიღმა,
და მიღმა ამ თეთრი საფენებისა, დაემსგავსნენ ისინი ჭინჭყლ ბავშვს.
მათი ბრდღვიალი ჭრილობებს მიხსნის.
ძნელია მათი მოხელთება: ისინი თითქოს მიცურავენ, მე კი მძირავენ,
მოულოდნელი მათი ენა და ფერები სიმშვიდეს მიმღვრევს,
და ტყვიის დუჟინი საძირავი მეხვევა ყელზე.
აქამდე არავინ მითვალთვალებდა, მაგრამ ახლა მითვალთვალებენ.
მომაჩერდნენ ტიტები და ჩემს ზურგს უკან ფანჯარაა,
სადაც ყოველდღე შეუმჩნევლად მატულობს და კლებულობს შუქი.
მე ჩემს თავს ვხედავ, უსიცოცხლოს და უმნიშვნელოს, მზის თვალსა და
ტიტების თვალებს შორის მოქცეულ ქაღალდის აჩრდილს.
მე არ მაქვს სახე, მაქვს სურვილი განვქარდე და წავიშალო.
და ჩემს წილ ჟანგბადს მოხასხასე ტიტები ნთქავენ.
ჰაერი, მათ გამოჩენამდე, იყო იმდენად სუფთა და გრილი,
თავისუფლად ვსუნთქავდი, მაგრამ, უცებ ტიტებმა
ყურისწამღები გრუხუნით პირთამდე გადაავსეს აქაურობა.
და მათ ირგვლივ დატრიალდა ჰაერი ისე, როგორც მორევი
მდინარეში ჩაძირული დაჟანგული ძრავის ირგვლივ ტრიალებს ხოლმე.
ამან მიიპყრო მთელი ჩემი ყურადღება. მათ ლაღ თამაშს
და სიმსუბუქეს ოდნავი კვალიც კი არ აჩნდა ხელოვნურობის.
და კედლებიც თითქოს უცებ აფორიაქდნენ.
ტიტები, საშიში მხეცების მსგავსად დასამწყვდევები ხდებიან, ისინი
იხსნებიან და უზარმაზარი აფრიკული კატების ხახებს ემსგავსებიან.
მე ჩემს გულს ვუსმენ: ის იხსნება და იხურება,
სიყვარულისგან დაცლილი და მეწამული ყვავილებით სავსე ლარნაკი.
გემოს ვუსინჯავ წყალს, ის ზღვასავით თბილია და მარილიანი,
და ისეთი სიშორიდან მოტანილია, რამსიშორეზეც მე დავცილდი ჩემს სიჯანსაღეს.